• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რჩეული > „სრული შოკი“ — პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმებაზე

„სრული შოკი“ — პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმებაზე

ეველინ ფარკასი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დიზელის შეთანხმება პუტინს ფულსა და ლეგიტიმაციას აძლევს, კონგრესის მიერ ახლახან მიღებულ სანქციებს ძირს უთხრის და ევროპელებს საგონებელში აგდებს.

გლენ ქეითსიავტორი გლენ ქეითსი
ოქტომბერი 12, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
President Trump speaks with press at the White House, October 10, 2026. REUTERS/Elizabeth Frantz

President Trump speaks with press at the White House, October 10, 2026. REUTERS/Elizabeth Frantz

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ შოკში არიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 ოქტომბრის განცხადების შემდეგ. ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს „ამერიკისა და მსოფლიო ბაზარს“ მიაწვდის.

„ეს ვლადიმირ პუტინისთვის საჩუქარია“, — ამბობს ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. „გაცხადებული მიზანი ვერ მიიღწევა. ამის ნაცვლად, პუტინს კიდევ უფრო ვეხმარებით დიპლომატიური იზოლაციიდან გამოსვლაში და ვაძლევთ ფულს, რომელიც მან და ირანელებმა შეიძლება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წინააღმდეგ, უკრაინაში კი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.“

ფარკასმა Independence Avenue Media-სთან ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ვარშავის უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა. მისი თქმით, ტრამპის განცხადების მოსმენამ „სრული შოკი“ მოჰგვარა და ბევრსაც იგივე რეაქცია ჰქონდა.

შეთანხმების პირობების მიხედვით, რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებს 300 ათას მეტრულ ტონა დიზელს დაუყოვნებლივ მიაწვდის, ნოემბერში — 500 ათას ტონას, მოგვიანებით კი — კიდევ 1 მილიონ ტონას.

„აქ მყოფმა მოკავშირეებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ პუტინის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მიმართ კი უარყოფითადაა განწყობილი. მაგრამ, ახლა ამას განსაკუთრებით მკაფიოდ აჩვენებს და თან ისე, რომ შესაძლოა, სანქციებსა და რუსეთის მიმართ ევროპის საერთო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს“, — ამბობს ფარკასი. „ვფიქრობ, ევროპელები ამით უბრალოდ საგონებელში არიან ჩავარდნილი.“

თუმცა, ფარკასის თქმით, ტრამპის განცხადება და მის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამწვავებული სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ნაცნობი „დინამიკის“ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ და არა პოლიტიკის ცვლილებად. ზელენსკიმ შეთანხმება გააკრიტიკა.

„მას ასეთი მომენტები აქვს, როცა, მგონი, ამოწმებს, რისი გაკეთება შერჩება“, — ამბობს ფარკასი. თუმცა დასძენს: „შეერთებული შტატები ევროპის, კანადისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოკავშირედ დარჩება, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს.“

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 12 ოქტომბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

გლენ ქეითსი, Independence Avenue Media: ეველინ, ბოლო სამი დღე მოვლენებით დატვირთული იყო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ასობით ათასი ტონა დიზელის ექსპორტი უნდა დაიწყოს. სანამ იმაზე გადავალთ, რა მოხდა ამის შემდეგ, მინდა გკითხოთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა ეს შეიტყვეთ?

ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი: შოკი. სრული შოკი, რადგან ეს ვლადიმირ პუტინისთვის საჩუქარია. ფაქტობრივად, მას ფულს ვაძლევთ, მის მიმართ დიდ პოლიტიკურ კეთილგანწყობას ვამჟღავნებთ, ამერიკელი ხალხისთვის კი, სიმართლე გითხრათ, არაფერი იცვლება. ასე რომ, გაცხადებული მიზანი ვერ მიიღწევა.

ამის ნაცვლად, პუტინს კიდევ უფრო ვეხმარებით დიპლომატიური იზოლაციიდან გამოსვლაში და ვაძლევთ ფულს, რომელიც მან და ირანელებმა შეიძლება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წინააღმდეგ, უკრაინაში კი ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.

სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაც იქნება, რადგან უკრაინას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ეროვნული უსაფრთხოების რაციონალური სტრატეგიისა და მისი განხორციელების თვალსაზრისით, ამ ნაბიჯში ვერავითარ ლოგიკას ვერ ვხედავდი.

ქეითსი: როდესაც ამბობთ, რომ ეს რუსეთის ლიდერისთვის საჩუქარია, უფრო რუსეთის ეკონომიკურ სარგებელს გულისხმობთ თუ იმ გზავნილს, რომელიც მიანიშნებს, როგორ უყურებს ტრამპი ამ ომს და რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მას?

ფარკასი: ცალსახად მეორეს, გლენ. ამით მსოფლიოს ვეუბნებით, რომ პუტინის მხარეს ცოტა უფრო მეტად ვიხრებით.

ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფოს მეთაური, [ვოლოდიმირ] ზელენსკი, უნდა წავიდეს, უნდა გადააყენონ. ზუსტად აღარ მახსოვს, რომელი ზმნები გამოიყენა. მაგრამ, მან მშვენივრად იცის, რომ უამრავი მიზეზის გამო, მიმდინარე ომის დროს უკრაინა არჩევნებს ვერ ჩაატარებს. მათ შორის იმიტომ, რომ უკრაინის საზღვარზე მილიონი კაცი და, ალბათ, ქალებიც იბრძვიან. სინამდვილეში, ეს უბრალოდ ვლადიმირ პუტინს ეხმარება სწორედ მაშინ, როცა ის, სიმართლე გითხრათ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია: ფრონტზე ჩიხია და ეკონომიკურ წნეხშია.

ქეითსი: ამის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებითაც, თუ როდის დაიდო ეს შეთანხმება, როგორ ფიქრობთ, ტრამპმა უბრალოდ უარი თქვა რუსეთზე ზეწოლით ომის დასრულების იდეაზე? თუ ეს დროებითი ნაბიჯია, შუალედურ არჩევნებამდე?

ფარკასი: პირდაპირ გეტყვით: არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ოდესმე სურდა ზეწოლა მოეხდინა თავად ვლადიმირ პუტინზე, როგორც პიროვნებაზე და როგორც იმ სახელმწიფოს მეთაურზე, რომელმაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინაში სასტიკი, იმპერიალისტური შეჭრა განახორციელა. მას არასოდეს გამოუხატავს ამის სურვილი. პირიქით, ამბობდა: ვფიქრობ, პუტინს კეთილგანწყობით უნდა ვესაუბრო, თორემ ჩემთან საქმეს არ დაიჭერსო. ეს ვლადიმირ პუტინის ქცევისა და მოქმედების წესის საბედისწეროდ მცდარი გაგებაა. თუ მასზე ზეწოლას მოახდენთ, იძულებული გახდება, კაპიტულაციაზე წავიდეს. თუ არა, ესკალაციას გააგრძელებს. სწორედ ამას აკეთებს და არა მხოლოდ უკრაინაში.

მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ ევროპაში ასობით თავდასხმა მოხდა. ვგულისხმობ თავდასხმებს ბომბების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით: თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე, სამოქალაქო აეროპორტებზე, მეტროს სადგურებსა და საწყობებზე. ასე რომ, რუსები ახლა ვითარებას მართლაც სახიფათოდ ამწვავებენ.

ქეითსი: რუსეთზე ზეწოლაზე უარის თქმის შესახებ იმიტომ გკითხეთ, რომ სექტემბერში კონგრესმა ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტი მიიღო და პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა. რა მიზანს ემსახურებოდა მთელი ეს ძალისხმევა? კანონი მიიღეს და ახლა უბრალოდ ვივიწყებთ? თუ არსებობს შესაძლებლობა, კვლავ მსგავს ზომებს მივმართოთ?

ფარკასი: პრეზიდენტისა და დანარჩენი ამერიკის პოზიციებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა და ეს, სიმართლე გითხრათ, აშშ-ის კონგრესიდან იწყება.

სენატში ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას იმის გამო, რომ ის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველდღე და ყოველ ღამე უდანაშაულო უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს საკუთარ სახლებში ხოცავს და სხვა სასტიკ ქმედებებსაც სჩადის, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს.

სინამდვილეში, უკრაინის მხარეს მხოლოდ კონგრესი კი არ დგას, არამედ ამერიკელი ხალხიც. ამას გამოკითხვა გამოკითხვაზე ადასტურებს. ამერიკელებს ესმით, რომ აგრესორი ვლადიმირ პუტინი და რუსეთია, არა უკრაინა, და რომ უკრაინა ნამდვილად მსხვერპლია. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ამერიკელი ხალხის განწყობას არ შეესაბამება.

ამასთან, აშშ-ის პოლიტიკა, როგორც კონგრესის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, კვლავ უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასე რომ, მისი პოზიცია მისივე ადმინისტრაციის რეალურ პოლიტიკასაც არ შეესაბამება.

ქეითსი: არსებული ცნობების უმეტესობის თანახმად, უკრაინელებისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. შეთანხმებას ტრამპსა და ზელენსკის შორის სულ უფრო მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ზელენსკიმ შეთანხმებას სუსტი უწოდა. როგორც უკვე ახსენეთ, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. გასული წლის თებერვალში, ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის გახმაურებული დაპირისპირების შემდეგ, ამ ურთიერთობის გადასარჩენად ყველა ძალა ჩაერთო, რადგან ეს, ცხადია, მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. ახლა რა ხდება? საუბრობენ იმაზე, როგორ შეიძლება მისი გამოსწორება? თუ ახლა, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან 20 თვის შემდეგ, ვითარება განსხვავებულია?

ფარკასი: შუალედური არჩევნები უკვე ძალიან ახლოსაა. ეს არჩევნები აშშ-ის პოლიტიკურ დინამიკასა და იმ პოლიტიკურ ვითარებას შეცვლის, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, ახლა ნაკლებად ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, ასე ვთქვათ, მეტი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა უნდა გამოიჩინოს. მათი მთავარი საზრუნავია, ტრამპმა აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვალოს: მართლაც არ გადაიხადოს ეს თანხა დიზელის საწვავში და არ გადადგას კიდევ უფრო დაუფიქრებელი ნაბიჯი, რომელიც უდანაშაულო უკრაინელებს, ასევე ნატოსა და საერთაშორისო საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნის. ასეთი ნაბიჯი იქნებოდა, მაგალითად, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების კუთხით აშშ-ის თანამშრომლობის შეწყვეტა.

ნახეთ, რესპუბლიკელებმა საჯაროდ გამოთქვეს თავიანთი პოზიცია. მაგალითად, სენატორმა სიუზან კოლინზმა, რომელსაც მეინში რთული საარჩევნო ბრძოლა ელის, განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება სანქციების დარღვევასა და დიზელის საწვავის შესყიდვით რუსეთისთვის ფულის მიცემას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას მოხმარდება. სენატორებმა და, ძირითადად, წარმომადგენელთა პალატის წევრებმაც დაადასტურეს, რომ სანქციებს უჭერენ მხარს და არა რუსეთთან დაახლოების ამ უცნაურ ნაბიჯს, რომელიც ამერიკას საერთოდ ვერაფერს მოუტანს ან მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელს მისცემს.

ქეითსი: Financial Times-ის ინფორმაციით, ადმინისტრაცია უკრაინას დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტით და პროგრამა „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების ნუსხის“ (PURL) ფარგლებში სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეჩერებითაც კი დაემუქრა. ეს ის მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც უკრაინა ამჟამად, მაგალითად, Patriot-ის სისტემებისთვის გზაგადამჭრელ რაკეტებს ყიდულობს. რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს რომელიმე ამ ნაბიჯს, თუ ის განხორციელდა? და შეიძლება თუ არა, რომელიმე მათგანის შესახებ გადაწყვეტილებას სამართლებრივი შედეგებიც მოჰყვეს?

ფარკასი: ვფიქრობ, ეს უდიდეს ზიანს გამოიწვევდა. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თითქმის ყველა მსგავსი მძიმე დარტყმის შემდეგ უკრაინელები გამოსავლის პოვნას ახერხებდნენ. ამიტომ, უკრაინელები სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ამის მიუხედავად, ეს დახმარება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, რუსები ახლა რეაქტიული ძრავებით აღჭურვილ დრონებს იყენებენ. ალბათ, ეს დრონები ჩინეთის დახმარებით აქვთ. ამასთან, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე უფრო ზუსტი დამიზნების შესაძლებლობაც მიიღონ. როგორც მეუბნებიან, Starlink-ზე წვდომა თუ ექნებათ, ეს უკრაინისთვის უზარმაზარი პრობლემა იქნება და, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვისაც. რუსეთს ასეთი შესაძლებლობები უბრალოდ არ უნდა მივცეთ. თუმცა ვფიქრობ, ამას წინააღმდეგობა მოჰყვება. ამ წინააღმდეგობას უკვე ვხედავთ და შუალედური არჩევნების შემდეგაც აუცილებლად ვნახავთ. კონგრესი ამას არ შეეგუება. არც ამერიკელი ხალხი შეეგუება.

ქეითსი: გუშინ, პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება გამოაცხადა და თქვა, რომ მას ორივე მხარე დათანხმდა. უკრაინამ განაცხადა, რომ ამის შესახებ პირველად გაიგო. მოსკოვს არაფერი უთქვამს, თუმცა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააგრძელა. მათ შორის, წუხელ, ხარკივში თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში. უკრაინამ კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ცალმხრივად დათანხმდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას და აკვირდება, რას მოიმოქმედებს რუსეთი. მაგრამ, ადმინისტრაციის მუქარის გათვალისწინებით, რეალურად რა არჩევანი აქვს ახლა კიევს?

ფარკასი: ვფიქრობ, კიევმა ის უნდა გააკეთოს, რაც რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება.

პრეზიდენტი ზელენსკი სწორად იქცევა, როცა ამ შესაძლებლობას იყენებს. მას ნამდვილად სურს ცეცხლის რეალური შეწყვეტა. სინამდვილეში, ომის დასრულება უნდა, მაგრამ ცეცხლის რეალურ შეწყვეტასაც დათანხმდებოდა. თუმცა ვხედავთ, რომ რუსეთი, როგორ ვთქვა, აშშ-ის პრეზიდენტს აშკარად დასცინის. ყოველ ჯერზე, როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ცეცხლი შეწყვეტილია, რუსეთი ფაქტობრივად პასუხობს: არა, არ არის შეწყვეტილი. თითქოს პრეზიდენტ ტრამპის და, სიმართლე გითხრათ, ამერიკის დამცირებას ცდილობენ.

საბოლოო ჯამში, თუ რუსეთს გამარჯვების საშუალებას მივცემთ, ეს ამერიკის მარცხი იქნება. ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა გაიგოს, რადგან რუსეთი არ გაჩერდება. ისინი ნატოს გაანადგურებენ, შემდეგ კი შეერთებულ შტატებს მოადგებიან. ეჭვი არ შეგეპაროთ, რუსებს ამერიკა არ მოსწონთ. მათ ამერიკასთან მეგობრობა არ უნდათ. ამერიკის დასუსტება სურთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის თეთრ სახლში. ეს ფუნდამენტური გეოპოლიტიკური რეალობაა, რომელიც კრემლის ამჟამინდელი იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარეობს.

ქეითსი: ეველინ, ახლა ვარშავაში ხართ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, რომელიც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას ეძღვნება. გვითხარით, როგორი განწყობაა იქ?

ფარკასი: ვფიქრობ, ხალხს პრეზიდენტ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა განცხადებაზე ისეთივე რეაქცია აქვს, როგორიც მე მქონდა. აქ მყოფმა მოკავშირეებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ პუტინის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის მიმართ კი უარყოფითადაა განწყობილი. მაგრამ, ახლა ამას განსაკუთრებით მკაფიოდ აჩვენებს და თან ისე, რომ შესაძლოა, სანქციებსა და რუსეთის მიმართ ევროპის საერთო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს.

რუსეთი იზოლაციაში უნდა დავტოვოთ, რადგან მისი დამარცხება აუცილებელია. ეს ახლო აღმოსავლეთსაც უკავშირდება: რუსეთი ირანს უჭერს მხარს, ჩინეთი კი ორივე ქვეყანას, და ეს ქვეყნები ამერიკელებს ხოცავენ. უფრო ზუსტად, ამერიკელებს ირანი ხოცავს, ისევ და ისევ, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით. ამიტომ თავის მოჩვენება, თითქოს ეს არ ხდება, ასევე დიდი გულუბრყვილობაა. ვფიქრობ, ევროპელები ამით საგონებელში არიან ჩაცვენილი და შეშფოთებულიც არიან, რადგან ეს აჩვენებს, რომ აშშ-ის მთავრობას ვითარება სტრატეგიულად სათანადოდ არ აქვს გააზრებული.

ქეითსი: როგორც ჩანს, ამაზე უკვე ბოლო 20 თვეა ვსაუბრობთ. კვლავ განიხილავენ ევროპელები შესაძლებლობას, რომ შეერთებულ შტატებს უფრო ნაკლებად დაეყრდნონ, ვიდრე წარსულში? და აქვთ თუ არა გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ საბოლოოდ ამის საჭიროება დადგება?

ფარკასი: ისინი გეგმების შემუშავებას აჩქარებენ. რეგიონული გეგმები აქვთ. მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი — ზუსტად აღარ მახსოვს, რამდენი ქვეყანაა, შვიდი ან რვა — ერთობლივად მუშაობენ ოპერაციების დაგეგმვაზე და ატარებენ წვრთნებს, რათა თავი დაიცვან მაშინაც კი, თუ შეერთებული შტატები ან ნატოს სხვა წევრებიც კი მათთან ერთად მოქმედებას არ მოისურვებენ.

ნატო მსოფლიოში კოლექტიური უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ალიანსია. ის ერთადერთი ალიანსია, რომელიც ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად სრულფასოვნად ფუნქციონირებს. მართალია, აშშ-ს კორეასთან და იაპონიასთანაც აქვს ალიანსები, მაგრამ ნატო ოპერაციული თვალსაზრისით გაცილებით ძლიერია. მის წევრებს ომში ერთად მოქმედების გამოცდილება აქვთ. ამიტომ ვიცით, რომ ეს ალიანსი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, როცა შეერთებული შტატები და ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება.

მაგრამ, ევროპელები გულუბრყვილოები არ არიან: გეგმების შემუშავებას აგრძელებენ და, რა თქმა უნდა, შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფაზეც მუშაობენ. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა, თუმცა მის მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობენ. სიმართლე გითხრათ, შეშფოთებას ნაწილობრივ ისიც იწვევს, რომ ეს ზეწოლა უკრაინაზე ხორციელდება. უკრაინას რამე რომ დაემართოს, როგორც უკვე ვთქვი, შემდეგი ისინი იქნებიან.

ქეითსი: დღეს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ნატოს გამარჯვების კონცეფცია წარმოადგინა. როგორ აფასებთ მის ნათქვამს?

ფარკასი: ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი განცხადება იყო. მას ძლიერი გეგმა აქვს. კარგია, რომ საჯაროდ ისაუბრა ამაზე, რადგან, ჩვეულებრივ, ეს ისედაც იგულისხმება. მაგრამ, რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ვგულისხმობ ევროპაში მომხდარ ყველა იმ ტერორისტულ თავდასხმას, რომლებიც ვახსენე, მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალა, საჯაროდ ეთქვა თავისი სათქმელი.

თუმცა საქმე ისაა, რაზეც მანამდე თქვენც მიანიშნეთ: ნატო მზად იქნება და ამან რუსეთი უნდა შეაკავოს, მაგრამ შეკავების კიდევ ერთი კომპონენტი პოლიტიკური ნებაა. ამიტომ, ევროპელებიც საკუთარ გეგმებზე მუშაობას განაგრძობენ, რათა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლონ, თუ ნატოში გადაწყვეტილების მიღება რაიმე მიზეზით შეფერხდა. ეს ნატოს ჩვეულებრივი დოქტრინითაც გათვალისწინებულია. ყოველთვის არსებობდა გარკვეული შეფერხების შესაძლებლობა, განსაკუთრებით აშშ-ის ძალების ჩართვამდე. თუმცა, ახლა ევროპაში არაფერს ტოვებენ შემთხვევითობის იმედად და მაქსიმალურად სწრაფად მოქმედებენ.

ქეითსი: ეველინ, ბოლოს კიდევ ერთი კითხვა. ტრამპის პრეზიდენტობის ამ 20 თვის განმავლობაში ევროპელმა პარტნიორებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ის თავიანთ მხარეს გადმოებირებინათ. ჩანდა კიდეც, რომ გარკვეული წინსვლა იყო. უკვე ვისაუბრეთ სანქციების კანონზე, რომელსაც გასულ თვეში მოეწერა ხელი. ბოლო სამი დღის მოვლენებს დროებით დაბრკოლებად მიიჩნევთ? თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და აშშ-ის ტრადიციულ დასავლელ მოკავშირეებსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში უკვე ერთგვარი რუბიკონი გადავლახეთ?

ფარკასი: არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს. ეს ის დინამიკაა, რომელიც ადრეც გვინახავს. ვნახეთ ოვალურ კაბინეტში იმ შეხვედრის დროს, რომელიც ახსენეთ. ვნახეთ მაშინაც, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა იანვარში [2025 წელს] თანამდებობა დაიკავა და ტელევიზიით, საჯაროდ, ომში უკრაინის დადანაშაულება დაიწყო. მას ასეთი მომენტები აქვს, როცა, მგონი, ამოწმებს, რისი გაკეთება შერჩება: რამდენად შეძლებს ხალხის დარწმუნებას, თითქოს ამ საკითხზე მისი ხედვა სწორია, მაშინ როცა ასე არ არის. ასეთი მომენტები მეორდება. ეს განმეორებადი დინამიკაა. ვფიქრობ, მოკავშირეებმა ამ ურთიერთობის მართვას კარგად გაართვეს თავი და ასე უნდა გააგრძელონ. შეერთებული შტატები ევროპის, კანადისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოკავშირედ დარჩება, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩინეთის დამარცხებას მხოლოდ ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად შევძლებთ. დამიჯერეთ, არ გვინდა, ჩინეთის კომუნისტური გეგმური ეკონომიკის პირობებში ვიცხოვროთ.

გლენ ქეითსი

გლენ ქეითსი

ასევე ნახეთ

President Donald J. Trump participates in a trilateral signing ceremony with Prime Minister Mette Frederiksen of Denmark and Prime Minister Jans-Frederik Nielsen of Greenland, Tuesday, September 22, 2026, at United Nations Headquarters in New York City. (Official White House Photo by Daniel Torok)
ინტერვიუ

პენტაგონის ყოფილი მრჩეველი: გრენლანდიის შეთანხმება ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა ნატოს ერთიანობა მოსკოვს აშფოთებს

ოქტომბერი 8, 2026
Third Army Corps commander Andrii Biletskyi speaks to Ukrainian President Volodymyr Zelenskyy at a command post. Credit: Office of the president of Ukraine.
რჩეული

ოპერაცია “ვივალდი” — უკრაინის კონტრშეტევა ლიმანის მიმართულებით დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ოქტომბერი 5, 2026
Police forensic investigators collect evidence in a field near the Leipzig/Halle Airport. DPA / Picture Alliance
რჩეული

„ბალტიისპირეთზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არ ვართ“: CIA-ს ვეტერანი რუსეთის ესკალაციაზე

ოქტომბერი 2, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media