უკრაინის ფრონტის ხაზის დიდ ნაწილზე, ხშირად, ყველაზე სახიფათო ამოცანა რუსულ პოზიციებზე იერიშის მიტანა აღარ არის, არამედ მათკენ უბრალოდ გადაადგილება. პირველი პირის ხედვის (FPV) დრონები დაფრინავენ გზების, სანგრების ქსელებისა და ევაკუაციის მარშრუტების თავზე, რის გამოც „სიკვდილის ზონაში“ ლოგისტიკა ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ნაწილად იქცა.
უკრაინა ამ გამოწვევას სულ უფრო ხშირად პასუხობს ფრონტზე ჯარისკაცების ნაცვლად რობოტების გაგზავნით.
ომის განმავლობაში, ცოცხალ ძალასა და სამხედრო მომარაგებაში რუსეთის უპირატესობის დასაბალანსებლად, კიევი მუდმივად ეყრდნობოდა ტექნოლოგიებს. იაფი დრონები ამ ძალისხმევის ცენტრალურ ელემენტად იქცა — დრონები უკრაინელებს მტრის სასტიკი იერიშების მოგერიებაში, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და რუსეთის სიღრმეებში დარტყმების მიყენებაში ეხმარებოდა. ახლა უკრაინა ფსონს ამ ტექნოლოგიური უპირატესობის ხმელეთზე გადმოტანაზე დებს.
უკრაინული უპილოტო სახმელეთო ტრანსპორტი (UGV) ახლა უკვე რეგულარულად ეზიდება საბრძოლო მასალას, საკვებსა და სხვადასხვა მარაგს; ამავდროულად, მათ გამოჰყავთ დაჭრილი ჯარისკაცები იმ პოზიციებიდან, რომლებიც რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის ქვეშაა. ზოგიერთი სისტემა სამხედრო ლოგისტიკურ მარშრუტებზე ჩასაფრებული რუსული დრონების გასანადგურებლად გამოიყენება.
სახმელეთო რობოტების ტექნოლოგია ახლა გარდამავალ ეტაპს გადის, ზუსტად ისე, როგორც FPV დრონები ბრძოლის ველზე ნაჩქარევად შექმნილი ხელსაწყოებიდან, უკრაინის სამხედრო ძალისხმევის ცენტრალურ ბურჯად გარდაიქმნა. სახმელეთო რობოტების ტექნოლოგია, რაც თავდაპირველად ექსპერიმენტულ ლოგისტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებოდა, სულ უფრო მეტად ხდება ბრძოლის ველზე ყველაზე სახიფათო ამოცანების შესრულების ავტომატიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილი.
თუმცა, ექსპერტები და ფრონტის ხაზზე მყოფი UGV-პროგრამების ხელმძღვანელები Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მოლოდინები სრულად ავტომატიზებული ბრძოლის ველის შესახებ გადაჭარბებული არ უნდა იყოს — ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში.
„მოსაზრება, რომ რობოტებს შეუძლიათ სრულად ჩაანაცვლონ ქვეითი ჯარი, ერთდროულად მართალიც არის და მცდარიც“, — ეუბნება Independence Avenue Media-ს ლიუბა შიპოვიჩი, „Dignitas Ukraine“-ის თანადამფუძნებელი (არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზეა ფოკუსირებული).
„დღეს მათ ეს არ შეუძლიათ, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს. ჩვენ ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ სანგრებიდან და ფრონტის ხაზიდან. რობოტებს შეუძლიათ შეასრულონ ბინძური და სახიფათო სამუშაო“.
რობოტების წელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მკვეთრად უნდა გაზარდოს UGV-ების წარმოება და მიწოდება. ფრონტის ხაზის ლოგისტიკის, დაჭრილთა ევაკუაციისა და საბრძოლო მისიებისთვის, მხოლოდ მიმდინარე წელს, მინიმუმ 50 000 ასეთი სისტემის დამზადება დაისახა მიზნად. The Telegraph-ის მონაცემებით, სახმელეთო რობოტების მიერ შესრულებული მომარაგებისა და ევაკუაციის მისიების რაოდენობა, 2025 წლის ნოემბერში არსებული 2 900-დან, 2026 წლის აპრილში 10 281-მდე გაიზარდა.
სახმელეთო რობოტული სისტემების შექმნაზე, დღეს, 280-ზე მეტი უკრაინული კომპანია მუშაობს. უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების სექტორის (ინდუსტრიის) ჯამურმა მოცულობამ 2025 წელს, დაახლოებით, 6.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, სადაც ყველაზე სწრაფი ზრდა სწორედ სახმელეთო რობოტიზებულ სისტემებში დაფიქსირდა — მათი წარმოება წლის განმავლობაში 488%-ით გაიზარდა.
თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი ხედვა, რომლის მიხედვითაც რობოტულ სისტემებს, საბოლოოდ, ფრონტის ხაზის ლოგისტიკის უდიდესი ნაწილის მართვა შეეძლებათ.
Minister @FedorovMykhailo:
— Defense of Ukraine (@DefenceU) February 17, 2026
7,000+ UGV missions in one month. Ukraine scales ground robots at the frontline — not as an experiment, but as a daily tool to save lives. This year MoD boosts production, procurement, comms & control, and lets units upgrade UGVs with mission-specific… pic.twitter.com/ntClma37h4
ზოგიერთ სექტორში ეს ცვლილება უკვე რეალობაა. 2025 წლის ნოემბერში BBC იტყობინებოდა, რომ პოკროვსკის გარშემო, უკრაინის ფრონტის ხაზის პოზიციებს სამხედრო მარაგების 90%-მდე სწორედ UGV-ების საშუალებით მიეწოდებოდა. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადამ, მხოლოდ ერთ თვეში, სახმელეთო რობოტების გამოყენებით 200 ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა — ეს იგივეა, 10 000 ჯარისკაცს, თითოეულს 20 კილოგრამი ტვირთით, მარაგები ფრონტის ხაზზე ხელით მიეტანა. პოლკოვნიკმა ანატოლი კულიკივსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად სახმელეთო რობოტები ბრიგადის წინა ხაზის ლოგისტიკის დაახლოებით 70%-ს უზრუნველყოფს.
ლოგისტიკის მიღმა
რობოტები სულ უფრო ხშირად ითავსებენ პირდაპირ საბრძოლო როლსაც.
მოქმედების ადრეული ნიმუშების შესახებ ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც დონეცკის ოლქის ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე, უკრაინის 109-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფმა მცირე ზომის დისტანციურად მართვადი მანქანას გამოსცადა. მოგვიანებით, იმავე დღეს, ჯარისკაცებმა ის ასაფეთქებელი ნივთიერებებით გაავსეს და რუსულ სანგარში ააფეთქეს.
დღეს ასეთი ამოცანები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა: გასული წლის ბოლოს, მე-3 მოიერიშე ბრიგადამ განაცხადა, რომ ტყვიამფრქვევით აღჭურვილმა UGV-მ ფრონტის ხაზის პოზიცია დაახლოებით 45 დღის განმავლობაში შეინარჩუნა. 2026 წლის იანვარში, იმავე ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დატვირთული კამიკაძე-რობოტი, რომელიც შედის რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ შენობაში და ფეთქდება. იმავე თვეში, ლიმანის მახლობლად, სამი რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა უკრაინულ სახმელეთო რობოტს — ეს, სავარაუდოდ, თანამედროვე ომის ისტორიაში პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, როდესაც სამხედროები დისტანციურად მართვად სახმელეთო აპარატს ტყვედ ჩაბარდნენ.
უკრაინა ასევე სულ უფრო მეტად ატარებს ექსპერიმენტებს რობოტიზებულ იერიშებზე. კონსტანტინოვკასთან ახლოს, უკრაინის მე-100 ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამ, რუსების მიერ კონტროლირებად შენობაზე თავდასხმისას სამი სხვადასხვა ტიპის UGV გამოიყენა.
ბრიგადის ინფორმაციით, ერთი რობოტი სატყუარას როლს ასრულებდა, მეორე — დამხმარე მანქანა — უკრაინელ სამხედროებს აღჭურვილობას აწვდიდა, ხოლო მესამემ, რომელიც ასობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული, ნაგებობაში შეაღწია და შენობა მიწასთან გაასწორა.
„მექანიზებული იერიშები, სადაც წინა ხაზზე UGV-ები იქნებიან, უბრალოდ დროის საკითხია“, — ამბობს იგორ შმირიოვი, სამთავრობო თავდაცვითი ტექნოლოგიების პლატფორმა „Brave1“-ის სახმელეთო რობოტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის აღნიშნავს, რომ უკრაინა სულ უფრო მეტად ცდილობს, ფრონტის ხაზზე, ქვეითთა ამოცანები დრონებითა და რობოტებით შესრულდეს.
გრძელი გზა ავტონომიურობამდე
თუმცა, ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ რობოტები ქვეითებს ანაცვლებენ — ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. უკრაინელი სამხედროები კვლავაც აუცილებელნი არიან სანგრების გასაწმენდად, ურბანულ გარემოში შენობების დასაკავებლად და ბრძოლის ველზე ისეთი შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომლებიც მანქანებს არ აქვს.
ევგენი, სახელით „ხარკივი“, უკრაინის 92-ე მოიერიშე ბრიგადის UGV-ასეულის მეთაური, Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სახმელეთო რობოტები შეუცვლელნი ხდებიან, მაგრამ ბრძოლის ველი იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ტექნოლოგიების წარმოების მასშტაბის გაზრდა ხერხდება.
ევგენი პროგნოზირებს მომავალს მრავალშრიანი რობოტული გუნდებით, სადაც ერთი რობოტი მეორეს ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მიიყვანს, ხოლო საჰაერო დრონები დაზვერვას აწარმოებენ ან მტრის დრონებზე ინადირებენ, სანამ ისინი სახმელეთო მანქანებს დაესხმიან თავს.
დებორა ფეირლემბი, თავდაცვის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უკრაინული საინვესტიციო ფონდის, „Green Flag Ventures“-ის დამფუძნებელი პარტნიორი, Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფიზიკური ფაქტორებისა და რელიეფის გამო, სახმელეთო რობოტების (UGV) სრულყოფა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საფრენი დრონების.
„უკრაინის აღმოსავლეთი სავსეა ხეობებით, ტალახითა და უსწორმასწორო სასოფლო-სამეურნეო მიწებით, რაც საიმედო სისტემების შექმნას დიდ საინჟინრო გამოწვევად აქცევს“, ამბობს ის. „პროგრამული მხარე სწრაფად ვითარდება, მაგრამ აპარატურული ნაწილი — მანქანების საკმარისად გამძლედ ქცევა ამგვარი რელიეფისთვის — კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება“.
ამ წუხილს უკრაინელი მეთაურებიც იზიარებენ. ნაზარმა, უკრაინის 108-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონის სახმელეთო რობოტიზაციის მეთაურმა, ArmyInform-ს განუცხადა, რომ ბევრი პლატფორმა კარგად მუშაობს ტესტირებისას, მაგრამ ვერ უძლებს რეალურ ბრძოლას, სადაც ტალახმა, ელექტრონიკის გადახურებამ, სუსტმა კომპონენტებმა და გრძელმა მარშრუტებმა ისინი მალევე შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს.
„საბოლოო ჯამში, ძველი, ტრადიციული ქვეითი ჯარი ყოველთვის საჭირო იქნება ტერიტორიის დასაკავებლად და გასაკონტროლებლად“, ეუბნება ომის სწავლის ინსტიტუტის (ISW) ინოვაციების დირექტორი ჯორჯ ბაროსი Independence Avenue Media-ს. „UGV-ებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ქვეითებს მტრის პოზიციების განადგურებაში, მაგრამ მათი გაწმენდა და შენარჩუნება, უახლოეს მომავალში, მაინც ადამიანების — ქვეითების ამოცანად დარჩება“.
კონკურენცია რუსეთთან
რუსული ძალებიც სულ უფრო მეტად ატარებენ ექსპერიმენტებს საკუთარ სახმელეთო რობოტებზე, მათ შორის ისეთ სისტემებზე, რომლებიც შექმნილია FPV დრონების გადასატანად და გასაშვებად. რუსულმა არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს ჩრდილოეთ კორეული Type-75 107-მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია „კურიერის“ ტიპის სახმელეთო რობოტზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უპილოტო პლატფორმებზე უფრო მძიმე შეიარაღების გამოცდასაც ცდილობს.
2025-2026 წლების ზამთარში, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ UGV-ების გამოყენება მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრონტის რამდენიმე სექტორში.
„უკრაინა ამჟამად უსწრებს რუსეთს სახმელეთო რობოტების განვითარებასა და გამოყენებაში“, — ამბობს სერჰი კუზანი, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის თავმჯდომარე. თუმცა, მისი თქმით, ეს ნაკლებად არის ტექნოლოგიური რევოლუცია და უფრო მეტად ბრძოლის ველზე ადაპტაციის კონკურენციას ჰგავს. მაგალითად, რუსეთი UGV-ებზე ამონტაჟებს რადიოელექტრონული ბრძოლის ჩამხშობებს უკრაინული FPV დრონების მართვის სიგნალების დასაბლოკად. ანტენები მიმართულია უკან, რუსული ხაზებისკენ, რათა უკეთ ჩაახშონ დრონები მას შემდეგ, რაც ისინი სამხედრო მანქანას გადაუფრენენ.
შმირიოვი „Brave1“-დან ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს სახმელეთო რობოტების ბრძოლაში ისევე, როგორც წელს დრონების წარმოებაში მოახერხა დაწინაურება. „რუსეთს აკლია ის დეცენტრალიზებული, თავისუფალი ბაზრის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, ამბობს ის.
„ვინაიდან ორივე მხარეს ცოცხალი ძალის დეფიციტი აქვს, ეჭვგარეშეა, რომ რობოტების როლი სულ უფრო გაიზრდება, თუნდაც მათ ქვეითი ჯარის სრულად ჩანაცვლება ვერ შეძლონ. დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი კლემან მოლენი Independence Avenue Media-სთან აღნიშნავს, რომ მათი მზარდი გამოყენება, განსაკუთრებით ლოგისტიკაში, ჯარისკაცებს ფრონტზე სხვა ამოცანების შესასრულებლად გამოათავისუფლებს.
სახმელეთო რობოტის მიერ შესრულებული მომარაგების ყოველი მისია, ადამიანებისთვის ერთით ნაკლებ სახიფათო მისიას ნიშნავს.



