• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

რუსეთის ომი საქართველოში: რას იხსენებენ და სად ხედავენ შეცდომებს ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები?

მაღალი რანგის ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა მოსკოვის სამომავლო განზრახვებზე ადრეული გაფრთხილება იყო, თუმცა დასავლეთმა ეს გაფრთხილება სათანადოდ ვერ გაითვალისწინა.

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
აგვისტო 7, 2026
2008 Russia-Georgia War

2008 Russia-Georgia War

A A
Summarize with ChatGPTShare on X

2008 წლის 11 აგვისტოს, ორშაბათს, ქართული ძალები თბილისის მიმართულებით უკან იხევდნენ.

აშშ-ის საელჩოში მყოფმა ელჩმა ჯონ ტეფტმა დენიელ ფრიდს დაურეკა, მაშინ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. ფრიდი ელჩის სიტყვებს იხსენებს: „დენ, ხომ ხვდები, რომ რუსული სამხედრო ძალები შესაძლოა უკვე დღეს საღამოს აქ იყვნენ.“

რამდენიმე საათში, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, თეთრი სახლის ვარდების ბაღში საგანგებო განცხადება გააკეთა.

„რუსეთის ჯარები კონფლიქტის ზონას გასცდნენ, თავს დაესხნენ ქალაქ გორს და საქართველოს დედაქალაქ თბილისს ემუქრებიან“, – თქვა ბუშმა. „რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოში და საფრთხეს უქმნის ხალხის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას. ასეთი ქმედება 21-ე საუკუნეში მიუღებელია.“

რუსეთის სახმელეთო ძალები დედაქალაქში არ შესულა.

რუსეთის ძალები საქართველოში ორი მიმართულებიდან შეიჭრნენ. ჩრდილო-ცენტრალურ საქართველოში, ცხინვალის რეგიონში და მის გარშემო ქართულ ძალებთან ბრძოლის შემდეგ, ისინი სამხრეთისკენ დაიძრნენ. რუსეთის ძალებმა დროებით დაიკავეს ქალაქი გორი, გადაკეტეს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და დედაქალაქისკენ წინ წაიწიეს. მეორე ფრონტი ოკუპირებული აფხაზეთიდან, საიდანაც რუსეთის ჯარები დასავლეთ საქართველოში შევიდნენ და დროებით დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი და ფოთი. ამავე დროს, რუსეთის სამხედრო ავიაცია საქართველოს მასშტაბით ბომბავდა საცხოვრებელ რაიონებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის თბილისის შემოგარენში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ორივე რეგიონი, საერთაშორისოდ არის აღიარებული რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად.

თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც, რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანაზე.

აშშ-ის ოთხი ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომლებიც ომის წლისთავის წინ Independence Avenue Media-ს ესაუბრნენ, მიიჩნევს, რომ დასავლეთმა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა. მათი აზრით, ამ შეცდომამ გავლენა მოახდინა მოსკოვის შემდგომ აგრესიაზე, უკრაინის წინააღმდეგ.

ბრძოლისთვის განწყობილი

სახელმწიფო დეპარტამენტში დენიელ ფრიდი ომამდე რამდენიმე თვით ადრე დარწმუნდა, რომ მოსკოვს საქართველოსთან დაპირისპირება სურდა.

„ვიცოდით, რომ ომის საფრთხე არსებობდა. ცოტა დავაგვიანეთ. შესაძლოა, ერთი ან ორი კვირით დავაგვიანეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს მოდიოდა“, – თქვა ფრიდმა.

მისი თქმით, ჯონ ბაიერლიმ, რუსეთში იმჟამინდელმა აშშ-ის ელჩმა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე უთხრა, რომ პუტინი საქართველოსთან „დაპირისპირებას ეძებდა“. „პუტინს სააკაშვილის მთავრობის დამხობა სურდა“, – თქვა ფრიდმა. „ის სააკაშვილის პროვოცირებას ძალიან ცდილობდა.“

2008 წლის გაზაფხულისთვის ვაშინგტონი საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარშემო დაძაბულობას ზრდიდა და როგორც მოსკოვს, ისე თბილისს სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებდა.

როდესაც სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 2008 წლის ივლისში თბილისს ეწვია, ფრიდი მას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვახშამზე ახლდა. ფრიდი იხსენებს, რომ რაისმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, არ დაეშვა, რომ რუსეთის პროვოკაციებს საქართველო სამხედრო მოქმედებაში ჩაეთრია.

დღევანდელი გადასახედიდან, ფრიდი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს უფრო ადრე და სწრაფად უნდა ემოქმედა.

„ვფიქრობ, ომის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთება შეგვეძლო. შეგვეძლო რუსები უფრო სწრაფად გაგვეფრთხილებინა და ეს უფრო მაღალ დონეზე გაგვეკეთებინა. შეგვეძლო გერმანელების მობილიზება. შეგვეძლო გერმანიასთან დიალოგი უფრო მაღალ დონეზე აგვეყვანა და [გერმანიის იმჟამინდელ კანცლერ ანგელა] მერკელისთვის გვებიძგებინა, პუტინი გაეფრთხილებინა, არ შესულიყო“.

ფრიდი იხსნებს, რომ 7 აგვისტოს, „რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი სამხრეთ ოსური ძალები“ ქართულ სოფლებს ბომბავდნენ და სააკაშვილმა „ჩათვალა, რომ პასუხი უნდა გაეცა“. ფრიდის თქმით, მან ეს აშშ-ის რჩევის საწინააღმდეგოდ გააკეთა და ქართული ძალები ცხინვალში შეიყვანა.

„ის უკიდურესად იყო პროვოცირებული“, თქვა ფრიდმა. „სააკაშვილის ტაქტიკურ გადაწყვეტილებას კრიტიკულად ვაფასებ. მაგრამ, ომი პუტინმა დაიწყო. მას არავინ აიძულებდა, შესულიყო. ის შევიდა. პასუხისმგებლობა მას ეკისრება.“

დაგლას ლუტისთვის, რომელიც ომის დროს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, მოგვიანებით კი ნატოში აშშ-ის ელჩი გახდა, გამაფრთხილებელი ნიშნები კიდევ უფრო ადრეული პერიოდიდან ჩანდა.

2007 წლის თებერვალში, ვლადიმირ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაგმო ის, რასაც შეერთებული შტატების მიერ დომინირებულ „ერთპოლუსიან“ სამყაროს უწოდებდა. ლუტი ამ გამოსვლას ადრეულ გაფრთხილებად მიიჩნევს. „გზავნილი 2007 წელს ნათელი იყო. მან ეს 2008 წელს საქართველოში აჩვენა. ვიტყოდი, რომ იგივე 2014 წელსაც აჩვენა ყირიმის უკანონო ანექსიითა და დონბასის დესტაბილიზაციით“, თქვა მან.

„მისი გეგმა, არსებითად, არის, მაქსიმალურად აღადგინოს საბჭოთა-რუსული ტრადიციული იმპერია და დაიმორჩილოს მეზობელი სახელმწიფოები“, თქვა მან. „2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს უკვე სრულიად აშკარაა. მაგრამ, ეს გეგმა უკვე გარკვეული ხანია თვალსაჩინო იყო.“

„ჩვენ მაინც ჩავფრინდებით“

11 აგვისტოსთვის, როდესაც ქართული სამხედრო ძალები უკან იხევდნენ, ვაშინგტონისთვის მთავარი კითხვა იყო, სად გაჩერდებოდა რუსეთი.

ბუშის ადმინისტრაციამ გაფრთხილებები გაამკაცრა. 10 აგვისტოს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყიდან საქართველოს, დაახლოებით, 2 000-კაციანი სამხედრო კონტინგენტის სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. თეთრი სახლის ქრონოლოგიის თანახმად, პროცესი მომდევნო დღეს დასრულდა.

„აშშ-ის სამხედროებმა რუსებს აცნობეს, რომ მოვდიოდით“, თქვა ფრიდმა. „რუსები დაგვემუქრნენ და გვითხრეს, რომ ამერიკული თვითმფრინავების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგვცემდნენ. აშშ-ის სამხედროების პასუხი იყო: ‘ჩვენ მაინც ჩავფრინდებით’, და რუსებმა უკან დაიხიეს.“

ფრიდი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის ბრძოლის პერსპექტივამ მოსკოვის გათვლებზე გავლენა მოახდინა.

„ქართული ჯარი დამარცხებული იყო, მაგრამ არა განადგურებული“, თქვა მან. „ის უკან იხევდა, მაგრამ არ იშლებოდა. თბილისში იბრძოლებდა.“

„ბუშის გადაწყვეტილებამ, რუსებისთვის თვალი არ აერიდებინა, შესაძლოა პუტინი უკან დახევაში დაარწმუნა. მათ თბილისისკენ წინსვლა შეაჩერეს“, თქვა მან.

ღუსეთის უკანდახევაში, პრეზიდენტ ბუშის როლს ხედავს იან ბჟეზინსკი, რომელიც 2001-2005 წლებში ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო.

„სწორედ მისმა ჩარევამ ამ კონფლიქტში, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია, რუსები აიძულა უკან დაეხიათ, არა მთელი საქართველოდან, მაგრამ საქართველოს უმეტესი ნაწილიდან“, თქვა ბჟეზინსკიმ. „ისინი დედაქალაქის აღებასთან ახლოს იყვნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო.“

შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო სამხედროების ხელმძღვანელობით ჰუმანიტარული ოპერაცია და საქართველოს დახმარება საჰაერო და საზღვაო გზით მიაწოდა, მათ შორის USS McFaul-ის, Dallas-ისა და USS Mount Whitney-ის მეშვეობით. პენტაგონის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ მისიის ფარგლებში საქართველოში „მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი“ შედიოდა.

ფრიდი ბუშის ადმინისტრაციის მოქმედებებს არაერთგვაროვნად აფასებს — „აშშ-ის პოლიტიკამ ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. წინასწარ საკმარისად მტკიცედ არ ვიმოქმედეთ. მაგრამ, როდესაც ომი დაიწყო, გადამწყვეტად ვიმოქმედეთ.“

ჩვეულ ურთიერთობებთან დაბრუნება

ბუშის ადმინისტრაციამ ომს საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარებითა და რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი შეფასებით უპასუხა.

3 სექტემბერ, სახელმწიფო მდივანმა რაისმა საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის ეკონომიკური დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამან ხელი შეუწყო მომდევნო თვეში ბრიუსელში საერთაშორისო დონორთა კონფერენციის გამართვას, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ომისშემდგომი აღდგენისთვის დაახლოებით 4.5 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

ფრიდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება სტრატეგიული იყო.

მისი თქმით, ომის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ დაასკვნა, რომ ვლადიმირ პუტინთან თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რაისმა ეს შეფასება 2008 წლის სექტემბერში, German Marshall Fund-ში სიტყვით გამოსვლისას ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრამ, მოსკოვთან ურთიერთობა ფუნდამენტურად შეცვალა.

ეს მიდგომა ხანმოკლე აღმოჩნდა.

მალევე, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო. ომის შემდეგ, ნატომ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმალური შეხვედრები შეაჩერა და განაცხადა, რომ მოსკოვთან „ჩვეულ რეჟიმში ურთიერთობა“ ვერ გაგრძელდებოდა. ფორმალური შეხვედრები და თანამშრომლობის ზოგიერთი მიმართულება 2009 წლის გაზაფხულზე განახლდა, თუმცა ნატო კვლავ მოუწოდებდა რუსეთს, გაეყვანა ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გაეუქმებინა ორი რეგიონის აღიარება.

ბჟეზინსკი ნორმალურ ურთიერთობებთან ამ დაბრუნებას გადამწყვეტ შეცდომად მიიჩნევს.

„2008 წელი უნდა ყოფილიყო, ან იყო კიდეც, გამაფრთხილებელი გასროლა, რომელიც ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას უნდა შეემჩნია და შესაბამისი ზომები მიეღო“, თქვა მან. „ამის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს უმეტესი ნაწილიდან, თუმცა არა მთლიანად, განდევნეს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავუბრუნდით რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით. ამან კი პუტინს გამბედაობა შემატა.“

ბჟეზინსკი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს საქართველოს მიმართ უფრო ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა უნდა ეჩვენებინათ და ამავდროულად მოსკოვზე ზეწოლა შეენარჩუნებინათ.

„რაც კიდევ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, იყო საქართველოში ძალების შეყვანა, რათა ადგილზე სამხედრო ყოფნა გვეჩვენებინა“, – თქვა ბჟეზინსკიმ. „ასევე უნდა გაგვეძლიერებინა და აუცილებლად შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამდე, სანამ ის სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არ გავიდოდა.“

ჯიმ ტაუნსენდმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში, ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო, თქვა, რომ თანამდებობაზე მუსაობა დაიყო რწმენით, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა ფუნდამენტურ გადაფასებას მოითხოვდა.

„როდესაც მოვედი… ვთქვი: პუტინს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, იხსენებს ტაუნსენდი. „ნატოში ვამბობდი: რას ვაკეთებთ აქ? ამ კაცს სათანადოდ უნდა მივუდგეთ.“

ამის ნაცვლად, მისი თქმით, ვაშინგტონში რუსეთს ფართოდ აღიქვამდნენ დასუსტებულ ძალად, მაშინ როდესაც პოლიტიკის შემმუშავებლები გლობალურ ფინანსურ კრიზისსა და ჩინეთთან მზარდ სტრატეგიულ კონკურენციაზე იყვნენ კონცენტრირებული.

„იყო განცდა, რომ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყო. იყო განცდა, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ამავე დროს, ჩინეთიც გვაღელვებდა“, თქვა ტაუნსენდმა.

2014 წელს რუსეთმა ყირიმი მიიტაცა და აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ომი გააღვივა.

„ამიტომ, ჩემთვის, საქართველოში რუსეთის შეჭრისგან მომდინარე სიგნალის გაგების თვალსაზრისით დიდი ჩავარდნა იყო“, თქვა ტაუნსენდმა.

„ცხადია, როცა წარსულს გადახედავ, ყველაფერი ყოველთვის ძალიან ნათელი და აშკარაა“, თქვა ლუტმა. „ეს ნიშნები შესაძლოა 2007 და 2008 წლებში ასეთი აშკარა არ ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ 2008 წელს მეტის გაკეთება შეიძლებოდა და მეტი უნდა გაკეთებულიყო, ისევე როგორც 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გაზრდიდა იმის ალბათობას, რომ პუტინი შეკავებული ყოფილიყო იმისგან, რაც 2022 წელს გააკეთა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური შეფასებაა, რომელზეც ისტორიკოსებს მოუწევთ მსჯელობა.“

ომი, რომელიც საქართველოს კვლავ ყოფს

4 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ყოფილი მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ „ჩადენილი დანაშაულების შედეგად“ განახორციელა.

ფრიდი ამგვარ შეფასებას უარყოფს.

„ვფქირობ, ეს არის მაგალითი იმის, როგორ უშვებს პოლიტიკოსი, ოპოზიციასთან შიდაპოლიტიკურმა უთანხმოებამ მიიყვანოს იქამდე, რომ საკუთარ ქვეყანში აგრესიული, მტრული ძალის მიერ შეჭრა გაამართლოს. ეს აჩვენებს, რამდენად შეიძლება დაამახინჯოს ყველაფერი პარტიულმა კუთვნილებამ“, თქვა მან. „რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველო არ შეჭრილა რუსეთში — წერტილი.“

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას აკისრებს იმას, რასაც თავად „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს.

„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს“, განაცხადა ივანიშვილმა 2024 წლის აპრილში სიტყვით გამოსვლისას. „ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს.“

აშშ-ის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის, საქართველოში რუსეთის შეჭრა იყო იმ მოდელის ადრეული გამოვლინება, რომელიც მოგვიანებით უკრაინაში განმეორდა.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is co-founder, executive editor, and Georgian Service managing editor of Independence Avenue Media, with expertise in U.S. foreign policy and Eurasian geopolitics. A former documentarian and reporter at Voice of America, he got his start in his native Georgia at Georgian Public Broadcaster and Imedi TV.

ასევე ნახეთ

via REUTERS
ინტერვიუ

ლუტი: უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, პუტინის მოქმედების შესაძლებლობები „მკვეთრად შეიზღუდა“

by კირილ სუხოტსკი
0
IAM graphic incorporating a Google Maps image, a Fire Point rocket photo, and an image of a strike in Russian territory shared by Ukrainian President Volodymyr Zelenskyy on X.
ანალიზი

საბჭოთა სარაკეტო ქალაქიდან „ფლამინგომდე“: უკრაინის ახალი რაკეტები

by დეივიდ კირიჩენკო
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2026 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media