30 სექტემბერს აშშ-მა ერაყში თავისი ბოლო სამხედრო მისია დაასრულა. ორი კვირის შემდეგ ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერად დანიშნა ლაით ალ-ხაზალი, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც აშშ-ის სანქცირებულ პირთა სიაშია. ამავდროულად, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებისგან დამოუკიდებლად მოქმედებას განაგრძობენ.
„ეჭვგარეშეა, რომ ერაყიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა ქვეყანაში ირანის გავლენას გაზრდის“, ამბობს პიტერ მანსური, აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ოჰაიოს უნივერსიტეტის სამხედრო ისტორიის პროფესორი. თუმცა, მისი თქმით, ამერიკული ძალების მცირერიცხოვანი კონტინგენტი ირანის გავლენას მანამდეც ვერ აკავებდა.
ოპერაცია „Inherent Resolve“, რომელიც 2014 წელს ერაყსა და სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად დაიწყო, დარჩენილი 1 500 სამხედროს ქვეყნიდან გასვლით დასრულდა. „სახალხო მობილიზაციის ძალების“, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების გაერთიანების განიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულება 2027 წლამდე გადაიდო, თუმცა მანსური მის განხორციელებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
„ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ირანს ეს არ სურს“, ამბობს ის. „ირანი ერაყის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილს ყიდულობს და სურს, ერაყში საკუთარი დამოუკიდებელი ძალები ჰყავდეს, რომლებიც ქვეყნის კონტროლსა და ირანის მხარეს მის შენარჩუნებაში დაეხმარებიან“.
მიუხედავად ამისა, მანსურის თქმით, ვაშინგტონმა ბაღდადთან მეგობრული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს და, ამავე დროს, ერაყის მთავრობას უბიძგოს, განაიარაღოს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები და ძალის გამოყენებაზე კონტროლი დაიბრუნოს.
მანსური ერაყში ბრიგადის მეთაურად მსახურობდა, მოგვიანებით კი, 2007-2008 წლებში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის პერიოდში, გენერალ დევიდ პეტრეუსის აღმასრულებელი ოფიცერი იყო.
ირანში მიმდინარე ომზე საუბრისას მანსური ამბობს, რომ ერაყის ომის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ომი საერთოდ არ უნდა დაიწყო. მისი თქმით, აშშ-მა თეირანის კონვენციური შეიარაღებული ძალები დაასუსტა, თუმცა ვერ აიძულა, კონფლიქტის დასრულებას დათანხმებოდა.
მანსური ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ დაბომბვის განახლება ან ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება კონფლიქტს დაასრულებს. მისი აზრით, ამის ყველაზე სავარაუდო გზა თეირანში რეჟიმის შეცვლაა, თუმცა ღიად რჩება კითხვა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს.
თეირანისადმი რუსეთის მხარდაჭერას ის უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერასაც უკავშირებს. „ეს, ფაქტობრივად, მოსკოვის მხრიდან იმავეთი პასუხის გაცემაა“, ამბობს მანსური. მისი აზრით, მცირე შანსია, რომ ჩინეთმა თეირანზე საკმარისი ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა დასძენს, რომ პეკინი ამჟამად მოქმედებისკენ დიდ ზეწოლას არ გრძნობს.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 19 ოქტომბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: ამერიკელი სამხედროების ერაყიდან გასვლიდან სულ რამდენიმე კვირაში პარლამენტმა ვიცე-პრემიერად დანიშნა აშშ-ის მიერ სანქცირებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი. რას გვეუბნება ეს ერაყის მომავალზე? იზრდება თუ არა იქ ირანის გავლენა?
პიტერ მანსური, აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი: ეჭვგარეშეა, რომ ერაყიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა ქვეყანაში ირანის გავლენას გაზრდის. თუმცა გაურკვეველია, რამდენად მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ირანი ამ მოვლენით, რადგან ქვეყანაში ისედაც ძალიან ცოტა ამერიკელი სამხედრო რჩებოდა. ერაყის მთავრობას აშშ-თან კარგი ურთიერთობა სურს, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.
მას ასევე სურს, ქვეყანაში ძალის გამოყენებაზე მონოპოლია ჰქონდეს, რაშიც ხელს „სახალხო მობილიზაციის ძალები“, ირანზე დამოკიდებული შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებები უშლიან. მომდევნო თვეებსა და წლებში გამოჩნდება, როგორ განვითარდება ეს პროცესი.
შარაშენიძე: შეუძლია ერაყს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე დარჩენილ საფრთხეებს? როგორი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს აშშ-მა ერაყთან, რეგიონში ამერიკული ინტერესების დასაცავად?
მანსური: ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა „სახალხო მობილიზაციის ძალების“ დაგეგმილ განიარაღებას უკავშირდებოდა. ეს არ შეეხებოდა იმ დანაყოფებს, რომლებსაც ერაყის უსაფრთხოების ძალებში, პოლიციასა და არმიაში, ჩართავდნენ და ქვეყნის ოფიციალური შეიარაღებული ძალების ნაწილად აქცევდნენ. ეს არ მომხდარა. არც მგონია, რომ მოხდება, რადგან ირანს ეს არ სურს.
ირანი ერაყის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაწილს ყიდულობს და სურს, იქ საკუთარი დამოუკიდებელი ძალები ჰყავდეს, რომლებიც ქვეყნის კონტროლსა და ირანის მხარეს მის შენარჩუნებაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს აშშ-ს ერაყთან მომავალში, ეს ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს. ეკონომიკური კავშირები აუცილებლად უნდა გვქონდეს. აშშ-მა ერაყზე ხელი არ უნდა ჩაიქნიოს. ერაყში ბევრი ადამიანია, ვისაც აშშ-თან კარგი ურთიერთობა სურს და სულაც არ სურს მეზობელი ქვეყნის პროვინციად იქცეს. ასე რომ, ესეც ის საკითხია, რომლის განვითარებასაც მომავალში ვიხილავთ.
აშშ-მა ერაყის მთავრობას უნდა უბიძგოს შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებისა და ქვეყანაში ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის დაბრუნებისკენ.
შარაშენიძე: პოლკოვნიკო, როცა ერაყში მსახურობდით, როგორ წარმოგედგინათ ამ ომის დასასრული? როგორი შედეგი წარმოგედინათ და რამდენად ახლოსაა ის დღევანდელ რეალობასთან?
მანსური: ერაყში ორჯერ ვიმსახურე. პირველად ომის დასაწყისში, 2003-2004 წლებში, ბაღდადსა და ქარბალაში ბრიგადის მეთაური ვიყავი.
შემდეგ, 2007-2008 წლებში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის პერიოდში, ერაყში მრავალეროვნული ძალების მეთაურის, გენერალ დევიდ პეტრეუსის, აღმასრულებელი ოფიცერი ვიყავი. ამ პერიოდის დასასრულს დიდ იმედს გვაძლევდა ქვეყანაში ძალადობის შემცირება და ის, რომ ქვეყანაში მოქმედი ჯგუფების უმეტესობა შემდგომი განვითარების პოლიტიკურ გზას უჭერდა მხარს.
ვფიქრობ, ეს პროცესი შეიძლება წარმატებით გაგრძელებულიყო, აშშ-ს ერაყში უფრო აქტიური ჩართულობა რომ შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ამერიკელ ამომრჩევლებს სხვა ხედვა ჰქონდათ და ერაყიდან გასვლა სურდათ. მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა გადაწყვიტა. ის მიზეზად სამხედრო ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებასა და ახალი შეთანხმების გაფორმების შეუძლებლობას ასახელებს. თუმცა მე იქ ვიყავი, როდესაც სამხედრო ძალების სტატუსის შესახებ დროებით შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და დარწმუნებული ვარ, აშშ-ს ერაყთან ურთიერთობის, მათ შორის, სამხედრო ურთიერთობის გაგრძელება რომ მოენდომებინა, სამხედრო ძალების სტატუსის შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწევდა.
როცა ეს არ მოხდა, აშშ-ის ძალები გავიდნენ და, როგორც ვიცით, ამან „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყში შეჭრის გზა გაუხსნა, რასაც ამ დაჯგუფებასთან ომი მოჰყვა. ვფიქრობ, ერაყში ბევრმა ეს შეცდომად მიიჩნია და გააცნობიერა, რომ აშშ-თან უკეთესი ურთიერთობა აუცილებელი იყო იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან საბრძოლველად, რომლებიც ერაყს ანადგურებდნენ. ეს ურთიერთობა პრაქტიკაშიც აისახა: აშშ ერაყს ეხმარებოდა, ძირითადად ავიაციითა და მრჩევლებით, რათა მას „ისლამური სახელმწიფო“ დაემარცხებინა და საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლი აღედგინა.
იმ დროს იმედი მქონდა, რომ ერაყის მთავრობა შეიარაღებულ ძალებზე, ქვეყნის ყველა შეიარაღებულ ძალაზე კონტროლს დაიბრუნებდა. სამწუხაროდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტის დროს შეიქმნა „სახალხო მობილიზაციის ძალები“, რამაც ირანს ერაყში ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო მომავალზე გავლენის მოხდენის დიდი ბერკეტები მისცა. სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგანან ახლა ერაყის ლიდერები.
ირანი ძლიერი ზეწოლის ქვეშაა და ვფიქრობ, ახლა კარგი დროა, რომ ერაყის მთავრობამ საკუთარ საზღვრებში ძალის გამოყენებაზე კონტროლი დაიბრუნოს. თუმცა ამას შესაძლოა ამ შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კონფლიქტი მოჰყვეს, რისი გამოწვევაც ერაყის მთავრობას, ალბათ, არ სურს.
შარაშენიძე: რამდენად მოსალოდნელია, ეს კონფლიქტი, ახლო მომავალში ვიხილოთ?
მანსური: ერაყის მთავრობა „სახალხო მობილიზაციის ძალების“ განიარაღებისას ძალიან ფრთხილად იმოქმედებს, ამიტომ ამის ძლიერი მოლოდინი არ მაქვს. მთავრობამ იცის, რომ მეტისმეტად სწრაფმა და მკვეთრმა ნაბიჯებმა შეიძლება ერაყში შიიტებს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვიოს, რაც ირანის გარდა არავის სურს.
ასე რომ, ეს შესაძლებელია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც მოსალოდნელია. აშშ-მა ბაღდადს, როგორც ვთქვი, ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის დაბრუნებისკენ უნდა უბიძგოს. ჩვენ შეგვიძლია, ამას ხელი შევუწყოთ ძალზე ეფექტიანი ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნაში დახმარებით, როგორც ეს, მაგალითად, კონტრტერორისტული სამსახურის შემთხვევაში გავაკეთეთ.
შარაშენიძე: როცა ირანთან მიმდინარე კონფლიქტს უყურებთ, რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ ერაყის ომთან შედარებით? ერაყის ომის რა გაკვეთილები უნდა გაითვალისწინოს აშშ-მა?
მანსური: მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ომი საერთოდ არ უნდა დაიწყო. სამწუხაროდ, ეს გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ და დღეს ამ მდგომარეობაში ვართ.
მთავარი განსხვავება ისაა, რომ ერაყში 170 000 სამხედრო გვყავდა, რასაც კოალიციის მოკავშირე ქვეყნების ათობით ათასი სამხედროც ემატებოდა. ირანში კი ახლა არცერთი სამხედრო არ გვყავს და, სავარაუდოდ, არც გავგზავნით, რადგან ამერიკელ ხალხს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სახმელეთო შეჭრის მხარდაჭერა არ სურს.
ასე რომ, ეს ომი სხვაგვარად განვითარდება. შეიძლება ისეთივე ხანგრძლივი და ეკონომიკურად საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ძალიან განსხვავებული იქნება.
შარაშენიძე: ფიქრობთ, რომ ირანის ომი შესაძლოა იმაზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე მისი დაწყებისას ვაშინგტონში წარმოედგინათ?
მანსური: მოდი, ნათლად ვთქვათ, აშშ ირანთან 1979 წლიდან ომშია. უბრალოდ, ახლა ამ ომმა ღია ხასიათი მიიღო. ასე რომ, დიახ, ეს ომი მანამ გაგრძელდება, სანამ თეირანში ხელისუფლება რევოლუციურ რეჟიმს ექნება.
შარაშენიძე: თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ, სამხედრო წარმატების მიუხედავად, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები ირანში საკუთარ მიზნების მიღწევას დაუახლოვდეს. სამხედრო მოქმედებებით, რას მიაღწია აშშ-მა ირანში? რა გზები აქვს ვაშინგტონს ამ ომის დასასრულებლად და როგორი იქნებოდა წარმატებული შედეგი?
მანსური: აშშ-მა ირანის კონვენციური სამხედრო ძალა შეასუსტა. განადგურდა მისი რაკეტებისა და დრონების ნაწილი, მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩაძირულია, სამხედრო ავიაცია აღარ არსებობს. თუმცამ ამის მიღმა, თეირანი ვერ ვაიძულეთ კონფლიქტის დასრულების პირობებს დათანხმებოდა.
საპასუხოდ, ირანმა ჰორმუზის სრუტე კომერციული ნაოსნობისთვის ჩაკეტა. ამან მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი ზეწოლა მოახდინა. გაიზარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ზოგიერთი სხვა მინერალური რესურსის ფასები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში ამუშავებენ.
აშშ კი ახლა, გარკვეულწილად, ჩიხშია, რადგან ირანის მიერ სრუტის ხელახლა გახსნისთვის წამოყენებული პირობები გულისხმობს, რომ სრუტეს ირანი გააკონტროლებს, თავად გადაწყვეტს, ვინ გაივლის მას, და გავლის საფასურს დააწესებს. ეს უბრალოდ მიუღებელია. მიუღებელი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ჰორმუზის სრუტე ერთადერთი საერთაშორისო საზღვაო გზა არ არის, რომელიც შეიძლება ჩაიკეტოს და რომელში გასავლელადაც გემებს საფასურის გადახდა მოსთხოვონ. გაიხსენეთ გიბრალტარის სრუტე, დარდანელის სრუტე, მალაკის სრუტე. მსოფლიოში არაერთი ასეთი საზღვაო გზაა და საშინელი პრეცედენტი იქნებოდა, რომელიმე ქვეყნისთვის ასეთი გზის კონტროლის უფლება მიგვეცა.
ამიტომ, აშშ ამ პირობებით ომს ვერ დაასრულებს. ამის გაკეთების ერთადერთი გზა ისაა, რომ კონფლიქტის გაგრძელება ირანისთვის იმდენად მტკივნეული გავხადოთ, თავად გადაწყვიტოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი ბერკეტის ნებაყოფლობით დათმობა. ამის მიღწევა კი ძალიან რთული იქნება, რადგან ეს ირანის ერთადერთი ბერკეტია. ამიტომ, მას ამ ბერკეტის დათმობა არ სურს, თუნდაც ეკონომიკურად ან სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადოს.
ასე რომ, აშშ-ს, ფაქტობრივად, ორი გზა აქვს. პირველი ირანის დაბომბვის განახლებაა, რაც შესაძლოა აშშ-ში შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს. ვნახოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან თეირანის ლიდერებს აზრი შეაცვლევინოს. მეორე გზაა ირანის ეკონომიკური ბლოკადისა და სანქციების გაგრძელება იმ იმედით, რომ ეკონომიკა ჩამოიშლება ან იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ირანელი ხალხი რეჟიმის დასამხობად აჯანყდება. თუმცა, ალბათ, ესეც ნაკლებად სავარაუდოა.
ვფიქრობ, ირანის რეჟიმს დიდად არც ადარდებს, რომ მისი ეკონომიკა ინგრევა. ისინი ომს გააგრძელებენ. ხალხმა კი იცის, რა დაემართება, თუ აჯანყდება: იგივე, რაც გასულ იანვარში მოხდა. ათობით ათას ადამიანს ქუჩებში დახვრეტენ. ასე რომ, ეს ომი გაგრძელდება. ბლოკადა ძალაში დარჩება და მსოფლიო ეკონომიკა კვლავ იგრძნობს მის შედეგებს.
ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, ისევ იმავეზე ვსაუბრობდეთ და იმავე კითხვებს ვსვამდეთ.
შარაშენიძე: პოლკოვნიკო, თითქმის ყველაფერი, რაც ახლა აღწერეთ, ირანში ამ ომამდეც მოხდა. ვნახეთ მასშტაბური დემონსტრაციები თეირანსა და სხვა ქალაქებში, ასევე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები. როგორც აღნიშნეთ, ეს ხანგრძლივი კონფლიქტი 1979 წელს დაიწყო. ფიქრობთ, რომ მისი დასრულების ერთადერთი გზა ირანში რეჟიმის შეცვლაა?
მანსური: ვფიქრობ, კონფლიქტის დასრულების ყველაზე სავარაუდო გზა თეირანში რეჟიმის შეცვლა იქნებოდა. თუმცა ღიად რჩება კითხვა, როგორ უნდა მოხდეს ეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: არ ვფიქრობ, რომ იქ აშშ-ის სახმელეთო ძალებს ვიხილავთ. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი რეჟიმის დამხობა თავად ირანელ ხალხს მოუწევს. ალბათ, ეს არ მოხდება, თუ [ისლამური] რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შიგნით რომელიმე დაჯგუფება გადატრიალების მოწყობას არ გადაწყვეტს, რაც, ალბათ, შესაძლებელია. საკმარისად არ ვიცი, რა ხდება ირანში, რომ ამაზე აზრი გამოვთქვა. თუმცა ესეც ერთ-ერთი გზაა, რომლითაც კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს.
ვფიქრობ, მცირე შანსია, ჩინეთმა თეირანზე იმხელა ზეწოლა მოახდინოს, რომ მოქმედება აიძულოს. თუმცა, ჩინეთმა ამ კრიზისს ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგად გაართვა თავი, ამიტომ ამჟამად ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას ვერ გრძნობს.
შარაშენიძე: ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი და ჩინეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციითა და სამხედრო ტექნოლოგიებით ეხმარებიან. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ცნობები ეჭვქვეშ დააყენა. ფიქრობთ, რომ ის ამ მხარდაჭერის მასშტაბს სათანადოდ ვერ აფასებს? თუ ეს მხარდაჭერა რეალურია, როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატების პასუხი?
მანსური: დარწმუნებული ვარ, რომ თეირანისადმი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერა რეალურია. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ამის შესახებ პრეზიდენტს აცნობებენ. სხვა საკითხია, რა უნდა მოვიმოქმედოთ საპასუხოდ. გავიხსენოთ, რუსეთთან ომში, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა. ეს, მოსკოვის მხრიდან, ფაქტობრივად, „კბილი კბილის წილ“ პასუხია.
ამიტომ ძნელია, მოსკოვისგან ჩართულობის შეწყვეტას ველოდოთ, თუ ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის ომში ჩართულობას, რაც რეალურად შეიძლება მოხდეს კიდეც. როგორც ჩანს, ამჟამად ჩვენი ჩართულობის საფუძველი არამყარია, ყოველ შემთხვევაში, ამ ადმინისტრაციის პირობებში, რადგან ამერიკელი ხალხი და კონგრესი, მთლიანობაში, უკრაინას მხარს უჭერენ.
ასე რომ, დიახ, დარწმუნებული ვარ, ისინი თეირანს მხარს უჭერენ. ალბათ, აშშ-ს ამის წინააღმდეგ ბევრი არაფერი შეუძლია.
შარაშენიძე: როგორ შეცვალა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომმა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ? რა შეიცვალა ამის გამო უკრაინისთვის?
მანსური: აშშ ირანთან ომზეა კონცენტრირებული. მისი „ტომაჰოკის“ რაკეტები, „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო ავიაციის დიდი ნაწილი ამ კონფლიქტზეა მიმართული. ამან შეზღუდა სამხედრო დახმარება, რომლის გაწევაც აშშ-ს უკრაინისთვის შეუძლია.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს სურს, უკრაინამ და რუსეთმა რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. ვერ ვხედავ, რომ ეს მოხდება, რადგან პუტინი კვლავ ძალიან მკაცრ რიტორიკას იყენებს და უკრაინისგან, ფაქტობრივად, მოსკოვის მიერ წამოყენებული ყველა პირობის მიღებას ითხოვს. უკრაინა კი საკუთარ სუვერენიტეტს არ დათმობს. ასე რომ, ეს ომი გაგრძელდება, თუმცა უკრაინისთვის აშშ-ის დიდი მხარდაჭერის გარეშე, რაც, ჩემი აზრით, უკრაინის ბრძოლას ძალიან აზიანებს.
აქ მთავარი კითხვა ისაა, შეავსებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისს. ის ამას უკვე აკეთებს და ვფიქრობ, მომავალში უფრო აქტიურადაც გააკეთებს. უბრალოდ, ამ დანაკლისის შესავსებად ევროპის სამხედრო მრეწველობას იმხელა საწარმოო სიმძლავრე არ აქვს, როგორიც აშშ-ისას.
შარაშენიძე: ერაყის ომის შემდეგ, როგორ შეცვალა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ომებისთვის მზადებისა და მათი წარმოების მიდგომა? როცა დღევანდელ კონფლიქტებს უყურებთ, რამდენად განსაზღვრავს ეს გარდაქმნა ამერიკულ სამხედრო სტრატეგიას, ერაყის ომიდან ირანის ომამდე?
მანსური: ტერორიზმთან ომი სინამდვილეში ერაყით არ დასრულებულა. ის ავღანეთიდან გასვლით დასრულდა. ამის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ყურადღება მთლიანად ძლიერი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საბრძოლო ოპერაციებზე გადაიტანეს. ვფიქრობ, უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ძალები გააკვირვა იმან, თუ რამდენი დრონი გამოიყენება ყოველდღიურად.
უკრაინის ბრძოლის ველზე, ერთ დღეში, 7 000-დან 9 000-მდე დრონი გამოიყენება. ეს დრონების მწარმოებელი ზოგიერთი ამერიკული კომპანიის მთელ საწარმოო სიმძლავრეს უტოლდება. ასე რომ, აშშ-ის სამხედრო ძალებს ახლა ჩამორჩენის დაძლევა უწევს. ისინი უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეცვალონ საკუთარი ოპერაციები. ადმინისტრაცია კი ცდილობს განსაზღვროს, როგორ გაზარდოს აშშ-ის სამრეწველო ბაზის შესაძლებლობები, რათა მომავალ ომში, მოულოდნელად, დრონების დეფიციტის წინაშე არ აღმოვჩნდეთ და ვიცოდეთ, როგორ ჩავრთოთ ისინი ჩვენს ოპერაციებში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
უკრაინაში ომის ხასიათი ყოველდღიურად იცვლება. უახლესი ცვლილება დრონებს შორის ბრძოლაა, რაც პილოტირებადი ავიაციის ევოლუციას იმეორებს. ჯერ სადაზვერვო თვითმფრინავები გაჩნდა, შემდეგ ბომბდამშენები და ბოლოს გამანადგურებლები. უკრაინაშიც იმავე განვითარებას ვხედავთ: ჯერ სადაზვერვო დრონები, შემდეგ ბომბდამშენები, ახლა კი უკვე დრონებს შორის საჰაერო ბრძოლები.
აშშ-ს ამ ეტაპისთვის ჯერ არ მიუღწევია ისე, როგორც უკრაინას. უკრაინას, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების განხორციელების მიზეზი აქვს, რადგან მუდმივი საფრთხის ქვეშაა. სწორედ ეს შეიცვალა ტერორიზმთან ომის შემდეგ. ომის ხასიათის ამგვარი ცვლილება და მასზე აშშ-ის სამხედრო ძალების რეაგირება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
შარაშენიძე: რა არის აშშ-ის მთავარი გამოწვევა, როდესაც ცდილობს, ომის წარმოების ამ ცვლილებებს ფეხი აუწყოს?
მანსური: ეს დანამდვილებით არ არის ფული. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა კულტურა და ხედვაა. შეიარაღებულ ძალებს საკუთარი კულტურა აქვს. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კულტურაში მთავარი ადგილი პილოტებს უკავიათ. დრონებს კი პილოტები არ ჰყავთ. ამიტომ სამხედრო-საჰაერო ძალებმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოპერაციების წარმოების წესის შესაცვლელად რაღაცის დათმობა მოუწევთ. კერძოდ, უნდა შეელიონ წარმოდგენას, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებში ყველაფერი პილოტებით იწყება და მთავრდება. ეს რთული ცვლილება იქნება, თუმცა ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს მისი განხორციელება შეუძლია.
აშშ-ის სახმელეთო ჯარებს, 1943 წლის ტუნისის კამპანიის შემდეგ, მასშტაბური საჰაერო თავდასხმა არ განუცდია. დაფიქრდით: 80 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახმელეთო ჯარებს ჰაერიდან სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
მათ ამ რეალობასთან შეგუებაც მოუწევთ. საჰაერო თავდაცვა ახლა აშშ-ის სახმელეთო ოპერაციების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბრძოლო ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი იქნება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინაში ეს ვნახეთ. საბრძოლო ოპერაციები ჩერდება, თუ ჰაერში უპირატესობის მოპოვებასა და შენარჩუნებას ვერ ახერხებთ. ეს დრონების გამოყენებაში უპირატესობასაც მოიცავს.
ასე რომ, ეს ყველაფერი ის საკითხებია, რომელთა გადაჭრაზეც აშშ-ის სამხედრო ძალებს მომავალშიც მოუწევს მუშაობა.
შარაშენიძე: როცა ახალგაზრდა თაობას, მათ შორის ოჰაიოს უნივერსიტეტში თქვენს სტუდენტებს ესაუბრებით, რას უყვებით ერაყის ომზე?
მანსური: ტერორიზმთან ომის შესახებ კურსის სწავლებისას, საუბარს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე „ალ-ყაიდას“ თავდასხმით ვიწყებ და მასზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ. ამ თავდასხმას დიდი შიშით ვუპასუხეთ და არა იმდენად კარგად გააზრებული სტრატეგიით. ამან აშშ ორ ომში ჩაითრია, რომლებშიც გამარჯვება, საბოლოოდ, შეუძლებელი აღმოჩნდა.
ვფიქრობ, ერაყის ომის დასასრული აშშ-ისთვის მისაღები აღმოჩნდა. თუ დღეს ერაყს, როგორც სახელმწიფოს შევხედავთ, ქმედუნარიანი მთავრობა ჰყავს. ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა და წარმატებული არჩევნებიც ჩატარდა. ასე რომ, ამ ომს გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა, თუმცა უარყოფითიც იყო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ: ირანი ერაყის შიგნით ამ შეიარაღებულ დაჯგუფებებს აკონტროლებს.
ავღანეთის შემთხვევაში, მისთვის თავიდანვე მეტი ყურადღება რომ დაგვეთმო და ყურადღება ერაყზე არ გადაგვეტანა, ეს ომი შესაძლოა სხვაგვარად დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებისას დიდი სახელმწიფოს შესაძლებლობებიც შეზღუდულია. ვფიქრობ, ეს ამ ორი ომის მთავარი გაკვეთილია და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს სტუდენტებს, როდესაც მომხდარს განვიხილავთ.



