• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > ლაფი: ომში პაუზა პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა

ლაფი: ომში პაუზა პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა

უიტკოფისა და კუშნერის მიერ კიევში „ორივე მხარისთვის მომგებიანი“ შეთანხმების იდეის წამოყენებიდან რამდენიმე დღეში, ნატოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კრემლის საკითხების ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინი კვლავ უკრაინის კაპიტულაციის პირობებზე მოლაპარაკებას ცდილობს.

კირილ სუხოტსკიავტორი კირილ სუხოტსკი
სექტემბერი 14, 2026
ენის შეცვლა:
English
via REUTERS

via REUTERS

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად „ორივე მხარისთვის მომგებიანი“ სამშვიდობო შეთანხმების იმედი გამოთქვეს.

მაგრამ „ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრის“ (NEST) უფროსი მკვლევარი ჯონ ლაფი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი არც ცეცხლის შეწყვეტითაა დაინტერესებული და არც ომში პაუზას ეძებს.

„პაუზამ შესაძლოა რეალურად ზიანი მიაყენოს. თუ ომის ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას შეეცდება, ეს სისუსტის ნიშნად აღიქმება“, ამბობს ლაფი Independence Avenue Media-სთან ვრცელ ინტერვიუში.

მისი თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, პუტინი კვლავ იმ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა „პარალელური სამყარო“ უწოდა. ბოლო წლებში კი ეს სამყარო კიდევ უფრო დავიწროვდა.

„პუტინს სჯერა, რომ უპირატესობა მის მხარესაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდის აღიარებს უკრაინა, რომ წინააღმდეგობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, რადგან მეტ ტერიტორიას დაკარგავს და საბოლოოდ დანებება მოუწევს“, ამბობს ლაფი, რომელმაც 1990-იან წლებში რუსეთში ნატოს საინფორმაციო ოფისი დააარსა და იქ ალიანსის მუდმივად მომუშავე პირველი ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

პუტინისადმი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ლაფის აზრით, მის ძალაუფლებას საფრთხე უფრო მეტად რუსეთის ომის მომხრე წრეებიდან შეიძლება დაემუქროს, ვიდრე ომის მოწინააღმდეგეებისგან, განსაკუთრებით, თუ იგი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ლაფის თქმით, „კრემლის კედლებში“ ბზარებიც გაჩნდა, თუმცა ის გადატრიალების ახლო საფრთხეს ან ეკონომიკური კოლაფსის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს… ისინი შეცდომებს დაუშვებენ. მაგალითად, შეიძლება რამდენიმე სერიოზული პრობლემა წარმოიშვას, რომლებსაც შესაძლოა ცუდად გაუმკლავდნენ ან რომლებიც სისტემაში უთანხმოებას გამოიწვევს. თუ ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა, შეიძლება შეიქმნას პრობლემათა ერთობლიობა, რომლის მართვაც ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ყველაზე დიდი სირთულეც სწორედ აქ ჩანს“, ამბობს ლაფი.

ლაფი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ნატოს წევრ სახელმწიფოზე რუსეთის თავდასხმასაც. „ვიდრე ამერიკული ძალები ევროპაში არიან, რუსებს უწევთ გაითვალისწინონ შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია, რომელიც შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელიან. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ნატოს უბრალოდ მიატოვებს ან იტყვის, რომ მეხუთე მუხლი აღარ არსებობს. თუმცა, ვფიქრობ, თუ ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს რაიმე საფრთხე დაემუქრება, პუტინს შეშფოთების მიზეზი ექნება“.

ინტერვიუ ჩაწერილია 9 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოსკოვსა და კიევში ჩავიდნენ, შეხვდნენ ორ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, კიევში კი ორივე მხარისთვის მომგებიანი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. თქვენ გჯერათ ამის? როგორ ფიქრობთ, პუტინს საერთოდ აინტერესებს ამგვარი გადაწყვეტა?

ჯონ ლაფი, „ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრის“ (NEST) უფროსი მკვლევარი: არა, არ მგონია, პუტინი ორივე მხარისთვის მომგებიან გადაწყვეტებს ეძებდეს. მისთვის სამყარო ნულოვანი ჯამის თამაშია. მას კვლავ სჯერა, რომ უკრაინა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჰყავს ჩაყენებული და შეუძლია ბრძოლა ამავე გზით განაგრძოს: ნელა, სისხლისღვრითა და უდიდესი ტკივილის ფასად. რუსეთი  თვეში კვლავ ათობით ათას ჯარისკაცს კარგავს, მაგრამ ამ ფასის გადახდა შეუძლია. პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა წინააღმდეგობის ამ დონეს უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს, რადგან საკმარისი ადამიანური რესურსი არ აქვს. ის ასევე ფიქრობს, რომ უკრაინის ევროპელი პარტნიორებიც დაიღალნენ ამ ომით და ამიტომ გამარჯვება უკვე ახლოსაა.

საინტერესო ისაა, რომ ამას უკვე დაახლოებით წელიწადნახევარია ამბობს, შესაძლოა, ეს პერიოდი ორ წელსაც უახლოვდებოდეს. ის მუდმივად აზვიადებს დონბასში რუსეთის ძალების წინსვლას. ეჭვგარეშეა, ისინი მართლაც წინ მიიწევენ, თუმცა კვლავ ძალიან, ძალიან ნელი ტემპით.

ამასობაში უკრაინამ შეძლო, რუსეთის მოსახლეობისთვის ომი უშუალოდ საგრძნობი გაეხადა ისე, როგორც ექვსი თვის წინ წარმოუდგენელი იყო. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისი გამოიწვია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, და შეუტია ონლაინვაჭრობის უმსხვილეს კომპანიას, Wildberries-ს. მას ზოგჯერ Amazon-ის ანალოგად მოიხსენიებენ, თუმცა ეს შედარება ოდნავ შეცდომაში შემყვანია, რადგან კომპანია სამხედრო დანიშნულების საქონელსაც ყიდის და ფრონტის მომარაგებაშიც მონაწილეობდა. ეს მასზე უკრაინელთა თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზია. ამ იერიშებმა სერიოზულად დააზიანა ბიზნესი, რომელიც რუსეთის მასშტაბით უამრავ მოქალაქეს ემსახურება.

ამავე დროს, პუტინმა, რა თქმა უნდა, შავი ზღვის პორტების ფაქტობრივად დახურვით უპასუხა, რაც უკრაინას ძვირად უჯდება. თუ გავიხსენებთ, 2021 წელს შავი ზღვის პორტებით გადაზიდული საქონლის საერთო ღირებულება უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენდა. ომის წლებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა შავ ზღვაში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ახლა კი პორტები დაიხურა. ეს უზარმაზარი პრობლემაა უკრაინისა და მისი ევროპელი პარტნიორებისთვის.

უკრაინელებმა, თავის მხრივ, დარტყმა მიაყენეს ნოვოროსიისკის რუსულ პორტს და შავი ზღვით რუსული მარცვლეულის ექსპორტს ზღუდავენ. ამიტომ ორივე მხარეს დიდი ზიანი ადგება.

მთავარი ისაა, რომ პუტინს სჯერა, უპირატესობა მის მხარესაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდის აღიარებს უკრაინა, რომ წინააღმდეგობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, რადგან მეტ ტერიტორიას დაკარგავს და საბოლოოდ დანებება მოუწევს. თუმცა ეს გზავნილი უკვე დიდი ხანია გვესმის. ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეცვლილა.

სუხოტსკი: სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკვე ოთხ-ნახევარი წელი გავიდა. თქვენ თქვით, რომ პუტინი ამას სულ მცირე წელიწად-ნახევარია ამბობს, თუ მეტიც არა. რის იმედადაა? როგორც ჩანს, მას კვლავ გამარჯვება სურს, მაგრამ როგორ აპირებს მიზნის მიღწევას? ესკალაციით?

ლაფი: ის უკვე მიმართავს ესკალაციას. ეს უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმების ფორმაშიც ჩანს. იყენებენ რეაქტიული ძრავით აღჭურვილ დრონებს, რომლებიც ბოლო კვირებში კიევის მოსახლეობას მოსვენებას არ აძლევენ, თავდასხმები კი თითქმის დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. ასევე იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინას უკიდურესად შეზღუდული თავდაცვა აქვს, შესაძლოა, ამჟამად საერთოდაც არ ჰქონდეს, რადგან Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტები არ ჰყოფნის. ბევრი მათგანი ახლო აღმოსავლეთში გამოიყენეს. ახლა ამ რაკეტებს გაერთიანებული სამეფო, გერმანია და, ჩემი ვარაუდით, სხვა ქვეყნებიც მიაწვდიან, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით.

ამიტომ უკრაინამ ამ პრობლემის გადაწყვეტა უნდა იპოვოს. ვფიქრობ, პუტინს სჯერა, რომ უკრაინას ისეთი მასშტაბის ნგრევა შეიძლება მიაყენოს, რომ მისი ეკონომიკა ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. მისი აზრით, მას შეუძლია მოსახლეობას უფრო დიდი ტანჯვა მიაყენოს, ვიდრე გასულ ზამთარს, რომელიც ისედაც მძიმე იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული ზამთარი მართლაც ძალიან ცივი იყო. ბოლო წლების მეტეოროლოგიური მონაცემებით, ის გამონაკლისს წარმოადგენდა. ამიტომ, ალბათ, არ უნდა ველოდოთ, რომ წელსაც ასეთივე სასტიკად ცივი ზამთარი იქნება.

მიუხედავად ამისა, რუსული მხარე თავდასხმებს განაგრძობს. როგორც ვიცი, კიევთან ახლოს მნიშვნელოვან წყალსაცავსაც დაარტყეს. შესაძლოა, სამიზნე გახდეს წყალმომარაგების სხვა ობიექტები, საკანალიზაციო სისტემები და მსგავსი ინფრასტრუქტურა, რამაც ქალაქებში ცხოვრების გაგრძელება შეიძლება გაართულოს.

ჩემი აზრით, პუტინი მუდმივად სათანადოდ ვერ აფასებდა უკრაინელების სურვილს, წინააღმდეგობა განაგრძონ. მოსახლეობის უმრავლესობას ეს სურვილი ჯერ კიდევ აქვს. ის სათანადოდ ვერ აფასებდა ვერც მათ უნარს, თვითორგანიზება მოახდინონ და ასე გააგრძელონ ბრძოლა, და ვერც იმ სოლიდარობას, რომელიც უკრაინულ საზოგადოებაში კვლავ საკმარისად ძლიერია წინააღმდეგობის გასაგრძელებლად. ჩემი ზოგიერთი უკრაინული წყარო ამბობს, რომ ეს ბრძოლა უბრალოდ გაგრძელდება. ისინი სასტიკ ზამთარს გადაიტანენ, მაგრამ არ დაიშლებიან. ფრონტის ხაზზე ნამდვილად ჩანს, რომ ცალკეულ მონაკვეთებზე მდგომარეობა დაძაბულია, თუმცა ისე არ ჩანს, რომ ფრონტი ჩამოშლის პირას იყოს.

მაგრამ დაახლოებით 10 დღის წინ პუტინმა ბიშკეკში იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინის ფრონტი ჩამოიშლება. ვფიქრობ, ის უბრალოდ ფსონს დებს, რომ მიზანს სამხედრო გზით მიაღწევს. თუმცა, თუ შეძლებს, მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპის დახმარებით ეს გზა შეიმოკლოს, მისთვის ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება.

დასავლეთში მიმდინარე განხილვებში გარკვეული დაბნეულობაა, რადგან მუდმივად საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ლოგიკურად, ომის დასასრულებლად ეცდებოდი, ორივე მხარე დაგერწმუნებინა, რომ მათ ინტერესებშია ცეცხლის შეწყვეტის გზის არჩევა და ნგრევის, ტანჯვისა და ეკონომიკური ზიანის შემცირება. შემდეგ ცეცხლის შეწყვეტით შექმნილ შესაძლებლობას საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად გამოიყენებდი.

მაგრამ, რუსულმა მხარემ ომის ადრეული ეტაპიდანვე არაერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ აინტერესებს. მას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკება სურს, სინამდვილეში კი გულისხმობს პირობებს, რომლითაც უკრაინა უნდა დანებდეს.

ამიტომ, არ მჯერა მოსაზრების, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას ან ომში პაუზას ეძებს. პაუზამ შესაძლოა რეალურად ზიანი მიაყენოს. თუ ომის ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას შეეცდება, ეს სისუსტის ნიშნად აღიქმება.

პუტინმა თავდაჯერებით განაცხადა, რომ ამ ომის მოგება შეუძლია, რუსეთის ელიტა და საზოგადოება კი წინსვლას ელიან, თუმცა მას ვერ ხედავენ. ასეთ დროს უკან დახევა და თქმა: „ახლა სასურველს ვერ ვიღებ, მოდი, პაუზა ავიღოთ და მოგვიანებით კიდევ ვცდი“… უბრალოდ არ მგონია, ამან გაჭრას.

ისიც გახსოვდეთ, რომ რუსეთის საზოგადოების 10-15 პროცენტი მტკიცედ უჭერს მხარს ომს. მათ შორის არიან Z-ბლოგერები [ომის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერები], ომის ვეტერანები და სხვა ჯგუფები, რომლებიც, თუ ხელისუფლება მათ მართვას ვერ შეძლებს, საბოლოოდ კრემლისთვის საკმაოდ სახიფათო პოლიტიკურ ძალად შეიძლება იქცნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, საფრთხე იმდენად ომის მოწინააღმდეგეებისგან არ მოდის, რამდენადაც ომის მომხრეებისგან.

სუხოტსკი: ტრამპის ადმინისტრაციას ცოტა ხანში დავუბრუნდეთ, მაგრამ ჯერ ამ აზრზე შევჩერდეთ: ვხედავთ, რომ პუტინი ამ ომში ღრმად არის ჩაბმული. თქვენც ამბობთ, რომ ის მისთვის ხელსაყრელი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ეძებს, რაც ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს. მაგრამ კაპიტულაციაზე ნაკლებს თუ დასჯერდება? საერთოდ აინტერესებს ის სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაცია ასე ბევრს საუბრობს?

ლაფი: ვფიქრობ, მას აინტერესებს სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციას ამ ომის დასრულების საუკეთესო გზად წარუდგენს. ტრამპის ადმინისტრაციასა და კრემლს შორის კონტაქტების ადრეულ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და სტივ უიტკოფის პირველი ვიზიტები შედგა, ნამდვილად ჩანდა, რომ თეთრი სახლი ზოგადად მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას უნდა დაეთმო ტერიტორია, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს, ნატოში არ უნდა გაწევრიანებულიყო და, სავარაუდოდ, მისი სამხედრო ძალის განვითარების შესაძლებლობაც უნდა შეზღუდულიყო.

ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში კრემლმა კლასიკური მიდგომა გამოიყენა და ბიზნესგარიგებებით მის მოხიბვლას შეეცადა: არქტიკის ათვისების, იშვიათმიწა ელემენტებისა და სხვა ენერგორესურსების განვითარების პერსპექტივა. ეს ყველაფერი შეიძლება მასშტაბურ და მიმზიდველ გეგმად წარმოაჩინონ. სანქციებიც მოიხსნება და ყველანი ერთად ფულს ვიშოვით.

სუხოტსკი: მაგრამ, ამას უკრაინაც და ევროპაც ძნელად დათანხმდებიან.

ლაფი: არა, არ დათანხმდებიან. სწორედ ესაა მთავარი. ვფიქრობ, აქ შეეჯახა რეალობას მშვიდობის ის კონცეფცია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი, უიტკოფი და სხვები ყველგან წარმოაჩენდნენ. როგორც თქვენ ამბობთ, უკრაინელები და ევროპელები ამას იოლად ვერ მიიღებენ, რადგან ასეთი შედეგი კვლავ საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპის დიდი ნაწილისთვის გრძელვადიან უსაფრთხოების პრობლემას შექმნის.

ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციამ უხალისოდ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზე ზეწოლა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტით და ამ ტვირთის ევროპელებისთვის გადაცემით, ევროპელებმა მას მაინც გაართვეს თავი. უკრაინელებს ნაკლები რესურსით მოუწიათ მოქმედება, მაგრამ მათ ბრძოლის გაგრძელებაც შეძლეს და ახალი მეთოდებიც დანერგეს.

თუ გავიხსენებთ ოვალურ კაბინეტში გამართულ კატასტროფულ შეხვედრას, როდესაც ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ მას „კკოზირები არ ჰქონდა“, მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. ყოველ ჯერზე, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას ძლიერ ზეწოლას ახდენდა, რათა ის რუსეთის მიერ შეთავაზებულთან ძალიან ახლოს მდგომ, შესაძლოა, ზუსტად იმავე პირობებს დათანხმებოდა, ამას ევროპელთა წინააღმდეგობა მოჰყვა.

ჩემთვის საყურადღებო იყო, რომ უიტკოფისა და კუშნერის კიევში ვიზიტისას იქ E3-ის ქვეყნების (საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს) უსაფრთხოების მრჩევლებიც იმყოფებოდნენ. აშკარაა, რომ მათ უიტკოფისა და კუშნერის გუნდთან რეგულარული კონტაქტი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა აღიარა: ევროპელებს ამ პროცესის მიღმა უბრალოდ ვერ დატოვებს. უკრაინელთა ხმა უნდა ისმოდეს, ევროპელები კი მტკიცედ დაუჭერენ მათ მხარს.

ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ოთახში უფრო გამოცდილი დიპლომატებიც არიან, რაც ძალიან საჭიროა. ძლიერ მაფიქრებს, რა ხდება, როდესაც უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩადიან და პრეზიდენტ პუტინთან აქვთ საქმე, რომელსაც საკითხები საფუძვლიანად ესმის და დიპლომატიის წარმართვის საკუთარი მეთოდი აქვს. ამ ადამიანებს ამისთვის უბრალოდ სათანადო მომზადება არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სტივ უიტკოფი მოსკოვს უკვე რვაჯერ ეწვია. მას ასეთი საქმისთვის მომზადება არ გაუვლია.

სუხოტსკი: თუმცა ვნახეთ, რომ აგვისტოში მოსკოვში CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფიც ჩავიდა. ნიუ-იორკ ტაიმსის თანახმად, დაბრუნების შემდეგ მან ძალიან მძიმე შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ რეალობის ძლიერ დამახინჯებული აღქმით მოქმედებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ვითარება იდენტური არ იყოს, მაგრამ არსებობს პარალელი ტრამპის თეთრ სახლთან, სადაც უკრაინის ომის მოგვარების მხრივ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ რეალობის გარკვეულწილად არასრულყოფილი აღქმითაც შეიძლება მოქმედებდნენ?

ლაფი: კირილ, ვფიქრობ, აქ ძალიან დიპლომატიურ ენას იყენებთ. მახსენდება გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ნათქვამი. 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და შემდეგ დონბასის დესტაბილიზაციის შემდეგ, პუტინთან მოლაპარაკების გამოცდილებაზე საუბრისას მან თქვა, რომ პუტინი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

მან იმ სამყყაროში ცხოვრევა არათუ გააგრძელა, არამედ ვფიქრობ, წლების განმავლობაში ეს სამყარო მისთვის კიდევ უფრო დავიწროვდა. ამის გარკვეული ნიშნები კოვიდის წლებშიც ვნახეთ. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უკრაინაში წარმატების ნაკლებობით იმდენად იმედგაცრუებული დარჩა, რომ გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლა და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყება გადაწყვიტა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს ევროპის ისტორიის ან, ზოგადად, ევროპის საკითხების შესახებ განსაკუთრებული ცოდნა არ აქვს. მათ ნაკლებად ესმით, როგორ მუშაობს ურთიერთობები დანარჩენ ევროპასა და რუსეთს შორის, და ცდილობენ, პოლიტიკას კორპორაციული სამყაროს ხედვა მოახვიონ თავს, მათ შორის ორივე მხარისთვის მომგებიანი გადაწყვეტების იდეა — უბრალოდ ვივაჭროთ ერთმანეთთან, ყველა პრობლემა გაქრება და ისევ მეგობრები გავხდებით.

ერთი წუთით გავიხსენოთ, რომ განსაკუთრებით ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერმანიაში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება: თუ ქვეყანა რუსეთთან უფრო ღრმა ენერგეტიკულ ურთიერთობებს დაამყარებდა და მეტს ივაჭრებდა, ეს სტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი იქნებოდა. სინამდვილეში კი ამან დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი, რადგან გერმანია რუსულ ნახშირწყალბადებზე მეტისმეტად დამოკიდებული გახდა. მოსკოვმა ის ქვეყანად აღიქვა, რომელზეც გავლენის მოხდენა შეიძლებოდა და რომელიც რუსეთს გზაზე არ გადაეღობებოდა. ვფიქრობ, გერმანიის შემთხვევაში რუსეთმა თავისი კოზირები ბრწყინვალედ ითამაშა.

სუხოტსკი: როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთი ტრამპის თეთრ სახლთანაც ასე ბრწყინვალედ ათამაშებს თავის კოზირებს?

ლაფი: დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მიუთითებს, თითქოს მათ ტრამპის მოხიბვლა შეძლეს. ერთი წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ალასკის სამიტი ჩიხში შევიდა, რადგან აშკარად არსებობდა პოზიციების აცდენა და კომუნიკაციის პრობლემა.

არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ იპოვეს ტრამპთან და, მით უმეტეს, აშშ-ის კონგრესთან მუშაობის გასაღები, ან შეძლეს ევროპის მომავლისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ისეთი ხედვის წარდგენა, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტის უახლოესი წრის ნაცვლად გაცილებით ფართო ჯგუფისთვის იქნებოდა მისაღები.

სუხოტსკი: ჯონ, რადგან კონგრესზე ვსაუბრობთ, აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, რუსეთში დუმის არჩევნებამდე კი ორ კვირაზე ნაკლები. როგორ ფიქრობთ, მოახდენს ორივე მათგანი გავლენას უკრაინის ომთან დაკავშირებით შემდგომ მოვლენებზე?

ლაფი: გარკვეული თვალსაზრისით, დიახ. ვფიქრობ, რუსებმა თითქმის დანამდვილებით გააცნობიერეს, რომ ტრამპის დრო იწურება, იმ გაგებით, რომ მისი გავლენა საპრეზიდენტო ვადის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, შესუსტდება. ეს განსაკუთრებით ასე იქნება, თუ შუალედურ არჩევნებში მოვლენები მისთვის არასასურველად განვითარდება, რისი ნიშნებიც ჩანს ირანის ომის არაპოპულარობისა და მისი ეკონომიკური შედეგების გამო. მართალია, საგარეო პოლიტიკაზე საპრეზიდენტო გავლენას შეინარჩუნებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კონგრესში რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმებისთვის მხარდაჭერის მოპოვება გაცილებით გაუჭირდება.

ვფიქრობ, ეს ნატოს მომავალსაც ეხება, რომელიც, შეიძლება ითქვას, სრულიად გაურკვეველია. ამ ორგანიზაციაში 25 წელზე მეტი ხნის წინ ვმუშაობდი და გარწმუნებთ, ის საერთოდ აღარ ჰგავს იმ ალიანსს, რომელშიც მაშინ ვმუშაობდი. მიზეზი ისაა, რომ უბრალოდ არ ვიცით, რამდენად მტკიცეა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოს მიმართ. თუმცა ვიცით, რომ კონგრესში არიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, ნატოსთან აქტიურ თანამშრომლობას ბევრად მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციიდან შეიძლება ჩანდეს.

რაც შეეხება რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს, დასავლური გაგებით, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არ არის. მიუხედავად ამისა, ეს არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კრემლს შეუძლია შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმურია მისი მმართველობა რუსეთში. ცხადია, ის ყველაფერს აკეთებს მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად.

თუმცა, ბოლო დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩანს ტენდენცია, რომ პუტინის პირადი რეიტინგი ეცემა. კრემლის პარტიას, „ერთიან რუსეთს“, ნამდვილად ძალიან არასახარბიელო მაჩვენებლები აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ველოდოთ, რომ ზოგი მონაცემი შეალამაზონ. ასევე, ვფიქრობ, ვიხილავთ საერთო საარჩევნო პროგრამას, რომლის მიზანიც პატრიოტიზმისა და ომის მხარდაჭერის წახალისება იქნება: „ამ რთულ მომენტში თქვენს ქვეყანას გვერდით უნდა დაუდგეთ“. ვფიქრობ, ეს გზავნილი იმუშავებს, რადგან კრემლი მედიას აკონტროლებს და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები თითქმის არ ჩანს.

იმ ფაქტსაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ რუსეთის საზოგადოების დიდ ნაწილს ომი შეიძლება განსაკუთრებით არ მოსწონდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრ მათგანს პუტინი მაინც მოსწონს იმის გამო, რომ ის, უპირველესად, შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთს უპირისპირდება და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას ამყარებს. ამავე დროს, ვითარება სრულ უიმედობად არ გამოიყურება და არც რაიმე სახის გლობალური დაპირისპირება ჩანს მოსალოდნელი.

ამიტომ არ უნდა დავაკნინოთ ის ფაქტი, რომ პუტინი რუსეთის მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის კვლავ გარკვეულ მიმზიდველობას ინარჩუნებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ სხვა არაფერი იციან და ამ ეტაპზე ალტერნატივას ვერ ხედავენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ პუტინი ასაკში შედის და მომავალს არ განასახიერებს. ვფიქრობ, ელიტები ამ ომით სულ უფრო მეტად არიან უკმაყოფილო, რადგან მის დასასრულს ვერ ხედავენ.

სუხოტსკი: მაგრამ, ნამდვილად ხედავთ რაიმე ბზარს კრემლში? რამდენად სტაბილურია პუტინის მმართველობა ახლა და უახლოეს მომავალში, მაგალითად, მომდევნო 18 თვის განმავლობაში?

ლაფი: ორგანიზაციამ, სადაც ვმუშაობ, „ახალი ევრაზიული სტრატეგიების ცენტრმა“, ამ წლის დასაწყისში სწორედ ამ საკითხზე გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „ბზარები კრემლის კედლებში“. მასში რეჟიმის სტაბილურობისთვის შესაძლო საფრთხეებს დეტალურად განვიხილავთ.

ჩვენი დასკვნით, ეკონომიკური კოლაფსის პერსპექტივა არ არსებობს. დასავლეთის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იმედი ჰქონდათ, რომ სანქციებით რუსეთის ეკონომიკის ღრმა დესტაბილიზაციას შეძლებდნენ. თავდაპირველად სანქციებს გარკვეული შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება საკმაოდ კომპეტენტურად მართა. ვიდრე აზიის ბაზრებზე, განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში, დიდი რაოდენობით ნავთობის გაყიდვას შეძლებენ, თავს გაართმევენ.

გადატრიალების ახლო პერსპექტივას ვერ ვხედავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის მოსკოვისკენ მარში პუტინისთვის შეიძლება მართლაც კატასტროფული გამხდარიყო. ვფიქრობ, ის სისტემის შიგნით უფრო ფართო კონფლიქტში შეიძლებოდა გადაზრდილიყო.

ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ავტორიტარული სისტემა ამჟამინდელი სახით ძლიერ ცენტრალიზებულია. ბევრ გადაწყვეტილებას უმაღლეს დონეზე პირადად პუტინი იღებს. ასეთ პირობებში გადაწყვეტილებების მუდმივად მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა რთულია, ამიტომ ისინი შეცდომებს დაუშვებენ. მაგალითად, შეიძლება რამდენიმე სერიოზული პრობლემა წარმოიშვას, რომლებსაც შესაძლოა ცუდად გაუმკლავდნენ ან რომლებიც სისტემაში უთანხმოებას გამოიწვევს. თუ ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა, შეიძლება შეიქმნას პრობლემათა ერთობლიობა, რომლის მართვაც ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ყველაზე დიდი სირთულეც სწორედ აქ ჩანს.

რუსეთში ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემებიც ნამდვილად არსებობს. რამდენ ხანს დარჩება პუტინი თანამდებობაზე? გაუძლებს მისი ჯანმრთელობა ამ დატვირთვას? ჩემი პირადი აზრით, თუ ის ხვალ უეცრად მოკვდება, უკრაინაში ომი ძალიან სწრაფად დასრულდება, მაგრამ თავად რუსეთში შედარებითი არასტაბილურობის პერიოდიც დაიწყება, რადგან მეტოქე ჯგუფები არსებული გავლენის შესანარჩუნებლად ან ახლის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

არსებობს ისტორიული მაგალითებიც, რომლებიც აჩვენებს, რომ ასეთი პროცესები საკმაოდ რთულია. საკმარისია გავიხსენოთ სტალინის სიკვდილი და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რათა მივხვდეთ, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, ისეთი პერიოდი ელის, რომელსაც მშვიდ და შეუფერხებელ გარდამავალ ეტაპს ვერ ვუწოდებთ. აქ რამდენიმე ცვლადია, მაგრამ მთლიანობაში უნდა დავასკვნათ, რომ ამჟამად რუსეთის სისტემა საკმაოდ მდგრადი და სტაბილური ჩანს.

სუხოტსკი: როგორც თქვით, პუტინმა და მისმა გარემოცვამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება გარკვეული მხარდაჭერის დასტური მიიღონ. ამ ყველაფრისა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხის გათვალისწინებით, შეიძლება მან ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომლისაც ზოგ ანალიტიკოსს ეშინია, მაგალითად, გამოაცხადოს მობილიზაცია ან ნატოს დაესხას თავს? თუ მას სჯერა, რომ ქვეყანა მის მხარესაა და პარალელურ რეალობაში ცხოვრების გამო მართლაც შეიძლება ცუდი გადაწყვეტილებები მიიღოს, რამდენად სავარაუდოა ეს?

ლაფი: უკრაინაში შეჭრა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი გადაწყვეტილების, ინფორმაციის შეზღუდული წყაროებისა და საინფორმაციო ბუშტში ცხოვრების მკაფიო მაგალითია. რაც შეეხება ნატოს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიას, არ მგონია, პუტინს ამ ეტაპზე ნატოსთან სამხედრო კონფლიქტში შესვლა სურდეს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მისი გენერალური შტაბიც არ ისურვებს ამ გზის არჩევას, რადგან ეს უკიდურესად სახიფათო და არაპროგნოზირებადი იქნება.

ვიდრე ამერიკული ძალები ევროპაში არიან, რუსებს უწევთ გაითვალისწინონ შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია, რომელიც შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელიან. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ნატოს უბრალოდ მიატოვებს ან იტყვის, რომ მეხუთე მუხლი აღარ არსებობს. თუმცა, ვფიქრობ, თუ ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს რაიმე საფრთხე დაემუქრება, პუტინს შეშფოთების მიზეზი ექნება.

ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ზრდის შესაძლებლობას უფრო მეტად ე.წ. ზღურბლს ქვემოთ, ანუ ღია სამხედრო დაპირისპირების დონემდე არმისულ მოქმედებებში ვხედავ. საუბარია დივერსიის სხვადასხვა ფორმაზე, კიბერთავდასხმებზე, საინფორმაციო შეტევებსა და დეზინფორმაციის ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ეს ყველაფერი გაგრძელდება და, სავარაუდოდ, გაძლიერდება, რადგან ბოლო თვეებში სწორედ ამ ტენდენციას ვხედავთ.

რაც შეეხება მობილიზაციას, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ კრემლს ამ გზის არჩევა სურს. მან საფრთხეები იცის. ისინი 2022 წლის ბოლოს დაინახა, როდესაც 300 000 ადამიანის ნაწილობრივი მობილიზაცია ჩაატარა, რასაც მაშინ ქვეყნიდან დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის გასვლა მოჰყვა. მართალია, ზოგი მათგანი მოგვიანებით დაბრუნდა. თუმცა ამ კვირის დასაწყისში საქართველოში მყოფმა ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ რუსების დიდი რაოდენობა კვლავ ტოვებს რუსეთს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს და ფასები მკვეთრად იზრდება.

ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთის საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ამის გამო მაღალი შფოთვაა, ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ნამდვილად სჭირდება პუტინს ამ გზის არჩევა? ვფიქრობ, მობილიზაციის გარკვეული ფორმის ჩატარებას უფრო ფარული მეთოდებით შეძლებენ. მას მობილიზაციას არ დაარქმევენ, მაგრამ, მაგალითად, მეტი სტუდენტის სამხედრო სამსახურში მოზიდვის გზას იპოვიან, რადგან ხალხი სხვადასხვა მიმართულებით სჭირდებათ. მათ ე.წ. საზარბაზნე ხორცზე მეტი სჭირდებათ: დრონების ოპერატორები, ტექნიკური უნარების მქონე ადამიანები ან ისინი, ვისაც ასეთი უნარების შეძენა შეუძლია. ვფიქრობ, ყველაფერს გააკეთებენ მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად. თუ პუტინს მაინც მოუწევს ამ გზის არჩევა, იტყვის: „იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი“.

კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი Independence Avenue Media-ს რუსეთის მიმართულების აღმასრულებელი რედაქტორია და რუსულენოვანი აუდიტორიისთვის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გაშუქებას ხელმძღვანელობს. მანამდე მუშაობდა „ამერიკის ხმაში“ და რადიო თავისუფლება/თავისუფალ ევროპაში. დაიბადა მინსკში, ბელარუსში, კარიერა კი BBC-ში დაიწყო, სადაც რუსეთს მოსკოვიდან და ლონდონიდან აშუქებდა. სრული ბიოგრაფიის ნახვა

ასევე ნახეთ

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით – Independence Avenue Media
რღვევის სარტყელი

პუტინის ფსიქოლოგიური ოპერაცია ესკალაციის მუქარით

სექტემბერი 11, 2026
Department of Defense
რჩეული

კუპერი: დროა რუსეთის ჩრდილოვან ომს ვუპასუხოთ

სექტემბერი 15, 2026
Credit: Photo illustration. Left portrait: The Cipher Brief (Ralph Goff)
რჩეული

„სადაზვერვო დიპლომატია“ სამშვიდობო შეთანხმების მოსასინჯად: CIA-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე

სექტემბერი 15, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media