რუსეთს წლები ჰქონდა იმისათვის, რომ საკუთარი საჰაერო თავდაცვა უკრაინული დამრტყმელი დრონების მოსაგერიებლად მოემზადებინა, თუმცა მან პრიორიტეტი სხვა მიმართულებებს მიანიჭა. ახლა კი, ჩამორჩენის აღმოფხვრის სასოწარკვეთილ მცდელობას კიდევ უფრო მეტად ართულებს თავად უკრაინული დარტყმები — ეს არის მაიკლ ბონერტის, კორპორაცია RAND-ის თავდაცვის სფეროს მკვლევრისა და ინჟინერის შეფასება.
„ვინაიდან რუსეთმა უპირატესობა საკუთარ დამრტყმელ საშუალებებზე ფოკუსირებას, ტანკების აღდგენასა და ჯავშანტექნიკისა თუ არტილერიის ამ კომპონენტების რეანიმირებას მიანიჭა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციასა და კაპიტალურ შეკეთებაში რესურსებს აღარ დებდა“, ამბობს ბონერტი, რომელიც Independence Avenue Media-ს დეტალურად ესაუბრა იმ ლოგისტიკურ და ტექნიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთი დგას. „მათ შეუძლიათ დაიწყონ ეს პროცესი, მაგრამ აქ არსებობს ორ, სამ ან ექვსთვიანი წყვეტა და ისინი ამ ნაბიჯების გადადგმას იმ ფონზე ცდილობენ, როდესაც საწვავის დეფიციტსა და ლოგისტიკურ გამოწვევებს განიცდიან“.
ბონერტის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის კომპონენტების წარმოება, რაც ათასობით სხვადასხვა დეტალის ინტეგრირებას მოითხოვს, ურთიერთდაკავშირებული საწვავისა და ლოგისტიკური კრიზისების ფონზე, უაღრესად რთულად დასაძლევი ამოცანა იქნება.
„მთელი ამ ჯაჭვის თუნდაც 3%-მა რომ ვერ მიიღოს საწვავი, ეს ნიშნავს, რომ საბოლოო პროდუქტი მაინც ვერ შეიქმნება“, ამბობს ის.
ბონერტი ასევე საუბრობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კიევმა პარტნიორებს განუცხადა, რომ რუსული თავდასხმებისგან საკუთარი ქალაქების დასაცავად მას უკიდურესად სჭირდება აშშ-ის წარმოების Patriot-ის სისტემის მეტი რაკეტა. ივლისის დასაწყისში კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის დროს, რომელმაც სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკრაინამ ნასროლი 29 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლო.
ბონერტი აღნიშნავს, რომ Patriot-ის ადეკვატური ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა მიიჩნევს, რომ თავად ფაქტი, რომ რუსეთი ქვეყნის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას არ უშვებს, ბევრის მეტყველია.
„როდესაც უკრაინა დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ აყენებს, იგი ბალისტიკური რაკეტების მომარაგების ჯაჭვში შემავალ საწარმოებს უტევს. ჩვენ არ ვიცით, რა სიხშირით უტევს რუსეთი კიევს — რატომ არის ეს მაჩვენებელი ასე მცირე?“ — კითხულობს იგი. „ეს არის ყველაფერი, რის წარმოებასაც ისინი ახერხებენ? თუ აქვთ რაიმე სტრატეგიული რეზერვი, რომლის ხელყოფაც ჯერ არ სურთ? ჩვენ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ ვიცით. შეგვიძლია მხოლოდ ჰიპოთეზები წამოვაყენოთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ — უკრაინამ მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში ის ქარხნები, რომლებიც მართვის სისტემებს, გიროსკოპებსა და სხვა ძალიან მცირე ზომის კომპონენტებს აწარმოებენ, რომელთა ხელახლა შექმნაც უაღრესად რთულია“.
ბონერტი ასევე განიხილავს მომარაგების ჯაჭვების მოწყვლადობას თანამედროვე ომში, უპილოტო ლოგისტიკის ნაკლებად დაფასებულ წინსვლას — დრონებით მიწოდებიდან დაწყებული, განაღმვით დასრულებული — და იმას, თუ როგორ უნდა მოემზადოს ნატო რუსეთის არმიასთან დასაპირისპირებლად, რომელიც ამ ომიდან რადიკალურად შეცვლილი გამოვა.
ინტერვიუ ჩაწერილია 10 ივლისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
გლენ ქეითსი, Independence Avenue Media: ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში — მანამ, სანამ უკრაინა შორ მანძილზე დარტყმებს სრული სიმძლავრით აამოქმედებდა — წერდით, რომ ამ ნაბიჯს „რუსული დათვის გამოფიტვა“ შეეძლო. დღევანდელ მოცემულობას რომ შევხედოთ — ხდება ეს რეალურად?
მაიკლ ბონერტი, კორპორაცია RAND-ის თავდაცვის სფეროს მკვლევარი და ინჟინერი: სწორედ ეს არის, რასაც ერთგვარად ველოდი, როგორც კი [ნავთობგადამუშავების] სიმძლავრეების კლებამ 30%-იან ნიშნულს გადააბიჯა. ასე რომ, ეს მაჩვენებელი ერთგვარი ინდიკატორია. უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, რამდენად შეძლებს რუსეთი საწვავის მარაგების გადანაწილებას, თუმცა, როგორც ჩანს, სამრეწველო ბაზაზე უკვე ვხედავთ იმ სისტემურ ეფექტებს, რამაც შესაძლოა რეალურად გამოფიტოს „რუსული დათვი“.
ქეითსი: ამ კონტექსტში, თქვენ პარალელი გაავლეთ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეების მიერ განხორციელებულ სტრატეგიულ დაბომბვებთან. ეს პარალელი კვლავ რელევანტურია?
ბონერტი: საბოლოო ჯამში, არსებობს ძველი გამონათქვამი — „ჯარი კუჭით იბრძვის“ (მომარაგებაზეა დამოკიდებული). თანამედროვე ომის „კუჭი“ კი საწვავია. თუ გადავხედავთ მეორე მსოფლიო ომს, იქნება ეს წყნარ ოკეანეში თუ ევროპაში, ყველა მექანიზებული ძალა მაინც საწვავით მომარაგებაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ფრონტამდე მისასვლელ ლოგისტიკას ან უშუალოდ იქ მყოფ საბრძოლო მანქანებს — თუ ძალების მომარაგებას ვერ ახერხებ, მოწინააღმდეგისთვის ძალიან ადვილი ხდება ძალების კონცენტრირება და შენი პოზიციების განადგურება.
ქეითსი: ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ხდება, აშკარად რუსეთის საჰაერო თავდაცვის პრობლემებია. მინდა დაგაბრუნოთ ივნისში მოსკოვზე განხორციელებულ დარტყმებთან. ამ თავდასხმების შემდეგ თქვენ თქვით, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში რაღაც ფუნდამენტურად მორყეულია.. მაინც რა ხდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის თავს?
ბონერტი: ეს ძალიან კარგი კითხვაა, რომლის სიღრმისეულად გაგებასაც ბევრი ჩვენგანი ცდილობს. ისტორიულად, როდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, რუსეთი ყოველთვის დეტალურად საუბრობდა მრავალშრიან მიდგომაზე — დაწყებული ძალიან მცირე, ტაქტიკური, მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან, დამთავრებული უზარმაზარი, სტრატეგიული, შორი მოქმედების სისტემებით. თუმცა, ზოგიერთი ეს მაღალი კლასის, სტრატეგიული, შორი მოქმედების სისტემა სრულიად უსარგებლოა ამ დრონების წინააღმდეგ. [დრონები] ზედმეტად დაბლა ფრენენ და ძალიან მცირე ზომისანი არიან; რაკეტებმა ისინი, შესაძლოა, ფიზიკურად ვერც კი დააფიქსირონ ან საერთოდ ააცილონ. მიუხედავად ამისა, რუსეთი ყოველთვის აცხადებდა, რომ მას დიდი რაოდენობით მცირე რადიუსის საჰაერო თავდაცვის საშუალებები გააჩნდა.
გარდა ამისა, ეს დარტყმები ახალი ხომ არ არის. ისინი ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო მცირე დოზით, 2025 წელს კი მასშტაბები გაიზარდა, რამაც რუსეთს 18 თვიდან ორ წლამდე დრო მისცა, რათა დრონების წინააღმდეგ უკრაინული სტილის მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა შეექმნა. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს რაღაც უკრაინული მობილური საცეცხლე ჯგუფების მსგავსი, მათ მაინც ვერ შეძლეს ამისთვის გამართული სტრუქტურის შექმნა. რა თქმა უნდა, არსებობს გეოგრაფიული ფაქტორებიც — რუსეთი ბევრად დიდი და გაშლილი ქვეყანაა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა, რომელიც მიჩნეული იყო ღრმა, მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის ფლაგმანად, რეალურად უბრალოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა.
ქეითსი: თქვენი აზრით, რატომ არ აღმოჩნდნენ ისინი უკეთ მომზადებულები?
ბონერტი: ისინი მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყოველთვის ჩამორჩებოდნენ მოვლენებს. ბოლომდე ვერ ვხვდები, ეს ინსტიტუციური წინააღმდეგობების ბრალია თუ სხვა რამის. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის არმიაში, ბევრ სხვა სამხედრო სისტემასთან შედარებით, გაცილებით მკაფიოა უწყებრივი ბარიერები — მათი საჰაერო-სადესანტო, სახმელეთო, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის ძალები სულაც არ არის ერთგვაროვანი და ისინი ერთიანი სამსახურებრივი უწყების ქვეშ არ ერთიანდებიან. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მიზეზი მხოლოდ ესაა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი ქვედანაყოფი უფრო მეტად მათი ეროვნული გვარდიის ეკვივალენტს დაუქვემდებარეს, ვიდრე ძირითად შეიარაღებულ ძალებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ აქ კოორდინაციის ფუნდამენტურ ნაკლებობასთან გვქონდეს საქმე.
გასულ კვირას, საწვავის ლიმიტირებულად გაცემის ფონზე კომიკური გაუგებრობებიც კი ვიხილეთ — აღმოჩნდა, რომ რუს სამხედროებს, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სატვირთო მანქანებს მართავდნენ, სათანადო სამხედრო დოკუმენტები არ ჰქონდათ გაფორმებული. ამის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, საწვავის მისაღებად რიგში ყველასთან ერთად დამდგარიყვნენ. როდესაც საწვავის რიგში დგახარ და თან საკმარის ბენზინს ან დიზელს ვერ იღებ, ეს არის დრო, რომელსაც საჰაერო თავდაცვის მოვალეობის შესრულების ნაცვლად უქმად კარგავ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ეს ფაქტი უბრალოდ ცუდი დაგეგმარების ბრალია — მსგავსი პრობლემები ძალიან სწრაფად მოგვარებადია. თუმცა, მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ უამრავი ასეთი პატარა დეტალია დაულაგებელი და მოუწესრიგებელი.
ქეითსი: რას აკეთებს რუსეთი ამ ვითარებასთან ადაპტაციისთვის და რისი გაკეთება შეუძლია მას უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში?
ბონერტი: უახლოესი ორიოდე თვის განმავლობაში რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ჰორიზონტსმიღმა მოქმედების რადარები, რომლებიც მათ შორ მანძილზე ხედვაში ეხმარება, თუმცა ისინი ძალიან დაბალი ხარისხისაა. ზუსტად არც კი ვიცი, მათგან რამდენი ფუნქციონირებს ამჟამად, რადგან უკრაინამ მათი საკმაოდ სერიოზული ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა. შესაძლოა, რუსეთმა ზოგიერთი მათგანის გაუმჯობესება მოახერხოს.
თუმცა, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს და რაც, სავარაუდოდ, მართლაც ეხმარება, არის ის, რომ ისინი ვერტმფრენებით საჰაერო თავდაცვის მანქანებს შენობების სახურავებზე ათავსებენ. ეს მათ უფრო შორ მანძილზე ხედვის საშუალებას აძლევს. მართალია, ამ სისტემების რადარებს არ აქვთ დიდი მოქმედების რადიუსი — ისინი უფრო მცირე ზომისა და დაბალი სიმძლავრისაა — მაგრამ ეს მაინც დაახლოებით 50%-ით ზრდის აღმოჩენის არეალს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეებისთვის. ალბათ, ადრე თუ გვიან ვიხილავთ ცნობებს იმის შესახებ, რომ რომელიმე მანქანამ სახურავი ჩაანგრია, რადგან ადრე თუ გვიან სტრუქტურულად მყარი შენობები შემოელევათ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს, ალბათ, მათი საუკეთესო გამოსავალია. ასევე ვნახეთ, რომ ომსკის თავზე მათ თავიანთი ერთ-ერთი უახლესი გამანადგურებელი — Su-57 — გამოიყენეს, რომელიც რუსული სტელს-ტექნოლოგიის (უჩინარი) თვითმფრინავია.
[Su-57]-ს მართლაც აქვს შედარებით თანამედროვე რადარები. ამიტომ, შესაძლოა ვიხილოთ, რომ ისინი ამ თვითმფრინავებს უფრო მეტად სწორედ რადიოლოკაციური აღმოჩენისა და ადრეული შეტყობინებისთვის იყენებენ. თუმცა, ამ კლასის ავიაციის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. ისინი რუსეთისთვის ძვირფასი აქტივებია. ამასთან, მათ ჰაერში გაცილებით ნაკლები დროით დარჩენა შეუძლიათ, ვიდრე უფრო დიდ A-50-ებს [რომელთა მარაგიც ასევე მკვეთრად შემცირდა უკრაინის წარმატებული თავდასხმების შედეგად]. შესაბამისად, მათ საჰაერო სივრცის გაცილებით უკეთესი დაფარვა არ შეუძლიათ, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ რუსეთი მათ მაინც იყენებს. როგორც ჩანს, მათ უკვე დაიწყეს ყველა შესაძლო ალტერნატიული საშუალების ამოქმედება.
ამავდროულად, თუ გადავხედავთ რუსული სამხედრო ტექნიკის შესახებ არსებულ ნებისმიერ საჯარო წყაროს — მათ მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებს — ომის დაწყებისას მათ ჰქონდათ დაახლოებით 400-მდე კონკრეტული მოდელი, ხოლო მთლიანობაში, მცირე რადიუსის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე ათასი ერთეული; თუმცა, საუბარია მათზე, რომლებიც დრონების წინააღმდეგ მართლაც ეფექტურია. საარტილერიო სისტემებს დრონის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში შეუძლია. ახლა კი შეხედეთ რუსეთის მასშტაბებს: თუკი თითოეული მცირე გადამამუშავებელი ქარხნის ან საწარმოს გარშემო ხუთი ან ექვსი ასეთი სისტემის განთავსება მიწევს — ხოლო ქვეყანაში სულ 3 000 ქარხანაა და თითოეულზე 6 სისტემაა საჭირო, მე კი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 1 000 ერთეული მაქვს — მათემატიკა უბრალოდ ჩემს სასარგებლოდ არ მუშაობს.
და რადგან რუსეთმა უპირატესობა მიანიჭა დამრტყმელ საშუალებებზე ფოკუსირებას, ტანკების, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის აღდგენას, მას საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციისთვის რესურსები აღარ ჩაუდევს.
მათ შეუძლიათ დაიწყონ ეს პროცესი, მაგრამ აქ არსებობს ორ, სამ ან ექვსთვიანი ჩამორჩენა (დროის დაკარგვა). და ისინი ცდილობენ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას იმ ფონზე, როდესაც საწვავის დეფიციტსა და ლოგისტიკურ გამოწვევებს ებრძვიან. ეს კი მთელ პროცესს ანელებს. ასე რომ, უკრაინას რეალურად აქვს ორ, სამ, შესაძლოა ექვსთვიანი შესაძლებლობის ფანჯარა, სადაც რუსეთს ამ დარტყმებზე ეფექტური პასუხი უბრალოდ არ გააჩნია. და ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ამ მომენტს მაქსიმალურად იყენებს.
ეს ასევე არის შანსი უკრაინის მოკავშირეებისთვის, რათა უზრუნველყონ ისინი სერიოზული რესურსებით, რათა ისარგებლონ ამ შენელებით, ხელახლა აღჭურვონ და მოახდინონ ძალების რეორგანიზაცია მომავალში ბევრად უფრო ეფექტური თავდაცვისთვის.
ქეითსი: საწვავის დეფიციტის გაშუქებისას ყურადღება, ძირითადად, იმაზე მახვილდება, თუ როგორ აისახება ეს ადგილობრივ მოსახლეობაზე. თუმცა, თქვენ ფაქტობრივად ამბობთ, რომ ეს დეფიციტი ასევე იმოქმედებს რუსეთის შესაძლებლობაზე, დახუროს შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად აქვს. თქვენი აზრით, ეს პერიოდი დაახლოებით სამიდან ექვს თვემდე გასტანს?
ბონერტი: თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდება სამხედრო ინოვაციები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც კი ერთი მხარე ქმნის დრონს ან ავითარებს დრონების გამოყენების ახალ შესაძლებლობას, მეორე მხარე დაახლოებით სამ თვეში უკვე პოულობს მის საწინააღმდეგო საშუალებას. ეს სრულიად სტანდარტული პროცესია ომის წარმოების ბოლო 130-150 წლის განმავლობაში, რაც შესაძლოა 1850-იან წლებამდეც კი მიდიოდეს. ასეთი სამთვიანი ციკლურობა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა.
ჩვენ უკვე ვნახეთ მსუბუქი ავტომობილების საწვავის რიგები, ასევე ვნახეთ სატვირთოების რიგებიც. და აი, ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც საწვავის მწვავე დეფიციტის დროს აწყდები: დავუშვათ, გაქვს ერთი საბოლოო ქარხანა, რომელიც აწყობს სხვა ოთხი ქარხნიდან მიღებულ დეტალებს. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც პირველ და მესამე ქარხნებს აქვთ საკმარისი საწვავი, რადგან მათ ბაზარზე დიდი რაოდენობით საწვავი შეისყიდეს, ხოლო მეორე და მეოთხე ქარხნებს საწვავი საერთოდ არ გააჩნიათ.
შედეგად, პირველი და მესამე ქარხნებიდან ნაწილები აღწევს საბოლოო ამწყობ პუნქტამდე, ხოლო მეორე და მეოთხე ქარხნებიდან — ვერასდროს. ასე იქმნება ასიმეტრია, როდესაც საბოლოო აწყობის ადგილას ყველაფერი გაქვს, გარდა ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალისა. ამ თემაზე არსებობს ერთი ძალიან კარგი ესსე — მას ჰქვია „მე, ფანქარი“, რომელიც ფანქრის წარმოების მთელ ხაზს მიჰყვება ხეებიდან და რეზინიდან დაწყებული.
ახლა კი წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი საჰაერო თავდაცვის კომპონენტზე, რომელიც 4 000 ცალკეული ნაწილისგან შედგება. ამის გააზრება ჩვენთვის ძალიან რთულია. როგორ უნდა წარმოიდგინო 300 სხვადასხვა ქარხნიდან მიღებული 4 000 ნაწილი? თითოეული ეს ქარხანა ცალ-ცალკე იბრძვის საწვავის მისაღებად და პრიორიტეტების მინიჭების სისტემაც რომ აამოქმედო, ქარხანამ, რომელიც უბრალო ჭანჭიკებს აწარმოებს, შესაძლოა პრიორიტეტი ვერ მიიღოს. არადა, სწორედ ეს ჭანჭიკები გჭირდება მთელი ამ რთული აღჭურვილობის ასაწყობად.
ასე რომ, მთელი საწარმოო ჯაჭვი ფერხდება და თუ ამ ჯაჭვის თუნდაც 3%-ს არ მიეწოდება საწვავი ერთი ან ორი დეტალის დასამზადებლად, საბოლოო ჯამში მაინც არაფერი დასრულდება.
ქეითსი: ცის დაცვასთან დაკავშირებით, კიევსაც აქვს საკუთარი პრობლემები. 5-6 ივლისის თავდასხმის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ნასროლი 29 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთი ვერ ჩამოაგდო. უკრაინის მთავრობა ღიად აცხადებს, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება Patriot-ის საზენიტო რაკეტები. რეალურად როგორი იქნება უკრაინის ცის დაცვა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში იმის გათვალისწინებით, რომ Patriot-ის სისტემების მარაგი, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება?
ბონერტი: ამჟამად Patriot-ის შემცვლელი უბრალოდ არ არსებობს. ის ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის ოქროს სტანდარტია. ასე რომ, ეს არის ფუნდამენტური ნაპრალი, რომლის ადვილად შევსებაც შეუძლებელია.
თუმცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც უკრაინა ნავთობგადამუშავების ქარხნებს არ უტევს, იგი დარტყმებს ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ჯაჭვის ქარხნებზე ახორციელებს. ჩვენ არ ვიცით, რა სიხშირით უტევს რუსეთი კიევს — რატომ არის ეს სიხშირე ასე მცირე? ისინი ერთ ჯერზე 24 ან 32 რაკეტას ისვრიან. წესით, უნდა ველოდოთ გაცილებით მასშტაბურ ზალპებს, რადგან თუ მიგაჩნია, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვას [ამის შესაძლებლობა] არ აქვს და გჯერა, რომ შენი რაკეტების წარმატების მაჩვენებელი მაღალია, ამ შესაძლებლობის ფანჯარაში ფუნდამენტურად რაც შეიძლება მეტი უნდა ისროლო.
ფაქტი, რომ რუსეთი ამას არ აკეთებს, მართლაც ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთს უბრალოდ არ შეუძლია უფრო დიდი რაოდენობით რაკეტების გაშვება? შესაბამისად, ისინი ყოველ ოთხ-ხუთ დღეში ერთხელ ახორციელებენ დარტყმებს, სადაც მხოლოდ ოცამდე ან ოცდაათამდე რაკეტას იყენებენ. იქნებ ეს არის ყველაფერი, რისი წარმოებაც მათ შეუძლიათ? თუ აქვთ რაიმე სტრატეგიული რეზერვი, რომლის ხელყოფაც ჯერ არ სურთ? ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხები არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჰიპოთეზების აგება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ — უკრაინამ მიზანმიმართულად ამოიღო სამიზნეში ის ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ მართვის სისტემებს, გიროსკოპებსა და სხვა ძალიან მცირე ზომის დეტალებს, რომელთა აღდგენაც წარმოუდგენლად რთულია. თუ ასეთ ქარხანას დააზიანებ, იქ სპეციფიკური დანადგარები და აღჭურვილობა ზიანდება. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი იღებდეს რაკეტის კორპუსებისა და საწვავის საჭირო რაოდენობას, მაგრამ ვერ იღებდეს მართვის ამ მცირე კომპონენტებს. ამის დადასტურება არ შეგვიძლია, თუმცა, ლოგიკურად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმაზე სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი რაკეტა უნდა ყოფილიყო ნასროლი, ვიდრე რეალურად ვნახეთ.
და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად წარმატებით უტევს უკრაინა ამ ქარხნებს, იბადება კითხვა: ხომ არ შეექმნა რუსეთს ამ ბალისტიკური რაკეტების მიწოდების რეალური პრობლემა? რა თქმა უნდა, ეს ვერანაირი ნუგეში ვერ იქნება კიევის მოსახლეობისთვის, რომელიც ბალისტიკური დარტყმების გამო ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს კარგავს. თუმცა, ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელიც სერიოზულად უნდა დავსვათ — რატომ არ იყენებს რუსეთი ამ შესაძლებლობის ფანჯარას?
ქეითსი: ანკარაში გამართულ ნატოს 7-8 ივლისის სამიტზე, პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ იგი უკრაინას, უკრაინის ტერიტორიაზე, Patriot-ის სისტემების წარმოების ნებართვას მისცემდა. რამდენად რეალისტურია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს?
ბონერტი: როგორც ჩემთვის ნაცნობი ზოგიერთი მაღალჩინოსანი იტყოდა — დროისა და ფულის არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი შესაძლებელია. Patriot-ი ასე კარგად იმიტომ მუშაობს, რომ მისი წარმოება არის უაღრესად ზუსტი და დეტალურად აწყობილი. ზოგიერთი აღჭურვილობის ადგილზე, ქვეყნის შიგნით წარმოებას წლები დასჭირდება, მაშინაც კი, თუ ამის ნებართვას მისცემენ. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ აწყობა შეიძლება დაუშვან, გარკვეული ელექტრონიკის ან მართვის სისტემების ცალკეული ნაწილების პირდაპირი ექსპორტი მაინც შეიძლება აიკრძალოს. უკრაინას ამ კომპონენტების მიღება მაინც აშშ-დან ან სხვა მოკავშირისგან მოუწევს. რეალისტურად, უკრაინა, ალბათ, შეძლებს ამის ნაწილის რეპლიკაციას. ზუსტი ვადების დასახელება არ მინდა, რადგან ეს საწარმოო სივრცეები, როგორც წესი, საკმაოდ დიდია და მათ ადვილად ვერ გააფანტავ. ვფიქრობ, ისინი რუსეთისთვის უპირველესი სამიზნე გახდება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ამას არ უნდა ველოდოთ. ეს არის გრძელვადიანი, მრავალწლიანი გადაწყვეტა და არა ექვსთვიანი გეგმა.
ქეითსი: კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ რუსეთის არმიასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება აფასებდეს მას ნატო. ჩვენ ახლახან ვესაუბრეთ თადარიგის გენერალ კრისტოფერ კავოლის, რომელმაც გვითხრა, რომ რუსეთმა 4 000-ზე მეტი საბრძოლო ტანკი დაკარგა. მისი თქმით, ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთლიან შეიარაღებაში სულ რაღაც 100, 150 ან 300 ტანკია. რაზე მეტყველებს ეს — უპირველესად, ტექნიკის ხარისხის თვალსაზრისით, და ასევე იმ კუთხით, თუ როგორ შეუძლია რუსეთს აღადგინოს თავისი სამხედრო ძალა ასეთი მძიმე დეგრადაციის შემდეგ? და რა დასკვნები უნდა გამოიტანონ აქედან ნატოს ქვეყნებმა?
ბონერტი: როგორიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის არმია ომამდე, ის ძველებური სახით, სავარაუდოდ, აღარასოდეს იარსებებს. და როგორიც არის ის ამ ომის დროს, სავარაუდოდ, აღარ იქნება ისეთივე ომის დასრულების შემდეგ. ისინი სწავლობენ. მათი ოფიცრები სწავლობენ. თუ დავაკვირდებით, მათი დანაკარგების უდიდესი ნაწილი რიგით შემადგენლობაზე მოდის. ეს კი ნიშნავს, რომ ცოდნის ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია და რუსეთს ექნება თანამედროვე ომის წარმოების ისეთი ოპერატიული გამოცდილება, რომლის მიღებაც მხოლოდ მრავალწლიანი რეალური საბრძოლო მოქმედებების შედეგადაა შესაძლებელი. ნატო რაც უნდა ბევრს სწავლობდეს და ვარჯიშობდეს, ალიანსის წევრ თითოეულ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, წლები დასჭირდება ამ ყველაფრის ასათვისებლად. ჩვენ რაღაცებს ვსწავლობთ უკრაინელებისგან — ვაკვირდებით ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც გვეძლევა — თუმცა ორივე მხრიდან რეალობას მაინც მხოლოდ იმ ჭრილში ვხედავთ, რომელიც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ტანკი, მომავალში ის, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული იქნება. ის კვლავინდებურად დარჩება შეჯავშნულ კოლოფად, რომელიც ისვრის ბევრ რამეს და რომლის შიგნითაც ადამიანები სხედან. თუმცა, ის, თუ რას ისვრის, შეიძლება სრულიად შეიცვალოს. შესაძლოა, მას უფრო მეტად საჰაერო თავდაცვის ფუნქცია ჰქონდეს და აქტიურად ებრძოდეს დრონებს. ან შეიძლება სრულიად ახალი სტრუქტურის ჯავშანტექნიკა ვიხილოთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის ტექნიკა ექნება რუსეთს და რის საფუძველზე გადაწყვეტს იგი საკუთარი ძალების აღდგენას ომის შემდეგ.
მათ, სავარაუდოდ, ექნებათ გამოცდილებაზე დაფუძნებული სრულიად განსხვავებული დრონების არსენალი და სრულიად განსხვავებული ორგანიზაციული სტრუქტურა. ის, თუ როგორ გააანალიზებენ ისინი თავიანთ სამხედრო დოქტრინას, ალბათ, რადიკალურად განსხვავებული იქნება.
ასე რომ, მთელი ის მომზადება, რაც ნატოს ამ რუსული საფრთხის წინააღმდეგ ჰქონდა გავლილი, სრულიად უსარგებლო არ გახდება, თუმცა ბევრი რამის ხელახლა სწავლა მოუწევს. და აი, აქ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის უაღრესად კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ომის შემდგომ პერიოდში უკრაინასთან მუშაობას, რათა მაქსიმალურად ბევრი რამ გავიგოთ და შევისწავლოთ. ასევე, პირდაპირ რომ ვთქვათ, საჭიროა მაქსიმალურად ბევრი დრონი გადაეცეს დაბალი რანგის სამხედროებს რათა მათ გამოსცადონ და თავიანთი რეკომენდაციები შემოგვთავაზონ. ძალიან მომწონს 3D პრინტერების იდეა, როდესაც გაქვს ორკვირიანი სწავლება და რეალურ მებრძოლებს აძლევ საშუალებას, ამ ორი კვირის განმავლობაში თავად შეცვალონ და განავითარონ დეტალები, რაც შემდეგ კონტრაქტორ კომპანიას ეგზავნება და მასობრივ წარმოებაში ეშვება. მსგავსი სატესტო ლაბორატორიების გამოყენება — ინოვაციისა და უკუკავშირის სწორედ ასეთი დონე იქნება საჭირო — არა მხოლოდ წვრთნებში, რაც თავისთავად გადამწყვეტია, არამედ უშუალოდ ომის დროსაც, რადგან სწორედ ამ ტიპის სამრეწველო ციკლს მიმართავს ახლა როგორც რუსეთი, ისე უკრაინა. და ნატოსთვის მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება იმასთან შეგუება, რომ ბრძოლის ველის ცვალებად პირობებს გაცილებით სწრაფად მოერგოს, ვიდრე ოდესმე აქამდე.
ქეითსი: ძალიან მინდოდა ამის კითხვა, რადგან ცოტა ვინმე თუ ადევნებს თვალს ამ ომის სამხედრო ასპექტებს უფრო ყურადღებით, ვიდრე თქვენ. რა ხდება ახლა ისეთი, რაზეც ხალხი უნდა საუბრობდეს, მაგრამ არ საუბრობს?
ბონერტი: ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის წინსვლა უპილოტო ლოგისტიკაში. ყველა საუბრობს უპილოტო სისტემებზე, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებს აფეთქებენ. თუმცა, არავინ საუბრობს დრონებზე, რომლებსაც ფრონტის ხაზზე ტვირთი მიაქვთ, ან დრონებზე, რომლებიც ადამიანების ევაკუაციისთვის გამოიყენება, ან კიდევ მათ გამოყენებაზე განაღმვითი სამუშაოებისთვის — ანუ ყველა იმ არასაბრძოლო, დამხმარე შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი კი უკვე იწყებს გადმოდინებას სამოქალაქო ცხოვრებაში.
ასე რომ, მაგალითად, ჩვენ მალე, სავარაუდოდ, ვიხილავთ სრულფასოვან სამოქალაქო დრონ-მიწოდებებს.
მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ბოჭკოვან-ოპტიკური დრონები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ომში კინეტიკური მიზნებისთვის შეიქმნა; სულ რამდენიმე თვეში აშშ-ში კომპანიებმა მათი გაყიდვა გვირაბების შესამოწმებლად დაიწყეს, რადგან კავშირის ტექნოლოგია უკვე განვითარებული იყო. ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს დრონი ახლა ჩვეულებრივ, კომერციულ ცხოვრებაში გამოჩნდება, რაც შესანიშნავია. ჩვენ მართლაც უზარმაზარი რევოლუციის მომსწრენი გავხდებით იმ კუთხით, თუ როგორ იმოქმედებს ეს [სამოქალაქო ცხოვრებაზე]. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ბევრად მეტი ინოვაცია დაიწყება, რაც შემდგომში ისევ სამხედრო სფეროს დაუბრუნდება და კვებავს მას.
თუმცა, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი კრიმინალურ ორგანიზაციებს ეხება. ჩვენ ამას უკვე ვხედავთ აშშ-ის ციხეებში, სადაც დრონებს ყოველდღიურად შეაქვთ მობილური ტელეფონები, ფული, ნარკოტიკები და სხვა. მათი რეგულირება ძალიან რთულია. ნაწილები იაფია და მათი გამოწერა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. გულახდილად რომ ვთქვათ, მოგვიწევს შეგუება სამყაროსთან, სადაც დრონები ყველგანმყოფი გახდება. ვფიქრობ, ბევრისთვის ეს ძალიან საშიშია, მათ შორის ჩემთვისაც. ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების პერსპექტივიდან ეს ძალიან მაშფოთებს. რადგან, იქნება ეს არაკომპეტენტურობა თუ ბოროტი განზრახვა, ეს მოწყობილობები უაღრესად სახიფათოა და ეს არ არის ავტომობილი, რომლის სამართავადაც ლიცენზია (მართვის მოწმობა) გჭირდება. ასე რომ, ვფიქრობ, უკრაინის ომის კონტექსტში ადამიანებმა სერიოზულად უნდა მიაქციონ ყურადღება სწორედ აი ამ „ყველაფერ უპილოტოს, რაც პირდაპირ აფეთქებებთან არ არის დაკავშირებული“.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის ხაზგასმაც მინდა. ეს არის ის, საიდანაც სათანადო გაკვეთილი ვერავინ გამოიტანა — ვერც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფიდან, ვერც COVID-19-ის პანდემიიდან და ვერც ახლანდელი მოვლენებიდან. „ზუსტად დროში“ წარმოების მოდელი უაღრესად მოწყვლადია. რუსეთი ამას ახლა საკუთარ თავზე გამოცდის. უკრაინა კი ცდილობს ამ პრობლემას თავი დააღწიოს დეცენტრალიზებული წარმოების გზით. თუმცა, თავად იდეა, რომ საჭირო გზავნილს ყოველთვის ზუსტად ორ ან სამ დღეში მიიღებ, მცდარია. მან არც COVID-ის დროს იმუშავა — ამის გამო ადამიანები დაიღუპნენ. ახლა ამას რუსეთის წარმოების მაგალითზეც ვხედავთ. მთელმა მსოფლიომ უნდა გადახედოს, თუ როგორ ვიყენებთ „ზუსტად დროში“ წარმოების პრინციპს, რადგან მაქვს განცდა, რომ მომავალში მიწოდების ჯაჭვების კიდევ უფრო მეტ შეფერხებას ვიხილავთ. ომის წარმოების ღირებულება კი ბევრად უფრო იაფი გახდა.
ქეითსი: „ზუსტად დროში“ წარმოება ხომ უშუალოდ უკავშირდება ომს? რადგან ის გავლენას ახდენს სამხედროების შესაძლებლობაზე, აწარმოონ იარაღი დროულად და საჭირო მასშტაბით. რა არის „ზუსტად დროში“ წარმოება?
ბონერტი: „ზუსტად დროში“ წარმოების იდეა, ძირითადად, 1970-იან და 1980-იან წლებში იაპონური ინდუსტრიის — Toyota-სა და სხვების — აღმავლობას უკავშირდება. მანამდე, ისტორიულად, საწარმოებს ჰქონდათ ნედლეულის გარკვეული მარაგი, რომელიც 10, 20 ან 30 დღის განმავლობაში ჰყოფნიდათ. მაგალითად, თუ დიდი მაღაზია გაქვს, უკანა მხარეს გქონდა დიდი საწყობი საქონლით, საიდანაც პროდუქციას საჭიროებისამებრ იღებდი. თუ ქარხანა გქონდა, წინასწარ გქონდა მომარაგებული რამდენიმე კვირის სამყოფი ჭანჭიკები. ხოლო თუ ნავთობგადამუშავების ქარხანა იყავი, სათადარიგო ნაწილების სამ კომპლექტს ინახავდი.
„ზუსტად დროში“ წარმოებამ კი თქვა: „მოიცადეთ, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის წყალობით, მე შემიძლია სათადარიგო ნაწილების მხოლოდ ერთი კომპლექტი შევინახო ორის ან სამის ნაცვლად. ან, თუ ვიცი, რომ სატვირთო ხვალ მოდის, საწყობში მხოლოდ 8 ან 36 საათის სამყოფ ნაყინს დავიტოვებ“.
ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს გაფუჭებული ან გამოუყენებელი პროდუქცია. ეს ნიშნავს, რომ არ იხდი შენახვისა და დასაწყობების გადასახადებს. ეს ნიშნავს, რომ თუ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება, ძველი მარაგი უსარგებლოდ არ დაგეკარგება და ზარალს არ ნახავ. ანუ, ეს მოდელი მართლაც უაღრესად ეფექტურია და მკვეთრად ამცირებს ხარჯებს. თუმცა, პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც მიწოდების ჯაჭვში ნებისმიერი სახის შეფერხება ხდება. სამხედრო პერსპექტივიდან კი, არმიების მომარაგება არ უნდა იყოს დამოკიდებული ასეთ გლუვ, სტაბილურ და უწყვეტ წარმოებაზე.
სამხედრო ძალები, თავისი არსით, ფუნდამენტურად წარმოადგენენ სადაზღვევო პოლისებს — ძალადობისგან დაზღვევის პოლისებს. თუმცა, არმიის არსებობის მიზანია მისი შენარჩუნება იმ დროისთვის, როდესაც თავის დასაცავად ან ეროვნული ინტერესების მისაღწევად დაგჭირდებათ. ხოლო თუ „ზუსტად დროში“ წარმოების მოდელის დანერგვას ცდილობთ, წარმოების მოცულობის მკვეთრი გაზრდა ან შემცირება ძალიან რთული ხდება. შესაბამისად, „ზუსტად დროში“ წარმოება შესანიშნავია ფარდობითი სტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდებისთვის, მაგრამ უაღრესად სუსტი და არაეფექტურია კრიზისებთან და მოულოდნელ დარტყმებთან გამკლავებისას.



