აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები, წინა რაუნდების მსგავსად, მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა.
თუმცა, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ მოსკოვისთვის გამარჯვებაა თავად ის ფაქტი, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას განიხილავენ.
„რუსეთი შეგნებულად ცდილობს ისეთი ვითარების შექმნას, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნების გვერდის ავლით აწარმოოს მოლაპარაკებები და რუსეთთან გარიგება დადოს“, — ამბობს ვოლკერი, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, უკრაინის საკითხზე, მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო. „რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობდა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციები კი მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ“.
აბუ-დაბიში 10–11 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, დუბლინში კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში „ევროპელ პარტნიორებს“ მონაწილეობის საშუალება მისცეს. მოსკოვმა კი კუშნერის ნათქვამი უარყო და თქვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ვოლკერის თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე საუბარი ახლა სრულიად უადგილოა. რუსეთი კვლავ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის, უკრაინული ძალების სრულ გაყვანას ითხოვს იმ ტერიტორიებიდან, რომელთა დაპყრობაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. ამავე დროს, ის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს.
„ისეთი საკითხების განხილვაში გვითრევენ, რომლებზეც საუბარი არ გვჭირდება“, — ამბობს ვოლკერი. „მთელი ყურადღება ერთ მიზანზე უნდა გავამახვილოთ — რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შევაწყვეტინოთ. ამის ნაცვლად, დაახლოებით ერთი დღეა, მთავარი თემა სულ სხვაა. საუბარი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეა, რომელსაც არაფერი სჭირს. მას, უბრალოდ, რუსეთი ესხმის თავს. ამ განხილვის წამოწყებითაც კი, ჩვენი ყურადღება რეალური პრობლემებიდან არარსებულ საკითხებზე გადააქვთ“.
ვრცელ ინტერვიუში ვოლკერი, რომელიც ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და Independence Avenue Media-ს დირექტორთა საბჭოს წევრია, ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთი გზით შეუძლია რუსეთი აიძულოს, მოლაპარაკებებს სერიოზულად მოეკიდოს — ადმინისტრაციამ კურსი უნდა შეცვალოს და უკრაინას რუსეთზე სამხედრო და ფინანსური ზეწოლის განხორციელებაში დაეხმაროს.
„შეიძლება, პრეზიდენტმა ტრამპმა ან სხვებმა თქვან: ხუთი წელია საპირისპიროდ ვმოქმედებთ. იქნებ სხვა რამ ვცადოთ და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა“, — ამბობს ვოლკერი.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 12 ნოემბერს, რადქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
გლენ ქეიტსი, Independence Avenue Media: ელჩო ვოლკერ, აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები რაიმე კონკრეტული გარღვევის გარეშე დასრულდა. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს. ეს მოლაპარაკებები ბევრი რამით ჰგავს წინა რაუნდებს, თუმცა ევროპელებს მოლაპარაკებების ახალი ელემენტი აშფოთებთ — ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. რა კავშირი აქვს ამას უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების ძალისხმევასთან?
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში: არსებითად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები სანდოობას სძენს რუსეთის მტკიცებას, თითქოს უკრაინის დამოუკიდებლობა, ნატოს არსებობა ან ნატოს წარსულში გაფართოება, რუსეთს რაიმე საფრთხეს უქმნის.
რუსეთი ამას ათწლეულებია ამტკიცებს. ჯერ კიდევ 2007 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების ეს არქიტექტურა რუსეთისთვის არ მუშაობს. მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ამ არქიტექურის ძირითადი მიზანი ევროპის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უფლებების დაცვაა. მას საფუძვლად უდევს 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტი, რომელსაც საბჭოთა კავშირმა მოაწერა ხელი. ეს პრინციპები კვლავ დაადასტურეს 1990 წლის დოკუმენტში „პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის“, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. ის კვლავ დაადასტურეს 2002 წელს იტალიაში გამართულ სამიტზე და ნატო-რუსეთის ურთიერთობის ფუძემდებლურ დოკუმენტებში, რომლებსაც ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
ამრიგად, ყველა თანხმდებოდა, რომ ევროპის უსაფრთხოების ეს ძირითადი პრინციპები მართებულია და მათი დაცვაა საჭირო. პრობლემა თავად ევროპის უსაფრთხოებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ რუსეთს ამ წესების დაცვა აღარ სურს. მას მეზობლებზე თავდასხმა და მათი ტერიტორიების მიტაცება სურს, რაც ამ წესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
ქეითსი: თუ ასეა, თქვენი აზრით, რატომ დაუშვა შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს საკითხიც მოლაპარაკებების ნაწილი გამხდარიყო, როცა თავდაპირველად საუბარი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზე იყო?
ვოლკერი: რამდენიმე მიზეზია. უპირველესად, პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში, შეერთებულ შტატებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა არ სურდა. სწორედ ასეთი ზეწოლა იქნებოდა საჭირო, რომ რუსეთს ომი შეეწყვიტა და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმებოდა. რადგან ამის გაკეთება არ გვინდა, სხვა გზებს ვეძებთ — კიდევ რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ? კიდევ რა შეიძლება იყოს რუსეთისთვის მისაღები, რომ ომი დავასრულოთ, იმის ნაცვლად, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ და უბრალოდ ომი შევაწყვეტინოთ? ეს ერთი მიზეზია.
მეორე ისაა, რომ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ამ საკითხებში გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ. ისინი ვერაფერს გეტყვიან ჰელსინკის შეთანხმებებზე, ვერც იმას აგიხსნიან, რას გულისხმობს [ჰელსინკის] დეკალოგი და ვერც იმას გეტყვიან, რომ ვლადიმირ პუტინის დროს რუსეთი ამ პრინციპებს უკვე დაეთანხმა და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. ისინი მხოლოდ იმას ისმენენ, რასაც რუსები ეუბნებიან. რუსეთის მხრიდან ეს შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს — გვინდა გამჭვირვალობა, გვინდა ანგარიშვალდებულება, გვინდა კოლექტიური უსაფრთხოება და გვინდა, ერთმანეთი დავარწმუნოთ, რომ საფრთხეს არ ვუქმნით. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი უკვე გვაქვს და სწორედ რუსეთი არღვევს ამ პრინციპებს. ეს უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ რუსეთის ამ არგუმენტებს შეეწინააღმდეგონ და ისინი აშშ-ის პოზიციად არ აქციონ.
ქეითსი: ომის დასაწყისში ხშირად იმეორებდნენ ფრაზას „არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“. ახლა ევროპასაც სჭირდება იგივე მოითხოვოს?
ვოლკერი: ნაწილობრივ კი, ნაწილობრივ — არა. საინტერესო ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებების ფორმატები მართლაც შექმნა. აბუ-დაბიში გამართულ ამ შეხვედრაში უკრაინა, რუსეთი და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. ეს იმის აღიარებაა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ვერ აიღებს იმ მოლოდინით, რომ მათ უკრაინა შეასრულებს. უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს. ევროპაც უნდა მონაწილეობდეს ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც მის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ეხება. თუმცა, ამაზე ახლა საერთოდ არ უნდა ვსაუბრობდეთ. უნდა განვიხილავდეთ, როგორ დავასრულებინოთ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი და არა იმას, როგორ გადავაწყოთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.
ამასთან, შეერთებულმა შტატებმა ეს ახლა გაითვალისწინა და ამ შეხვედრებისთვის, აბუ-დაბიში, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები ჩაიყვანა. რუსები მათ შეხვედრაზე არ უშვებენ და ეუბნებიან — არა, არა, სასტუმროში უნდა დარჩეთ, ამერიკელები კი მოგვიანებით ჩაგაყენებენ საქმის კურსში. რუსეთი შეგნებულად ცდილობს ისეთი ვითარების შექმნას, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნების გვერდის ავლით აწარმოოს მოლაპარაკებები და რუსეთთან გარიგება დადოს. რუსეთი ამას ყოველთვის ცდილობდა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციები კი მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ.
ქეითსი: რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც სპეციალურმა წარმომადგენლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა მოსკოვში, სავარაუდოდ, წამოაყენეს, მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვა იყო [ინტერვიუს შემდეგ კუშნერმა განაცხადა, რომ ევროპა შემდგომ მოლაპარაკებებში ჩაერთვებოდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია]. თქვენ კი შეეხეთ საკითხს, საერთოდ რატომ განიხილავენ ევროპის უსაფრთხოებას. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა [კრისტენ მიხალმა] თქვა, რომ ეს იდეაც კი ხაფანგია. თქვენი აზრით, რას გულისხმობდა?
ვოლკერი: ეს ნიშნავს, რომ ისეთი საკითხების განხილვაში გვითრევენ, რომლებზეც საუბარი არ გვჭირდება. მთელი ყურადღება ერთ მიზანზე უნდა გავამახვილოთ — რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შევაწყვეტინოთ. ამის ნაცვლად, დაახლოებით ერთი დღეა, მთავარი თემა სულ სხვაა. საუბარი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეა, რომელსაც არაფერი სჭირს. მას, უბრალოდ, რუსეთი ესხმის თავს. ამ განხილვის წამოწყებითაც კი ჩვენი ყურადღება რეალური პრობლემებიდან არარსებულ საკითხებზე გადააქვთ.
ქეითსი: საბოლოო ჯამში, რუსეთს სწორედ ეს სურს? თუ რუსეთის უსაფრთხოებაზე ამ საუბრით მას დამატებით სხვა რამის მიღწევა უნდა?
ვოლკერი: ჩვენ, ამერიკელებს, გვჩვევია ვიფიქროთ, რომ რუსეთს რაღაც კონკრეტული სურს და თუ ამას მიიღებს, ეს გარკვეულ შედეგს გამოიღებს. რუსეთი ასე საერთოდ არ აზროვნებს. მისთვის ეს ყველაფერი პროცესია. რუსეთი სწორედ ასე მოქმედებს — ამერიკელ მომლაპარაკებლებს ერთ წრეზე ატრიალებს და ახალი, შეთანხმებული ჩარჩოს შექმნის ნაცვლად, ევროპის უსაფრთხოების სისტემაში არეულობას იწვევს. რუსეთი თავს სწორედ ისეთ რუხ ზონებში გრძნობს კარგად, სადაც გაურკვეველია ვის სუვერენიტეტს ექვემდებარება ტერიტორია, ვინ მართავს მას, ვის რა საპოლიციო უფლებამოსილება აქვს და არის თუ არა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. სწორედ ეს სურთ მათ. ვითარებაში სიცხადის შეტანა ჩვენ გვინდა, დასავლეთში. რუსეთი ამ სურვილით სარგებლობს, სულ ახალ-ახალ საკითხებს წამოჭრის და საქმეს გვირთულებს.
ქეითსი: ამასთან დაკავშირებით მინდა ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო სტრატეგიაზეც გკითხოთ.
აგვისტოს შუა რიცხვებში ვისაუბრეთ და მაშინ ცოტა მეტი იმედი არსებობდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებდა. მაგრამ, როგორც კარგად იცით, ოქტომბერში ადმინისტრაციამ მკვეთრად შეცვალა კურსი — უკრაინას დაშორდა და რუსეთს დაუახლოვდა. ზოგიერთი სანქციის გამოყენებისას ადმინისტრაციამ გამონაკლისი დაუშვა. გავრცელებული ცნობებით, ის ევროპისთვის გაზის მიყიდვის განახლების წინადადებით გამოდის და რუსეთთან ბიზნესგარიგებებსაც განიხილავს. ამავე დროს, ვაშინგტონი კიევზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, Starlink-ის Starshield-ის სიჩქარეს ისევ ზღუდავენ, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მთელი ძალით განაგრძობს შეტევას.
თქვენი აზრით, აქედან რამე მაინც დააახლოებს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებასთან?
ვოლკერი: არა, პირიქით. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის პოზიციასა და ხედვას ვუჭერთ მხარს, რუსეთი ზეწოლას ვერ გრძნობს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომი გააგრძელოს. სწორედ ეს ვნახეთ, ისევ, ამ კვირაში. აბუ-დაბიში ორდღიანი მოლაპარაკებები გვქონდა. ომის დასრულების განხილვას ჩამოგვაშორეს და საუბარი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის უფრო ფართო საკითხებზე გადაიტანეს.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ კი რუსეთმა ისევ დაბომბა უკრაინის ქალაქები, თან საკმაოდ მასშტაბურად. ამიტომ, რაც უფრო მეტად აგრძნობინებენ რუსეთს, რომ თავისი მოთხოვნებისა და აგრესიის გამო სანერვიულო არაფერი აქვს, მით უფრო გააგრძელებს ის ომს. ეს განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს ეხება, თუმცა სხვებსაც.
ქეითსი: ის, რაც აღწერეთ, უკვე ორი წელია მეორდება. უიტკოფისთვის, ვფიქრობ, ეს მოსკოვში მეათე ვიზიტი იყო. რისი მიღწევის იმედი აქვთ? მათი აზრით, რას მიაღწევენ რუსეთთან დათმობებზე წასვლით?
ვოლკერი: ესეც ძალიან კარგი კითხვაა — ერთი ისაა, რასაც ამბობენ. მაგრამ, სხვას ხომ არ ფიქრობენ და უბრალოდ არ ამბობენ? ამის გაგება მართლაც ძნელია. მაგრამ, რასაც პრეზიდენტ ტრამპისგან, [სახელმწიფო მდივან მარკო] რუბიოსგან და უიტკოფისგან მუდმივად ისმენთ, ისაა, რომ ისინი ამ ომს ორი მხარის დაპირისპირებად აღიქვამენ. ანუ მხარეებს მორალურად ათანაბრებენ. მათი ხედვით, ორივე მხარე თანაბრად არის მართალიც და მტყუანიც და ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამ ლოგიკით, ომის შეწყვეტაზე უკრაინას ისევე ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც რუსეთს.
ეს იმის ძირეულად არასწორი გაგება ან წარმოჩენაა, რაც სინამდვილეში ხდება. ომი არ ყოფილა, სანამ 2014 წელს რუსეთი უკრაინას არ დაესხა თავს. ფართომასშტაბიანი ომი კი რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე არ ყოფილა. უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდებია. საუბარი იყო ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის ცეცხლის საყოველთაო შეწყვეტაზეც. რუსეთმა ამაზე არაერთხელ თქვა უარი. აქ საქმე უბრალოდ ორ მხარეს შორის ბრძოლას არ ეხება. ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ აგრესიას იწყებს, მეორე კი იძულებულია თავი დაიცვას. თუ არ გესმით, რომ ვითარების არსი სწორედ ესაა, ჩემი აზრით, სრულიად არასწორად გაიგებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას შეიძლება სინამდვილეში გეუბნებოდნენ მხარეები.
ქეითსი: პრეზიდენტ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში მუშაობდით. დღეს რომ ადმინისტრაციისთვის რჩევის მიცემის შესაძლებლობა გქონდეთ, რას ურჩევდით?
ვოლკერი: ომი უნდა დავასრულოთ. ამაში პრეზიდენტი ტრამპი მართალია. მაგრამ, ომის დასრულების ერთადერთი გზაა, ვლადიმირ პუტინი დავარწმუნოთ, რომ მისი გაგრძელება რუსეთს მეტისმეტად ძვირი დაუჯდება. ფინანსები იქნება ეს, სამხედრო ძალები, სამხედრო ლოგისტიკა, რუსეთის ადგილი მსოფლიოში თუ სხვა რამ. სადამსჯელო ზომები უნდა მივიღოთ და ზეწოლა ისე გავაძლიეროთ, რომ რუსეთს ომის გაგრძელება აღარ უღირდეს. მაშინ, შეიძლება, პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.
უკრაინამ ამის გაკეთება უკვე საკუთარი ძალებით, აშშ-ის დახმარების გარეშე დაიწყო. სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება.
პირველი — რუსეთის ფინანსებზე დარტყმა, ანუ კრემლისთვის ომის დაფინანსების შესაძლებლობის შეზღუდვა. ამისთვის მწყობრიდან უნდა გამოიყვანო ნავთობისა და გაზის საექსპორტო სიმძლავრეები, ასევე გადამამუშავებელი სიმძლავრეები.
მეორე — რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ რეალური ომი მიმდინარეობს და ეს მასაც ეხება, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ არის, როგორადაც მას პუტინი წარმოაჩენს. ეს პუტინზე ქვეყნის შიგნით ზეწოლას აძლიერებს.
მესამე — რუსეთის შეიარაღებული ძალების მოშლა. უკრაინელების მოქმედების შედეგად რუსეთის არმია იმაზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, ვიდრე რუსეთს ახალი სამხედროების მოზიდვა შეუძლია. უკრაინელები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკასაც არღვევენ. მწყობრიდან გამოჰყავთ საწვავის მომარაგების ხაზები, გზები, ხიდები, საბრძოლო მასალის საწყობები, აეროდრომები და თვითმფრინავები — ყველაფერი, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე ძალების განსათავსებლად და მათი საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად სჭირდება. უკრაინელებმა ეს შესანიშნავად გააკეთეს და ამას კვლავაც აგრძელებენ.
როცა ფინანსური მდგომარეობა უარესდება, მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება და ჯარი თანდათან კარგავს ორგანიზებულობას, ომის შეწყვეტის დრო დგება. უკრაინა რუსეთს სწორედ ასეთ მდგომარეობაში აყენებს. შეერთებულმა შტატებმა ამ სტრატეგიის ეფექტი უნდა გააძლიეროს. სწორედ ამას ვურჩევდი პრეზიდენტ ტრამპსა და დასავლეთის ყველა ლიდერს. ნახეთ, როგორ ზარალდება უკვე რუსეთის ფინანსები. დააწესეთ დამატებითი სანქციები, განსაკუთრებით მეორეული სანქციები და, უპირველესად, ისეთები, რომლებიც კრემლისთვის თანხის გადამხდელ ფინანსურ ინსტიტუტებს შეეხება. ამ გადახდებს მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი. დაეხმარეთ უკრაინელებს, სამხედრო სამიზნეებს საშუალო და შორი მანძილიდან დაარტყან. ეს ნაბიჯები შედეგს გამოიღებს და ომი უფრო მალე დასრულდება.
ქიეთსი: უნდა ვთქვა, რომ ის, რაც ახლა აღწერეთ, არსებითად საპირისპიროა იმისა, რასაც ადმინისტრაცია ახლა აკეთებს. ადმინისტრაცია უკრაინას ურჩევს, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა შეამციროს, ეუბნება, შეწყვიტოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და, გავრცელებული ცნობებით, Starshield-ის მუშაობასაც ზღუდავს, რაც უკრაინას თავდაცვას ურთულებს. თუმცა, ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში უკრაინასთან ურთიერთობა ხან უმჯობესდებოდა, ხან უარესდებოდა. ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს ურთიერთობა ოდესმე იმაზე უარესი ყოფილა, ვიდრე ბოლო ერთი თვის განმავლობაში. თქვენი აზრით, არსებობს იმედი, რომ ეს ურთიერთობა გამოსწორდება ან, სულ მცირე, იმ მდგომარეობას დაუბრუნდება, რომელშიც ოქტომბრამდე იყო?
ვოლკერი: შანსი ყოველთვის არსებობს, იმედიც ყოველთვის არის და შესაძლებლობაც. ამის საფუძველი ისაა, რითიც კითხვა დაიწყეთ — რასაც მე ვურჩევდი, იმის საპირისპიროა, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს. შეიძლება, პრეზიდენტმა ტრამპმა ან სხვებმა თქვან — ხუთი წელია, საპირისპიროდ ვმოქმედებთ. იქნებ სხვა რამ ვცადოთ და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა.
ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტი ადამიანი იტყვის, რომ ადმინისტრაციის მიდგომა ამ საკითხში მართლაც მცდარია. ასეთ ხმებს რესპუბლიკელებშიც გაიგონებთ, დემოკრატებშიც და მედიაშიც.
რუსული დიზელის შემოტანას ან, სულ მცირე, ამის მცდელობას აზრი არ აქვს. ამით კრემლი უბრალოდ მეტ ფულს მიიღებს. რაც შეეხება არქტიკაში ნავთობის საძიებო სამუშაოებისთვის სანქციების მოხსნას, თვით ამერიკულ კომპანიებსაც კი არ სურთ იქ ნავთობის ძიება. ესეც პუტინს სარგებელს მოუტანდა და მას ომის გაგრძელებისკენ უბიძგებდა. ვფიქრობ, შუალედური არჩევნების შემდეგ ასეთ მოსაზრებებს სულ უფრო ხშირად გაიგონებთ. ვფიქრობ, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელსაც შედეგის მიღწევა ნამდვილად სურს, შეიძლება ამ მიდგომას გადახედოს.
ქეითსი: რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, ახლა რა ცვლილებებს ელით? თქვენი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლა ორივე პარტიის მხრიდან გაიზრდება? და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას უმთავრესად აღმასრულებელი ხელისუფლება განსაზღვრავს, როგორ შეუძლია კონგრესს მასზე გავლენის მოხდენა?
ვოლკერი: ამაში სრულიად მართალი ხართ. კონსტიტუცია პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში მოქმედების მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებს. მას ასევე შეუძლია ვეტო დაადოს კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტებს. ამ საკითხში უპირატესობა მას აქვს.
მაგრამ, კონგრესი კანონპროექტებსაც მიიღებს, ბიუჯეტებსაც დაამტკიცებს და პრეზიდენტ ტრამპს არჩევანის წინაშე დააყენებს, დაადოს თუ არა მათ ვეტო. ზოგ შემთხვევაში, თუ დემოკრატებს რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი შეუერთდება, კონგრესმა შეიძლება ვეტოც კი დაძლიოს. მაგალითად, საქმე ნატოდან გასვლას თუ შეეხება, ვფიქრობ, სენატორების უმრავლესობისგან, მათ შორის რესპუბლიკელებისგანაც, გაიგონებთ — არა, არა და არა. ამას არ გავაკეთებთ. იგივე შეიძლება მოხდეს უკრაინის დახმარების საკითხზეც.
იგივე შეიძლება მოხდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემთხვევაშიც. სენატმა ლინდსი გრემის კანონპროექტი სანქციების შესახებ 80 ან მეტი ხმით მიიღო. პრეზიდენტმა ტრამპმა კი მალევე ისარგებლა ეროვნული უსაფრთხოების მოტივით გამონაკლისის დაშვების უფლებით და თქვა, რომ სანქციების ამოქმედება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში არ შედის. კონგრესი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. იქ მიაჩნიათ, რომ სანქციების ამოქმედება ნამდვილად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ახალი შემადგენლობის სენატი და წარმომადგენელთა პალატა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს კვლავ მიიღებენ, ამჯერად იმ დებულების გარეშე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მოტივით გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს. მაშინ პრეზიდენტ ტრამპს სანქციების ამოქმედება მოუწევს. ის, სავარაუდოდ, კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა შესაძლოა, ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები შეგროვდეს.
თუ მოვლენების ამ შესაძლო განვითარებას ბოლომდე გავყვებით, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სჯობს სანქციები არსებული სახით აამოქმედოს და ამით მომავალშიც შეინარჩუნოს ეროვნული უსაფრთხოების მოტივით გამონაკლისის დაშვების უფლება. ასე რომ, ამ საკითხების ნაწილზე კონგრესსა და პრეზიდენტს შორის საინტერესო და რთული ურთიერთობა გველის. კონგრესში მტკიცე პოზიცია აქვთ, რომელსაც ორივე პარტიაში უჭერენ მხარს. პრეზიდენტი ტრამპი ამ პოზიციას არ ეთანხმება, მაგრამ შესაძლოა, კონგრესის წინააღმდეგობა ვერ დაძლიოს.
ქეითსი: თქვენი აზრით, უკრაინა კონგრესისთვის პრიორიტეტად დარჩება?
ვოლკერი: დიახ, დარჩება. ეს ერთადერთი პრიორიტეტი არ იქნება და შეიძლება პირველიც არ იყოს. მაგრამ, პრიორიტეტი იქნება, რადგან ბევრ საკითხს ეხება. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როგორც ჩვენს ალიანსთან, ისე რუსეთთან მიმართებით. ეს დემოკრატიულ და ადამიანურ ღირებულებებს, მორალურ საკითხებსა და საკუთარი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მხარდაჭერასაც ეხება. აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერას ბევრი ემხრობა. ტრამპის პოზიცია რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით კი შეერთებულ შტატებში პოპულარული არ არის. ამიტომ, ბევრი მიზეზია ვიფიქროთ, რომ უკრაინა კონგრესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
თუმცა, მთავარი პრიორიტეტები იქნება ირანის წინააღმდეგ ომი და ის, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები.
კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის იმ არაერთი ქმედების გამოძიება, რომლებსაც დემოკრატები უკანონოდ მიიჩნევენ, და ამ საქმეების სასამართლოში წარდგენა.
დემოკრატებზეც იქნება ზეწოლა, რომ საგარეო პოლიტიკას მეტისმეტად არ გადაჰყვნენ, რადგან შუალედური არჩევნები, არსებითად, ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებასა და ეკონომიკას ეხება, ასევე იმას, რისი გაკეთება შეიძლება ხალხის დასახმარებლად. ასე რომ, ყურადღებას არაერთ პრიორიტეტზე გაამახვილებენ.
ქეითსი: ძალიან მოკლედ ირანზე მინდა გადავიდე. აგვისტოში საუბრისას თქვით, რომ ტრამპი დროს იგებდა, რათა ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შუალედურ არჩევნებამდე არ მიეღო. არჩევნები უკვე დასრულდა. ახლა უნდა ველოდოთ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს?
ვოლკერი: კი, ვფიქრობ, უნდა ველოდოთ. ჩემი აზრით, მან მართლაც მოიგო დრო. შუალედურ არჩევნებამდე მნიშვნელოვანი ესკალაცია არ გვინახავს. არჩევნების შედეგებში კი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მკვეთრი უკმაყოფილება გამოჩნდა. შედეგები ირანის წინააღმდეგ ამ ომის წამოწყების იდეის მკაფიო უარყოფაც იყო. ვფიქრობ, ეს ტრამპს დაეხმარა, გადაეწყვიტა, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს არ განაახლებდა. არჩევნებზე აქტივობა მაღალი რომ ყოფილიყო და მას გაემარჯვა, შეიძლება ომის განახლებისკენ ყოფილიყო მიდრეკილი. მგონია, შუალედურმა არჩევნებმა, გარკვეულწილად, ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მიიღო.
ახლა ის შეეცდება იპოვოს გზა, რომ თქვას, საკმარისი გავაკეთეო. ვფიქრობ, ის შეეცდება ბირთვული შეთანხმების დადებას, რომლითაც ირანი პირობას დადებს, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება, თუმცა ჩვენ ამ დაპირების არ გვჯერა. ჩვენც დავთანხმდებით ასეთი შეთანხმების ხელმოწერას, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკურად ვართ განწყობილი. ნაოსნობის თავისუფლების საკითხს კი უბრალოდ გვერდზე გადავდებთ, რადგან [ჰორმუზის] სრუტის ხელახლა გასახსნელად ფართომასშტაბიანი ომის წარმოების სურვილი არ გვაქვს. როგორც ჩანს, სწორედ აქეთ მივდივართ. ეს სახარბიელო შედეგი არ არის, თუმცა ვფიქრობ, შუალედურმა არჩევნებმა ამ კურსის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ქეითსი: ამ კურსს რაც შეეხება, როგორც იცით, არჩევნების მომდევნო დილით ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა არჩევნებში მარცხი ირანის ომს დააბრალა. ტრამპმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსს დიდწილად ეთანხმება. თუმცა დღეს მან Truth Social-ზე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსს მოლაპარაკებებს ჩამოაშორებს. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, მისი მოლაპარაკებებიდან ჩამოშორება უფრო ვენსისთვის არის გზავნილი თუ ირანისთვის?
ვოლკერი: ჩემი აზრით, ეს ნამდვილად ამერიკელებისადმი გზავნილია — ყურადღებას საშინაო საკითხებზე და ყველა იმ საშინელებაზე გავამახვილებთ, რასაც დემოკრატები სჩადიან — ანუ, ტრამპი იმავე ხერხით პასუხობს. დემოკრატები გამოძიებებს დაიწყებენ, რომლებიც ადმინისტრაციას, ტრამპს, მის ოჯახს, DOGE-სა და სხვებსაც შეეხება. ამიტომ ტრამპი კორუფციის წინააღმდეგ მოქმედებას იმ შტატებში იწყებს, სადაც დემოკრატებს უპირატესობა აქვთ, და ამ საქმეში წამყვან როლს ჯეი დი ვენსს ანდობს. ეს ყველაფერი საშინაო პოლიტიკას ეხება. ამით ვენსის პოლიტიკურ მომავალსაც უფრთხილდება. თუ არ ვცდები, საბოლოოდ ირანთან არც ისე კარგ შეთანხმებას დავდებთ და ამ საკითხსაც უბრალოდ მოვრჩებით. შესაძლოა, უკეთესიც იყოს, ვიცე-პრეზიდენტის სახელი ამ შეთანხმებას არ უკავშირდებოდეს.
ქეითსი: ამ ადმინისტრაციის დარჩენილ ორ წელიწადში, რას ხედავთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ან გამოწვევად?
ვოლკერი: საუკეთესოდ, ვფიქრობ ასე შეიძლება ითქვას: შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მკაფიო, კონსტრუქციულ, სტაბილურ და პრინციპებზე დაფუძნებულ პოზიციას არ ვაყალიბებთ. ამიტომ, სხვებს მუდამ უჩნდებათ კითხვები — რას გავაკეთებთ? რას ვიცავთ?
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მოსწონს, როცა სხვები მის ნაბიჯებს წინასწარ ვერ განჭვრეტენ. მაგრამ, ამ არაპროგნოზირებადობამ შეიძლება სხვებს აფიქრებინოს, რომ არ ვიმოქმედებთ. ამ გათვლით ისინი გამოგვცდიან და ორიოდე წლის განმავლობაში მსოფლიოში ჩვენს პოზიციას თანდათან შეასუსტებენ. ერთ-ერთი ასეთი გამოცდა კი შესაძლოა მასშტაბურ კრიზისში გადაიზარდოს ისე, რომ ეს სინამდვილეში არავის სურდეს.
ვფიქრობ, ძალიან არასტაბილური ვითარება შევქმენით. შეიძლება, ათასი სიგიჟე მოხდეს და მაშინ გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ახლა ვართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან სახიფათოა, როცა ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებას არ ვიჩენთ და საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულ კურსს არ მივყვებით.



