უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული, დონალდ ტრამპმა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა ამისთვის მან კრემლზე ზეწოლა უნდა განახორციელოს.
ტრამპმა „თქვა, რომ თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას დაბლოკავდა, ის მასზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებდა. თუმცა, ჯერჯერობით, ის ამ ნაბიჯების გადადგმას თავს არიდებს“, ამბობს ჰერბსტი.
INDEPENDENCE AVENUE MEDIA-სთან ინტერვიუში, ჰერბსტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, მოვლენები კიევის სასარგებლოდ ვითარდება მაშინ, როცა კრემლი მზარდი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას.
მისი თქმით, 2025 წლის ოქტომბერში, აშშ-ს მიერ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“ სანქციების დაწესება არის ნაბიჯები, რომლის მსგავსის გადადგმაც კრემლზე ზეწოლის მოსახდენადაა საჭირო. მაგრამ, ეს სანქციები, ირანის ომის პარალელურად, ნაწილობრივ მოიხსნა. ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა მეტი უნდა გააკეთოს, მათ შორის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ამჟამად გაყინული 200 მილიარდზე მეტი ევროს ღირებულების რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.
ჰერბსტი, რომელიც უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის დროს იკავებდა, უარყოფს მტკიცებას, რომ ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა მან უკრაინის დონბასის რეგიონი სამშვიდობო შეთანხმების სასარგებლოდ დათმოს.
„ტრამპს, ამ პირობაზე დასათანხმებლად, უკრაინაზე სერიოზული ზეწოლა არ განუხორციელებია. სინამდვილეში, რაც მე მესმის, რუსები წუწუნებენ, რომ მან ეს არ გააკეთა“, ამბობს ჰერბსტი.
ინტერვიუ ჩაწერილია 14 მაისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
მარია ულიანოვსკა, INDEPENDENCE AVENUE MEDIA: ეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე გაზაფხულია. როგორ აფასებთ ახლა არსებულ ვითარებას?
ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში: ეჭვგარეშეა, რომ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, ომი უკრაინისთვის ხელსაყრელი მიმართულებით ვითარდება და ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
პირველი არის ვითარება ფრონტის ხაზზე. ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთს არანაირი ტერიტორიული მიღწევა არ ჰქონია. უკრაინას კი მცირე მიღწევები ჰქონდა — რამდენიმე ასეული კილომეტრი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთის მხარეს, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ, თვეში, 30 000-ს გადააჭარბა, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედეროვმა მიზნად დაისახა, რომ ეს რაოდენობა 50 000-ზე უნდა ავიდეს. როგორც მე მესმის, დაჭრილთა 60% ბრძოლის ველზე ვეღარასდროს დაბრუნდება. ეს სერიოზულად დაშავებული ჯარისკაცების დიდი რაოდენობაა. ამასთან, რუსეთმა ვერ შეძლო ამ დანაკლისის შესავსებად საჭირო რაოდენობის პერსონალის გაწვევა.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთმა განაცხადა, — და სამწუხაროდ, ეს მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც გაიმეორეს — რომ უკრაინამ დასავლეთ დონბასი უნდა დათმოს, რადგან რუსები მას მაინც აიღებენ. ეს გვესმის იმის მიუხედავად, რომ რუსები ოთხი წელი და სამი თვეა ამ დიდ შეჭრას აწარმოებენ, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს.
მეორე ფაქტორი არის უკრაინის შესაძლებლობა, დრონების არაჩვეულებრივი ტექნოლოგიით, დარტყმები განახორციელოს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე. მათ რუსეთის ნავთობგადამუშავების შესაძლებლობის 40% გაანადგურეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქაოსზე, რასაც უკრაინა ყირიმში ქმნის. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზღუდება ნახევარკუნძულის მომარაგების შესაძლებლობები, ასევე რუსეთს აღარ შეუძლია ყირიმიდან ჩაატაროს დრონების ოპერაციები, რამაც 2023-24 წლებში, უკრაინას მძიმე შედეგები მოუტანა.
მესამე ფაქტორი არის, რუსეთის ენერგოსექტორზე უკრაინის ამ დარტყმების უფრო ფართო, ეკონომიკური გავლენა. ბოლო რამდენიმე წელია, რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. რუსულ საწვავზე ამერიკული სანქციების დროებითი შემსუბუქების პირობებშიც კი, რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ის მზარდად რთულ პირობებში ოპერირებს.
ულიანოვსკა: ფიქრობთ, რომ უკრაინელი ხალხიც ამდენად ოპტიმიზმითაა განწყობილი? ჩვენს ამ საუბარს, წინ უსწრებდა უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმა.
ჰერბსტი: კიევიდან ახლახან დავბრუნდი და ეჭვგარეშეა, ადამიანები იქ ახლა გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე გასულ ზამთარში.
მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, განსაკუთრებით რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინელი ხალხი დიდ ტანჯვას განიცდის. თუმცა, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა ხერსონიდან, რომელმაც მრავალი კვირა გაატარა რუსულ ციხეში, თითქმის ყველა უკრაინელი აცნობიერებს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს რუსული ბომბების ქვეშ ცხოვრება, რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება გაცილებით უარესია.
უკრაინელებმა შთამბეჭდავი შეუპოვრობა გამოიჩინეს, რადგან მათ სურთ იცხოვრონ როგორც თავისუფალმა უკრაინელებმა და ეს შეუძლებელია რუსული ოკუპაციის ქვეშ.
რიგითი უკრაინელი ხედავს იმას, რასაც მე ვხედავ: რუსეთის მიერ დაბომბვის კამპანიას ერთი მიზანი აქვს, უკრაინელი ხალხისთვის ცხოვრება აუტანელი გახადოს. თავის მხრივ, უკრაინის დარტყმები რუსეთში, არ არის მიმართული რუსეთის მშვიდობიან მოქალაქეებზე, ამით ისინი პუტინს ომის გაგრძელებას ურთულებენ.
ულიანოვსკა: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდაა პუტინის რეჟიმი რუსეთში?
ჰერბსტი: პუტინის რეჟიმში სტრესის აშკარა ნიშნებია. ეს იწყება ფაქტით, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის დასრულებასაც რამდენიმე კვირაში გეგმავდნენ, ახლა უკვე იმაზე დიდი ხანია გრძელდება ვიდრე დიდი სამამულო ომი.
ჯერ კიდევ ექვსი, რვა თვის წინაც კი, რუსული ელიტა და ომის ბლოგერები ამბობდნენ, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალი იყო. ახლა კი, რუსი ცნობილი ომის ბლოგერები ამბობენ, რომ რუსეთს ამ ომის მოგება არ შეუძლია.
ამასთან, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ერთმა რუსმა ქალმა ტუაფსედან, სადაც ცოტა ხნის წინ ნავთობის ობიექტზე დარტყმები განხორციელდა, თქვა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრების გამო ადრე მისი შურდათ. ახლა კი, მისი თქმით, „ნავთობის წვიმის გამო“ იქ ცხოვრება „ჯოჯოხეთად“ იქცა. ასეთი ისტორიები მთელ რუსეთში ვრცელდება. ასე რომ ომი, წარუმატებელი ომის შედეგები, პუტინის პირველი პრობლემაა.
A Russian woman from Tuapse no longer likes living there. She says some drones are bothering her. pic.twitter.com/8XTLW7IKHZ
— WarTranslated (@wartranslated) April 20, 2026
მეორე, რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. სინამდვილეში, ეკონომიკის სფეროს მაღალი რანგის სპეციალისტები ამბობენ, რომ კრემლმა ეკონომიკურ რეალობასთან კავშირი დაკარგა. ეს ნაწილობრივ იმის გამოც ხდება, რომ პუტინს არ აქვს ეკონომიკის მართვის უნარი. ერთადერთი, რაც მან იცის, ფინანსური რეზერვების დაგროვებაა. ამასთან ერთად, ომი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ეკონომიკაზე, როცა უკრაინა სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს რუსეთის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს, ნავთობისა და გაზის ექსპორტს.
მესამე მიზეზი პუტინის მზარდი რეპრესიებია — „ტელეგრამის“ არხებისა და ინტერნეტის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. რუსების ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რუსები, რომლებიც რეჟიმს ყოველთვის მხარ უჭერდნენ, ახლა საკუთარი უკმაყოფილების შესახებ საჯაროდ საუბრობენ.
ეს ყველაფერი დასუსტებული რეჟიმის ნიშნებია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, მის შესაცვლელად ძალისხმევის ნახვას. არ ვამბობ, რომ ეს ახლა მოხდება, მაგრამ არ გამიკვირდებოდა თუ ეს ხვალ ან წელიწად ნახევარში მოხდება.
ეს ჩემთვის 2022 წლის ნოემბერში გახდა ნათელი, როდესაც ვუყურებდი, როგორ აკრიტიკებდა „ვაგნერის ჯგუფის“ მეთაური [ევგენი] პრიგოჟინი [სერგეი] შოიგუს — მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, [ვალერი] გერასიმოვს — მაშინდელ და მოქმედ უმაღლეს სამხედრო მეთაურს და [ჩეჩნეთის ლიდერ რამზან] კადიროვს. მე ვთქვი: „ეს არ არის ის, რაც სტაბილურ ავტორიტარულ რეჟიმში უნდა მომხდარიყო“. ექვსი ან შვიდი თვის შემდეგ კი, ჩვენ ვიხილეთ გადატრიალების მცდელობა.
ულიანოვსკა: მინდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს შევეხო. არსებობს მოსაზრება, რომ თუ ზაფხულის დასაწყისამდე სამშვიდობო შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შენარჩუნება რთული იქნება, რადგან ყურადღება აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გადაინაცვლებს. როგორ აფასებთ რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს?
ჰერბსტი: ყველასთვის ნათელია, რომ მოლაპარაკებები, შედეგების თავლსაზრისით, შორს არ წასულა. დიდწილად, ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები იყო. რუსეთს ამ დრომდე არ შეუცვლია, პუტინის მიერ, ომის დაწყებისას გაცხადებული მიზნები — უკრაინის პოლიტიკური კონტროლი. ისინი არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დასავლეთ დონბასით, რაც, რატომღაც ტრამპის ადმინისტრაციას ჰგონია, რომ სულ ესაა, რაც რუსეთს სურს.
ეს იყო მოლაპარაკებები, რომელმაც ვერ დააწინაურა ტრამპის გაცხადებული მიზანი — სტაბილური მშვიდობა. როდესაც ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა, მან თქვა, რომ სურდა სტაბილური მშვიდობა, დაახლოებით იმ ხაზების გათვალისწინებით, სადაც იმ მომენტში ჯარები იყო. ახლა, ფრონტის ხაზის არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული იმისგან, რაც ტრამპის მეორე ვადის დასაწყისში იყო.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას დაბლოკავდა, მასზე მნიშვნელოვან ზეწოლას განახორციელებდა. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც შეთანხმებას ბლოკავს. ტრამპმა გარკვეული ზეწოლა განახორციელა, მათ შორის, „ლუკოილზე“ და „როსნეფტზე“ სანქციების დაწესებით, მაგრამ ზოგიერთი ზომები დროებით შემსუბუქდა, ირანში არსებული ვითარების გამო, რაც მე მესმიის.
და მაინც, ის თავს იკავებს ზეწოლა განახორციელოს იქ, სადაც ეს ყველაზე საჭიროა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მოლაპარაკებები შორს ვერ წავიდა.
ამის მიუხედავად, მე არ ვეთანხმები ჩემს ბევრ კოლეგას, რომლებიც თვლიან, რომ რომლებიც თვლიან, რომ ტრამპი აპირებს პუტინისთვის უკრაინის მიტაცების გამარტივებას ისეთი პირობების დაჟინებით, რომლებსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვერასდროს დაეთანხმებოდა და შემდეგ ამის გაკეთებას აიძულებს.
იდეა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს პოკროვსკი, კრამატორსკი ან სლავიანსკი [უკრაინის მიერ კონტროლირებად დონბასში], სისულელეა. ეს უკრაინისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს შექმნიდა და ასევე საშიში იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, ტრამპმა უკრაინაზე სერიოზული ზეწოლა არ მოახდინა, რათა ასეთი პირობებს დათანხმებულიყო. სინამდვილეში, როგორც მე მესმის, რუსები წუწუნებენ, რომ მან ეს არ გააკეთა.
ულიანოვსკა: სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ახლახან თქვა, რომ იმედოვნებს მოლაპარაკებების განახლდება. ფიქრობთ, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია?
ჰერბსტი: ეჭვი არ მეპარება, რომ ტრამპს შეუძლია წარმატებული ნაბიჯები გადადგას სასურველი სტაბილური მშვიდობის მისაღწევად. ამისათვის მას ერთ წელზე მეტი ხნის წინ გაკეთებული განცხადებების შესრულება დასჭირდება.
და, სხვათა შორის, როდესაც მან [2025 წლის] ოქტომბერში რუსეთს სანქციები დაუწესა, ეს თანხვედრაში იყო ამ განცხადებებთან: რომ ის ზეწოლას მოახდენდა იმ მხარეზე, რომელიც მშვიდობის დაბლოკვაზე იყო პასუხისმგებელი.
ამის გაკეთების შემთხვევაში, პუტინის ეკონომიკაში არსებული პრობლემები გაუარესდებოდა. ხოლო თუ ამას თან დაერთვება რუსული გაყინული აქტივების დარჩენილი 210 მილიარდი ევროს უკრაინაში გადარიცხვის ძალისხმევა, ეს პუტინსა და მის სამხედრო ძალისხმევას კოლოსალურ ტვირთად დააწვებოდა.
თუმცა, ჯერჯერობით ტრამპი ერიდება ამ ნაბიჯების გადადგმას და აშშ-ის პოზიცია გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით ძალიან თავისებური რჩება. ჩემი აზრით, ეს არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს, ნატოს ინტერესებს, ევროკავშირის ინტერესებს და, რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებს. ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ულიანოვსკა: კონგრესში ახლა იმპულსს იძენს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის ინიციატივა. ცოტა ხნის წინ წარდგენილი იქნა კანონპროექტი, რომელმაც წარმომადგენელთა პალატაში საჭირო 218 ხელმოწერა შეაგროვა, მათ შორის ორი რესპუბლიკელის, რაც საშუალებას იძლევა, უკრაინისთვის დამატებითი დახმარების საკითხი კენჭისყრაზე დადგეს. რას მიუთითებს ეს უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე?
ჰერბსტი: ყოველთვის ცხადი იყო რომ ამერიკელთა ძალიან დიდი უმრავლესობას — მათ შორის რესპუბლიკელების და MAGA რესპუბლიკელების უმრავლესობაც კი — სწამს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უნდა დაეხმაროს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინისთვის დახმარების იმ დონეზე მიწოდებას, რაც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე იყო და ისინი პუტინს საეჭვო და საშიშ ფიგურად მიიჩნევენ. ამერიკელთა დაახლოებით 83% ასე ფიქრობს.
When asked whether they have an overall favorable or unfavorable view of Russia, 83% of U.S. adults say the latter. pic.twitter.com/sFTmbTc74x
— Pew Research Center (@pewresearch) April 24, 2026
როგორც ვიცით, ტრამპის ხედვა გარკვეულწილად განსხვავებულია. მაგრამ ის, სულ მცირე რესპუბლიკელებში, ძალიან ძლიერი და პოპულარული ფიგურაა. უნდა ვთქვა, პოპულარული და ძლიერი — ძალაუფლება პოპულარობიდან მოდის.
მაგარმ, ვფიქრობ მხარდაჭერის დაწინაურების მიზეზი ისაა, რომ ტრამპის პოპულარობა მნიშვნელოვნად დაეცა. ის რესპუბლიკელებში კვლავ პოპულარულია, მაგრამ მისი მხარდაჭერის დონე დაეცა — მეტწილად, გართულებების გამო, რაც თან ახლავს ირანთან ომს და აშშ-ში საწვავის ფასზე ამ ომის გავლენის გამო.
სწორედ ასე ვხსნი, კონგრესში ხმების ასეთ შედეგებს. ეს ზომები, სულ მცირე ორი რესპუბლიკელის მხარდაჭერით დაწინაურდა, თუმცა გაცილებით მეტ რესპუბლიკელს სურს იხილოს, რომ უკრაინის დახმარების საკითხი წინ მიიწევს.
ტრამპს კვლავ აქვს პარტიის მართვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ახლა უფრო სუსტია. არა დრამატულად სუსტი, მაგრამ სავარაუდოდ საკმარისად სუსტი იმისთვის, რომ როდესაც წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის უკრაინის დახმარებას, მის დასამტკიცებლად საჭირო უმრავლესობა იქნება.
ცხადია, ეს მოვლენების პოზიტიური განვითარებაა შეერთებული შტატებისთვის და რა თქმა უნდა, უკრაინისთვის.



