ოთხი წელი — ზუსტად ამდენი დრო რჩება ჩერნობილის გიგანტური დამცავი სარკოფაგის შესაკეთებლად. ამის შესახებ, Independence Avenue Media-სთან საუბრიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩერნობილის თავშესაფრის ფონდის ხელმძღვანელმა, საიმონ ევანსმა ისაუბრა.
ევანსის თქმით, 2025 წლის 14 თებერვალს, ახალ დამცავ ნაგებობაზე რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმა, ჩერნობილის გაუსნებოვნებისა და დეკონსტრუქციის გეგმებს, საწყის წერტილამდე დააბრუნებს.
„ამ თავდასხმამ, 20 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი საფრთხის ქვეშ დააყენა. საინჟინრო პოტენციალი, რომელიც გაგვაჩნდა, განადგურებულია. ვფიქრობ, დაახლოებით ოთხი წელი გვაქვს იმისთვის, რომ კოროზიის კონტროლის სტანდარტები მისაღებ დონეზე დავაბრუნოთ, სანამ პროცესი შეუქცევადი გახდება“, ამბობს საიმონ ევანსი.
ჩერნობილის კატასტროფა, რომელიც 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, მსოფლიოში უმძიმეს ბირთვულ ავარიად რჩება. ახალი დამცავი ნაგებობა, რომელიც 2 მილიარდი დოლარი დაჯდა და რომლის გამართვაც 2019 წელს დასრულდა, 100 წელზე იყო გათვლილი. მისი მისია საბჭოთა პერიოდის დაზიანებული სარკოფაგის იზოლაცია და რადიაციის გაჟონვის აღკვეთა იყო.
ევანსის თქმით, უკრანის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის პირობებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება პროცესს აფერხებს, თუმცა უმოქმედობა გაცილებით დიდ რისკებს შეიცავს.
ინტერვიუ ჩაწერილია 24 აპრილს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
კირილს სუხოტსკი, INDEPENDENCE AVENUE MEDIA: ჩერნობილის კატასტროფიდან 40 წელი გავიდა. ბევრისთვის ეს შესაძლოა წარსულის ნაწილია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ საფრთხე კვლავ რეალურია. რატომ უნდა მიაქციოს მსოფლიომ ყურადღება იმას, რაც დღეს ჩერნობილის გარშემო ხდება
საიმონ ევანსი, ჩერნობილის თავშესაფრის ფონდის ხელმძღვანელი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში: ჩერნობილი ყოველთვის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ყველაზე მოწყვლადი ბირთვული ობიექტი. ვფიქრობ, ომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის საკითხზე ყურადღება შემცირებული იყო, ჩვენ იქ მაინც ვაგრძელებდით მუშაობას.
მაგრამ, ომის დასაწყისშივე ვიხილეთ რუსული თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც ჩერნობილის გავლით განხორციელდა, რამაც გამოიწვია მასშტაბური ზიანი საიზოლაციო ზონის ინფრასტრუქტურაზე, თუ არა უშუალოდ ბირთვულ ობიექტებზე. შემდეგ კი, 2025 წლის 14 თებერვალს, ახალ დამცავ ნაგებობაზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ეს იყო პირველი პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, რასაც საკმაოდ დამანგრეველი შედეგები აქვს ნაგებობის გრძელვადიანი მდგრადობისთვის.
სუხოტსკი: რამდენად სერიოზულია დაზიანება? რამდენად მასშტაბურია შედეგები?
ევანსი: ვფიქრობ, შედეგებზე საუბრისას, უპირველესად უნდა განვმარტოთ, რა არის ეს დამცავი ნაგებობა და რა მიზნით შეიქმნა იგი. მას არსებითად ორი ძირითადი ფუნქცია ჰქონდა.
პირველი იყო ძველი სარკოფაგისა და განადგურებული რეაქტორიდან რადიოლოგიურად დაბინძურებული მასალების შემდგომი გაჟონვის აღკვეთა და იზოლაცია. მეორე ფუნქცია კი იყო ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ძველი თავშესაფრის დემონტაჟს.
ორივე ეს ძირითადი ფუნქცია ფუნდამენტურად კომპრომეტირებულია ნაგებობაზე დრონით დარტყმის შედეგად. უპირველესად, ჩვენ აღარ გვაქვს სრულყოფილი იზოლაცია — ნაგებობაზე არის ნახვრეტები, აღარ გვაქვს ჰერმეტულობა, წნევის კონტროლი და ტენიანობის რეჟიმი. ეს ყველაფერი კი გადამწყვეტია სტრუქტურის ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. იმის გამო, რომ ეს პირობები დარღვეულია, ჩვენ აღარ გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ობიექტის დემონტაჟი. თუ არაფერი გაკეთდა, დროთა განმავლობაში თაღი კიდევ უფრო მეტად დაიწყებს დეგრადირებას იმ წერტილამდე, სადაც მისი შეკეთება თითქმის შეუძლებელი გახდება.
40 years after #Chornobyl
— Independence Avenue Media (@indavemedia) April 26, 2026
The danger isn't over. pic.twitter.com/HkV74mvtTW
სუხოტსკი: რა სამუშაოები ჩატარდა აქამდე იმის აღსადგენად, რაც დრონის დარტყმამდე არსებობდა?
ევანსი: ჩატარდა გარკვეული დროებითი სარემონტო სამუშაოები დარტყმის მთავარ არეალზე — ეს იყო 15 კვადრატული მეტრის ფართობის დაზიანება, ნაგებობის ჩრდილოეთ მხარეს. ჩატარდა ზიანის მასშტაბური შეფასება, რათა დაგვედგინა დაზიანების ზუსტი ხარისხი, რადგან ბევრი რამ შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. ეს ეხება შიდა სტრუქტურებსა და ხანძრის კვალს, რომელიც გაჩნდა ჩრდილოეთ მხარეს, გარე საფარზე.
ახლა გვაქვს გეგმა, რომ მივიღოთ გარკვეული მოკლევადიანი შუალედური ზომები, რომლებიც არსებითად შეაჩერებს თაღის შემდგომ დეგრადაციას უახლოეს პერიოდში. თუმცა, მთავარი გამოწვევაა, როგორ დავაბრუნოთ თაღის ფუნქციონირება იმ საპროექტო სტანდარტებთან, რაც რუსულ თავდასხმამდე გვქონდა.
სუხოტსკი: ამ დროებითი შეკეთების შემდეგ, კიდევ რამდენი დრო გვაქვს მანამ, სანამ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, როგორ ვუმკლავდებით უფრო მასშტაბურ გრძელვადიან შედეგებს?
ევანსი: სიმართლე გითხრათ, დრო საერთოდ არ გვაქვს. მოქმედება ახლავეა საჭირო. ინჟინრების ვარაუდით, არსებული სტრუქტურა 2030 წლამდე გაძლებს აქტიური კოროზიის საწინააღმდეგო სისტემის გარეშე. ამ თარიღის შემდეგ კოროზიის დაწყების რისკი გარდაუვალია. მიმდინარე შეფასებით, დაახლოებით ოთხი წელი გვაქვს რემონტის ჩასატარებლად, თუმცა ამ ვადაში არის გაურკვევლობა, რომლის დაზუსტებასაც მომდევნო თვეების განმავლობაში შევეცდებით.
სუხოტსკი: რა მასშტაბის ინვესტიციაა საჭირო ამის გრძელვადიანად მოსაგვარებლად?
ევანსი: ზუსტი ციფრის დასახელება ძალიან რთულია. ბევრი მეკითხება ამას და მესმის რატომაც. ჩვენი ინჟინრების მიერ ჩატარებული პირველადი შეფასებით, ეს თანხა შესაძლოა 500 მილიონი ევროს ფარგლებში იყოს. თავდასხმამ 20-წლიანი პროგრესი საფრთხის ქვეშ დააყენა და მჯერა, რომ იქნება ძლიერი ძალისხმევა ამ რისკების შესამცირებლად.
სუხოტსკი: თუ ეს საკითხი არ გადაიჭრა, დაფინანსება არ მოიძებნა ან არასაკმარისი აღმოჩნდა და ჩვენ მივუახლოვდით ოთხწლიან ვადას, რა მოხდება შემდეგ?
ევანსი: სირთულეები არსებითად გაიზრდება. თაღი დროთა განმავლობაში დეგრადირდება და რაც უფრო მეტად მოხდება ეს, მით უფრო გაჭირდება მისი შეკეთება. სხვა საკითხია ისიც, რომ თაღის მთელი არსი იყო ძველი თავშესაფრისა და რეაქტორის ბლოკების დემონტაჟი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ცნობილია, რომ ორიგინალი საბჭოთა სარკოფაგი 1986 წლის ნოემბერში, წარმოუდგენლად გმირულ პირობებში აშენდა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა გათვლილი ხანგრძლივი დროისთვის. მას სჭირდებოდა სტაბილიზაცია, რაც ჩვენ გავაკეთეთ, და შემდეგ ნელ-ნელა დემონტაჟი. დემონტაჟის შესაძლებლობა არსებობდა — ის საერთაშორისო თანამეგობრობამ შექმნა და უკრაინას 2019 წელს გადასცა. ახლა ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს.
სუხოტსკი: ცხადია, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ომის ზონაში ხდება. 2025 წლის თებერვალში იყო რუსული დრონის დარტყმა, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ სხვა დარტყმა ან უარესი ნებისმიერ დღეს მოხდეს. როგორ უმკლავდებით ამას?
ევანსი: ვფიქრობ, სრულიად სამართლიანია იმის აღიარება, რომ ომი საოცრად ართულებს ჩვენს გზას. ჩერნობილი ისედაც წარმოუდგენლად რთული ობიექტია სამუშაოდ, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მუშებისთვის, რაც ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. მოკლე პასუხი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ დროებითი რემონტი შემდგომი დეგრადაციის შესაჩერებლად, არსებულ პირობებშიც.
თუმცა, გრძელვადიანი სამუშაოების განსაზღვრას დრო დასჭირდება — ალბათ ერთი წელი ანალიზისთვის, შესყიდვებისა და ადრეული ინჟინერიისთვის. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ იმ დროისთვის ცეცხლი შეწყდება ან ომი დასრულდება. თუ არა, მოგვიწევს ალტერნატიული გზების ძებნა, თუ როგორ ვმართოთ რემონტი საომარ პირობებში. ეს გადამწყვეტი მომენტია. მაგრამ, ნუ თავს ნუ მოვიტყუებთ: ეს იქნება განსაკუთრებით რთული. ეს არის ფაქტი, რომელთანაც გამკლავება გვიწევს.
სუხოტსკი: თქვენ მუშაობთ ჩერნობილზე, მაგრამ რეგიონში სხვა ობიექტებიც არის. იყო იგნალინას ატომური ელექტროსადგური ლეიტუვაში, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩერნობილს. ესენი გაჩერებული სადგურებია, თუმცა რეგიონში არის მოქმედი სადგურებიც — ბელარუსში ან ზაპორიჟჟიაში, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მთელი ეს რეგიონი საომარი ზონაა საერთო არასტაბილურობითა და უსაფრთხოების რისკებით. რას გვეუბნება ეს ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და რას უნდა აკეთებდეს ამის შესახებ ევროპა და მსოფლიო?
ევანსი: ვფიქრობ, უნდა შევხედოთ იმას, რასაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ამბობს. ისინი ძალიან აქტიურობენ და შემოიღეს პროგრამა სახელწოდებით „ბირთვული უსაფრთხოების შვიდი განუყოფელი სვეტი ომის დროს“. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპები ბირთვული ობიექტების დასაცავად. ეს არის საკმაოდ ლოგიკური და მარტივი რამ, როგორიცაა მუშების თავისუფალი წვდომა ობიექტზე, სტრესის გარეშე მუშაობა, სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა და მარეგულირებლის წვდომა ობიექტებზე.
თუ ამ შვიდ სვეტს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზაპორიჟჟიაში და დიდწილად ჩერნობილშიც, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ სხვადასხვა დროს, ბირთვული უსაფრთხოების ყველა ეს ე.წ. განუყოფელი სვეტი დაირღვა. და ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი.
სუხოტსკი: რა გარემოსდაცვითი გავლენა და ზიანი შეიძლება ჰქონდეს ისეთ გიგანტურ ბირთვულ კატასტროფას, როგორიც ჩერნობილია, 4-5 ათწლეულის შემდეგაც კი?
ევანსი: მთავარი გავლენა, რასაც ჩვენ განვიხილავთ, არის ის, თუ როგორ მოვუაროთ განადგურებული რეაქტორის გრძელვადიან მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასებით, მე-4 ენერგობლოკის რადიოლოგიური ინვენტარის დაახლოებით 95% კვლავ ამ ბლოკის შიგნითაა.
არსებითად, 1986 წლის ავარიის დროს გარემოში მხოლოდ 4% ან 5% გაიფანტა. დანარჩენი მასა ისევ სხვადასხვა ადგილასაა განადგურებული მე-4 ბლოკის ქვედა ნაწილში. ჩვენ გვჭირდება გამოსავალი, როგორ დავიცვათ ეს მასა და ძველი ობიექტები. ჩვენ გვქონდა ეს გამოსავალი — ახალმა დამცავმა ნაგებობამ უკრაინას მისცა იმედი, რომ მათ შეეძლოთ გრძელვადიან შედეგებთან უსაფრთხოდ გამკლავება თანამედროვე აღჭურვილობითა და დისტანციური მართვის სისტემებით. ეს ნდობა ახლა შელახულია. ეს არის ჩემთვის მთავარი რისკი, რომელსაც ახლა უნდა გავუსწოროთ თვალი.
დრონის დარტყმის დროს დაფიქსირდა რადიოაქტიური გაფრქვევის მცირე მატება, თუმცა მალევე მაჩვენებლები დაუბრუნდა იმას, რასაც ექსპერტები საკონტროლო დონეებს უწოდებენ. ასე რომ, ეს არ არის რადიაციის მოკლევადიანი რისკი, რომ უცებ ახალი კრიზისი დაგვიდგება. ეს არის გრძელვადიანი რისკი — ის ობიექტები, რომელთა შექმნას 20 წელი და უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა, ამ თავდასხმის შედეგად შესაძლოა გამოუსადეგარი გახდეს.



