თავდაცვისა და დაზვერვის უწყებების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროპა კონტინენტის მასშტაბით რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების შეკავებას ვერ ახერხებს. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, დროა, დასავლეთი მხოლოდ მედეგობის გაძლიერებით აღარ შემოიფარგლოს და საპასუხო მოქმედებებზე გადავიდეს.
„მთავარი ყურადღება თავლის კარის მაშინ ჩაკეტვაზე იყო გადატანილი, როცა ცხენი უკვე გაქცეული იყო“, ამბობს ლორა კუპერი, რომელიც 2017-25 წლებში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო. „სინამდვილეში, აქამდეც უფრო მკაცრად უნდა გვემოქმედა. არ უნდა დაგვეშვა, რომ საქმე აქამდე მისულიყო.“
2 სექტემბერს გერმანიის ოფიციალურმა პირებმა რუსეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულმა დრონმა სამიზნედ თვითმრინავი აირჩია, თუმცა არ აფეთქდა.
ევროპის ლიდერები მოსკოვს ასევე ადანაშაულებენ პოლონეთში სარკინიგზო ლიანდაგის აფეთქებაში, ევროკავშირის ტერიტორიაზე დრონების გაშვებაში და კონტინეტის მასშტაბით ხანძრის კერების გაჩენაში.
კუპერის თქმით, ამ თავდასხმების მიზანია ევროპის დესტაბილიზაცია და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება ისე, რომ მათ არ მიაღწიონ ისეთ მასშტაბს, რომელიც ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებას გამოიწვევს.
„ამ ჰიბრიდულ სივრცეში, ამ ე.წ. ჩრდილოვან ომში, საპასუხო მოქმედებაა საჭირო“, ამბობს კუპერი. „ამ პასუხის ნაწილი ხილული არ იქნება. ნაწილი ისე განხორციელდება, რომ რუსეთი მას დაინახავს, თუმცა შესაძლოა ზუსტად ვერ მიხვდეს, საიდან მოდის. ჩვენ ასეთი ვარიანტებიც უნდა შევიმუშაოთ და ამ საკითხზე მოკავშირეებთან ვითანამშრომლოთ, რათა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ.“
Independence Avenue Media-ს ვრცელი ინტერვიუ ერთი დღით ადრე შედგა, ვიდრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში ჩავიდოდნენ. კუპერის თქმით, მოსკოვში არაერთი ვიზიტის შემდეგ, წარმომადგენლების კიევში ჩასვლა მნიშვნელოვანი სიმბოლური ჟესტია.
„ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მხარეს იდგა“, ამბობს ის. „ვფიქრობ, თუ წარმომადგენლები ამ შთაბეჭდილების შესაცვლელად იმუშავებენ, ეს ნამდვილად წაადგება მშვიდობიანი შედეგის მიღწევას. ამიტომ ამას ძალიან, ძალიან დადებითად ვაფასებ.“
კუპერმა ომის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ზამთრის განმავლობაში გამოცდის უკრაინის გამძლეობას, თუმცა კიევის ტექნოლოგიურმა უპირატესობამ და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებმა უკრაინის პოზიციები გააძლიერა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„მას მოსახლეობასთან ყოველთვის ჰქონდა ერთგვარი სოციალური კონტრაქტი: ისინი, ვინც ამ ომში საბრძოლველად მიდიან ან ვისაც ომი უშუალოდ ეხება, ანაზღაურებას იღებენ; მათ სოლიდურ ბონუსებს აძლევენ, დაღუპვის შემთხვევაში კი ოჯახებს კომპენსაციას უხდიან. სანაცვლოდ, ომი დანარჩენ რუსეთს არ უნდა შეხებოდა და ამით პუტინი მხარდაჭერას ინარჩუნებდა. ეს ასე უკვე აღარ არის“, ამბობს კუპერი.
ინტერვიუ ჩაწერილია 4 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
გლენ ქეითსი, Independence Avenue Media: ლორა, აგვისტოს დასაწყისშ, ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმაზე, გერმანიის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. როგორც ჩანს, რუსეთის საბოტაჟური მოქმედებები როგორც სიხშირით, ისე მასშტაბით იზრდება. რამდენად დიდია საფრთხე, რომ ეს უფრო ფართო ესკალაციაში გადაიზარდოს?
ლორა კუპერი, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე: ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა მტკიცე ერთიანობა აჩვენონ და მომავალი თავდასხმები შეაკავონ.
პუტინის აზროვნების ლოგიკას თუ შევხედავთ, ის ამ თავდასხმების გაგრძელებაში რეალურ საფრთხეს ან ზიანს ვერ ხედავს. მატულობს არა მხოლოდ მათი სიხშირე, არამედ იმის საფრთხეც, რომ მათ სასიკვდილო შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, მტკიცე მიდგომის გარეშე, ვითარება შეიძლება გაუარესდეს და უფრო მძიმე შედეგებამდე მივიდეს.
უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დადებითია, რამდენად სწრაფად გამოეხმაურა გერმანია ამ ჰიბრიდულ თავდასხმებს და პასუხისმგებლად რუსეთი დაასახელა. ასევე დადებითია, რომ გერმანია განიხილავს თავისი სადაზვერვო სამსახურებისთვის რეალური მოქმედების უფლებამოსილების მიცემას, მათ შორის საკუთარი საბოტაჟური ან კიბეროპერაციების ჩასატარებლად. ამას გერმანიის პარლამენტის თანხმობა ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ ეს ნამდვილად არის ცვლილება. ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების საფრთხეს ხედავენ.
ქეითსი: ეს დრონები უნდა აფეთქებულიყო, თუმცა არ აფეთქდა. რა მოხდებოდა, ადამიანები რომ დაღუპულიყვნენ? თქვენი აზრით, დღევანდელ პირობებში როგორი იქნებოდა ევროპისა და ნატოს რეაქცია?
კუპერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ, ნატო, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და შეერთებული შტატები მხოლოდ ახლა იწყებენ სერიოზულად ფიქრს, რა კონკრეტულ საპასუხო ზომებს მიიღებდნენ ადამიანების დაღუპვის ან იმაზე უფრო მძიმე თავდასხმის შემთხვევაში, ვიდრე აქამდე გვინახავს.
სინამდვილეში, აქამდეც უფრო მკაცრად უნდა გვემოქმედა. არ უნდა დაგვეშვა, რომ საქმე აქამდე მისულიყო. როგორც ვიცით, რუსეთი ძალას პასუხობს და არა სისუსტეს. ამიტომ, საპასუხო ვარიანტების შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მხოლოდ მედეგობაზე ზრუნვით აღარ უნდა შემოვიფარგლოთ. მთავარი ყურადღება თავლის კარის მაშინ ჩაკეტვაზე იყო გადატანილი, როცა ცხენი უკვე გაქცეული იყო.
„დრონების კედლის“ კონცეფცია (ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დაგეგმილი დრონების საწინააღმდეგო ფარი) შესანიშნავი და მნიშვნელოვანი იდეაა. თუმცა, მედეგობა შეკავებას ვერ ჩაანაცვლებს.
ქეითსი: წარმოიდგინეთ, რომ კვლავ პენტაგონში, თქვენს ყოფილ თანამდებობაზე ხართ. ამ ვითარებაში რას ურჩევდით ევროპულ ქვეყნებს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს?
კუპერი: რამდენიმე მიმართულებით მოქმედებაა საჭირო. უნდა გაგრძელდეს დიალოგი, რომელიც მცდარი გათვლის თავიდან აცილებას ემსახურება და ჩვენს პოლიტიკასა და ნაბიჯებს მკაფიოდ წარმოაჩენს. ასევე უნდა შენარჩუნდეს კონვენციური შეკავება. ეს ათწლეულების განმავლობაში ნატოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო, თუმცა ბოლო დროს გაჩენილმა კითხვებმა იმის შესახებ, რამდენად მტკიცედ ინარჩუნებს აშშ ამ პოზიციას, ეჭვები გაუჩინა როგორც ევროპელებს, ისე რუსებს. ამიტომ, აშშ-მა უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საკმარის კონვენციურ სამხედრო ძალებსა და მზადყოფნას შეინარჩუნებს.
ამასთან, ჰიბრიდულ სივრცეში, ე.წ. ჩრდილოვან ომში, საპასუხო მოქმედებებზე უნდა გადავიდეთ. ამ პასუხის ნაწილი ხილული არ იქნება. ნაწილი ისე განხორციელდება, რომ რუსეთი მას დაინახავს, თუმცა შესაძლოა ზუსტად ვერ მიხვდეს, საიდან მოდის. ასეთი ვარიანტებიც უნდა შევიმუშაოთ და მოკავშირეებთან ვითანამშრომლოთ, რათა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ.
ქეითსი: როდესაც ჰიბრიდულ ომზე ვსაუბრობთ, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას ნიშნავს საპასუხო მოქმედება?
კუპერი: რუსეთი ცდილობს, ჩვენი ერთიანობა შეარყიოს და სისუსტის განცდა შექმნას. უნდა ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთს ვაჩვენოთ, რომ ხელშეუხებელი არ არის და შეგვიძლია იქ მივწვდეთ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინება, სადაც მის საომარ ძალისხმევას ზიანი მიადგება და ქვეყნის შიგნით ისეთი სისუსტე წარმოიქმნება, რომელიც პუტინს დააფიქრებს, რას აკეთებს და როგორ აწარმოებს ომს უკრაინაში.
საბოლოოდ, ამ ყველაფრის უმთავრესი მიზანია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც უკრაინას სუვერენიტეტს დაუბრუნებს და რუსეთს დაანახებს, რომ მომავალში ამგვარი აგრესიით გამარჯვებას ვერ მიაღწევს.
ქეითსი: როდესაც საუბრობთ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებას გაურთულებს, ვნახეთ თავდასხმები გერმანიის ელექტროქსელზე, ვნახეთ კიბერშეტევებიც. შეუძლია თუ არა დასავლეთს მსგავსი რამ რუსეთშიც თავადაც გააკეთოს? როდესაც ჰიბრიდულ ომში უფრო მტკიცე ჩართვაზე საუბრობთ, ამას გულისხმობთ?
კუპერი: არ ვფიქრობ, რომ იმ დონემდე უნდა დავეშვათ, რომ რუსეთში მშვიდობიან მოსახლეობას ზიანი მივაყენოთ. საკმარისზე მეტი სათანადო სამხედრო სამიზნე არსებობს და ვხედავთ, რომ უკრაინელები ბევრ მათგანზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ.
რუსეთის საომარი მანქანა ძალიან მასშტაბურია. ჩვენ ვცდილობთ, მისი ცალკეული ნაწილები დავშალოთ, მაგალითად, მკაცრი საექსპორტო კონტროლისა და სანქციების მეშვეობით. უკრაინელებიც უფრო აქტიურად იყენებენ პირდაპირ სამხედრო დარტყმებს. თუმცა ეს საომარი მანქანა უზარმაზარია. ის მოიცავს ადამიანებსაც და ტექნიკასაც, რომლებსაც საკუთარი, უნიკალური მოწყვლადი წერტილები აქვთ.
ქეითსი: თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ევროპაში ამ თავდასხმებით?
კუპერი: ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს, ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის მხარდაჭერაზე ხელი ააღებინოს. ის ამ მხარდაჭერის შესუსტებასა და დროის გაწელვას ცდილობს, რადგან ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ დრო მის მხარესაა.
პუტინს ჰგონია, რომ მომავალ ზამთარში უკრაინას მძიმე დარტყმებით გამოფიტავს და იცის, რომ უკრაინას ამ ზეწოლის გასაძლებად ბალისტიკური რაკეტების საკმარისი გზაგადამჭრელები არ ექნება. ამიტომ, მანამდე, მისთვის საუკეთესო ტაქტიკაა, მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში ხელი შეუშალოს და მათ შორის განხეთქილება გააღრმაოს, რათა რუსეთის აგრესიაზე ნებისმიერი პასუხი, უკრაინაში თუ ევროპაში შესაძლო სამომავლო სცენარის დროს, დაქსაქსული, სუსტი და ნელი იყოს.
ქეითსი: ევროპაში ამ შესაძლო სამომავლო სცენარზე საუბრისას, გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ის დაზვერვა ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო უფრო მეტადაა შეშფოთებული, ვიდრე ადრე. ზოგიერთ ცნობაში ისიც ითქვა, რომ სწორედ ამიტომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი რეტკლიფი გასულ თვეს მოსკოვში. თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთის რეალური შეჭრა მოსალოდნელია?
კუპერი: უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო, როგორც ალიანსი, ათწლეულებია განიხილავს რუსეთის შესაძლო კონვენციურ და, ამასთანავე, ბირთვულ აგრესიას. ამაზე უფიქრიათ, გეგმებიც შეუმუშავებიათ და შესაბამისი ძალებიც ჰყავთ განლაგებული. რუსეთმა ეს იცის და არ მგონია, ნატოს ძლიერ მხარესთან პირდაპირი დაპირისპირება სურდეს.
სავარაუდოდ, რუსეთი ვარიანტების მთელ სპექტრს განიხილავს. ვახსენეთ ჰიბრიდული ომის ვარიანტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს დრონებს ან საბოტაჟს. ე.წ. „აქტიური ღონისძიებების“ სივრცეში ბევრი ისეთი მეთოდია, რომელსაც რუსეთი კარგად იცნობს.
თუმცა, შესაძლებელია ტრადიციულ სცენართან შედარებით ბევრად მცირერიცხოვანი ძალებით შეჭრაც, რომლის აღმოჩენა უფრო რთული იქნება და რომელიც სტანდარტულ სქემას ნაკლებად მოერგება. ამიტომ, ყველა ასეთ შესაძლებლობას უნდა დავაკვირდეთ.
არ მგონია, რუსეთს ნატოსთან პირდაპირი დაპირისპირება სურდეს. თუ ნატო აჩვენებს, რომ პასუხისთვის მზად არის და ჰიბრიდულ საფრთხეებს რეალურად უპასუხებს, ვფიქრობ, ეს რუსეთის თავდასხმას ნამდვილად შეაკავებს.
ქეითსი: თქვენი აზრით, რუსეთს კვლავ სარწმუნოდ მიაჩნია ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები?
კუპერი: ვფიქრობ, რუსეთი მუდმივად ცდილობს, მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიები შეარყიოს. არ ვიცი, დაასკვნა თუ არა, რომ ამაში წარმატებას ნამდვილად მიაღწია. თუმცა, რუსეთი ყურადღებით აკვირდება ყოველ ნიშანს იმისა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ლონდონის, პარიზის ან ბერლინის პოზიციისგან განსხვავდება. ასევე ყოველ ნიშანს იმისა, რომ ვაშინგტონი ან ნატოს სხვა რომელიმე მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერას ამცირებს. შემდეგ კი ცდილობს, ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ალიანსის ერთიანობა გამოსცადოს.
ქეითსი: Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა ირანში გამოიყენა. მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ, მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკრაინას უფასოდ გადაეცა. თქვენ, რა თქმა უნდა, პენტაგონში იმ ადამიანთა შორის იყავით, ვინც უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში დახმარებას ხელმძღვანელობდა. რამდენად ზუსტია ტრამპის ეს შეფასება?
კუპერი: აქ ორი საკითხია განსახილველი. პირველი ამ განცხადებაში არსებული მცდარი ცნობებია, მეორე კი მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებდით.
ფაქტებს თუ ავიღებთ, კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს განცხადება, თითქოს შეერთებულმა შტატებმა — ვფიქრობ, ამ ციტატაში მან ალბათ ასობით მილიარდი ახსენა; საჯაროდ სხვა არარეალურად მაღალი რიცხვებიც დასახელებულა. რეალური მონაცემები ასეთი იყო: უსაფრთხოების სფეროში დახმარება დაახლოებით 65 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ეკონომიკური დახმარება კი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს, იმ მომენტამდე, როდესაც ტრამპმა ძალიან მოულოდნელად და მკვეთრად გადაწყვიტა, აშშ-ს უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების დახმარება შეეწყვიტა.
ამ რიცხვებში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ისაა, რომ ისინი პრეზიდენტის განცხადებაში მოყვანილი მონაცემებისგან განსხვავდება. ევროპული მაჩვენებლებიც სულ სხვაგვარ სურათს აჩვენებს. 2025 წლის იანვარში, როცა თანამდებობა დავტოვე, ევროპელებს უსაფრთხოების სფეროში დახმარების მოცულობა ჩვენს წვლილთან უკვე გათანაბრებული ჰქონდათ, ეკონომიკურ დახმარებაში კი ჩვენს დანახარჯებს გადააჭარბეს. ახლა მათი დანახარჯი ჩვენსას 100 მილიარდ დოლარზე მეტით აღემატება. თუ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებას შევხედავთ, რაც დანახარჯის შეფასების კლასიკური გზაა, აშშ მე-14 ადგილზე იყო. ეს ნიშნავს, რომ მშპ-ს წილის მიხედვით 13 ქვეყანა ჩვენზე მეტს აკეთებდა. ამას ვერ მიხვდებოდით იმ პოლიტიკოსების განცხადებების მოსმენით, რომლებიც ცდილობენ, აშშ-ის ინვესტიციები დააკნინონ და შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი მოკავშირეები ტვირთის საკუთარ წილს არ იღებდნენ.
კიდევ ერთი გარემოება: ეს სესხი არ ყოფილა. როდესაც აშშ-ის კონგრესმა ეს თანხები გამოყო, მათ დაბრუნების პირობა არ ახლდა. კონგრესმა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ამდენი სახსრის თავიდანვე ჩადება იმიტომ გადაწყვიტა, რომ იცოდა: თუ დასაწყისშივე მნიშვნელოვან ინვესტიციას არ გავაკეთებდით, უკრაინას რუსეთის მიერ სამხედრო დამარცხება და დაპყრობა ემუქრებოდა. ეს კი ნატოს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს და ჩვენ ბევრად უფრო ძვირადღირებულ დაპირისპირებაში ჩაგვითრევდა. უმჯობესი იყო, თავიდანვე უკრაინის თავდაცვაში ჩაგვედო ინვესტიცია, ვიდრე ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დაგვეყენებინა. აღარაფერს ვამბობ სიგნალზე, რომელსაც რუსეთის დაუსჯელობა სი ძინპინს ან სხვა დიქტატორებს გაუგზავნიდა. ისინი იფიქრებდნენ, კიდევ რის გაკეთებას შეძლებდნენ დაუსჯელად. ასე რომ, ფაქტები განსხვავებულია და ამ გადაწყვეტილების დასაბუთებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ის კვლავ ძალაშია.
ქეითსი: რაც შეეხება საბრძოლო მასალას: ირანის ომის დასაწყისში, პირველივე დღეებში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-მა უფრო მეტი Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტა გამოიყენა, ვიდრე უკრაინამ ომის პირველი ოთხი წლის განმავლობაში. თქვენი ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენად ზუსტია ეს?
კუპერი: ზუსტ რიცხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან მიმდინარე ოპერატიული მონაცემები არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას ვაწვდიდით, ყოველთვის მსურდა, რეალურად გადაცემულზე მეტი მიგვეწოდებინა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეტის მიცემა არ შეგვეძლო ის იყო, რომ ძალიან ვუფრთხილდებოდით აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას, რათა ის იმდენად არ დაგვეზიანებინა, რომ მსოფლიოს სხვა საომარ თეატრებზე არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. გვესმოდა, რომ ეს საბრძოლო მასალა სხვა შესაძლო საომარი სცენარებისთვისაც უნდა შეგვენარჩუნებინა.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას უზარმაზარი მოცულობის დახმარება მივაწოდეთ, როგორც რაოდენობით, ისე შესაძლებლობებით, ჩვენს შესაძლებლობებს საზღვარი ჰქონდა. თუმცა პასუხისმგებლობით ვაბალანსებდით ეროვნული უსაფრთხოების ამ ინტერესებს და ამავე დროს უკრაინას იმდენს ვაძლევდით, რამდენსაც შესაძლებლად მივიჩნევდით.
ქეითსი: გადავიდეთ ბრძოლის ველზე. ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდით. ახლა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. უკრაინა, რუსეთის ნავთობისა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, შორ მანძილზე დარტყმების კამპანიას აგრძელებს. მოსკოვი კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მათ შორის, უკვე ნახსენები Patriot-ის გზაგადამჭრელების მწვავე დეფიციტს იყენებს და კიევზე თითქმის უწყვეტ თავდასხმებს ახორციელებს — ბალისტიკური რაკეტებითა და უფრო თანამედროვე დრონებით. ამავდროულად, ფრონტის ხაზი თითქმის არ იცვლება. როგორია თქვენი პროგნოზი მომდევნო რამდენიმე თვისთვის?
კუპერი: რუსეთი ამ ზამთარში უკრაინის დაჩოქებას შეეცდება. ეს იგივე ტაქტიკაა, რომელიც პუტინმა გასულ წელს გამოიყენა. მას ეგონა, რომ შარშან უკრაინელი ხალხის შემართებას გატეხდა, ამიტომ ამას კვლავ შეეცდება. ბალისტიკური რაკეტების გზაგადამჭრელების სიმცირის გამო მას უპირატესობა ექნება.
თუმცა, უკრაინელებმა გასულ ზამთარს გაუძლეს და ამ ზამთრისთვის მოსამზადებლად რამდენიმე გონივრული ნაბიჯი გადადგეს, მაგალითად, ბუნებრივი აირის მარაგები შექმნეს. ამიტომ, პუტინის გამარჯვება წინასწარ გადაწყვეტილი არ არის. ყოველ ჯერზე, როდესაც ის უკრაინელი ხალხის ნების გატეხვაზე დებს ფსონს, მარცხდება. ეს ისევ და ისევ ხდება და უნდა ველოდოთ, რომ ამ მხრივ არც მომავალი ზამთარი იქნება განსხვავებული.
ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიაზე თქვენ მიერ ნახსენები უკრაინული დარტყმები განსაკუთრებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ პოტენციალსა და რუსული Amazon-ის ანალოგ Wildberries-ს უმიზნებს. ამგვარი დარტყმები ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმ საფუძველს, რომელზეც პუტინი ამ ომის ლეგიტიმურობას ამყარებდა.
გახსოვდეთ, ის ამას ყოველთვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა. მას მოსახლეობასთან ყოველთვის ჰქონდა ერთგვარი სოციალური კონტრაქტი: ისინი, ვინც ამ ომში საბრძოლველად მიდიან ან ვისაც ომი უშუალოდ ეხება, ანაზღაურებას იღებენ; მათ სოლიდურ ბონუსებს აძლევენ, დაღუპვის შემთხვევაში კი ოჯახებს კომპენსაციას უხდიან. სანაცვლოდ, ომი დანარჩენ რუსეთს არ უნდა შეხებოდა და ამით პუტინი მხარდაჭერას ინარჩუნებდა. ეს ასე უკვე აღარ არის. რუსები ბენზინის მოლოდინში საათობით დგანან რიგში. მათ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდაც ნახეს. ომი რუსეთში ყველგან ჩანს. როგორ აისახება ეს პუტინზე ზეწოლასა და მის გადაწყვეტილებებზე, ჯერ უცნობია. თუმცა, ხელისუფლების ღელვა უკვე ვნახეთ. ადამიანებს კვლავ აპატიმრებენ პროტესტის უმნიშვნელო გამოვლინებისთვისაც. ამასთან, მათ აკრძალეს ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“, მას შემდეგ, რაც, თავდაპირველად, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა დაუშვეს.
აშკარაა, რომ ამ თვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პუტინი ნერვიულობს. უნდა დავაკვირდეთ, როგორ სახეს მიიღებს ეს ზეწოლა, როგორ გაძლიერდება ის და როგორ შეიძლება იმოქმედოს პუტინის გათვლებზე.
ვფიქრობ, პუტინი ნატოზე შესაძლო თავდასხმის გასამართლებლად ნიადაგს ამზადებს. სულ ახლახან, საჯარო გამოსვლაში, ის დასავლელ „ზვიგენებზე“ ლაპარაკობდა, რომლებიც მზად არიან რუსეთი შთანთქან, რათა წარმოეჩინა, თითქოს ქვეყანას თავს ესხმიან. ამის პარალელურად, ის კვლავ ცდილობს აჩვენოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგს გამართავს და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ტრამპის წარმომადგენლებს მიიღებს. ის ამ არხის ღიად დატოვებას კვლავ ცდილობს.
ქეითსი: და ბოლო კითხვა. გავრცელებული ცნობით, პენტაგონმა გადადო უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება კონგრესმა უკვე დაამტკიცა. თანხა, რა თქმა უნდა, ამერიკული წარმოების იარაღის შესაძენად უნდა იყოს გამოყენებული. თქვენი აზრით, რატომ აყოვნებს პენტაგონი ამ კონტრაქტებს? და რა მოხდება ამ თანხასთან დაკავშირებით, თუ მათზე საბიუჯეტო ვალდებულება არ აიღეს?
კუპერი: ახლა სამართლის სფეროში შევდივართ, მე კი იურისტი არ ვარ. თუმცა ვიტყოდი, რომ სრულიად მიუღებელია, უწყება არ იყენებდეს დაფინანსებას, რომლის გამოყოფაც აშშ-ის კონგრესმა კანონით დაავალა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს დიდი თანხა არ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით, დახმარების ეს მოცულობა სამარცხვინოდ მცირეც კია.
თუმცა, ეს თანხა აშშ-ის ინდუსტრიაში წავიდოდა და ამერიკულ სამუშაო ადგილებს შეუწყობდა ხელს. ამიტომ, მისი შეჩერების რეალური მიზეზი არ არსებობს.
ვფიქრობ, აშშ-ის კონგრესმა მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს და მის მიერვე მიღებული კანონების აღსრულება უზრუნველყოს.
ქეითსი: თქვენი აზრით, რა შედეგები მოჰყვება ასეთ შეფერხებებს?
კუპერი: ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ევროპასა და უკრაინაში აშშ-ის სანდოობა შელახულია — როგორც უსაფრთხოების სფეროში დახმარების ნაკლებობის, ისე იმ განცდის გამო, რომ აშშ უკრაინის წარმატებას ისე მტკიცედ აღარ უჭერს მხარს, როგორც ადრე.
საქმე მხოლოდ დახმარების ამ ერთ პაკეტს არ ეხება. ეს საერთო ვითარებაა. უკრაინა ყოველთვის შეერთებულ შტატებს მიიჩნევდა თავის ნომერ პირველ პარტნიორად. ის ყოველთვის იმედით უყურებდა შეერთებულ შტატებს, თავისუფლებისადმი ჩვენს მხარდაჭერასა და ჩვენს ისტორიას, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება. ამიტომ, დიდი იმედგაცრუებაა იმის დანახვა, რამდენად დავიხიეთ უკან.



