• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

ირანიდან უკრაინამდე: რატომ არის PATRIOT-ის რაკეტების დეფიციტი?

ჯიმ ტაუნსენდი, ობამას ადმინისტრაციაში, პენტაგონში ევროპის მიმართულებას კურირებდა. Independence Avenue Media-სთან საუბარში ის განმარტავს: რატომ ვერცერთმა ადმინისტრაციამ ვერ დასახა იარაღის წარმოება პრიორიტეტად; რატომ შეიძლება, პოლიტიკური მიზეზების გამო, ევროპაში აშშ-ის ძალთა განლაგების გადახედვამ ევროპის თავდაცვა შეასუსტოს; და რატომ დახვდებათ უიტკოფსა და კუშნერს გაცილებით ნაკლებად დამყოლი უკრაინა.

გლენ ქეითსიby გლენ ქეითსი
აგვისტო 11, 2026
Jens Büttner/dpa via Reuters Connect

Jens Büttner/dpa via Reuters Connect

A A
Summarize with ChatGPTShare on X

რუსეთი უკრაინის დედაქალაქს, თითქმის ყოველდღიურად, ბალისტიკური რაკეტებით უტევს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ამ დრომდე ვერ შეძლო მოკავშირეთა მობილიზება, რათა უკრაინის ცის დასაცავად ქვეყანას დეფიციტური Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტები მიაწოდონ.

„ახლა ისინი ხედავენ და ამაში მართლები არიან, რომ რაღაც მომენტში რუსეთისგან ძალიან რეალური საფრთხე არსებობს. ამიტომ, მათ შეეძლოთ უკრაინისთვის მეტი Patriot-ის გადაცემა“, ამბობს ჯიმ ტაუნსენდი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „სრული სიმართლეა, რომ ეს რუსეთის შეკავებასაც ეხმარება. მაგრამ მათ არ სურთ, ხელცარიელები დარჩნენ, თუ ორ წელიწადში რამე მოხდა.“

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ივლისის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგი, ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომამდე არსებული 3,100-დან დღეს 800-მდე შემცირდა. ტრამპის ადმინისტრაცია დეფიციტის არსებობას უარყოფს და ამ საკითხზე ინფორმაციის გაჟონვას „ღალატს“ უწოდებს, თუმცა ევროპელი მოკავშირეებისთვის დამატებითი გზაგადამჭრელი რაკეტების გადაცემას მაინც ერიდება. თავის მხრივ, ევროპელი მოკავშირეებიც არ ჩქარობენ უკრაინის დასახმარებლად საკუთარი მცირე მარაგების ამოწურვას.

უკრაინის განცხადებით, ოთხ წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში, Patriot-ის დაახლოებით 600 გზაგადამჭრელი რაკეტა გამოიყენა. მარტში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის პირველ სამ დღეში ამაზე მეტი რაკეტა გამოიყენეს.

ტაუნსენდი Independence Avenue Media-ს ეუბნება, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის პრობლემა უფრო ღრმაა: ეს არის „ათასი ჭრილობით სიკვდილი“, როცა რამდენიმე ადმინისტრაციამ იარაღის წარმოება პრიორიტეტად ვერ აქცია, მაშინ როცა სხვა ომებში მას მცირე რაოდენობით იყენებდა.

„დარწმუნებული ვარ, ლოგისტიკის სპეციალისტებმა და სხვებმა იცოდნენ, რომ საბრძოლო მასალების საწყობების სწრაფად შევსება პრობლემური იქნებოდა. მათ ეს უნდა სცოდნოდათ. მაგრამ, არ მგონია, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბიუჯეტის დამგეგმავებსა და სტრატეგებს ეს პრიორიტეტად მიეჩნიათ“, ამბობს ტაუნსენდი, რომელიც ახლა ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პროგრამის მოწვეული უფროსი მკვლევარია. „როდესაც ირანთან დაპირისპირების დრო მოვიდა, სწორედ ამის გამო მზად არ ვიყავით.“

Independence Avenue Media-სთან ვრცელ ინტერვიუში ტაუნსენდი ასევე საუბრობს იმაზე, როგორ შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში სტრატეგიული მარცხის თავიდან აცილება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვაშინგტონის მიერ ევროპაში ძალთა განლაგების მიმდინარე გადახედვას და რა პერსპექტივა აქვს უკრაინასთან, აშშ-ის ხელმძღვანელობით ახალი მოლაპარაკებების დაწყებას.

ინტერვიუ ჩაწერილია 4 აგვისტოს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

გლენ ქეითსი, Independence Avenue Media: მინდა, ირანის ომით დავიწყო. უკვე ხუთი თვე გავიდა. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე მოძრაობისთვის ღია უნდა იყოს და ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონდეს. ირანი კატეგორიულ უარს ამბობს, სრუტეში გადასახადის დაწესებას მოითხოვს და ასევე აცხადებს, რომ უარს არ იტყვის იმაზე, რასაც სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას უწოდებს. ჩანს რაიმე ნიშანი, რომ რომელიმე მხარე დათმობაზე წავა?

ჯიმ ტაუნსენდი, ევროპისა და ნატოს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე: ერთადერთი ნიშანი, რასაც ამ ყველაფერში ვხედავ, ისაა, რომ შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტრამპისთვის დრო იწურება. თუ ვინმეს სჭირდება ამ პროცესიდან გამოსვლა და მისი უკან მოტოვება, ეს ტრამპია. ამიტომ ვფიქრობ, რამდენიც უნდა ეგონოს საპირისპირო, აქ შედარებით სუსტი პოზიცია სწორედ მას აქვს. მაგრამ ჩვენ აქ ჩვეულებრივ სამხედრო ომში არ ვიმყოფებით. ეს რაღაც სხვაა. მისი ბერკეტები სუსტია, თუ არ გადაწყვეტს სახმელეთო ჯარების შეყვანას და ამის ნამდვილ, დიდ ომად ქცევას, რისი განხილვაც კი არ გვინდა. ასე რომ, სწორედ ტრამპისთვის მიდის უკუთვლა და სწორედ მას აქვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მოტივაცია. ვფიქრობ, ირანელები ამას ხვდებიან და მოცდა აწყობთ.

ქეითსი: The New York Times-მა გასულ კვირას დაწერა, რომ აშშ-ის ბევრი მოკავშირე ფიქრობს, შეერთებული შტატები ირანში სტრატეგიული მარცხისკენ მიდის. ეთანხმებით ამ შეფასებას?

ტაუნსენდი: სტრატეგიული მიზნების თვალსაზრისით ასე ვიტყოდი: თუ ამ ყველაფრიდან ისე გამოვალთ, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობები სრულად განადგურებული და დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნება, რაც ახლა ასე არ არის, და თუ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობას ძველ ნიშნულზე, თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმზე დავაბრუნებთ, მაშინ შედეგად, სულ მცირე, ბირთვული საფრთხე აღარ იარსებებს და სრუტეში მოძრაობაც არ შეფერხდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა გვეთქვა, რომ სტრატეგიული გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან შევძელით ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა, რომლის პირობებშიც, ყველას აზრით, ცხოვრება მოგვიწევდა. მაგრამ, თუ ახლა გამოსვლაზე ვსაუბრობთ, ვერ ვხედავ, რას მოვიგებთ. მეტიც, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ ჰორმუზის სრუტე მთლიანად ირანისა და ომანის ხელში იქნება, ისინი გადასახადს ამოიღებენ და ჩარევა გაგრძელდება. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, სტრატეგიულად ხელცარიელები გამოვალთ.

ქეითსი: მაშინ ასე გკითხავთ: როგორ უნდა გამოვიდეს აშშ ამ ვითარებიდან? თქვენ ახსენეთ, რომ ტრამპს სურს, ეს ყველაფერი შუალედურ არჩევნებამდე დაასრულოს.

ტაუნსენდი: თუ მას შუალედურ არჩევნებამდე ამ ომიდან გამოსვლა სურს, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს. სამწუხაროდ, უნდა დაუბრუნდეს იმ მეტად ხარვეზიან ურთიერთგაგების მემორანდუმს და გამონახოს გზა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან და მემორანდუმიდან ისეთი რამ მიიღოს, რაც გამარჯვებად შეიძლება წარმოაჩინოს. შესაძლოა, ეს იყოს მათ ხელთ არსებული ურანის ბედი; შესაძლოა, მათი ბირთვული შესაძლებლობების მომავალი; შესაძლოა, ირანში [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს] დაბრუნება.

ბირთვულ საკითხებში არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რაღაც JCPOA-ს მსგავსი [ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA), ანუ ირანის შეთანხმების, რომელზეც მოლაპარაკება ობამას ადმინისტრაციის დროს გაიმართა და საიდანაც ტრამპი 2018 წელს გამოვიდა]. შემდეგ კი შეიძლება თქვან: კარგი, სტრატეგიულ მიზანს მივაღწიეთ. ამის შემდეგ ისინი გავლენ, ხოლო სრუტის საკითხი ომანმა და „ყურის ქვეყნებმა“ [სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა] თავად უნდა მოაგვარონ; ისინი ამას ახლაც აკეთებენ. ვფიქრობ, მათ ვაშინგტონზე ხელი ჩაიქნიეს.

დანარჩენი მსოფლიო ამას გამარჯვებად ჩათვლის? მიიჩნევს, რომ შედეგი ამდენ მსხვერპლად და დახარჯულ ფულად ღირდა? ალბათ არა. იტყვიან: იქ შეხვედი, რაღაც გააკეთე და გადაიხადე ფასი, რომელიც გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე უნდა გადაგეხადა, და ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე JCPOA-ს შემთხვევაში. ამას დიდ ტრიუმფად არ შეხედავენ. მაგრამ, თუ მას გამოსვლა და რაიმე სახის გამარჯვების გამოცხადება სურს, გამოსავალი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ეძებოს. თუ ვადაზე, ანუ შუალედურ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს ერთადერთი გზა იქნება. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ქეითსი: ირანის ომის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ აშშ-ში საბრძოლო მასალების წარმოების დიდი ხნის პრობლემები წინა პლანზე გამოვიდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტებია. უკრაინას, რომლის ქალაქებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტები მუდმივად უტევს, ისინი სასწრაფოდ სჭირდება, თუმცა მათი რაოდენობა ახლა რამდენიმე თვის წინანდელზე ნაკლებია. ჩემი პირველი კითხვაა: როგორ მივიდა ვაშინგტონი, ჯერ კიდევ ომამდე, სტრატეგიულად ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის მარაგი ასე სწრაფად შეიძლებოდა ამოწურულიყო?

ტაუნსენდი: ძალიან კარგი კითხვაა. პასუხი უკავშირდება იმას, თუ როგორ წარმოედგინათ პენტაგონსა და სტრატეგებს მომავალი ომი, რომელშიც შეიძლებოდა ჩავრთულიყავით: არა როგორც გამოფიტვის ომი, არა როგორც ომი, სადაც ძალთა რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა და არა როგორც უკრაინა-რუსეთის ომის მსგავსი კონფლიქტი, არამედ როგორც ხანმოკლე და ინტენსიური ბრძოლა. მათი წარმოდგენით, ის უფრო ბაღდადის ოპერაციას ან „უდაბნოს ქარიშხალს“ დაემსგავსებოდა. ვფიქრობ, ათწლეულების განმავლობაში არსებობდა შეხედულება, რომ საბრძოლო მასალის დიდი მარაგები არ გვჭირდებოდა. გამოვიყენებდით „შოკისა და შიშის“ სტრატეგიას. ყველაფერი სწრაფად დასრულდებოდა. ეს იქნებოდა მაღალტექნოლოგიური ომი, სადაც ტექნოლოგიური უპირატესობა მოწინააღმდეგისთვის დიდი ზიანის მიყენების საშუალებას მოგვცემდა.

თანაც, ამგვარი სცენარისთვის შექმნილი ეს რაკეტები ისედაც ძალიან ძვირი იყო. ამიტომ, გამოფიტვის ომისთვის საჭირო უზარმაზარი საომარი მარაგის შექმნა, ჯერ ერთი, ფინანსურად შეუძლებლად მიაჩნდათ და, მეორეც, საჭიროდ არ თვლიდნენ.

სხვადასხვა კონფლიქტიდან, მაგალითად, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლიდან“, გამოიტანეს დასკვნა, რომ არ არსებობდა მოწინააღმდეგე, რომლის სწრაფად დამარცხებასაც ვერ შევძლებდით და, შესაბამისად, დიდი მარაგებიც არ გვჭირდებოდა. ეს მცდარი ვარაუდი აღმოჩნდა. ისტორიამ აჩვენა, რომ ასეთი ვარაუდი, თითქოს ომი შობამდე დასრულდება, ყოველთვის მცდარი იყო. ყოველთვის.

პენტაგონში მუშაობისას მახსოვს საუბრები სტრატეგებთან, რომლებიც ევროპიდან ტექნიკისა და სხვა რესურსების გამოტანას ცდილობდნენ. ეს ობამას ადმინისტრაციის დროს ხდებოდა, როცა მდივნის თანაშემწის მოადგილე ვიყავი. ისინი ფულის დაზოგვას ცდილობდნენ და ევროპიდან გასვლა სურდათ. ეს ყირიმამდე იყო. მეუბნებოდნენ: ნახეთ, იქ ეს ყველაფერი არ გვჭირდება; რაც საჭიროა, აქ, აშშ-ში გვაქვს და ასე შემდეგ. მე კი გამუდმებით ვეუბნებოდი: არც ჩვენ გვაქვს და არც ევროპელებს აქვთ საკმარისი ძალები რუსეთის მასშტაბური შეჭრის გასამკლავებლად. პასუხობდნენ: ასეთი რამ არ მოხდება.

ასე რომ, მათი პოზიცია ვიცოდი. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ის, რასაც დღეს ვხედავთ, მრავალი წლის წინ ორივე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა აამოქმედა. საბოლოოდ, დიდ ომში კი არ აღმოვჩნდით, რომელსაც ჩვენი მთელი საბრძოლო მასალა დასჭირდებოდა, არამედ მცირე დაპირისპირებებში, რომლებიც ყოველთვის უშუალოდ ჩვენი ომებიც არ იყო: მაგალითად, ირანისა და ისრაელის დაპირისპირება, ჰუსიტებთან ბრძოლა, უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემა. ანუ ჩვენი საბრძოლო მასალა აშშ-ის წინააღმდეგ აგრესორთან ომში არ დაგვიხარჯავს. საქმე გვქონდა ომებთან, რომლებშიც ჩართული ვიყავით და რომლებიც ჩვენზეც მოქმედებდა, თუმცა მთავარი მოქმედი მხარე არ ვყოფილვართ. ამან მარაგები ბოლომდე გამოგვაცალა. ეს იყო „ათასი ჭრილობით სიკვდილი“.

ამიტომ, როდესაც საბოლოოდ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომი დავიწყეთ, ხანგრძლივი კონფლიქტისთვის მზად არ ვიყავით. ომი იმით დავიწყეთ, რაც წინა მცირე ომების შემდეგ დაგვრჩა, ხოლო ბოლო წლებში დახარჯული მარაგების სწრაფად ჩანაცვლება ვერ შევძელით. დარწმუნებული ვარ, ლოგისტიკის სპეციალისტებმა და სხვებმა იცოდნენ, რომ საბრძოლო მასალების საწყობების სწრაფად შევსება გართულდებოდა. მათ ეს უნდა სცოდნოდათ. მაგრამ არა მგონია, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ბიუჯეტის დამგეგმავებსა და სტრატეგებს ეს პრიორიტეტად მიეჩნიათ. ფული სხვაგან უნდა წასულიყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ თუ ამ იარაღის გამოყენება ოდესმე დაგვჭირდებოდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა. მაგრამ, მარაგები ნაწილ-ნაწილ დავხარჯეთ და როდესაც ირანთან დაპირისპირების დრო მოვიდა, ამის გამო მზად არ ვიყავით.

ქეითსი: ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც ვართ. პრეზიდენტი ზელენსკი უკვე თვეებია მოკავშირეებსა და პარტნიორებს დაჟინებით სთხოვს Patriot-ის დამატებით რაკეტებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უშედეგოდ, მათ შორის აშშ-ისა და ნატოს ერთობლივი პროგრამის, უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ფარგლებშიც. ეს ის შემთხვევაა, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ და იმ მოკავშირეებმაც, რომლებსაც Patriot-ის გარკვეული მარაგი აქვთ, თუმცა არცთუ დიდი, გადაწყვიტეს, რომ ახლა გასაცემად რესურსი უბრალოდ აღარ რჩებათ, თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპაში თავდაცვის ხაზს ინარჩუნებს?

ტაუნსენდი: ვფიქრობ, სწორად აღწერთ. ევროპელებს ტრადიციულად საბრძოლო მასალის დიდი საწყობები არ ჰქონიათ. წარმოიდგინეთ: შედარებით მცირე მოკავშირე ქვეყანა ხართ, მშვიდობიანი 1990-იანი წლები ან 2000-იანების დასაწყისია და ჰორიზონტზე საფრთხე არ ჩანს. როგორ მიხვალთ პარლამენტში და ეტყვით, რომ საბრძოლო მასალის შესაძენად მილიარდები გჭირდებათ? გკითხავენ: რა საფრთხეა? უპასუხებთ: არ ვიცით, მაგრამ შეიძლება დაგვჭირდეს. ამისთვის ფულს არ მოგცემენ. ამიტომ მათი საწყობები თავიდანვე ძალიან მცირე იყო. მოლოდინი კი ასეთი გახლდათ: თუ რამე მოხდებოდა, აშშ შეძლებდა მათ მომარაგებას, როგორც წარსულში, მაგალითად, ლიბიის ოპერაციის დროს გავაკეთეთ. შემდეგ ჩვენი მარაგების უკრაინისთვის გადაცემა და ჰუსიტების წინააღმდეგ გამოყენება დავიწყეთ და ასე შემდეგ.

ახლა კი მათ შევსებას ვეღარ ვუზრუნველყოფთ და ეს პირდაპირაც ვუთხარით. ვთქვით: ჩვენი პრიორიტეტი საკუთარი საწყობების შევსება უნდა იყოს; თქვენ საკუთარ თავს უნდა მიხედოთ. ამას ემატება ისიც, რომ ახლა ისინი მომავალში რუსეთისგან მომდინარე ძალიან რეალურ საფრთხეს ხედავენ და ამაში მართლები არიან. მათ შეუძლიათ უკრაინას მეტი Patriot გადასცენ და, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეს ნამდვილად რუსეთის შეკავებასაც ეხმარება. მაგრამ არ სურთ ხელცარიელები დარჩნენ, იმ შემთხვევისთვის თუ ორ წელიწადში რამე მოხდება. ვიცით, რომ Patriot-ების მიწოდებას დიდი დრო, წლები სჭირდება. ამიტომ ისინი იმას შეინარჩუნებენ, რაც აქვთ. მათ განაახლეს SAMP/T, Patriot-ის იტალიურ-ფრანგული ანალოგი. მას ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და უკრაინისთვის მიწოდება დაიწყება, რაც შესაძლოა დანაკლისის შევსებაში დაეხმაროს. მაგრამ, გულწრფელად გითხრათ, ახლო მომავალში ვინმეს არსენალიდან ახალი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

ქეითსი: ევროპის თემას გავყვეთ. პარალელურად, აშშ ევროპაში ძალთა განლაგების გადახედვის პროცესშია და, როგორც ჩანს, ამ პროცესს ომის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი ხელმძღვანელობს. თქვენი აზრით, რა შედეგით დასრულდება ეს გადახედვა?

ტაუნსენდი: არავინ იცის. ეს ექვსთვიანი პროცესი იქნება. თავდაპირველად მას აშშ-ის ევროპული სარდლობა, გენერალ [ალექსუს] გრინკევიჩის ხელმძღვანელობით, ჩაატარებს და ევროპაში აშშ-ის სამხედრო საჭიროებებს შეაფასებს — სამხედრო თვალსაზრისით, რა ძალების ყოფნა მიაჩნია ევროპაში საჭიროდ. ამის საფუძველზე მოამზადებს რეკომენდაციას, რომელიც რუსეთის საფრთხის შეფასებას დაეფუძნება. თეთრი სახლი რასაც უნდა ფიქრობდეს, თუ [აშშ-ის ევროპული სარდლობა] EUCOM იტყვის, რომ ეს რეალური საფრთხეა, სამხედროები მას გეგმებში გაითვალისწინებენ. პირველი პროექტი სამხედრო რეკომენდაცია იქნება. მას [გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის] თავმჯდომარეს წარუდგენენ.

შემდეგ პროცესი პოლიტიკურ ეტაპზე გადავა. თავმჯდომარემ თავად უნდა გადაწყვიტოს: უბრალოდ, სრულად და უცვლელად გადასცეს ეს სამხედრო რეკომენდაცია? შესაძლოა, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანოს იმის მიხედვით, რას ფიქრობენ პენტაგონისა და გაერთიანებული შტაბის დამგეგმავები და სხვა წარმომადგენლები. რაღაც ეტაპზე დოკუმენტი მზად იქნება და მას პენტაგონის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, [თავდაცვის მდივნის ოფისს], OSD Policy-ს გადასცემენ. ელბრიჯ კოლბის მისი ნახვა აუცილებლად მოუნდება, ვიდრე დოკუმენტი [თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან] მივა.

შემდეგ, დარწმუნებული ვარ, გაიმართება რამდენიმე ცხარე შეხვედრა, შესაძლოა მაგიდაზე ხელის ბრახუნითაც. იმედი მაქვს, ასე იქნება; არ მინდა, სამხედროებმა ყველაფერი უბრალოდ უსიტყვოდ მიიღონ. მაგრამ, თუ ელბრიჯი მოვა, დოკუმენტს პოლიტიკურ ინტერპრეტაციას შესძენს და იტყვის: არა, ესა და ეს ძალები წყნარ ოკეანეში გვჭირდება; ან პრეზიდენტს გერმანია არ მოსწონს, ამიტომ ამ ძალებს გერმანიიდან გამოვიყვანთ, იქ არ დავტოვებთ; ვინ იცის, რას იტყვის; ან პოლონეთს მათ მიერ მოთხოვნილ 5,000 [სამხედრო მოსამსახურეს] მივცემთ და ისინი გერმანიიდან გადავლენ. ის დოკუმენტს პოლიტიკურ შინაარსს შესძენს, რის შემდეგაც ეს უკვე პოლიტიკური დოკუმენტი იქნება და მდივანთან მივა. მდივანმა უნდა გადაწყვიტოს, რა წარუდგინოს პრეზიდენტს, რადგან მასაც საკუთარი ხედვა ექნება. როდესაც თავის მოსაზრებებს დაამატებს, როგორიც უნდა იყოს ისინი, დოკუმენტი პრეზიდენტთან წავა, გაიმართება შეხვედრები და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, შემცირებები იქნება და უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამხედრო მიზეზებით.

ქეითსი: როგორც ვხვდები, თქვენ ამბობთ, რომ ძალთა განლაგების ეს ოფიციალური მიმოხილვა გადახედვა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე, გარკვეული თვალსაზრისით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ტაუნსენდი: ვიტყოდი, რომ პოლიტიკურ დონეზე ზოგი გადაწყვეტილება შესაძლოა უკვე მიღებული იყოს, ან პრეზიდენტსა და სხვებს, სულ მცირე, უკვე ჰქონდეთ ხედვა, რისი ნახვა სურთ საბოლოო დოკუმენტში. სწორედ აქ მოუწევს ბრიჯს თქვას: სამხედროები ამას გვირჩევენ; ვიცით, რომ პრეზიდენტი სხვა რამეზე საუბრობდა; სამხედროებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ დოკუმენტში მაინც შევიტანთ, რადგან ეს პრეზიდენტს სურს და ის უმაღლესი მთავარსარდალია.

ქეითსი: უკრაინას დავუბრუნდეთ. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც მოსკოვს არაერთხელ ესტუმრნენ, ამ თვეში პირველად უნდა ჩავიდნენ უკრაინაში. რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს? რას ნიშნავს ის რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ვაშინგტონის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო განახლებისთვის?

ტაუნსენდი: ვფიქრობ, აქაც დროის ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ჩემი აზრით, რესპუბლიკელებსა და განსაკუთრებით კი პირადად ტრამპს აქ გამარჯვება სურთ. მათ სურთ განაცხადონ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა დაამყარეს, როგორიც უნდა იყოს ის. ამიტომ ვფიქრობ, ამ ჯგუფს ახლა განსხვავებული უკრაინა დახვდება იმასთან შედარებით, რაც შარშან ან შარშანწინ ნახეს. მათ წინაშე იქნება უკრაინა, რომელიც კმაყოფილია როგორც საკუთარი დღევანდელი მდგომარეობით, ისე იმით, რის გაკეთებაც შეძლო. უკრაინელები ევროპული მხარდაჭერითაც კმაყოფილი იქნებიან და რუსეთისთვის რაიმეს დათმობის მოთხოვნით განხორციელებულ ზეწოლას ნაკლებად დაემორჩილებიან, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს არიან, განსაკუთრებით ყირიმთან მიმართებით, რომელიც მომარაგებისგან პრაქტიკულად მოწყვიტეს, და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო.

ისინი ნახავენ პუტინსაც, რომელიც ძალიან მტკივნეულად აღიქვამს აზრს, რომ მისი საქმეები ძველებურად კარგად აღარ მიდის, მძიმე დანაკარგებს განიცდის და რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს დიდი ზიანი მიაყენა. ამიტომ ის აღმოჩნდება მდგომარეობაში, სადაც მარცხის აღიარება არ მოუნდება. შესაძლოა, გამარჯვებას ხელმისაწვდომად აღარ ხედავდეს, შესაძლოა ხედავდეს კიდეც, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის ისე დაუმარცხებლად აღარ გამოიყურება, როგორც, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვითარება განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის თავდაპირველი მიზანი ზელენსკიზე ზეწოლა იყო, რათა მას დონბასში ტერიტორიები დაეთმო, რაც პუტინს საშუალებას მისცემდა ეთქვა, გამარჯვება მოვიპოვეო, და კონფლიქტიდან გამოსულიყო, თუ ეს პუტინისთვის გამარჯვების გამოსაცხადებლად საკმარისი იქნებოდა. ირანს ჰგავს, არა? მაგრამ ვფიქრობ, ახლა ასეთი ტაქტიკა აღარ იმუშავებს. გამორიცხულია, ზელენსკი დაჯდეს და რამე დათმოს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ აფასებს საკუთარ შესაძლებლობას, ბრძოლის ველზე რუსებს გაუმკლავდეს, და რა მიმართულებით ვითარდება უკრაინის დარტყმები.

ამიტომ ვფიქრობ, ტაქტიკა, რომელსაც უიტკოფი და მისი გუნდი ერთი ან ორი წლის წინ გამოიყენებდნენ, ეფექტიანი აღარ იქნება. ამიტომ ამ ვიზიტისგან დიდ შედეგს არ ველი, თუ პუტინი მართლაც ისეთ ზეწოლას არ განიცდის, რომ გამოსავალს ეძებს. ჯერ ვერაფერი დამაჯერებელი ვნახე, რაც მიანიშნებდა, რომ ის ამ ეტაპზეა.

ქეითსი: წინა მოლაპარაკებების დროს, უიტკოფსა და კუშნერს, ორივეს ადანაშაულებდნენ, რომ ზელენსკიზე უფრო მეტად ახდენდნენ ზეწოლას, ვიდრე მეორე მხარეზე. შეუძლია აშშ-ს მეტის გაკეთება? და თქვენი აზრით, ტრამპმა ახლა რამდენადმე შეცვალა კურსი და მზად არის, რუსეთზე მეტი ზეწოლა მოახდინოს?

ტაუნსენდი: ამაზე დიდი კამათია და დარწმუნებული არ ვარ, თავად ტრამპმაც კი იცოდეს პასუხი. მაგრამ ვიცით, რომ კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ მართლაც მკაცრი სანქციების პაკეტს ამზადებს. თავისთავად ეს დაანახვებს პუტინს, რომ მისი მეგობარი თეთრ სახლში შესაძლოა ისე აღარ დაეხმაროს თავად პუტინს ზელენსკის დათანხმებაში, როგორც ერთი ან ორი წლის წინ დაეხმარებოდა? თუ პრეზიდენტი ამ კანონმდებლობას ხელს მოაწერს, ეს პუტინისთვის ნამდვილად მკაფიო გზავნილი იქნება. არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება, რომ ამ სანქციებით გამოწვეული ტკივილი პუტინმა იგრძნოს, მაგრამ ეს კიდევ ერთ პრობლემად დაემატება მის წინაშე არსებულ სირთულეებს.

ამასთან, აშკარაა, რომ ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ზელენსკიმ და მისმა ხალხმა დრონებითა და ბრძოლის ველზე შეძლეს. როგორც ვიცით, ტრამპს გამარჯვებული მოსწონს. მას არ სურს დამარცხებულთან ასოცირდებოდეს. ამიტომ, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს თავად ტრამპი ამ საკითხს. მან, ასე ვთქვათ, Patriot-ების შეთანხმებაზე უარი თქვა. ვფიქრობ, 400 მილიონი დოლარის დახმარებაც შეაჩერა. ასე რომ, ის კვლავ ხელის შემშლელ როლშია. სრულიად შესაძლებელია, Patriot-ების შეთანხმება პუტინის სატელეფონო ზარმა შეაჩერა; არ ვიცი. ახლა ტრამპი ორივე მხარეს თამაშობს. ეს ისე ადვილი აღარ არის, როგორც მაშინ, როცა ამბობდა: ყველაფერი ზელენსკის ბრალია; თეთრ სახლში დავამცირებ; მერე ალასკაზე წავალთ და რუსეთთან ხელსაყრელ შეთანხმებას დავდებთ; რუსეთს საქმეში ვაბრუნებთ. ის დრო დასრულდა. ახლა უფრო რთული იქნება. ტრამპს გამარჯვებულის მხარეს სურს აღმოჩნდეს, ამიტომ ორივე მხარეს თამაშობს.

გლენ ქეითსი

გლენ ქეითსი

ჟურნალისტისა და რედაქტორის 15 წელზე მეტი ხნის კარიერის განმავლობაში, გლენი ხელმძღვანელობდა მრავალენოვან, მულტიპლატფორმულ სარედაქციო გუნდებს აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია The New York Times-ში, The Guardian-ში, The Atlantic-სა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში.

ასევე ნახეთ

Jens Büttner/dpa via Reuters Connect
ინტერვიუ

ირანიდან უკრაინამდე: რატომ არის PATRIOT-ის რაკეტების დეფიციტი?

by გლენ ქეითსი
0
2008 Russia-Georgia War
ანალიზი

რუსეთის ომი საქართველოში: რას იხსენებენ და სად ხედავენ შეცდომებს ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები?

by ქართლოს შარაშენიძე
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2026 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media