• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

ლუტი: უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, პუტინის მოქმედების შესაძლებლობები „მკვეთრად შეიზღუდა“

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი განმარტავს, რატომ ფლობს ინიციატივას უკრაინა, რატომ არ უნდა ველოდოთ ვაშინგტონისგან სამშვიდობო „ახალ იდეებს“ და რატომ შეიძლება ერიდებოდეს პუტინი ესკალაციას.

კირილ სუხოტსკიby კირილ სუხოტსკი
ივლისი 28, 2026
via REUTERS

via REUTERS

A A
Summarize with ChatGPTShare on X

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოქმედების შესაძლებლობები „მკვეთრად შეიზღუდა“, ამბობს ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი დაგლას ლუტი. 

„გაურკვეველია, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია“, — ეუბნება ლუტი Independence Avenue Media-ს ვრცელ ინტერვიუში. მისივე თქმით, შესაძლო ახალ სამხედრო მობილიზაციას თავისი რისკებიც ახლავს. „ეს ომის რეალობას ყველა რუსულ ოჯახამდე მიიტანს, რისი გაკეთებაც მას პოლიტიკური მიზეზების გამო არ სურს.“ 

ლუტი ასევე დადებითად აფასებს ნატოს მოკავშირეთა ერთიანობასა და შეთანხმებულ მოქმედებას ივლისში, ანკარაში გამართულ სამიტზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ამერიკული „პატრიოტის“ გზაგადამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზია დაჰპირდა. 

სამიტზე ნაჩვენები ერთიანობა პუტინისთვის შეიძლება გაფრთხილება იყოს, რომ ნატოს წევრის წინააღმდეგ ესკალაციას არ მიმართოს, ამბობს ლუტი. მისი შეფასებით, ალიანსს შეუძლია, კრემლს ბევრად უფრო კოორდინირებული პასუხი გასცეს, ვიდრე ამას რუსეთში ელოდებიან. 

„ვფიქრობ, კრემლს რეალობა საფუძვლიანად ესმის. გლობალურ გეოსტრატეგიულ გარემოში ყველაზე მკაფიო წითელი ხაზი, შესაძლოა, ნატოს ტერიტორიის გარშემო გადის და თუ ეს წითელი ხაზი დაირღვევა, ყველა სცენარი შესაძლებელი გახდება“, — ამბობს ლუტი. 

ინტერვიუ რამდენიმე საათის შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იშვიათ პირისპირ მოლაპარაკებებზე შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ რუბიომ თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება არსებობდეს, რაც „ახალი იდეები“ იქნება წარმოდგენილი. 

ლუტს ამგვარი გარღვევის მოლოდინი არ აქვს. 

„სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ეს ახალი იდეები ვაშინგტონის ინიციატივით გაჩნდება“, — ამბობს ის. „ვფიქრობ, დიპლომატიურ ფრონტზე ცვლილებების ყველაზე იმედისმომცემი საფუძველი უკრაინის სამხედრო წინსვლით მოპოვებული ინიციატივაა.“ 

ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივლისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის. 

კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: ივლისის დასაწყისში, თურქეთში გამართულ ნატოს სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ბევრად უფრო თბილი შეხვედრა შედგა. ფიქრობთ, ეს მიანიშნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თეთრი სახლის მიდგომა გარკვეულწილად შეიცვალა? 

დაგლას ლუტი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი: შესაძლოა. და თუ შეიცვალა, ეს, ალბათ, ბოლო ექვს-ცხრა თვეში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, როდესაც უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთთან ბრძოლაში ინიციატივა ფაქტობრივად ხელში აიღეს. ეს სამ დონეზე მოხდა: 

პირველი, მათ ფრონტის ხაზი ფაქტობრივად გააყინეს. რუსეთის წინსვლა შეაჩერეს და თავადაც მცირედით წაიწიეს წინ. 

ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 30-50 კილომეტრის სიღრმეში უკრაინელებმა რუსეთის საოკუპაციო ძალები იზოლაციაში მოაქციეს. საუბარია დაახლოებით 500 000 რუს სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან [უკრაინული შეფასებით, 700 000-ზე მეტზე]. უკრაინელებმა ეს იმ მომარაგების ხაზების გადაკეტვით მოახერხეს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების გაძლიერებასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფდა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ მათ ყირიმის მთელი ნახევარკუნძული დიდწილად იზოლაციაში მოაქციეს. ეს ოპერაციული დონეა. 

ამის გარდა, უკრაინელებმა ბრძოლა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო შტაბებს ურტყამენ. ამით რუსეთის სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ მათი სამდონიანი შეტევა სრულ სახეს იღებს. 

ამიტომ, ვფიქრობ, ვითარება აშკარად შეიცვალა უკრაინის სასარგებლოდ და ეს რამდენიმე დღის წინ ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზეც აისახა. 

მონტგომერი: რუსეთს ნატოს სამიტის შედეგები უნდა აშფოთებდეს

სუხოტსკი: რამდენად მდგრადია ეს ტენდენცია და, თქვენი აზრით, რა მოხდება შემდეგ ფრონტის ხაზზე? 

ლუტი: ეს ტენდენცია საკმაოდ მდგრადია, რადგან უკრაინა სულ უფრო მეტ საკუთარი წარმოების შეიარაღების სისტემას ქმნის. მათ შორისაა შორი მოქმედების რამდენიმე მაღალი სიზუსტის დარტყმის სისტემა, რომელთა უკრაინისთვის გადაცემაზეც შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უარი თქვეს. ამგვარად, უკრაინა საჭირო საშუალებებს სულ უფრო მეტად თავად აწარმოებს. 

თუმცა, უკრაინას ჯერ კიდევ აკლია რამდენიმე სისტემა, რომელთა წარმოებაც თავად არ შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის [ამერიკული] „პატრიოტის“ [სარაკეტო] თავდაცვის სისტემაა. ეს რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი სისტემაა, რუსეთი კი ამ რაკეტებით კვლავ ურტყამს უკრაინის ქალაქებს. 

ანკარის სამიტის შემდეგ ამ მიმართულებით წინსვლა ვიხილეთ, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას „პატრიოტის“ გზაგადამჭრელი რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე წარმოების ლიცენზიას მისცემს. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინისთვის იმის მისაცემად, რაც მას ასე სასწრაფოდ სჭირდება — „პატრიოტის“ სისტემა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად. 

სუხოტსკი: კიდევ რის გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს უკრაინისთვის, რასაც ამჟამად არ აკეთებს? 

ლუტი: სია გრძელია, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვაშინგტონი ამ დღეებში უკრაინის დასახმარებლად ბევრს არაფერს აკეთებს. ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებს აძლევს შესაძლებლობას, ნატოს მექანიზმის ფარგლებში ამერიკული სისტემები შეიძინონ და შემდეგ უკრაინას გადასცენ. ამჟამად უკრაინას პირდაპირ არაფერს ვაწვდით, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ მის კამპანიას ეხმარება. 

მეტის გაკეთება შეგვეძლო სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების შესავსებად, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. ასე რომ, ბევრის გაკეთება შეგვიძლია როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური მიმართულებით. 

სუხოტსკი: თქვენი აზრით, რატომ არ ხდება ეს დღემდე? 

ლუტი: ვფიქრობ, კვლავ არსებობს ყოყმანი, რადგან შეერთებული შტატები, შესაძლოა, ჯერ კიდევ ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის ან მოლაპარაკებების ორგანიზატორის როლი იპოვოს. მაგრამ, ვფიქრობ, ბოლო 18 თვემ აჩვენა, რომ ეს უფრო არარეალისტური იმედია. ამასობაში კი უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა თითქმის შეწყდა. 

სუხოტსკი: ჩვენ ვსაუბრობთ სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იშვიათ პირისპირ შეხვედრაზე შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მდივანმა რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩიხის დასაძლევად ახალი იდეებია საჭირო, რადგან აქამდე წამოყენებული წინადადებები უკრაინისთვის მიუღებელი იყო და ასეთად დარჩება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაშინგტონში იწყებენ გააზრებას: უკრაინაზე ზეწოლით მისთვის მიუღებელი პირობების მიღება შეუძლებელია? 

ლუტი: უკრაინამ დაამტკიცა, რომ არ დანებდება, არ დათმობს სუვერენულ ტერიტორიას და რომ სულ უფრო მეტად აქვს არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევის ნება, არამედ ამის საშუალებებიც. ის უკვე აღარ არის მთლიანად დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე. ასე რომ, დიახ, როგორც უკვე ვთქვით, ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკრაინის სასარგებლოდ. 

საბჭოთა სარაკეტო ქალაქიდან „ფლამინგომდე“: უკრაინის ახალი რაკეტები

სუხოტსკი: თეთრი სახლი ამბობს, რომ ახალი იდეებია საჭირო. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს იდეები? 

ლუტი: ძნელი სათქმელია და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ეს ახალი იდეები ვაშინგტონის ინიციატივით გაჩნდება. ვფიქრობ, უკრაინის სამხედრო წინსვლით მოპოვებული ინიციატივა დიპლომატიურ ფრონტზე ცვლილებების ყველაზე იმედისმომცემი წინაპირობაა. 

რუსეთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით იზოლირებული რჩება, ახლა ქვეყნის შიგნითაც სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდის: ქვეყანაში ბენზინის დეფიციტია, ხოლო სამიზნეებს რეგულარულად ურტყამენ თვით მოსკოვის გარეუბნებშიც კი. 

ამასთან, ვფიქრობ, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინაში ცოცხალი ძალის კატასტროფული დანაკარგების გამო მოსკოვს სამხედრო პერსონალის დეფიციტიც აქვს. ეს კრემლს თითქმის ეგზისტენციური მნიშვნელობის არჩევანის წინაშე აყენებს: მზად არის თუ არა ადამიანური რესურსის სრულად მობილიზებისთვის, რათა უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის მიზნებს მიაღწიოს? 

გაურკვეველია, სურს თუ არა კრემლს ამ გადაწყვეტილების მიღება. ისიც გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მოსკოვი სრული მობილიზაციის გარეშე გამარჯვებას. ასე რომ, ბოლო ექვს-ცხრა თვეში საერთო ტენდენცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. 

სუხოტსკი: ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ალიასკის სამიტი, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსეთის საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ მოსკოვი უკან იხევს იმ შესაძლო წინასწარი ზეპირი შეთავაზებებისგან, რომლებიც ამ სამიტზე მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ გაკეთდა. ფიქრობთ, მოსკოვმა ესკალაციის გზა აირჩია? 

ლუტი: ვფიქრობ, მოსკოვს ესკალაციის განზრახვა ჰქონდა. ამას ვხედავთ ესკალაციისთვის მის ხელთ არსებული ერთი გზით: უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების გაგრძელებით. უკრაინაზე ერთ ღამეში განხორციელებულ იერიშში რამდენიმე ასეული საფრენი აპარატისა და რაკეტის, მათ შორის დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება უჩვეულო აღარ არის. ეს კამპანია უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. 

შემოდგომის მოახლოებასთან და კიდევ ერთი მეტად მძიმე ზამთრის პერსპექტივასთან ერთად, ვფიქრობ, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო კამპანია კვლავ მკვეთრად გააქტიურდება, რათა ზელენსკი დათმობებზე დაიყოლიოს. 

მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დათმობს და, ჩემი აზრით, მას მთლიანობაში უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს. 

სუხოტსკი: ნატოს სამიტზე პრეზიდენტი ტრამპი თბილად იყო განწყობილი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. თქვენი აზრით, ამ ფონზე რა მდგომარეობაში აღმოჩნდა პუტინი ამ ომისა და პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის თვალსაზრისით? 

ლუტი: ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი ნატოს სამიტის შედეგებს აშკარად უარყოფითად აფასებს. ეს მხოლოდ „პატრიოტის“ გზაგადამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ კონკრეტულ შეთანხმებას არ ეხება, რომელიც პუტინს, ცხადია, არ აწყობს. ანკარაში ალიანსის 32 ლიდერის შეხვედრამდე არსებობდა სერიოზული რისკი, რომ ალიანსში უთანხმოება წარმოქმნილიყო ისეთ სადავო საკითხებზე, როგორებიცაა სავაჭრო ტარიფები, აშშ-ის განცხადებები გრენლანდიის შესახებ და ტრამპის ადმინისტრაციის უკმაყოფილება იმის გამო, რომ, მისი შეფასებით, ზოგიერთი მოკავშირე ქვეყანა ირანში მიმდინარე ომს სრულად არ უჭერდა მხარს. 

ასე რომ, განხეთქილების დიდი პოტენციალი არსებობდა. მთლიანობაში, ანკარის სამიტის შედეგი ზუსტად ის იყო, რის წარმოჩენასაც ნატო ყველა სამიტზე ცდილობს: სოლიდარობა და ერთიანობა. ვფიქრობ, სამიტამდე ნატოს გამოწვევები ჰქონდა და სამიტის შემდეგაც რჩება, მაგრამ კრემლი კმაყოფილი ვერ იქნება იმით, რომ, ამ გამოწვევების მიუხედავად, ნატო სოლიდარობასა და ერთიანობას ინარჩუნებს. 

ბჟეზინსკი: ნატოს შეუძლია რუსეთის შეკავება, თუ ნებასაც გამოიჩენს

სუხოტსკი: პრეზიდენტ პუტინის ისტორიიდან ვიცით, რომ ის ხშირად ზრდის ფსონს. ამ ყველაფრის ფონზე, და თუ სრული მობილიზაცია ნაკლებად სავარაუდოა, კიდევ რა სივრცე რჩება პუტინს ფსონის გასაზრდელად? 

ლუტი: ვფიქრობ, სწორედ ეს არის მისი პრობლემა. მან რუსეთის ეკონომიკა მობილიზებულ, საომარ რეჟიმზე გადაიყვანა და იმდენად გადააწყო, რომ ამ ცვლილებების უკუქცევა უკიდურესად რთული იქნება. 

მან რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, თუ არ ჩავთვლით ჩინეთთან პარტნიორობას, რომელშიც რუსეთი უმცროს პარტნიორად აღიქმება. მას ძალიან ცოტა საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს. 

უკრაინასთან ომიც მისთვის სულ უფრო ცუდად მიმდინარეობს. უკრაინამ ომის შედეგები რუსეთის მოსახლეობამდე მიიტანა და ეს, ჩემი აზრით, მრავლისმთქმელია. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინის მოქმედების შესაძლებლობები მკვეთრად შეიზღუდა და გაურკვეველია, როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ დილემას. 

სუხოტსკი: თქვენ ნატოში აშშ-ის ელჩი იყავით. შეიძლება პუტინმა მკვეთრი ესკალაციის ერთ-ერთ გზად ნატოზე თავდასხმა განიხილოს? რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს მომდევნო 12-18 თვეში? 

ლუტი: რუსეთის კონვენციური სამხედრო თავდასხმა ნატოს მოკავშირეზე საერთოდ არ მგონია სავარაუდო. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მისი კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების დიდი ნაწილი ან უკვე გამოფიტულია, ან ამჟამად უკრაინაშია მთლიანად ჩართული. 

რამდენიმე გამონაკლისი არსებობს. მას ნამდვილად აქვს ნატოს მოკავშირეზე დრონებით ან რაკეტებით დარტყმის შესაძლებლობა. თუმცა სრულიად გაურკვეველია, რას მიაღწევდა ამით. ეს მას ნატოს ბევრად უფრო ძლიერ სამხედრო ძალასთან პირდაპირ კონფლიქტში შეიყვანდა. ვფიქრობ, ეს ნატოს ისეთი სიმტკიცით გააერთიანებდა, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე თავდასხმების შემდეგ აღარ გვინახავს. 

ამიტომ, კონვენციური სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლს სხვა ინსტრუმენტი არ აქვს. ის უკვე იყენებს ე.წ. „რუხი ზონის“, ანუ ჰიბრიდულ თავდასხმებს. ეს არის აგრესიის ფორმები, რომლებიც შეიარაღებული თავდასხმის ზღვარს ქვემოთ რჩება. შეიარაღებული თავდასხმა კი, რასაკვირველია, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლს აამოქმედებდა. 

ასეთი აგრესიული ქმედებებია დეზინფორმაციული კამპანიები, არჩევნებში ჩარევა, წყალქვეშა კაბელების მუშაობის შეფერხება, კიბერთავდასხმები და სხვა. ეს თავდასხმები იმგვარად იგეგმება, რომ შეიარაღებული თავდასხმის ზღვარს ქვემოთ დარჩეს და მე-5 მუხლი არ აამოქმედოს. ამავე დროს, მათი რუსეთთან პირდაპირ დაკავშირება რთულია, ამიტომ თავდამსხმელის ვინაობის გარშემო ბუნდოვანება რჩება. 

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ამგვარი თავდასხმები ნატოს მოკავშირეების წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სფეროში ნატოს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა: როგორ უპასუხოს „მე-5 მუხლის ამოქმედების ზღვარს ქვემოთ დარჩენილ“, ანუ ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომლებიც უკვე ხდება. 

სუხოტსკი: მოსკოვში ზოგიერთი დიდი ხანია ამბობს: მოდით, გამოვცადოთ მე-5 მუხლი და ვნახოთ, როგორ უპასუხებს ნატო, რადგან ამის გამო რუსეთთან ომს ნამდვილად არ დაიწყებენ. თქვენი აზრით, რეალურად როგორი იქნება ნატოს პასუხი? 

ლუტი: ვფიქრობ, კრემლს რეალობა საფუძვლიანად ესმის, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ტელევიზიაში და სხვაგან მართლაც ისმის ამგვარი განცხადებები. გლობალურ გეოსტრატეგიულ გარემოში ყველაზე მკაფიო წითელი ხაზი, შესაძლოა, ნატოს ტერიტორიის გარშემო გადის და თუ ეს წითელი ხაზი დაირღვევა, ყველა სცენარი შესაძლებელი გახდება. 

რაც შეეხება ნატოს პასუხს, ალიანსის მექანიზმი ზოგჯერ არასწორად ესმით. ჰგონიათ, რომ მოკავშირეზე თავდასხმის ფაქტი სრული კონსენსუსით უნდა დადასტურდეს. დღეს ეს 32 ხმით ნულის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ნიშნავს და სანამ სრული კონსენსუსი არ მიიღწევა, ვერაფერი მოხდება. ამის საფუძველზე ზოგი იტყვის, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო დაიბნევა, საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი შეეპარება და სწრაფად ვერ უპასუხებს. 

მაგრამ, რეალურად, და ამას ნატოს ხელშეკრულების ყურადღებით წაკითხვაც აჩვენებს, თავად თავდასხმა წარმოშობს 32-ვე მოკავშირის მხრიდან რეაგირების ვალდებულებას. მე-5 მუხლი მოიცავს ჩანაწერს ინდივიდუალური და კოლექტიური მოქმედების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ 32-ვე მოკავშირეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აქვს, დაეხმაროს ნებისმიერ სხვა წევრს, რომელსაც თავს დაესხმებიან. ამის გარდა, რასაკვირველია, არსებობს კოლექტიური პასუხის შესაძლებლობაც. 

სუხოტსკი: და ფიქრობთ, რომ ისინი არ იყოყმანებენ? 

ლუტი: ვფიქრობ, არ იყოყმანებენ. გახსოვდეთ, 32-ვე წევრის შეთანხმება საჭირო არ არის. პასუხს თავად თავდასხმა აამოქმედებს. ეს გამოჩნდა იმ ერთადერთ შემთხვევაშიც, როდესაც მე-5 მუხლი რეალურად ამოქმედდა. 2001 წლის 11 სექტემბრის მეორე დღეს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსმა დაადგინა, რომ ალ-ყაიდას თავდასხმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე კოლექტიური პასუხის საფუძველს ქმნიდა. 

მაგრამ, კოლექტიური პასუხის შესახებ ამ გადაწყვეტილებამდეც მოკავშირეებს შეერთებული შტატების ინდივიდუალურად დახმარების პასუხისმგებლობა ჰქონდათ. მოგვიანებით, 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც მოკავშირეებმა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიას მხარი დაუჭირეს, ეს გააკეთეს როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად. ზოგმა სამხედრო დახმარება გაიღო, ზოგმა ფინანსური, ზოგმა დიპლომატიური და ასე შემდეგ. 

ხელშეკრულება ძალიან გონივრულადაა დაწერილი. პოტენციურმა აგრესორმა ზუსტად ვერ უნდა იცოდეს, როგორი იქნება ნატოს პასუხი. იდეაში, ეს გაურკვევლობა თავდასხმას წინასწარ და მიზანმიმართულად უნდა აკავებდეს. 

კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

Kiryl Sukhotski is the executive editor for Russia at Independence Avenue Media, where he oversees coverage of U.S. foreign policy for Russian-speaking audiences. He previously worked at Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty. Born in Minsk, Belarus, he started his career at the BBC, covering Russia from Moscow and London.

ასევე ნახეთ

IAM graphic incorporating a Google Maps image, a Fire Point rocket photo, and an image of a strike in Russian territory shared by Ukrainian President Volodymyr Zelenskyy on X.
ანალიზი

საბჭოთა სარაკეტო ქალაქიდან „ფლამინგომდე“: უკრაინის ახალი რაკეტები

by დეივიდ კირიჩენკო
0
Photo: NATO
ინტერვიუ

ბჟეზინსკი: ნატოს შეუძლია რუსეთის შეკავება, თუ ნებასაც გამოიჩენს

by ქართლოს შარაშენიძე
0
DOD
რჩეული

ესპერი: რუსეთი საფრთხედ რჩება — ნატოს ძალიან ბევრი მოკავშირე ამისთვის მზად არ არის

by ია მეურმიშვილი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media