მარკ ესპერი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი ნატოს „დიდი მხარდამჭერია“ და აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს როგორც რევანშისტულ რუსეთთან, ისე გაძლიერებულ ჩინეთთან დასაპირისპირებლად.
თუმცა, ის არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აშშ არაეფექტურ პარტნიორად იქცა. ამის ნაცვლად, მისი თქმით, ძალისხმევა სწორედ ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ.
„ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ნატოს დაცვის ინტერესი და შესაძლებლობა. შესაძლებლობის თვალსაზრისით, პასუხია — დიახ, თუმცა ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ინტერესს. მე კი ამ საკითხს პირიქით დავაყენებდი და ევროპასა და კანადაში მყოფ ბევრ მოკავშირეს ვკითხავდი: გაქვთ ინტერესი? დიახ. მაგრამ, გაქვთ შესაძლებლობა? არა“, აცხადებს ესპერი, რომელიც როგორც არმიის მდივნის, ისე თავდაცვის მდივნის თანამდებობებს დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში იკავებდა.
„ჩემნაირი ნატოს მომხრეები კი — თავად ვმსახურობდი ნატოში და ვცხოვრობდი ევროპაში — იტყოდნენ: მისმინეთ, მე ეჭვი მეპარება თქვენს საიმედოობაში, თუკი არ შეგიძლიათ შექმნათ ის სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი თავის დასაცავად და კონტინენტის რუსეთისგან დასაცავად გვჭირდება“.
ესპერი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის არმიას მძიმე დარტყმა მიაყენა და მნიშვნელოვნად დაასუსტა იგი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი სტრატეგიული ძალები მეტწილად უცვლელი რჩება. ის ნატოს ზოგიერთ წევრს სათანადო ოპერატიულობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს — განსაკუთრებით მათ, ვინც მშპ-ის 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვის ვალდებულება 2030 წლისთვის გადაავადა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია“ — ამბობს ის.
Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ესპერი უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლო სცენარებზე საუბრობს, რასაც თავად მხარს უჭერს. ანკარაში, 7-8 ივლისს გამართულ ნატოს სამიტზე, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას — უკრაინისთვის Patriot-ის წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ — ის უფრო „მხარდაჭერის სიგნალად“ აფასებს, ვიდრე „მყისიერ მატერიალურ სარგებლად“, რაც წარმოების რთული ლოგისტიკითაა განპირობებული.
„რაც შეეხება უახლოეს მომავალში უშუალოდ უკრაინაში რაკეტების წარმოებას, ვფიქრობ, ამას კიდევ წლები დასჭირდება“, ამბობს ესპერი.
ინტერვიუ ჩაწერილია 14 ივლისს, რედაქტორებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: დავიწყოთ ნატოს ანკარის სამიტით, რომელიც 2026 წლის 7-8 ივლისს გაიმართა. სამიტის დაწყებამდე არსებობდა გარკვეული ღელვა, რომ პროცესები შესაძლოა ისე კარგად არ წარმართულიყო, როგორც რეალურად წარიმართა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების მხრიდან სწორედ ასეთი შეფასებები გვესმის. როგორია თქვენი შეფასება?
მარკ ესპერი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი: დიახ, ჩემი აზრით, სამიტის დაწყებამდე მართლაც დიდი ღელვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რას იტყოდა ან მოიმოქმედებდა პრეზიდენტი ტრამპი ზოგადად ნატოსა თუ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. ვგულისხმობ იმას, რომ მან შეხვედრის ბოლოს ალიანსის მისამართით საკმაოდ თბილი განცხადებები გააკეთა.
ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის და ამ შეხვედრაზეც პოზიტიურად ისაუბრა, ხოლო ახალ ამბებში კი იმ განცხადებით მოხვდა, რომლის მიხედვითაც უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს. მთლიანობაში, სამიტის დაწყებამდე მოლოდინების თამასა საკმაოდ დაბლა იყო დაწეული — ყველა მხოლოდ იმას იმედოვნებდა, რომ პროცესი სერიოზული რღვევების გარეშე ჩაივლიდა — და ვფიქრობ, ეს ბარიერი მარტივად გადაილახა. ასე რომ, ახლა მთავარი კითხვაა: რა იქნება შემდეგ?
მეურმიშვილი: რა იქნება შემდეგ? ევროპელ მოკავშირეებს შორის გარკვეული შეშფოთება შეინიშნება — ისინი აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, შეძლო სამიტმა ამ გამოწვევისთვის ეპასუხა?
ესპერი: ბევრი მოკავშირე დღესაც ასე ფიქრობს და ალბათ მომავალშიც ასე იფიქრებს. თუმცა მე ამას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც საიმედო პარტნიორად რჩება და საერთოდ არ ვიზიარებ ამ ფორმულირებას. გასაგებია, რომ ევროპელებისთვის ეს ნიშნავს — იქნება თუ არა აშშ მათ გვერდით მე-5 მუხლის (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების კოლექტიური თავდაცვის დებულება) ამუშავების შემთხვევაში.
მაგრამ მე ამ კითხვას თავად მათ შევუბრუნებდი და აი, რას ვეტყოდი: ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ნატოს დაცვის ინტერესი და შესაძლებლობა. შესაძლებლობის თვალსაზრისით, პასუხია — დიახ, თუმცა ისინი ინტერესს ეჭვქვეშ აყენებენ. მე კი ამ საკითხს პირიქით დავაყენებდი და ევროპასა და კანადაში მყოფ ბევრ მოკავშირეს ვკითხავდი: გაქვთ ინტერესი? დიახ. მაგრამ გაქვთ შესაძლებლობა? არა.
ვფიქრობ, ამერიკის მხრიდან სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას. ჩემნაირი ნატოს მომხრეები კი — მე თავად ვმსახურობდი ნატოში და ვცხოვრობდი ევროპაში — იტყოდნენ: მისმინეთ, მე ეჭვი მეპარება თქვენს საიმედოობაში, თუკი არ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენი თავის დასაცავად და კონტინენტის რუსეთისგან დასაფარად გვჭირდება.
ასე რომ, ეს ორმხრივი გზაა. ალიანსი ნიშნავს კოლექტიურ მოქმედებას კოლექტიური პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ კი გვჭირდება, რომ ქვეყნებმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ. ვიცით, რომ ბევრმა აიღო ვალდებულება თავდაცვაზე მშპ-ის 5% დახარჯოს, თუმცა ზოგიერთმა ეს პროცესი 2030 წლისთვის გადაავადა. მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის. რამდენიმე ქვეყანამ კი საერთოდ უარი თქვა 5%-იან ნიშნულამდე ასვლაზეც კი.
ეს პრობლემა კვლავ არსებობს და მას რეაგირება სჭირდება. ამასთანავე, მიხარია იმის დანახვა, რომ ბევრი ქვეყანა აჩქარებს თავდაცვის ინვესტიციებს. ისინი საუბრობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ან უბრალოდ სამხედრო ძალების გაფართოებაზე მოხალისეობრივი კონტრაქტების გზით. ჩვენ მართლაც ვხედავთ თავდაცვის სფეროში სერიოზული ინვესტიციების ზრდას, რაც პოზიტიური სიგნალია.
მეურმიშვილი: ახლახან ვესაუბრე აშშ-ის თადარიგის გენერალს, კრისტოფერ კავოლის (ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი.), რომელმაც აღწერა საფრთხე, ომის მასშტაბები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ბოლომდე არ გვესმის რუსეთიდან მომავალი საფრთხე, განსაკუთრებით ევროპულ მხარეს. თქვენ სად ხედავთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს?
როგორც გენერალმა კავოლიმ აღნიშნა, მიუხედავად იმ უზარმაზარი დანაკარგებისა, რაც რუსეთმა განიცადა — მაგალითად, რუსეთმა 4000 ტანკი დაკარგა, მაშინ როცა ზოგიერთი მოკავშირის არსენალში მხოლოდ 150 ან 200 ტანკია — და მიუხედავად მათი შავი ზღვის ფლოტისა და სახმელეთო ძალების გარკვეული დაზიანებისა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მეტწილად უცვლელი რჩება, რუსეთის ბირთვული ძალებიც პრაქტიკულად ხელშეუხებელია. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა ჩვენ ამ საკითხს იმდენ ყურადღებას არ ვაქცევთ, რამდენსაც საჭიროებს. ამ ეტაპზე, თქვენ როგორ აფასებთ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს ევროპისთვის?
ესპერი: დიახ, ეს კარგი კითხვაა და ამ საკითხს მრავალი კუთხით შეიძლება შევხედოთ. ია, თქვენი აზრის გასაგრძელებლად ვიტყვი — ვფიქრობ, თუ მათ სამხედრო ძალებს შევხედავთ, მართალი ხართ: მათი სტრატეგიული ძალები უცვლელი რჩება, თუმცა უკრაინელების მიერ დრონებით განხორციელებული ჭკვიანური დარტყმების შედეგად რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი მაინც დაკარგეს. სამხედრო-საჰაერო ძალები, ვფიქრობ, მეტწილად უცვლელია, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაპირისპირებისას კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის გამოუცდელია. ეს კი გარკვეულწილად მეტყველებს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე. რაც შეეხება სამხედრო-საზღვაო ფლოტს — მან მძიმე დანაკარგები განიცადა, ყოველ შემთხვევაში, შავი ზღვის ფლოტმა.
მაგრამ მე ვიტყოდი, რომ უმთავრესი ორი მიმართულება, სადაც რუსეთმა მძიმე დარტყმა მიიღო, მათი სპეცდანიშნულების ძალებია, რომლებიც პრაქტიკულად განადგურდა, და, რა თქმა უნდა, მათი რეგულარული არმია. სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, შესაძლოა, დანაკარგი ასეთი დიდი არც იყოს. როგორც აღნიშნეთ, ისინი კონფლიქტში ათასობით ტანკით ჩაებნენ და ათასობით ტანკი დაკარგეს კიდეც. არსებობს ცნობები, რომ ჯავშანტექნიკისა და არტილერიის დიდი ნაწილი უკვე აღადგინეს. ვნახოთ, მე ეს ზუსტად არ ვიცი.
თუმცა, რაც შეეხება მათი ჯარისკაცების ხარისხს, ისინი კვლავაც ვერ ახერხებენ ისეთი საბრძოლო შენაერთების მომზადებას, რომელთაც მანევრული ომის წარმოება და იმ დონის ბრძოლა შეუძლიათ, როგორსაც თანამედროვე ეპოქაში ვისურვებდით; ნატოს ძალებთან დაპირისპირებისას ისინი აშკარად დამარცხდებოდნენ.
ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი კითხვა სხვა რამეა: შესაძლებლობების მიღმა, რამდენად აქვს პუტინს მზაობა, კიდევ ერთი ფრონტი გახსნას? იცით, ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით ევროპის ზოგიერთი თავდაცვის მინისტრის განცხადებები, რომ მას ამისთვის ორი წელი სჭირდება, ან შესაძლოა 2030 წლისთვის სცადოს სადმე ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჰიბრიდული ომი ევროპის სხვადასხვა ნაწილში მუდმივად მიმდინარეობს. ასე რომ, მე მათ სათანადო ყურადღებას არ მოვაკლებდი.
დღეს პუტინი რთულ ვითარებაშია. ის ნამდვილად არ იგებს ომს და ჩემნაირი ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ის პოზიციებს კარგავს, თუ საერთოდ არ იწყებს ომის წაგებას. ამასთან, ის უზარმაზარ დანაკარგებს განიცდის: ბრძოლის ველზე 1,2-დან 1,3 მილიონამდე რუსი ჯარისკაცია მოკლული ან დაჭრილი. ეს ყველაფერი უკვე მათ ქვეყანაშიც იგრძნობა, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების ფონზე — მსგავსი მოვლენები რუს ხალხზე ბევრად უფრო პირდაპირ აისახება, ვიდრე თავად დანაკარგები. ასე რომ, ვფიქრობ, ის საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დგას.
მთავარი კითხვაა: წავა თუ არა ის კიდევ უფრო დიდ რისკზე და შეეცდება თუ არა სხვაგან შეჭრას? არ ვიცი. ჩემთვის ამის დაჯერება ცოტა რთულია, თუმცა ამ სცენარს მაინც არ გამოვრიცხავდი. სწორედ ეს არის არგუმენტი იმისა, რომ ნატომ კვლავაც განაგრძოს საკუთარი შესაძლებლობებისა და თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით ფრონტისპირა სახელმწიფოებში — იქნება ეს ფინეთი, ბალტიისპირეთი, თუ აღმოსავლეთ ფრონტის სხვა ქვეყნები.
მეურმიშვილი: თქვენ ახსენეთ, ამ ეტაპზე, ომში უკრაინის გარკვეული უპირატესობა და რომ რუსეთი ახლა წამგებიან პოზიციაშია. როგორ ფიქრობთ, აკეთებს თუ არა დასავლეთი საკმარისს უკრაინის წინსვლისა და რუსეთზე ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად, რათა ვიხილოთ ამ ომის დასასრული, როგორც თქვენ აღნიშნეთ?
ესპერი: სავარაუდოდ, არა. ვფიქრობ, ზოგიერთი ევროპელიც იმავეს იტყოდა. დანამდვილებით — პრეზიდენტი ზელენსკი. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის მყისიერი საჭიროებები მოიცავს საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელ რაკეტებს, განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტებს, რადგან რუსული ბალისტიკური რაკეტები თავდაცვას არღვევს. თუმცა, აშკარაა, რომ მათ სხვა რამეებიც სჭირდებათ — სხვა სახის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი დაეყრდნობოდნენ. და ეს არ არის მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა; ეს არის ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა. არსებობს თუ არა რუსეთზე მეტი ზეწოლის განხორციელების სხვა გზები?
რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია — ამჯერად ეს საკითხი არ წამოჭრილა, მაგრამ მაინც არსებობს — თუ როგორია ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. ეს კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი იქნებოდა. ვფიქრობ, მთავარი კითხვაა: როგორ მივცეთ უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის საკმარისი ბერკეტები, რათა აიძულონ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მინიმუმ შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და შეცვლის დინამიკას? ამ ეტაპზე ჩვენ ეს ბერკეტი ჯერ არ გვიპოვია, თუმცა, შესაძლოა, უკრაინელებმა თავად მიაგნეს მას რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე ქვეყნის სიღრმეში განხორციელებული დარტყმებით, რისთვისაც ისინი დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს იყენებენ.
შესაძლოა, ეს არის კიდეც. ვნახოთ. ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ვფიქრობ, რაც უფრო მეტად დავეხმარებით მათ სამხედრო ტექნიკისა და პოლიტიკურ ფრონტზე, მით მეტად დაგვაახლოებს ეს იმ წერტილთან, სადაც პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
მეურმიშვილი: თქვენ საჯაროდ განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. რატომ? და ასევე, თუ შეგიძლიათ, რომ შეეხოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას ამ ეტაპზე, რადგან ამის შესახებაც საჯაროდ გქონდათ საუბარი. თუ გააერთიანებთ ამ ორ ასპექტს — უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და მათი სამხედრო ძალების ამჟამინდელ შესაძლებლობებს — რატომ ფიქრობთ ასე?
ესპერი: ვფიქრობ, ნატოს წევრობის საკითხში მე ძირითად პრინციპებს ვუბრუნდები. იცით, თავდაპირველად სწორედ დასავლური დემოკრატიები გაერთიანდნენ კოლექტიური თავდაცვის ამ მისიაში, საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, ახლა კი, რა თქმა უნდა, ეს არის რევანშისტული რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით. ასე რომ, კვლავაც მიმაჩნია — თუ ქვეყანას სურს ნატოში გაწევრიანება და მას შეუძლია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მაშინ კარი ღია უნდა დავტოვოთ. ჩემთვის არ უნდა არსებობდეს დებატები იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა კარი ღია უკრაინისთვის ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის.
დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს იმის ირგვლივ, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს და შემდეგ, რა არის მათი მიღების საუკეთესო გზა. ვინაიდან, ბუნებრივია, არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება ნატოში იმ ქვეყნის მიწვევის თაობაზე, რომელიც აქტიურ კონფლიქტში იმყოფება რუსეთთან — რომელიც ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეა.
და მაინც, როგორი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმულირება? ეს ჰგავს იმას, რაც უკვე განვიხილეთ — ცივი ომის დროს დასავლეთ გერმანია ალიანსის წევრი იყო, აღმოსავლეთ გერმანია კი — არა. ანუ, უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე ეს არ გავრცელდეს, ხოლო არაოკუპირებულმა, თავისუფალმა ნაწილებმა წვდომა მიიღონ?
ვფიქრობ, არსებობს გარკვეული ფორმულები, რომლებზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. ან, შესაძლოა, ისინი დავაყენოთ არა სრული წევრობის, არამედ გარკვეული ტიპის ნაწილობრივი წევრობის გზაზე, ან სრული წევრობის — დათქმებით.
მიმაჩნია, რომ ამის გარკვევის გზები არსებობს, თუმცა ამ გზავნილის გაკეთება მნიშვნელოვანია ჩვენი ნატოს სხვა მოკავშირეების დასამშვიდებლად, უკრაინელების გასაძლიერებლად და რუსების კიდევ უფრო შესაკავებლად. არსებობს მრავალი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ გზაზე დასადგომად.
ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ — აშკარაა, რომ დღეს ის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი სამხედრო ძალაა კონტინენტზე. ისინი დაუპირისპირდნენ არმიას, რომელიც მათზე მრავალჯერ დიდია, ქვეყანას, რომელსაც აქვს 10-ჯერ დიდი ეკონომიკა, 4-ჯერ მეტი მოსახლეობა, და მათ ის უკუაგდეს; ყოველ შემთხვევაში, ჩიხურ მდგომარეობაში ამყოფებენ.
ასე რომ, თუ კითხვა ისაა, მოუტანს თუ არა უკრაინა პოზიტიურ სარგებელს უსაფრთხოებას მისი სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით, პასუხი არის ცალსახა დიახ. ეს იმიტომ, რომ მათ არა მხოლოდ სრულყვეს საკუთარი რეგულარული შესაძლებლობები, არამედ შექმნეს ინოვაციები ყველასთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, როდესაც საქმე ეხება დრონებით ომს, დრონების საწინააღმდეგო ბრძოლას, ტაქტიკას, დოქტრინას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს მათგან სასწავლი. და ეს მხოლოდ საჰაერო დრონები არ არის — ეს არის სახმელეთო დრონები, საზღვაო დრონები, რომლებმაც შავ ზღვაში ათობით რუსული გემი გაანადგურეს, დააზიანეს ან, ყოველ შემთხვევაში, უკან დაახევინეს.
მიმაჩნია, რომ ნატოს შეუძლია ბევრი რამ მიიღოს და ისწავლოს მათგან. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს დისკუსია, რათა გავარკვიოთ, როგორია წინსვლის სწორი გზა და რა ვადებში.
მეურმიშვილი: საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ ლიცენზია, რომლის უკრაინისთვის გადაცემაზეც პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რათა უკრაინამ Patriot-ის რაკეტები აწარმოოს. შეგიძლიათ აგვიხსნათ ეს პროცესი? რას ნიშნავს ეს? ეს ძალიან მნიშვნელოვან სიახლედ ჩანს და, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მოვლენაა. თუმცა, ამავდროულად, მისი მექანიზმი არც ისე ნათელია. ასე რომ, შეგიძლიათ განმარტოთ, რას გულისხმობს ეს და რა სარგებელს მოუტანს უკრაინას?
ესპერი: ვფიქრობ, ეს უფრო მხარდაჭერის სიგნალია, ვიდრე მყისიერი მატერიალური სარგებელი, რადგან ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გასცემს ლიცენზიას, მხოლოდ ერთი ნაბიჯია ხანგრძლივ პროცესში.
ეს ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ იმ კომპანიიდან, რომელიც მათ აწარმოებს. ამ შემთხვევაში, ეს იქნება Lockheed Martin-ი (რომელიც აწარმოებს Patriot-ის სისტემის PAC-3 და PAC-3 MSE ტიპის გზაგადამჭრელ რაკეტებს). და ამან ბიძგი უნდა მისცეს პროცესს, რომლითაც დაიწყება ტექნიკური დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდება ეს (უკრაინის მიერ ლიცენზირებული წარმოება).
ვგულისხმობ, რომ აქ ყველაფერია გასათვალისწინებელი — დაწყებული მიწოდების ჯაჭვებიდან, ლიცენზირებითა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვით, დასრულებული ქარხნის ან საწარმოო ხაზის გამართვისა და თანამშრომელთა მომზადების ტრენინგებით. ეს ხანგრძლივი პროცესია.
ჩვენ მსგავსი შეთანხმებები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, რაც, ვფიქრობ, უკვე ორიოდე წელია ძალაშია და მათ ჯერ კიდევ არ უწარმოებიათ არცერთი რაკეტა, რადგან ეს ხანგრძლივი, დამღლელი პროცესია. ეს ძალიან მაღალტექნოლოგიურია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება უფრო მხარდაჭერის სიგნალია, რაც კარგია.
თუმცა, რაც შეეხება უახლოეს მომავალში უკრაინაში რაკეტის წარმოებას, ვფიქრობ, ამისგან წლები გვაშორებს. ჩემთვის კი სწორედ ეს არის უკრაინის წინაშე მდგარი მყისიერი გამოწვევა.
მეურმიშვილი: ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას, ჯერ ერთი, უკვე აქვს ომის ეკონომიკა და, მეორეც, მათ უკვე გააჩნიათ Flamingo-ს წარმოების შესაძლებლობები. ფიქრობთ, რომ ეს არ არის რელევანტური?
ესპერი: ვფიქრობ, ეს რელევანტურია, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევას მიესადაგება. ისინი ძალიან განსხვავებული რაკეტებია, სრულიად განსხვავებული საწარმოო ხაზებით. და, რა თქმა უნდა, არ მოგინდებათ Flamingo-ს საწარმოო ხაზის გათიშვა, Patriot-ის ხაზის ასამუშავებლად. კიდევ ვამბობ, ბევრი რამ უნდა მოხდეს. რამდენიმე თვე — ვისურვებდი ასე იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდეს.
მეურმიშვილი: ორი დღის წინ (2026 წლის 11 ივლისს) შევიტყეთ სამწუხარო ამბავი, რომ აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა. მან ბოლო საჯარო განცხადება კიევში გააკეთა, თქვა, რომ სენატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას თეთრ სახლთან, რათა გაიტანონ სანქციების კანონპროექტი, რომლისთვისაც სენატორი გრემი უკვე რამდენიმე წელია იბრძოდა. როგორ გესახებათ ამ კანონპროექტის მომავალი? მიიღებს მას სენატი?
ესპერი: დიახ, ეს კარგი კითხვაა. და, რა თქმა უნდა, უპირველესად, ლინდსი გრემის გახსენებით დავიწყებ. მას 20 წელზე მეტია ვიცნობდი — სენატში ჩემი მუშაობის პერიოდიდან და, რა თქმა უნდა, როდესაც თანამდებობაზე ვმსახურობდი, ის დიდ მხარდაჭერას მიცხადებდა.
იგი ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული [განსვენებულ რესპუბლიკელ სენატორ] ჯონ მაკკეინთან, რომელთანაც მეც ახლო ურთიერთობა მქონდა.
ლინდსი კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესში, ვაშინგტონში, აშკარად რესპუბლიკელთა ლიდერი იყო, როდესაც საქმე ამ პოლიტიკას ეხებოდა. ეს იყო საგარეო პოლიტიკისადმი უფრო რეიგანისეული მიდგომა, სადაც ამერიკა ლიდერობდა და მხარს უჭერდა დემოკრატიებს. ის იქ ძალიან ძლიერი ხმა იყო და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ძლიერი ხმა, არამედ პრეზიდენტი მას უსმენდა და შეეძლო მისი დარწმუნებაც. ასე რომ, ეს ყველაფერი ახლა წარსულს ჩაბარდა.
ახლა კი კითხვა ისაა, თუ ვინ შეძლებს ამ როლის შევსებას. ვინ იცნობს ამ კონფლიქტს საკმარისად კარგად? ვინ იზიარებს იმავე ტიპის რეიგანისეულ პრინციპებს, რაც მას მართავდა, და ვინ გადაიბარებს ამ საქმეს? ვფიქრობ, ეს კითხვა ღიად რჩება. კონგრესის ზოგიერთმა წევრმა უკვე განაცხადა, რომ სურთ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი წინ წაწევა სენატორის პატივსაცემად. ვფიქრობ, პრეზიდენტმაც გამოხატა მსგავსი მზაობა.
ფაქტი, რომ მისი ნაადრევი გარდაცვალება და ეს განსახილველი კანონპროექტი დაემთხვა ნატოს პოზიტიური სამიტის დასრულებას — სადაც პრეზიდენტი ტრამპი წამოვიდა ბევრად უკეთესი განწყობით არა მხოლოდ ზოგადად ნატოს მიმართ, არამედ ნამდვილად სწორი სიტყვები თქვა ზელენსკისთან მიმართებით — ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ იმედს აჩენს. ასე რომ, ამ ეტაპზე გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მეურმიშვილი: მდივანო ესპერ, ძალიან დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის. თუ არის კიდევ რაიმე, რის დამატებასაც ისურვებდით, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები.
ესპერი: დიახ, რა თქმა უნდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და კიდევ ერთხელ თქვენს აუდიტორიას ამ საკითხებზე ფოკუსირებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც უფრო ადრეც აღვნიშნე, მე მთელი ცხოვრება ნატოს აქტიური მხარდამჭერი ვარ. ნატოში ვმსახურობდი, როგორც არმიის ახალგაზრდა ოფიცერი. კაპიტოლიუმის ბორცვზე მუშაობისას ნატოს დიდი ქომაგი ვიყავი და ვთანამშრომლობდი იმ წევრებთან, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ, და, რა თქმა უნდა, როდესაც თანამდებობაზე ვიყავი (როგორც არმიის მდივანი და თავდაცვის მდივანი). თუმცა, ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ასეთი დიდი გულშემატკივარი ვარ, მისი სიცოცხლისუნარიანობა და სიჯანსაღე დამოკიდებულია არა მხოლოდ ამერიკის ლიდერობაზე, არამედ ყველა სხვა მოკავშირეზე, რომლებმაც თავიანთი სამართლიანი წვლილი უნდა შეიტანონ და, გარკვეულწილად, გაამართლონ ეს მოლოდინები.
მე ვხედავ ნატოს როლის მნიშვნელობას — უპირველეს ყოვლისა და აშკარად — ევროპის კონტინენტზე ფოკუსირებით, რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, უფრო დიდი ამბიციები მაქვს. უდიდესი საფრთხე, რომელსაც მსოფლიოში ვხედავ მას შემდეგ, რაც რუსეთის საკითხს მოვაგვარებთ, იქნება ჩინეთი. და დასავლურ დემოკრატიებს კიდევ ერთხელ დასჭირდებათ ერთ აზრზე ყოფნა, გაერთიანება და საკმარისი ბრძოლისუნარიანობა, რათა უკუაგდონ ამ საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ. ადრე ეს იყო საბჭოთა კავშირი, ახლა რუსეთია, მაგრამ ჩინეთი ჩასაფრებული გვითვალთვალებს. და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად მოქნილები და ძლიერები, რათა შევძლოთ ამ მიმართულებით შემობრუნება, ფოკუსის შეცვლა, როდესაც ეს მოხდება.
მე ნატოს დიდი გულშემატკივარი ვარ. მსურს, კვლავაც ვიხილო მისი აყვავება და იმედი მაქვს, რომ ყველა სხვაც ასეთსავე პოზიტიურ და ერთგულ მიდგომას გამოავლენს ალიანსის მიმართ.



