7 ივნისს დაგეგმილ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. მიმდინარე წელს, ეს ერევანში მეორე ამერიკული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტია მას შემდეგ, რაც თებერვალში სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სტუმრობდა.
რუბიოს ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებებს ინიციატივაზე „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) და კრიტიკულ მინერალებზე, ასევე ქარტიას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ბევრმა წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერად აღიქვა.
ერევანში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ, ფაშინიანს საჯაროდ დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. „ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ, სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის“, დაწერა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth-ზე. „ნიკოლს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას იმაზე დიდ სიმაღლეებამდე ავიყვანთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გავხადოთ (სომხეთი) კვლავ დიდებული — MAGA!“
რუბიოს ვიზიტი მკვეთრად კონტრასტული აღმოჩნდა ფაშინიანის აპრილის მოსკოვურ ვოიაჟთან შედარებით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იგი ცივად მიიღო და ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალისხმევის გამო უარყოფითი შედეგების შესახებ გააფრთხილა.
ფაშინიანმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციით მოვიდა, არჩევნების წინ, სომხეთის საგარეო კურსი მოსკოვისგან მკვეთრ დისტანცირებასა და დასავლეთთან დაახლოებაზე მიმართა.
კრემლი ფსონს ერევანში ხელისუფლების შეცვლაზე დებს და დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა The Insider-ის ინფორმაციით, ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა ჩართო. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეს გეგმა შესაძლოა ჩავარდეს.
ძალთა ბალანსი
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მაისის გამოკითხვის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“ ამომრჩეველთა 32% უჭერს მხარს, რაც მეტია თებერვლის მონაცემთან (24%) შედარებით. კონკურენტები, პრორუსულად განწყობილი ძალები, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც მილიარდერი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, გამოკითხვაში 6% მიიღო — თებერვალში ეს მაჩვენებელი 9% იყო). მას მოსდევს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ — 3%-ით, როგორც მაისში, ისე თებერვალში.
ამასთან, ამომრჩეველთა 23%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პარტიას მისცემს ხმას, ხოლო 21%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი, სამველ მარტიროსიანი Independence Avenue Media-სთან საუბრისას ამბობს, რომ სამი პრორუსული ოპოზიციური პარტია, არსებული უთანხმოების მიუხედავად, არჩევნებში ერთობლივი წარმატების შემთხვევაში კოალიციას შექმნის. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მისი თქმით, „ის ან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ან ძალაუფლებას დაკარგავს“.
ფაშინიანის სასარგებლოდ მუშაობს ძველი პოლიტიკური ელიტის მიმართ ამომრჩევლის დაღლილობა, საზოგადოების აშკარა მოთხოვნა პროდასავლურ კურსზე, ასევე უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით სომხეთის შედარებით სტაბილური მდგომარეობა.
Independence Avenue Media-სთან საუბრისას, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ისკანდარიანი ამბობს, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ფაშინიანის პარტიას ხმების 46–47% სჭირდება. სომხეთის საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით, მისი თქმით, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ საბოლოოდ შესაძლოა საპარლამენტო მანდატების 50%-დან 60%-მდე მიიღოს.
მოსკოვის ფავორიტები და მოკავშირეები
კარაპეტიანი სომხური ოპოზიციის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ცოტა ხნის წინ იქცა. კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი, რომლის ქონებაც Forbes-ის შეფასებით $4,1 მილიარდია, ნიკოლ ფაშინიანს საჯაროდ გასულ წელს, პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე დაუპირისპირდა.
მას შემდეგ, მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ასევე დაიწყო მისი ერთ-ერთი კომპანიის ნაციონალიზაციის პროცედურა. მმართველი ძალა კარაპეტიანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებსა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ახლა იგი შინაპატიმრობაშია, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ერევანში მდებარე საკუთარი სასახლიდან შეზღუდული წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.
კარაპეტიანს, რომელიც ამავდროულად რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეა, არ აქვს უფლება პარლამენტის წევრობისთვის კენჭი იყაროს ან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ფაშინიანმა ეს ვლადიმირ პუტინს აპრილის შეხვედრის დროს შეახსენა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „პრორუსული“ პარტიები და პოლიტიკოსები შეძლებდნენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
აშკარაა, რომ საუბარი სწორედ კარაპეტიანს ეხებოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ეს პოლიტიკოსი პატიმრობაშია — იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მოქალაქეა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთთან კავშირების თემა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. The Insider-ის გამოძიებაზე დაყრდნობით, სომხეთის ხელისუფლებამ კარაპეტიანი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) „საიდუმლო აგენტობაში“ დაადანაშაულა, ხოლო მისი ძმისშვილი ნარეკ კარაპეტიანი, რომელმაც იგი ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის სათავეში შეცვალა, რუსეთის მოქალაქეობის დამალვაში.
„დაპირისპირება ძალიან მწვავეა, პერსონალური სიძულვილის დონეზე“, — ამბობს მარტიროსიანი.
ფაშინიანის ოპონენტები მას „ყარაბაღის ჩაბარებაში“ ადანაშაულებენ — აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და, კერძოდ, რეგიონის სომხური მოსახლეობის დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.
ფაშინიანის მისამართით უფრო უცნაური ბრალდებებიც ისმის. კარაპეტიანი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი „კალუგელ ოლიგარქს“ უწოდებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ სომხეთის მთავრობის მეთაური ჩინეთიდან იმპორტირებულ ჰალუცინოგენურ სოკოებს მოიხმარს. ფაშინიანმა ამ განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საგარეო პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც 2020 წლის ომისა და 2023 წლის სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება დაიწყო.
ფაშინიანი აზერბაიჯანთან სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს, რისთვისაც დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ადრე უკიდურესად არაპოპულარულად ითვლებოდა. მაგალითად, სომხეთმა ახალი ბიომეტრიული პასპორტებიდან გააქრო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე არარატის მთის გამოსახულება; ფაშინიანს სურს ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლაც, რათა დოკუმენტიდან1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება ამოიღოს, სადაც ნახსენებია „მთიან ყარაბაღთან გაერთიანება“ — ეს ბაქოს ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა.
პარალელურად, სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და მუშაობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. მაისში ერევანმა უმასპინძლა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელშიც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. ასევე გაიმართა ევროკავშირი–სომხეთის პირველი სამიტი.
თბილისელი ანალიტიკოსი და მოძრაობა „ჯერ საქართველო“-ს წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სომხეთის ინტეგრაციის პერსპექტივები „დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადთან დაკავშირებით.“
ეს ეხმიანება ფაშინიანის მიერ მარტში ევროპარლამენტში ნათქვამ სიტყვებს, სადაც მან ბრიუსელსა და თბილისს შორის „გაყინულ“ დიალოგს ერევნის ევროპული კურსისთვის „მთავარი პრობლემა“ უწოდა.
IRI-ს მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარდაჭერა გამოკითხულთა 75%-მა გამოუცხადა.
ვაშინგტონის მზარდი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში
სომხეთის გავლით აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ პირველი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გაჩნდა, რომელიც 2020 წლის ომის შემდეგ რუსეთის შუამავლობით იქნა მიღწეული. თუმცა, საბოლოოდ ეს მექანიზმი 2025 წლის აგვისტოში, არა ვლადიმირ პუტინის, არამედ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით გაფორმდა.
ეს მარშრუტი, ისევე როგორც სხვა დაგეგმილი სატრანსპორტო დერეფნები, გვერდს აუვლის როგორც რუსეთს, ისე ირანს.
რუბიოსა და ვენსის ვიზიტებმა, ხაზი გაუსვა სომხეთის და უფრო ფართოდ, რეგიონის მიმართ ვაშინგტონის მზარდ ინტერესს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართული შეხვედრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ფაშინიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„თქვენ, პრემიერ-მინისტრი და მთელი თქვენი გუნდი, სომხეთის უფრო ნათელ და უფრო დამოუკიდებელ მომავალს უკვალავთ გზას“, განაცხადა მან.
ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, თეთრი სახლის კაბინეტის სხდომაზე, სახელმწიფო მდივანმა გვერდით მჯდომ პრეზიდენტს უთხრა, რომ მისმა ძალისხმევამ „სომხეთთან ახალი, შესანიშნავი ურთიერთობა წარმოქმნა, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სტაგნაციაში იყო.“
SECRETARY RUBIO: We signed a critical minerals agreement with Armenia – a reminder of another war President Trump helped settle.
— Department of State (@StateDept) May 27, 2026
We are seeing the emergence of a great new relationship with Armenia that really had grown stagnant for a long period of time. pic.twitter.com/LjreKmSgC4
მოსკოვის ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტები
Independence Avenue Media-სთან საუბრისას, ალექსანდრ ისკანდარიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ასეთი დაახლოება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რუსეთი „უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიად განიხილებოდა.“
თუმცა, ახლა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) სომხეთის მონაწილეობა ფაქტობრივად გაყინულია — ფაშინიანი სამხედრო ბლოკს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, 2021–2022 წლებში სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის წინსვლის დროს.
„უსაფრთხოების საკითხებში ახლა სომხეთი სრულიად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობს“, თქვა ისკანდარიანმა. „პოლიტიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მათ შორის, ევროკავშირის მეშვეობითაც. სომხეთი იარაღს ყიდულობს საფრანგეთსა და ინდოეთში. უსაფრთხოების სფეროში არსებობს თანამშრომლობის სხვა ფორმატებიც, აშშ-სთან და არაერთ სხვა ქვეყანასთან“.
მისი თქმით, „რუსეთის მთავარი ბერკეტი ახლა ეკონომიკურია — უპირველეს ყოვლისა, ეს არის ენერგორესურსები და გაზის ფასი“.
პუტინისა და ფაშინიანის აპრილის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა ერევნის წინააღმდეგ რამდენიმე ეკონომიკური შეზღუდვა დააწესა: რუსულ ბაზარზე აიკრძალა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“, ყვავილებისა და ალკოჰოლური პროდუქციის ნაწილის მიწოდება.
ამასთან, რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია ზეწოლის მთელი პოტენციალი. მარტიროსიანი სომხეთზე მასშტაბური ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ჰიპოთეტურ სცენარს აღწერს: საზღვრის ჩაკეტვა, ექსპორტის ბლოკირება, გაზის გაძვირება და შრომითი მიგრანტების დეპორტაცია.
ამასთან, რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუყენებია ზეწოლის მთელი პოტენციალი. მარტიროსიანი სომხეთზე მასშტაბური ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ჰიპოთეტურ სცენარს აღწერს: საზღვრის ჩაკეტვა, ექსპორტის ბლოკირება, გაზის გაძვირება და შრომითი მიგრანტების დეპორტაცია.
თუმცა, ასეთი ზომები ზიანს მიაყენებდა თავად რუსეთის ეკონომიკასაც, რომელიც ისედაც რთულ პერიოდს გადის.
ჯერჯერობით კი, ფაშინიანის გათვლა იმაზე, რომ სომხებისთვის პროდასავლური ვექტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვისგან მიღებული უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ჩანს, მართლდება.



