• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > უკრაინამ არმიისთვის „ამაზონი“ შექმნა. ბრიგადები მტრის განადგურებისთვის ქულებს იღებენ

უკრაინამ არმიისთვის „ამაზონი“ შექმნა. ბრიგადები მტრის განადგურებისთვის ქულებს იღებენ

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ოქსანა ფერჩუკი Independence Avenue Media-ს უყვება, როგორ აძლევს სახელმწიფოს მიერ მართული ონლაინ პლატფორმა ბრიგადებს საშუალებას, დრონები პირდაპირ შეუკვეთონ, რამდენიმე დღეში მიიღონ და ბრძოლის ველზე გამომუშავებული ქულებით გადაიხადონ.

ია მეურმიშვილიავტორი ია მეურმიშვილი
სექტემბერი 24, 2026
ენის შეცვლა:
English Українська Русский
OLEKSANDR KLYMENKO via Reuters Connect

OLEKSANDR KLYMENKO via Reuters Connect

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

უკრაინის განცხადებით, ქვეყანაში უკვე მოქმედებს არმიისთვის შექმნილი ონლაინ მაღაზია „ამაზონის“ მსგავსი სისტემა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფ სამხედროებს საშუალებას აძლევს, არმიის ცენტრალიზებული მომარაგების სისტემის გვერდის ავლით, შეიარაღება შეუკვეთონ და რამდენიმე დღეში მიიღონ.

კიევში, Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი ოქსანა ფერჩუკი ამბობს, რომ სამინისტროს სამხედრო ტექნოლოგიების ეკოსისტემა Brave1-ში უკვე ათასობით კომპანია და სტარტაპია გაერთიანებული, რომელთა პროდუქტებს შორისაა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი დრონები.

სამხედროებს შეუძლიათ ეს პროდუქტები ბრძოლის ველზე გამოიყენონ და რუსეთის ძალებზე დადასტურებული დარტყმებისთვის „ქულები“ მიიღონ. სისტემა ვიდეოთამაშს ჰგავს, თუმცა მას რეალური შედეგები აქვს.

„რადგან ფრონტის ხაზზე მიმდინარე პროცესი სრულად ვიდეოზე ფიქსირდება, ყველა წარმატებული მოქმედება რეგისტრირდება და ქულებით ფასდება“, ამბობს ის. „ბრიგადა მტრის განადგურებისთვის ქულებს აგროვებს. ქულები სხვა სისტემაში იყრის თავს. შემდეგ ბრიგადას ამ ქულებით შეუძლია პროდუქტი შეარჩიოს, როგორც Amazon-ზე.“

მისი თქმით, სამინისტრო შუამავლის როლს ასრულებს, თუმცა იარაღის მომხმარებლებს მწარმოებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც ინოვაციის ციკლი ოთხიდან ექვს კვირამდე გრძელდება.

მებრძოლებს შეუძლიათ მწარმოებლებს უთხრან — „ომი იმდენად ინტენსიურია, რომ ეს პროდუქტები რამდენიმე დღეში გამოვიყენე, გადავიღე ვიდეო, თუ როგორ იმუშავა და იმავე ღამით გამოგიგზავნეთ, ასეთი შეფასებით: ეს შესანიშნავი იყო; ეს ცუდი იყო; აქ ცვლილება მინდა; მოდი, სხვა მეთოდი ვცადოთ. სწორედ ამიტომ არის ინოვაციის ციკლი საოცრად სწრაფი“, ამბობს ფერჩუკი.

Independence Avenue Media-სთან ვრცელი ინტერვიუს დროს ფერჩუკმა ასევე ისაუბრა სამინისტროს მიზანზე, უკრაინა გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც სერვისების მისაწოდებლად ხელოვნურ ინტელექტს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. მან იმედიც გამოთქვა, რომ ციფრული გამჭვირვალობისკენ სწრაფვა უკრაინის მთავრობისადმი ნდობას გაზრდის.

„ძალიან მინდა, უკრაინელი მოქალაქე სახელმწიფოზე დადებითად ფიქრობდეს“, ამბობს ის.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 11 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: თქვენ ხელმძღვანელობთ სამინისტროს, როგორიც  ბევრ ქვეყანას არ აქვს. გვითხარით, კონკრეტულად, რას აკეთებთ თქვენ და რას საქმიანობს თქვენი სამინისტრო.

ოქსანა ფერჩუკი, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი: უპირველესად, ცოტა მიკვირს, რომ ყველა ქვეყანა არ ითვისებს ამ, ასე ვთქვათ, ტენდენციასა და კულტურას. ვფიქრობ, ქვეყნები, რომლებმაც ციფრული ტრანსფორმაციის გზა აირჩიეს, უკვე მართლაც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ. ველოდები, რომ ამ მიდგომას უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გამოიყენებს. თუ ძალიან მარტივად უნდა ავხსნა, ასე ვიტყოდი: სამინისტრო იმ ცვლილებების არქიტექტორია, რომელთა გატარებაც სახელმწიფოს სურს, რათა თავად სახელმწიფო მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის უფრო მეგობრული, ხელმისაწვდომი გახდეს.

სამინისტრო 2019 წელს შეიქმნა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი აირჩიეს. ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა და თავიდანვე მართლაც შესანიშნავი ციფრული დღის წესრიგი ჰქონდა. მათ სამინისტრო შექმნეს.

ჩვენი სამინისტრო, ფაქტობრივად, მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა: მხოლოდ შვიდი წლისაა და ამ პერიოდის უდიდესი ნაწილი ძალიან რთულ პირობებში გაატარა. ასეთ ვითარებაში განვითარებისა და ზრდის შეფერხებას უნდა ელოდო, მაგრამ პირიქით მოხდა. რთულმა პირობებმა, შეზღუდულმა რესურსებმა და მუდმივმა საფრთხეებმა პროგრესი დააჩქარა. ჯერ კოვიდი იყო, შემდეგ რუსეთთან ომი, იმ ეტაპზე ჯერ არა სრულმასშტაბიანი, შემდეგ კი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ ყველაფერმა პროგრესი გარკვეულწილად დააჩქარა, რადგან ციფრული სერვისები დღეს ის საშუალებაა, რომლითაც უკრაინის სახელმწიფო თითოეულ ადამიანს უკავშირდება.

მეურმიშვილი: კონკრეტულად, როგორ უმკლავდებით კიბერუსაფრთხოების საკითხებს? თქვენ ამ სფეროში მუშაობთ, რუსეთი და მის გარდა სხვა აქტორებიც აქტიურად ცდილობენ სერვისებისა და სისტემების მუშაობის შეფერხებას. თქვენ, ალბათ, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხართ.

ფერჩუკი: ასეა. ამავე დროს, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფო ვართ იმ მხრივ, რომ გვყავს გუნდი, რომელსაც ჩვენი ეკოსისტემის დაცვა შეუძლია. ეს უხილავია, მაგრამ სხვა ტიპის ომია, რომელიც ყოველდღე მიმდინარეობს.

ყოველდღიურად გვიტევენ. თავდასხმები ხორციელდება არა მხოლოდ სახელმწიფო რესურსებზე, არამედ კომერციულ რესურსებზეც, რომლებიც სამოქალაქო მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: ენერგეტიკა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, რეესტრები. ყველაფერს ესხმიან თავს.

კარგი ამბავი ისაა, რომ კიბერუსაფრთხოების ბევრი წამყვანი კომპანია სიამოვნებით მუშაობს უკრაინაში და გვეხმარება. ეს ორმხრივი ინტერესია, რადგან გარკვეულწილად ისინი თავიანთ პროდუქტებს ჩვენი დახმარებით ცდიან, ახალ ცოდნას იღებენ, პროდუქტს აუმჯობესებენ და კვლავ გამოცდიან. ასე რომ, ისინიც თავდაცვის სფეროში არსებული ძალიან სწრაფი ინოვაციის ციკლის ნაწილი არიან. მეორე მხრივ, ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი კიბერგუნდები უზარმაზარ გამოცდილებას იძენენ. ბევრ სხვა ქვეყანასთან და მათ კიბერგუნდებთან ცალკეული პროგრამებიც გვაქვს. ერთობლივ სამუშაო კვირებში ბოლო თავდასხმების გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს, ახალ მიდგომებს ვქმნით და წარსულ თავდასხმებს მოქმედების შემდგომი ანალიზის ფორმატში განვიხილავთ. ასე რომ, ეს უწყვეტი პროცესია.

მეურმიშვილი: ანუ, ყოველდღე გიტევენ…

ფერჩუკი: სწორედ ასეა.

მეურმიშვილი: შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოიძიოთ, საიდან ხორციელდება თავდასხმები? იცვლება თუ არა მოწინააღმდეგის ტაქტიკა კიბერსივრცეში?

ფერჩუკი: რა თქმა უნდა. საკმაოდ კარგი გუნდები გვყავს და უკვე გვყავს ამ სფეროზე სპეციალიზებული თანამშრომლების ცალკე ჯგუფიც. ვქმნით CISO-ს (ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის) თანამდებობას და მსხვილ სახელმწიფო უწყებებში ე.წ. უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრებს ვაყალიბებთ. ეს უკვე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

უსაფრთხოების გუნდების თანამშრომლები მუდმივად აანალიზებენ სისტემებს და, თუ თავდასხმას ვხედავთ, თავად თავდასხმებსაც. ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, იკვლევენ თავდასხმების ტიპებს და ხშირად ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აკეთებენ.

მეურმიშვილი: სამხედრო ტექნოლოგიების მიმართულებით რამდენად ხართ ჩართული? ამ სფეროს რა ნაწილი შედის თქვენი ზედამხედველობისა და მართვის სფეროში?

ფერჩუკი: რა თქმა უნდა, ეს უმთავრესად თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროშია ეკოსისტემა Brave1. ეს მართლაც განსაკუთრებული ფენომენია.

Brave1 არის აქსელერატორი, რომელიც ომის დასაწყისში დავიწყეთ. მას შემდეგ, ამ აქსელერატორისა და საწყისი დაფინანსების დახმარებით, რომელიც, სხვათა შორის, საბიუჯეტო, ანუ სახელმწიფო ფული იყო, სამხედრო ტექნოლოგიების კომპანიების ერთობის გაზრდა შევძელით. ახლა უკვე ათასობით ასეთი კომპანია გვყავს. ეს ერთობა გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის უზარმაზარ არჩევანს. კონკურენცია ძალიან მაღალია და კომპანიები კონკურენტული მიდგომით ცდილობენ იმ ტექნიკური და სამხედრო ამოცანების გადაჭრას, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდება.

ეს ეკოსისტემა სამხედროებს პროდუქტებზე ძალიან სწრაფ წვდომასაც აძლევს. სამხედროებს პროდუქტების არჩევანზე პირდაპირი წვდომა აქვთ იმავე სახელწოდების მარკეტფლეისის, Brave1-ის მეშვეობით. მათ შეუძლიათ აირჩიონ, რისი გამოცდა ან გამოყენება სურთ. ჩვენ ლოგისტიკური გზაც კი შევცვალეთ: პროდუქცია აღარ გადის არმიის ცენტრალიზებულ ლოგისტიკურ სისტემას და პირდაპირ, მცირე, დეცენტრალიზებული გზით მიეწოდება. მიწოდებას შვიდიდან 10 დღემდე სჭირდება.

მეურმიშვილი: იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რაც თქვით: თქვენ შექმენით სისტემა, სადაც ამ ტექნოლოგიის შემქმნელებს, ათასობით კომპანიას, შეუძლიათ ატვირთონ თავიანთი პროდუქტები და მათი აღწერები; სანგარში მყოფ ადამიანს კი შეუძლია ამ ჩამონათვალს, ამ არჩევანს გადახედოს და სასურველი პროდუქტი აირჩიოს. ის მას შვიდ დღეში მიეწოდება.

ფერჩუკი: დიახ, სისტემა ცოტა უფრო რთულად მუშაობს. არჩევანს სანგარში მყოფი ნებისმიერი ადამიანი კი არა, ბრიგადის მიერ სპეციალურად დანიშნული პირი აკეთებს, რომელსაც ამ შესყიდვაზე უფლებამოსილება აქვს. შემდეგ ბრიგადა მტრის განადგურებისთვის ქულებს აგროვებს. ქულები სხვა სისტემაში იყრის თავს. ამის შემდეგ ბრიგადას ამ ქულებით შეუძლია პროდუქტი შეარჩიოს, როგორც Amazon-ზე. დიახ, მას იმ ადგილზე მიაწვდიან, რომელსაც ბრიგადა მიწოდების ადგილად მიუთითებს. თუმცა, ეს ეკოსისტემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ეკოსისტემა ბევრად ფართო და მართლაც უნიკალურია.

მეურმიშვილი: ვინ ანიჭებს ქულებს?

ფერჩუკი: ქულებს სისტემა ანიჭებს. რადგან ფრონტის ხაზზე მიმდინარე ჩვენი პროცესი სრულად ვიდეოზე ფიქსირდება, ყველა წარმატებული მოქმედება რეგისტრირდება და ქულებით ფასდება. სისტემა ქულებს აგროვებს და კონკრეტულ ბრიგადას აკუთვნებს. შემდეგ ბრიგადას შეუძლია ეს ქულები იმ პროდუქტებისთვის გამოიყენოს, რომლებიც, მისი აზრით, ეფექტიანია. ეს გვეხმარება პროდუქტების ამ უზარმაზარ მრავალფეროვნებაში ორიენტირებაში და გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს, რომელი პროდუქტია უფრო ეფექტიანი და რომელი ნაკლებად.

მეურმიშვილი: ეს შთამბეჭდავია.

ფერჩუკი: დიახ. კიდევ ერთხელ, ეს სამოქალაქო ტექნოლოგიებია, თითქმის ისეთივე, როგორიც ვიდეოთამაშებში გამოიყენება, ახლა კი მათ სამხედრო სფეროში ვიყენებთ.

მეურმიშვილი: და სამხედროები ამით კმაყოფილები არიან, ცხადია. თუ არა?

ფერჩუკი: როგორც ყველა, ვფიქრობ, ისინიც კმაყოფილები არიან, რომ რესურსების მიღების სხვადასხვა გზა აქვთ. ნებისმიერ ომში რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. ეს კიდევ ერთი გზაა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, დარწმუნდნენ, რომ კონკრეტული პროდუქტი დროულად მივა, რაც დაგეგმვისთვისაც მნიშვნელოვანია.

მეურმიშვილი: რამდენი დრო სჭირდება, რომ ინფორმაცია თქვენამდე მოვიდეს და შემდეგ დრონი გაუმჯობესდეს, გახდეს უფრო სწრაფი, უფრო მომაკვდინებელი და ა.შ.?

ფერჩუკი: ეს კიდევ ერთი უნიკალური მხარეა: ამ ინფორმაციას ჩვენ კი არ გვაწვდიან, არამედ პირდაპირ მომწოდებლებს, იმ კომპანიებს, რომლებიც დრონს აწარმოებენ. კომუნიკაცია ონლაინ მიმდინარეობს.

ეს უნიკალური ინოვაციური ციკლის ნაწილია: მაგალითად, მე ვარ ბრიგადა; თქვენი პროდუქტი შევუკვეთე; თქვენ ის მომაწოდეთ. ომი იმდენად ინტენსიურია, რომ პროდუქტები რამდენიმე დღეში გამოვიყენე, გადავიღე ვიდეო, თუ როგორ იმუშავა და იმავე ღამით გამოგიგზავნეთ შემდეგი შეფასებით: „ეს შესანიშნავი იყო; ეს ცუდი იყო; აქ ცვლილება მინდა; მოდი, სხვა მეთოდი ვცადოთ.“ სწორედ ამიტომ არის ინოვაციის ციკლი საოცრად სწრაფი. სამხედრო კოლეგები ამბობენ, რომ ტექნოლოგია ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდში იცვლება და მე მესმის კიდეც, რატომ.

რეალურად, სამხედრო ტექნოლოგიების ბევრ პროდუქტში საინფორმაციო ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ინოვაციის ეს სისწრაფე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკიდან მოდის, ანუ იქიდან, თუ როგორ აწვდიან IT-კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქტებს. მათ აქვთ მოკლე, ორკვირიანი ციკლები, ე.წ. სპრინტები, და ყოველი სპრინტით პროდუქტს ეტაპობრივად აუმჯობესებენ. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდობით დოლარის ღირებულების უზარმაზარ პროექტებზე არ მუშაობენ, რადგან ამ დროის განმავლობაში თავად ამოცანა შეიცვლება. ყოველ კვირას შეაქვთ მცირე გაუმჯობესებები და პროდუქტს ეტაპობრივად მატებენ ღირებულებას, შემდეგ კი წარმოების დასრულებისთანავე განახლებულ დრონს ან პროგრამულ უზრუნველყოფას კვლავ რამდენიმე კვირაში აგზავნიან. ამიტომ არის ეს შესაძლებელი. ფაქტობრივად, ამან ე.წ. ცენტრალიზებული შესყიდვებისა და ცენტრალიზებული ორგანიზების ალტერნატივა შექმნა. ამიტომ დეცენტრალიზაცია უკრაინის თავდაცვის სექტორშიც დიდ როლს ასრულებს.

მეურმიშვილი: ეს გარკვეულ ქაოსს ხომ არ ქმნის?

ფერჩუკი: არ ვფიქრობ, რომ ეს ქაოსია, რადგან 2022 წელს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული კომერციის სფეროდან მივედი. ეს ქაოსი კი არა, ბაზარია. გარკვეულწილად მომხმარებლებს აძლევთ შესაძლებლობას, თავად აირჩიონ სასურველი პროდუქტი. ასეთ საბაზრო პირობებში აგრძელებენ მუშაობას ის კომპანიები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნავენ, ყველაზე ყურადღებით უსმენენ მას და პროდუქტს მომხმარებლის საჭიროებებს არგებენ. სწორედ ამას ვამბობდი.

მეურმიშვილი: ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, დაკავშირებულია კავშირგაბმულობასთან, ინტერნეტთან, ხომ ასეა? ასეთი კომუნიკაციის შესაძლებლობასთან. ამ მხრივ რაიმე გამოწვევები გაქვთ?

ფერჩუკი: ბევრი გამოწვევაა. სწორად შენიშნეთ: კავშირის გარეშე ეს საერთოდ არ მუშაობს. ამიტომ მნიშვნელოვანია კავშირი როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ყველა ჩართული გუნდისთვის. ეს ნიშნავს საიმედო და მასშტაბირებად IT-სისტემებს. ნიშნავს, რომ ისინი დროის 99.999%-ის განმავლობაში მუშაობენ. ნიშნავს იმასაც, რომ თუ მტერი ძირითად ინტერნეტინფრასტრუქტურას გინადგურებთ, შემცვლელი უნდა გქონდეთ. კავშირი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მტერს ესმის, რომ მასზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ, ჩვენს სისტემებსა და კავშირის საშუალებებს ორმაგ და სამმაგ რეზერვს ვუქმნით.

ახლა მართლაც მძიმე ზამთრისთვის ვემზადებით. ველოდებით ელექტროენერგიის გათიშვებსა და ენერგომომარაგების შეწყვეტას. ახლა ვზრუნავთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მობილურ და ფიქსირებულ კავშირს შეინარჩუნებს. ჩვენ გვაქვს სატელიტური კომუნიკაციის ფუფუნება. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც გაიაზრებ, რომ სახელმწიფო სერვისების დაახლოებით 50% ონლაინ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ მოქალაქეებს კავშირი უნდა მივაწოდოთ, რათა დაინახონ, რომ სახელმწიფო აქ არის და თითოეულ მათგანზე ზრუნავს.

მეურმიშვილი: არის ერთ-ერთი გამორჩეული რამ, რაც შევნიშნე — ხშირად ვესაუბრები უკრაინელ მეგობრებს, კოლეგებს და გასულ ზამთარს იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, მაგრამ ინტერნეტკავშირი ჰქონდათ, რაც ზოგჯერ ზოგი განვითარებული ქვეყნისთვისაც უჩვეულოა. ანუ ეს თქვენი, თქვენი უწყების დამსახურებაა.

ფერჩუკი: ეს ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს, მობილური კავშირის ოპერატორებისა და ფიქსირებული ქსელის ოპერატორების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო. გასულ ზაფხულს უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და ზამთარი მართლაც კარგი შედეგებით გავიარეთ. ახლა ისევ მზადების ციკლში ვართ, თუმცა ველით, რომ ელექტროენერგიის გათიშვები უფრო ხანგრძლივი, პირობები კი უფრო რთული იქნება.

მეურმიშვილი: როგორ შეაფასებდით დახმარებას ან პარტნიორობას, რომელიც ამჟამად Starlink-თან გაქვთ?

ფერჩუკი: ამ სერვისს როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე თავდაცვის ძალებში ვიყენებთ. ფაქტობრივად, ეს სერვისი მრავალი თვალსაზრისით ადამიანების სიცოცხლეს იხსნის.

სამოქალაქო სექტორში ვცდილობთ, სატელიტური კავშირი შევუნარჩუნოთ სკოლებს, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. როდესაც მობილური ქსელი რაიმე მიზეზით არ მუშაობს, რადგან განადგურებულია ან ელექტროენერგია არ არის, სატელიტური კავშირი შესაძლოა საიმედო კავშირის შენარჩუნების უკანასკნელი საშუალება აღმოჩნდეს. ამიტომ, ის უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სერვისები არსებობს. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ამ სეგმენტში ახალი სერვისებიც განვითარდება.

მეურმიშვილი: ელოდებით თუ არა რუსეთის მხრიდან რაიმე ცვლილებას სატელიტურ და ინტერნეტკავშირთან, ზოგადად კომუნიკაციებთან დაკავშირებით? ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ავითარებს სისტემას, რომელიც, ვფიქრობ, უკვე შექმნილი აქვს, და რომლის გამოყენებასაც რუსები ისე შეძლებენ, როგორც უკრაინა იყენებს Starlink-ს ახლა.

ფერჩუკი: დიახ, ვიცით, რომ ისინი საკუთარ სისტემას, სახელწოდებით „რასვეტი“, ცდიან და, შესაძლოა, მისი ამოქმედების ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე არიან. ეს ჩვენთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის დიდი საფრთხეა. თუმცა, არა მხოლოდ უკრაინისთვის. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა ქვეყნისთვის საფრთხეა. აქტიურად ვესაუბრებით მარეგულირებელს და ვცდილობთ, ასე ვთქვათ, ევროპა და უკრაინა ასეთი კატასტროფისგან დავიცვათ.

მეურმიშვილი: ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბროთ ზოგიერთ მოკავშირესთან, განსაკუთრებით ნატოს ქვეყნებთან თქვენს პარტნიორობაზე. ნატოზე კონკრეტულად იმიტომ გეკითხებით, რომ ახლახან ერთობლივი წვრთნები ჩატარდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები მონაწილეობდნენ და უკრაინაში შექმნილი ტექნოლოგიები იყო ჩართული. როგორც ჩანს, დრონებით ომის, დრონების ტექნოლოგიებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით უკრაინა ნატოს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი ბევრად უსწრებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ფერჩუკი: შემიძლია გითხრათ, რომ Brave1-ის ჩვენი ეკოსისტემის მიმართ ნატოს ქვეყნების უზარმაზარ ინტერესს ბოლოს და ბოლოს ვხედავთ. ისინი დიდი ინტერესით მოდიან არა მხოლოდ იმის სანახავად, თუ როგორ არის სისტემა მოწყობილი, არამედ ამ აქსელერატორის დაფინანსებაშიც მონაწილეობის მისაღებად. ახლა ნატოს ათზე მეტ ქვეყანასთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა აქსელერატორის დაფინანსება გავზარდოთ და ეკოსისტემაზე წვდომა არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ საერთაშორისო კომპანიებსაც ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია, რადგან სხვა ქვეყნებს აქვთ სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვაკლდეს. ეს არის ჩვენი წვლილი ევროპისა და ნატოს მედეგობაში.

მეურმიშვილი: რას აკეთებთ უკრაინის აღდგენისთვის მოსამზადებლად? ომი გრძელდება. არ ვიცით, როდის დასრულდება, მაგრამ ოდესმე დასრულდება. თქვენს სამინისტროს ეკონომიკურ და ციფრულ განვითარებაში და სხვა მიმართულებებში მთავარი როლის შესრულება მოუწევს. უკვე დგამთ რაიმე ნაბიჯებს?

ფერჩუკი: უპირველესად, ვფიქრობთ, აღდგენა ახლავე უნდა დავიწყოთ, რადგან არ ვიცით, ომი რამდენ ხანს გაგრძელდება, მტერი კი ქვეყანას ყოველ საათში ანადგურებს. ეს ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს.

ასევე გვესმის, რომ სამხედრო ტექნოლოგიების წყალობით ეკონომიკაში შეგვიძლია სრულიად ახალი მიმართულებები შევქმნათ, სადაც სამხედრო ტექნოლოგიების ე.წ. სამოქალაქო გამოყენება გვექნება. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ეს ორმაგი დანიშნულება არ არის. ჩემთვის ორმაგი დანიშნულება ნიშნავს იმას, რაც თავდაპირველად სამოქალაქო ცხოვრებაში გამოიყენებოდა, მაგალითად, თავად დრონები ან მარკეტფლეისის ტექნოლოგიები, ახლა კი მათ უყოყმანოდ სამხედრო მიზნებისთვის ვიყენებთ და ეს შედეგს გვაძლევს. აქ კი საპირისპირო მიმართულებაა: ომის დროს განვითარებულ ტექნოლოგიებს სამოქალაქო მიზნებისთვის ვიყენებთ. უკვე ვხედავთ ბევრ სფეროს, სადაც ამ ტექნოლოგიების გამოყენება შეგვიძლია დავიწყოთ: ავტომატიზაცია, რობოტექნიკა, სამაშველო ჯგუფები, ინსპექტირება, მშენებლობა, შენობები, ჯანდაცვა. ძალიან გვსურს, ამ მიმართულების განვითარება დავაჩქაროთ და უკრაინაში ომის დროს განვითარებული ტექნოლოგიების სამოქალაქო გამოყენების ეკოსისტემა შევქმნათ. ამაში ინვესტირებისთვის უკრაინის გარეთ აქტიურად ვეძებთ პარტნიორებს და დიდ ინტერესსაც ვხედავთ, რადგან არსებობენ ინვესტორები, რომლებიც ეკონომიკის სამოქალაქო ნაწილთან სამუშაოდ მზად არიან.

ასევე ვფიქრობთ, რომ მომავალში უკრაინის ეკონომიკისთვის ინოვაციების სექტორი და მაღალტექნოლოგიური სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერი ერთმანეთს ებმის: ტექნოლოგიები, რომლებიც უკვე გვაქვს; დიდი ბაზარი, რომელიც, გვჯერა, ადრე თუ გვიან აღდგენის დაწყებასთან ერთად გაჩნდება; უკვე შექმნილი ინოვატორების ეკოსისტემის გამოყენების შესაძლებლობა; და ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დიდი პოტენციალი. აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ უკრაინაში ინვესტიციები შემოვა.

დრონების შემდეგ რობოტები — როგორ იცვლება ომის ტექნოლოგიები უკრაინაში

მეურმიშვილი: თქვენ ახსენეთ მთავარი სიტყვა: გამჭვირვალობა. თქვენი სამინისტროს შექმნის ერთ-ერთი თავდაპირველი მიზეზი სწორედ გამჭვირვალობის შექმნა იყო. გამჭვირვალობა ინვესტორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც ქვეყანას გარედან აკვირდები, უკრაინიდან ზოგჯერ სამწუხარო ამბებიც გვესმის. როგორც მინისტრი, რომლის უწყებასაც მთავრობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ევალება, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

ფერჩუკი: მთელი ცხოვრებაა, ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ პროექტებზე ვმუშაობ და ჩემთვის ეს საფუძველია. ციფრული პროდუქტები თავად ახდენენ პროცესის ავტომატიზაციას: პროცესიდან გამორიცხავენ ადამიანს, რომელსაც შეუძლია განსაჯოს და სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, გადაწყვეტილება კი ალგორითმების საფუძველზე მიიღება. ასე მივდივართ გამჭვირვალობამდე.

მეორე მხარე ისაა, რომ უკრაინა საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების იდეას მიჰყვება და ამასაც აქვს შედეგი. ამგვარად, არა მხოლოდ ყველაფერს ვაავტომატიზებთ, არამედ ანალიზისთვის უამრავ მონაცემსაც ვხდით ხელმისაწვდომს. ეს კიდევ ერთი ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც ყველა პროცესისა და მაჩვენებლის საზოგადოების, პარტნიორებისა და დონორებისთვის გამჭვირვალედ წარმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, ეს სწორი გზაა.

მეურმიშვილი: თანამშრომლობთ თუ არა ხელოვნური ინტელექტის რომელიმე დიდ კომპანიასთან, მაგალითად, ამერიკულ ან ევროპულ კომპანიებთან? როგორ იყენებს თქვენი სამინისტრო ამჟამად ხელოვნურ ინტელექტს?

ფერჩუკი: ხელოვნური ინტელექტი ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის უკვე ბევრი გავაკეთეთ. ჩვენი შემდეგი მიზანია, სახელმწიფოებს შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში პირველები გავხდეთ და, როგორც ერმა, ხელოვნური ინტელექტი ფართოდ დავნერგოთ.

მეურმიშვილი: რას გულისხმობთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში პირველ სახელმწიფოდ ქცევაში?

ფერჩუკი: არ ვგულისხმობ პირველ სახელმწიფოს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. ვგულისხმობ სახელმწიფოს, რომელიც მზად არის, ხელოვნური ინტელექტი სერვისების მისაწოდებლად ფართო მასშტაბით გამოიყენოს.

ლოგიკა იგივეა: ჩვენს მობილურ აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი უკვე ფუნქციონირებს. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ხმითაც კი უთხრათ, რომ კონკრეტული დოკუმენტი გჭირდებათ. შემდეგ AI-აგენტი საჭირო ნაბიჯებს შეასრულებს და დოკუმენტს თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნით. ეს უკვე ხდება. უბრალოდ გვინდა, ასეთი სერვისების რაოდენობა გავზარდოთ, რათა მათზე წვდომა უფრო მარტივი გახდეს. რადგან მომხმარებლების, მოქალაქეების შესახებ ბევრი რამ ვიცით, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეგვიძლია სერვისები პროაქტიულად შევთავაზოთ. თუ ვიცით, რომ ადამიანი სტუდენტია და მისი ინტერესების სფეროც ვიცით, შეგვიძლია კონკრეტული გრანტები, გაკვეთილები ან ლექციები შევთავაზოთ. ამგვარ პერსონალიზაციას სერვისების ხელმისაწვდომობა სრულიად სხვა დონეზე შეუძლია აიყვანოს.

მეურმიშვილი: ამ აგენტებს სამინისტრო, უკრაინა, თავად შექმნის, თუ, მაგალითად, Anthropic-თან ან სხვა კომპანიასთან თანამშრომლობთ?

ფერჩუკი: რა თქმა უნდა. რადგან სამხედრო ტექნოლოგიები ხელოვნურ ინტელექტს ფართოდ იყენებს, უკრაინა ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი კომპანიებისთვის ინტერესის საგანია. მათ უმრავლესობასთან ვთანამშრომლობთ, ვმსჯელობთ და ტექნოლოგიებს ვცდით, არა მხოლოდ სამხედრო ტექნოლოგიებისთვის, არამედ სამოქალაქო გამოყენებისთვისაც.

ჩვენი სტრატეგია უნიკალური არ არის: ყველაფერს ვცდით. გვაქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა და თავადაც ვქმნით მოდელებს, მათ შორის უკრაინულენოვან კორპუსზე გაწვრთნილ დიდ ენობრივ მოდელს, LLM-ს. ამავე დროს, სერვისების მისაწოდებლად მსოფლიოში საუკეთესო მოდელებს ვიყენებთ და ერთმანეთს ვადარებთ. ზოგი მოდელი გარკვეული ამოცანისთვის უკეთესია, ზოგი უარესი; ზოგი უფრო ძვირია, ზოგი უფრო იაფი. კიდევ ერთხელ, მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები გვიყვარს. რაც უფრო მალე მოვიზიდავთ ამ ბაზარზე მრავალფეროვან უკრაინულ სტარტაპებსა და კომპანიებს, მით უკეთესი.

ამ თვალსაზრისით გვსურს, პირველი სახელმწიფო ვიყოთ, რადგან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიმართ ძალიან გახსნილები ვართ და ჯერ არ ვართ იმდენად მკაცრად რეგულირებული, როგორც, მაგალითად, ევროკავშირი. ეს შესაძლებლობას გვაძლევს. სამხედრო ტექნოლოგიების სფერომ უკვე შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ადამიანების უნიკალური გუნდი და მათ ცოდნას სამოქალაქო აპლიკაციების შესაქმნელადაც გამოვიყენებთ.

უკრაინა ევროპასა და საკუთარ იარაღს ეყრდნობა: ინტერვიუ მიკოლა ბელიესკოვთან

მეურმიშვილი: უკრაინის საზოგადოებასთან კომუნიკაციისას, რა გსურთ, იცოდნენ იმ მიზნების შესახებ, რომელთა მიღწევასაც ცდილობთ, სამინისტროს ისტორიისა და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რამაც ის დღევანდელ მდგომარეობამდე მოიყვანა? იგივე შეკითხვა მაქვს უკრაინის გარეთ მყოფ აუდიტორიასთან დაკავშირებით: რა გსურთ, მათ იცოდნენ თქვენი მიზნების შესახებ?

ფერჩუკი: უკრაინელებისთვის: ჩვენი ამოცანაა, უკრაინის სახელმწიფო კიდევ უფრო მეგობრული და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ძალიან მინდა, უკრაინელი მოქალაქე სახელმწიფოზე დადებითად ფიქრობდეს. ჩვენს ტექნოლოგიურ და ციფრულ ამოცანად მიგვაჩნია, ეს სიმარტივე და კავშირი უზრუნველვყოთ. ასევე მინდა, უკრაინელებმა გაიგონ, რომ ახლა ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და ბრძოლა მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ მიმდინარეობს. ის ეკონომიკურ სექტორშიც მიმდინარეობს. თითოეული ადამიანი, რომელიც თავის საქმეს პასუხისმგებლობით ასრულებს და გადასახადებს იხდის, ამ ბრძოლის მონაწილეა. ბოლო საკითხი საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელებს ეხება: ძალიან გვინდა, ისინი კვლავ გავაერთიანოთ. თუ ფიზიკურად არა, რადგან უსაფრთხოების მდგომარეობა ხელსაყრელი არ არის, მაშინ სულ მცირე, მენტალურად მაინც. კვლავ შეგვიძლია, შევქმნათ უნიკალური პროდუქტები და უნიკალური საზოგადოებები და ვიყოთ ერთი გუნდი, ერთი ქვეყანა.

საზღვარგარეთ მყოფ კოლეგებს, უპირველესად, მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით. ვაცნობიერებთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებდა იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს არის. ამიტომ, ეს ჩვენი საერთო შედეგია. ჩვენი თხოვნაა: განაგრძეთ ჩვენი დახმარება, რადგან რეალურად ევროპული ღირებულებებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, თავისუფლება გვიყვარს და ახლა ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენ უკან ასობით მილიონი ადამიანია, რომლებიც მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან. მტკიცედ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ.

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი არის Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი. მშობლიურ საქართველოში ტელევიზიის წამყვანის რანგში ცნობილია, მანამდე ის ხელმძღვანელობდა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის გადაცემებს, სადაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნატოს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ხელმძღვანელობდა. ის ხშირად არის მოწვეული კომენტატორი, კონფერენციის მომხსენებელი და ლექტორი.

ასევე ნახეთ

262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ – Independence Avenue Media
რჩეული

262 ხმა “პუტინის ომის მანქანის” წინააღმდეგ

სექტემბერი 17, 2026
Telegram: Executive_Secretary
რღვევის სარტყელი

რუსეთის ომი ისტორიის წინააღმდეგ და მისი დასავლელი ხელშემწყობები

სექტემბერი 15, 2026
via REUTERS
რჩეული

ლაფი: ომში პაუზა პუტინისთვის სახიფათო იქნებოდა

სექტემბერი 21, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media