• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > რღვევის სარტყელი > პუტინის რესოვიეტიზაციის ეპიკური მარცხი

პუტინის რესოვიეტიზაციის ეპიკური მარცხი

ვლადიმირ პუტინმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებსაც ყოფილი საბჭოთა სივრცე კვლავ ერთ მთლიანობად უნდა ექცია. ათი წლის შემდეგ ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ბელარუსი დიქტატორი სომხეთს ევედრება, კავშირი არ დატოვოს — წერს ბრაიან უიტმორი.

ბრაიან უიტმორიავტორი ბრაიან უიტმორი
ოქტომბერი 9, 2026
ენის შეცვლა:
English
Meeting with heads of delegations participating in Eurasian Intergovernmental Council in Minsk.

Meeting with heads of delegations participating in Eurasian Intergovernmental Council in Minsk.

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე
“რღვევის სარტყელი” ბრაიან უიტმორის ყოველკვირეული რუბრიკაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ცვალებად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ დინამიკას მიმოიხილავს. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა Independence Avenue Media-ს პოზიციას არ ასახავდეს.

ალექსანდრ ლუკაშენკომ საბჭოთა წარსულზე ნოსტალგიური ტონით ისაუბრა და დაიკვეხნა, რომ ბელარუსში კვლავ არის ბოლშევიკთა ლიდერის, ვლადიმირ ლენინის სახელობის მოედნები და საიდუმლო პოლიციის დამფუძნებლის, ფელიქს ძერჟინსკის სახელობის პარკები.

ბელარუსმა ავტოკრატმა ასევე გააფრთხილა სომხეთი, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხარჯზე, ევროკავშირთან დაახლოება არ სცადოს. „სომხეთმა არ უნდა იჩქაროს იმის გადაგდება, რაც დღეს სარგებელს აძლევს. ამ საერთო ბაზრიდან გასვლის საჭიროება არ არსებობს“, განაცხადა ლუკაშენკომ გასულ კვირას, მინსკში, ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ლუკაშენკოს ნათქვამი სახელმწიფო ტელეკომპანია „ვესტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაიმეორა.

ამ ყველაფერს სასოწარკვეთილების სუნი ასდიოდა.

სინამდვილეში, თუ ბელარუსის დედაქალაქში გასულ კვირას გამართული ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს შეხვედრა რაიმეს მიანიშნებს, ისაა, რომ ვლადიმირ პუტინის ოცნება ყოფილი საბჭოთა სივრცის დამორჩილების, ინტეგრირებისა და მისი ევროკავშირისა და ნატოს საპირწონედ ქცევის შესახებ სულს ღაფავს.

კრემლის ლიდერის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირი იყო, რომელიც 2015 წელს  რუსეთმა დიდი ზარ-ზეიმით დაარსა, იმ იმედით, რომ ის ევროკავშირის კონკურენტი გახდებოდა. რუსეთის გარდა, კავშირის სხვა წევრები სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი იყვნენ.

ენერგორესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა თავიდანვე ნათლად თქვა, რომ წევრობა არ აინტერესებდა. ლუკაშენკოსა და ოვერჩუკის განცხადებებიც მიანიშნებს, რომ ორგანიზაციისადმი სომხეთის დღევანდელი ერთგულება, საუკეთესო შემთხვევაში, სუსტია. მაისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ორგანიზაციის დატოვებას „ამ დროისთვის“ არ გეგმავდა.

მაგრამ, ხშირად ავიწყდებათ, რომ პუტინის თავდაპირველი გრანდიოზული გეგმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არა მხოლოდ აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ, რაც დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებით გასაოცარია, უკრაინაც უნდა გაწევრიანებულიყო.

სინამდვილეში, 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში, რუსეთი კიევზე ზეწოლას ახდენდა, რათა უკრაინას მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინამორბედში, გაწევრიანება აერჩია და არა ევროკავშირთან დაახლოება, რასაც უკრაინელთა უმრავლესობა ემხრობოდა. სწორედ ეს გახდა რუსეთის თავდაპირველი სამხედრო ჩარევის უშუალო მიზეზი.

2013 წლის ნოემბერში კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად ემზადებოდა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესაც მოიცავდა. მაგრამ, პუტინმა უკრაინის პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ზეწოლა მოახდინა, რათა მას შეთანხმებაზე უარი ეთქვა და სანაცვლოდ მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეერთებოდა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ არც არსებობდა.

როდესაც იანუკოვიჩი პუტინის მოთხოვნებს დაჰყვა, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, იანუკოვიჩმა, პუტინის წაქეზებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალა გამოიყენა, რის შემდეგაც პროტესტი კიდევ უფრო გაიზარდა და „ღირსების რევოლუციად“ იქცა. შედეგად, იანუკოვიჩს ხელისუფლების დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუხდა.

დანარჩენი, რა თქმა უნდა, ისტორიაა. კიევში მოკავშირის დაკარგვას პუტინმა ყირიმის ანექსიითა და 2014 წლის დასაწყისში დონბასში შეიარაღებული ინტერვენციის დაწყებით უპასუხა, ხოლო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, პუტინისთვის უკრაინის ეკონომიკური კონტროლის ინსტრუმენტი იყო. როცა ამ გეგმამ ვერ გაამართლა, მან პირდაპირ სამხედრო ძალას მიმართა.

გასულმა ათწლეულმა დაგვანახა, რომ მოსკოვის მიერ დომინირებული ინსტიტუტების მეშვეობით პოსტსაბჭოთა სივრცის ხელახალი გასაბჭოების პუტინის მცდელობები მარცხდება.

როგორც Chatham House-ის კატარინა ვოლჩუკი წერს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი „ევროკავშირის ევრაზიული ვერსია არ არის“; მას „არ მართავენ ძლიერი საერთო ინსტიტუტები, რომლებსაც საერთო წესების სისტემის შემუშავება და აღსრულება შეუძლიათ“. მისივე თქმით, წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში „რუსეთი რეგიონული ვაჭრობის ლიბერალიზაციასაც ვერ უზრუნველყოფს“. ვოლჩუკი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის საერთო ვაჭრობის 80%-ზე მეტი გარე პარტნიორებთან ხორციელდება და არა წევრ სახელმწიფოებს შორის. ევროკავშირში კი გარე პარტნიორებზე ვაჭრობის მხოლოდ ერთი მესამედი მოდის.

ამის ნაცვლად, მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სხვა არაფერია, თუ არა „ინსტრუმენტი, რომლითაც რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში დაკარგული ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ მცირე სახელმწიფოებთან ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუწყოს ხელი“.

მაგრამ, ამ საზომითაც კი, კავშირი მიზანს ვერ აღწევს. საქმე მხოლოდ უკრაინასა და სომხეთს არ ეხება. ორგანიზაციისადმი ყაზახეთის ინტერესიც თავიდანვე სუსტი იყო.

პუტინის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ყოფილი საბჭოთა სივრცის ინტეგრაციას ისახავდა მიზნად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაა (კუხო). ის 2002 წელს შეიქმნა და მიზნად ნატოს კონკურენტად ქცევა ჰქონდა დასახული, თუმცა ეს პროექტიც ჩავარდა. რუსეთის გარდა, ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მაგრამ, ორგანიზაციამ 2020 და 2023 წლებში აზერბაიჯანთან კონფლიქტების დროს სომხეთს დახმარება ვერ გაუწია, რის გამოც ერევანმა წევრობა შეაჩერა.

კუხომ საკუთარ ორ წევრს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, შორის შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებაც კი ვერ შეძლო. ამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო კონფლიქტი 2021 წლის აპრილში მაშინ მოხდა, როცა ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, რაოდენ ირონიულიც უნდა იყოს, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში კუხოს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდნენ.

არც ისე დიდი ხნის წინ პუტინის რეჟიმს გრანდიოზული ოცნება ჰქონდა: ყოფილი საბჭოთა სივრცე ძლიერი ინსტიტუტების მეშვეობით ხელახლა გაესაბჭოებინა და ამ ინსტიტუტებით ევროკავშირსა და ნატოს დაპირისპირებოდა. დღეს ეს ოცნება იქამდეა დაყვანილი, რომ ბელარუსი დიქტატორი დაუსრულებლად ლაპარაკობს ლენინის მოედანსა და ძერჟინსკის პარკზე და თითქმის ევედრება სომხეთს, ორგანიზაცია არ დატოვოს.

ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი

ასევე ნახეთ

Third Army Corps commander Andrii Biletskyi speaks to Ukrainian President Volodymyr Zelenskyy at a command post. Credit: Office of the president of Ukraine.
რჩეული

ოპერაცია “ვივალდი” — უკრაინის კონტრშეტევა ლიმანის მიმართულებით დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ოქტომბერი 5, 2026
Police forensic investigators collect evidence in a field near the Leipzig/Halle Airport. DPA / Picture Alliance
რჩეული

„ბალტიისპირეთზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არ ვართ“: CIA-ს ვეტერანი რუსეთის ესკალაციაზე

ოქტომბერი 2, 2026
OLEKSANDR KLYMENKO via Reuters Connect
რჩეული

უკრაინამ არმიისთვის „ამაზონი“ შექმნა. ბრიგადები მტრის განადგურებისთვის ქულებს იღებენ

ოქტომბერი 2, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media