აშშ-ში სულ უფრო მცირდება იმედი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ამერიკელი ექსპერტის აზრით, დასავლეთმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შეკავებას, მათ შორის, ნატოს ევროპელი წევრების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე იმავე ტიპის საპასუხო ზომებს, რათა მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყება აიძულოს.
„თუ [რუსეთი] კიბერშეტევას განახორციელებს, მაგალითად, ბალტიის რომელიმე ქვეყნის სამინისტროზე ან გერმანულ ბანკზე, დილით მოსკოვის მეტრო უშუქოდ უნდა დარჩეს“, ამბობს პიტერ რაუ, არაკონვენციური ომის საკითხებში აშშ-ის არმიის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ყოფილი მრჩეველი, რომელიც ახლა ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრს ხელმძღვანელობს.
„უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ შეკავება, რადგან ვშიშობ, ევროპაში შეკავება აღარ მუშაობს“, ამბობს ის.
რაუს აზრით, ევროპაში რუსეთის შეკავების მარცხმა „საგანგებო ვითარება“ შექმნა, რაც რუსეთის მოკავშირეებსაც — ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას — უბიძგებს, საკუთარი ტერიტორიული ამბიციების განხორციელება, ფასის გადახდის შიშის გარეშე სცადონ.
რაუ, რომელიც პრეზიდენტ ჯორჯ უოკერ ბუშის სტრატეგიული ინიციატივების ოფისის დირექტორის მოადგილე იყო, მოსკოვთან ურთიერთობაში, თეთრი სახლის ბოლო დიპლომატიურ ძალისხმევას არ უგულებელყოფს. თუმცა, ის გვაფრთხილებს, რომ კრემლი „ზამთრამდე მოლაპარაკებებით რეალურად დაინტერესებული არ არის“, რადგან ზამთრის მკაცრი პირობები უკრაინას უფრო მოწყვლადს ხდის. „ომის დასასრულთან ახლოს ნამდვილად არ ვართ“, ამბობს რაუ.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 30 სექტემბერს, მანამდე, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის 9 ოქტომბერს რუსული დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას გამოაცხადებდა. ინტერვიუ რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: რუსეთი ამ დრომდე არ არის მზად, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნები შეარბილოს. რამ შეიძლება ეს შეცვალოს?
პიტერ რაუ, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის დირექტორი: რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე იბრძოლოს და უკრაინას თავს საკუთარი ნება მოახვიოს. ამ დრომდე, რუსები ომის მიზნებთან დაკავშირებით ძალიან მცირე მოქნილობას ავლენენ. მე ვიტყოდი, რომ თითქმის არანაირი მოქნილობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის თითქოს ბულდოგს ჰგავს, რომელმაც საკითხს კბილები ჩაავლო და გადაწყვეტილი აქვს, გამოსავლის საპოვნელად, ძალისხმევა არ შეწყვიტოს.
უკრაინელები, ისევე როგორც ევროპელები, ამ მიდგომას შეავსებდნენ არგუმენტით, რომ რუსეთს რეალურად მხოლოდ ზეწოლა აიძულებს, მშვიდობაზე დათანხმდეს. ეს ნიშნავს უკრაინის მომარაგებას, ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპა უზრუნველყოფს. ამ გზით უკრაინამ რუსეთს ისეთი ფინანსური ზიანი უნდა მიაყენოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, მოლაპარაკებებზე საკუთარი სამხედრო მიზნების სრულად მიღწევის გარეშე მივიდეს.
სუხოტსკი: მაგრამ, კონკრეტულად რა ბერკეტებს იყენებს ახლა თეთრი სახლი ამ ახალი დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში იმისთვის, რომ პუტინი ამაზე დაიყოლიოს?
რაუ: ვფიქრობ, ამის ნაწილი ისაა, რასაც უკრაინამ ბოლო თვეებსა და წლებში მიაღწია. საშუალო და შორ მანძილზე დარტყმების კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების“ კამპანიას უწოდებს, რუსეთის ნავთობქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
ზოგიერთი შეფასებით, ბრძოლის ველზე ახლა რუსეთის დანაკარგი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, თვეში 40 000-ს აჭარბებს. საინტერესოა ისიც, რომ, რამდენადაც ვიცი, ფაქტობრივად უპრეცედენტო ვითარებაა: რუსი ჯარისკაცების რიგებში ახლა დაღუპულთა რაოდენობა დაჭრილთა რაოდენობას აჭარბებს. ასეთი ტემპით, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის დარჩენილი ნაწილის დასაპყრობად, რაც პუტინის მიზანია, რუსეთს კიდევ ასობით ათასი დაღუპული და დაჭრილი ეყოლება.
სუვერენული კეთილდღეობის ფონდის რესურსები, რომლებსაც რუსეთი ეყრდნობა, ყოველ შემთხვევაში, მისი ლიკვიდური აქტივები, თანდათან იწურება. შიდა ბაზარზე ობლიგაციების აუქციონები სირთულეებს აწყდება.
ამასთან, შეზღუდულია მათი რაოდენობა, რომელთა ფრონტზე გაგზავნაც პუტინს შეუძლია.
ასე რომ, ახალი ჯარისკაცების მოზიდვის, მათ შორის, კონტრაქტით სამსახურში აყვანის ხარჯები და საყოველთაო მობილიზაციის არაპოპულარულობა რუსეთზე ზეწოლას ზრდის. ამას ემატება აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან მიღებული სანქციები და უკვე მოქმედი სხვა სანქციები. ამასთან, უკრაინა ამერიკულ სადაზვერვო დახმარებასაც იღებს, ევროპა კი მის მხარდაჭერაში დიდ წვლილს შეიტანს. რუსეთზე ამ ზეწოლამ და უკრაინის ყოვლისმომცველმა მხარდაჭერამ, საბოლოოდ, მოლაპარაკებებამდე უნდა მიგვიყვანოს.
სუხოტსკი: თუმცა პუტინს ახლა სწამს, რომ უკან არ იხევს და ცდილობს თავდაჯერება წარმოაჩინოს. დასავლურ და რუსულ პრესაში გავრცელებული ყველა გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მას სჯერა, რომ ამ ომის მოგება შეუძლია. რატომ არის ის ასე თავდაჯერებული?
რაუ: ამაში სრულიად გეთანხმებით. ჩემი აზრით, როგორც უკრაინელებს, ისე რუსებს აქვთ წარმოდგენა, თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ. ორივე მხარე ფიქრობს, რომ მოქმედების შესაძლებლობები ჯერ კიდევ აქვს და არც ერთი არ არის მზად, მეორეს დაუთმოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მიაღწიოს იმას, რასაც ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია. მაშინ, როცა უკრაინა მზად არის, ომი შეხების ხაზზე შეწყდეს. ამ ორ პოზიციას შორის კომპრომისის სივრცე არც ისე დიდია. მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევა რთული იქნება.
ჩემი აზრით, ომის დასასრულთან ახლოს ნამდვილად არ ვართ. არ მგონია, რუსები ზამთრამდე მოლაპარაკებებით რეალურად იყვნენ დაინტერესებული. ამას უკრაინელებიც იტყოდნენ. რუსებს სურთ ზამთარში უკრაინის გამძლეობა გამოსცადონ, ამიტომ რაიმე წინსვლის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
რუსები საკუთარ თავს უკრაინაზე უფრო დიდ და ძლიერ ძალად მიიჩნევენ. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ თუ უკრაინის იზოლირებას და მასთან ერთი-ერთზე დარჩენას შეძლებენ, მას თანდათან გამოფიტავენ და საბოლოოდ თავს საკუთარ ნებას მოახვევენ. ამისთვის კი საჭიროა ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა აიძულონ.
რუსეთის ბოლო პერიოდის მრავალ მუქარასა და ძალის დემონსტრირებას, მათ შორის, „რუხი ზონის“ თავდასხმებს, ვხედავ, როგორც ევროპელების ჩამოშორების მცდელობას, რათა მოსკოვი კიევთან ერთი-ერთზე დარჩეს.
სუხოტსკი: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ჰიბრიდული მოქმედებები და „რუხი ზონის“ თავდასხმები?
რაუ: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები იმ ზღვარს გასცდება, რომლის მიღმაც იწყება ის, რასაც ტრადიციულად კონვენციურ ომს ვუწოდებთ: ტანკებით საზღვრების გადაკვეთა და სამხედრო ნაწილების შეჭრა, მაგალითად, ესტონეთში, ლატვიაში ან ლიეტუვაში, რომლებზეც ხშირად საუბრობენ.
თუმცა ვფიქრობ, რომ „რუხ ზონაში“ ასეთი მოქმედებები, მათ შორის, დივერსიები, საჰაერო სივრცის დარღვევა, კიბეროპერაციები, საინფორმაციო ოპერაციები და მკვლელობები, ზოგჯერ დღისით-მზისითაც კი, მატულობს. ამ ქმედებების ასეთი რაოდენობა და მასშტაბი ახალი მოვლენაა.
მაგალითად, გავიხსენოთ შეიარაღებული დრონი, რომელიც რუსეთმა გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში განათავსა. მისი აფეთქების შემთხვევაში, შესაძლოა, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გახვეულიყო. ეს უაღრესად სარისკო და სერიოზული რუსული ოპერაციებია. მოვლენების არასასურველი განვითარება შესაძლოა ისეთი ვითარებით დასრულდეს, როცა ნატოს მე-4 მუხლის, შესაძლოა მე-5 მუხლის გამოყენებაც კი გახდეს საჭირო, [რაც საპასუხო მოქმედებებზე კონსულტაციებსა და კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს]. ვფიქრობ, რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს ასეთ ქცევას, ვიდრე დასავლეთი საპასუხო ზომებისთვის მზად არ იქნება და ვიდრე [ასეთი თავდასხმების] ფასი შედარებით დაბალი დარჩება. თუმცა, [რუსეთი] სრულმასშტაბიანი კონვენციური ოპერაციის ზღვარს არ გადალახავს.
დავამატებ, რომ ახლახან რიგაში ვიყავი. იმ ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც იქ ვესაუბრე, რუსეთის ტერიტორიაზე, მათი ქვეყნების მოპირდაპირედ მდებარე ბაზები, უმეტესად, მხოლოდ მინიმალური შემადგენლობით ფუნქციონირებს, რადგან იქიდან ძალიან ბევრი რესურსია გაყვანილი. ამას ლიეტუველები და ესტონელები საჯაროდაც ამბობენ. ახლად წარმოებული შეიარაღება, ძირითადად, უკრაინაში ომს ხმარდება და არა ბალტიის ქვეყნების მოპირდაპირედ განლაგებულ პოზიციებს.
შესაბამისად, გაფრთხილება ასეთია: სერიოზულად მიუდექით [რუსეთისგან მომდინარე] ამ [პოტენციურ საფრთხეს], მზად იყავით მოქმედებისთვის, მაგრამ ნუ დაუშვებთ, რომ ამ ზეწოლამ უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა გაიძულოთ.
სუხოტსკი: თქვენი აზრით, დასავლეთი და ნატო, ევროპა და შეერთებული შტატები მზად იქნებოდნენ, რუსეთს სრულმასშტაბიანი პასუხი გასცენ, თუ ის მართლაც გადაწყვეტს ვითარების გამწვავებას?
რაუ: ჰიპოთეტური სცენარების შეფასება ძალიან რთულია. მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნებისმიერ უკანდახევას, იმედი მაქვს მთელ მსოფლიოში ჩვენი პოზიციების შესუსტებად აღვიქვამდით. ამერიკის სანდოობის შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდებოდა, რასაც მსოფლიოში ჩვენი პოზიციებისთვის ფართო შედეგები ექნებოდა. იმედი მაქვს, ევროპელ მოკავშირეებთან და ნატოსთან ერთად პასუხის შესაბამის გზას გამოვნახავდით.
თუმცა, ჩემს აზრს დავუბრუნდები: ჰიბრიდული თავდასხმების სფეროში, ავიღოთ რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოცდა, როცა იქ „გერბერას“ ტიპის დრონები გაგზავნეს. ეს პენოპლასტისა და ხისგან დამზადებული დრონებია, რომელთა შეძენასაც ორივე შევძლებდით — მათი ფასი სულ რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.
ამის შემდეგ ნატომ ადრეული გაფრთხილებისა და მართვის იტალიური თვითმფრინავები (AWACS) სასწრაფოდ აფრინა, თანამედროვე გამანადგურებლებმა კი ამ დრონების ჩამოსაგდებად მილიონდოლარიანი რაკეტები გაუშვეს. თავდაცვის ეკონომიკის თვალსაზრისით, ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია. იძულებული ვართ, შევქმნათ „აღმოსავლეთის გუშაგი“, ნატოს მისია [აღმოსავლეთით მდებარე წევრი ქვეყნების დასაცავად], ბალტიის ზღვაში კი „ბალტიის გუშაგი“, რათა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჟანგიანი ღუზების თრევას ვუპასუხოთ.
ჩემი აზრით, გარკვეულ ეტაპზე დასავლეთმა სერიოზულ საპასუხო ზომებზე უნდა იფიქროს — თუ კიბერშეტევა განხორციელდება, მაგალითად, ბალტიის რომელიმე ქვეყნის სამინისტროზე ან გერმანულ ბანკზე, დილით მოსკოვის მეტრო უშუქოდ უნდა დარჩეს. ან თუ [ნატოს] საჰაერო სივრცე დაირღვევა, უკრაინელებს ფრთოსანი რაკეტა უნდა გადაეცეთ, ან დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინული სპეციალური დანიშნულების ძალების საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში გადასროლას, სადაც მათ უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს ისეთ [რუსულ] ძალებს, როგორიც „ვაგნერის“ დაჯგუფებაა.
უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ შეკავება, რადგან ვშიშობ, ევროპაში შეკავება აღარ მუშაობს.
სუხოტსკი: მზად იქნებოდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რუსეთის მიმართ ასეთი სიმტკიცე გამოეჩინა? აქამდე, კრემლის მხრიდან შემდგომი ესკალაციის შიშით, მიდგომა, ალბათ, უფრო პუტინთან მაამებელი საუბრით მისი მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა და მასთან დაპირისპირების თავიდან აცილება იყო. თქვენი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი უფრო მკაცრ პასუხს დათანხმდებოდა?
რაუ: ამაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ზოგი, ძირითადად, პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტები იტყოდნენ, რომ ის პირადად არის მოხიბლული პრეზიდენტ პუტინით, რომ ამაში ერთგვარი პატივმოყვარეობა, ნარცისიზმი და პიროვნული კავშირი იკვეთება. სწორედ ამით ხსნიან იმას, თუ რატომ ელაპარაკებოდა ის რუსებს, როგორც თქვენ თქვით, მაამებელი სიტყვებით.
სხვა შეხედულების თანახმად, რუსეთს მსოფლიოსა და ევროპის საკვანძო რეგიონებში ძლიერი პოზიციები აქვს. ტრამპმა იცის, რომ პუტინთან ურთიერთობა უწევს, რადგან რუსეთს ბრძოლის ველზე სრულად ვერ ამარცხებს, ან არ სურს, მის დასამარცხებლად აუცილებელ ესკალაციის დონეებამდე ავიდეს. ამიტომ ცდილობს, გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს ადამიანთან, რომელიც დიდ ბირთვულ არსენალს განკარგავს, რათა ამ საკითხებიდან ზოგიერთზე მუშაობა შეძლოს.
ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებსა და აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას შემიძლია დავეყრდნო. როცა ამერიკელ ოფიციალურ პირებს ამაზე დაჟინებით ეკითხებიან, ისინი ამბობენ, რომ საჭიროა ტვირთის უფრო მეტად განაწილება. შესაძლოა, ამ ტვირთის სხვებისთვის გადაბარებაც გახდეს საჭირო. თუმცა ჩვენ მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული ვრჩებით. იმედი მაქვს და ველი, რომ კრიზისის დროს აშშ-ის მთავრობა სწორედ ასე იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ასეთივე მოლოდინი და რწმენა აქვთ კონგრესის ბევრ მაღალი რანგის წარმომადგენელსაც.
სუხოტსკი: გაგიკვირდათ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, მაიამიში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე [2026 წლის 14-15 დეკემბერს] ვლადიმირ პუტინი მიეწვია?
რაუ: არ ვიცი, იყო თუ არა ეს გასაკვირი. საგარეო ურთიერთობებში დიდად არაფერი მაკვირვებს. ვნახეთ, მაგალითად, რუსეთის მონაწილეობა [დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში] ეშვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში [2026 წლის აგვისტოში]. გამამხნევებელი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ აუხსნა [აშშ-ის ხაზინის] მდივანმა [სკოტ] ბესენტმა თავის რუს კოლეგას [ანტონ სილუანოვს], რომ ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება, ვიდრე ამ ღია ჭრილობად ქცეულ ომს ბოლო არ მოეღება. ასეთ ფორმატებში რუსებისთვის გზავნილის გადაცემა შესაძლებელია.
დარწმუნებული არ ვარ, რომ მე პრეზიდენტ პუტინს ამერიკის ტერიტორიაზე დიდი ოცეულის შეხვედრაზე მოვიწვევდი. საბოლოოდ, ასეთ ფორმატებში თანამშრომლობის ახალ გზებს ეძებთ. ეს მხოლოდ დაპირისპირების რისკის შემცირების ფორმატი არ არის, მაგალითად, კრიზისულ ვითარებებში ცხელი ხაზების [შესაქმნელად], ბირთვული მუქარით გამოწვეული დაძაბულობის შესამცირებლად ან სხვა საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებას შეუწყობდა ხელს. თუმცა ასეთი რაუნდის დაწყება ამ ეტაპზე საერთოდ არ ჩანს.
მაგრამ, პრეზიდენტმა ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დასავლეთი ამას გაუძლებს. დიდ ოცეულში ჩინელებიც მონაწილეობენ. დიდი ოცეული ისეთი ფორმატია, რომელშიც კოლეგებთან გარკვეული უთანხმოებების მოგვარება ან მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა მაინც შეიძლება. დღეს მრავალმხრივი თანამშრომლობის მთავარი ცენტრი, ასე თუ ისე, უფრო დიდი შვიდეულია, სადაც რუსეთი წარმოდგენილი არ არის.
სუხოტსკი: გასულ წელს, პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წერდით, რომ ევროპა მზად უნდა ყოფილიყო აშშ-ის მიერ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ახლა, ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, შეიცვალა რამე? ფიქრობთ, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა? თუ ასეა, როგორი იქნება ეს? თუ ეს შესაძლებლობა უკვე გამოირიცხა?
რაუ: სრული გადატვირთვის წარმოდგენა რთულია, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება. პრეზიდენტმა ამაზე საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა, ისევე როგორც მისი მთავრობის სხვა ოფიციალურმა პირებმა. ასე რომ, სრული ნორმალიზება, თუ გადატვირთვაში ამას ვგულისხმობთ, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ომი გრძელდება.
უკრაინიდან ყოველდღე ვხედავთ კადრებს, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს შეაძრწუნებს და თანაგრძნობას აღუძრავს. ეს არის დარტყმების სამიზნედ ქცეული სამშობიაროები, საავადმყოფოები, საცხოვრებელი კორპუსები. სამოქალაქო ობიექტები რეგულარულად ექცევა ძლიერი დარტყმების ქვეშ. თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზით, ურთიერთობების ასეთი გადატვირთვის წარმოდგენა რთულია.
ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკელები რუსებთან თანამშრომლობის გზებს ცალკეულ საკითხებზე არ მოძებნიან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა არ გვინახავს.
მიუხედავად ამისა, კვლავაც ვეთანხმები და ვამბობ, რომ ევროპა უნდა მოემზადოს უსაფრთხოების იმ რეალობისთვის, რომელიც ევროპაში უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დადგება. უკრაინამ თავისი სიმტკიცით, შეუპოვრობით, ბრძოლისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნით ევროპისთვის დიდი დრო მოიგო, რათა ის ხელახლა შეიარაღდეს, მოემზადოს, გეგმების ახალი პაკეტი დაამტკიცოს, ნატოს ძალების მოდელი გაიაზროს, პასუხისმგებლობები გაანაწილოს და თავდაცვის მრეწველობაში ახალი საწარმოო ხაზები აამოქმედოს. ეს ყველაფერი სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს.
სუხოტსკი: რამდენად შეიძლება იმოქმედოს აშშ-ის შიდა პოლიტიკამ და შიდაპოლიტიკურმა დღის წესრიგმა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე? მაგალითად, შუალედური არჩევნების [პერიოდში]?
რაუ: ძალიან კარგი კითხვაა. პასუხის გაცემა რთულია, რადგან ჩვენს სისტემაში, კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით [რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება], საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილებები, ძირითადად, მთავარსარდალს, ანუ პრეზიდენტს ეკუთვნის. პირველი მუხლი კი, რომელიც კონგრესის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, საკანონმდებლო ძალაუფლებას ჩვენს პარლამენტს, ჩვენს კონგრესს ანიჭებს.
თუ რესპუბლიკელები კონგრესის ერთ ან ორივე პალატაზე კონტროლს დაკარგავენ, რასაც ზოგი ვარაუდობს, პრეზიდენტს რეფორმების დღის წესრიგის კანონმდებლობით გატარება გაუჭირდება. თუმცა, თავისი წინამორბედების მსგავსად, შესაძლოა მანაც მეტი ყურადღება საგარეო ურთიერთობებზე გადაიტანოს, რადგან ამ სფეროში კონგრესი მის მოქმედებას დიდწილად არ ზღუდავს. ასე რომ, პარადოქსულად, შუალედური არჩევნების შედეგად პრეზიდენტის დასუსტებამ შესაძლოა ის საგარეო პოლიტიკაში გააძლიეროს.
თუმცა, ამის თქმა რთულია. იმ დროისთვის, სულ მცირე, ფონად მაინც, საპრეზიდენტო რბოლაც დაწყებული იქნება, რასაც ასევე მნიშვნელობა ექნება. თუ დემოკრატები დაფინანსების ბერკეტებს გააკონტროლებენ, რომლებიც კონგრესის ხელშია, სხვა საკითხებთან ერთად, დაფინანსებაზეც საკუთარი სიტყვის თქმას მოისურვებენ.
თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოპოვებას შეძლებენ, ველი, რომ შიდა რეფორმების დღის წესრიგი, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შემცირდება ან საერთოდ გაქრება. დებატები მხოლოდ ბიუჯეტს შეეხება. ამ საკითხში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის განსხვავებები არსებობს, მაგალითად, სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით. საგარეოპოლიტიკური ინიციატივების მხრივ კი პრეზიდენტი ტრამპი საკუთარ კურსს გააგრძელებს.
სუხოტსკი: რუსეთისა და უკრაინის გარდა, ასეთი საკითხი საკმაოდ ბევრია. არის ირანი და არის ჩინეთი. როგორ [შეიძლება] იმოქმედოს აშშ-ის ამ გეოპოლიტიკურმა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებმა, უკრაინისა და რუსეთის მიმართ მის პოლიტიკაზე, მაგალითად, მომდევნო წელს?
რაუ: უპირველესად, მტკიცედ მწამს, რომ არსებობს ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ღერძი, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ამერიკის მიერ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის დასამხობად მოქმედებს. ჩვენ უკიდურესად მძიმე, საგანგებო ვითარებაში ვართ.
ირანში, ახლო აღმოსავლეთში, შეკავებამ ვერ იმუშავა. ევროპაში ომია, ასე რომ, შეკავება იქაც ჩავარდა. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მყიფე მშვიდობაა, განსაკუთრებით, ტაივანის სრუტეში, სადაც ჩინური გამანადგურებლები გამყოფ შუა ხაზს კვეთენ და ტაივანის მზადყოფნას ამოწმებენ და ცდიან.
ამიტომ, უპირველესად, ვფიქრობ, საფრთხეების სურათი საკმაოდ მძიმეა. ამ სხვადასხვა აქტორს შორის, სულ მცირე, ინტერესების თანხვედრა, ზოგჯერ კი პირდაპირი თანამშრომლობაც არსებობს.
აშშ-ისთვის ამას შედეგები აქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რესურსები სხვადასხვა მიმართულებაზე ნაწილდება და საკმარისი აღარ არის. უკრაინის ცაში გაშვებული Patriot-ის PAC-3 ტიპის ყოველი გზაგადამჭრელი რაკეტა ერთით ნაკლებ რაკეტას ტოვებს წყნარ ოკეანეში ჩვენი ძალების მეთაურის, ადმირალ სემუელ პაპაროს რეზერვში, რომელიც ჩინეთის ტაივანზე თავდასხმისგან შეკავებას ემსახურება. იგივე ეხება სხვა დახარჯულ საბრძოლო მასალასაც. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ გაშვებული ყოველი Tomahawk-ი ერთით ნაკლები Tomahawk-ია, რომლის მიყიდვაც, მაგალითად, გერმანიისთვის შეგვიძლია. გერმანია კი Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებს უკვეთავს, რათა ევროპაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს დაუპირისპირდეს. ეს ამერიკას საბრძოლო მასალისა და თავდაცვის მრეწველობის შესაძლებლობების მხრივ რესურსების დეფიციტს უქმნის.
მეორე მხრივ, შეკავება პოლიტიკური ნებისა და შესაძლებლობების საკითხია. რაც უფრო მკაფიოდ აჩვენებენ ამერიკელები, რომ მათ ადვილად ვერ გატეხავ, რომ მზად არიან, ევროპაში რუსებს დაუპირისპირდნენ და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით უკრაინას დაეხმარონ, მით მეტად შეიძლება შეიცვალოს სი ძინპინის წარმოდგენა ამერიკის უნარზე, ხანგრძლივად შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები წყნარ ოკეანეში. მით მეტად შეიძლება შეაშფოთოს ამერიკის სამხედრო ძალამ ირანში აიათოლებიც, რამდენადაც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
ვფიქრობ, პოლიტიკურ ნებასაც აქვს მნიშვნელობა. აუცილებელია სიმტკიცე და ძალა ვაჩვენოთ, თუნდაც იმისთვის, რომ ეჭვი გაუჩნდეთ მათ, ვისაც წესრიგის დამხობა სურს, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეელებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ან ჩინელებს, უფრო ფართოდ, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.
სუხოტსკი: ახსენეთ, რომ ევროპამ უნდა იფიქროს ომის შემდგომ მომავალზე, იმაზე, თუ როგორი იქნება ის და როგორი იქნება ურთიერთობები [უკრაინასთან, რუსეთთან და აშშ-სთან]. როგორი იქნება ომის შემდგომი რუსეთი და რა გამოწვევები იარსებებს იქ?
რაუ: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. მაშფოთებს ის, რომ პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური გამოწვევა, რამდენადაც დღეს ასეთი საერთოდ არსებობს, არ მოდის სანქტ-პეტერბურგის ლიბერალური ხელოვანების წრიდან ან წარსული საუკუნეების ბრწყინვალე რუსული ლიტერატურისა და პოეტების ტრადიციიდან. ის მოდის ომის მომხრე, შეურიგებელი მემარჯვენე ძალებისგან. არ მინდა, ფაშისტური მემარჯვენეობა ვუწოდო, მაგრამ ეს არის მებრძოლი ნაციონალისტური მემარჯვენეობა, რომელიც ამბობს, რომ ომი სწორია, თუმცა ვლადიმირ პუტინი მას მეტისმეტად სუსტად და რბილად აწარმოებს.
როგორც უნდა დასრულდეს ეს ომი, დარწმუნებული ვარ, რომ [„ვაგნერის“ დაჯგუფების გარდაცვლილი ხელმძღვანელის] ევგენი პრიგოჟინის შემთხვევის მიუხედავად, მოსკოვზე ლაშქრობას არ ვიხილავთ. უკრაინელების მიზანი საკუთარი ქვეყნის გათავისუფლებაა. მათი მაქსიმალური მიზანიც კი უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში გათავისუფლებაა და არა მოსკოვისკენ სვლა. ნატო კი თავდაცვითი ალიანსია. ისიც არ დაიძრება მოსკოვისკენ.
ვშიშობ, რომ შეიძლება მივიღოთ ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდის გერმანიის მსგავსი ვითარება: რუსეთი, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს, წყენითა და ბოღმით იქნება მოცული. ომის ვეტერანები შინ დაბრუნდებიან და იტყვიან, რომ ზურგში დანა ჩაარტყეს და ომი არაპროფესიონალურად წარიმართა. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდება სახიფათო პოლიტიკური ნაზავი, რომელიც დასავლეთის მიმართ მტრულად და ბოღმით იქნება განწყობილი და დაძაბულობას მხოლოდ გაამწვავებს.
ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ზომიერი ფიგურაა, ეს ძალები კი უკიდურესი მემარჯვენეები არიან. ვფიქრობ, საკითხის ასე ორად დაყოფა მცდარია. ზოგჯერ ამ წარმოდგენას პრორუსული პოზიციების დამცველებიც ავრცელებენ. თუმცა ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში რუსეთის პოლიტიკა სახიფათო მიმართულებით შეიცვლება.
სუხოტსკი: მაგრამ ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდის გერმანიამ კიდევ უფრო დიდ ომამდე მიგვიყვანა. შეგვიძლია თუ არა ამის შედარება დღევანდელ რუსეთთან, სადაც, პუტინი რომც აღარ იყოს, შინ დაბრუნებული ვეტერანები, როგორც ამბობთ, შესაძლოა იმედგაცრუებულები აღმოჩნდნენ? შეიძლება, რომ პუტინის გარეშეც კი რუსეთი ევროპასთან უფრო ფართომასშტაბიანი ომისკენ მეტად იყოს მიდრეკილი, ვიდრე პუტინის მმართველობის დროს?
რაუ: შესაძლოა. თუმცა, კიდევ ერთხელ, ორ მსოფლიო ომს შორის ევროპა განიარაღდა, დღევანდელი ევროპა კი ხელახალი შეიარაღების პროცესშია. საბოლოოდ, ისეთ ფიგურებს, როგორიც ვლადიმირ პუტინია ან ვინც მას შეცვლის, აკავებს არა დამამშვიდებელი სიტყვები ან ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, არამედ სამხედრო აღჭურვილობის რეალური არსებობა. სამხედრო შესაძლებლობების რეალური არსებობა.
ამგვარად, უკრაინა ევროპისთვის დროს იგებს. თუ ევროპა ხელახლა შეიარაღებას შეძლებს, მაშინაც კი, თუ რუსეთში მოვლენები უარყოფითი მიმართულებით განვითარდება და ეს პროგნოზი გამართლდება, რუსეთის შეკავების შესაძლებლობა მაინც გვექნება. ამ გზით მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება ტრანსატლანტიკური ეკონომიკა და ტრანსატლანტიკური მშვიდობა, რომელიც ცივ ომში გამარჯვებით მოვიპოვეთ.
სუხოტსკი: ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ კომენტარში წერდით, რომ რუსეთი, რეალურად, ის ქვეყანაა, რომლის ძალა და გავლენაც მცირდება. ამ წყენასა და შინ დაბრუნებულ ვეტერანებთან ერთად, ესეც ხომ არ ქმნის ეს დენთის კასრს? როგორ უნდა ვმართოთ ეს საფრთხე? რადგან თუ ეს დენთის კასრი აფეთქდება, ნამსხვრევები ჩვენკენ წამოვა.
რაუ: ვფიქრობ, რუსეთი თავის პერიფერიაზე ნამდვილად სუსტდება. მის ეკონომიკურ პრობლემებზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ, წმინდა გეოგრაფიულად თუ შევხედავთ და უკიდურესი ჩრდილოეთიდან დავიწყებთ, ფინეთი და შვედეთი ნატოში არიან. ვფიქრობ, ბელარუსი ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშ უფრო მეტადაა მოქცეული, ვიდრე ოდესმე, თუმცა მოსკოვს ამის შესაძლებლობა მას შემდეგ ჰქონდა, რაც რუსეთი [ბელარუსის] 2020 წლის არჩევნების დროს და შემდგომ მოვლენებში ჩაერია. უკრაინა, რა თქმა უნდა, პრობლემაა რუსეთისთვის, რომელიც შავ ზღვაშიც დასუსტებულია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევაში ამერიკელები შუამავლობენ. ეს ერთგვარად გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კავკასიას რუსეთი ტრადიციულად საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს. ყაზახეთი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. რუსეთის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ნატოს გაცილებით სუსტი კონკურენტია, დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რუსეთ-ჩინეთის ძალთა ბალანსიც რუსეთის სასარგებლოდ არ იცვლება. ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთმა ურთიერთობები, ალბათ, მკვეთრად გააუმჯობესა, ჩრდილოეთი კორეაა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადში საკუთარი მდგომარეობა მართლაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
ვფიქრობ, რუსეთი მთელი თავისი პერიფერიის გასწვრივ დასუსტებულია. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მას გაუჭირდება, სანამ მთელი მისი მომავალი უკრაინაზე დადებულ ფსონზე იქნება დამყარებული.
ჩემი აზრით, პირველ რიგში, შეკავების სისტემები უნდა შევქმნათ. უნდა ჩამოვაყალიბოთ ტრანსატლანტიკური ეკონომიკური სივრცე, ამ სივრცეში უპირატესობა ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს მივანიჭოთ, მოწინააღმდეგეები კი არახელსაყრელ პირობებში ჩავაყენოთ. შემდეგ კი მოვლენებს თავის გზაზე განვითარების საშუალება მივცეთ.
რუსეთის საკუთარი ბედისწერისგან გადარჩენის იდეას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ზოგჯერ დაშოშმინების პოლიტიკამდე ან სისუსტემდე მივყავართ, რაც რუსეთს მხოლოდ ძალას მატებს. ამ ძალას კი ის შემდეგ აუცილებლად თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს.
რუსეთთან ურთიერთობების მართვა და გარკვეული ფორმით პოლიტიკური დიალოგი სრულიად მართებულია. თუმცა იმ დიდი ენთუზიაზმის დაბრუნება, რომელიც ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს ახლდა, და რუსეთის ინტეგრირების მცდელობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე ვრცელდება, ჩემი აზრით, უგუნურებაა და ფუჭი გარჯა.



