• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > 262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ

262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ, სენატორ ლინდსი გრემის სახელობის აქტი 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ მიიღო. ამ ორპარტიული შედეგის მიღმა დარჩა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრების აზრთა სხვადასხვაობა — პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, ფართო სატარიფო უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

ქართლოს შარაშენიძეავტორი ქართლოს შარაშენიძე
სექტემბერი 17, 2026
262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ – Independence Avenue Media
A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

„კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. თქვენი ეკონომიკა ირყევა. თქვენს საომარ მანქანას მოვგუდავთ“, მიმართა ვლადიმირ პუტინს დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა, კენჭისყრის შემდეგ გამართულ ორპარტიულ პრესკონფერენციაზე.

მის გვერდით იდგნენ კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორები და კონგრესმენები, ასევე სამხრეთ კაროლინის სენატორი დარლინ გრემი, რომლის გარდაცვლილი ძმის, სენატორ ლინდსი გრემის სახელსაც სანქციების პაკეტი ატარებს.

საკანონმდებლო პროცესი ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ხელმოსაწერად, პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება. სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ის კანონად იქცევა.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი რიგი სანქციების კანონით განმტკიცებასა და ახალი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მასში განსაზღვრული ზომები შეეხება რუსეთის მაღალჩინოსნებს, ოლიგარქებს, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებს, სანქციების გვერდის ავლის ქსელებსა და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, რომლის დახმარებითაც რუსეთი, სანქციების გვერდის ავლით, ენერგორესურსების ექსპორტს აგრძელებს.

მთავარი სადავო ნაწილი სატარიფო უფლებამოსილება იყო. კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილეს შემსყიდველ და სანქციებისთვის გვერდის ავლის მთავარ ხელშემწყობ ქვეყნებს. ამ დებულების ძირითად შესაძლო სამიზნეებად ჩინეთი და ინდოეთი სახელდება.

ტარიფები პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე ავტომატურად არ ამოქმედდება. მათი გამოყენება შესაბამისი ქვეყნების განსაზღვრასა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ამასთან, კანონპროექტი პრეზიდენტს, ეროვნული ინტერესების საფუძველზე, სანქციებთან და ტარიფებთან დაკავშირებით, გამონაკლისის დაშვების ფართო შესაძლებლობას უტოვებს. სწორედ ეს დისკრეცია გახდა წარმომადგენელთა პალატაში აზრთა სხვადასხვაობის მთავარი მიზეზი.

საბოლოო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 203-მა რესპუბლიკელმა, 58-მა დემოკრატმა და ერთმა დამოუკიდებელმა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 152-მა დემოკრატმა და შვიდმა რესპუბლიკელმა მისცა.

თუმცა, ამ შედეგამდე მისასვლელი გზა გაცილებით ვიწრო აღმოჩნდა. ერთი დღით ადრე, პროცედურული რეზოლუცია, რომელმაც კანონპროექტის განხილვასა და საბოლოო კენჭისყრას გზა გაუხსნა, მხოლოდ 214 ხმით 211-ის წინააღმდეგ მიიღეს. მაშინ რესპუბლიკელებს მხოლოდ ორი დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი წევრი შეუერთდა.

საბოლოო კენჭისყრის წინ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატთა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ უჭერდა კანონპროექტს მხარს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დემოკრატიის, თავისუფლებისა და სიმართლის მხარეს იდგა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომა… ეს კანონპროექტი დონალდ ტრამპს, ტარიფების დასაწესებლად, შეუზღუდავ უფლებამოსილებას მიანიჭებს. ამიტომ, მე მას მხარს ვერ დავუჭერ. მაგრამ, ჩვენ, დემოკრატები ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით უკრაინის, პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის გვერდით მანამ, სანამ ეს ომი მათი გამარჯვებით არ დასრულდება“, თქვა ჰაკიმ ჯეფრისმა.

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რას ითვალისწინებს გრემის კანონპროექტი?

„ეს მხოლოდ დასაწყისია“

კენჭისყრის შემდეგ მხარდამჭერებმა შედეგი ლინდსი გრემის პოლიტიკურ მემკვიდრეობას დაუკავშირეს. მისმა დამ, სენატორმა დარლინ გრემმა, ამ დღეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, ლინდსი გრემს სჯეროდა, რომ კანონპროექტი პუტინზე ეკონომიკურ ზეწოლას გაზრდიდა და რუსული ენერგორესურსების შემსყიდველებს მოსკოვთან ურთიერთობის გადახედვას აიძულებდა.

„რა შესანიშნავი დღეა უკრაინისთვის. რა შესანიშნავი დღეა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, როცა კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა. მისი შეფასებით, პაკეტი რუსეთის საომარ მანქანას დაასუსტებს და პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

თუმცა კანონპროექტის მიღების შემდეგაც კანონმდებლები აცხადებენ, რომ ომის დასასრულებლად მეტის გაკეთებაა საჭირო. სენატორმა ბლუმენტალმა თქვა, რომ მხოლოდ ეს კანონპროექტი საკმარისი არ არის: უკრაინას კვლავ სჭირდება სამხედრო დახმარება, ეკონომიკური მხარდაჭერა და პოლიტიკური თუ მორალური თანადგომა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, თქვა დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

ახლა ყურადღება თეთრი სახლისკენაა მიმართული. ტრამპის ადმინისტრაციამ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა, თუმცა ის ჯერ ხელმოწერილი არ არის. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგაც მისი პრაქტიკული ეფექტი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და მკაცრად უზრუნველყოფს ადმინისტრაცია სანქციების აღსრულებას, ვის წინააღმდეგ გამოიყენებს პრეზიდენტი სატარიფო უფლებამოსილებას და რა შემთხვევაში დაუშვებს გამონაკლისებს.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი რედაქტორი და ქართული სამსახურის მთავარი რედაქტორია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ევრაზიის გეოპოლიტიკის მიმართულებით ექსპერტიზით. მანამდე მუშაობდა დოკუმენტალისტად და რეპორტიორად „ამერიკის ხმაში“, ხოლო კარიერა მშობლიურ საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და Imedi TV-ში დაიწყო.

ასევე ნახეთ

Telegram: Executive_Secretary
რღვევის სარტყელი

რუსეთის ომი ისტორიის წინააღმდეგ და მისი დასავლელი ხელშემწყობები

სექტემბერი 15, 2026
via REUTERS
რჩეული

ლაფი: ომში პაუზა პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა

სექტემბერი 16, 2026
პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით – Independence Avenue Media
რღვევის სარტყელი

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით

სექტემბერი 11, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media