• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

კავოლი: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობას იძენს, მაგრამ რუსეთი ძალების სწრაფ აღდგენას შეძლებს

აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი კრისტოფერ კავოლი აცხადებს, რომ ომის შემდეგ რუსეთი სწრაფად „აღადგენს“ თავის შეიარაღებულ ძალებს, რათა საფრთხე შეუქმნას უკრაინას და ნატოს.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
ივნისი 18, 2026
Tom Williams/CQ-Roll Call/Sipa USA via Reuters Connect

Tom Williams/CQ-Roll Call/Sipa USA via Reuters Connect

A A
Summarize with ChatGPTShare on X

ნატოს 2026 წლის სამიტის წინ, ალიანსის მოკავშირეთა ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი კრისტოფერ კავოლი ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა „რუსეთზე უპირატესობის მოპოვების გზაზე სწრაფად მიიწევს წინ“, ამ ომს „მეორე მსოფლიო ომის მსგავსი დასასრული არ ექნება“.

მისი თქმით, უკრაინის მიერ, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ადგილობრივი წარმოების განვითარება „საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სამხედრო მიღწევაა“ და შესაძლოა „ომის მომავალსაც“ წარმოადგენდეს. თუმცა, კავოლი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და ბირთვული ძალები, მეტწილად, ხელუხლებელი რჩება, მიუხედავად სახმელეთო პერსონალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგებისა.

მშვიდობის დამყარების შემდეგ, „შეგვიძლია ველოდოთ, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად აღდგება, ნატოს საზღვრებთან ხელახლა განლაგდება და ამას გააკეთებს ისეთი განწყობით, სადაც სრულიად დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ჩვენ მათი მტერი ვართ“, — განუცხადა მან Independence Avenue Media-ს.

კავოლი, რომელიც 2022 წლის ივლისიდან, 2025 წლის ივლისში გადადგომამდე, უკრაინისთვის ნატოს სამხედრო გზავნილების ლოგისტიკასა და წვრთნებს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ალიანსი, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთში, ანკარაში იკრიბება, რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს. ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „საბრძოლო მასალის უფრო დიდი მარაგებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების რეზერვებით უფრო დიდი ძალების შესაქმნელად, გამომაფხიზლებელ ზარს“ უწოდებს.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 12 ივნისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: თქვენი შეფასებით დავიწყოთ, როგორ მიმდინარეობს ომი უკრაინაში?

თადარიგის გენერალი კრისტოფერ კავოლი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი და ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური: ვფიქრობ, უკრაინის სამხედრო მიღწევა ამ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. უკრაინამ, ყველა სირთულის მიუხედავად, შეძლო რუსეთის შეჭრის შეჩერება და ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია, და ფაქტობრივად, ახლა ვითარებას აბრუნებს და ზომიერი რაოდენობის ტერიტორიებსაც იბრუნებს. ვფიქრობ, ამის გასაღები იყო მათი ორგანიზებულობის გაუმჯობესება და თავდაცვის ინდუსტრიის ისეთ დონეზე აყვანა, სადაც ისინი თავდაცვისუნარიანობისთვის მთლიანად აღარ არიან დამოკიდებულნი გარე მხარდაჭერაზე.

კვლავ არის რამდენიმე რამ, რისთვისაც მათ გარე დახმარება სჭირდებათ, და [უკრაინის] პრეზიდენტი [ვოლოდიმირ] ზელენსკი საკმაოდ მკაფიოდ საუბრობს ამაზე. თუმცა, იმის დიდ უმრავლესობას, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიით აკეთებენ. ასე რომ, ეს უზარმაზარი ცვლილებაა.

დრონების შემდეგ რობოტები — როგორ იცვლება ომის ტექნოლოგიები უკრაინაში

მეორე ცვლილება არის მათ მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების შესაძლებლობა. უკრაინელებმა აშკარად აირჩიეს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ისინი უფრო დიდხანს გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთს, ვიდრე რუსეთი შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ამის თქმა მხოლოდ მოვლენების განვითარებისას შეგვეძლება. თუმცა, რუსეთი ჯარისკაცების კოლოსალურ რაოდენობას კარგავს. ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა თვეში იმაზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვა დაიწყო, ვიდრე მათ ბრძოლის ველზე ხელახლა გაგზავნა შეუძლიათ. ეს ცუდი მიმართულებაა რუსეთისთვის.

ღრმა დარტყმებმა, რომელთა განხორციელებაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეძლო, ნამდვილად დაიწყო სერიოზული ზიანის მიყენება რუსეთის შიგნით ენერგეტიკული სექტორისთვის. მაგრამ, ჩემი აზრით, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ფაქტორმა რუსი ხალხის ცნობიერებაში შეაღწია და ომი რუსეთს შინ მიუტანა.

გასაოცარი იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ რუსეთმა [დროებითი] ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა [უკრაინასთან], რათა წელს 9 მაისის გამარჯვების დღის ყოველწლიური აღლუმის ჩატარება შეძლებოდა. და შემდეგ, როდესაც აღლუმი ჩატარდა, ის მასშტაბებით საგრძნობლად შემცირებული იყო. ეს 100 პროცენტით იმის გამო მოხდა, რომ უკრაინამ განავითარა და აჩვენა რუსეთის სიღრმეში დარტყმის უნარი. ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ შეიცვალა. ამას ვხედავთ ამ კვირაში ყირიმშიც, იმ ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმებით, რომლებსაც უკრაინა ყირიმში ახორციელებს. უკრაინამ დაასტაბილურა სიტუაცია და სწრაფად გადადის უპირატესობის მოპოვების პოზიციაზე.

CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: პუტინს იმ ელიტების უნდა ეშინოდეს, რომლებსაც უკრაინის ომი აღარ სურთ

მეურმიშვილი: Independence Avenue Media-სთან საუბრისას ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა ამ ომის დასასრულის დასაწყისი იყოს. იზიარებთ ამ თვალსაზრისს?

კავოლი: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვხედავთ ომის დასასრულის დასაწყისს, უკრაინისთვის მისაღები პირობებით. იცით, ეს წარმოუდგენლად დამანგრეველი ომია. ის ძალიან დამანგრეველი იყო ორივე მხარისთვის. უკრაინამ განიცადა დიდი ადამიანური და მატერიალური ზიანი, ხოლო რუსეთის დანაკარგებმა [დაჭრილთა და დაღუპულთა სახით] მილიონს საგრძნობლად გადააჭარბა. ასე რომ, დიახ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი დასრულდება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ორივე მხარის სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიციების გამაგრება და იმის ნახვაა, თუ ვინ უფრო მეტხანს გაუძლებს მეორე მხარის მიერ მიყენებულ ტკივილს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, უკრაინელებმა დაიწყეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომის დასასრულს ვუახლოვდებით. ჩვენ ვლოცულობთ ამისთვის და ამის იმედი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ცოტა მეტ ხანს გასტანს.

მეურმიშვილი: როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი? ეს დიპლომატიური გადაწყვეტა იქნება თუ სამხედრო? როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

კავოლი: თითქმის ყველა ომი გარკვეული სახის შეთანხმებით სრულდება. ეს არ ჰგავს იმ ტიპის ომს, რომელიც რომელიმე მხარის უპირობო კაპიტულაციისკენ წავა. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი არ არიან ისეთი ერი, რომელიც აპირებს დანებებას, და მათ ასევე აჩვენეს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უძლურია უკრაინა იმდენად შეავიწროვოს, რომ მან კაპიტულაცია გამოაცხადოს. ანალოგიურად, უკრაინას არ აქვს რუსეთში შეჭრის განზრახვა, ამიტომ ის ვერ აიძულებს მას დანებებას.

ჩვენ ვერ ვიხილავთ ამ ომის მეორე მსოფლიო ომის სტილის დასასრულს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა შედეგი იქნება გარკვეული სახის შუამავლობით მიღწეული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სამხედრო ინსტრუმენტებმა კიდევ ცოტა ხანს უნდა იმოქმედონ. კიდევ იქნება ომი, სანამ მხარეები მზად იქნებიან დასასხდომად და საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად რაიმე სახის შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ, მე ნამდვილად ველოდები, რომ ბრძოლა საბოლოოდ დასრულდება დიპლომატიის გარკვეული ფორმით — იქნება ეს მესამე მხარის დიპლომატია თუ ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკება.

მეურმიშვილი: თქვენს ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლაში თქვით, რომ ამ ომის მასშტაბები წარმოუდგენელია. შეგიძლიათ გვითხრათ ამ მასშტაბების შესახებ?

კავოლი: რუსები თვეში 30,000-დან 35,000-მდე სამხედროს კარგავენ [დაღუპულთა და დაჭრილთა სახით]. ეს დღეში ათასი ადამიანია. ეს არის ერთ ქვეით ბატალიონზე მეტი. ეს არის თითქმის ორი ქვეითი ბატალიონი ყოველ დღე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული. ეს უკვე თავისთავად მიუთითებს მასშტაბზე.

ამასთან, როდესაც ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ ქალაქების განადგურების დონეს, რომლებიც აბსოლუტურად მიწასთან არის გასწორებული, ეს არის საბრძოლო მოქმედებების მასშტაბის ინდიკატორი. ბევრი ბომბია საჭირო იმისათვის, რომ მსგავსი რამ მოხდეს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მატერიალურ ხარჯებს, ორივე მხარის მიერ გასროლილი არტილერიის ჭურვების რაოდენობას, დაკარგული ტანკების რაოდენობას. რუსებმა 4,000-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი დაკარგეს. არსებობს განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც თავიანთ არსენალში მხოლოდ 150, 200 ან 300 ტანკი აქვთ. ასე რომ, კონფლიქტის მასშტაბები ნგრევის თვალსაზრისით გასაოცარია.

ეს ასევე დიდი კონფლიქტია გეოგრაფიულად. ფრონტის ხაზი ათას კილომეტრზე მეტს მოიცავს, ამიტომ მსგავსი ომის საწარმოებლად საჭირო ლოგისტიკის ტიპებიც მართლაც შთამბეჭდავია. და ეს საინტერესოა, ეს აქტუალურია ჩვენთვის, ვინც ბრძოლაში არ ვართ ჩართული, რადგან უმეტესობა ჩვენგანი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ომებს უფრო მცირე, ლოკალურ და დროში შეზღუდულ მოვლენებად მიიჩნევდა და ჩვენი ძალებიც შესაბამისად ავაგეთ. ეს არის გამომაფხიზლებელი ზარი, რათა შევქმნათ უფრო დიდი ძალები, საბრძოლო მასალის უფრო დიდი მარაგებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების რეზერვებით.

მეურმიშვილი: როგორ ხედავთ უკრაინას ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით? ჩვენ უკვე განვიხილეთ თუ როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი, რამაც უკრაინა მოლაპარაკებებში, პოტენციურად, უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენა. რა დაეხმარა უკრაინას ამაში?

კავოლი: დიახ, როდესაც 2022 და 2023 წლებში უკრაინის საარტილერიო მასალების მარაგების შემცირება დაიწყო — განსაკუთრებით 2023 წლის ზაფხულის განმავლობაში, ვფიქრობ, უკრაინელებისთვის აშკარა გახდა, რომ მათ ეს რამით უნდა ჩაენაცვლებინათ და ბრძოლის ველზე გამოჩნდა FPV დრონები.

ეს არ არის სუპერ მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ეს არ არის იგივე, რაც F-35 ან მსგავსი რამ. თუმცა, ის ხელმისაწვდომი იყო და ეს იყო რაღაც, რისი სწრაფად მოდიფიცირება და ინოვაციურად განვითარებაც შეიძლებოდა. და აი, მართლაც საოცარი, სპონტანური ტალღით, უკრაინულმა საზოგადოებამ დაიწყო სახელოსნოების შექმნა, რომლებიც მცირე დრონებს აწყობდნენ და ეს, საბოლოოდ, შემდგომი ინოვაციების საფუძველი გახდა.

ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ინჟინრები, რომლებიც მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე, სწრაფად სწავლობდნენ, თუ რა საპასუხო ზომებს (რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს) იყენებდნენ მათი აღჭურვილობის წინააღმდეგ და ქმნიდნენ საპასუხო ზომებს ინოვაციების ამ მზარდ ესკალაციაში, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს. ამგვარად, უკრაინამ შეძლო ქვემოდან ზემოთ აეშენებინა იარაღის სისტემების საკმაოდ ეფექტური, მაგრამ ძალიან დაბალბიუჯეტიანი ეკოსისტემა, რომლის გამოყენებაც რუსეთის წინააღმდეგ შეიძლებოდა.

ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი იარაღი, მაგრამ ძალიან ქმედითუნარიანია. და თქვენც არ გჭირდებათ მაინცდამაინც საუკეთესო მსოფლიოში – თქვენ გჭირდებათ იმაზე უკეთესი [იარაღი], რაც აქვს მტერს, რომელსაც ებრძვით. უკრაინამ ზუსტად ეს გააკეთა და ეს გაკვეთილი იყო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი და დახელოვნებული დრონების ინჟინრები ახლა უკრაინაში არიან.

დრონებით მოპოვებული უპირატესობა: როგორ ცვლის უკრაინა ძალთა ბალანსს

თუმცა, ეს მხოლოდ დრონებით არ შემოიფარგლება. უკრაინა ახლა აწარმოებს ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც მაღალეფექტურია. ის აწარმოებს მრავალფეროვან პროდუქციას და ამით უკრაინა ნამდვილად ხაზავს ომის მომავალს დანარჩენი ჩვენგანისთვის. გონივრული იქნება, თუ ყველანი ძალიან ყურადღებით შევისწავლით იმას, რასაც ისინი აკეთებენ და ამის მნიშვნელოვან ნაწილს გადმოვიღებთ.

მეურმიშვილი: როგორ აფასებთ რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს? სად ხედავთ რუსულ საფრთხეს როგორც ამ ომის დროს, ისე ამ ომის დასრულების შემდეგ?

კავოლი: როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, საჭიროა მისი ლიდერების სიტყვებს მოვუსმინოთ და ამოსავალ წერტილად მივიღოთ ის, რასაც ისინი პირდაპირ ამბობენ. ომის დროს, ვფიქრობ, ნატომ ძალიან წარმატებულად შეძლო ომის ლოკალიზება მხოლოდ ბრძოლის ველზე, სადაც ის მიმდინარეობს. გარკვეული შემთხვევითი „გადადინება” მოხდა, თუმცა ჰორიზონტალური ესკალაცია მნიშვნელოვნად არ განვითარებულა. ასევე არ ყოფილა მნიშვნელოვანი ვერტიკალური ესკალაცია. ჩვენ გვქონდა შეფარული ბირთვული მუქარები, მაგრამ რეალურად არაფერი გვინახავს. რუსეთის უნარი, რეალურად წამოიწყოს კონფლიქტები სხვაგან, ამჟამად შეზღუდულია.

ვფიქრობ, ომის განმავლობაში ჩვენ გვეძლევა გარკვეული დრო მოსამზადებლად. და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მომზადება, რადგან რუსეთმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ისინი აპირებენ იმაზე დიდი ძალების ხელახლა განლაგებას ნატოს საზღვრებთან, ვიდრე მანამდე ჰყავდათ. და მათ ექნებათ უნარი, აღადგინონ თავიანთი ძალები არც ისე დიდ დროში. ასე რომ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათ სამხედრო-საზღვაო ფლოტს, შავი ზღვის ფლოტის გარდა, დიდი ზიანი არ განუცდია. მათ ბირთვულ ძალებს საერთოდ არ განუცდია ზიანი. მათ სამხედრო-საჰაერო ძალებს კი მინიმალური ზიანი მიადგა.

ასე რომ, სახმელეთო ჯარების გარდა, რუსეთი კვლავ ფლობს ძალიან მნიშვნელოვან არსენალს. მათი სახმელეთო ჯარების აღდგენა კი არც ისე რთულია. რუსეთი არასოდეს ყოფილა დამოკიდებული უაღრესად მაღალი ხარისხის სახმელეთო ძალებზე. ის დამოკიდებული იყო სახმელეთო ძალების რაოდენობაზე. ხოლო წვევამდელთა არმიის ჩანაცვლებას, რომელსაც საშუალოდ ერთწლიანი გამოცდილება აქვს, ერთი წელი სჭირდება.

ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად აღდგება, ნატოს საზღვრებთან ხელახლა განლაგდება და ამას გააკეთებს ისეთი განწყობით, სადაც ისინი სრულიად დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ჩვენ მათი მტერი ვართ. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ პრობლემები მათთან და ამის გზა არის საკუთარი თავის პასუხისმგებლიანი გადაიარაღება და ჩვენი ძალების ისე განლაგება, რომ ხელი შევუშალოთ და შევაკავოთ მსგავსი ომის ოდესმე დაწყება.

მეურმიშვილი: როგორ ფიქრობთ, აცნობიერებს ნატო იმ საფრთხეს, რომელიც თქვენ ახლახან აღწერეთ? ელოდებით თუ არა, რომ 2026 წლის 7-8 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტი ამ საფრთხეების ნაწილს შეეხება?

კავოლი: აბსოლუტურად. მჯერა, რომ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ამ მომენტს და ნატოში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილება, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, აბსოლუტურად გასაოცარია. ეს დაიწყო ალიანსისთვის თავდაცვითი გეგმების ხელახალი წერით. ცივი ომის შემდეგ, 35 წლის განმავლობაში, ჩვენ არ მიგვაჩნდა ისინი საჭიროდ და არც გვქონდა. მას შემდეგ, რაც გეგმები დაიწერა, უკვე შესაძლებელი გახდა იმ ძალების აღწერა, რომლებიც საჭიროა ამ გეგმების შესასრულებლად. ასე რომ, საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ ნატოს თავდაცვის ხარჯებში „შესასყიდი პროდუქტების სია“. ახლა კი დადგა დრო ამ ძალების შესაქმნელად და დასაფინანსებლად. თუმცა, ამის კეთებისას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩვენს ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. ვფიქრობ, ეს იქნება ანკარის სამიტის მთავარი თემა: როგორ ავამოძრაოთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია? რა არის ჩვენი მიზნები და პროგრამები იმისათვის, რომ სწრაფად ავამუშავოთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, შეკავებისა და თავდაცვის გეგმების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?

მეურმიშვილი: როგორ შეაფასებდით, არიან თუ არა ევროპელები მზად, ამ მიმართულებით ძალისხმევა გაზარდონ?

კავოლი: ეს ყოველთვის დამოკიდებულია ქვეყანაზე. ევროპა არ არის ერთი ქვეყანა. ის მრავალი განსხვავებული ქვეყნისგან შედგება და, შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგიერთი მათგანი გადაწყვეტილებებს ძალიან, ძალიან სწრაფად იღებს. პოლონეთმა თავდაცვის ხარჯები იმაზე ბევრად მეტად გაზარდა, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით. ასევე ბალტიის სამმა ქვეყანამ — მათ აქვთ თავდაცვის ხარჯების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა. სხვა ქვეყნებში — გერმანიაში — ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ სამუშაოთი, რომელსაც ისინი აკეთებენ. სხვა ქვეყნებს კვლავ უმძიმთ ფინანსების მოძიება და თავიანთ ბიუჯეტებში იმ ფისკალური სივრცის გამოყოფა, რომელიც აუცილებელია გადაიარაღების ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა ისინი ეძებენ ამ გზებს და ამ ქვეყნებში იქნება პოლიტიკური დისკუსიები. მაგრამ მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დავინახავთ, რომ ნატო ძალიან პასუხისმგებლიანად და ძალიან სწრაფად გადაიარაღდება და მოემზადება უკრაინის ომის შემდგომ რუსეთისგან მომავალი მნიშვნელოვანი საფრთხის შესაკავებლად.

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

ასევე ნახეთ

Tom Williams/CQ-Roll Call/Sipa USA via Reuters Connect
ინტერვიუ

კავოლი: უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპირატესობას იძენს, მაგრამ რუსეთი ძალების სწრაფ აღდგენას შეძლებს

by ია მეურმიშვილი
0
ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი – Independence Avenue Media
ანალიზი

ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი

by სანდრო ჯუფალაკიანი
0
Баросс
რჩეული

ბაროსი: უკრაინამ ომში უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსეთი ადაპტირებას მოახერხებს

by კირილ სუხოტსკი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media