სექტემბერში, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ, გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის აქტს განიხილავს. მიმდინარე თვის დასაწყისში, ორპარტიული მხარდაჭერით, სენატმა ის 86 ხმით, 11-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტი, რუსეთის წინააღმდეგ, აღმასრულებელი ბრძანების ქვეშ მოქმედ სანქციებს კანონით განამტკიცებს, გაამარტივებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ზომების მიღებას და პრეზიდენტს რუსული ნავთობის მსხვილ მყიდველ ქვეყნებზე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას მიანიჭებს.
ფილიპ ლაკი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ეკონომიკის პროგრამის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტის ყოფილი მოადგილე, ამბობს, რომ სანქციების კანონით განმტკიცება მათ მოხსნას გაართულებს.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია და სანქციების სამომავლო რეჟიმს უფრო პროგნოზირებადს ხდის“, ამბობს ლაკი.
პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციები შეიძლება საფუძვლად დაედოს შეერთებული შტატების მიერ იმავე გემების სანქცირებას და ვაშინგტონს საშუალება მისცეს, უფრო სწრაფად „რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ სანქციები, უფრო სწრაფად მოიყვანოს პარტნიორების სანქციებთან ჰარმონიაში“.
ტარიფების დაწესების უფლებამოსილება შეიძლება შეეხოს ისეთ მსხვილ მყიდველებს, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი.
ლაკის თქმით, რუსული ნავთობის ყიდვა-გაყიდვის წინააღმდეგ უშუალო ზომები, შესაძლოა უფრო ეფექტიანი იყოს.
„ვფიქრობ, ფასის ზედა ზღვრის პოლიტიკის უკეთ აღსრულება, მეტი გემის სანქცირება და უკეთესი კოორდინაცია ან ამ ქვეყნებზე მეტი ზეწოლა, რომ რუსული ნავთობი სხვა გზებით არ შეიძინონ, უფრო ეფექტიანი იქნება, თუმცა ვნახოთ“, ამბობს ის.
მისი თქმით, გადაჭარბებულია მოლოდინი, რომ მხოლოდ სანქციებით, კრემლის ქცევის შეცვლა შესაძლებელი იქნება.
„ვფიქრობ, ქცევის შეცვლის თვალსაზრისით, სანქციებს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ირანის, კუბისა და სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადავხედავთ, შედეგები არც ისე დამაიმედებელია, არა?“ ამბობს ლაკი. „მაგრამ ვიტყოდი, რომ ქცევის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ერთადერთი მიზანი არ არის. მიზნის ნაწილია, რუსეთს საქმე გავურთულოთ. ვაიძულოთ, მეტი ფული და მეტი რესურსი დახარჯოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ქსელების მართვაზე. მათთვის საქმის გართულება ნიშნავს, რომ ომის წარმოების ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ. შემოსავალი შევუმციროთ, რაც ომისთვის ნაკლებ ფულს ნიშნავს.“
იმ ფონზე, როცა უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს, ლაკი კიევის ეკონომიკურ ზეწოლას უსვამს ხაზს.
„ვფიქრობ, უკრაინა ახლა შესანიშნავად ახერხებს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას ისე, როგორც სანქციები, ალბათ, ვერასდროს შეძლებს“, ამბობს ლაკი. „ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ბერკეტები უფრო მეტად მათ ხელშია, ვიდრე ჩვენსაში.“
ინტერვიუ ჩაწერილია 18 აგვისტოს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ სენატორ გრემის სახელობის აქტს, წარმომადგენელთა პალატა, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს კვირებში განიხილავს. შეგიძლიათ, კანონპროექტის მთავარი დებულებები განმარტოთ და თუ კანონად იქცევა, რას შეცვლის ის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებში?
ფილიპ ლაკი, CSIS-ის ეკონომიკის პროგრამის დირექტორი: კანონპროექტს რამდენიმე სხვადასხვა ელემენტი აქვს და, ვფიქრობ, ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
პირველი, რასაც ის აკეთებს, სანქციებს რეალურად არ ზრდის, მაგრამ მათ კანონით განამტკიცებს. ის რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ სანქციებს კონგრესის უფლებამოსილების საფუძველზე განამტკიცებს და არა მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებით.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გამოსცა ახალი აღმასრულებელი ბრძანება, რომელსაც ამ სანქციების უმეტესობა ეფუძნება. ეს ბრძანება სანქციების დაწესების ძალიან ფართო უფლებამოსილებას იძლევა, განსაკუთრებით მესამე მხარეებისა და რუსეთთან გარიგებებში ჩართული პირების მიმართ. მაგრამ, ყველა ეს სანქცია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებით მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გაუქმება.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი სანქციებს კანონით განამტკიცებს და წარმომადგენელთა პალატასაც გაივლის, ადმინისტრაცია ვეღარ შეძლებს მათ ცალმხრივად მოხსნას. მას შეუძლია გამონაკლისები დაუშვას, მაგრამ ასეთი გამონაკლისის გარეშე უკვე მოქმედ სანქციებს ვეღარ მოხსნის. ეს, ვფიქრობ, ძალიან ძლიერი სიგნალია და სანქციების სამომავლო რეჟიმს უფრო პროგნოზირებადს ხდის.
მეორე, შედარებით უფრო პროაქტიული ნაბიჯი ის არის, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დასასანქცირებლად, კანონპროექტი ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ბარიერს ამცირებს.
„ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ სანქციები ნამდვილად ხშირად გამოგვიყენებია, თუმცა ამ ადმინისტრაციის პირობებში არც ისე ხშირად. ამისთვის მტკიცებულების შედარებით მაღალი სტანდარტია საჭირო. კანონპროექტის თანახმად, პარტნიორის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ან სხვა მხარის მიერ დაწესებული სანქცია საკმარის პირველად მტკიცებულებად ჩაითვლება, რაც საშუალებას მოგვცემს, სანქციები თავადაც დავაწესოთ.
ფაქტობრივად, თუ ადმინისტრაცია მოისურვებს, ეს მას საშუალებას მისცემს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მიმართ ჩვენი სანქციები სხვა პარტნიორების სანქციებთან ბევრად უფრო სწრაფად მოიყვანოს ჰარმონიაში. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამგვარი სანქციების დაწესება დიდ წილად შევწყვიტეთ. ჩვენმა პარტნიორებმა კი გემების სანქცირება ევროკავშირის სანქციათა პაკეტებითა და სხვა ზომებით განაგრძეს. ეს კანონპროექტი მომავალში ჩვენი ზომების მათ ზომებთან უფრო მარტივად ჰარმონიზების შესაძლებლობას მოგვცემს.
ბოლო მთავარი საკითხია, რომ კანონპროექტი პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას ანიჭებს, ტარიფები დაუწესოს იმ მხარეებს, რომლებიც დიდი მოცულობით რუსულ ნავთობს ყიდულობენ. ფორმულირება ცოტა ბუნდოვანია და ზუსტად არ ჩანს, ვის შეეხება ეს ზომა, თუმცა ის პრეზიდენტს ნამდვილად მისცემს საშუალებას, ტარიფები დაუწესოს ინდოეთს, ჩინეთს და, სურვილის შემთხვევაში, თუმცა არა მგონია ასე მოიქცეს, უნგრეთსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანასაც.
შარაშენიძე: რა ეკონომიკური ლოგიკა უდევს ამ ტარიფებს საფუძვლად? როგორ შეამცირებს ისინი რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს?
ლაკი: ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, ამ მიდგომის ლოგიკა, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვა, საკმაოდ არაპირდაპირ მექანიზმს ეყრდნობა, ის არის, რომ ნავთობი ბაზრიდან არ მოიხსნას, მაგრამ მყიდველებს რუსეთისგან მიღებულ ნავთობზე უფრო დიდ ფასდაკლებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობა მიეცეთ. თავიდან ფასის ზედა ზღვრის ლოგიკაც არსებითად სწორედ ეს იყო, არა?
ძირითადი იდეა ასეთი იყო: რუსეთი დიდი მოცულობის ნავთობს აწარმოებს, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე გადის. თუ ამ ნავთობის მიწოდებას მნიშვნელოვნად შეამცირებდით ან მას მთლიანად მოაშორებდი ბაზარს, ომთან კავშირის არმქონე ბევრი ადამიანი დაზარალდებოდა, რადგან ნავთობის მსოფლიო ფასები გაიზრდებოდა. ამიტომ საკითხი ასე იდგა: როგორ შეგვემცირებინა კრემლის შემოსავლები ისე, რომ ნავთობი ბაზარზე დარჩენილიყო?
ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაპირველი იდეა, როცა მეც იქ ვმუშაობდი, ფასის ზედა ზღვარი იყო. ფაქტობრივად, სქემა ისე უნდა მოწყობილიყო, რომ მყიდველებს დაწესებულ ზღვარზე მეტი არ გადაეხადათ, თუ დასავლური დაზღვევით სარგებლობა და დასავლეთის სანქციების რისკის თავიდან აცილება სურდათ. ან, სულ მცირე, მათ, ვინც ნავთობს „ჩრდილოვანი ფლოტით“ იღებს და ეს რისკი ნაკლებად აწუხებს, უფრო დიდი ფასდაკლების მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებოდათ, რადგან ზედმეტის გადახდა არავის სურს.
ასეთი იყო ამ მიდგომის არგუმენტი. ტარიფების შემთხვევაში ეს არგუმენტი ცოტა უფრო რთულდება. თუ ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელი კომპანია ხართ, ადრე იტყოდით: „რისკს საკუთარ თავზე ვიღებ. თუ ამ ნავთობს ვიყიდი, შეიძლება სანქციები დამიწესდეს. ამიტომ, ამ რისკის ასანაზღაურებლად, უფრო დაბალი ფასი უნდა დამიწესოთ.“
ტარიფის შემთხვევაში კი, როგორც ნავთობგადამამუშავებელი კომპანია, ამბობთ: „თუ, მთლიანობაში, თქვენგან ძალიან ბევრ ნავთობს ვიყიდით, ჩემს ქვეყანას შეიძლება ტარიფები დაუწესდეს; ამიტომ ფასდაკლება მომეცით.“ ეს ცოტა უფრო სუსტი კავშირია. გაცილებით მეტად უნდა დაეყრდნოთ სახელმწიფოს დონეზე ზეწოლას ცალკეულ მყიდველებზე, რომ ეს ნავთობი არ შეიძინონ ან შესყიდვა არ დამალონ.
ისევ და ისევ, შედეგს მონაცემებში ვნახავთ. თუ ეს იმუშავებს, შესანიშნავი იქნება. ვფიქრობ, ფასის ზედა ზღვრის უკეთ აღსრულება, მეტი გემის სანქცირება და უკეთესი კოორდინაცია, ან ამ ქვეყნებზე მეტი ზეწოლა, რომ რუსული ნავთობი სხვა გზებით არ შეიძინონ, უფრო ეფექტიანი იქნება, თუმცა ვნახოთ.
შარაშენიძე: თქვენ ახსენეთ გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა. პრეზიდენტს კვლავ შეეძლება, ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე ამ ზომებზე გამონაკლისი დაუშვას. თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, რა იქნება საჭირო მისი რეალური განხორციელებისთვის და რა მოხდება, თუ ის სრულად არ აღსრულდება?
ლაკი: უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ სანქციურ პროგრამებში ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა პრაქტიკულად ყოველთვის არსებობს და ძალიან ცოტა პროგრამაა, რომელსაც ასეთი მექანიზმი არ ახლავს. ამიტომ, ამას არც უნიკალურ გამონაკლისად და არც პასუხისმგებლობისგან ავტომატურად გათავისუფლების საშუალებად უნდა შევხედოთ. ასეთი მექანიზმი ყოველთვის არსებობს.
მაგრამ, ეს ორ საკითხზე მიგვითითებს. პირველი: საბოლოოდ, ამ ზომების ეფექტიანობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოისურვებს აღმასრულებელი ხელისუფლება მათ განხორციელებას. თუ ადმინისტრაცია იტყვის: „კარგი, კონგრესმა მკაფიოდ მითხრა, რომ ეს სანქციები მისთვის მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ არ ვეცდებით მათ გაუქმებას ან მათზე გამონაკლისების დაშვებას, არამედ ბევრ დროსა და ადამიანურ რესურსს დავხარჯავთ მათი აღსრულების უზრუნველსაყოფად“, მაშინ ეს ზომები ეფექტიანი იქნება.
თუ ადმინისტრაცია უბრალოდ იტყვის: „შესანიშნავია, სანქციები კანონში წერია“, მაგრამ შიდა უსაფრთხოების, ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტებსა და სხვა უწყებებს არ დაავალებს, შეამოწმონ, რეალურად აღსრულდება თუ არა ისინი, სანქციები ნაკლებად ეფექტიანი იქნება. ეს იმ შემთხვევაშიც ასეა, თუ ადმინისტრაცია ოფიციალურ გამონაკლისს არ დაუშვებს, არა? თუ ის სათანადო ძალისხმევას არ გაწევს და აღმასრულებელ უწყებებს არ მისცემს სიგნალს, რომ ამ ზომებს რეალური ძალა შესძინონ, სანქციები რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ადმინისტრაციას საბოლოოდ ყოველთვის ექნება მოქმედების ფართო თავისუფლება და საერთო ეფექტიანობის განსაზღვრის შესაძლებლობა.
თუმცა, კონგრესს ერთი რამის გაკეთება შეუძლია: ამ ჯერ კიდევ განსახილველ კანონპროექტში ანგარიშვალდებულების მოთხოვნები ჩადოს და აღმასრულებელ ხელისუფლებას უთხრას: „უნდა მოგვახსენოთ, როგორ ზომავთ ამ სანქციების ეფექტიანობას. უვლიან თუ არა მათ გვერდს? თუ უვლიან, რას აკეთებთ ამის შესაჩერებლად? თუ ამას ვერ ახერხებთ, რა უნდა გააკეთოთ სხვაგვარად?“
როცა მთავრობაში ვმუშაობდი, სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტის მოადგილე ვიყავი. ჩემი შიდა საქმიანობის დიდი ნაწილი ადმინისტრაციისთვის იმის გარკვევაში დახმარებას ეთმობოდა, რა მუშაობდა და რა არა, რათა მას სტრატეგია დაეხვეწა. კეთდება თუ არა ეს დღეს, გაურკვეველია. კონგრესი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებს, თუ ადმინისტრაციას ანგარიშის წარდგენას მოსთხოვს. ადმინისტრაციას ყოველთვის შეუძლია, ანგარიში იმაზე ნაკლებად სრულად წარადგინოს, ვიდრე თქვენ გსურთ. მაგრამ ვფიქრობ, ამგვარი მოთხოვნები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა სანქციებისთვის გვერდის ავლის შემთხვევების ხელახალ ზრდას ვხედავთ და თითქმის ორი წელია, ზეწოლა სასურველზე ნაკლებია.
შარაშენიძე: თქვენ სახელმწიფო დეპარტამენტში თქვენს საქმიანობაზე ისაუბრეთ. იქ სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლის საკითხებზე მუშაობდით. ძირითადად როგორ უვლის რუსეთი სანქციებს გვერდს და რამდენად რთულია შეერთებული შტატებისთვის ამ სქემების ჩაშლა?
ლაკი: ამას ორ ძირითად კატეგორიად ვყოფ. ფაქტობრივად, ორი რამ უნდა შევაჩეროთ. უნდა შევუშალოთ ხელი რუსეთს, მიიღოს დასავლური მასალები, რომლებიც ომის საწარმოებლად სჭირდება. ასევე მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ სანქციებს დაქვემდებარებული სფეროებიდან, მათ შორის ნავთობიდან, ომისთვის საჭირო შემოსავლების მიღება. ამგვარად, ორი ამოცანა გვაქვს: შევაჩეროთ ფულის შედინება და ნახევარგამტარების, ბურთულა საკისრებისა და სხვა ისეთი საქონლის მიწოდება, რომელიც ომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სანქციების აღსრულება ყოველთვის რთული ბრძოლაა, განსაკუთრებით რუსეთის მსგავსი დიდი და გლობალურად ინტეგრირებული ეკონომიკის შემთხვევაში. ეს მარტივი არასდროს არის. სრულ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ.
ფინანსური თვალსაზრისით, ფინანსური სისტემის ცვლილება, ზოგ შემთხვევაში დოლარისგან დისტანცირება, სტეიბლკოინებისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენების ზრდა, რუსეთს ალტერნატიული გზებით მოქმედებას უადვილებს. ჩინეთთან მისი უზარმაზარი სავაჭრო ურთიერთობაც საქმეს ართულებს, რადგან ანგარიშსწორება შეიძლება რუბლს ან იუანში მოხდეს. ეს ერთი მხარეა, რომელიც ყოველთვის რთულია.
ასევე რუსეთს წვდომა უნდა შევუზღუდოთ ოქროსა და ძვირფას ლითონებზე, რომლებიც ასეთ გარიგებებში ანგარიშსწორებისათვისაც შეიძლება გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხაზინის დეპარტამენტს აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება, რომ ამ ქსელების ცვლილების კვალდაკვალ სქემები გამოავლინოს და აღკვეთოს.
რაც შეეხება საქონელს, სანქციებისა თუ ექსპორტის კონტროლის პირობებში რუსეთისთვის დასავლურ პროდუქციაზე წვდომის მთავარი გზა სანქციებისთვის გვერდის ავლაა, სავაჭრო შუამავალი პუნქტებისა და გადატვირთვის ჰაბების გამოყენებით. რუსეთს იმდენად სჭირდება დასავლური ნახევარგამტარები, ბურთულა საკისრები და ჩარხები, რომ მზად არის, მათში ჩვეულებრივზე მეტი გადაიხადოს. შესაბამისად, გამოჩნდებიან ადამიანები და კომპანიები, რომლებიც მზად არიან, შუამავლებად იმოქმედონ, ეს საქონელი შეიძინონ და შემდეგ რუსეთში გადააგზავნონ.
ეს წარმოუდგენლად რთული პრობლემაა, მაგრამ მის მოსაგვარებლად საჭიროა ამ ქსელებისთვის თვალის მიდევნება, მათი ცვლილების გააზრება, ამ საქმიანობაში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების სანქცირება და იმის უზრუნველყოფა, რომ ახალი ქსელების შექმნა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს.
ეს მუდმივად შესასრულებელი სამუშაოა. დაახლოებით 250 დღეა, საექსპორტო კონტროლის სუბიექტთა სიაში არც ერთი ახალი სუბიექტი არ დაგვიმატებია. ეს დაახლოებით 2008 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი პაუზაა. აქამდე სიაში შეყვანილი სუბიექტებიდან ბევრი, ფაქტობრივად, ფიქტიური კომპანია იყო. ისინი სადღაც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და შუამავლად გამოიყენებოდა.
ახალი ფიქტიური კომპანიების შექმნას დიდი დრო არ სჭირდება. სრულიად დარწმუნებული ვარ, ვიცით მრავალი ახალი კომპანია, რომელიც ამ საქმიანობაში მონაწილეობს და რომელთა სუბიექტთა სიაში ან სანქციების სიაში დამატებაც ხვალვე შეგვიძლია.
სწორედ ასეთი სისტემატური განახლება აღარ ხდება. როცა ზეწოლას არ ზრდით, ერთ ადგილზე კი არ დგახართ, უკან იხევთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ადგილზე არ დგას. ის სანქციებისთვის გვერდის ავლის ახალ გზებს პოულობს.
ისევ და ისევ, ეს ის სფეროა, სადაც კონგრესი ადმინისტრაციას პირდაპირ ვერ აიძულებს, ჩაატაროს ფორენზიკული ანალიზი, სათანადო შემოწმება ან თუნდაც ღია წყაროების კვლევა. მაგრამ, მას შეუძლია ადმინისტრაციას ანგარიში მოსთხოვოს იმის შესახებ, რას აკეთებს — უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ქვეყნების გავლით კვლავ იზრდება საქმიანობა, რომელიც სანქციების გვერდის ავლას ჰგავს. რატომ ხდება ასე? მართლა ასეა თუ არა? თუ ასეა, ადმინისტრაციამ უნდა ახსნას, რატომ არაფერს აკეთებს.
შარაშენიძე: ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა, მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ვაშინგტონი დეტალებზე ხშირად საჯაროდ არ საუბრობდა. რა იყო რუსეთის მეზობელ ქვეყნებში სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემები?
ლაკი: შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მისი დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ეს იყო მთავრობებს შორის საუბრები, რომლებშიც სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამდით და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ვთავაზობდით.
სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას ცენტრალურ აზიაში იმაზე მეტი ვიზიტი მქონდა, ვიდრე მთავრობაში მოსვლამდე ველოდი.
ორ რამეს ვიტყვი — პირველი: ეს ჩვეულებრივი კომერციული ვაჭრობაა და, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ამ საქმიანობის დიდი ნაწილი ამ ქვეყნების კანონმდებლობით უკანონო არ იყო.
ვთქვათ, ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანაში ახალი კომპანია ყიდულობს ამერიკულ ნახევარგამტარებს, რომლებიც შესაძლოა საექსპორტო კონტროლს არც ექვემდებარებოდეს, და შემდეგ მათ რუს მყიდველებზე ყიდის.
ჩვენი სირთულე ის იყო, რომ რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მრავალი პროდუქტი ტრადიციულად საექსპორტო კონტროლს არ ექვემდებარებოდა. ამიტომ, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა დავხმარებოდით, ესწავლათ, რას უნდა დაკვირვებოდნენ და რას არა.
მეორე საკითხიც უნდა აღვნიშნო: საბოლოოდ, თუ რომელიმე მთავრობა ამ საქმეში შეერთებულ შტატებს ეხმარება, ამას თავად მისთვის ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მაგალითად, ბევრ ამ ქვეყანას რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს და რუსეთთან კომერციული საქმიანობის მოულოდნელი შეზღუდვა შეიძლება დელიკატური საკითხი იყოს. დელიკატური პოლიტიკური საკითხიც რომ არ იყოს, ეს ეკონომიკური აქტივობის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს. შესაბამისად, ამას ფასი აქვს.
და ბოლოს, ზოგიერთ ამ ქვეყანას საექსპორტო კონტროლის კარგად ჩამოყალიბებული სისტემა არ აქვს. ამიტომ, მათთვის ხშირად რთული იყო იმის რეალურად განხორციელება, რასაც ვთხოვდით.
ამ საკითხს რამდენიმე ნაწილი აქვს. ერთი მხრივ, შეერთებულმა შტატებმა მეტი სანქცია უნდა დააწესოს, საექსპორტო კონტროლის სიებში მეტი პროდუქტი შეიტანოს და შესაბამის სიებში მეტი პრობლემური სუბიექტი დაამატოს. მაგრამ, ამ საქმის ძალიან დიდი ნაწილი ეხება პარტნიორებს, რომლებსაც დახმარება სურთ, თუმცა ამისთვის საჭირო შესაძლებლობები არ აქვთ. ამიტომ, აქ მნიშვნელოვანი ადგილი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას უჭირავს.
ქვეყნების უმეტესობას საექსპორტო კონტროლის ნამდვილად კარგად ჩამოყალიბებული სისტემა არ აქვს. ასეთი შესაძლებლობები არც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც ამ სფეროში ერთგვარ ჰაბებად იქცნენ. ამიტომ, მათ უნდა დავეხმაროთ. ამგვარი დახმარებაც მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა.
შარაშენიძე: როგორ შეაფასებდით ამ სანქციების შედეგებს? შეერთებულ შტატებს ახლა რუსეთთან დაკავშირებული ათასობით პირი და ორგანიზაცია ჰყავს სანქციების სიაში შეყვანილი. პრაქტიკულად რას მიაღწია ამ ზომებმა?
ლაკი: ძალიან კარგი შეკითხვაა და მას ხშირად გვისვამდნენ. პირველ რიგში, სანქციებმა რუსეთს ნამდვილად გაუძვირა იმ საქონლის მოპოვება, რომელიც ომის საწარმოებლად სჭირდება. რუსული ნავთობის ფასი რომ შევამცირეთ, და ნამდვილად შევამცირეთ, ამან რუსეთს შემოსავალიც შეუმცირა.
სანქციები პანაცეა არასდროს არის. ის ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ შეუძლია მექანიზმის მუშაობა შეაფერხოს. თუ შემეძლებოდა, რუსეთში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებისთვის განკუთვნილი ჩიპების მიწოდება 10 პროცენტით შევამცირო, ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მიღირს. სწორედ ამას აკეთებს შეერთებული შტატები. თუმცა ასპროცენტიან შედეგს ვერასდროს მიაღწევთ, არა?
ნახევარგამტარების ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული მწარმოებელი, მის სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ნამდვილად დიდი კომპანიაა, წელიწადში 50 მილიარდ ჩიპს აწარმოებს. ეს ძალიან ბევრია. ჩიპები პატარაა და, არსებითად, ფართოდ წარმოებული სტანდარტული საქონელია. ასეთი პროდუქციის იქ მოხვედრის შეჩერება, სადაც ის არ უნდა მოხვდეს, წარმოუდგენლად რთულია.
მაგრამ, რამდენადაც შეგვიძლია, პარტნიორების ყურადღება კონკრეტულად იმ უმაღლესი ღირებულების საქონელზე უნდა გავამახვილოთ, რომლის შეჩერებაც გვსურს. სწორედ ეს არის გასაკეთებელი.
არ მოვყვები ამ საკითხის მთელ ისტორიას, მაგრამ ომის საწყის ეტაპზე, მას შემდეგ, რაც სანქციებისთვის გვერდის ავლის უზარმაზარი ქსელები დავინახეთ, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, იაპონიისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები ერთად დავსხედით და უნდა განგვესაზღვრა: „კარგი, კონკრეტულად რაზე გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაამახვილონ ყურადღება, პარტნიორებმა, რომლებიც ჩვენს პოზიციას იზიარებენ, მაგრამ საჭირო შესაძლებლობები არ აქვთ? კონკრეტულად რის შეჩერება გვინდა? ყველაფერს ვერ შეაჩერებენ. მაშ, რომელია ის 50 პროდუქტი?“
სწორედ ასე მივიღეთ ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული „საერთო მაღალი პრიორიტეტის საქონლის სია“. სია 50 HS-კოდს, ანუ ჰარმონიზებული სატარიფო კლასიფიკაციის 50 კოდს მოიცავს: ნახევარგამტარების, ბურთულა საკისრების, ჩარხებისა და კიდევ რამდენიმე სახეობის საქონლის შერჩეულ ჯგუფებს. ჩვენ ვამბობდით: „რუსეთს ეს პროდუქცია სჭირდება. ვიცით, რომ ჩვენს მიერ წარმოებულ ზოგიერთ მათგანს ჩინეთის მსგავსი, ჩვენთან ნაკლებად დაახლოებული ქვეყნების პროდუქცია სათანადოდ ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ ყურადღებას ამ საქონელზე გავამახვილებთ.“
ეს კოორდინაცია შენელდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ ეს სიაც უნდა განახლდეს, რადგან ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩინეთმა ამ დეფიციტის დიდი ნაწილი შეავსო.
ამიტომ, კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, ალბათ საჭიროა უკეთესი კოორდინაცია იმაზე, რაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რადგან ასპროცენტიანი შედეგი ვერ გვექნება. ამიტომ ძალისხმევა იქ უნდა მიმართოთ, სადაც ყველაზე ხანგრძლივი შედეგის მიღწევა შეგიძლიათ.
შარაშენიძე: 2022 წლის შემდეგ, რომელმა ზომებმა მოახდინა რუსეთზე ყველაზე დიდი ეკონომიკური ზეწოლა და რა შედეგს ელით გრემის სანქციების კანონპროექტისგან?
ლაკი: ეს იმაზეა დამოკიდებული, საჭირო რესურსების მიწოდების მხარეს ვუყურებთ თუ შემოსავლების მხარეს. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ იმისთვის, რომ რუსეთს ნავთობის გაყიდვა გაძნელებოდა და ნაკლები შემოსავალი მიეღო, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტიანი იყო. რა თქმა უნდა, ყველაფრის ეფექტიანობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ამ ეტაპზე ფასის ზედა ზღვრის ოფიციალური რეჟიმით ნავთობის ძალიან დიდი მოცულობა აღარ იყიდება. მაგრამ, ისევ და ისევ, გაყიდული ნავთობი ფასდაკლებით იყიდება, ხოლო ფასდაკლებით გაყიდული ყოველი ბარელი კრემლისთვის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია.
ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ფინანსური წნეხის ნიშნებს უკვე ვხედავთ.
ვერასდროს გვექნება სრულად სუფთა ექსპერიმენტი, რომელიც გვაჩვენებს, რა შედეგი მივიღეთ ამა თუ იმ ზომის მიღებით ან მიუღებლობით. მაგრამ, ამ წლების განმავლობაში საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც რუსეთმა ვერ მიიღო და ომის საწარმოებლად ვერ გამოიყენა.
რაც შეეხება საჭირო რესურსების მიწოდებას, ვფიქრობ, ზომები შედარებით ეფექტიანი იყო, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური საქონლის, ჩარხებისა და ნახევარგამტარების შემთხვევაში. ცხადია, რუსეთი მათ გარკვეულ ნაწილს მაინც მიიღებს. თუმცა, სულ მცირე, ბოლო რამდენიმე წლის შეფასებების თანახმად, ის ჩვეულებრივ ფასზე დაახლოებით 60-70 პროცენტით მეტს იხდის.
თუ თქვენი საზომია: „ისინი ამ საქონელს მაინც იღებენ, მაშასადამე, ჩვენ დავმარცხდით“, ვერ შეგედავებით. იმ დონეზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ, როგორსაც ვისურვებდი. მაგრამ ეს მაინც უკეთესია, ვიდრე არაფრის გაკეთება. მირჩევნია, მათ ნაკლები ფული ჰქონდეთ. თუ სამხედრო დანიშნულების ჩიპებზე მხოლოდ 100 მილიონი დოლარის დახარჯვა შეუძლიათ, მირჩევნია, 30 პროცენტით ნაკლები ჩიპი მიიღონ, რადგან ჩვეულებრივზე 50 პროცენტით მეტს იხდიან.
შარაშენიძე: თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, რომელ მაჩვენებლებს უნდა დავაკვირდეთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იმის გასაგებად, იძლევა თუ არა ის შედეგს?
ლაკი: მე მხარს ვუჭერ ამ კანონს. ვფიქრობ, ეს კარგი იდეაა. მაგრამ, ის მინიმალურ აუცილებელ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, რადგან კანონპროექტი არც ერთ ახალ ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს არ ასანქცირებს. ის თავისთავად არ ზრდის სანქციებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მიმართ. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, ახალს არაფერს აკეთებს.
ის სანქციებს კანონით განამტკიცებს, ანუ ადმინისტრაციას ართმევს შესაძლებლობას, ცალმხრივად მოხსნას ისინი და უბრალოდ განაცხადოს, რომ ომი დასრულდა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. თუ თითოეულ სანქციაზე ცალ-ცალკე გამონაკლისი არ დაიშვება, ისინი ძალაში დარჩება მანამდე, სანამ ძალადობა და ომი სრულად არ დასრულდება და უკრაინის საზღვრების პატივისცემა არ აღდგება.
ამიტომ ეს ცვლილება თავისთავად შეიძლება ეკონომიკურ მონაცემებში არ გამოჩნდეს, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც უფრო ნათელი გახდება, რომ ეს სანქციები ძალაში დარჩება, დანარჩენი დიდ წილად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.
ამ წესების საფუძველზე ტარიფების დაწესებით დაემუქრება თუ არა ადმინისტრაცია რომელიმე ქვეყანას, მისი გადასაწყვეტია. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ის ჩინეთს ტარიფებით დაემუქრება, რადგან, როგორც ჩანს, ადმინისტრაციას ძალიან სურს, შეინარჩუნოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეული განმუხტვა. ამიტომ გამიკვირდება, თუ ასე მოიქცევა. შეიძლება ინდოეთს დაემუქროს, თუმცა ამისთვის სხვა ბერკეტებიც აქვს.
უშუალოდ ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ორ რამეს უნდა დააკვირდეთ. პირველი არის რუსულ ნავთობზე ფასდაკლების მოცულობა. თუ ის არ შეიცვალა, ამ კანონპროექტს არაფერი გაუკეთებია. ჩემი ვარაუდით, ფასდაკლება დიდად არ შეიცვლება, თუ ადმინისტრაცია უფრო მეტ გემს არ დაასანქცირებს, უკვე მოქმედ სანქციებს რეალურად არ აღასრულებს ან პარტნიორებზე ზეწოლას არ გაზრდის, რომ ნაკლები რუსული ნავთობი იყიდონ ან მასზე უფრო დიდი ფასდაკლება მოითხოვონ.
რაც შეეხება სანქციებისთვის გვერდის ავლასა და სანქციების სხვა შედეგებს, აქ შედეგს პრაქტიკა გვაჩვენებს. რუსეთი სავაჭრო სტატისტიკას ძველი ფორმით აღარ აქვეყნებს, თუმცა გვერდის ავლის ამ სქემების დანახვა მაინც საკმაოდ მარტივია როგორც ჩინეთის რუსეთში ექსპორტის მონაცემებში, ისე ცენტრალური აზიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მონაცემებში. თუ ის ტენდენციები, რომელთა ჩამოყალიბებასაც ახლა ვხედავთ, გაგრძელდება, ანუ სანქციებისთვის გვერდის ავლა კვლავ დაიწყებს ზრდას 2024 წლის ბოლოსთვის მიღწეული დაბალი ნიშნულიდან, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ადმინისტრაცია ამ დამატებით ბერკეტს მოსკოვზე ზეწოლის გასაზრდელად არ იყენებს.
შარაშენიძე: ვაშინგტონსა და უკრაინაში ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ ეს ზომები ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას მოახდენს და უბიძგებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. თქვენი აზრით, შეძლებს ეს ზომები ამას?
ლაკი: მე მხოლოდ მოკრძალებული ეკონომისტი ვარ და ვლადიმირ პუტინის გონებაში ვერ ჩავიხედავ. მაგრამ, ორ რამეს ვიტყვი.
პირველი: ვფიქრობ, უკრაინა ახლა შესანიშნავად ახერხებს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას ისე, როგორც სანქციები, ალბათ, ვერასდროს შეძლებს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ბერკეტები უფრო მეტად მათ ხელშია, ვიდრე ჩვენსაში.
ვფიქრობ, ქცევის შეცვლის თვალსაზრისით, სანქციებს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ირანის, კუბისა და სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადავხედავთ, შედეგები არც ისე დამაიმედებელია, არა? მაგრამ ვიტყოდი, რომ ქცევის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მიზანი, ერთადერთი მიზანი არ არის. მიზნის ნაწილია, რუსეთს საქმე გავურთულოთ, არა? ვაიძულოთ, მეტი ფული და მეტი რესურსი დახარჯოს სანქციებისთვის გვერდის ავლის ქსელების მართვაზე. მათთვის საქმის გართულება ნიშნავს, რომ ომის წარმოების ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ. შემოსავალი შევუმციროთ, რაც ომისთვის ნაკლებ ფულს ნიშნავს.
საბოლოოდ, არ ვიცი, ოდესმე თუ იქნება შემთხვევა, როცა შეგვეძლება ვთქვათ: „აჰა, რადგან ა. ტიპის ზეწოლა გამოვიყენეთ, ბ. მომენტში პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანეთ.“
მაგრამ, თუ შეკითხვაა, უნდა გავაკეთოთ ეს თუ არა, პასუხი ცხადია: რა თქმა უნდა, უნდა გავაკეთოთ. ზეწოლის გასაზრდელად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ვფიქრობ, ეს საერთო სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის, რომ ეს გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს, იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება იქნება საჭირო, ვიდრე ახლა ვაკეთებთ. თუმცა ყველა ნაბიჯი გვეხმარება.


