• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

ბჟეზინსკი: ნატოს შეუძლია რუსეთის შეკავება, თუ ნებასაც გამოიჩენს

პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი იზიარებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის შეშფოთებას რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმების გამო და ამბობს, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემდგომმა შემცირებამ, შესაძლოა, მოსკოვი გაათამამოს. ბჟეზინსკი დარწმუნებული არ არის, უპასუხებს თუ არა ნატო ასეთ თავდასხმას „ადეკვატურად“.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
ივლისი 27, 2026
Photo: NATO

Photo: NATO

A A
Summarize with ChatGPTShare on X

ევროპისა და ნატოს მიმართ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ მაშინ, როცა ნატოს სამხედრო და ეკონომიკური ძალა რუსეთისას ბევრად აღემატება, მთავარი კითხვა ისაა, მზად არის თუ არა ალიანსი, ეს ძალა რუსეთის ახალი შეიარაღებული აგრესიის თავიდან ასაცილებლად რეალურად გამოიყენოს.

„გვაქვს თუ არა მტკიცე პასუხისთვის საჭირო სამხედრო რესურსები? გვაქვს თუ არა ასეთი მოვლენის შესაკავებლად საჭირო სამხედრო რესურსები? რასაკვირველია“ — ამბობს ბჟეზინსკი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში. „მთავარი კითხვა ისაა, აქვს თუ არა ნატოს საჭირო სტრატეგიული აზროვნება ამ ძალის ისე გამოსაყენებლად, რომ რუსეთი ეფექტიანად შეაკავოს ასეთი უკიდურესად სარისკო, სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯისგან?“

ბჟეზინსკი ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიისა და უსაფრთხოების სკოუკროფტის ცენტრის უფროსი მკვლევარია. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერების გაფრთხილებებს, რუსეთის შეზღუდული სამხედრო ან ჰიბრიდული შესაძლო პროვოკაციის შესახებ ალიანსი სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ის მიუთითებს რუსეთის სულ უფრო გააქტიურებულ ქმედებებზე, რომლებიც ღია ომის ზღვარს არ სცდება, მათ შორის ევროპის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე, დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაზე.

მისი შეფასებით, ნატომ მოსკოვს მსგავსი ქმედებებისთვის რეალური ფასი არ გადაახდევინა და ამით რუსეთი შემდგომი ესკალაციისკენ წაახალისა — ფართო დაპირისპირების თავიდან აცილების მცდელობამ კი, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს და რუსეთის კიდევ უფრო პროვოკაციული ნაბიჯის ალბათობა გაზარდოს.

ბჟეზინსკი, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში მუშაობისას დასავლეთ ბალკანეთში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ოპერაციებზე ნატოსთან კოორდინაციას უზრუნველყოფდა, ასევე ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერ მცდელობას, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნა კიდევ უფრო შეამციროს. მისი შეფასებით, ევროპაში ამერიკის ამჟამინდელი სამხედრო ყოფნა ისედაც „საკმაოდ შეზღუდულია“. დამატებითი ძალების გაყვანა, მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის ერთგულებას ეჭვქვეშ დააყენებს და შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს გაათამამებს.

ინტერვიუში საუბარი ასევე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მოწყვლადობას, ალიანსის გაფართოების მომავალსა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გაკვეთილებს. ბჟეზინსკი, რომელიც 1990-იან წლებში უკრაინის მთავრობას კონსულტაციას უწევდა, ამ ომს „გამაფრთხილებელ გასროლას“ უწოდებს, რომელსაც დასავლეთმა სათანადოდ ვერ უპასუხა. მისი თქმით, ამან მოსკოვს გაუმყარა რწმენა, რომ შემდგომ აგრესიას ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის გადამწყვეტი პასუხი არ მოჰყვებოდა.

ინტერვიუ ჩაწერილია 21 ივლისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს წინააღმდეგ შეზღუდული სამხედრო ან ჰიბრიდული პროვოკაცია მოაწყოს — ვილნიუსის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ მოსკოვი შესაძლოა ბალტიის ქვეყნებში ან პოლონეთში კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავდეს. როგორ აფასებთ ამ გაფრთხილებებს?

იან ბჟეზინსკი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე: ვფიქრობ, ამას ორი მიზეზის გამო ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. პირველი: პოლონელებს, ბალტიის ქვეყნებსა და ჩვენს სხვა მოკავშირეებს რუსეთის შესახებ საკმაოდ კარგი სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ. ასევე ვიტყოდი, რომ პოლონელები და ბალტიის ქვეყნები მათ შორის არიან, ვისაც რუსეთის სტრატეგიული კულტურა და აზროვნება ყველაზე უკეთ ესმის. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ამის პრეცედენტიც არსებობს. რუსეთი უკვე ათ წელზე მეტია დასავლეთისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ეს კამპანია სულ უფრო ინტენსიური ხდება.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბალტიის ზღვაში კაბელების გადაჭრის შემთხვევები, რომლებიც [სავარაუდოდ] რუსების დავალებით და თავად რუსების მიერ განხორციელდა. რუსებმა [სავარაუდოდ] დააზიანეს კაბელები სვალბარდსა და ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილს შორის. ასევე გვინახავს რუსების მიერ განხორციელებული მკვლელობები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ძალადობა რუსი დისიდენტების წინააღმდეგ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პოლონეთის სარკინიგზო ხაზზე ტერაქტიც მოხდა. გასული წლის სექტემბერში კი რუსეთმა, დაახლოებით, 20-23 დრონი პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში გაუშვა.

ასე რომ, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ეს გაფრთხილება სრულიად საფუძვლიანია.

შარაშენიძე: რა შემთხვევაში ჩათვლიდა ნატო, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, როგორიც თქვენ ახლა აღწერეთ, მე-5 მუხლის ამოქმედების მიზეზი შეიძლება გახდეს? [მე-5 მუხლი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების კოლექტიური თავდაცვის დებულებაა.]

ბჟეზინსკი: აქ მკაფიო ზღვარი არ არსებობს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა, ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ სათანადო პასუხი ვერ გასცეს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების ამ ხანგრძლივ ჯაჭვს, ანუ ჩვენი ტერიტორიებისა და ხალხების წინააღმდეგ ომის ზღვარს ქვემოთ არსებულ ქმედებებს.

უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, რომ პოლონეთზე დრონებით თავდასხმა ომის აქტი იყო. ეს სამხედრო დრონები წინასწარი განზრახვით გაუშვეს პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში. დასავლეთის პასუხი კი თითის დაქნევითა და იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ეს სახიფათო და გაუმართლებელი იყო. ამის საპასუხოდ ეკონომიკური სანქციებიც კი არ დაწესებულა.

ამგვარად, დემოკრატიული ქვეყნების დასავლურმა, ტრანსატლანტიკურმა თანამეგობრობამ, გარკვეული თვალსაზრისით, თავად წაახალისა რუსეთი ესკალაციისკენ, რადგან აგრესიის ასეთ აქტებს სათანადოდ არ პასუხობს.

შარაშენიძე: რატომ ვერ ვიხილეთ ნატოსგან სათანადო პასუხი?

ბჟეზინსკი: ალიანსში კონსენსუსის მიღწევა ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, ალიანსის წევრი ქვეყნების უმეტესობაში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ამად არ ღირს. სწორედ ამიტომ, მსგავსი აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ისინი ძირითადად პასიურები იყვნენ.

ეს შეცდომა იყო. სინამდვილეში, ეს ზრდის რისკს, რომ რუსეთმა კიდევ უფრო სარისკო, სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯი გადადგას, რაც, თავის მხრივ, უფრო ფართო ომის საფრთხეს ზრდის. სწორედ ასეთი ომის თავიდან აცილებას ვცდილობთ ყველა.

ესპერი: რუსეთი საფრთხედ რჩება — ნატოს ძალიან ბევრი მოკავშირე ამისთვის მზად არ არის

შარაშენიძე: რა არის მყისიერი საფრთხე, რომელსაც რუსეთი დღეს ევროპას უქმნის?

ბჟეზინსკი: ყველაზე მყისიერი საფრთხე უკვე საფრთხეც კი არაა — რეალური ქმედებაა. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესია, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს დამორჩილებაა. ეს სახელმწიფო ნატოს დე ფაქტო მოკავშირე იყო და მოკავშირეთა ოპერაციების მხარდასაჭერად საკუთარ სამხედროებს აგზავნიდა.

რუსეთის ეს ქმედება საფრთხეს უქმნის უკრაინას, სუვერენიტეტის პრინციპსა და ნატოს სანდოობას. ამიტომ, დღეს სწორედ ამ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინელების დასახმარებლად, რათა მათ ეს შეჭრა დაამარცხონ და ომი საკუთარი პირობებით დაასრულონ.

შარაშენიძე: უკრაინის მიღმა, თქვენ ახსენეთ ჰიბრიდული ოპერაციები, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა. კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავთ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისთვის? რას ელით ამ მხრივ?

ბჟეზინსკი: ვშიშობ, რომ უკრაინაში რუსეთის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, მოსკოვი ვითარების შეცვლას ჰორიზონტალური ესკალაციის გზით შეეცდება — ნატოს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ პროვოკაციული, სამხედრო ხასიათის ქმედებით. შესაძლოა, მან სამიზნედ ის მოკავშირე აირჩიოს, რომელსაც ყველაზე მოწყვლადად მიიჩნევს და რომლის შემთხვევაშიც ალიანსს ერთიანი და მტკიცე პასუხის ჩამოყალიბება ყველაზე მეტად გაუჭირდება.

არცერთი კონკრეტული სცენარი არ იკვეთება როგორც ყველაზე ახლო ან მყისიერი საფრთხე, თუმცა ყველამ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი ბალტიის ქვეყნებსა და არქტიკას. ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ეს ორი რეგიონია.

შარაშენიძე: მინდა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნაზე გკითხოთ — რეალურად როგორია ის დღეს? რის შეცვლას გეგმავს ვაშინგტონი და, თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ეს პროცესი?

ბჟეზინსკი: დღეს ევროპაში, დაახლოებით, 70-80 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. აქედან დაახლოებით 60 ათასი ევროპაში მუდმივად არის დისლოცირებული. ანუ, მათი სამხედრო ბაზები იქ მდებარეობს, პერსონალი მთელი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობს და ევროპაში როტაციის პრინციპით არ იცვლება.

ეს ცივი ომის პიკზე იქ განთავსებული ძალების მესამედზე ნაკლებია. მაშინ ევროპაში 300 ათასზე მეტი სამხედრო გვყავდა. ეს იყო 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სხვა პერსონალი, რომლებიც ევროპაში ტრანსატლანტიკურ ინტერესებს იცავდნენ.

ტრამპის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო შემცირება სურს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა. ეს ეფუძნება მცდარ ვარაუდს, თითქოს ჩვენი სამხედრო სტრუქტურის ეს კომპონენტები აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის ზედმეტი ტვირთია და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობას გვიზღუდავს და გვასუსტებს.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში მუდმივად დისლოცირებული ეს 62 ათასი სამხედრო შეერთებული შტატების საერთო სამხედრო ძალის 6%-ზე ნაკლებს, ალბათ 5%-ზეც ნაკლებს შეადგენს. აქ ვგულისხმობ დაახლოებით 1.3 მილიონ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს. ამაში არც სარეზერვო ძალებსა და ეროვნულ გვარდიას ვითვალისწინებ, რომელთა ჩათვლითაც ეს რიცხვი 2 მილიონამდე იზრდება.

აშშ-ის 30 F-35-ის ესკადრილიიდან ევროპაში მუდმივად მხოლოდ ორია განთავსებული. F-16-ის დაახლოებით 27, 28 ან 29 ესკადრილიიდან, იმის მიხედვით, როგორ ვითვლით, ევროპაში მუდმივად მხოლოდ ოთხია განთავსებული.

თუ მაღალი ღირებულების, მცირე რაოდენობით არსებულ სისტემებს ავიღებთ, როგორიცაა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა, აშშ-ის 15 ბატარეიდან, რომელთა რაოდენობაც მალე 18-მდე გაიზრდება, ევროპაში მუდმივად მხოლოდ ერთია განთავსებული.

ამდენად, ევროპაში ჩვენი ძალები საკმაოდ შეზღუდულია და მსოფლიოს სხვა რეგიონებში რეაგირების უნარისთვის თითქმის არავითარ ტვირთს არ წარმოადგენს. ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ურთიერთობის მნიშვნელობისა და ევროპაში შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ ევროპელების მიერ თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, ჩვენც უნდა გავზარდოთ იქ ჩვენი სამხედრო ყოფნა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შეერთებულ შტატებში ამ აზრს უმცირესობა იზიარებს.

შარაშენიძე: რა მოხდება, თუ ამერიკული ძალები ევროპას მანამდე დატოვებენ, სანამ მათ ჩასანაცვლებლად ევროპა მზად იქნება? ნატოს სამიტის შემდეგ, ხედავთ თუ არა ვაშინგტონსა და ევროპას შორის ვადებთან დაკავშირებით რაიმე კოორდინაციას?

ბჟეზინსკი: ევროპელები ცდილობენ, ტრამპის ადმინისტრაციასთან და მის გეგმებთან გარკვეულ კოორდინაციას. ჩემთვის ნატოს ანკარის სამიტი ის მომენტი იყო, როდესაც ევროპელები მეტ პასუხისმგებლობას იღებდნენ, შეერთებული შტატები კი უკან იხევდა. ეს იმედის გამაცრუებელი და შემაშფოთებელია.

სამიტზე ევროპელებმა აჩვენეს, რომ ერთგულები რჩებიან ჰააგის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი და მათ შესასრულებლად წინ მიიწევენ. კერძოდ, საუბარია თავდაცვის მთლიანი ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე. ნატოს ბევრი ქვეყანა ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.

შეერთებულმა შტატებმა კი, სამწუხაროდ, ალიანსში შავი ღრუბელი მოიტანა, რომელმაც სამიტი დაჩრდილა. ეს მოიცავდა ძალთა განლაგების გადახედვის გეგმებსა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ჩვენი ძალების კიდევ უფრო შემცირების განზრახვაზე მიანიშნებდა.

როდესაც შეერთებული შტატები ევროპაში საკუთარ ძალებს ამცირებს, ეს ჩვენს მოწინააღმდეგეებს ათამამებს. ეს აჩენს კითხვებს ევროპისადმი ამერიკის ერთგულებასთან დაკავშირებით და ხელს არაფერს უწყობს. ჩვენ გვაქვს რესურსი, ევროპაში მეტი გავაკეთოთ. ამის გადაუდებელი საჭიროებაც არსებობს და იქ ჩვენი სამხედრო ყოფნა უნდა გავზარდოთ.

მონტგომერი: რუსეთს ნატოს სამიტის შედეგები უნდა აშფოთებდეს

შარაშენიძე: ანკარას სამიტის გათვალისწინებით, გაქვთ რაიმე მიზეზი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ მეტი ოპტიმიზმი გქონდეთ?

ბჟეზინსკი: სამიტს რამდენიმე დადებითი მხარეც ჰქონდა. მან აჩვენა, რომ ევროპელები უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები არიან. მათ წელს კიევისთვის უსაფრთხოების დახმარების სახით 70 მილიარდი [ევროს] გამოყოფის ვალდებულება აიღეს. მომავალ წელს, 2027 წელს, კიდევ 70 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს.

გარკვეულწილად, ეს მიღწეული შედეგების შეჯამების სამიტი იყო. ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადელებმაც კი, მკაფიოდ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდის ერთგულები არიან და ამ გზაზე წინ მიიწევენ.

სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად მათ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტების შესახებ გამოაცხადეს. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან დადებითი მოვლენა იყო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარაში პოლიტიკური გარღვევა არ მომხდარა, ვფიქრობ, სამიტმა ევროპელებში კიდევ უფრო გაამყარა შიში, რომ ტრამპის პირობებში, შეერთებული შტატები ევროპიდან თანდათან უკან იხევს.

შარაშენიძე: თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინაში რუსეთის მდგომარეობა უარესდება. ამავე დროს, უკრაინული დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეს აღწევს. რას ნიშნავს ეს რუსეთის მიერ ნატოს გამოცდის შესაძლებლობისთვის? როგორ ჯდება ეს საერთო სურათში?

ბჟეზინსკი: უკრაინის წარმატების კარგი მხარე ისაა, რომ ის ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, რეალურად დაუპირისპირდეს ნატოს ან მის წინააღმდეგ თავდაჯერებულად გადადგას აგრესიული ნაბიჯი.

მაგრამ, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდება. ომის მიმდინარეობის შემობრუნებას ის შესაძლოა, როგორც უკვე ვთქვით, ჰორიზონტალური ესკალაციით შეეცადოს — ნატოს ან მისი რომელიმე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედების განხორციელებით.

მიზანი ალიანსში განხეთქილების შექმნა და უკრაინის მხარდაჭერის მოშლა იქნებოდა.

რატომ განიცდის კრახს რუსეთის საჰაერო თავდაცვა? 

შარაშენიძე: რამდენიმე კვირაში, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ომიდან, 18 წელი გავა. წარსულს რომ გადავხედოთ, შეძლო დასავლეთმა, სწორად შეეფასებინა ის, რაც შემდეგ მოხდებოდა?

ბჟეზინსკი: 2008 წელი იყო, ან, სულ მცირე, უნდა ყოფილიყო, გამაფრთხილებელი გასროლა ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის. მას ეს სიგნალი უნდა დაენახა და შესაბამისი ზომები მიეღო.

ამის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დატოვება მოუხდა, თუმცა არა მთლიანად, ჩვენ ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით დაუყოვნებლივ დავუბრუნდით რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობებს. ამან პუტინი კიდევ უფრო გაათამამა.

როგორც დღეს ნათლად ვხედავთ, მას საქართველოს დამორჩილების ამბიციაზე უარი არ უთქვამს. ამან მას ნამდვილად შემატა რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგაც შეეძლო ემოქმედა ისე, რომ ამას ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მხრიდან გადამწყვეტი პასუხი არ მოჰყვებოდა. ეს სწორედ იმის შედეგი იყო, რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოხდა.

შარაშენიძე: ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატო გამოცადოს. მაგრამ, რა შეიძლება მოხდეს ალიანსის მიღმა მყოფ ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთთან დაკავშირებით? რუსეთისგან მომავალ რა საფრთხეებს ხედავთ მათ შემთხვევაში?

ბჟეზინსკი: საფრთხე ისაა, რომ უკრაინაში ვითარების მის წინააღმდეგ შემობრუნებით პანიკაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება აგრესია სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მართალია, შესაძლო სცენარებზე ფიქრისას ყურადღებას ძირითადად არქტიკასა და ბალტიის ქვეყნებზე ვამახვილებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ზეწოლის ბერკეტები, რომლებიც მას კავკასიის ქვეყნებზე აქვს.

მას ჯერ კიდევ აშკარად უჭირს სომხეთის დაკარგვასთან შეგუება მას შემდეგ, რაც სომხეთმა გადაწყვიტა, საკუთარი ურთიერთობების მთავარი მიმართულება დასავლეთისკენ გადაიტანოს.

მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლს აძლიერებს

შარაშენიძე: როგორ ხედავთ ნატოს გაფართოების მომავალს? რეალისტურია ეს უახლოეს მომავალში?

ბჟეზინსკი: ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვგულისხმობთ „უახლოეს მომავალში“. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ვიდრე პრეზიდენტი [დონალდ] ტრამპი ხელისუფლებაშია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის ან შესაძლოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყოს.

მაგრამ, ერთიანი, თავისუფალი და განუყოფელი ევროპის ხედვა ვერ განხორციელდება, ვიდრე უკრაინა სრულუფლებიანი წევრი არ გახდება. მე ვიტყოდი, რომ საქართველოც. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მანამდე არ მოხდება, სანამ პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობაზეა.

იმედია, ამერიკის მომავალ პრეზიდენტს უფრო მყარი სტრატეგიული ხედვა ექნება და აღადგენს ამერიკის ერთგულებას ერთიანი, თავისუფალი და განუყოფელი ევროპის ხედვისადმი.

შეიძლება დღეს ვინმეს ეს არარეალისტურად მოეჩვენოს, მაგრამ არც ისე შორეულ წარსულში, [2023 წლის] ვილნიუსის ნატოს სამიტზე, ალიანსში თითქმის სრული კონსენსუსი არსებობდა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად სერიოზული პროცესის დაწყებაზე.

ამას რეალურად მხოლოდ ორი ქვეყანა აფერხებდა: შეერთებული შტატები პრეზიდენტ [ჯო] ბაიდენის ხელმძღვანელობით და გერმანია. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის ამ მისწრაფებისთვის მხარი რომ დაეჭირა, გერმანიაც მას გაჰყვებოდა.

ამრიგად, საკმარისი პრეცედენტი არსებობს, რათა გვჯეროდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვა მოიცავს ნატოს, რომლის წევრიც უკრაინის მსგავსი ქვეყნებიც იქნებიან.

შარაშენიძე: საუბრის დასაწყისში განხილულ თემას რომ დავუბრუნდეთ, რეალურად მზად არის თუ არა ნატო იმ სცენარისთვის, რომლის შესახებაც ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ლიდერები გვაფრთხილებენ?

ბჟეზინსკი: გვაქვს თუ არა მტკიცე პასუხისთვის საჭირო სამხედრო რესურსები? გვაქვს თუ არა ასეთი მოვლენის შესაკავებლად საჭირო სამხედრო რესურსები? რასაკვირველია.

ალიანსს რუსეთის ძალებთან შედარებით კოლოსალური უპირატესობა აქვს. მხოლოდ ეკონომიკურ მასშტაბს შეხედეთ: ალიანსის წევრების ერთობლივი მშპ დაახლოებით 60 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რუსეთის კი დაახლოებით 2 ტრილიონს.

ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვაზე დახარჯულ 1.5 ტრილიონი დოლარზე მაშინ, როცა რუსეთის თავდაცვის ხარჯი [2025 წელს] 200 მილიარდი დოლარი ან ნაკლები იყო.

ალიანსს ჩრდილოატლანტიკური სივრცის მიღმაც ურთიერთობათა ფართო ქსელი აქვს, მათ შორის პარტნიორები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ამრიგად, ნატოს ძალობრივი უპირატესობა რუსეთზე მართლაც უზარმაზარია.

მთავარი კითხვა ისაა: აქვს თუ არა ნატოს, ნატოს თანამეგობრობასა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას საჭირო სტრატეგიული აზროვნება ამ ძალის ისე გამოსაყენებლად, რომ რუსეთი ეფექტიანად შეაკავოს ასეთი უკიდურესად სარისკო, სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯისგან?

და თუ რუსეთი ამას მაინც გააკეთებს, ექნება თუ არა ნატოს სათანადო მზაობა, უპასუხოს შესაბამისი სადამსჯელო ზომით, რომელიც აიძულებს რუსეთს, უკან დაიხიოს და მსგავსი აღარ გაიმეოროს? აი, ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

ასევე ნახეთ

IAM graphic incorporating a Google Maps image, a Fire Point rocket photo, and an image of a strike in Russian territory shared by Ukrainian President Volodymyr Zelenskyy on X.
ანალიზი

საბჭოთა სარაკეტო ქალაქიდან „ფლამინგომდე“: უკრაინის ახალი რაკეტები

by დეივიდ კირიჩენკო
0
Photo: NATO
ინტერვიუ

ბჟეზინსკი: ნატოს შეუძლია რუსეთის შეკავება, თუ ნებასაც გამოიჩენს

by ქართლოს შარაშენიძე
0
DOD
რჩეული

ესპერი: რუსეთი საფრთხედ რჩება — ნატოს ძალიან ბევრი მოკავშირე ამისთვის მზად არ არის

by ია მეურმიშვილი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media