• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > ინტერვიუ > პენტაგონის ყოფილი მრჩეველი: გრენლანდიის შეთანხმება ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა ნატოს ერთიანობა მოსკოვს აშფოთებს

პენტაგონის ყოფილი მრჩეველი: გრენლანდიის შეთანხმება ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა ნატოს ერთიანობა მოსკოვს აშფოთებს

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, იმრან ბაიუმი ამბობს, რომ შეთანხმება „გარდამტეხი ან ახალი“ არ არის, თუმცა შესაძლოა ნატოს დაეხმაროს, დაძლიოს გრენლანდიის ანექსიის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადრინდელი მუქარებით გამოწვეული კრიზისი. ბაიუმის თქმით, ამ მუქარებმა ალიანსში დაძაბულობა შექმნა, რაც მოსკოვს აძლევდა ხელს.

ქართლოს შარაშენიძეავტორი ქართლოს შარაშენიძე
ოქტომბერი 8, 2026
ენის შეცვლა:
English Русский
President Donald J. Trump participates in a trilateral signing ceremony with Prime Minister Mette Frederiksen of Denmark and Prime Minister Jans-Frederik Nielsen of Greenland, Tuesday, September 22, 2026, at United Nations Headquarters in New York City. (Official White House Photo by Daniel Torok)

President Donald J. Trump participates in a trilateral signing ceremony with Prime Minister Mette Frederiksen of Denmark and Prime Minister Jans-Frederik Nielsen of Greenland, Tuesday, September 22, 2026, at United Nations Headquarters in New York City. (Official White House Photo by Daniel Torok)

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება, ვაშინგტონს გრენლანდიაში „უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებაზე მუდმივ კონტროლს“ აძლევს. თუმცა, პენტაგონის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ შეთანხმების პრაქტიკული სამხედრო შედეგები შესაძლოა შეზღუდული იყოს.

„არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიცვლება იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც შეერთებულ შტატებს 1951 წლის მოქმედი შეთანხმებით ისედაც ჰქონდა“, ამბობს იმრან ბაიუმი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, რომელიც ამჟამად ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიისა და უსაფრთხოების სკოუკროფტის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

შეთანხმება, რომელსაც ხელი 22 სექტემბერს მოეწერა, შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს, გააფართოოს პიტუფიკის კოსმოსური ბაზა, ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში შექმნას თავდაცვითი ზონები და მხარეთა თანხმობით დამატებითი ტერიტორიების გამოყოფა მოითხოვოს. შეთანხმება ასევე ზღუდავს უცხოურ გავლენას სენსიტიურ სექტორებში, მხარს უჭერს არქტიკაში ნატოს უფრო ძლიერ როლს და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის.

1951 წლის თავდაცვის შეთანხმება, ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს, მხარეთა თანხმობით თავდაცვითი ზონების შექმნის შესაძლებლობას უკვე ქმნიდა. ის შეერთებულ შტატებს ობიექტების აშენების, პერსონალის განთავსებისა და ამ ზონებს შორის სამხედრო ძალების გადაადგილების ფართო უფლებებს ანიჭებდა.

ბაიუმის თქმით, ახალი დებულებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში უცხოური ინვესტიციების შემოწმების დაგეგმილი მექანიზმი. თუმცა, მისი შეფასებით, ბევრი იმავე მიზნის მიღწევა, მოლაპარაკებების გარშემო შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის გარეშეც შეიძლებოდა.

„ფაქტი, რომ ეს შეთანხმება არც გარდამტეხია და არც ახალი, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დიდი ნაწილის მიღწევა, ალბათ, დიპლომატიითაც შეიძლებოდა, ანექსიის მუქარისა და ამდენი დაძაბულობის გარეშე“, ამბობს ის.

ბაიუმის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთისთვის შეთანხმებამ შესაძლოა დაუყოვნებლივ ბევრი არაფერი შეცვალოს, რადგან შეერთებული შტატები არქტიკაში თავის ყოფნას ისედაც ზრდიდა. მისი შეფასებით, მოსკოვი უფრო მეტად დააკვირდება, მისცემს თუ არა ეს შეთანხმება შეერთებულ შტატებს, გრენლანდიას, დანიასა და ნატოს სხვა წევრებს ურთიერთობების გაჯანსაღების და ერთად წინსვლის შესაძლებლობას.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ალიანსის ასეთი ერთიანობა მოსკოვს აშფოთებს“, ამბობს ბაიუმი. „მას არ სურს, ნატო ერთიანი და ქმედითი იყოს“.

ბაიუმი ასევე ამბობს, რომ ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის მეშვეობით არქტიკაში უფრო ფართო წვდომის მიღებას ცდილობს, თუმცა რეგიონში ამ ორი ქვეყნის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა.

„თუ მთლიანად არქტიკაზე ვსაუბრობთ, ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე არ არის“, ამბობს ის.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 28 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: გრენლანდიის უსაფრთხოების ახალი შეთანხმება — რომელია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებები და რას შეცვლის ის პრაქტიკაში?

იმრან ბაიუმი, ატლანტიკური საბჭოს სტრატეგიისა და უსაფრთხოების სკოუკროფტის ცენტრის დირექტორის მოადგილე: არ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიცვლება იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებიც შეერთებულ შტატებს 1951 წლის მოქმედი შეთანხმებით ისედაც ჰქონდა.

რამდენიმე მთავარი დებულება ასეთია: ტექნიკურად, ამ შეთანხმებას მოქმედების ვადა არ აქვს, მაშინ, როცა წინა შეთანხმება მხოლოდ ნატოს არსებობის დასრულების შემთხვევაში შეწყდებოდა. არ მგონია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს რეალური საზრუნავი ყოფილიყო.

არსებობს მკაფიო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ეს შეთანხმება ძალაში დარჩება, თუ გრენლანდია დამოუკიდებელი გახდება, თუმცა 2004 წლის შესწორების შემდეგ გრენლანდია წინა შეთანხმების ცალკე მხარეც იყო. ამიტომ, ესეც დიდად ახალი არ არის.

მთავარი სიახლე ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიასა და დანიასთან პარტნიორობით შექმნა, ან შექმნის, უცხოური ინვესტიციების შემოწმების ერთგვარ მექანიზმს, რათა მოწინააღმდეგეების, რეალურად კი ჩინეთისა და რუსეთის, ინვესტიციები კრიტიკულ სექტორებში, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების სფეროში, აიკრძალოს. ეს ახალი და მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, ამის მიღწევა ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის ნაწილის გარეშეც შეიძლებოდა.

კიდევ ერთი სიახლეა ვაშინგტონის შესაძლებლობა, როგორც მე მესმის, სამხედრო ყოფნა არაშეიარაღებულ ობიექტებზეც გააფართოოს. ვფიქრობ, ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს „ოქროს გუმბათისთვის“ [დაგეგმილი მრავალშრიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემა], თუმცა აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოება სხვა ბაზების მეშვეობით მანამდეც შეიძლებოდა.

და ბოლოს, ახალი შეთანხმება მოწინააღმდეგეებს გრენლანდიაში სამხედრო ყოფნას ფორმალურად უკრძალავს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ მგონია, ეს ოდესმე რეალური რისკი ყოფილიყო, რადგან დანია და, შესაბამისად, გრენლანდიაც ნატოს ნაწილია. ისინი თავიდანვე არ აპირებდნენ თავიანთ ტერიტორიაზე ჩინური ან რუსული ბაზის გახსნას.

შარაშენიძე: თქვენ ახსენეთ 1951 წლის თავდაცვის შეთანხმება და როგორც აღნიშნეთ, ამ შეთანხმებით შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში უკვე ჰქონდა ფართო სამხედრო წვდომა. რას აძლევს ვაშინგტონს ახალი შეთანხმება დამატებით?

ბაიუმი: არ მგონია, არსებობდეს რაიმე დამატებითი სარგებელი ან მკაფიო შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ამ შეთანხმებას წინაზე მნიშვნელოვნად უკეთესს ხდის.

ვფიქრობ, ყურადღება იმ ფაქტზე უნდა გავამახვილოთ, რომ სამივე მხარემ შეთანხმების მიღწევა შეძლო. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი ახლა შეიძლება დასრულდეს და, იმედია, ყველა მხარე წინ წავა. იმედია, ტრანსატლანტიკურ სივრცეში უფრო ნაყოფიერ და სტაბილურ დიალოგზე გადავალთ.

ამგვარად, შეერთებულ შტატებს, გრენლანდიასა და დანიას შეუძლიათ, ერთობლივად იმუშაონ საერთო საზრუნავზე. ეს, რა თქმა უნდა, არის მთლიანად არქტიკა, რუსეთი არქტიკაში, ჩინეთი, რომელიც ამჟამად არქტიკაში დიდი მასშტაბით არ არის წარმოდგენილი, თუმცა მაინც საზრუნავია, და სხვა უფრო ფართო საფრთხეები, რომლებიც სამივე მხარეს ემუქრება.

ფაქტი, რომ ეს შეთანხმება არც გარდამტეხია და არც ახალი, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დიდი ნაწილის მიღწევა, ალბათ, დიპლომატიითაც შეიძლებოდა — ანექსიის მუქარისა და ამდენი დაძაბულობის გარეშე. თუმცა, ამავე დროს, ყველას უნდა გვიხაროდეს, რომ ურთიერთობებში ეს კრიზისი, იმედია, დასასრულს უახლოვდება.

შარაშენიძე: რატომ არის გერნლანდია სტრატეგიულად ასეთი მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის და რა შესაძლებლობებს აძლევს მისი მდებარეობა ვაშინგტონს, აშშ-ის ტერიტორიის დაცვასა და არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? კიდევ რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში?

ბაიუმი: გრენლანდიის მნიშვნელობა რეალურად მთლიანად არქტიკის მნიშვნელობას უკავშირდება. გრენლანდია ერთი კონკრეტული კუნძულია და ამას, ცხადია, კონკრეტული უპირატესობებიც ახლავს. იდეალურ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „ოქროს გუმბათის“ გეგმას განახორციელებს, გრენლანდიაში, ალბათ, განთავსდება შესაბამისი ობიექტები, რადარები, ჩამჭრელი სისტემები და შესაძლოა სხვა კომპონენტებიც.

უფრო ფართოდ კი, ეს ასახავს პრეზიდენტ ტრამპისა და, ვფიქრობ, მთლიანად შეერთებული შტატების მიერ იმის აღიარებას, რომ არქტიკა სულ უფრო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და აშშ ამ მიმართულებით საკმარის ინვესტიციას არ დებდა. მხოლოდ ახლა ვიწყებთ მეტი ყინულმჭრელის მშენებლობას ჩვენს მოკავშირეებთან, ფინეთსა და კანადასთან, პარტნიორობით. კვლავ ვაშენებთ ღრმაწყლოვან არქტიკულ პორტს და კვლავ ვცდილობთ, არქტიკაში სამხედრო ყოფნა გავაფართოოთ.

ეს უფრო ფართო ცვლილებაზე და იმის გააზრებაზე მიუთითებს, რომ არქტიკა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და შეერთებული შტატები იქ უნდა იყოს. ზუსტად არ ვიცი, რატომ გაამახვილა პრეზიდენტმა ასეთი დიდი ყურადღება კონკრეტულად გრენლანდიაზე, ნაცვლად, მაგალითად, ალასკაში ინვესტიციების გაზრდისა ან უბრალოდ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მუშაობისა. თუმცა, არსი ისაა, რომ არქტიკის მზარდი მნიშვნელობა ყველამ გააცნობიერა.

შარაშენიძე: შეთანხმება არქტიკაში ნატოს უფრო ძლიერ როლს ითვალისწინებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? უნდა ველოდოთ, რომ რეგიონში ნატოს სამხედრო ყოფნა გაიზრდება?

ბაიუმი: ამის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს „Arctic Sentry“, რომლის მეშვეობითაც ნატო არქტიკაში უკვე არის წარმოდგენილი. დეტალები საკმაოდ მწირია, თუმცა ინიციატივაში ნატოს რამდენიმე მოკავშირე მონაწილეობს, რომლებიც ძირითადად რეგიონში ვითარების მონიტორინგზე არიან ორიენტირებული. სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება.

იდეალურ შემთხვევაში, იქ შესაძლოა ნატოს სამხედროები განთავსდნენ და პერიოდული როტაციით იმ ბაზებზე იმსახურონ, რომლებსაც შეერთებული შტატები აფართოებს ან ხსნის. სავარაუდოდ, ერთობლივი წვრთნები ჩატარდება როგორც გრენლანდიის გარშემო, ისე მთლიანად არქტიკაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს არქტიკის ქვეყნებიდან, რუსეთის გარდა, ყველა ნატოს წევრია. ამიტომ, ეს თანამშრომლობისთვის მართლაც ხელსაყრელი სივრცეა. ნატოს შეუძლია, ჩრდილოეთის ამ რეგიონში წარმოაჩინოს როგორც შეკავების უნარი, ისე საკუთარი შესაძლებლობები.

შარაშენიძე: თქვენ ჩინეთი და რუსეთი ახსენეთ. რუსეთს არქტიკაში მნიშვნელოვანადაა წარმოდგენილი. მოსკოვის თვალთახედვით, რას ცვლის ახალი შეთანხმება?

ბაიუმი: დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსკოვი ამ შეთანხმებას დიდ ცვლილებად აღიქვამს, რადგან არც მე ვფიქრობ, რომ ის ბევრს ცვლის. ისინი ნამდვილად მოელიან, რომ შეერთებული შტატები არქტიკაში სამხედრო ყოფნას გაზრდის, თუმცა ეს პროცესი ისედაც მიმდინარეობდა.

ვფიქრობ, მოსკოვი უფრო მეტად იმ ფაქტს დააკვირდება, რომ შეთანხმება ურთიერთობებში დაძაბულობას გარკვეულწილად არბილებს. თეორიულად, ეს შეერთებულ შტატებს, გრენლანდიას, დანიასა და ნატოს სხვა წევრებს, რომლებიც ამ საკითხით შეშფოთებული იყვნენ, წინსვლის საშუალებას მისცემს. ალიანსის ასეთი ერთიანობა მოსკოვს აშფოთებს. მას არ სურს, ნატო ერთიანი და ქმედითი იყოს.

რამდენადაც გრენლანდიის შესახებ მუქარამ ალიანსში დაძაბულობა გამოიწვია, ეს მოსკოვის ინტერესებში იყო. სწორედ ამას დააკვირდებიან ისინი ძირითადად.

შარაშენიძე: რაც შეეხება ჩინეთს, რა არის შეერთებული შტატების შეშფოთების მთავარი მიზეზი, გრენლანდიაში ჩინეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით და ისტორიულად, როგორია გრენლანდიის მიმართ პეკინის ინტერესი?

ბაიუმი: გრენლანდიაში ჩინურ კომპანიებს რამდენიმე სამთო პროექტში ინვესტიცია ჰქონდათ ჩადებული ან ამის გაკეთებას ცდილობდნენ. თუმცა, მთლიანად არქტიკაში ჩინეთი მთავარ მოთამაშეთა შორის არ არის.

რამდენიმე წლის წინ მათ თავი „არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოდ“ გამოაცხადეს. არ მგონია, მათ ამ განაცხადის შესაბამისად სრულად ემოქმედათ. მათი არქიტიკაში ყოფნისა და ინიციატივების დიდი ნაწილი სამეცნიერო და დიპლომატიური არხებით ხორციელდება. შეიმჩნევა მიდგომა, რომ არქტიკაში მათი ყოფნა სამეცნიერო ხასიათის იქნება. ისინი მართავენ სამეცნიერო მისიებს და რეგიონში მეცნიერები ჩაჰყავთ.

ამასთან რამდენიმე გამოწვევაა დაკავშირებული.

პირველი, ჩვენ, შეერთებულმა შტატებმა, უნდა ვიზრუნოთ, რომ სამეცნიერო დიპლომატიის სფეროში ჩინეთთან პოზიციები არ დავთმოთ. უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც ჩავრთოთ არქტიკაში და მათ ჩინეთთან პირდაპირი კონკურენციის შესაძლებლობა მივცეთ. მხოლოდ სამხედრო პასუხით ვერ შემოვიფარგლებით.

მეორე, ვფიქრობ, ჩინეთი რუსეთთან პარტნიორობის მეშვეობით ცდილობს არქტიკაში წვდომის გაფართოებას. ისინი ახლო პარტნიორები არიან, თუმცა იქ ბევრი ერთობლივი პატრულირება ან წვრთნა მაინც არ ჩაუტარებიათ. ვფიქრობ, რუსეთი ჩინეთს გარკვეული ეჭვით უყურებს. მას არ სურს, ჩინეთი არქტიკაში თანასწორ პარტნიორად შემოიყვანოს, ამიტომ ურთიერთობაში გარკვეული დისბალანსია.

ვფიქრობ, არქტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანი საკითხია არქტიკული საზღვაო გზებიც. ჩინეთი, ჩემი აზრით, შეეცდება, რომ ზოგიერთი მათგანი საერთაშორისო წყლებად ჩაითვალოს, რაც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. რუსეთს კი, რომელიც არქტიკაში ჩინეთის უახლოესი პარტნიორია, სურს, იგივე წყლები შიდა წყლებად ჩაითვალოს, რათა მათზე კონტროლი თავად შეინარჩუნოს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და რუსეთი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, მათ უფრო ფართო ურთიერთობაში ეს ფარული დაძაბულობა კვლავ რჩება.

შარაშენიძე: რამდენად შეცვლის რეგიონში სტრატეგიულ ბალანსს გრენლანდიაში შეერთებული შტატებისა და ნატოს უფრო ფართო ყოფნა?

ბაიუმი: არ მგონია, ეს ჯერ ნათელი იყოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ, როგორც ჩანს, მზადაა, კიდევ მაქსიმუმ ორი ბაზა გახსნას, და ვფიქრობ, ეს კარგი პირველი ნაბიჯია. თუმცა, არ ვიცით, რა რაოდენობის პერსონალი განთავსდება ამ ბაზებზე და რა შესაძლებლობები იქნება იქ თავმოყრილი. ამიტომ, ჯერ კვლავ ლოდინისა და დაკვირვების ეტაპზე ვართ.

ამასთან, გრენლანდიას არასოდეს დამუქრებია ახლო მომავალში შეჭრის საფრთხე. ამიტომ ვფიქრობ, ეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ინტერესების დაცვას ეხება, ვიდრე კონკრეტულ მოკლევადიან რისკზე რეაგირებას.

შარაშენიძე: შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაძაბულობა შეერთებული შტატების ურთიერთობაში გრენლანდიასთან, დანიასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებთან. ახლა, როდესაც შეთანხმება მიღწეულია, რას ნიშნავს ეს ამ ურთიერთობების მომავლისთვის?

ბაიუმი: ვფიქრობ, ახლა წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს. სხვა სფეროებში დაძაბულობა, რა თქმა უნდა, დარჩება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ვაჭრობაა. თუმცა, ფართო სურათში, ვფიქრობ, ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის სტრატეგიული მნიშვნელობა.

ვფიქრობ, შეერთებული შტატები კვლავ მოსთხოვს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საკუთარი თავდაცვისთვის მეტი გააკეთონ. ევროპული ქვეყნები, ალბათ, შეეცდებიან, გააქტიურდნენ და ამ მოთხოვნას უპასუხონ. თუმცა ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს, ეს საკითხი წარსულში დატოვოს და საერთო საფრთხეებზე იფიქროს. უფრო ფართო ჭრილში ეს ჩინეთია, ევროპაში კი მთავარი საფრთხე, ცხადია, რუსეთია.

როგორი იქნება თანამშრომლობა? ახლა, როდესაც ორივე მხარემ დაამტკიცა, რომ დიპლომატია მუშაობს და კვლავ შესაძლებელია ყველასთვის მისაღები შედეგის მიღწევა, როგორ გამოიყენებენ ისინი ამ იმპულსს თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში წინსასვლელად?

სრულყოფილი არ იქნება და სირთულეებიც იქნება. ვფიქრობ, ამას ყველა ელოდება. თუმცა, იმედია, ეს ნიშნავს, რომ გრენლანდიის კრიზისი ამ ეტაპზე ჩაცხრება და ყველა მხარე ახალ გამოწვევებზე გადაიტანს ყურადღებას.

IAM: შეთანხმების განხორციელებისას რას უნდა დავაკვირდეთ?

ბაიუმი: რამდენიმე საკითხს. პირველი, რეალურად როგორი იქნება იქ შეერთებული შტატების გაზრდილი ყოფნა? მეტი დეტალის გამოქვეყნებას უნდა დაველოდოთ, თუმცა რას აპირებს აშშ? რა თანხას დააბანდებს? და როგორ ხედავს გრენლანდიის როლს?

ამასთან, არის დაკავშირებული გრენლანდიის როლი შეერთებული შტატების უფრო ფართო არქტიკულ სტრატეგიაში? ჩადებს თუ არა ვაშინგტონი ინვესტიციებს გრენლანდიასა და ალასკაში? როგორ დააბალანსებს ამ ინვესტიციებსა და სამხედრო ძალების ყოფნას? და როგორია მისი მიდგომა მთლიანად არქტიკის მიმართ?

პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადის დასაწყისში, მისგან „ოქროს გუმბათის“ შესახებ ბევრს ვისმენდით. ბოლო დროს ამ თემაზე ბევრი არაფერი გვსმენია. ნიშნავს თუ არა გრენლანდიის შეთანხმება, რომ ახლა მის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ?

მეორე, როგორ რეაგირებენ ევროპელი მოკავშირეები? აქამდე შეთანხმებისადმი მხარდაჭერა მოვისმინეთ, თუმცა როგორი იქნება თანამშრომლობა გრენლანდიაში? რამდენად ფართოდ ჩაერთვებიან ისინი, თუ უკან დაიხევენ და გრენლანდიაში სამხედრო ყოფნას ძირითადად აშშ-ს დაუტოვებენ? მე სწორედ ამ რამდენიმე საკითხს ვაკვირდები.

და ბოლოს, როგორ შეხვდებიან ამას გრენლანდიელები? ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას აშკარად მიესალმებიან. არ მგონია, მათ ანექსიის მუდმივი მუქარის ქვეშ ცხოვრება სურდეთ. თუმცა, როგორ გამოჩნდება ეს რეალურ ცხოვრებაში? რა მოხდება ადგილზე და რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები?

შარაშენიძე: როგორ ხედავთ რეგიონში კანადის როლს, როგორც ნატოს წევრისა და არქტიკული სახელმწიფოს?

ბაიუმი: არ ვფიქრობ, რომ კანადასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეერთებული შტატები შეძლებს არქტიკის, ან თუნდაც საკუთარი ტერიტორიისა და მთლიანად კონტინენტის, მტკიცე და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კანადა, ცხადია, არქტიკული სახელმწიფოა. მან დაიწყო მეტი ინვესტიციის ჩადება არქტიკის თავდაცვასა და რეგიონში ვითარების მონიტორინგში.

ვფიქრობ, ეს შეესაბამება ტრამპის ადმინისტრაციის მოწოდებას, რომ მოკავშირეებმა მეტი გააკეთონ. ამდენად, კანადა თავისი არქტიკული შესაძლებლობების განვითარებას იწყებს.

ამასთან, უნდა ვნახოთ, კონკრეტულად რას გააკეთებს კანადა. უნდა დავაკვირდეთ, გახსნის თუ არა ახალ ობიექტებს და რა ახალ აღჭურვილობას შეიძენს. ამიტომ, ჯერ კიდევ ლოდინის ეტაპზე ვართ. თუმცა, ვფიქრობ, კანადელებს კარგად ესმით როგორც არქტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა, ისე მისი დაუცველად დატოვების რისკი.

ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, შეერთებული შტატები და კანადა კონტინენტის თავდაცვაზე კვლავ მჭიდროდ თანამშრომლობენ. NORAD [ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა] კვლავ მოქმედებს. მოველი, რომ სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც არქტიკაში, ისე მთლიანად კონტინენტზე.

თუმცა არქტიკაში კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის ფარული დაძაბულობის რამდენიმე საკითხი კვლავ არსებობს. კანადა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს [საზღვაო გზა, რომელიც კანადის არქტიკული კუნძულების გავლით წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს] შიდა წყლებად მიიჩნევს. შეერთებულ შტატებს კი სურს, ის საერთაშორისო წყლებად ჩაითვალოს. ამიტომ თანამშრომლობაც იქნება, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებმაც შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს. ვფიქრობ, კონკრეტულ დღეს ვითარება რომელი მიმართულებით წავა, წინასწარ ვერავინ იტყვის.

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე Independence Avenue Media-ს თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი რედაქტორი და ქართული სამსახურის მთავარი რედაქტორია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ევრაზიის გეოპოლიტიკის მიმართულებით ექსპერტიზით. მანამდე მუშაობდა დოკუმენტალისტად და რეპორტიორად „ამერიკის ხმაში“, ხოლო კარიერა მშობლიურ საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და Imedi TV-ში დაიწყო.

ასევე ნახეთ

Police forensic investigators collect evidence in a field near the Leipzig/Halle Airport. DPA / Picture Alliance
რჩეული

„ბალტიისპირეთზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არ ვართ“: CIA-ს ვეტერანი რუსეთის ესკალაციაზე

ოქტომბერი 2, 2026
OLEKSANDR KLYMENKO via Reuters Connect
რჩეული

უკრაინამ არმიისთვის „ამაზონი“ შექმნა. ბრიგადები მტრის განადგურებისთვის ქულებს იღებენ

ოქტომბერი 2, 2026
REUTERS
ინტერვიუ

უკრაინა ევროპასა და საკუთარ იარაღს ეყრდნობა: ინტერვიუ მიკოლა ბელიესკოვთან

სექტემბერი 29, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media