• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > ფონტეინი: ტრამპი, პუტინი და სი მსოფლიოს ვერ გადაინაწილებენ, თუნდაც ეცადონ

ფონტეინი: ტრამპი, პუტინი და სი მსოფლიოს ვერ გადაინაწილებენ, თუნდაც ეცადონ

ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, შენჟენში, 19 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრისგან არსებით ცვლილებას არ ელის. მისი თქმით, რეალური ზიანი ისაა, რომ ვაშინგტონმა მოკავშირეების ნდობა უკვე დაკარგა და მის აღდგენას წლები დასჭირდება.

ია მეურმიშვილიავტორი ია მეურმიშვილი
ნოემბერი 17, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
"Artwork" showing Trump, Putin and Xi next to the 'Big Three' monument with the leaders at the 1945 Yalta conference. Crimea, November 16, 2026. REUTERS

"Artwork" showing Trump, Putin and Xi next to the 'Big Three' monument with the leaders at the 1945 Yalta conference. Crimea, November 16, 2026. REUTERS

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პირველი სამმხრივი მოლაპარაკება 19 ნოემბერს, შენჟენშია დაგეგმილი. ევროპაში შიშობენ, რომ ეს შეხვედრა შეიძლება თანამედროვე იალტად იქცეს. 1945 წლის იალტის კონფერენციაზე მოკავშირე სახელმწიფოებმა ომისშემდგომი ევროპის მოწყობა განსაზღვრეს.

ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ფონტეინი ამბობს, რომ ასეთი დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

„ეს კიდევ ერთი იალტა არ არის. დიდი სამეული მსოფლიოს რუკასთან არ შეიკრიბება, რომ გავლენის სფეროები გაინაწილოს და თქვას — ეს შენ გერგება“, — ამბობს ფონტეინი. „პირველი, ჩვენ ასეთ მსოფლიოში არ ვცხოვრობთ. მეორე, ეს რომც მოინდომონ, ისინი ვერასოდეს შეთანხმდებიან, ვის რა უნდა ერგოს. მესამე, ეს ქვეყნები და რეგიონები იალტის დროინდელ ვითარებაში არ არიან, როცა საქმე დამარცხებულ, სამხედრო შეჭრის მსხვერპლ ან ოკუპირებულ ქვეყნებთან გვქონდა. ეს რეალური ქვეყნებია, რომლებსაც რეალური სუვერენიტეტი, რეალური მთავრობები და გადაწყვეტილების მიღების რეალური უფლებამოსილება აქვთ“.

სამიტის გამართვის წინადადება, თავდაპირველად, პუტინმა წამოაყენა. მას სურდა, უკრაინის მონაწილეობის გარეშე განეხილათ მისი ხედვა იმის შესახებ, რა შეთანხმებით უნდა დასრულებულიყო ომი, რომელსაც ის უკრაინაში აწარმოებს. სამიტის დღის წესრიგი ჯერ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხის წამოჭრას აპირებს, ჩინეთმა კი თქვა, რომ ამ თემის განხილვით დაინტერესებული არ არის.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ფონტეინი არაერთ საკითხს ეხება. მისი თქმით, დემოკრატების მიერ, კონგრესის ორივე პალატის კონტროლი მნიშვნელოვანი კანონების მიღების პერსპექტივას ამცირებს, ამიტომ ტრამპი, სავარაუდოდ, მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას დაუთმობს. ფონტეინის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ნატოს, ალიანსი მისი პრეზიდენტობის მეორე ვადას გაუძლებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, „ნდობა დიდწილად დაიკარგა“.

„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ორ წელიწადში ნდობა ვერ აღდგება“, — ამბობს ფონტეინი. „იმედი მაქვს, ამ პერიოდს რაც შეიძლება ნაკლები დამატებითი ზიანით გავივლით და მისი დასრულების შემდეგ ნდობის აღდგენას დავიწყებთ“.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 13 ნოემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: როგორ შეაფასებდით 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგებს?

რიჩარდ ფონტეინი, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: არჩევნების დროს საზღვარგარეთ ვიყავი. არაერთი ჩვენი უცხოელი მეგობრისგან მოვისმინე, რომ ეს არჩევნები მათზეც მოახდენდა გავლენას, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

მიუხედავად ამისა, ყველა ყურადღებით აკვირდებოდა, რა მოხდებოდა. შედეგი კი მართლაც მნიშვნელოვანი იყო. რიცხვებს თუ შევხედავთ, კონგრესის შემადგენლობაში ასეთი მასშტაბის ცვლილება 1974 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ „უოტერგეიტის“ სკანდალი ახალი მომხდარი იყო და მის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებზე კონგრესში ბევრი დემოკრატი აირჩიეს.

დემოკრატებმა მთელი შტატის მასშტაბით გამართულ არჩევნებშიც გაიმარჯვეს, მათ შორის ტეხასსა და სამხრეთ კაროლინაში, სადაც 1990-იანი წლების შემდეგ ეს არ მოუხერხებიათ. დაახლოებით 150 წლის შემდეგ, მისისიპიდან პირველად აირჩიეს [შავკანიანი] დემოკრატი სენატორი. დემოკრატებმა კანზასის მსგავს შტატებშიც გაიმარჯვეს.

ეს დემოკრატების მართლაც მასშტაბური გამარჯვება იყო, რომელიც მათ წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც სოლიდურ უმრავლესობას მისცემს. ახლა იწყება პერიოდი, როცა თეთრ სახლსა და კონგრესს სხვადასხვა პარტია გააკონტროლებს.

მეურმიშვილი: სამშაბათს ამერიკელებმა აშშ-ის კონგრესის წევრებთან ერთად შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებიც აირჩიეს, მათ შორის გუბერნატორები. რას ნიშნავს ეს? როგორ აისახება ეს შეერთებულ შტატებში ძალთა ბალანსზე?

ფონტეინი: ეს რამდენიმე მხრივ აისახება. დემოკრატებმა რამდენიმე შტატში გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვეს, მათ შორის ტეხასში, სადაც 1990-იანი წლების შემდეგ დემოკრატი გუბერნატორი არ ყოფილა. თუნდაც მხოლოდ იმას რომ შევხედოთ, რამდენი დემოკრატი და რამდენი რესპუბლიკელი აირჩიეს, შტატების დონეზე გამართულმა არჩევნებმა ბალანსი დემოკრატების სასარგებლოდ შეცვალა.

ამას ემატება ისიც, რომ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ხშირად საბოლოოდ ეროვნულ პოლიტიკაზეც აისახება. ბევრ მათგანს, ვინც შტატის დონეზე აქტიურობს, საბოლოოდ წარმომადგენელთა პალატაში ან სენატში ირჩევენ. ზოგი პრეზიდენტის, გუბერნატორის ან სხვა თანამდებობისთვის იყრის კენჭს. ამ გზით ერთი პარტიის რიგებიდან არჩევით თანამდებობებზე მეტი პოლიტიკოსი ხვდება, ვიდრე მეორე პარტიიდან.

მეურმიშვილი: ეს პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკაზეც აისახება?

ფონტეინი: დიახ, აისახება. მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტი კონგრესში მისთვის სასურველ ვერცერთ კანონპროექტს ვეღარ გაიტანს. ის ამაყობდა, რომ კონგრესს მიაღებინა „დიდი და მშვენიერი კანონპროექტი“ [2025 წლის კანონი გადასახადებისა და ხარჯების შესახებ], ეგრეთ წოდებული „დიდი და მშვენიერი კანონპროექტი“.

ტრამპის ადმინისტრაციის დარჩენილ ვადაში კიდევ ერთ „დიდ და მშვენიერ კანონპროექტს“ ვეღარ ვიხილავთ. პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს საშინაო საკანონმდებლო დღის წესრიგის კონგრესის გავლით გატარებას. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი, როგორც წესი, მეტ ყურადღებას საგარეო პოლიტიკას უთმობს. იქ მას გადაწყვეტილებების მიღების მეტი თავისუფლება აქვს და დღის წესრიგის განსაზღვრის მეტი შესაძლებლობაც აქვს. ის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიური ხდება, გამოდის საერთაშორისო ინიციატივებით და ასე შემდეგ. ველი, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

მეურმიშვილი: როგორ წარიმართება ამიერიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკა? რისი გაკეთება სურს ტრამპის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტ ტრამპს?

ფონტეინი: ზოგიერთ შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება სარისკოა, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ბევრი მხრივ განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია. თუმცა, ზოგ რამეს მაინც შეიძლება ველოდოთ. დიდი ალბათობით, პრეზიდენტს სურს, ირანის საკითხი როგორმე დასკვნით ეტაპამდე მიიყვანოს. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ყოყმანობს, დასჭირდება თუ არა ამისთვის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების კიდევ ერთი ეტაპი. ნებისმიერ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არ იქნება, თუ ორ წელიწადში ირანთან და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით იმავე ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ახლა ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ან ირანელებთან რაიმე სახის შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, ან რამე მსგავსი უნდა მოხდეს.

ის ღიად საუბრობს კიმ ჩენ ინისადმი სიმპათიასა და მასთან მეგობრობაზე. პრეზიდენტობის პირველ ვადაში მან დიდი ძალისხმევა გასწია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად. ამას საბოლოოდ შეთანხმება არ მოჰყოლია. თუმცა, წარმომიდგენია, რომ კიდევ რამეს სცდის, სულ მცირე, დიპლომატიური გზით.

რაც შეეხება კუბას, დიდი კითხვაა, საბოლოოდ სადამდე მივა საქმე. შეერთებული შტატები კუბაში საწვავის შეტანას ბლოკავს. კუბის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჰავანასა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებიც გაიმართა და საუბარიც შედგა. ვნახოთ, რა მოჰყვება ამას. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტს კუბასთან დაკავშირებით რაღაც ნაბიჯის გადადგმა სურს.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა საკითხებიც აუცილებლად წამოიჭრება.

მეურმიშვილი: რას ფიქრობთ ძალის გამოყენებაზე? თქვენ ირანიც ახსენეთ და კუბაც. ელით, რომ შეერთებული შტატები რომელიმე ამ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს ან სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს? რა როლი ექნება ამაში კონგრესს?

ფონტეინი: კონგრესს ძალის გამოყენების საკითხში ოფიციალურად განსაზღვრული როლი აქვს, თუმცა პრაქტიკაში პრეზიდენტები, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტიც, ზოგჯერ კონგრესის თანხმობის გარეშე მოქმედებდნენ.

პრეზიდენტმა ირანში ომის წარმოება კონგრესის ნებართვის გარეშე დაიწყო. კონგრესს ომი არ გამოუცხადებია. კონგრესს შეუძლია გამოიყენოს რეზოლუცია ომის წარმოების უფლებამოსილების შესახებ (War Powers Resolution). მას შეუძლია მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც პრეზიდენტს 90 დღის ვადაში ამერიკული ჯარის გაყვანა დაევალება. თუმცა, პრეზიდენტს შეუძლია ამ რეზოლუციას ვეტო დაადოს. ვეტოს დასაძლევად კი ორივე პალატაში ხმების ორი მესამედია საჭირო.

თუ პრეზიდენტს აშშ-ის სენატში 34 რესპუბლიკელის მხარდაჭერა ექნება, რაც თითქმის უეჭველია, კონგრესი ომის წარმოების უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციით პრეზიდენტს ვერ აიძულებს, ირანში ომი დაასრულოს. კონგრესს შეუძლია ირანში ომის დაფინანსება შეწყვიტოს, თუმცა პოლიტიკურად ეს რთული საკითხია. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს კონგრესი ჯარისკაცებს არ იცავს ან მხარს არ უჭერს.

ამასთან, ყველასთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც ომს შეცდომად მიიჩნევს, ყოველთვის ნათელი არ არის, გაუმჯობესდება თუ არა ვითარება, თუ უბრალოდ წამოვალთ. ირანში ომს ბევრი ასეთი სირთულე ახლავს და, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონგრესმა პრეზიდენტი აიძულოს, ომი დაასრულოს.

ჯერ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა პრეზიდენტი ირანში აქტიურ საბრძოლო ოპერაციებს. მე მაინც უფრო მგონია, რომ საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს. რეგიონში უზარმაზარ სამხედრო ძალას მოვუყარეთ თავი. ეს ძალა შეტევისთვის მზადაა, თუ პრეზიდენტი ისევ გადაწყვეტს შეტევაზე გადასვლას. რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ ამას გააკეთებდა. ახლა ამბობს, რომ ამის გაკეთება არ სჭირდება. ვინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე? ასეთია პრეზიდენტი.

რაც შეეხება კუბას, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები მის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს. თუმცა, ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია. მადუროს დაკავებამ გვიჩვენა, რამდენად ფართოა იმ ნაბიჯების სპექტრი, რომელთა გადადგმაც ასეთ ვითარებაში ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მეურმიშვილი: თქვენი აზრით, ექნება კონგრესს რაიმე როლი უკრაინის მიმართ პრეზიდენტის პოლიტიკის განსაზღვრაში?

ფონტეინი: ვფიქრობ, გარკვეულწილად ექნება. ცხადია, ეს არ შეეხება მოლაპარაკებებს, დიპლომატიას და ურთიერთობის სხვა საკითხებს, მაგალითად, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას. თუმცა, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ მიღწეულმა რუსეთთან დიზელის შესახებ შეთანხმებამ დიდი უთანხმოება გამოიწვია როგორც დემოკრატებში, ისე რესპუბლიკელებში. შეიძლება კონგრესმა გადადგას ნაბიჯები ამ შეთანხმების გასაუქმებლად და უზრუნველყოს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს ან ამისთვის კონგრესის თანხმობა გახდეს საჭირო.

კონგრესმა შეიძლება გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზოგი სანქცია და პრეზიდენტს მათი გვერდის ავლის ნაკლები უფლებამოსილება დაუტოვოს. გრემის ეს კანონპროექტი სანქციების, თუ ტარიფების შესახებ, იმ გათვლით მიიღეს, რომ პრეზიდენტი მას სხვა ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის იმპორტის შესამცირებლად გამოიყენებდა. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეს უფლებამოსილება არ გამოეყენებინა. კონგრესს შეუძლია, კანონის ზოგი დებულება გაამკაცროს. ეს ცალკეული ნაბიჯებია, რომლებსაც გავლენა ექნებოდა.

შეიძლება უკრაინისთვის რაიმე სახის დახმარების პაკეტის მომზადებაც სცადონ, თუმცა, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაკეტი კონგრესმა მართლაც მიიღოს და პრეზიდენტის ხელმოწერით კანონად იქცეს.

თუმცა, ვფიქრობ, რუსეთისა და უკრაინის საკითხში პოლიტიკური შედეგები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რისი მიღწევაც პრეზიდენტისთვის კონკრეტული პოლიტიკის თავს მოხვევით მოხერხდება. პრეზიდენტის მიდგომა ბევრ რესპუბლიკელს აწუხებს, როცა ის ამბობს, რომ მოსწონს [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი, არ მოსწონს [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ] ზელენსკი — უკრაინას სხვა პრეზიდენტი სჭირდება და ასე შემდეგ. ბევრ მათგანს ენისთვის კბილის დაჭერა უწევდა, რადგან არ სურთ, პრეზიდენტს პირდაპირ და საჯაროდ დაუპირისპირდნენ. თუმცა, როგორც თავად ფიქრობენ, ასეთ ნაბიჯს მათთვის სულ უფრო მცირე პოლიტიკური ფასი აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მეტი რესპუბლიკელი გამოვა და იტყვის, რომ ისეთი პოლიტიკა გვჭირდება, რომელიც უკრაინელებს მხარს დაუჭერს და რუსებზე ზეწოლას მოახდენს.

მეურმიშვილი: თქვენი აზრით, სენატში ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები იქნება?

ფონტეინი: არ ვიცი. ძნელი სათქმელია. ასეთ სცენარში კონგრესი დიზელის შესახებ შეთანხმების გაუქმების კანონს მიიღებდა, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებდა, შემდეგ კი კონგრესი ვეტოს დაძლევდა.

საგარეო პოლიტიკის საკითხზე მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ძალიან იშვიათია. როგორც წესი, პრეზიდენტები კანონპროექტს ვეტოს არ ადებენ, თუ ფიქრობენ, რომ ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმებია. ასეთ შემთხვევაში მას უბრალოდ ხელს აწერენ და ვეტოთი უკან აღარ აბრუნებენ. ამიტომ, უნდა ვნახოთ, იქნება თუ არა ასეთი კანონპროექტი და რეალურად კონგრესის რამდენი წევრი დაუჭერს მას მხარს. თუ წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც საკმარისი მხარდაჭერა ექნება, ჩემი ვარაუდით, პრეზიდენტი მას უბრალოდ ხელს მოაწერს და ვეტოთი უკან არ დააბრუნებს.

მეურმიშვილი: როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ რუსეთის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა შეიცვლება?

ფონტეინი: დიახ, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის ისედაც სულ იცვლება. ამას შუალედურ არჩევნებთან დიდი კავშირი არ აქვს. ეს უფრო ფართო პოლიტიკურ ვითარებაზე, მომენტზე, განწყობასა და სხვა ამგვარ გარემოებებზეა დამოკიდებული.

როცა პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, როგორც ჩანდა, სურდა, უკრაინელები იძულებული გაეხადა, რაც შეიძლება მალე დანებებოდნენ რუსებს. ამით ბრძოლა შეწყდებოდა და ამ შუალედში აღარ დაიღუპებოდნენ ადამიანები, რომლებიც ბრძოლის გაგრძელებას შეეწირებოდნენ, და ასე შემდეგ. მოგვიანებით, ზაფხულში, თითქოს უფრო უკრაინისკენ გადაიხარა და უფრო მეტად დაუპირისპირდა რუსეთს. ამ არჩევნების წინ კი, როგორც ჩანდა, უფრო რუსეთისკენ გადაიხარა და უფრო მეტად დაუპირისპირდა უკრაინას. ეს პოლიტიკაა თუ რიტორიკა? არ ვიცი. ძნელი სათქმელია. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთისა და უკრაინის მიმართ ამ ადმინისტრაციის მიდგომას თანმიმდევრულობა ნამდვილად არ ახასიათებდა.

მეურმიშვილი: ნატოზე რას იტყვით? ბოლო რამდენიმე კვირაა ვხედავთ, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ საუბარი ფართოვდება და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მსჯელობაში გადადის. როგორ მივედით აქამდე და როგორ უყურებთ ამ მსჯელობას?

ფონტეინი: არ ვფიქრობ, რომ [ნატოს ძალების განლაგებაში] რეალურად რაიმე შეიცვლება. ნატოს ფლანგების აღმოსავლეთ და ცენტრალური ნაწილებიდან დასავლეთისკენ უკანდახევა არ იქნება, არც იმის გამო, რომ ეს რუსეთს შეიძლება მოეწონოს და არც რაიმე სხვა მიზეზით.

პირიქით, ევროპაში აშშ-ის ძალების განლაგებას თუ დავაკვირდებით, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, მეტი სამხედრო იქნება, ვიდრე დასავლეთში. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედროები პოლონეთის მსგავს ქვეყნებში იქნებიან, გერმანიის მსგავს ქვეყნებში კი მათი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.

არ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ნატოდან გავა. ვიცი, რომ ბევრ ჩვენს ევროპელ მეგობარს ამის ეშინია და შეერთებული შტატებისა და ნატოს საიმედოობაც აშფოთებს. არც იმას ველი, რომ შეერთებული შტატები ევროპიდან მთელ თავის ჯარს გაიყვანს ან რომელიმე სხვა მსგავსი სცენარი განხორციელდება. ცალკეულ ადგილებში სამხედროების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, თუმცა ევროპაში მათი რიცხვი ისევ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს იყო.

ევროპის თითოეული ქვეყანა, ცხადია, ცდილობს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებას, სამხედრო ხარჯების გაზრდას და ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯების გადადგმას. ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ევროპაში აშკარად იგრძნობა რუსეთის ქცევით გამოწვეული შეშფოთება. ეს ნატოს თავდაცვასა და შეკავებას მეტ მნიშვნელობას შესძენს და უფრო ეფექტიანს გახდის.

მეურმიშვილი: ზოგ ევროპელ პარტნიორს პრეზიდენტ ტრამპის, [ჩინეთის] პრეზიდენტ სი [ძინპინის] და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაც აშფოთებს. ევროპელები შიშობენ, რომ შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოებაზე ევროპელების მონაწილეობის გარეშე ისაუბრებენ. რას ელით ამ შეხვედრისგან?

ფონტეინი: არ ველი, რომ ამ შეხვედრას რაიმე შედეგი მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შეხვედრის გამო არავის აქვს შეშფოთების საფუძველი. ეს არ არის კიდევ ერთი იალტა. დიდი სამეული მსოფლიოს რუკასთან არ შეიკრიბება, რომ გავლენის სფეროები გაინაწილოს და თქვას — ეს შენ გერგება. პირველი, ჩვენ ასეთ მსოფლიოში არ ვცხოვრობთ. მეორე, ეს რომც მოინდომონ, ისინი ვერასოდეს შეთანხმდებიან, ვის რა უნდა ერგოს. მესამე, ეს ქვეყნები და რეგიონები იალტის დროინდელ ვითარებაში არ არიან, როცა საქმე დამარცხებულ, სამხედრო შეჭრის მსხვერპლ ან ოკუპირებულ ქვეყნებთან გვქონდა. ეს რეალური ქვეყნებია, რომლებსაც რეალური სუვერენიტეტი, რეალური მთავრობები და გადაწყვეტილების მიღების რეალური უფლებამოსილება აქვთ.

ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, როცა ასეთი დიპლომატიური შეხვედრა იმართება, ადამიანები შიშობენ, რომ გადაწყვეტილებებს მათი მონაწილეობის გარეშე მიიღებენ და მათ ამ გადაწყვეტილებების შედეგებთან სამუდამოდ მოუწევთ ცხოვრება. შიშობენ, რომ დიდი სახელმწიფოები შეიკრიბებიან და ყველაფერს გაინაწილებენ. ეს უბრალოდ არ მოხდება. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე რეალისტური მოლოდინი ისაა, რომ ამ შეხვედრას არსებითი შედეგი არ მოჰყვება.

მეურმიშვილი :ევროპელები და სხვა პარტნიორები ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზეც, თუ რამდენად საიმედო პარტნიორი იქნება შეერთებული შტატები მომავალში. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მომდევნო ორ წელიწადში ამერიკის ურთიერთობა მის ისტორიულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე? ხომ არ არის ზიანი იმდენად დიდი, რომ შეერთებულმა შტატებმა ვითარების გამოსწორება ვეღარ შეძლოს?

ფონტეინი: ნდობა დიდწილად დაიკარგა და ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორისაა ეს, ცოტა არ იყოს, გიჟური იდეა, თითქოს შეერთებული შტატები დანიას გრენლანდიას როგორღაც ჩამოართმევდა, რუსეთისა და უკრაინის საკითხში პოზიციის  ცვლა, ევროპის ქვეყნების გამუდმებული გაკიცხვა და ასე შემდეგ. ეს სია კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ, ნდობა დიდწილად დაიკარგა. ვფიქრობ, მისი აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ დანგრევა აღდგენაზე ადვილია. დანგრევას აღდგენაზე ნაკლები დროც სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდება.

ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ორ წელიწადში ნდობა ვერ აღდგება. ალბათ, სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება ის, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავდით. ასეთ ვითარებაში მოგვიწევს ყოფნა. იმედი მაქვს, ამ პერიოდს რაც შეიძლება ნაკლები დამატებითი ზიანით გავივლით და მისი დასრულების შემდეგ ნდობის აღდგენას დავიწყებთ. თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ ურთიერთობის დღევანდელ მდგომარეობას რეალისტურად უნდა შევხედოთ. ის ნამდვილად არ არის ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს.

მეურმიშვილი: სად ხედავთ შედარებით მცირე ქვეყნების ადგილს ევროპასა და ევრაზიაში? ჩვენი აუდიტორიის ნაწილი ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო და სომხეთი. ელით თუ არა ამ ადმინისტრაციის მომდევნო ორ წელიწადში რომელიმე ამ ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ცვლილებას ან რაიმე ახალ ნაბიჯს, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში? თუ არა, ექნება თუ არა ხანგრძლივი შედეგი იმას, რომ ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ჩართულობა მცირე იყო?

ფონტეინი: ვფიქრობ, ძნელი სათქმელია, თუ თითოეულ ამ ქვეყანას ცალ-ცალკე არ განვიხილავთ. თუმცა, თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ეს შეიძლება მის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდებოდეს, ზოგ შემთხვევაში დემოკრატიას, ზოგ შემთხვევაში კი იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომელთა შეთავაზებაც მას შეუძლია. ამას ემატება ეკონომიკა და სხვა ფაქტორები. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ითვალისწინებენ. თუმცა, მომდევნო ორ წელიწადში ამ ქვეყნების მიმართ პოლიტიკა, სავარაუდოდ, ევროპის მიმართ საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება და განსაკუთრებით რუსეთის მიმართ კურსზე იქნება დამოკიდებული.

ვფიქრობ, ამერიკის პოლიტიკა, უპირველესად, უკრაინაში ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. თავისთავად ეს, ცხადია, მეტად დასაფასებელი მიზანია. უნდა ვეცადოთ უკრაინაში ომის დასრულებას. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პირობებით დასრულდება ომი. საქმე გარკვეულწილად სწორედ ამ საკითხზე შეფერხდა.

მეორე საკითხი თავდაცვის ტვირთის განაწილებაა. შეერთებულ შტატებს სურს, ევროპამ თავდაცვაზე მეტი დახარჯოს. ვფიქრობ, ევროპას ეს ესმის. თუმცა, ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.

დროდადრო ჩნდება უფრო ფართო თემებიც, როგორიცაა ევროპაში მასობრივი მიგრაცია, „ცივილიზაციის წაშლა“ და სხვა ამგვარი საკითხები. ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ბევრი ამ ქვეყნის მიმართ პოლიტიკას განსაზღვრავს ის ზოგადი მიდგომები, რომლებიც ევროპის, როგორც კონტინენტის, ან რუსეთის, როგორც ამ ომში მეომარი მხარის, მიმართ გვაქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, თითოეული ამ ქვეყნისთვის, ცხადია, ცალკე მიდგომა გვჭირდება, რომელიც სწორედ მის თავისებურებებს დაეფუძნება.

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი არის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი. მშობლიურ საქართველოში ტელევიზიის წამყვანის რანგში ცნობილია, მანამდე ის ხელმძღვანელობდა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის გადაცემებს, სადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნატოს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ხელმძღვანელობდა. ის ხშირად არის მოწვეული კომენტატორი, კონფერენციის მომხსენებელი და ლექტორი.

ასევე ნახეთ

дрон
ინტერვიუ

რუსეთისა და უკრაინის დრონებთან დაკავშირებული ყოველი შეკვეთა ჩინეთს აჩვენებს, როგორ იცვლება ომი

ნოემბერი 12, 2026
Senator-elect James Talarico speaks after his victory in the U.S. midterm elections.  REUTERS/Mike Segar
რჩეული

შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

ნოემბერი 4, 2026
конгрес
ანალიზი

აშშ-ის შუალედური არჩევნები — შედეგების მიუხედავად, უკრაინა კონგრესში მოკავშირეებს დაკარგავს

ნოემბერი 2, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media