• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

რატომ ჩავიდა CIA-ს დირექტორი მოსკოვში?

რა გზავნილი ჰქონდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს მოსკოვისთვის და ვინ განსაზღვრავს ახლა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას — კითხვებს ევრაზიის რეგიონის, რუსეთისა და საერთაშორისო უსაფრთხოების წამყვანი ამერიკელი ექსპერტი, გლენ ჰოვარდი პასუხობს.

კირილ სუხოტსკიby კირილ სუხოტსკი
აგვისტო 31, 2026
CIA Director John Ratcliffe. July 7, 2025 (Official White House Photo by Daniel Torok)

CIA Director John Ratcliffe. July 7, 2025 (Official White House Photo by Daniel Torok)

A A
Summarize with ChatGPTShare on X

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვს საიდუმლო ვიზიტით, მკაფიო გზავნილის გადასაცემად ეწვია: „ნუ გამოცდით ჩვენს მზადყოფნას ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის დასაცავად“. 

ასე აფასებს ვიზიტს „სარატოგას ფონდის“ პრეზიდენტი და თავმჯდომარე გლენ ჰოვარდი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში „ჯეიმსთაუნის ფონდს“ ხელმძღვანელობდა. 

„სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსები რაღაცას ამზადებენ“, ამბობს ჰოვარდი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში. „CIA-ის დირექტორები, ძალიან სერიოზული მიზეზის გარეშე, თვითმფრინავში არ სხდებიან და მოსკოვში არ მიფრინავენ“. 

„უოლ-სტრიტ ჯორნალისა“ და „პოლიტიკოს“ ცნობით, 25 აგვისტოს გამართული რეტკლიფის ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილება იყო, რომ ნატოს არც ერთ ქვეყანას, კონკრეტულად კი ბალტიის ქვეყნებს: ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, თავს არ დასხმოდა. 

ჰოვარდის შეფასებით, ნატოს წევრებზე თავდასხმისთვის პუტინს შეზღუდული არჩევანი აქვს, ხოლო ბალტიის ქვეყნები წინა წლებთან შედარებით უკეთ არიან მომზადებული. 

„პუტინი აზარტული მოთამაშეა და რისკი უყვარს“, ამბობს ჰოვარდი. „შესაძლოა, მან ვითარება შეაფასოს და იკითხოს: ღირს თუ არა ტრამპთან ამ რისკზე წასვლა? მეორე მხრივ, შეიძლება ხედავდეს, რომ Patriot-ის სისტემების მარაგი ამოიწურა, ჩვენი სამხედრო-სამრეწველო ბაზა სუსტია, ჩვენ კი ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ვართ ჩაფლული“. 

რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციით ცნობილი რეტკლიფი ტრამპის ადმინისტრაციაში აქამდე უმეტესად ჩრდილში რჩებოდა, აღნიშნავს ჰოვარდი. მისი უფრო აქტიური საჯარო როლი შესაძლოა თეთრი სახლის პოზიციის ცვლილებაზე მიუთითებდეს. 

ვრცელ ინტერვიუში ჰოვარდი ასევე საუბრობს რუსეთის სიღრმეში უკრაინის შორ მანძილზე დარტყმებში CIA-ის როლის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე და იმაზე, თუ რას შეცვლიდა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთისთვის დამატებით 50 000 ჩრდილოეთ კორეელი სამხედროს გაგზავნა. 

ინტერვიუ ჩაწერილია 27 აგვისტოს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის. 

კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: გლენ, CIA-ის დირექტორ ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ძალიან უჩვეულო და მოულოდნელი იყო. ბოლოს CIA-ის დირექტორი მოსკოვს თითქმის ხუთი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეწვია. რა დასკვნა გამოგაქვთ ამ ვიზიტიდან? რამდენად მნიშვნელოვანია ის? 

გლენ ჰოვარდი, „სარატოგას ფონდის“ პრეზიდენტი და თავმჯდომარე: ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია და ბილ ბერნსის 2021 წლის ვიზიტსაც გვახსენებს. ისიც, მოსკოვში გაფრთხილებით ჩავიდა, თუმცა, როგორც ვიცით, პრეზიდენტმა პუტინმა გაფრთხილება ყურად არ იღო. ბერნსი პუტინს არ შეხვედრია, მაგრამ გზავნილი გადასცა და ის საკმაოდ მკაფიო იყო. მიუხედავად ამისა, რუსებმა სრულმასშტაბიანი შეჭრა მაინც დაიწყეს. 

CIA-ის დირექტორები თვითმფრინავში ძალიან სერიოზული მიზეზის გარეშე არ სხდებიან და მოსკოვში არ მიფრინავენ. როგორც ვვარაუდობდი, რეტკლიფიც იქ გაფრთხილებით ჩავიდა. „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ ექსკლუზიური ცნობით, პირველად დადასტურდა, რომ მისი გზავნილი ბალტიის ქვეყნებსა და ნატოს ეხებოდა. 

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ რეტკლიფი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გზავნილი გადასცა. ჩემი აზრით, გზავნილი ასეთია: ნუ გამოცდით ჩვენს მზადყოფნას ნატოს მე-5 მუხლის დასაცავად. ნუ ეცდებით ჩვენს პროვოცირებას, რადგან მე-5 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს შევასრულებთ, მიუხედავად ნატოს შესახებ MAGA-ს ბანაკიდან წამოსული განცხადებებისა, რომ ალიანსის წევრები საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ.  

ნატოში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი ნატოს მხარდაჭერაზე ძალიან მკაფიოდ საუბრობს. მართალია, ეს ურთიერთობა ისეთი თბილი აღარ არის, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომ ალიანსის მიტოვებას არ აპირებენ. 7 და 8 ივლისს ანკარაში გამართული ნატოს სამიტიც წარმატებული იყო. 

ამიტომ, კონტექსტიცა და დროც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ვხედავთ, როგორ გამოდის ჩრდილიდან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული რეტკლიფი და წამყვან როლს იკავებს. საჯარო როლის შესრულებას ის დიდხანს ერიდებოდა.  

ამავე დროს, მედიის ცნობებით, CIA-მ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების კამპანიის მართვა გადაიბარა და კიევს სამიზნეების შერჩევაში ეხმარება. 

რეტკლიფი პრეზიდენტთან მიდის და ეუბნება: „ბატონო პრეზიდენტო, მსურს, CIA-ის მრჩევლები გავაგზავნო, რათა უკრაინელებს დრონების კამპანიის ფარგლებში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სამიზნეების შერჩევაში დავეხმაროთ. გვაშფოთებს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა უნებლიედ ისეთ ობიექტს დაარტყან, რამაც რუსეთთან ესკალაცია გამოიწვიოს. სჯობს, ჩვენც ვაკონტროლებდეთ, რას ურტყამენ უკრაინელები, რათა ესკალაცია თავიდან ავიცილოთ“. ტრამპმა უპასუხა: „კარგი, კარგი იდეაა“. 

ესაა კონტექსტი: რეტკლიფი ჩრდილში მოქმედებდა და ამ საქმეებს აკეთებდა, მაგრამ საჯარო როლი არ ჰქონია. რა გახდა ახლა ამ ნაბიჯის მიზეზი? პასუხი ბოლო ერთი თვის ახალ ამბებში ჩანს: ყველგან რუსეთის მიერ ნატოს მზადყოფნის მოსინჯვის მცდელობებს ვხედავთ. 

ვნახეთ, როგორ ჩამოაგდეს რუმინელებმა დრონები შავ ზღვაში; ვნახეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დრონებთან დაკავშირებული შემთხვევები. რუსეთი ევროპაში დივერსიულ კამპანიას აძლიერებს. თუ სადაზვერვო სფეროს ადევნებთ თვალს, ამ დივერსიული და დეზინფორმაციული აქტივობის შესახებ მონაცემებსაც ხედავთ. რუსები საატსეს მონაკვეთზეც შევიდნენ [ესტონეთის ადგილობრივი გზის ნაწილი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადის], ტერიტორია მცირე ხნით დაიკავეს, ან, სულ მცირე, მონაკვეთზე შევიდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს. ამგვარად, რუსეთი ნატოს საზღვრების გასწვრივ მუდმივად აწყობს პროვოკაციებს და ალიანსის რეაქციას სინჯავს. 

სუხოტსკი: ვნახეთ დაზვერვიდან გაჟონილი ინფორმაცია და ცნობები, რომლებიც სხვადასხვა გამოცემაში ეტაპობრივად გამოჩნდა. ბოლოს „უოლ-სტრიტ ჯორნალმა“ დაწერა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, რუსეთი მართლაც რაღაცას გეგმავს. ფიქრობთ, რომ რეტკლიფის ვიზიტი ამან განაპირობა? და რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს? 

ჰოვარდი: მოდი, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ. ამას მხოლოდ ტრამპის პრიზმით ვერ შევხედავთ. მისი ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია. უნდა დავაკვირდეთ მის მრჩევლებს და იმას, რაც ხდება. 

ტრამპმა რეტკლიფის ვიზიტს „ნახევრად რუტინული“ უწოდა. კარგი, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ის ვიზიტის მნიშვნელობას შეგნებულად ამცირებს, რადგან სურს, რუსებთან მოლაპარაკებისთვის კარი ღია დატოვოს. 

და რა იყო ერთადერთი განცხადება, რომელიც CIA-მ რეტკლიფის ვიზიტის დროს გაავრცელა? ჩვენ უკრაინელებს ვუთხარით, რომ იქ ჩვენი ყოფნისას მოსკოვი არ დაებომბათ. რუსებსაც უთხრეს: უკრაინელებს ვთხოვეთ, ეს არ გაეკეთებინათ. რუსები კი ალბათ ფიქრობენ: „ერთი წუთით, ამხანაგებო, თქვენ ხომ, როგორც ამბობენ, ამ დარტყმებს თავად მართავთ და ახლა გვეუბნებით, რომ უკრაინელებს უთხარით, ეს არ გაეკეთებინათ?“ 

ამ ყველაფერს სწორედ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ. ეს ნიშნავს, რომ მართვის ბერკეტი ჩვენს ხელშია. მან ეს განაცხადა, ორშაბათს კი, 31 აგვისტოს, ევროპაში ნატოს მოკავშირეებს მოსკოვში ვიზიტის შესახებ ბრიფინგს ჩაუტარებს. 

შემდეგ ვხედავთ, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, ზელენსკის თქმით, კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ჩასვლას დათანხმდნენ, მაგრამ არ ჩავიდნენ. რატომ? ტრამპის ადმინისტრაცია ფრთხილობს და რუსებთან მოლაპარაკებისთვის კარს ღიას ტოვებს, თუმცა ზეწოლის ბერკეტსაც არ თმობს. ეს ბერკეტი კი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების კამპანიაა. 

მაგრამ, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებს. რა ვიცით დანამდვილებით? ვიცით, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნები ახლოვდება. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი 250 000-დან 500 000-მდე ადამიანის მობილიზებას ამზადებს და შესაძლოა საბოლოო შეტევის დაგეგმვა სურდეს. ამავე დროს, არის ცნობები, რომ ნატოს საზღვრების გასწვრივ ალიანსის მზადყოფნას სინჯავს. 

თუ მიგაჩნიათ, რომ რეტკლიფი ოთახში ყველაზე გაწონასწორებული ადამიანია, რომელიც თეთრ სახლში ყველა კამათში არ ერთვება რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯების მოთხოვნით, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის თითოეულ ნაბიჯს ფრთხილად თვლიდა. რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციითაა ცნობილი, მაგრამ აქამდე საჯარო პოზიციის დასაფიქსირებლად შესაფერის მომენტს ელოდა და ტრამპის ნდობის მოპოვებას ცდილობდა. ახლა კი გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მიიღო. 

ვოლკერი: ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცეშივე უნდა ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომლებიც საფრთხეს ალიანსის ტერიტორიას უქმნის

სუხოტსკი: ეს ძალიან საინტერესოა, რადგან შუალედური არჩევნები ორ თვეზე ცოტა მეტ ხანში გაიმართება. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შუალედური არჩევნები პუტინის გათვლების ერთ-ერთი ფაქტორი? 

ჰოვარდი: რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ამას ყველა აკვირდება, მათ შორის ჩინელები და ირანელები. ტრამპმაც იცის ეს და ამიტომაც ახლა ეკონომიკაზე საუბრობს. 

სუხოტსკი: თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ არსებული საფრთხე? აქვს თუ არა პუტინს ამის შესაძლებლობა და შეიძლება თუ არა, რომ ნატოს მე-5 მუხლის გამოცდა სცადოს? 

ჰოვარდი: საკითხავია, აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ ბალტიის რეგიონში ახალი ფრონტი გახსნას. პოლონეთის არმია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სწრაფად მოდერნიზებადი არმიაა, ამიტომ არ მგონია, რუსეთმა ბელარუსის მხრიდან მისი გამოცდა სცადოს. 

თუ ბელარუსში სარკინიგზო ეშელონები დაიწყებენ ჩასვლას და რუსეთის ძალების მასშტაბურ თავმოყრას დავინახავთ, ამას თანამგზავრებიდანაც შეამჩნევენ. ეს შეერთებული შტატების შესაბამის რეაგირებას გამოიწვევს. შესაძლოა, სუვალკის დერეფანში „მწვანე კაცუნები“ გამოჩნდნენ და ალიანსის გამოცდა სცადონ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პოლონელები და ლიეტუველები მათ უმკაცრეს პასუხს გასცემენ. ამას არ მოითმენენ. ესტონელებიც მტკიცედ ამბობენ: „თუ რამეს შეეცდებით, დაგარტყამთ. ამას არ მოვითმენთ“. 

ვფიქრობ, რეტკლიფის ვიზიტის არსი ასეთი იყო: შესაძლოა, წარსულში ჩვენგან გსმენიათ, რომ ნატო მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ აქ ჩვენს მზადყოფნას ნუ გამოცდით. უიტაკერიც ამ საკითხზე ძალიან მტკიცე იყო. ნატოს მხარდაჭერისას საერთოდ არ მერყეობს და პოზიცია არ შეუცვლია. ერთადერთი, რაც მათ თქვეს, ისაა, რომ მოკავშირეებმა ალიანსში მეტი წვლილი უნდა შეიტანონ. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით კითხვა ასეთია: აქვს თუ არა რუსეთს საკმარისი ძალა რაიმე სამხედრო ნაბიჯის გადასადგმელად? შეეცდება თუ არა საზღვრის გადაკვეთას და მიიღებს თუ არა საპასუხო დარტყმას? 

ნატოსა და უკრაინის საჰაერო ძალებს შორის დიდი განსხვავებაა. ნატოს წევრებს ძლიერი საჰაერო შესაძლებლობები აქვთ. თუ რუსები საზღვარს გადაკვეთენ და რაიმეს შეეცდებიან, მათ დაარტყამენ, თანაც ძალიან ძლიერად. არ მისცემენ შესაძლებლობას, სადმე პლაცდარმი შექმნან. ასევე ნამდვილად არ მგონია, რუსეთმა ფინეთის გამოცდა სცადოს. როგორც იცით, ფინეთის შეიარაღებული ძალები კარგად მოდერნიზებული და მოქმედებისთვის მზად არის. 

როცა ამ პერიმეტრს უყურებთ, სად შეიძლება დაარტყან? რა შეუძლიათ გააკეთონ? ბევრ ვარიანტს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უფრო მეტი მოსინჯვა იქნება, შემდეგ კი შეერთებული შტატების საპასუხო ნაბიჯს ვიხილავთ. შესაძლოა, პოლონეთში დამატებითი ძალები განალაგონ. 

არც ის მგონია, ბელარუსის არმია ომში ჩაერთოს. ბოლოს და ბოლოს, ლუკაშენკოს რომ ომში ჩართვა სდომოდა, დონბასში 50 000 ბელარუს ჯარისკაცს გაგზავნიდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. 

ამავე დროს, ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთის გასაძლიერებლად 50 000 ჩრდილოეთ კორეელი ჩავიდეს. რას ნიშნავს ეს სამხედრო თვალსაზრისით? კურსკში 50 000 ჩრდილოეთ კორეელის განლაგება იქ მყოფი რუსული ძალების ნაწილის ჩანაცვლებას ნიშნავს. ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, იქ მყოფი დანაყოფები გაიყვანოს, ხოლო მათი ტექნიკა და ცოცხალი ძალა სხვა მიმართულებაზე გადაისროლოს. 

ამიტომ შეიძლება, მართლაც იყოს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ რუსეთი სხვა მიმართულებით მოქმედებას გეგმავს. დაზვერვა ხედავს, რომ სულ უფრო მეტი ჩრდილოეთ კორეელი მატარებლებითა და თვითმფრინავებით ვორონეჟში [რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში] გადაჰყავთ და შემდეგ სხვა მიმართულებებზე ანაწილებენ. შესაძლოა, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ხედავდეს ისეთ რამეს, რაც მას აშფოთებს და წითელ ხაზად მიაჩნია. 

შესაძლოა, ყველა ეს მონაცემი ერთიან სურათად იკვრება და სწორედ ეს დაინახა რეტკლიფმა. ის  არ არის ადამიანი, რომელიც საფრთხეს აზვიადებს. ძალიან ფრთხილად მოქმედებს და პრეზიდენტი მის აზრს უსმენს. 

ბჟეზინსკი: ნატოს შეუძლია რუსეთის შეკავება, თუ ნებასაც გამოიჩენს

სუხოტსკი: თუ ამ ყველაფერს ჩვენი საუბრის კონტექსტში განვიხილავთ, რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ესკალაცია მოახდინოს, იქნება ეს უკრაინაში თუ ნატოს წინააღმდეგ? 

ჰოვარდი: რუსეთმა უკვე მოახდინა ესკალაცია დივერსიული კამპანიის გზით. სადაზვერვო საზოგადოება ამბობს, რომ ევროპაში დივერსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს რეაქციას სინჯავს. ამას საზღვრებთან ძალების თავმოყრის შესახებ ინფორმაციაც ემატება. ისინი ამ მონაცემებს ერთმანეთს უკავშირებენ. 

რეტკლიფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობდნენ, რომ რუსეთთან მუშაობა შესაძლებელია. შესაძლოა, პუტინმა ჩვენი პოზიცია არასწორად გაიგო. სწორედ ამიტომ იყო რეტკლიფის ვიზიტი გაფრთხილება: „ნუ სცდი ბედს და ნუ გადაკვეთ ამ წითელ ხაზს“. ასე ვფიქრობ. 

სუხოტსკი: ბერნსმა და წინა ადმინისტრაციამ, მოსკოვს, ასეთი გაფრთხილება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე გადასცეს, თუმცა პუტინმა არ მოუსმინა. როგორ ფიქრობთ, ახლა მოუსმენს? 

ჰოვარდი: პუტინი აზარტული მოთამაშეა და რისკი უყვარს. წინასწარ თქმა შეუძლებელია. შესაძლოა მოუსმინოს, შესაძლოა არა. შეიძლება ვითარება შეაფასოს და იკითხოს: ღირს თუ არა ტრამპთან ამ რისკზე წასვლა? მეორე მხრივ, შეიძლება ხედავდეს, რომ Patriot-ის სისტემების მარაგი ამოიწურა, ჩვენი სამხედრო-სამრეწველო ბაზა სუსტია, ჩვენ კი ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში ვართ ჩაფლული. 

თუ რეტკლიფი ორშაბათს მოკავშირეებს თავისი ვიზიტის შესახებ ბრიფინგს უტარებს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. აშკარაა, რომ ადმინისტრაციაში ვიღაც უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და შიდა იერარქიაც გარკვეულწილად შეიცვალა. მე ასე ვხედავ. 

კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

Kiryl Sukhotski is the executive editor for Russia at Independence Avenue Media, where he oversees coverage of U.S. foreign policy for Russian-speaking audiences. He previously worked at Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty. Born in Minsk, Belarus, he started his career at the BBC, covering Russia from Moscow and London.

ასევე ნახეთ

Graham sanctions bill targeting Russia’s oil revenue, with Russian rubles and an oil refinery fire
ინტერვიუ

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: რას ითვალისწინებს გრემის კანონპროექტი?

by ქართლოს შარაშენიძე
0
Nina Lyashonok via Reuters Connect
ინტერვიუ

ვოლკერი: ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცეშივე უნდა ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომლებიც საფრთხეს ალიანსის ტერიტორიას უქმნის

by გლენ ქეითსი
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2026 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media