• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > „სადაზვერვო დიპლომატია“ სამშვიდობო შეთანხმების მოსასინჯად: CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე

„სადაზვერვო დიპლომატია“ სამშვიდობო შეთანხმების მოსასინჯად: CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე

რალფ გოფი, რომელიც კარიერის განმავლობაში ექვსჯერ იკავებდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინის უფროსის თანამდებობას სხვადასხვა ქვეყანაში, მიიჩნევს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ პუტინისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, არამედ კრემლთან „სადაზვერვო დიპლომატიის“ მნიშვნელოვანი ნაბიჯიც, რითაც სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საჭირო პირობები მოსინჯა.

ია მეურმიშვილიავტორი ია მეურმიშვილი
სექტემბერი 3, 2026
ენის შეცვლა:
English Українська Русский
Credit: Photo illustration. Left portrait: The Cipher Brief (Ralph Goff)

Credit: Photo illustration. Left portrait: The Cipher Brief (Ralph Goff)

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

CIA-ში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილების მქონე რალფ გოფი ამბობს, რომ CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, 25 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტი, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც განაპირობა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობამ, რთულად მისაღწევ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გასაცოცხლებლად ახალი გზა მოეძებნა.

„CIA-ის დირექტორებს, როგორც მოლაპარაკებების მონაწილეებს, ხანგრძლივი ისტორია აქვთ იმისა, რასაც ჩვენ სადაზვერვო დიპლომატიას ვუწოდებთ. ისინი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ და ხშირად წარმატებასაც აღწევდნენ“, ამბობს რალფ გოფი, რომელიც CIA-ის ექვს რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა. „ვფიქრობ, ისინი იქ რაიმე საერთო ნიადაგს ეძებდნენ. შესაძლოა, რუსების გაფრთხილებასაც ცდილობდნენ, თუმცა, ამავე დროს, ალბათ ამოწმებდნენ, არსებობდა თუ არა შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან პრეზიდენტის წარმომადგენლებს, [სტივ] უიტკოფსა და [ჯარედ] კუშნერს, დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. მაშ, რატომ არ უნდა ეცადათ სხვა პირის ჩართვა?“

ვიზიტის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების მთავარი თემა იყო რეტკლიფის სავარაუდო გაფრთხილება მოსკოვისადმი, რომ ნატოზე თავდასხმას შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, CIA-ის დირექტორმა რუსულ მხარეს რუსეთის საომარი კამპანიის შესახებ ვაშინგტონის პესიმისტური შეფასებაც გააცნო. რეტკლიფის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი რუს კოლეგას შეხვდა და ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმა განიხილა.

გოფმა CIA 2023 წელს დატოვა. მოგვიანებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იგი მცირე ხნით ფარული ოპერაციების ხელმძღვანელად დაასახელა, თუმცა შემდეგ მისი კანდიდატურა მოხსნა.

გოფის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების არსენალს შეავსებს. თუმცა, ის ამბობს, რომ ინოვაცია ორივე მხარეს ინერგება და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა დასავლეთის პრიორიტეტი უნდა იყოს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტს ისწავლიან რუსები. ეს დასავლეთისთვისაც საფრთხეა: როცა ნატოს ქვეყნებიდან მიწოდებულ შეიარაღების სისტემებს ვიყენებთ, რუსები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მათ. ამიტომ, ჩემი აზრით, დასავლეთისა და უკრაინის ინტერესებშია ისეთი ფორმულის პოვნა, რომელიც რუსებს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს. ინოვაციების ციკლი რაღაც ეტაპზე ორივე მხარისთვის დაიხურება, ამიტომ უმჯობესია, ეს ომი მანამდე დასრულდეს, სანამ ამ წერტილამდე მივალთ“, ამბობს ის.

ვრცელ ინტერვიუში გოფი იმასაც ამბობს, რომ „იმ უკრაინელთა უმცირესობის პოზიციას იზიარებს“, რომლებიც არჩევნების ჩატარებას ცეცხლის შეწყვეტამდეც კი ემხრობიან.

„შესაძლოა, ახალი მთავრობის მოსვლამ პუტინს მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო საბაბი მისცეს“, ამბობს ის.

ინტერვიუ ჩაწერილია 28 აგვისტოს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი [ჯონ რეტკლიფი] მოსკოვში არცთუ საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრა. ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს და ის იქ საკმაოდ დიდი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ჩაფრინდა. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელსაც CIA-ში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, როგორ აფასებთ ამას? რთ არის მნიშვნელოვანი ეს ვიზიტი?

რალფ გოფი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი ევროპისა და ევრაზიის მიმართულებით: როგორც ჩანს, ეს დღის მთავარი თემაა. ჯერჯერობით [ვიზიტის მიზეზზე მსჯელობა] ძირითადად ვარაუდებს ეფუძნება. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციამ საკმაოდ კარგად მოახერხა, საიდუმლოდ შეენახა ჯერ ვიზიტის მიზანი, შემდეგ კი საუბრის შინაარსი, ანუ ის საკითხები, რომლებიც, როგორც ჩანს, დირექტორმა რეტკლიფმა და რუსეთის მხრიდან [ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ] ბორტნიკოვმა განიხილეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, თავად ვიზიტის ფაქტი არ დაუმალავთ. ეს რთულია, როცა კამუფლაჟის შეფერილობის C-17 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მიფრინავ, სადაც ცნობილი VIP-ტერმინალია, შემდეგ გარკვეული ხნით რიგაში ჯდები და ბოლოს მოსკოვში მიფრინავ. ამიტომ, ვფიქრობ, გზავნილის ერთ-ერთი მიზანი იყო, ადამიანებს ამ ფრენისთვის თვალის მიდევნება და მიმდინარე მისიის შესახებ ინფორმაციის მიღება შეძლებოდათ. სწორედ ამას ვუწოდებთ სადაზვერვო დიპლომატიას.

ვარაუდობენ, რომ დირექტორი რეტკლიფი იქ რუსების გასაფრთხილებლად ჩავიდა: „ნატოსთან დაპირისპირებას ნუ ეცდებით და ზოგიერთ რუხ ზონაზე თავდასხმების ესკალაციაზე ნუ იფიქრებთ“. შესაძლოა, მას ასევე კიდევ ერთხელ უნდა დაედასტურებინა, რომ ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლი კვლავ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და ნატოს, როგორც ორგანიზაციას შორის, ურთიერთობაში დიდი დაძაბულობა იყო.

ამ ეტაპზე, ასეთი გზავნილის გადასაცემად დირექტორ რეტკლიფის იქ ჩასვლა ნამდვილად ლოგიკურია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ვიზიტის წინ სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდებოდა რუსეთის მოქმედებებსა და ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის მუქარებზე, ასევე პოლონეთის მიმართ მუქარებზე. ამიტომ დროის შერჩევაც ამას ემთხვევა. თუმცა, სხვა ფაქტორებიც არსებობს: აშშ-ისა და ირანის მიმდინარე ომი, რომელშიც ისრაელი აშშ-ის მხარესაა, და ის გარემოება, რომ რუსეთი და ირანი ძალიან ახლო სამხედრო-ტექნიკური პარტნიორები გახდნენ. ასე რომ, ბევრი რამ ხდება.

მეურმიშვილი: მაგრამ, თქვენ სკეპტიკურად უყურებთ ვერსიას, რომ საუბრის მთავარი თემა ნატო იყო? ამას ამბობთ?

გოფი: დარწმუნებული ვარ, ამასაც შეეხნენ, მაგრამ რადგან ტრამპის ადმინისტრაციას ვიცნობ, არ მგონია, ეს მთავარი საკითხი ყოფილიყო. პრეზიდენტ ტრამპს შეთანხმებების დადება უყვარს და, ჩემი აზრით, აღიზიანებს, რომ [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინთან რაიმე სახის შეთანხმებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ პუტინის მიმართ საკმაოდ რბილ პოზიციას იკავებდა.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არასაჯაროდ აშშ-ის მთავრობა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით კვლავ ეხმარება. სენატის მიერ ბოლოს დამტკიცებულ [თავდაცვის] ბიუჯეტში უკრაინისთვის კვლავ, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. ასე რომ, უკრაინა ამერიკულ დახმარებას სხვადასხვა ფორმით კვლავ იღებს. გარკვეული ზეწოლაც ისევ არსებობს.

რა თქმა უნდა, ფონზე რჩება გარდაცვლილი სენატორის [ლინდსი] გრემის (რესპუბლიკელი, სამხრეთი კაროლინიდან) სანქციების პაკეტიც. როგორც ჩანს, მას კონგრესში დასამტკიცებლად საკმარისი ხმები აქვს, როგორც კი თეთრი სახლი მწვანე შუქს აუნთებს. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმების მიღწევას ცდილობს, მას ზეწოლის გარკვეული ბერკეტები აქვს.

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რას ითვალისწინებს გრემის კანონპროექტი?

ჩემი ვარაუდით, ისინი იქ რაღაც საერთო ნიადაგს ეძებდნენ. შესაძლოა, რუსების გაფრთხილებასაც ცდილობდნენ. თუმცა, ამავე დროს, ალბათ იმის გარკვევაც სურდათ, არსებობდა თუ არა შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან პრეზიდენტის წარმომადგენლებს, [სტივ] უიტკოფსა და [ჯარედ] კუშნერს, დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. მაშ, რატომ არ უნდა ეცადათ სხვა პირის ჩართვა?

გულწრფელად რომ ვთქვა, CIA-ის დირექტორებს, როგორც მოლაპარაკებების მონაწილეებს, ხანგრძლივი ისტორია აქვთ იმის, რომ აქტიური და ხშირად წარმატებული მონაწილეები იყვნენ პროცესის, რომელსაც ჩვენ სადაზვერვო დიპლომატიას ვუწოდებთ. ასე რომ, დირექტორ რატკლიფის გაგზავნა ცდად ღირდა.

მეურმიშვილი: მესმის, რომ ეს სპეკულაციაა — ამის არანაირი დადასტურება არ გვაქვს — მაგრამ, თქვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ის პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა?

გოფი: დიახ, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რუსებმა ეს ოდესმე აღიარონ, მაგრამ შანსი ნამდვილად არის; შესაძლოა, ვიდეოკავშირიც ყოფილიყო ან მსგავსი რამ. აშშ-ში, თეთრ სახლში გავრცელებულია მეთოდი, რომელსაც ჩვენ მოულოდნელ ვიზიტს ან გზად შემოვლას ვუწოდებთ: უცხოელ სტუმრებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ან სხვა მაღალჩინოსნის პატარა ოფისში ალოდინებენ, პრეზიდენტი კი, თითქოს, შემთხვევით შემოივლის და მისალმებისთვის შეჩერდება. შესაძლოა, პუტინმაც ასე „შეიარა“. არ ვიცი.

თუმცა, რეტკლიფი იქ იყო და მას ჰყავდა რუსი თანამოსაუბრეები, რომლებსაც შეეძლოთ მოესმინათ მისი გზავნილი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის. დანარჩენებმა კი უახლოეს დღეებსა და კვირებში განვითარებულ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, რათა გავიგოთ, სინამდვილეში რა იდგა ამ ვიზიტის უკან.

მეურმიშვილი: თქვენ მიანიშნეთ, რომ ეს შეიძლება მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე გადასვლა ყოფილიყო, თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ. უიტკოფ-კუშნერის მიმართულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ახლა CIA-ის დირექტორი უშუალოდ თავის კოლეგებს ესაუბრება და, შესაძლოა, პრეზიდენტ პუტინსაც. ანუ შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზე გადააქვს — თუ მართლაც ასეა, რა შეიძლება გახდეს იმის ნიშანი ან დადასტურება, რომ ეს კვლავ პრეზიდენტ ტრამპის სურვილის გაგრძელებაა, მიაღწიოს უკრაინაში რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტას, თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას? და არა უბრალოდ აშშ-ის ზოგადი შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატო ბალტიის ქვეყნებში გამოსცადოს?

გოფი: ვფიქრობ, ამას ასე თუ ისე დავინახავთ. ერთ-ერთი ნიშანი შეიძლება უკრაინული მხრიდან ინფორმაციის გაჟონვა იყოს, როცა უკრაინელები გაიგებენ, რაზე ისაუბრეს მოსკოვში. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ინფორმაციის გაჟონვა უკრაინული მხრიდან უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ამერიკულიდან. ასევე ვნახავთ, ჩავლენ თუ არა უახლოეს დღეებში კიევში უიტკოფი და კუშნერი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

შესაძლოა, ისიც გავიგოთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც რუსებთან მოლაპარაკებებში ძალიან აქტიურ როლს ასრულებს, რაიმე ნაბიჯს გადადგამს. იქნებ სადმე გაემგზავროს რუს კოლეგებთან მოსალაპარაკებლად ან ჯერ ამერიკელებსა თუ ევროპელებს შეხვდეს. ასე რომ, მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს ყველაფერი მცდარი აღმოჩნდეს და ვიზიტი მართლაც გაფრთხილება ყოფილიყო, რომლის მიზანიც ესკალაციის თავიდან აცილება იყო. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბერკეტები უფრო ვლადიმირ პუტინის ხელშია.

ბოლო რამდენიმე წელს თუ გადავხედავთ, რუსეთის დივერსიული მოქმედებების უამრავი მაგალითი გვხვდება: მკვლელობის მცდელობები, ხანძრები, სარკინიგზო ხაზებზე თავდასხმები, ინტერნეტქსელის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. ნატოს პასუხი დღემდე საკმაოდ სუსტი იყო.

სავსებით შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებების მიზნით ეს ვიზიტი ერთგვარი ხაფანგი იყო, რომელიც პუტინმა დასავლეთს დაუგო. CIA-ის დირექტორი [მოსკოვში] ჩავიდა და შეხვედრაც გაიმართა. ეს ძალიან ჰგავს იმ შემთხვევას, როცა [CIA-ის] დირექტორი [ბილ] ბერნსი მოსკოვში უკრაინაში [2022 წლის] რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ჩავიდა. ამას შედეგი არ მოჰყოლია. დირექტორი ბერნსი იქ რუსების გასაფრთხილებლად და თავდასხმისგან შესაკავებლად ჩავიდა, მაგრამ რუსეთი უკრაინას თავს მაინც დაესხა.

ეს პუტინს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ ერთხელ მიმართოს სამხედრო მუქარას. დასავლეთი ამას შეხედავს და იტყვის: „ღმერთო ჩემო, იქ CIA-ის კიდევ ერთი დირექტორი ჩავიდა და ამას ცუდის გარდა არაფერი მოჰყვება“. ეს პუტინს დამატებით ბერკეტს აძლევს. ამდენად, მოვლენათა განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობს.

მეურმიშვილი: მომისმენია ანალიტიკოსების მოსაზრებაც, რომ რუსეთი შესაძლოა განზრახ ავრცელებდეს ინფორმაციას [ნატოს მიმართ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ], რათა ის აშშ-ისა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვონ და სწორედ ასეთი დასკვნა გამოიტანონ.

გოფი: დიახ, ვფიქრობ, ამაში გარკვეული სიმართლე არის. ვლადიმირ პუტინი, სხვა თუ არაფერი, ისეთი უგუნური არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. ის ხშირად იმუქრება, მაგრამ ყველაზე მძიმე მუქარები არასოდეს განუხორციელებია: ბირთვული იარაღი არ გამოუყენებია და ნატოზე ღია თავდასხმაც არ ყოფილა. მხოლოდ აქა-იქ მცირე მოქმედებები გვინახავს, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ პასუხისმგებლობის დამაჯერებლად უარყოფა იყოს შესაძლებელი. ან, როგორც მე ვამბობ ხოლმე, ეს უარყოფა შესაძლოა დამაჯერებელი სულაც არ იყოს, მაგრამ უარყოფა მაინც არის. პუტინს დასავლეთის გამოცდა მრავალი გზით შეუძლია და ეს ყველაფერი, შესაძლოა, ნატოს ერთიანობისა და ქმედითუნარიანობის გამოსაცდელი საშუალება იყოს.

მეურმიშვილი: თქვენი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინის მხრიდან ომის ესკალაცია აშფოთებს? ვხედავთ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს მის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე; ვხედავთ, რომ ყირიმი საკმაოდ იზოლირებულია. რუსეთის ეკონომიკაც არცთუ კარგ მდგომარეობაშია. ახლა უკრაინელები ამბობენ, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა ბალისტიკური რაკეტებიც ჰქონდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია? არის თუ არა ეს ვაშინგტონის გათვლის ნაწილი, როცა რუსებს ეუბნება: „ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და, თუ მოლაპარაკებებს არ დაიწყებთ, თქვენთვის მდგომარეობა გაცილებით გაუარესდება“?

გოფი: რა თქმა უნდა. რადგან შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და შეტევითი შეიარაღების სისტემების მთავარი მიმწოდებელი აღარ არის, მას ეს ბერკეტი აღარ აქვს. ვერ შეაჩერებ იმას, რასაც აღარ აწვდი. სხვა ქვეყნისთვის დახმარების გაწევის უპირატესობა სწორედ ესაა: მისი შეჩერება ყოველთვის შეგიძლია. ახლა ეს ბერკეტი აღარ აქვთ. შესაბამისად, უკრაინელებს თითქმის სრული თავისუფლება აქვთ, ესკალაცია საკუთარი შეხედულებისამებრ მიმართონ. ისინი ვაშინგტონის სურვილების შესაბამისად არ იმოქმედებენ.

ამიტომ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ეს, სრულიად საფუძვლიანად, ალბათ აშფოთებს. თუ ის მართლაც ცდილობს ისეთი ფორმულის პოვნას, რომელიც ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებზე დაითანხმებს, მაშინ, ჩემი აზრით, ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე განხორციელებული, ე.წ. ღრმა დარტყმების სიმრავლე ასუსტებს ვაშინგტონის შესაძლებლობას, პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს.

მეურმიშვილი: უკრაინაში საკმაოდ ხშირად ჩადიხართ. რა დაკვირვება გაქვთ უკრაინული წარმოების ბალისტიკურ რაკეტებზე? თქვენი აზრით, ისინი უკვე იმ დონეზე არიან, რომ შორი მანძილის დარტყმები განახორციელონ? ამაზე ჯერ კიდევ მუშაობენ თუ ბალისტიკური რაკეტები მართლაც მალე ექნებათ?

გოფი: რა თქმა უნდა. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ აწარმოებენ მათ უკრაინაში. უნდა გვახსოვდეს, რომ საბჭოთა სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის ბალისტიკური რაკეტების შემუშავების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი უკრაინის ქალაქ დნიპროში, მაშინდელ დნიპროპეტროვსკში, მდებარეობდა. ამიტომ, უკრაინაში იმ დროიდან დიდი ტექნიკური ცოდნა და გამოცდილებაა შემორჩენილი.

რაც ვნახე, დიახ, ამ რაკეტებს აწარმოებენ. [უკრაინულ კომპანია] Fire Point-ს აქვს FP-7 და FP-9 [ბალისტიკური რაკეტები]. ახლა საკითხი მხოლოდ დამიზნებისა და ნავიგაციის სისტემებზეა, რომლებიც სამიზნეებზე უმაღლესი სიზუსტით დასარტყმელად და იქ [უკრაინაში] არსებული უაღრესად რთული რადიოელექტრონული ბრძოლის გარემოს დასაძლევად სჭირდებათ. ეჭვგარეშეა, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდება; საკითხი ის კი არ არის, გაჩნდება თუ არა ის, არამედ როდის.

მეურმიშვილი: რუსები უკრაინის ტექნოლოგიურ უპირატესობას ეწევიან? რამდენიმე თვის წინ გადამდგარ ამერიკელ გენერალ კრისტოფერ კავოლის ვესაუბრე და მან თქვა, რომ უკრაინას ახლა ისეთი უპირატესობა აქვს, რომლის დაწევასაც რუსები და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ცდილობს. თუმცა მან ისიც თქვა, რომ ეს შესაძლებლობათა ფანჯარა შეიძლება არც ისე დიდხანს დარჩეს ღია, როგორც ჩვენ ვისურვებდით. თქვენი აზრით, რუსები ეწევიან? ხედავთ, რომ ეს ფანჯარა იხურება?

გოფი: დიახ. ინოვაციური პროცესები ორივე მხარეს მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი მხარით არ შემოიფარგლება. ვფიქრობ, უკრაინელები, როგორც მათი სისტემის, ისე, შესაძლოა, იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც იმყოფებიან, სიახლეებს უფრო სწრაფად ნერგავენ. თუმცა, არც რუსები სხედან უქმად; ისინიც ნერგავენ ინოვაციებს. რუსების უპირატესობა ისაა, რომ წარმოების მასშტაბის სწრაფად გაზრდა შეუძლიათ.

ამასთან, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტს ისწავლიან რუსები. ეს დასავლეთისთვისაც საფრთხეა: როდესაც ნატოს ქვეყნებიდან მიწოდებულ შეიარაღების სისტემებს ვიყენებთ, რუსები სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მათ. ამიტომ, ჩემი აზრით, დასავლეთისა და უკრაინის ინტერესებშია ისეთი ფორმულის პოვნა, რომელიც რუსებს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს. ინოვაციების ციკლი რაღაც ეტაპზე ორივე მხარისთვის დაიხურება და უმჯობესია, ომი მანამდე დასრულდეს, სანამ ამ წერტილს მივაღწევთ.

მეურმიშვილი: თქვენ რუსეთსაც საკმაოდ კარგად იცნობთ. ყოველივე იმის ფონზე, რაც ახლა ხდება, ელით მასობრივ სამხედრო მობილიზაციას?

გოფი: ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ის სადღაც კრემლის სიღრმეშია. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი შეიძლება განიხილავდეს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მას მობილიზაცია არ სჭირდება, რადგან, უპირველეს ყოვლისა, დანაკარგები დიდად არ ადარდებს. მან დაამტკიცა, რომ საკუთარი ჯარისკაცების ტანჯვა არ აინტერესებს.

ამასთან, ფაქტია, რომ ისინი ფრონტის ხაზს მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ და ტერიტორიებს იკავებენ. ამას უდიდესი ფასი აქვს და წინსვლა ბევრად უფრო ნელია, მაგრამ ისინი მაინც ნელა და შეუჩერებლად მიიწევენ წინ. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია, უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები ხანგრძლივად გააგრძელოს. სანამ უკრაინელები სარაკეტო დარტყმების წინააღმდეგ ხარჯთეფექტიან საპასუხო საშუალებას არ შექმნიან და ბრძოლის ველზე არ განათავსებენ, ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინს მობილიზაცია არ სჭირდება.

მეურმიშვილი: საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ დირექტორმა რეტკლიფმა თავის ერთ-ერთ ძალიან იშვიათ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ფრონტის ხაზზე რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 35 წუთია. ამის წარმოდგენაც კი რთულია.

გოფი: დიახ, წარმოუდგენელია. დასავლეთის არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთი მასშტაბის დანაკარგებსა და სიკვდილიანობას. რუსეთის შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ფრონტზე ჯერ ისევ მოხალისეები მიდიან. ფრონტზე მიმავალი რუსი სამხედროები წვევამდელები არ არიან. კანონის თანახმად, მათ ფრონტზე არ გზავნიან და უმეტესობა, როგორც წესი, გარნიზონებში და მსგავს დანაყოფებში მსახურობს. [ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები] კვლავ მოხალისეები არიან, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ირიცხებიან სამხედრო სამსახურში, რადგან მათ მშობლიურ რეგიონებში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა, ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე „საზარბაზნე ხორცის“ ეს რესურსიც ამოიწურება.

თუ პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს და მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგსა და სხვა დიდ, ძირითადად ეთნიკური რუსებით დასახლებულ ქალაქებში მცხოვრები „ნამდვილი რუსების“ შვილების გაგზავნას დაიწყებს, ვითარება სრულიად შეიცვლება. მოსახლეობის ეს ნაწილი გაცილებით ნაკლებად შეეგუება იმას, რომ მათი ვაჟების, მამებისა და ძმების სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წუთი იყოს.

მეურმიშვილი: კრემლის შიგნით რაიმე ბზარს ხედავთ? ომი უკვე მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება. ზოგიერთი შეფასებით, რუსეთის სამხედრო დანაკარგები დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს. ხედავთ რაიმე ნიშანს იმისა, რომ შიგნით უთანხმოებაა?

გოფი: ვფიქრობ, ბზარები არის; უბრალოდ, მათ საგულდაგულოდ მალავენ. ვისაც ეჭვები აქვს ან საკუთარი ლიდერის ხედვას არ ენდობა, ამას საჯაროდ არ იტყვის. თუმცა, ვფიქრობ, კულისებში ეს ბზარები ნამდვილად არსებობს.

სამხედრო წარუმატებლობისა და ეკონომიკური კოლაფსის ერთობლიობამ, რუსეთის ხანგრძლივი დემოგრაფიული კოლაფსის ფონზე, შესაძლოა, ისეთი ვითარება შექმნას, რომელშიც რაიმე სახის ოპოზიციური ძალა გამოჩნდება. მაგრამ, ჩემი აზრით, ამის შესახებ მანამდე ვერ გავიგებთ, სანამ არ მოხდება: სანამ რუსეთის ტელევიზია სატესტო გამოსახულებაზე არ გადავა, ფონად პირქუში კლასიკური მუსიკა არ ჩაირთვება და [დიქტორი არ იტყვის]: „გთხოვთ, მოიცადოთ“.

სიმართლე რომ ვთქვა, [ხელისუფლებისთვის გამოწვევა] აუცილებლად უნდა გაჩნდეს. ადამიანის ბუნება ასეთია. რაღაც ეტაპზე იქ მყოფი ადამიანები მდგომარეობას შეაფასებენ და იტყვიან: „კარგით, კმარა“. ვფიქრობ, ეს პუტინმაც იცის.

მეურმიშვილი: რას ფიქრობთ ჰიბრიდულ ოპერაციებსა და „რუხ ზონებზე“? ეს ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეხება, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოს. როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი ამას და როგორ შეაფასებდით მათ მდგომარეობას?

გოფი: „რუხი ზონის“ ეს ოპერაციები ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა. რუსეთის ფედერაცია ეჭვმიტანილია დასავლეთში არაერთი იმ ინციდენტის უკან დგომაში, რომლებიც ადრე ვახსენეთ. პასუხი რა იყო? არაფერი. ვლადიმირ პუტინისთვის ომის წარმოების ეს ფორმა ძალზე ხარჯთეფექტიანია და, ჩემი აზრით, სტრატეგიულადაც შედეგიანი. ამ გზით ის კვლავ ამოწმებს ნატოს რეაგირების მზადყოფნას და ნატოს ერთიანობას. თანაც ეს იაფია. ისინი ინტერნეტს იყენებენ და ონლაინ სივრცეში დაეძებენ ადამიანებს, რომლებსაც ფული უკიდურესად სჭირდებათ. ხშირ შემთხვევაში, ევროპაში დივერსიულ აქტებს იმ ქვეყნებში თავშეფარებული უკრაინელი ლტოლვილები ახორციელებენ. ეს აბსურდული ვითარებაა.

თუმცა, კიდევ ერთხელ, ვლადიმირ პუტინს ამ ტაქტიკისთვის ფასის გადახდა არ დასჭირვებია. მაშ, რატომ უნდა შეწყვიტო ის, რაც მუშაობს? ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი ასეთი შემთხვევა იქნება და არა ნაკლები.

მეურმიშვილი: დასასრულს, როგორი იქნება, თქვენი აზრით, ომი ამ ზამთარში? და როდის და როგორ შეიძლება დასრულდეს ის? ვიცი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ ალბათ გარკვეული მოსაზრება მაინც გაქვთ.

გოფი: მაქვს. ვფიქრობ, მძიმე ზამთარი იქნება. არა მგონია, უკრაინამ საკმარისი გააკეთა ცენტრალიზებული ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირებისთვის. ვფიქრობ, უკრაინა კვლავ ინტენსიური დარტყმების ქვეშ მოექცევა. იმედი მაქვს, ვცდები; იმედი მაქვს, უფრო მეტი აქვთ გაკეთებული. რამდენიმე თვეა იქ არ ვყოფილვარ და როცა ჩავალ ამ საკითხს თავადაც შევისწავლი. თუმცა, ვფიქრობ, კიდევ ერთი მძიმე ზამთარი იქნება.

მიუხედავად ამისა, არ მგონია ეს საკმარისი აღმოჩნდეს უკრაინელი ხალხის ნების გასატეხად. ისტორიაში მრავალი მაგალითია, როცა სამხედრო ძალები კაპიტულაციის იძულების მიზნით სამოქალაქო სამიზნეებს ინტენსიურად ბომბავდნენ. ეს თითქმის არასდროს მუშაობს.

რაც შეეხება ომის დასრულებას, ვფიქრობ, საბოლოოდ რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტასა და დროებით შეთანხმებამდე მივალთ. ხშირად საუბრობენ კორეულ ვარიანტზე, ანუ კორეის ნახევარკუნძულზე დადებული ზავის მსგავს მოდელზე, რომელმაც ნამდვილი მშვიდობა არ დაამყარა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები მაინც შეაჩერა. მსგავსი რამ ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა, სანამ ვლადიმირ პუტინი საკუთარი პოლიტიკის სხვადასხვა ფასსა და სარგებელს არ აწონის, განსაკუთრებით იმას, როგორ უკავშირდება ეს ხელისუფლების შენარჩუნებას, ის უახლოეს მომავალში ომის შეწყვეტისთვის მზად არ იქნება.

ბოლოს, გავრისკავ და ვიტყვი, რომ იმ უკრაინელთა უმცირესობის მხარეს ვარ, რომლებიც გარკვეული ფორმით არჩევნების ჩატარებას ემხრობიან. ვფიქრობ, უკრაინელებმა ახალი არჩევნების ჩატარება სერიოზულად უნდა განიხილონ. საჭიროა ახალი პარლამენტი, რომელიც ახალი დეპუტატებით დაკომპლექტდება. ამჟამინდელი დეპუტატები ამ თანამდებობაზე უკვე დიდი ხანია არიან. შესაძლოა, საჭირო იყოს ახალი პრეზიდენტიც.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დროს ლიდერის როლი ღირსეულად შეასრულა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ლიდერი უინსტონ ჩერჩილიც ასე იყო. ომის დასრულების შემდეგ მან მალევე წააგო არჩევნები და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში.

მეურმიშვილი: თქვენ გულისხმობთ არჩევნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და არა მანამდე?

გოფი: ჩემი აზრით, [არჩევნების ჩატარების] ალბათობის გასაზრდელად, ჯერ რაიმე სახის ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო. თუმცა, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მაინც უნდა განიხილონ.

შესაძლოა, ახალი მთავრობის მოსვლამ პუტინს მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო საბაბ მისცეს. მან შეიძლება თქვას: „კარგი, ნაცისტები, რომელთა წინააღმდეგაც ვიბრძოდი, აღარ არიან. ახალ მთავრობასთან მოლაპარაკება შემიძლია“. ასე რომ, შესაძლოა, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან წასვლამ, რითაც პუტინისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი მოიხსნებოდა, მოლაპარაკებების დაწყებას გზა გაუხსნას.

ჭდეები: აშშვლადიმირ პუტინირუსეთისამშვიდობო მოლაპარაკებებიუკრაინა
ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი არის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი. მშობლიურ საქართველოში ტელევიზიის წამყვანის რანგში ცნობილია, მანამდე ის ხელმძღვანელობდა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის გადაცემებს, სადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნატოს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ხელმძღვანელობდა. ის ხშირად არის მოწვეული კომენტატორი, კონფერენციის მომხსენებელი და ლექტორი.

ასევე ნახეთ

Graham sanctions bill targeting Russia’s oil revenue, with Russian rubles and an oil refinery fire
ინტერვიუ

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რას ითვალისწინებს გრემის კანონპროექტი?

აგვისტო 20, 2026
Nina Lyashonok via Reuters Connect
ინტერვიუ

ვოლკერი: ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცეშივე უნდა ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომლებიც საფრთხეს ალიანსის ტერიტორიას უქმნის

აგვისტო 17, 2026
Jens Büttner/dpa via Reuters Connect
ინტერვიუ

ირანიდან უკრაინამდე: რატომ არის PATRIOT-ის რაკეტების დეფიციტი?

აგვისტო 11, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media