• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > ინტერვიუ > რუსეთისა და უკრაინის დრონებთან დაკავშირებული ყოველი შეკვეთა ჩინეთს აჩვენებს, როგორ იცვლება ომი

რუსეთისა და უკრაინის დრონებთან დაკავშირებული ყოველი შეკვეთა ჩინეთს აჩვენებს, როგორ იცვლება ომი

კატერინა ბონდარი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი და უკრაინის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ ორივე მხარე დრონების ასაწყობად ერთსა და იმავე ჩინურ კომპონენტებს იყენებს. შედეგად, ფრონტზე ჩიხური ვითარება გრძელდება, პეკინი კი დრონების ომის განვითარების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.

ქართლოს შარაშენიძეავტორი ქართლოს შარაშენიძე
ნოემბერი 12, 2026
ენის შეცვლა:
English Українська Русский
дрон

Рятувальники гасять пожежу в приватному будинку, в який влучив російський ударний дрон у Запоріжжі, Україна, 10 листопада 2026 року. Фото: Дмитро Смолієнко / Укрінформ / Sipa USA через Reuters Connect.

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე ზამთარს უახლოვდება. კატერინა ბონდარი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი და უკრაინის მთავრობის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქებზე დრონებით იერიშები უფრო დახვეწილი და თითქმის უწყვეტი გახდა.

რუსეთი ახლა „შაჰედის“ ტიპის ნელა მფრენ დრონებს უფრო სწრაფ, რეაქტიულძრავიან დრონებთან და რაკეტებთან ერთად იყენებს.

ბონდარის თქმით, რუსეთმა გააცნობიერა, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და ახლა უკრაინის შიგნიდან განადგურებას ცდილობს. სამიზნედ ქვეყნის ეკონომიკას, ლოგისტიკას, ენერგეტიკულ სისტემას ირჩევს და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

ბონდარის თანაავტორობით გამოქვეყნებული CSIS-ის კვლევა აღწერს, რამდენად სწრაფად იცვლება „გერანის“ დრონები. ინტერვიუში ბონდარი თავისი ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ რუსეთი „გერანის“ დრონებს, საშუალოდ, ყოველ 90 დღეში მნიშვნელოვნად ანახლებს.

ბონდარი ამბობს, რომ რუსულ შეიარაღებაში გამოყენებული ელექტრონული კომპონენტების დაახლოებით 70% დასავლურ კომპანიებში იწარმოება და რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება.

ფრონტზე შექმნილ ჩიხსაც ბონდარი მიწოდების ჯაჭვით ხსნის. მისი თქმით, რუსები და უკრაინელები „ერთი და იმავე ჯამიდან მიირთმევენ“ — ერთსა და იმავე ჩინურ კომპონენტებს ყიდულობენ და ერთნაირ დრონებს აწყობენ. ამ პირობებში უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ იღებს. ბონდარის თქმით, ჩინეთი ამ ომით ყველაზე მეტად მოგებულ ქვეყნებს შორისაა, რადგან შეკვეთებიდან ხედავს, რაზეა მოთხოვნა და როგორ იცვლება ტექნოლოგია. მისი აზრით, აშშ-ს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ჩინურ ნაწილებს არ იყენებს, საკუთარი საწარმოო ბაზის ნულიდან შექმნა უწევს. ბონდარის თქმით, ეს შესაძლებელია, თუმცა დროსა და ინვესტიციას მოითხოვს.

ბონდარი ასევე საუბრობს უკრაინულ გზაგადამჭრელ დრონებზე და პენტაგონის დრონების პროგრამას პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყვეტად მიიჩნევს. მისი თქმით, ევროპას ერთიანი პასუხი არ აქვს. დრონებით ომში შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებად კი ავტონომიურ სისტემებზე გადასვლას ელის.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 28 ოქტომბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: კატერინა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე ზამთარს უახლოვდება. როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბოლოდროინდელ დრონებით თავდასხმებს ხედავთ, რა არის თქვენი შეშფოთების მთავარი მიზეზი?

კატერინა ბონდარი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მკვლევარი: დრონებით იერიშები, რა თქმა უნდა, გახშირდა, უფრო დახვეწილი და პრაქტიკულად უწყვეტი გახდა. ეს განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იგრძნობა — კიევში, ოდესაში, დნიპროში, ხარკივში, ფაქტობრივად, უკრაინის ყველა დიდ ქალაქში.

რუსეთი ახლა კიდევ უფრო მრავალფეროვან სისტემებს იყენებს და სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას ერთმანეთს უთავსებს. ადრე მხოლოდ ჩვეულებრივი, ნელა მფრენი დრონები იყო. ახლა მათ გაცილებით სწრაფ, რეაქტიულძრავიან დრონებს ამატებენ და, რა თქმა უნდა, ამავე იერიშებში ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებსაც იყენებენ.

ეს მასირებული იერიშებია, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის რესურსებს ამოწურავს. ამიტომ, მოახლოებული დრონებისა და რაკეტების ნაწილის გზის ჩაჭრა ძალიან რთულია. ამას ნაწილობრივ ახალი ტექნიკური სირთულეები განაპირობებს, მაგალითად, დრონების გაზრდილი სიჩქარე.

კიდევ ერთი მიზეზი პოლიტიკური გარემოებებით გამოწვეული გზაგადამჭრელი საშუალებების უქონლობაა.

შარაშენიძე: გავიხსენოთ, როგორ მოვედით აქამდე — რუსეთმა ირანში შემუშავებული „შაჰედების“ გამოყენება ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. ახლა კი ამ დრონების საკუთარ ვერსიებს „გერანის“ სახელით აწარმოებს. რამდენად განსხვავდება დღევანდელი „გერანები“ იმ პირველი „შაჰედებისგან“?

ბონდარი: რუსეთი „შაჰედის“ ტიპის დრონებს, რომლებსაც „გერანს“ უწოდებს, ძალიან გააზრებულად უდგება. დიახ, „შაჰედის“ ტიპის დრონის ტექნოლოგია ირანისგან იყიდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი კომპონენტის წარმოება რუსეთშივე დაიწყო და ბევრი მათგანი რუსული სისტემებით ჩაანაცვლა.

ამ ტიპის აპარატებისთვის ორი ცალკე საწარმოო ხაზი გამართეს. ერთი ალაბუგაშია, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, მეორე კი იჟევსკში. ეს ორი ხაზი პარალელურად მუშაობს, რასაც თავისი უპირატესობებიც აქვს.

ისინი სისტემის სხვადასხვა ნაწილებზე მუშაობდნენ, განუწყვეტლივ ცვლიდნენ და აუმჯობესებდნენ იმის მიხედვით, როგორ ვითარდებოდა უკრაინაში რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, როგორ იხვეწებოდა საჰაერო თავდაცვის ტაქტიკა და როგორ იზრდებოდა თავად საჰაერო თავდაცვის მასშტაბი.

რუსების მიერ შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კავშირის სისტემას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელებმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები განავითარეს და, როცა დრონსა და რუსეთში მყოფ ოპერატორს შორის სიგნალს ახშობენ, დრონი უმართავი ხდება. კავშირის სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე აუცილებელია ნავიგაციის სისტემა იმისთვის, რომ დრონმა სივრცეში ორიენტირება შეძლოს, დაადგინოს საკუთარი მდებარეობა და მითითებულ მარშრუტს მიჰყვეს.

რუსები ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად დრონების გამოყენების ტაქტიკაზეც მუშაობდნენ. თავდაპირველად დრონები სწორი, ადვილად პროგნოზირებადი ტრაექტორიით დაფრინავდნენ. მათი გადაჭერა უფრო ადვილი იყო. შემდეგ მიმართულების შეცვლა და მანევრირება დაიწყეს. მოგვიანებით ფრენის სიმაღლეც შეცვალეს. მანამდე საკმაოდ დაბლა დაფრინავდნენ და მათი ჩამოგდება ტყვიამფრქვევითაც შეიძლებოდა.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ საჰაერო თავდაცვის ჯგუფების, მათ შორის, მობილური ჯგუფების რაოდენობა გაზარდა, რუსებმა დრონების უფრო მაღლა ფრენა დაიწყეს. ასეთ სიმაღლეზე მათ ტყვიამფრქვევით ვეღარ სწვდებოდნენ. დრონები კი იქიდან პირდაპირ სამიზნისკენ ეშვებოდნენ.

ეს უწყვეტ კატა-თაგვობანას ჰგავს, ოღონდ, სამწუხაროდ, რეალურ ომში. ინოვაციაც და სისტემის ეტაპობრივი გაუმჯობესებაც სწორედ ასე ხდება. თითოეული მხარე რაღაც ახალს იგონებს და მოწინააღმდეგის სიახლეზე საპასუხო ზომასაც პოულობს.

ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსული მხარე ტექნოლოგიას ყოველ 90 დღეში მნიშვნელოვნად აახლებს. სისტემა ყოველ სამ თვეში ერთხელ მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

შარაშენიძე: რამდენად ცვლის ეს გაუმჯობესებული „გერანები“ რუსეთის მდგომარეობას ბრძოლის ველზე? რამდენად მნიშვნელოვანია ეს რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის?

ბონდარი: ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. რუსეთი ფსონს შეიარაღების ამ მნიშვნელოვან სისტემაზე დებს, რადგან ახლა გააცნობიერა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვებას ვერ შეძლებს. კონვენციურ ომში, ბრძოლის ველზე, ქვეყანას ვერ დაიპყრობს.

რუსეთმა სამხედრო სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის შიგნიდან განადგურებას შეუდგა. სამიზნედ აქცია ეკონომიკა, ლოგისტიკა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული სისტემები. ამასთან, მოსახლეობაზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. როცა მუდმივი თავდასხმების პირობებში ცხოვრობ, ძნელია, დეპრესიაში არ ჩავარდე. ეს ადამიანებზე ძლიერ მოქმედებს.

„შაჰედის“ რუსული ვერსია, რომელსაც ახლა „გერანს“ უწოდებენ, ამ ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საბრძოლო სისტემაა. სწორედ ამიტომ დადო რუსეთმა ფსონი მასობრივ წარმოებაზეც. ერთი დრონი ვითარებას ვერ შეცვლის. მაგრამ, როცა დრონებს მასობრივად აწარმოებ და ტალღებად უშვებ, სხვაობა საგრძნობი ხდება.

შარაშენიძე: რა სჭირდება რუსეთს ამ დრონების მასობრივი წარმოებისთვის? დასავლური სანქციები რუსეთს ომის დროს მათ შემუშავებასა და წარმოებას უნდა ურთულებდეს, ხომ ასეა? ვინ ეხმარება რუსეთს ტექნოლოგიებითა და კომპონენტებით და რისი წარმოება შეუძლია თავად?

ბონდარი: ძნელი სათქმელია, სინამდვილეში რამდენს აწარმოებს რუსეთი თავად, რადგან ეს თანაფარდობა მუდმივად იცვლება. სწორად აღნიშნეთ, სანქციები უნდა მუშაობდეს. მაგრამ, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რუსულ შეიარაღებაში, მათ შორის, „გერანის“ დრონებში გამოყენებული კომპონენტების თითქმის 70% უცხოეთიდან შედის.

დიდი ნაწილი ჩინეთიდან — თავდაპირველად რუსები ირანულ კომპონენტებს იყენებდნენ, შემდეგ კი ჩინური კომპონენტების გამოყენება დაიწყეს.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები ელექტრონული ჩიპებია, რომლებზეც ნავიგაცია, კავშირი და სისტემის მუშაობაა დამოკიდებული. ყველა მათგანი დასავლეთიდან მოდის — როგორც ვხედავთ, მეხსიერების მოწყობილობებში გამოყენებული ელექტრონული კომპონენტების თითქმის 70% დასავლური კომპანიებისგან მოდის. ეს არის კომპანიები, რომელთა სათავო ოფისები აშშ-ში, შვეიცარიასა და იაპონიაშია. ეს დიდი პრობლემაა, თუმცა ამ ქვეყნებიდან რუსეთში პირდაპირ მიწოდებაზე არ არის საუბარი. როგორც აღნიშნეთ, არის ქვეყნები, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან რუსეთს. ეს უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. ბევრი კომპონენტი რუსეთში ჰონკონგის გავლით ხვდება, ასევე ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირეების, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით, როგორებიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი. რუსეთს ამაში ჩინეთიც ეხმარება.

შარაშენიძე: უკრაინა აცხადებს, რომ უფრო სწრაფი, რეაქტიულძრავიანი დრონების შეკავებას სულ უფრო წარმატებით ახერხებს. რა მიდგომა იძლევა შედეგს? ეხმარება უკრაინას ახალი გზაგადამჭრელი დრონები?

ბონდარი: უკრაინა გამოსავალს სხვადასხვა მიმართულებით ეძებს. დრონები, მათ შორის, გზაგადამჭრელი დრონები მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ეს ინოვაციის დასავლური მოდელია. გვყავს ბევრი კომპანია და სტარტაპი, რომლებიც საკუთარ გადაწყვეტებს გვთავაზობენ. ეს თავისუფალ ბაზარზე კონკურენციას ჰგავს. უპირატესობა ის არის, რომ გაცილებით მეტი იდეა, მეტი შემოქმედებითი მიდგომა და სიახლე გვაქვს. ვფიქრობ, იმას, რაც ყველაზე კარგად იმუშავებს, უკრაინა დიდი რაოდენობით შეიძენს და აწარმოებს.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, გზაგადამჭრელი დრონებია. ეს კვადროკოპტერებია, რომლებსაც უფრო სწრაფად შეუძლიათ ფრენა. თუმცა, სამწუხაროდ, ბატარეის შეზღუდული რესურსის გამო დიდხანს ვერ დაფრინავენ. უკრაინელები რეაქტიულძრავიან გზაგადამჭრელებასაც ცდიან. ტექნოლოგია იგივეა, მაგრამ ზომა უფრო მცირეა. ამ სისტემების გაიაფებასაც ცდილობენ, რადგან ამ ომში, როცა მასობრივ და ფართომასშტაბიან წარმოებაზეა საუბარი, ფასსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

არის სხვადასხვა ტიპის გზაგადამჭრელი დრონები და ისეთი სიახლეებიც, როგორებიცაა მცირე ზომის რაკეტები. კომპანიები ცდილობენ, რაკეტები დააპატარაონ და გააიაფონ, რათა მათი ფასი სამიზნის ფასს დაუახლოვდეს.

არის სხვა სისტემებიც, რომლებიც შეიძლება მთლად ახალი არც იყოს, თუმცა მათ გამოყენებას ახლა იწყებენ. მაგალითად, ლაზერული სისტემები და სხვა საშუალებები, რომლებზეც ჯერჯერობით საუბარი არ მინდა.

ვფიქრობ, ერთ უნივერსალურ გამოსავალს ვერ ვიპოვით. ესეც სხვადასხვა ტექნოლოგიის კომბინაცია იქნება. მათ, შესაძლოა, თავდაცვის სხვადასხვა შრედ განალაგებენ ან ერთად გამოიყენებენ. ძნელია იპოვო რამე, რაც ვითარებას ძირფესვიანად შეცვლის ან პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოაგვარებს. არ მგონია, ასეთი რამ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს. თუმცა, სხვადასხვა გზაგადამჭრელი საშუალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კომბინაცია, ალბათ, პრობლემას მოაგვარებს. იმედი მაქვს, საკმაოდ მალე.

შარაშენიძე: უკრაინამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებით.

თქვენ უკრაინისა და რუსეთის დრონების ინდუსტრიებს შორის განსხვავებები ახსენეთ და ვხედავთ, რომ უკრაინაში დრონებზე მცირე, საოჯახო კომპანიებიც მუშაობენ.

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, როგორ გააძლიერა უკრაინამ ომის დროს საკუთარი შესაძლებლობები დრონების სფეროში და რა მიმართულებით ელით შემდგომ განვითარებას?

ბონდარი: ვფიქრობ, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში კომპანიები გაერთიანდებიან, რადგან, როგორც სწორად აღნიშნეთ, მწარმოებელი ბევრია. ერთი მხრივ, შეგვიძლია სხვადასხვა სიახლესა და გადაწყვეტას შორის არჩევანი გავაკეთოთ, მეორე მხრივ კი წარმოების მასშტაბის გაზრდას ვერც ერთი კომპანია ვერ ახერხებს. როცა მწარმოებელი ამდენია, შეიარაღებული ძალები ყველასგან პროდუქციას ერთნაირად დიდი რაოდენობით ვერ შეიძენს.

ამიტომ, კომპანიებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთთან გაერთიანება.

გაერთიანდებიან სხვადასხვა მიმართულების კომპანიებიც. საჰაერო დრონების მწარმოებლები, ალბათ, სახმელეთო ან საზღვაო სისტემების მწარმოებლებს შეიძენენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, სხვადასხვა საბრძოლო სივრცეში ერთობლივი ოპერაციებისთვის შექმნან სისტემები. ასეთი სისტემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, მონაცემებს გაცვლის და ერთი მისიის ფარგლებში ერთად იმუშავებს.

ვფიქრობ, ეს ტენდენცია უკვე ჩანს და უახლოეს მომავალში პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

ყველაფერი რობოტიზაციისკენ მიდის. მომავალში სხვადასხვა სივრცეში სულ უფრო მეტ მისიას შეასრულებენ ავტონომიური სისტემები.

შარაშენიძე: თქვენ თქვით, რომ რუსეთის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყოველ 90 დღეში ხდება. რა ინტერვალით აახლებს უკრაინა თავის სისტემებს?

ბონდარი: ვფიქრობ, განახლების საშუალო ციკლზე საუბარი რთულია, რადგან სისტემები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პირველი პირის ხედვის მქონე პატარა კვადროკოპტერი (FPV) და შორ მანძილზე დარტყმის სისტემა ან რაკეტა, რომელსაც უკრაინა ავითარებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.

ერთი შეხედვით, მცირე ზომის სისტემები უფრო მარტივია და მათი შეცვლაც უფრო ადვილია. თუმცა, კვადროკოპტერი ომის დასაწყისიდან უცვლელია, შეიძლება ითქვას, იმ დროიდანაც კი, როცა ის დრონების რბოლებიდან სამხედრო სფეროში გადმოვიდა.

ამიტომ პასუხის გაცემა რთულია.

ვიტყოდი, რომ ამ შეჯიბრსა და განახლების ციკლს იმ კონკრეტული მიმართულებებით უნდა დავაკვირდეთ, სადაც სიახლეები ჩნდება. კავშირის სისტემებში, მაგალითად, ეს არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მართვადი დრონები, რადიოკავშირი, სიხშირეების სწრაფი მონაცვლეობა და კავშირისთვის Starlink-ის გამოყენება. მთავარი ამოცანა დრონსა და ოპერატორს შორის კავშირის შენარჩუნებაა. ყველაზე მეტი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს. დრონის კონსტრუქციაზე ამდენ ექსპერიმენტს არ ატარებენ.

ვფიქრობ, სხვადასხვა ტიპის დრონები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. განახლების საშუალო ვადის განსაზღვრა მართლაც რთულია. პროცესი სწრაფია, თუმცა ვადები სხვადასხვაა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება. უფრო რთულ სისტემებში, როცა საქმე აპარატურასაც ეხება და პროგრამულ უზრუნველყოფასაც, ციკლი შეიძლება ნახევარი წელი ან ერთი წელი გაგრძელდეს.

შარაშენიძე: ჩინეთს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ახსენეთ, როგორ ეხმარება ის რუსეთს ამ დრონების წარმოებაში. ამავე დროს, ჩინეთი ომის ორივე მხარისგან სწავლობს. რა არის ჩინეთისთვის ამ ომის მთავარი გაკვეთილები და როგორ იყენებს მათ შეიარაღებული ძალებისა და დრონების ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად?

ბონდარი: უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ჩინეთი სწავლობს და რისი დანერგვაც სურს, მის ამჟამინდელ სამხედრო სტრატეგიაზეა დამოკიდებული. სწორედ სტრატეგია განსაზღვრავს ამას.

რას ვხედავთ? ჩინეთი უპილოტო სისტემებზე მუშაობს და ამ ტექნოლოგიით საკუთარი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ვგულისხმობ იმას, რომ ისტორიულად ჩინეთის შეიარაღებული ძალების ბირთვი სახმელეთო ჯარი იყო. ახლა ჩინეთი გაერთიანებული ძალების შექმნას ცდილობს, რათა სახმელეთო ჯარმა სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად შეძლოს მოქმედება. ჩინეთისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა სივრცეში უპილოტო სისტემებს იყენებს. ეს ერთი საკითხია.

მეორე, რასაც ჩინეთში აშკარად ხედავენ, ყველა ტიპის უპილოტო სისტემის წარმოების მასშტაბი და მათი მასობრივი გამოშვების მნიშვნელობაა. მათ ესმით, რომ უზარმაზარი უპირატესობა აქვთ, რადგან ეს ინდუსტრია უკვე შექმნილი აქვთ.

თუმცა, ისიც ესმით, რომ კონკურენტები, დიდი ალბათობით, ასიმეტრიულ პასუხებს მოძებნიან, რადგან მასობრივ წარმოებაში ჩინეთს კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ამიტომ, ცდილობენ ისეთი შესაძლებლობების განვითარებას, რომლებითაც უპილოტო სისტემების წინააღმდეგ თავადაც ფართო მასშტაბით იმოქმედებენ. ან, შესაძლოა, ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ, რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს დასავლეთს უპილოტო სისტემების მასობრივ წარმოებასა და გამოყენებაზე, რათა ამისთვის მზად იყვნენ.

ჩინეთს ძალიან კარგად გამოსდის ნანახის პირდაპირ პრაქტიკაში გადატანა. მიღებულ გამოცდილებას აანალიზებენ და მაშინვე იყენებენ. ვხედავთ, როგორ გადააქვთ წვრთნებსა და სწავლებებში ახალი ტაქტიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრძოლის ველზე გაჩნდა.

ისინი რუსებთან ერთად ატარებენ სწავლებებს და მათგან სწავლობენ. იყენებენ იმას, რასაც ხედავენ — ტექნოლოგიებსაც და ტაქტიკასაც — და დოქტრინის განახლებას ცდილობენ. იციან, რა სისუსტეები აქვს შეიარაღებული ძალების მკაცრად იერარქიულ სტრუქტურას და ცდილობენ გაარკვიონ, რისი შეცვლა შეუძლიათ. ესმით, რომ კონფლიქტის შემთხვევაში მეტი მოქნილობა დასჭირდებათ.

ისინი ძალიან გააზრებულად მოქმედებენ. მათი უპირატესობა ისაა, რომ დაკვირვებიდან მოქმედებაზე სწრაფად გადადიან. სამწუხაროდ, ჩვენ, დასავლეთში, სწორედ ეს გვაკლია.

შარაშენიძე: აშშ-ის დრონების სტრატეგიაზეც მინდა გკითხოთ. მანამდე კი, დაახლოებით ორი კვირის წინ ვაშინგტონში აშშ-ის არმიის კონფერენციას ესწრებოდით. თუ სწორად მახსოვს, იქ თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინისგან ბევრი რამ ისწავლა, თუმცა ჩინური კომპონენტების გამო ყველაფერს ვერ გამოიყენებენ, რასაც უკრაინა იყენებს. ჩინურ კომპონენტებს რუსულ დრონებშიც ვხედავთ. რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის და რას ნიშნავს აშშ-ისთვის?

ბონდარი: ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ამ ომით ყველაზე მეტად ისარგებლეს. როგორც რუსებიც და უკრაინელებიც ამბობენ, „ერთი და იმავე ჯამიდან მიირთმევენ“. ისინი ერთსა და იმავე ჩინურ კომპონენტებს ყიდულობენ და ამ ნაწილებით ერთნაირ დრონებს აწყობენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩიხი ბრძოლის ველზე. ყველა ერთი და იმავე ტიპის ტექნოლოგიას იყენებს და უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს.

რას სწავლობს ჩინეთი ამით და როგორ სარგებლობს? შესყიდვებიდან და შეკვეთებიდან ხედავს, რას იყენებენ, რას უკვეთავენ და რაზეა მოთხოვნა. ჩინეთს დიდი მოცულობის მონაცემები უგროვდება. მათი გაანალიზებით შეუძლია პროგნოზი გააკეთოს ან სულ მცირე, უკეთ დაინახოს, რა კომპონენტებია საჭირო და სად ხდება გაუმჯობესება. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის. რუსები და უკრაინელები ჩინურ მზა პროდუქციასაც ყიდულობენ და გაუმჯობესებულ კომპონენტებსაც უკვეთავენ, ზოგჯერ ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციით. ასე ჩინეთი ბევრ ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, როგორ იცვლება და ვითარდება ტექნოლოგია.

ამავე დროს, შეერთებულ შტატებს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა ცხადია, რომ ჩინეთზე დამოკიდებული ვერ იქნები. ამიტომაც არსებობს წესები, რომელთა თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ჩინურ კომპონენტებს და საერთოდ ჩინურ ნაწარმს არ იყენებენ. ამას, ცხადია, თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი გამოწვევაც ჩნდება. ამ ახალი ტიპის ომისთვის სამხედრო-სამრეწველო ბაზა ნულიდან უნდა შექმნა.

ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. უბრალოდ, ამას დრო, დიდი ინვესტიცია და ძალიან პრაქტიკული მიდგომა სჭირდება, რათა განისაზღვროს, ზუსტად რა უნდა შეიქმნას, რა რაოდენობით და რა მასშტაბით.

ეს დიდი გამოწვევაა როგორც მთლიანად აშშ-ის ინდუსტრიისთვის, ისე მისი შეიარაღებული ძალებისთვის. თუმცა, შესაძლოა, დროა, თავიდან გავიაზროთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა კომპონენტების, წარმოებისა და ნედლეულის მხრივ, საიდან ვიღებთ ამ რესურსებს და როგორ უნდა გადავაწყოთ მიწოდების ჯაჭვები ქვეყნის შიდა და ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ეს ორივე ეკონომიკისთვის გამძლეობის გამოცდაა. გვაჩვენებს, რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი და რისი გაუმჯობესებაა საჭირო მეტი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

შარაშენიძე: შეგიძლიათ მეტი გვითხრათ პენტაგონის დრონების ახალ პროგრამაზე (Drone Dominance Program)? რა მიზანს ემსახურება, როგორ მუშაობს და რამდენად შეცვალა უკრაინის გამოცდილებამ ის, თუ როგორ ავითარებს დღეს აშშ დრონებს?

ბონდარი: უპირველესად, თავად პროგრამის შექმნაა უკრაინაში ომის შედეგი, რადგან მანამდე აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ დრონები დიდი რაოდენობით გვჭირდებოდა. ფაქტი, რომ პროგრამა შეიქმნა და უკვე არსებობს, თავისთავად დიდი მიღწევაა.

დიახ, პროგრამას საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების მასშტაბით 1 მილიარდი დოლარი, შესაძლოა, არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ ეს ინდუსტრიას მიანიშნებს, რომ ომის დეპარტამენტს დრონები ნამდვილად სჭირდება.

მთავარი მიზანი დრონების დიდი რაოდენობით შესყიდვის დაწყებაა. თუმცა, ჩემი აზრით, პროგრამა დრონებით ომისა და შეიარაღებულ ძალებში დრონების ინტეგრირების პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს. სისტემის შეძენა საკმარისი არ არის. უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო სისტემა, გყავდეს მომზადებული ოპერატორები და მომზადებული სამხედრო დანაყოფები. უნდა შეცვალო ძალების სტრუქტურა, განაახლო დოქტრინა, ტაქტიკა, სწავლება, ტექნიკური მომსახურება და კიდევ ბევრი რამ, რაც სისტემის მუშაობისთვის არის საჭირო.

სწორედ ამ ნაწილში ჩამორჩება პროგრამა. ის მხოლოდ სისტემების შესყიდვასა და მათ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობას შორის ამა თუ იმ გზით განაწილებას ისახავს მიზნად. ღიად რჩება კითხვა, რა ხდება შემდეგ.

ამის გარეშე ეს დრონები ბრძოლის ველზე უპირატესობას ვერასდროს მოგვცემს. ჯერჯერობით ეს უბრალოდ ყუთებიდან ამოღებული მოწყობილობებია, რომლებიც გამოუყენებლად დევს. ვიცი, რომ ომის დეპარტამენტი ამ საკითხის მოგვარებას სპეციალური ჯგუფის, Task Force Easy-ის, შექმნით ცდილობს. სულ რამდენიმე კვირის წინ განცხადება მოვისმინე და, როგორც გავიგე, ჯგუფი სწორედ ინტეგრირების ამ პრობლემებზე სამუშაოდ შეიქმნა. ეს კარგი ნიშანია.

ვფიქრობ, ამ მიზანს ვუახლოვდებით, თუმცა პროცესი ჯერ ცოტა ფრაგმენტულია. სხვადასხვა ინიციატივა გვაქვს. მათ კოორდინაცია სჭირდება და ჩვენც უნდა გვესმოდეს, საით მივდივართ.

შარაშენიძე: რაც შეეხება ევროპას, რამდენად კარგად იყენებენ ევროპის ქვეყნები უკრაინის გამოცდილებასა და მიღწევებს საკუთარი დრონების გასავითარებლად და თავდაცვის გასაძლიერებლად?

ბონდარი: რთულ კითხვას მისვამთ. უპირველესად, ევროპაზე ერთიანად საუბარი მიჭირს, რადგან ამ საკითხზე ევროპა ერთიანი არ არის. ყველა, სულ მცირე, ამბობს, რომ საფრთხეს აცნობიერებს და ესმის, რა არის საჭირო. მაგრამ, სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავებულ ნაბიჯებს ვხედავთ. ზოგი უფრო მტკიცედ მოქმედებს, ზოგი ნაკლებად. ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შორსაა ქვეყანა რუსეთისგან და უშუალოდ ბრძოლის ველისგან. რაც უფრო შორსაა, მით უფრო ნაკლებად ღელავს. თუმცა, განზოგადება არ მინდა.

ზოგადად, ვხედავთ, რომ ევროპა თავდაცვის ხარჯებს ზრდის. თუმცა, ევროპის ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებაა იმაში, თუ როგორ აისახება ეს ხარჯები რეალურ შესყიდვებზე ან თავდაცვის სამრეწველო ბაზის განვითარებაზე, რამდენად დამოუკიდებელია ეს პროცესი აშშ-ისგან და როგორ აგვარებენ ინტეგრირების საკითხს.

ვიტყოდი, რომ ამ პროცესს, ალბათ, გარკვეულწილად გერმანია უძღვება, რადგან იქიდან ბევრ სტარტაპს ვხედავ. ზოგიერთი მათგანი მართლაც დიდია და უკრაინაშიც მუშაობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სისტემების შემუშავებისას უკრაინისგან მიღებული გაკვეთილები და ოპერატიული გამოცდილება უნდა გაითვალისწინო. ეს კომპანიები აშშ-ის ბაზარზეც გადიან. სწორედ აქ ვხედავ ყველაზე დინამიკურ გარემოს სტარტაპებისთვის.

თუმცა, ბევრი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, პოლონეთსა და ესტონეთში. მთავრობები ინდუსტრიისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე მუშაობენ.

რთულია იმის თქმა, მთლიანობაში რა ხდება ევროპაში. ვხედავ, რომ ევროპა თავდაცვის განახლებისკენ ნაბიჯებს დგამს, ზრდის ხარჯებს და სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ შეიარაღებული ძალების განახლების მტკიცე განზრახვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანი სწორედ ესაა.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, მთელი ევროპა, ამა თუ იმ ფორმით, უკვე ომშია რუსეთთან. შესაძლოა, ეს ჰიბრიდული ომია, თუმცა ომი უკვე მიმდინარეობს და ამას ყველა ვერ აცნობიერებს.

როდესაც ომში ხარ და გინდა, ფართო გაგებით ისეთივე გამძლეობა გამოიჩინო, როგორიც უკრაინელებმა გამოიჩინეს, მხოლოდ შეიარაღებულ ძალებთან მუშაობა საკმარისი არ არის. ეს მთელი საზოგადოების საქმე უნდა იყოს. უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რომ ომი ბრძოლის ველზე, სანგრებში მყოფ ადამიანებსაც ეხება და დანარჩენ საზოგადოებასაც. მის შედეგებს ყველა იგრძნობს.

ვფიქრობ, ევროპა ამ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოეკიდოს და საზოგადოება მოამზადოს, რომ ადამიანებმა საფრთხე გააცნობიერონ, გამძლეობა გამოიჩინონ და მზად იყვნენ ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის ესკალაციისთვის.

შარაშენიძე: რა შესაძლებლობებს აძლევს დრონები პატარა ქვეყნებს თავდაცვის გასაძლიერებლად? უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, რით უნდა დაიწყონ, რაში უნდა ჩადონ რესურსები და როგორ მოამზადონ საკუთარი შეიარაღებული ძალები?

ბონდარი: უზარმაზარ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის იდეალური რეცეპტი ან სრულყოფილი გეგმა ვინმეს რომ ჰქონოდა, ვფიქრობ, აქამდე არც კი მივიდოდით. თუმცა, ამ ომიდან გარკვეული გაკვეთილების გამოტანა შეიძლება და არის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ქვეყნებს შეუძლიათ.

ქვეყნებს ნამდვილად შეუძლიათ სიგნალი მისცენ თავიანთ სტარტაპებს, სამოქალაქო ინჟინრებს, სახელს მნიშვნელობა არ აქვს. შეუძლიათ ნიჭიერი მოქალაქეები ჩართონ და ახალი ტიპის გადაწყვეტებზე დაიწყონ მუშაობა. ვხედავთ, რა მუშაობს და რა არის საჭირო.

მეორე, ვფიქრობ, შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო სწავლებები და წვრთნები უნდა ჩაატარონ. როცა ბრძოლის ველზე მოქმედების გამოცდილება არ გაქვს, რეალურ ვითარებას ყველაზე მეტად OPFOR-ის [პირობითი მოწინააღმდეგის ძალების] მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები, წითელი და ლურჯი გუნდების დაპირისპირება და მსგავსი სავარჯიშოები უახლოვდება. ამგვარად, თუ რამე დაიწყება, სრულიად მოუმზადებელი არ იქნები.

ვფიქრობ, მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ყველაფერს აყალიბებს, უნარებიდან აზროვნებამდე. ადამიანები ახალ ვითარებას ერგებიან და ასეთი მოქმედება მათთვის თანდათან ჩვეულებრივი ხდება.

საზოგადოებაც და საზოგადოებრივი აზრიც შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოამზადო. თავდასხმა შეიძლება საზღვარზე ტანკების გადმოსვლით დაიწყოს ან ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევით, რომელიც ყველაფერს მწყობრიდან გამოიყვანს. აღარ გაქვს ელექტროენერგია, აღარ გაქვს გათბობა და ეს ქვეყნის ეკონომიკას შიგნიდან ანგრევს.

ხალხმა უნდა იცოდეს, რა გააკეთოს და როგორ იმოქმედოს. პირველ რეაქციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს უკრაინაში ვნახეთ. უკრაინელები არ დანებდნენ. დიახ, ზოგი უკრაინიდან გაიხიზნა, რაც გასაგებია, მაგრამ უკრაინელებმა ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. ეს წესი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ერისთვის, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.

შარაშენიძე: მომდევნო წლის განმავლობაში, დრონებით ომში, განსაკუთრებული ყურადღებით რა დინამიკას დააკვირდებით?

ბონდარი: ვფიქრობ, ტენდენცია, რომელსაც ყველა მიჰყვება ან ცდილობს მიჰყვეს, ავტონომიურობისკენ სვლაა. ავტონომიურობაში ვგულისხმობ დამოუკიდებლობას კავშირისგან და ნებისმიერი გარე დახმარებისგან, რომელიც ადგილმდებარეობის დასადგენად გჭირდება. ვგულისხმობ GPS-სა და პოზიციონირების სხვა სისტემებს.

დრონები სულ უფრო ავტონომიური გახდება. საკმარისი იქნება, მიუთითო, რა გააკეთონ. ისინი გაფრინდებიან და ამოცანას ადამიანის ჩარევის, გარე მხარდაჭერისა და კავშირის გარეშე შეასრულებენ.

ეს თავად დრონებს ეხება. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ ვაკონტროლებთ და ვმართავთ მათ. ამის გაკეთებაში პროგრამული უზრუნველყოფა გვეხმარება. ეს არის მართვისა და კონტროლის პროგრამები და პროგრამები, რომლებიც ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. თითოეული დრონი მათ უკავშირდება. ამ პროგრამებით დრონებისგან ინფორმაციის მიღებაც შეგიძლია და მათი მართვაც.

ეს პროცესიც შეიძლება უფრო ავტონომიური გახდეს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ხელოვნური ინტელექტის აგენტები მიიღებენ, ინფორმაცია კი ავტომატურად გაანალიზდება. ეს ხელოვნური ინტელექტით მოხდება თუ ჩვეულებრივი ალგორითმებით, ორივე შემთხვევაში პროცესი და გადაწყვეტილების მიღება დაჩქარდება. შედეგად, ამ ტიპის ომი შეიძლება სრულად ავტონომიურ რეჟიმზე გადავიდეს. გადაწყვეტილებები ავტონომიურად მიიღება და მათ ავტონომიური სისტემები შეასრულებენ.

ეს ცოტა შემაშფოთებელია, თუმცა უკრაინისთვის, მაგალითად, გადარჩენის საკითხია. შესაძლოა, ამან უკრაინელებს ისეთი უპირატესობა მისცეს, რომელიც ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის. ვნახოთ, თუმცა ცხადია, რომ მომდევნო წელს ეს ტენდენცია წამყვანი იქნება.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

ასევე ნახეთ

конгрес
ანალიზი

აშშ-ის შუალედური არჩევნები — შედეგების მიუხედავად, უკრაინა კონგრესში მოკავშირეებს დაკარგავს

ნოემბერი 2, 2026
Members and supporters of Iraq's Iran-backed Popular Mobilization Forces mark the withdrawal of U.S. forces from Iraq. dpa via Reuters Connect
ინტერვიუ

აშშ-ის სამხედრო მისიის დასასრული — რა იცვლება ერაყში?

ოქტომბერი 25, 2026
Telegram: Bureau 1440
ანალიზი

უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეფერხების ფონზე, რუსული კონკურენტი ქსელი უკვე ფრონტის ხაზის თავზე მოქმედებს

ნოემბერი 10, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media