უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მეხუთე წელს, 1 250 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე — სამხრეთით ხერსონიდან, ჩრდილოეთით ხარკივამდე — დიდი გარღვევები იშვიათი მოვლენაა.
რუსეთმა, საგაზაფხულო კონტრშეტევა მარტში დაიწყო და გარკვეულ შეზღუდულ წარმატებებს მიაღწია, მათ შორისაა შეჭრის გაფართოება სუმისა და ხარკივის საზღვრებზე და მცირე წინსვლა დონეცკში, სლავიანსკის მიმართულებით. თუმცა, სერიოზული წინსვლა, მეტწილად, შეჩერებულია.
დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი კლემენტ მოლენი Independence Avenue Media-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ათასობით დრონის არსებობა ე.წ. „სიკვდილის ზონაში“ ჯარების გადაადგილებას თითქმის შეუძლებელს ხდის, ხოლო ფართომასშტაბიანი ჯავშანტექნიკის იერიშები პრაქტიკულად აღარ ხდება.
„ზოგ მონაკვეთში ეს ზონა ფრონტის ხაზიდან 5-10 კილომეტრზე ვრცელდება და ძირითადად შეტევაზე გადასულ ქვეითებს ანადგურებს,“ — ამბობს მოლენი. „სხვაგან კი დანაყოფები პრიორიტეტს ლოგისტიკასა და რუსული ჯარების გადაადგილებაზე დარტყმებს ანიჭებენ, უფრო ღრმა ზურგში, ზოგჯერ 15-დან 20 კილომეტრამდე. არტილერიასთან კომბინაციაში, ეს დარტყმები რუსეთის წინსვლას საგრძნობლად აფერხებს.“
მიუხედავად ამისა, მოულოდნელი შემობრუნებით, სულ მცირე ზოგიერთ სადავო „რუხ ზონაში“, უკრაინა წელს არა მხოლოდ ხაზს ინარჩუნებს, არამედ ტერიტორიებსაც იბრუნებს. უკრაინულმა ძალებმა მუდმივი ზეწოლა განახორციელეს მრავალ სექტორზე, განსაკუთრებით ზაპორიჟიას რეგიონში, თებერვალში — ისინი იკვლევდნენ რუსეთის თავდაცვის სისტემებს, იყენებდნენ მის სისუსტეებს და მოსკოვს იძულებითი რეაგირების პოზიციაში აყენებდნენ.
Starlink-ის გათიშვა და გარდატეხა
პირველი შესამჩნევი ცვლილება თებერვალში მოხდა, როდესაც ილონ მასკი დათანხმდა იმ Starlink-ის ტერმინალების შეზღუდვას, რომლებსაც რუსეთი ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის იყენებდა. უკრაინულმა დანაყოფებმა მომენტით ისარგებლეს და რუსულ პოზიციებზე ზეწოლა სწორედ მაშინ გააძლიერეს, როცა მტერს კავშირი გაუწყდა.
„ეს რუხი ზონა არის ტერიტორია, სადაც რუსული ჯარები ტრანზიტით მოძრაობენ და სადაც ზოგჯერ ჯერ კიდევ გვხვდება იზოლირებული უკრაინული პოზიციები,“ — ამბობს მოლენი. „ამ სისუსტის გამოყენებამ, განსაკუთრებით რუსული ძალებისთვის Starlink-ის გათიშვამ, უკრაინას საშუალება მისცა გაეწმინდა მნიშვნელოვანი ტერიტორია ისე, რომ არ შესულიყო რუსეთის მიერ მყარად კონტროლირებად ზონაში.“
კიევის განცხადებით, Starlink-ის გათიშვიდან მომდევნო კვირებში უკრაინამ დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, რომ იმ თვეში უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე დაკარგა, რაც 2023 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო. მარტში სირსკიმ თქვა, რომ უკრაინამ კიდევ 50 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა — რაც მიახლოებულია იმ რაოდენობასთან, რისი დაკავებაც რუსეთმა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) დაკვირვებით შეძლო.

მაიკლ კოფმანი, კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი, ამ წინსვლას სიფრთხილით აფასებს და ამბობს, რომ თებერვლის კონტრშეტევა ზაპორიჟიაში იყო „ნაწილობრივი წარმატება“ და „კარგი ექსპერიმენტი დრონებით მხარდაჭერილ შტურმებში“.
თუმცა, ჯორჯ ბაროსი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტიდან (ISW) მიიჩნევს, რომ ეს მიღწევები დაგეგმილ სტრატეგიაზე მიუთითებს. მისი ხედვით, უკრაინის ტაქტიკა შესაძლოა იყოს არა ერთი დიდი გარღვევა, არამედ მცირე, მდგრადი კონტრშეტევების სერია, რომელიც ნელ-ნელა უკუაგდებს რუსულ წინსვლას.
მისი თქმით, ზოგიერთ სექტორში, უკრაინულმა ძალებმა დრონების დროებითი დომინაციის მოპოვება შეძლეს, რამაც მათ საშუალება მისცა „გაეწმინდათ რუსი ინფილტრატორები და შედარებით სწრაფად დაებრუნებინათ სადავო ტერიტორიები“.
ნაცვლად ერთი დიდი გარღვევისა, ბაროსი ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის უკეთესი იქნება ამ მიდგომის პერიოდულად გამეორება. „სჯობს გვქონდეს მცირე, მაგრამ მყარი კონტრშეტევების სერია, რომელიც ნელა, მაგრამ მდგრადად უკუაგდებს რუსეთის წინსვლას.“
უკრაინა გარღვევებს მუდმივ ზეწოლაში ცვლის. „უკრაინა არ აპირებს ჰოლივუდური სტილის შეტევებს, რომელიც რუკას ცვლის“ — ეუბნება Independence Avenue Media-ს შონ პინერი, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა. „სინამდვილეში, მიმდინარეობს ზეწოლის კამპანია: სადაზვერვო თავდასხმები, ლოკალიზებული გარღვევები, რუსული ლოგისტიკის ამოწურვა და მოსკოვის იძულება, მუდმივად შეავსოს ხარვეზები იმ სფეროებში, რომლებსაც ის უკვე სრულად ვერ აკონტროლებს.“
ცვალებადი დინამიკა, შეზღუდვების თანხლებით
თუ 2025 წელს საუბრები უკრაინის თავდაცვის ხაზების შესაძლო კოლაფსზე ფოკუსირდებოდა, 2026 წელს დისკუსია იმის შესახებ იმართება, შეუძლია თუ არა რუსეთს გაუძლოს ისეთ კოლოსალურ დანაკარგებს, როგორიცაა თვეში 30,000 ჯარისკაცი.
Stubb: Ukraine is killing 30–35k Russians a month; Russia can’t replace losses. About 95% of kills are by drones.
— Tymofiy Mylovanov (@Mylovanov) April 19, 2026
Ukraine is retaking ground and in March launched more drones/missiles at Russia than vice versa. This isn’t charity anymore — the West needs Ukraine’s know-how.
1/ pic.twitter.com/yEIqUOoP7N
ამ ეტაპზე უკრაინამ, როგორც ჩანს, დაიბრუნა ტექნოლოგიური უპირატესობა. თავდაცვის სამინისტრო წელს 7 მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს. სახმელეთო რობოტები ასევე სულ უფრო დიდ როლს ასრულებენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახან განაცხადა, რომ ომის განმავლობაში პირველად, მტრის პოზიცია მთლიანად რობოტებმა და დრონებმა აიღეს, ცოცხალი ძალის ჩართვის გარეშე. ამავდროულად, უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმები „სიკვდილის ზონის“ მიღმა არსებულ სამიზნეებს აღწევს, რაც რუსეთის ლოგისტიკასა და მიწოდების ხაზებს არღვევს.
მაგრამ, უკრაინა იმავე პრობლემების წინაშე დგას, რის წინაშეც რუსეთი: დრონებმა შეტევითი ოპერაციები უკიდურესად გააძვირეს, ხოლო ცოცხალი ძალის დეფიციტი კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება.
ნორმანი — ჯარისკაცი მესამოცე ცალკეული მექანიზებული ბრიგადიდან — ამბობს, რომ უკრაინა ნამდვილად უკეთესად მოქმედებს, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ აკლია მასშტაბი ნამდვილი კონტრშეტევისთვის. „რუსული სიმაგრეები კარგად არის განვითარებული. მცირე FPV დრონები შესანიშნავია ქვეითების ან ლოგისტიკისთვის, მაგრამ ისინი არ არის საკმარისი გამაგრებული ხაზის გასანადგურებლად.“
ამ ზაფხულს დიდი გარღვევები ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, გამძლეობაზე დამყარებულ ომში უკრაინას ეს შეიძლება არც დასჭირდეს. თუ ის შეძლებს ხაზის შენარჩუნებას და შესაძლებლობისთანავე ტერიტორიების დაბრუნებას, ეს შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.



