შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და ევროპამ ალიანსისთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხე სერიოზულად უნდა აღიქვან, ამბობს CIA-ს ოპერაციების ყოფილი მაღალი რანგის ხელმძღვანელი შონ უისვესერი.
„ბალტიისპირეთზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არ ვართ. უბრალოდ მზად არ ვართ“, ამბობს უისვესერი Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
უისვესერმა 30 წელი იმუშავა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში და ამ დროის დიდი ნაწილი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე მუშაობდა. წელს მან გამოაქვეყნა წიგნი „სადაზვერვო მეთოდები, ტაქტიკა და ბინძური ხრიკები: რუსეთის დაზვერვა და პუტინის საიდუმლო ომი“.
მისი თქმით, დასავლეთი უკვე რუსეთის თავდასხმის ქვეშაა, რადგან მოსკოვი ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს. მათ შორისაა ბოლო შემთხვევა, როდესაც გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტში დრონებით განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა.
„ამაზე მეტად როგორ უნდა გამწვავდეს ვითარება? საუბარია არა ერთ, არამედ უკვე სამამდე დრონზე, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით ნატოს ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში აღმოაჩინეს. თავდასხმა, სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთის არაკომპეტენტურობის გამო ჩავარდა“, ამბობს უისვესერი. „გერმანია, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაშია“.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და ნატო აქამდე წარუმატებელ სტრატეგიას მისდევდნენ, რომელსაც ის „ცარიელ შეკავებას“ უწოდებს. უისვესერი დასავლეთს მოუწოდებს, ვლადიმირ პუტინს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს და ისეთი ზომები მიიღოს, რომლებსაც რეალური შედეგი ექნება.
„რუსეთს ვეუბნებით: ეს არის თქვენი ესკალაციის ფასი. რუსი სამხედროები დაიღუპებიან იმის გამო, რასაც ახლა ჩვენს ალიანსს უკეთებთ. ეს მესამე მსოფლიო ომს კი არ იწვევს, არამედ მესამე მსოფლიო ომსა და შემდგომ ესკალაციას უშლის ხელს“, ამბობს უისვესერი.
ის მიიჩნევს, რომ თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, ბალტიისპირეთის წინააღმდეგ რუსეთის ნაბიჯი რეალურ შესაძლებლობად იქცევა. მისი თქმით, ნატო ამისთვის მზად არ არის.
„რუსეთი უნდა დავსაჯოთ და ვაჩვენოთ, რომ აგრესიისა და ესკალაციის ფასი, როგორც უკრაინაში, ისე ევროპის წინააღმდეგ, იმდენად მაღალი იქნება, რომ ჩვენს პასუხს ვერ გაუძლებენ. აქამდე მსგავსთან მიახლოებულიც არაფერი გაგვიკეთებია“, ამბობს უისვესერი ინტერვიუში.
„ჩემი სათქმელი ასეთია: ფრაზა „პუტინი ვერ გაბედავს“ არ არის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც ალიანსი უნდა ეყრდნობოდეს“, ამბობს ის.
ინტერვიუ ჩაქერილია 2026 წლის 24 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: დავიწყოთ საკითხით, რომელიც ახლა რეგიონში ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრშია. სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა საუბრობს რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ზრდისა და ევროპაში გამოვლენილი დივერსიების მატების შესახებ. თქვენი აზრით, საით მიდის ეს ყველაფერი?
შონ უისვესერი, CIA-ს ოპერაციების ყოფილი მაღალი რანგის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, კირილ, ნატომ რუსეთის მიერ ჰიბრიდულ ან „რუხი ზონის“ სივრცეში განხორციელებული ესკალაციის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი მექანიზმი ვერ შექმნა. რუსები ამას Война нового поколения-ს, „ახალი თაობის ომს“ უწოდებენ. მათთვის ეს ახალი არ არის. ჩვენთვის კი სრულიად ახალია.
რუსებისთვის ეს ახალი არ არის. ისინი ამას 20 წელზე მეტია აკეთებენ და ამ მეთოდებს ცივი ომის დროინდელი მემკვიდრეობაც აქვს. რუსეთის სადაზვერვო სამსახურები აფინანსებდნენ დივერსიებსა და მკვლელობებს, რასაც ისინი Мокрое дело-ს, „სველ საქმეს“ უწოდებენ. ასევე იყენებდნენ აქტიურ ღონისძიებებსა და კიბერთავდასხმებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ამ საფრთხეს მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ. რუსეთი კი, რა თქმა უნდა, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამო ესკალაციას აძლიერებს. მათ სურთ, დასავლეთი დააშინონ და ალიანსის წევრებს უკრაინის ნებისმიერი ფორმით დახმარებაზე უარი ათქმევინონ. ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო ძლიერი შეკავება გვჭირდება. ასეთი ესკალაციის დასრულება უფრო დამაჯერებელი შეკავებითა და ნატოს საპასუხო დარტყმით იწყება.
სუხოტსკი: რატომ აძლიერებს რუსეთი ესკალაციას? უკრაინიდან ყურადღების გადასატანად, დასავლეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასასმელად და ევროპის გასაყოფად? რა არის მათი მიზანი? რა შედეგის მიღწევა სურთ საბოლოოდ?
უისვესერი: ვფიქრობ, აქ ორი რამ მოქმედებს. პირველი სტრატეგიული მხარეა: რუსები ცდილობენ აჩვენონ, რომ ალიანსი ცარიელია და ნატოს რეალური ძალა არ აქვს. მათ ნულოვანი ჯამის თამაში აქვთ, ამიტომ ყველაფერი, რაც ჩვენ სუსტად გამოგვაჩენს, რუსეთის გამარჯვებაა. როგორც ჩემს წიგნში ვწერ, რუსეთი შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ახლო მოკავშირეებს, განსაკუთრებით ნატოს, ყოველთვის თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ხუთი წელია უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, პუტინისა და მისი უსაფრთხოების სამსახურებისთვის ეს წარმოდგენა უცვლელი იყო როგორც ცივი ომის დროს, ისე მის შემდეგ. რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა ოფიცერმა ერთხელ მითხრა: „თქვენ, შეერთებული შტატები, მთავარი მტერი ხართ. მთავარი მტერი იყავით ცივი ომის დროს და ყოველთვის მთავარი მტერი იქნებით“.
ამიტომ, მათთვის ეს ნატოს კიდევ უფრო მეტად დასუსტებას ეხება და უკრაინის ომს სცდება.
აქ კიდევ ერთი ფაქტორია. რუსეთის ხელისუფლებას სადაზვერვო სამსახურები მართავენ და პუტინის პირობებში ისინი ანგარიშვალდებული არავის წინაშე არ არიან. განსაკუთრებით ეფესბე და გრუ ცდილობენ უფროსზე შთაბეჭდილების მოხდენას. ჩემს სტატიებში ამაზე საკმაოდ ბევრი დამიწერია და წიგნშიც ვრცლად განვიხილავ. ისინი კორუმპირებულ მაფიოზურ კლანებს ჰგვანან და ცდილობენ, შთაბეჭდილება მოახდინონ თავიანთ უფროსზე, Начальник -ზე, როგორც პუტინს უწოდებენ. ცდილობენ უთხრან: „ხედავთ, ჩვენ უკეთ შეგვიძლია! უფროსო, ეფესბეს გრუზე უკეთ შეუძლია მუშაობა. ნახეთ, აქ ახალი, კრეატიული ოპერაცია ჩავატარეთ, იქ კი მკვლელობა მოვაწყვეთ“.
ამ სტრატეგიულ კონტექსტში რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის კონკურენტული თამაში მიმდინარეობს. თუ დასავლეთის, ნატოსა და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან წინააღმდეგობას ან საპასუხო დარტყმას არ შეხვდებიან, ეს გაგრძელდება და მდგომარეობა გაუარესდება. ამაზე გასული წლიდან ვსაუბრობ.
სუხოტსკი: შონ, რა შეიძლება იყოს რუსეთის მთავარი სამიზნეები?
უისვესერი: უპირველესად, ვფიქრობ, უნდა ვახსენოთ საკითხი, რომელზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ: აქტიური ღონისძიებები და საინფორმაციო ომი. ეს მუდმივად მიმდინარეობს. ისინი გამუდმებით აღვივებენ დაყოფას, ერთ მხარეს მეორის წინააღმდეგ იყენებენ და ცდილობენ, ნატოს ალიანსში ყველა მოგვატყუონ და გამოგვიყენონ.
გახსოვდეთ, ნატო რუსეთის ფედერაციის შურის საგანია. მათ მსგავსი არაფერი აქვთ, არც ერთი ალიანსი არ აქვთ. ზოგჯერ ჩინეთთან ან ირანთან სტრატეგიული მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ის ყოველთვის დროებითია და დამოკიდებულია იმაზე, რისი მიღწევა სურთ მოკლევადიან პერსპექტივაში. შეხედეთ, რას აკეთებს რუსეთი თავისი მოკავშირეებისთვის. ვენესუელისთვის არაფერი გააკეთეს. ირანთან ომის დროს კი რუსები, რა თქმა უნდა, ირანელებს ამერიკელების დახოცვაში დახმარებას ცდილობენ. მაგრამ, აქ ვერანაირ სტრატეგიულ ერთგულებას ვერ ვხედავთ.
ამიტომ, მათ ალიანსის დასუსტება, მის წევრებზე თავდასხმა და, თუ შეძლებენ, ზოგიერთი წევრის საკუთარ მხარეს გადაყვანა სურთ. უნგრეთის არჩევნების შედეგი რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, დიდი მარცხი იყო. ამიტომ შეერთებულ შტატებში მათი საინფორმაციო ომის გაძლიერებას ვიხილავთ. ისინი იმ საკითხებს უმიზნებენ, რომლებიც ევროპისა და შეერთებული შტატების მოსახლეობაში ყველაზე ძლიერ ემოციებს იწვევს.
ერთ-ერთი მეთოდი ოკეანის ორივე მხარეს მუდმივი უთანხმოების გამოყენებაა: ერთი მხარის რიტორიკა მეორის წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგალითად, ტრამპის წინააღმდეგ ნათქვამი გერმანელების, ფრანგების ან ბრიტანელების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს დაუპირისპირონ. ისინი ალიანსში ნებისმიერი განხეთქილების გაღვივებას შეეცდებიან.
სუხოტსკი: თუმცა საინფორმაციო ომის გარდა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების საკმაოდ მკაცრი მოქმედებებიც ვიხილეთ: დრონებით თავდასხმები, მკვლელობები და მოწამვლა. დღეს დილით პოლონეთმა რუსეთი Starlink-ის სადგურზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა. კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას ვიხილავთ?
უისვესერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ კი. რუსეთი და მისი სადაზვერვო სამსახურები კვლავ ამოწმებენ, სადამდე შეუძლიათ დაუსჯელად წასვლა. გასული წლის დეკემბერში, ანუ ცხრა, თითქმის ათი თვის წინ, The Cipher Brief-ისთვის დავწერე სტატია სახელწოდებით „კრემლის სასიკვდილო სია“. კირილ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ამის ასწლიანი ისტორია აქვთ. ისინი სამიზნედ მხოლოდ დისიდენტებს კი არა, ზოგჯერ საზღვარგარეთ მყოფ პოლიტიკოსებსაც ირჩევენ. თუ ვინმეს დაუსჯელად მოშორება შეუძლიათ, რუსეთის ფედერაციის მტრად მიჩნეულ ადამიანს გაანადგურებენ.
თავად კი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს. როდესაც ასეთი რამ ხდება და ჩვენ სათანადოდ არ ვპასუხობთ, სისუსტეს ვაჩვენებთ. თითქმის ორი წლის წინ გრუმ გერმანიაში Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობა დაგეგმა. გერმანელებმა ეს დამაჯერებლად დაადასტურეს, მაგრამ რა იყო გერმანიის, ნატოს ან შეერთებული შტატების საპასუხო ნაბიჯი?
გრუ გეგმავდა, ამანათებში ბომბები მოეთავსებინა და თვითმფრინავებში აეტანა. კირილ, იმავე გეგმის კიდევ ერთი ნაწილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე ამანათების გაგზავნა, რათა შეერთებული შტატების მიმართულებით მათი მარშრუტები გამოეცადათ. ვიცით, რომ ეს მოხდა, მაგრამ არაფერი გაგვიკეთებია.
ახლა ლაიფციგში დრონებთან დაკავშირებულ შემთხვევას გადავხედოთ. ამაზე მეტად როგორ უნდა გამწვავდეს ვითარება? საუბარია არა ერთ, არამედ უკვე სამამდე დრონზე, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებებით ნატოს ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში აღმოაჩინეს. თავდასხმა, სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთის არაკომპეტენტურობის გამო ჩავარდა. ამაზეც ხშირად ვსაუბრობ: ისინი ზოგჯერ არაკომპეტენტურები არიან, მაგრამ სახიფათონი არიან, რადგან პასუხისმგებლობას თავს აღწევენ.
ჩვენ კი მათ გამოწვევას არ ვუქმნით. როგორი იყო ნატოს პასუხი გერმანიაში მომხდარ ბოლო შემთხვევაზე? რამდენიმე საკონსულოს დავხურავთ — ვაუ, დარწმუნებული ვარ, ამან რუსები ძალიან გაანაწყენა. „ღმერთო, რა გვეშველება, თუ დაზვერვის ოფიცრების გასაგზავნად ერთი საკონსულოთი ნაკლები გვექნება?“ მათ უამრავი არაოფიციალური საფარით მოქმედი Нелегалы, ანუ არალეგალი აგენტი ჰყავთ, რომელთა გაგზავნაც მთელ მსოფლიოში შეუძლიათ.
თუმცა ჩემი მთავარი სათქმელი, კირილ, ის არის, რომ რუსეთისთვის პასუხის გაცემისას მთელი ალიანსი უძლური და სუსტი იყო. პასუხი იქ უნდა გავცეთ, სადაც ამას მნიშვნელობა ექნება.
უკრაინის ომში უკვე გვყავს მოკავშირე, რომელიც რუსეთის ფედერაციას ებრძვის. გერმანელებმა უკრაინელებს Taurus-ის რაკეტები უნდა მისცენ. ამერიკელებმა უნდა გადასცენ ERAM-ები [Extended Range Attack Munitions, შორი მოქმედების შემტევი საბრძოლო მასალები], ანუ შორი მოქმედების შეიარაღება, რომლის გამოყენებასაც F-16 ტიპის გამანადგურებლებიდან შეძლებენ. რუსეთს კი უნდა ვუთხრათ: ეს არის თქვენი ესკალაციის ფასი. რუსი სამხედროები დაიღუპებიან იმის გამო, რასაც ახლა ჩვენს ალიანსს უკეთებთ. საბოლოოდ სწორედ ამას გაიგებენ, კირილ.
ეს მესამე მსოფლიო ომს კი არ იწვევს, არამედ მესამე მსოფლიო ომსა და შემდგომ ესკალაციას უშლის ხელს.
სუხოტსკი: ზოგიერთი ადამიანი, რომელიც უფრო მკაცრი პასუხის წინააღმდეგ გამოდიოდა, ზუსტად ამას ამბობდა: ასეთი პასუხი რუსეთთან ცხელ ომამდე მიგვიყვანდა, რაც არ გვინდა. მაშ, როგორ უნდა შეაკავონ ნატომ, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთი, მოსკოვთან ღია ომის დაწყების გარეშე?
უისვესერი: ცარიელი შეკავება არ გამოგვადგება, კირილ. ისტორიას უნდა გადავხედოთ. რა მაგალითები გვაქვს, როდესაც ომის თავიდან აცილება შეკავებით მოხერხდა?
1962 წელს, კუბის სარაკეტო კრიზისის დროს, პრეზიდენტ კენედის ეუბნებოდნენ: მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევთ; ნახეთ, რას აკეთებთ კუბის გამო, ეს ამად არ ღირს, კუბა მნიშვნელოვანი არ არის. პრეზიდენტმა კენედიმ თქვა: ვერ დავუშვებთ, რომ საბჭოთა რაკეტები შეერთებულ შტატებთან ასე ახლოს განთავსდეს, ეს ზედმეტად დიდი ესკალაციაა.
მან საბჭოთა კავშირს უკან დახევა მოსთხოვა. თავად რა გააკეთა? საზღვაო ბლოკადა შემოიღო და განაცხადა, რომ კუბიდან შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას მთელი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა. ხრუშჩოვი შეძრწუნებული იყო: ღმერთო, კენედი ამას ვერ გააკეთებსო.
პუტინიც ბევრს იხმაურებს, კირილ, მაგრამ ბოლოს უკან დაიხევს, რადგან იცის, რომ ბირთვული ქობინებით აღჭურვილი რაკეტები ჩვენც გვაქვს. ეს პუტინის საყვარელი სათადარიგო მუქარაა, არა? გამუდმებით ამბობს: ღმერთო, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ! თუ უკრაინას მეტისმეტად დაეხმარებით, ჩემი არაკომპეტენტური არმიითა და ჯარებით ბირთვული იარაღით დაგარტყამთ!
რა თქვა ამაზე ჩინეთმა? 2023 წელს მისმა მოკავშირემ, უფროსმა ძმა ჩინეთმა, კონკრეტულად სი ძინპინმა რა განაცხადა, გახსოვთ, კირილ? სი ძინპინმა თქვა: არა, ბირთვული იარაღის გამოყენება არავის უნდა. ამის შემდეგ პუტინი ამ თემაზე გაჩუმდა.
ამიტომ, დედა აზრის ესაა: პასუხი ისეთი ზომებით უნდა გავცეთ, რომლებსაც რეალური შედეგი ექნება. რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ ესკალაციას სერიოზულად ვეკიდებით. ამის შემდეგ ისინი უკან დაიხევენ და საღი აზრი გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ახლა მათ ესკალაციას არაფერი აჩერებს. ეს არის ცარიელი შეკავება.
სუხოტსკი: საინტერესოა, რომ კუბის სარაკეტო კრიზისი ახსენეთ. შეიძლება თუ არა ევროპისთვის, ნატოსთვის და შეერთებული შტატებისთვის რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების შედარება კუბის სარაკეტო კრიზისთან? მივდივართ იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც კენედი 65 წლის წინ წავიდა?
უისვესერი: ვფიქრობ, რომ კი, კირილ. ამას დიდი ხანია ვამბობ. მაგალითს მოგიყვანთ. გასული წლის ამ დროს, თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ, ჰელსინკიში, ფინეთში ვიყავი. ნატოს ახალ წევრ ფინეთში ჰიბრიდული ომის შესახებ ჩემმა მოხსენებამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩემდა გასაკვირად, მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე საუბარს ფინეთის ყველა გაზეთსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვთქვი, რომ ესკალაცია გაგრძელდებოდა, სუპოს, ფინეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი ანალიტიკოსი მედიაში გამოვიდა — ალბათ, მას ოფიციალური ნებართვა ჰქონდა — და თქვა: ფინეთი რუსეთის ფედერაციასთან ომში არ არის. რუსეთი ჩვენი მეზობელია და მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. CIA-ს ყოფილი ოფიცრის მხრიდან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უპასუხისმგებლობაა.
სად ვართ ახლა, კირილ, ერთი წლის შემდეგ? უკეთეს მდგომარეობაში ვართ? რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ფინეთის მიდგომა, მეზობელთან მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა? ან ალიანსში ხარ, ან არა. ახლა კი ალიანსს თავს ესხმიან. ლაიფციგის შემთხვევამდეც კი, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა წელს თქვა, რომ გერმანია, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციასთან საომარ მდგომარეობაშია. ვეთანხმები.
ჩვენ თავს გვესხმიან. ვხედავთ შეჭრებსა და ბალტიის ზღვაში ჩვენი მოკავშირეების კაბელების გადაჭრას. გასულ კვირას რუსებმა არქტიკაში კაბელის გადაჭრაც სცადეს. GUGI-ს [რუსეთის წყალქვეშა ომის სამმართველოს] წყალქვეშა ნავი არქტიკაში მოქმედებდა, ნატოს კაბელს აკვირდებოდა და შესაძლოა, მის გადაჭრასაც ცდილობდა. ეს გაგრძელდება.
კვლავ ვიკითხავ: სად არის ჩვენი დამაჯერებელი შეკავება, რომელმაც რუსები უნდა შეაჩეროს? ეს მაშინ შეწყდება, როდესაც პასუხს გავცემთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ საომარ ქმედებებს არ დავუშვებთ; არ დავუშვებთ თვითმფრინავების აფეთქებას, ნატოს ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმას ან კორპორაციული ლიდერების მკვლელობას. მანამდე კი ამ ყველაფერს საომარ ქმედებებად მივიჩნევ. ვფიქრობ, რუსებს ეს იმიტომ გასდით, რომ საპასუხო დარტყმა არ მიგვიყენებია.
სუხოტსკი: ფინეთი ახსენეთ. დღეს დილით დანიის სადაზვერვო სამსახურმა საფრთხის შეფასება გაამკაცრა და განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული საფრთხე სწრაფად გაიზრდება. ეს, სავარაუდოდ, მათ სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა. რა შეუძლიათ გააკეთონ ევროპამ, ნატომ და შეერთებულმა შტატებმა მომდევნო რამდენიმე თვეში, რათა რუსეთს აჩვენონ, რომ მის მოქმედებებს ხედავენ? ვნახეთ, რომ [CIA-ს] დირექტორი რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა, ალბათ, იმავე გზავნილით. მაგრამ რიტორიკის, თითის ქნევისა და გაფრთხილების გარდა, რომ ასე აღარ მოიქცნენ, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება?
უისვესერი: კირილ, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, არა? ამ სადაზვერვო შეფასებებზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსაზრებები პირადია და არ წარმოადგენს CIA-ს ან აშშ-ის მთავრობის პოზიციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზვერვასა და სხვა მთავრობებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ფრანგებმა ახლახან ამ საკითხზე კომენტარი გააკეთეს, პოლონელებმაც მიანიშნეს, რომ შემდგომი ესკალაციის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ.
კირილ, სადაზვერვო თანამეგობრობაში გატარებული 30-წლიანი კარიერა მეუბნება, რომ ეს ახალი მოდელი არ არის: 2008 წელს საქართველო, 2014 წელს უკრაინა, 2015 წელს სირია. რუსეთი ესკალაციას მუდმივად აძლიერებს. ჩემი წიგნის მე-10 თავში ჰიბრიდული ომის განვითარებას ვრცლად განვიხილავ. ამ 20-წლიან ისტორიაზეა ჩემი წიგნიც, რომელიც Naval Institute Press-მა წელს გამოსცა, „სადაზვერვო მეთოდები, ტაქტიკა და ბინძური ხრიკები“. იმედი მაქვს, თქვენი მაყურებლიდან ზოგიერთი მის წაკითხვას გადაწყვეტს. ეს უკვე ჩამოყალიბებული მოდელი და ხანგრძლივი ისტორიაა.
საბოლოოდ, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? პასუხი ისეთი ზომებით უნდა გავცეთ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს. 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში CIA-ს წინა დირექტორი, ჩვენი ყოფილი უფროსი, დირექტორი ბერნსიც ჩავიდა მოსკოვში. რა შედეგი მოჰყვა ამას?
სუხოტსკი: არ იმუშავა.
უისვესერი: დიახ, კირილ, როგორც ცნობილია, არაფერი. მან პატრუშევთან გამართა შეხვედრა. პუტინმა მასთან შეხვედრაზეც უარი თქვა, ისევე როგორც რეტკლიფთან, რადგან პუტინი მათ საკუთარ თავზე მეტისმეტად დაბალი რანგის პირებად მიიჩნევს. რა მოხდა შემდეგ? არსებული ცნობებით, მათ შორის თავად ბერნსის მონათხრობის მიხედვით, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. სცადა გაფრთხილება, მაგრამ მის სიტყვებს რეალური ძალა არ ჰქონდა. როდესაც ბერნსმა თქვა, ამას ნუ გააკეთებთ, შედეგებს სერიოზულად ვეკიდებითო, პატრუშევს გაეცინა.
შედეგები ისეთი უნდა იყოს, რომ რუსები შეძრწუნდნენ და თქვან: ღმერთო ჩემო, გჯერათ, რით გვემუქრებიან ამერიკელები? ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ [პუტინ], ეს სერიოზული ამბავია. ახლა უკვე ნამდვილად სერიოზულ ალიანსთან გვაქვს საქმე.
მაგრამ, ასეთი რამ არ გვაქვს. გვაქვს მუქარა, რიტორიკა და ცარიელი შეკავება. ამიტომ მათ, მაგალითად, უნდა ვუთხრათ: იცი რა, რუსეთო, ევროკავშირში არსებული თქვენი 250 მილიარდი დოლარის აქტივებიდან 50 მილიარდს ჩამოგართმევთ და უკრაინას გადავცემთ. ამაზე საუბარი დასრულდა. საკმარისია ევროპელების განცხადებები, რომ მეტი სიმკაცრის გამოჩენა შეერთებულ შტატებს და, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტ ტრამპს ევალება.
დიახ, შეერთებულმა შტატებმა მეტი ლიდერობა უნდა გამოიჩინოს. მაგრამ ევროპელების ხელში ასობით მილიარდი დოლარია, რომლის გამოყენებაც რუსეთისთვის რეალური ფასის დასაკისრებლად შეუძლიათ. მათ უნდა უთხრან: ეს არის თქვენი ესკალაციის ფასი. ამ თანხიდან 50 მილიარდს ვიღებთ და უკრაინას ვაძლევთ. თუ კიდევ უფრო გაამწვავებთ ვითარებას და კვლავ დაესხმებით თავს ლოგისტიკურ ცენტრს, კიდევ 50 მილიარდს ჩამოგართმევთ. ამას მნიშვნელობა აქვს, კირილ. ამას მნიშვნელობა აქვს „სილოვიკებისთვის“ [რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ელიტისთვის], მათი კორუმპირებული საფულეებისა და ჯიბეებისთვის.
სუხოტსკი: თუმცა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ვლადიმირ პუტინი ამ დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე მიიწვია, კრემლმა კი დღეს დილით განაცხადა, რომ ამ მიწვევით ძალიან კმაყოფილია. თუ პუტინი შეერთებული შტატებისა და ნატოსგან ასეთ წინააღმდეგობას არ შეხვდება, შეიძლება თუ არა იფიქროს: კარგი, ეს ჰიბრიდული ომია და მეხუთე მუხლის ზღვარს ქვემოთ რჩება. რა მოხდება, თუ ამ ზღვარს გადავაბიჯებ, რეალურად გამოვცდი მეხუთე მუხლს, ნატოს შიგნიდან დავანგრევ და, არ ვიცი, ბალტიისპირეთის წინააღმდეგ რამეს მოვიმოქმედებ?
უისვესერი: ეს სწორედ შემდეგი მთავარი კითხვაა. როდესაც ბალტიისპირეთზე საუბარს იწყებ, პანიკის დათესვაში გადანაშაულებენ. მე ბალტიისპირეთში ვმსახურობდი, ამ რეგიონს ვიცნობ და ჩემი მეუღლე ლიეტუველია. გეუბნებიან: რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე ნუ საუბრობ. ბალტიის ქვეყნები ალიანსის ნებისმიერ სხვა წევრზე არანაკლებ, შესაძლოა უფრო მეტადაც არიან მზად. ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა თავიანთ შეიარაღებულ ძალებში ინვესტიცია ჩადეს. რა მოხდა გაერთიანებულ სამეფოში? მან თავისი სამხედრო ძალები შეამცირა. აღმოსავლეთ ფლანგის გარეთ ნატოს წევრთა უმრავლესობამ შეიარაღებული ძალები შეამცირა. შეერთებული შტატები კი ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს.
ამიტომ, სამწუხაროდ, კირილ, ვფიქრობ, არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ალიანსის გამოცდა გადაწყვიტოს. რეალობა ის არის, რომ ისინი შემდეგი ომისთვის ჩვენზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული. შეერთებული შტატები და მთლიანად ალიანსი მზად არ არიან დრონებითა და ელექტრონული საშუალებებით იმ მასშტაბის ომისთვის და იმ ახალი საბრძოლო სივრცისთვის, რომელსაც ახლა უკრაინაში ვხედავთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის საჰაერო ძალების მხარდაჭერა. თუ შეერთებული შტატები რაიმე მიზეზით შეზღუდულ კონფლიქტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მე კი ამ მხრივ საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობა მაშფოთებს, მკაფიო სიგნალი უნდა გავგზავნოთ, რომ ალიანსის გვერდით ვდგავართ. მაგრამ, თუ რუსები საინფორმაციო ომით განხეთქილების დათესვას შეძლებენ, შექმნიან ვითარებას, რომელიც ბალტიისპირეთში სასაზღვრო დავას ან სხვა პრობლემას დაემსგავსება, მაშინ, დიახ, მაშფოთებს, რომ მათ შესაძლოა ძალისმიერი სამხედრო მოქმედებები დაიწყონ.
ბევრი ამბობს, რომ სამხედრო ძალების აღსადგენად მათ 2028 ან 2030 წლამდე სჭირდებათ დრო. მაგრამ ბოლო თითქმის ხუთმა წელმა დაგვანახა, რომ რუსები ამ ომს საოცრად კარგად მოერგნენ. საბედნიეროდ, ინოვაციებისა და ადაპტაციის მხრივ უკრაინელები რუსებს უსწრებენ, თუმცა რუსეთი ნატოზე ბევრად წინაა.
კიდევ ერთ საბოლოო სტატისტიკას მოგიყვანთ. კირილ, შეერთებული შტატების მიზანია, მთელი ჩემი დიდი ქვეყნის ძალის, შესაძლებლობებისა და მრეწველობის გამოყენებით მომავალ წელს 200 000 დრონი აწარმოოს. მჯერა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ძალაა. მაგრამ, პენტაგონის ინიციატივით დასახული მიზანი 200 000 დრონია.
რუსეთი მომავალ წელს სხვადასხვა ზომის 5-დან 10 მილიონამდე დრონს დაამზადებს. ხუთიდან ათ მილიონამდე. ზუსტი რიცხვი არ ვიცით, რადგან მათ ეკონომიკაში არ ვიმყოფებით და შიგნიდან ვერ ვაკვირდებით, მაგრამ რაოდენობა ნამდვილად დაახლოებით ხუთი მილიონი იქნება. უკრაინელები 10 მილიონამდე ან უფრო მეტ დრონს ამზადებენ. შეერთებული შტატების მიზანი კი 200 000-ია. ეს მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რამდენად მოუმზადებლები ვართ რუსეთთან, ან თუნდაც ჩინეთთან, შესაძლო შემდეგი ომისთვის.
სუხოტსკი: თქვენი ინფორმირებული შეფასებით, ბალტიის სამი ქვეყნიდან რომელს ემუქრება რუსეთის მხრიდან ძალისმიერი სამხედრო მოქმედებების ყველაზე დიდი საფრთხე?
უისვესერი: არსებობს სცენარები, რომლებზეც ყველა საუბრობს. მაგრამ, ბალტიისპირეთში გეოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც იქ ყველამ იცის, სუვალკის დერეფანია. მე იქ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი და ვმსახურობდი; ბალტიისპირეთის ხალხმა ეს ყველაზე უკეთ იცის. ეს ხმელეთის დაახლოებით 65-მილიანი ვიწრო მონაკვეთია, რომელიც კალინინგრადსა და ბელარუსს ერთმანეთისგან ჰყოფს. იქ რთული რელიეფია. ბევრჯერ ვყოფილვარ და იმ კონკრეტულ რეგიონში მეგობრებს ხშირად ვსტუმრობდი. ამ ტერიტორიის დაცვა რთულია.
მრავალი წლის, ზედმეტად ბევრი წლის, შეიძლება ათწლეულების განმავლობაშიც კი, როგორი იყო ნატოს პოზიცია? სამწუხაროდ, ჩვენი პოზიცია ასეთი იყო: ბალტიის ქვეყნების დაცვა რეალურად არ შეგვიძლია, ამიტომ თავდასხმის შემდეგ ვუპასუხებთ. საბედნიეროდ, ბალტიის ქვეყნების მრავალწლიანმა, ათწლეულების განმავლობაშიც კი მიმდინარე მოწოდებებმა ალიანსი დაარწმუნა, რომ ასე არ შეიძლებოდა. ნატოს ტერიტორიის ყოველი გოჯი, როგორც ვამბობთ, ყოველი მილი უნდა დავიცვათ.
ახლა იქ გაძლიერებული მოწინავე ყოფნა და ნატოს ძალები გვაქვს. რამდენად დიდია გერმანული ძალების კონტინგენტი? კირილ, ლიეტუვაში, მაგალითად, წესით, ბრიგადა უნდა იდგეს. იქ სრული ბრიგადა არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ბრიგადა დაახლოებით 5 000 სამხედროა, მაგრამ იქ 5 000 ჯარისკაცი არ არის. მათი რაოდენობა ნაკლებია.
რამდენი რუსი სამხედროა ახლა უკრაინაში განლაგებული? ასობით ათასი იბრძვის ამ ომში, როგორც რეზერვში, ისე ფრონტზე. ჩვენ კი იქ ნატოს 5 000 სამხედრო და დაახლოებით 20 000 ლიეტუველი გვყავს, რომელთაგან ყველა ფრონტის ხაზის სამხედრო არ არის.
დიახ, ბალტიისპირეთზე შესაძლო თავდასხმისთვის მზად არ ვართ, გასაგებია? უბრალოდ მზად არ ვართ. მზად არ ვართ დრონებით ომისთვის. მზად არ ვართ ელექტრონული ომით გართულებული საბრძოლო სივრცისთვის, როგორც სამხედრო ექსპერტები უწოდებენ იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამიტომ ვფიქრობ, მოსამზადებლად დროის წინააღმდეგ რბოლა უნდა დავიწყოთ. უნდა მოვემზადოთ.
სუხოტსკი: თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა ასეთი თავდასხმა მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში?
უისვესერი: არ ვფიქრობ, რომ მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში ეს სავარაუდოა. თუმცა, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება, სამწუხაროდ, ვფიქრობ, ბალტიისპირეთში რუსეთის მხრიდან რაიმე ნაბიჯი რეალურ შესაძლებლობად იქცევა.
ზოგჯერ მესმის, როგორ ამბობენ ექსპერტები, მათ შორის ძალიან ჭკვიანი ადამიანები: პანიკის დათესვა არ შეიძლება; რუსებმა უკეთ იციან, პუტინი ამას ვერასდროს გაბედავს.
მაგრამ ჩემი სათქმელი ასეთია: ფრაზა „პუტინი ვერ გაბედავს“ არ არის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც ალიანსი უნდა ეყრდნობოდეს, კირილ. შეკავება ნიშნავს, რუსებს ვაჩვენოთ: თუ გაბედავთ, იმდენად სწრაფად და ძლიერად გიპასუხებთ, რომ ძალას ვეღარ აღიდგენთ.
კიდევ ერთი ციტატა მინდა მოგიყვანოთ. როდესაც რუსეთი 2022 წელს უკრაინას დაესხა თავს, [მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა] ლოიდ ოსტინმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. როგორც ჩანს, მოგვიანებით ამის გამო უსაყვედურეს და თეთრმა სახლმა მისი ნათქვამი შეასწორა. ოსტინმა ომის ადრეულ ეტაპზე თქვა: ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რუსეთის ფედერაციას ვასწავლოთ, რომ ასეთ აგრესიას არ შევეგუებით, და მისი არმია იმდენად მძიმედ დავამარცხოთ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს სცადოს.
ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო მართლაც მკაცრი განცხადება იყო. რატომ? იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბევრმა, შესაძლოა მეტისმეტად ჭკვიანმა აკადემიკოსმა დაიწყო უაზრო მსჯელობა: რუსეთისთვის მეტისმეტად დიდი ზიანის მიყენება არ გვინდა; არ გვინდა, იგრძნოს, რომ მსოფლიო თანამეგობრობიდან სრულად გარიყეს, რადგან ეს შემდგომ ესკალაციას წაახალისებს.
კირილ, სად მიგვიყვანა ამ მიდგომამ გასული ოთხი და მეტი წლის განმავლობაში? კვლავ გავიმეორებ: რუსეთის ძალის დემონსტრირებას, ესკალაციასა და აგრესიას მხოლოდ მაშინ აჩერებ, როდესაც იქ პასუხობ, სადაც ამას რეალური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თავდაცვის მდივანი ოსტინი წლების წინ მართალი იყო. რუსეთი უნდა დავსაჯოთ და ვაჩვენოთ, რომ აგრესიისა და ესკალაციის ფასი, როგორც უკრაინაში, ისე ევროპის წინააღმდეგ, იმდენად მაღალი იქნება, რომ ჩვენს პასუხს ვერ გაუძლებენ. აქამდე მსგავსთან მიახლოებულიც არაფერი გაგვიკეთებია. პრობლემა სწორედ ესაა.
სუხოტსკი: შონ, კიდევ ერთი, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. რუსეთს ორ ათეულ წელზე მეტია იცნობთ, მუშაობდით რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთში სადაზვერვო სამიზნეებზე, ამიტომ ამ სადაზვერვო სამსახურებს კარგად იცნობთ. ინტერვიუს დასაწყისში თქვით, რომ პუტინი სადაზვერვო სამსახურების სახეა და ახლა რუსეთს სწორედ ისინი მართავენ. რა მოხდება, თუ პუტინი აღარ იქნება? რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები? რა მოხდება ამის შემდეგ კრემლში?
უისვესერი: დიახ, ამაზეც ვწერ. ამ გაზაფხულზე არაერთი ევროპული სადაზვერვო სამსახური ამბობდა: პუტინი სუსტია, შესაძლოა დაემხოს, შესაძლოა გადატრიალება მოხდეს. შემდეგ რა მოხდება? მაისში Foreign Policy-ში გამოვაქვეყნე სტატია სახელწოდებით „ნუ დაუჯერებთ ხმებს პუტინის სისუსტის შესახებ“. ახლა სექტემბერია და, კვლავ, არაფერი მომხდარა, კირილ. ის არ დამხობილა და არც გადატრიალება მომხდარა. არ ვფიქრობ, რომ პუტინი სუსტია. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ომის დროს განსაკუთრებით ეფესბე და სხვა სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურები უფრო გაძლიერდნენ და რუს ხალხს მარწუხები უფრო მეტად მოუჭირეს, ვიდრე ოდესმე.
გახსოვდეთ, დაახლოებით ერთმა მილიონმა ახალგაზრდა რუსმა, ანუ პოტენციური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ქვეყანა დატოვა. მათგან ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა რუსეთში. ამგვარად, რუსეთმა პოტენციური ოპოზიციის უზარმაზარი ნაწილი დაკარგა. სხვები კი მოკლეს ან გაანადგურეს. მათ შორის იყვნენ [ალექსეი] ნავალნი და გმირი ჟურნალისტი [ანა] პოლიტკოვსკაია, რომლებიც არასდროს უნდა დავივიწყოთ. ეს ყველაფერი უსაფრთხოების სამსახურებმა გააკეთეს.
ამიტომ არ მჯერა, რომ პუტინს რეალური ოპოზიცია ჰყავს. თუ ის თანამდებობიდან წავა, მის ადგილს მისივე დანიშნული მემკვიდრე დაიკავებს, სავარაუდოდ, ვინმე „სილოვიკებიდან“ ან „სილოვიკების“ უფრო ფართო წრიდან, მაგალითად, დმიტრი პატრუშევი, ნიკოლაის ვაჟი, რომელიც ვიცე-პრემიერია და ამ შიდა წრეს ეკუთვნის.
მაგრამ, კირილ, თქვენს კითხვაზე პასუხად იმასაც გეტყვით, რომ მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა მათგანი „სილოვიკია“ და თუ პუტინი მემკვიდრეს თავად არ აირჩევს, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ ჩაანაცვლებს მას. დავუშვათ, ხვალ გულის შეტევა დაემართა. ვიცი, რომ ბევრი ამისთვის ლოცულობს და ამას იმედოვნებს, მათ შორის მეც. მკაფიოდ ვამბობ, არავის მოვუწოდებ, პუტინის წინააღმდეგ რამე მოიმოქმედოს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ რაღაც დაემართა: ისევ მაისურის გარეშე თამაშობს თავის ერთ-ერთ ვეფხვთან, როგორც უყვარს, თავს „მაჩოდ“ წარმოაჩენს, და უცებ რამე ემართება.
ამის შემდეგ „სილოვიკები“ შეიკრიბებიან, გადაწყვეტენ, რა უნდა მოხდეს, და აირჩევენ ადამიანს, რომელიც მათ ძალაუფლებას, კორუფციასა და იმ სისტემას შეინარჩუნებს, რომელმაც ისინი გააძლიერა, კირილ. სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, მათ შორის არც უკრაინისა და დასავლეთის მიმართ პოლიტიკა.
ამიტომ, იოლი გამოსავლის იმედი არ უნდა გვქონდეს. გამოსავალი რთულია. ეს უკრაინელებმა ყველაზე უკეთ იციან. ისინი გმირულად იბრძვიან, იტანჯებიან და იხოცებიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად. მათ იციან, რომ მარტივი გამოსავალი არ არსებობს და ბრძოლა უნდა გააგრძელონ. ჩვენ კი მათ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ.
თუ რუსეთს ძლიერად ვუპასუხებთ და უკრაინელებს უფრო მეტი შორი მოქმედების იარაღით მოვამარაგებთ, ეს ომის დასრულების ყველაზე მკაფიო გზა იქნება. უკრაინელებს უნდა შეეძლოთ, დარტყმა მიაყენონ ენერგოსექტორს, ნავთობისა და გაზის იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც „სილოვიკებს“ აფინანსებს. პუტინისა და მისი შიდა წრის სიმდიდრე და მთელი ძალაუფლება ენერგეტიკულ სექტორს ეყრდნობა. ასე დავასრულებთ ამ ომს და ასე შევაჩერებთ მათ ამჟამინდელ ესკალაციას, კირილ.
სამწუხაროდ, მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ომსა და ამ ესკალაციას მხოლოდ რეალური შეკავება დაასრულებს, რომელსაც შედეგი ექნება.



