• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რღვევის სარტყელი > რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ მუქარას აძლიერებს

რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ მუქარას აძლიერებს

ბრაიან უიტმორი საავტოტო სვეტში „რღვევის სარტყელი“ წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის საბაბები თავად შეთხზა; ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის სამი სხვადასხვა საბაბი მზადდება.

ბრაიან უიტმორიავტორი ბრაიან უიტმორი
ოქტომბერი 2, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
REUTERS

REUTERS

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე
“რღვევის სარტყელი” ბრაიან უიტმორის ყოველკვირეული საავტორო სვეტია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ცვალებად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ დინამიკას მიმოიხილავს. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა Independence Avenue Media-ს პოზიციას არ ასახავდეს.

რუსული სახელმწიფო მედია გვაფრთხილებს, რომ ახალი ომი მოდის, ამჯერად ლიეტუვის წინააღმდეგ. კრემლის ავტოკრატი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს არღვევენ და საპასუხო ზომებით იმუქრება. ამასთან, მოსკოვმა ნატოს ღია მუქარა გაუგზავნა: ალიანსის მიერ რუსეთის დასავლეთ ექსკლავის,  კალინინგრადის იზოლირების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ძლიერდებოდა ვარაუდები, რომ პუტინის რეჟიმი ევროპაში სიტუაციის რაღაც ფორმით ესკალაციას გეგმავს, ბალტიისპირეთის ფრონტზე ვითარება აშკარად იძაბება.

ამის პირველი ნიშანი 25 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“ (RIA Novosti) გამოაქვეყნა პროვოკაციული სტატია სათაურით: „რუსეთს კიდევ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ელის. ის ძალიან ხანმოკლე იქნება“. სტატია სააგენტოს ვებგვერდიდან მალევე აიღეს, თუმცა მანამდე სხვა მედიასაშუალებებმა მისი შინაარსის გავრცელება უკვე მოასწრეს. თავდაპირველი ტექსტი კი სრულად არის შემონახული ვებ-არქივში.

და უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც გამორჩეული მასალაა.

სტატიის ავტორი, ალექსანდრ ნოსოვიჩი, კრემლთან დაკავშირებული „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ წევრია და ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ გავლენის ოპერაციებთან იყო დაკავშირებული.

ვილნიუსის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საპასუხოდ — რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე არსებული კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას ისახავს მიზნად — ნოსოვიჩი ლიეტუვას მოიხსენიებს, როგორც „სუიციდურ, სრულიად უტვინო ქვეყანას“ და „პატარა, მაგრამ ამაყ კამიკაძეს, რუსეთის ახლო სამეზობლოში“. ის ასევე ადანაშაულებს ვილნიუსს იმაში, რომ ის „ახალი კარიბის კრიზისის“ (Cuban Missile Crisis) ფარგლებში „ახალი კუბის“ როლს თამაშობს. ის ასკვნის, რომ რუსეთის ომი ლიეტუვის წინააღმდეგ სწრაფად დასრულდებოდა, რადგან „ბალტიისპირეთში სამხედრო კონფლიქტი, უბრალოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ვერ იქნება ისეთივე, როგორიც უკრაინაშია“. შემდეგ კი ის ბირთვულ კოზირს ათამაშებს და წერს: „ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგეები პირველები ახსენებენ ბირთვულ საფრთხეს, რუსეთს შეუძლია, სახმელეთო ძალების განლაგებაზეც კი უარი თქვას. მხოლოდ რაკეტები შესაბამისი ქობინებით. ეს გამოსავალი არა უბრალოდ სწრაფი, არამედ ელვისებურია“.

22 სექტემბერს ლიეტუვის პარლამენტმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც  ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზე აკრძალვა გაუქმდება. ეს ნაბიჯი, რომლის ძალაში შესასვლელად კიდევ ორი კენჭისყრაა საჭირო, როგორც ჩანს, საფრანგეთის ბირთვულ დოქტრინაში შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა ინიციატივა, რომ საფრანგეთის „ბირთვული ქოლგა“ გავრცელდეს ევროპის სხვა ქვეყნებზეც, რომლებიც თანახმა იქნებიან, საკუთარ ტერიტორიაზე  საფრანგეთის ბირთვული იარაღის მატარებელი სტრატეგიული თვითმფრინავები განათავსონ.

ნოსოვიჩის სტატია რამდენიმე საათში წაშალეს და ამით ყველაფერი დასრულდებოდა, ეს იქნებოდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული კიდევ ერთი აბსურდული სტატია, რომ არა ის, რაც შემდეგ მოხდა.

იმავე დღეს, როდესაც ნოსოვიჩის ეს ტექსტი გამოქვეყნდა, პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი „ევროპის წინააღმდეგ არანაირი სამხედრო მოქმედებისთვის არ ემზადება“. თუმცა, მან დასძინა: „ჩვენ ვიცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, ამას როგორ ვუპასუხოთ, და ამასთან დაკავშირებით გარკვეული მიდგომაც შევიმუშავეთ“. მან ასევე აღნიშნა, რითაც ნამდვილად ვერავინ დაამშვიდა, რომ მოსკოვი „რეაგირებს ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“. პუტინს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით დეტალები არ დაუკონკრეტებია.

როგორც ჟურნალისტი სევინჯ ოსმანგიზი Kyiv Post-ში წერს: „კრემლი დიდი ხანია იყენებს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის თემას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ თავის პოლიტიკურ რიტორიკაში, რათა  მტრული ქმედებებისთვის ნიადაგი შეამზადოს “.

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის.

29 სექტემბერს რუსეთმა ნატოს მკაცრი წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა: მოსკოვი მზადაა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ალიანსი შეეცდება, იზოლაციაში მოაქციოს კალინინგრადი, რუსეთის დასავლეთ ექსკლავი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებით, ლიეტუვითა და პოლონეთითაა გარშემორტყმული. ეს გაფრთხილება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიგზავნა და ასევე გამოქვეყნდა ევროპაში რუსეთის სხვადასხვა საელჩოს ვებგვერდებზე.

„რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღიც, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატოს წევრი ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებას შეეცდებიან“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირლანდიაში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა.

ნატოს კალინინგრადის მიმართულებით ბოლო პერიოდში არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, თუმცა ალიანსის ზოგიერთმა სამხედრო ოფიცერმა და თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრს თავს დაესხმება, კალინინგრადში განლაგებული სამხედრო ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია. კალინინგრადში მდებარეობს რუსეთის მთავარი სამხედრო საზღვაო ბაზა ბალტიის ზღვაში; იქ განლაგებულია ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტები „ისკანდერი“ და ეს არის პლაცდარმი, რომლის გამოყენებაც მოსკოვს ევროპის სიღრმეში დარტყმებისთვის შეუძლია.

თუმცა, ვინაიდან ეს ტერიტორია ნატოს წევრი სახელმწიფოებითაა გარშემორტყმული, ხმელეთზე პოლონეთითა და ლიეტუვით, ხოლო ბალტიის ზღვის გაღმა შვედეთითა და დანიით, ის მოწყვლად მდგომარეობაშია და ომის შემთხვევაში მისი გამაგრება რთული იქნება.

ამრიგად, რუსეთის შესაძლო აგრესიისთვის, როგორც ჩანს, სამი საბაბი არსებობს: ლიეტუვის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული აკრძალვის მოხსნა; ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის გამოგონილი ფაქტები და კალინინგრადის მიმართ ნატოს პოზიცია.

თუმცა საქმე ისაა, რომ კალინინგრადის იზოლაციაზე არავინ ისაუბრებდა, რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და დივერსიების მიმდინარე კამპანიით ევროპისთვის საფრთხე არ შეექმნა. სულ ახლახან, ამ კვირაში, ესტონეთმა ოფიციალურად დასდო ბრალი რუსეთს ტალინში მდებარე თავდაცვითი საწარმოს, Milrem Robotics-ის წინააღმდეგ, აგვისტოში განხორციელებულ ცეცხლის წაკიდების ფაქტში.

ბალტიისპირეთის არცერთი სახელმწიფო არ განიხილავდა საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობას, რომ არ ხედავდეს რეალურ საფრთხეს ბირთვული არსენალის მქონე რუსეთისგან, რომელიც მუდმივად ცდილობს საკუთარი რაკეტების დემონსტრირებას.

რაც შეეხება ბალტიისპირეთში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებს — ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია.

ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის წარსულ გამოცდილებას, როდესაც ის მსგავს კრიზისებს ომის დაწყების საბაბად იყენებდა, ისინი სახიფათოცაა.

ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი Atlantic Council-ის ევრაზიის ცენტრის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი, ტეხასის უნივერსიტეტის არლინგტონის კამპუსის პრაქტიკის ასისტენტ-პროფესორი და The Power Vertical Podcast-ის წამყვანია.

ასევე ნახეთ

Волкер
ინტერვიუ

ვოლკერი: ტრამპის ადმინისტრაციამ მოსკოვს საშუალება მისცა, მოლაპარაკებებში აქცენტი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე გადაეტანა

ნოემბერი 20, 2026
дрон
ინტერვიუ

რუსეთისა და უკრაინის დრონებთან დაკავშირებული ყოველი შეკვეთა ჩინეთს აჩვენებს, როგორ იცვლება ომი

ნოემბერი 12, 2026
Senator-elect James Talarico speaks after his victory in the U.S. midterm elections.  REUTERS/Mike Segar
რჩეული

შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს

ნოემბერი 4, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media