პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან დიზელის საწვავზე დადებული შეთანხმება მოსკოვთან დაპირისპირებაში, ამერიკის ლიდერობის შესუსტების რისკს ქმნის და, ამავე დროს, შეერთებული შტატებისთვის მკაფიო სარგებელი არ მოაქვს, ამბობს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ ტეილორი.
„შეერთებული შტატები, ეს ადმინისტრაცია, კარგავს ლიდერობის შესაძლებლობას იმ კოალიციაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავად შექმნა“, ეუბნება Independence Avenue Media-ს ტეილორი, რომელიც 2006-2009 წლებში უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო, ხოლო 2019-2020 წლებში, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, კიევში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. „ამრიგად, ეს აშშ-ის ინტერესებს აზიანებს ისე, რომ შეერთებულ შტატებს სარგებელს არ აძლევს“.
ტეილორი Independence Avenue Media-ს 13 ოქტომბერს ესაუბრა, ტრამპის მიერ შეთანხმების გამოცხადებიდან ოთხი დღის შემდეგ, კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკის, შეთანხმების კანონიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა და ეჭვების ფონზე, შეამცირებდა თუ არა რუსული დიზელი საწვავის ფასს ამერიკელებისთვის.
Reuters-ის ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეთანხმება წარუდგინეს, როგორც მოსკოვის პოზიციის შერბილებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლო გზა. ტეილორის თქმით, სანქციების შემსუბუქება მცდარი მიდგომაა.
„ვფიქრობ, რუსებთან ურთიერთობის გზა პუტინზე ზეწოლაა, რათა მან გააცნობიეროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ამ ომს ვერ მოიგებს და მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს“, ამბობს ის.
ინტერვიუ ჩაიწერა მაშინ, როდესაც უკრაინა და მისი მოკავშირეები ტრამპის ცალკე განცხადებასაც აფასებდნენ, რომელიც ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას ეხებოდა. 12-დან 13 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სხვა სამიზნეებზე თავდასხმები გაგრძელდა. კრემლი კი აცხადებდა, რომ ენერგოსექტორზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
ზამთრის მოახლოების ფონზე, ტეილორი ხედავს შესაძლებლობას, მიღწეულ იქნეს შეთანხმება, რომელიც ორივე ქვეყნის ენერგოობიექტებს დაიცავს. თუმცა, მისი თქმით, საჭიროა მკაფიო პირობები, შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
„ეს მხოლოდ განცხადების დონეზე ვერ დარჩება“, ამბობს ის.
კითხვები გაჩნდა უკრაინისადმი ამერიკული მხარდაჭერის შესახებაც მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევზე რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის წინ უკრაინას პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ თქვა, რომ აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება გრძელდებოდა, გაფრთხილების დაგვიანება კი რუსეთის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ შეიარაღებას დაუკავშირა. ზელენსკის არ უთქვამს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად შეწყდა. ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმაც სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ უზიარებდა.
Independence Avenue Media-სთან საუბრისას, ტეილორმა ამ თანამშრომლობას „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისი უფრო ფართო რჩევაა, კიევმა ვაშინგტონთან თანამშრომლობა შეინარჩუნოს, პარალელურად, საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები განავითაროს და ევროპასთან თანამშრომლობა გააფართოოს.
„ამერიკელებთან ითანამშრომლონ იმ იმედითა და მოლოდინით, რომ დახმარება გაგრძელდება ან გაიზრდება“, ამბობს ის. „მაგრამ, ამას ნუ დაეყრდნობიან“.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 13 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: ელჩო ტეილორ, ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიზელზე შეთანხმებას მიაღწია. ამ პერიოდში ვნახეთ კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკა, ენერგეტიკის ექსპერტების კითხვები იმის შესახებ, შეამცირებს თუ არა შეთანხმება ფასებს ამერიკელებისთვის, ასევე უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება. ასეთი წინააღმდეგობის ფონზე, თქვენი აზრით, რა უბიძგებს პრეზიდენტს, რუსეთთან ეს შეთანხმება დადოს?
უილიამ ტეილორი, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი: ქართლოს, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებ, რა ხდება პრეზიდენტ ტრამპის თავში. ამას ვერავინ შეძლებს. მაგრამ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მას აქ, შეერთებულ შტატებში, დიზელის საწვავის ფასი აწუხებს. ის ფიქრობს, რომ ამ რუსულ დიზელს ფასის შემცირება შეუძლია. ამიტომ, ამ სანქციებში გამონაკლისი დაუშვა. როგორც თქვენ ამბობთ, ადამიანების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ეს ფასებზე დიდ გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ეს გავლენა მომდევნო რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, რაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ტრამპს აინტერესებს.
შარაშენიძე: წყაროების თანახმად, რომლებიც Reuters-ს ესაუბრნენ, აშშ-ის წარმომადგენლებმა, მაიამიში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინელ ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ დიზელზე შეთანხმებას მოსკოვის პოზიციის შერბილება და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება შეუძლია. მიზანია, აჩვენონ, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის. რამდენად რეალისტურია ეს მიდგომა?
ტეილორი: პრეზიდენტი ტრამპი უკვე ათი წელია, რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ამიტომ, მისი მზადყოფნა ახალი ამბავი არ არის. ვფიქრობ, ეს შეცდომაა. ვფიქრობ, რუსებთან ურთიერთობის გზა ძალის დემონსტრირება და პუტინზე ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური ზეწოლაა.
ვფიქრობ, რუსებთან ურთიერთობის გზა პუტინზე ზეწოლაა, რათა მან გააცნობიეროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ამ ომს ვერ მოიგებს და მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს. ამიტომ, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი შეცდომას უშვებს, როდესაც დიზელის საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებულ სანქციებში გამონაკლისს უშვებს.
შარაშენიძე: თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები ამ შეთანხმების გარშემო? სენატორები ორივე პარტიიდან ამბობენ, რომ ის აშშ-ის კანონს ეწინააღმდეგება, ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ შეთანხმება კანონიერია. შეიძლება ამ წინააღმდეგობამ აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტი შეაფერხოს?
ტეილორი: სამწუხაროდ, უპირველესად, კონგრესი ამჟამად სხდომებს არ მართავს. თუმცა, ქართლოს, სხდომებიც რომ მიმდინარეობდეს, ჩემთვის ნათელი არ არის, რისი გაკეთება შეუძლიათ, თუნდაც მართლაც ასე იყოს და ადმინისტრაციის მიერ სანქციებში დაშვებული ეს გამონაკლისი აშშ-ის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს. ალბათ, შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ. შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. როგორც ვიცით, სასამართლოები ნელა მუშაობენ. ამასობაში კი, თუ სასამართლო ამკრძალავ განჩინებას არ გამოსცემს, თუ რომელიმე მოსამართლე კონგრესის წევრების მიერ შეტანილი ამ სარჩელის საფუძველზე ადმინისტრაციას [შეჩერებას] არ დაავალებს, ადმინისტრაცია ამ გამონაკლისების გამოყენებას გააგრძელებს.
სინამდვილეში, სულაც არ არის ნათელი, შეუძლიათ თუ არა რუსებს დიდი მოცულობით დიზელის საწვავის ექსპორტი. სირთულეები არსებობს. ამ საკითხის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან, ამბობენ, რომ ეს ადვილი არ არის. იქნება დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. იქნება გადაზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები. გადაზიდვის ხარჯებიც გაიზრდება, რაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამ გარიგებებით მოგების მიღებას გაურთულებს.
როგორც ვიცით, ქართლოს, უკრაინული დრონები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ძლიერ დარტყმებს აყენებდნენ. ზოგიერთი შეფასებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 51% ნებისმიერ მოცემულ მომენტში არ მუშაობს. რამდენადაც ვიცი, ბოლო სამი დღეა, უკრაინელებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ მიუტანიათ იმ იმედით, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლას მოახდენდა, რათა მას ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება დაეცვა. ჯერჯერობით რუსებს ეს შეთანხმება არ დაუცავთ.
ასე რომ, ნათელი არ არის, არსებობს თუ არა რამე, რაც სანქციებში ამ გამონაკლისს და, შესაბამისად, რუსული საწვავის ამ მოცულობების იმპორტის მცდელობას შეაფერხებს.
შარაშენიძე: ბატონო ელჩო, რა შეიძლება იყოს ამ შეთანხმების ყველაზე საზიანო ეფექტი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ აშშ-ის ინტერესებისთვისაც?
ტეილორი: რუსეთის წინააღმდეგ [აშშ-ის] იმ სანქციებში გამონაკლისის დაშვება, რომელთა დაწესების შესახებ კანონებს თავად პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი — მათგან ბოლო გრემის კანონპროექტი იყო; გარდა ამისა, ერთი წლის წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, პრეზიდენტი ტრამპი ევროპელებს რუსული ნავთობის ყიდვის გამო საყვედურობდა. ამას ის ახლაც აკეთებს. ეს შეერთებულ შტატებს, სულ მცირე, ამ ადმინისტრაციას, ფარისევლობისა და ლიდერობის ნაკლებობის ბრალდებების წინაშე აყენებს. შეერთებული შტატები, ეს ადმინისტრაცია, კარგავს ლიდერობის შესაძლებლობას იმ კოალიციაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავად შექმნა. ამრიგად, ეს აშშ-ის ინტერესებს აზიანებს ისე, რომ შეერთებულ შტატებს სარგებელს არ აძლევს.
შარაშენიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ეს შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი იყო და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა — პრეზიდენტის ამ არგუმენტს საფუძველი აქვს?
ტეილორი: რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპელები 2022 წლიდან ნავთობს ყიდულობენ. ის არ ახსენებს, რამდენად მკვეთრად შეამცირეს ევროპელებმა ეს შესყიდვები დიდი სირთულეებისა და დანახარჯების ფასად. ეს ევროპელებისთვის ძვირია. იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების შემცირება მათ ძვირი უჯდებათ. მაგრამ, ევროპელებმა ეს გააკეთეს. შესყიდვები სრულად არ შეუწყვეტიათ, თუმცა მათი მოცულობა მკვეთრად შემცირდა.
დარჩენილი შესყიდვების უმეტესობას უნგრეთი ან ბულგარეთი ახორციელებს და, დიდწილად, არა ევროკავშირის სხვა ქვეყნები.
თუმცა პრეზიდენტი მართალია, რომ ევროპაში რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველები კვლავ არიან. მათ ეს უნდა შეწყვიტონ. ევროკავშირი ამისთვის ზომებს იღებს. მაგრამ, ეს არ ამართლებს შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შეცვლას.
შარაშენიძე: ახლახან, ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ თითქმის 1600 პირსა და კომპანიას. რამდენად ძლიერი ზეწოლის მოხდენა შეუძლია ამ ნაბიჯს მოსკოვზე?
ტეილორი: ქართლოს, ეს ზეწოლა თანდათან გროვდება. ეს, თუ არ ვცდები, ევროპელების მიერ მიღებული 22-ე პაკეტია და ყველაზე მასშტაბურიც. მის ფარგლებში სანქციები კიდევ თითქმის 1600 პირს დაუწესდა. ეს ემატება ყველა წინა პაკეტს, რომლის ანალოგიური სანქციებიც შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა დაწესებული.
შეერთებული შტატები სანქციებს ევროპელებთან კოორდინაციით აწესებდა და ამ სანქციების ერთობლივმა მოქმედებამ რუსეთის ეკონომიკა უდავოდ დააზიანა. ამ სანქციების შედეგად, ირანის ომის დაწყებამდე, რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან განახევრდა. რა თქმა უნდა, ირანის ომმა ნავთობის ფასი გაზარდა და რუსებმა ამით ისარგებლეს.
მაგრამ, მთავარი ის არის, რომ სანქციები შედეგს იძლევა. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის წარმოებასა და „ჩრდილოვან ფლოტზე“ დაწესებული სანქციები, ყველა ერთად, რუსეთს ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას უმცირებს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსებს ნაკლები ფული რჩებათ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.
შარაშენიძე: ზამთრის მოახლოების ფონზე, რამდენად რეალურია ენერგოობიექტებზე თავდასხმების ხანგრძლივად შეწყვეტა? დღეს ვრცელდება ცნობები, რომ ღამის განმავლობაში რუსეთს უკრაინის არცერთ ენერგოობიექტზე დარტყმა არ განუხორცელებია, თუმცა კრემლი ამბობს, რომ ამ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეიძლება ეს ენერგოობიექტებზე ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის დასაწყისი იყოს? ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
ტეილორი: ქართლოს, ვფიქრობ, შესაძლებელია, ორივე მხარემ გააცნობიეროს, რომ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის სავალდებულო იქნება, მის ინტერესებშია. ვფიქრობ, ეს ორივეს ინტერესებშია, ასე რომ, ინტერესი არსებობს.
ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ მიუტანიათ. თუ რუსებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმები შეწყვიტეს, ეს კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე დგამს ნაბიჯებს, რომლითაც აჩვენებს, რომ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხმება დადოს. ეს იმედისმომცემია.
ეს მხოლოდ განცხადების დონეზე ვერ დარჩება. მათ უნდა შეათანხმონ მკაფიო პირობები, შესრულების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მკაფიო მექანიზმები, რომლებიც ორივე მხარეს დაარწმუნებს, რომ მეორე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იცავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ, თუ ეს მოხდება, ორივე მხარისთვის ძალიან კარგი იქნება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ზამთრის მოახლოების ფონზე, უკრაინელებისთვის ეს აშკარად კარგი იქნება.
შარაშენიძე: ყველა ამ მოვლენის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ აშშ-უკრაინის ურთიერთობების მომავალს? უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ უზიარებს. რამდენად საიმედოა ეს მხარდაჭერა და რამდენად უზრუნველყოფილია უკრაინის წვდომა ამერიკულ აღჭურვილობაზე, რომლის საფასურსაც მისი ევროპელი მოკავშირეები იხდიან?
ტეილორი: როგორც იცით და როგორც თავად თქვით, ქართლოს, შეერთებული შტატების პირდაპირი დახმარება უკრაინისთვის მკვეთრად არის შემცირებული. მკვეთრად. წინა ადმინისტრაციასთან შედარებით, ალბათ, 95%-ით. ასე რომ, აღარ არის იარაღის პირდაპირი მიწოდება, დაფინანსება და დიპლომატიური მხარდაჭერა. ეს ყველაფერი მკვეთრად არის შემცირებული. თქვენ აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე მკითხეთ. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს უკრაინაზე ზემოქმედების გაცილებით ნაკლები ბერკეტი და გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს. ამიტომ, უკრაინას მეტი მოქნილობა და მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს, რათა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აშკარად მის ინტერესებშია.
თქვენ ახსენეთ სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რაც, როგორც ჩანს, გრძელდება და ეს კარგია. ეს ძალიან კარგია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უკრაინელებს შეერთებული შტატებისგან მეტი მხარდაჭერა სურთ. ვფიქრობ, მათ მეტი სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა სურთ. ვფიქრობ, ეს სურთ, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინელები სრულიად საფუძვლიანად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამას ვერ დაეყრდნობიან.
მათ ესმით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, მისცეს ლიცენზიები, რათა თავად Patriot-ის რაკეტები აწარმოონ. მაგრამ, მეორე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „თუმცა, შეიძლება, არც მივცეთ“, და ლიცენზიები ჯერაც არ მიუღიათ. როგორც თქვენ ამბობთ, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის ურთიერთობა ზელენსკისთან ხან უმჯობესდება, ხან უარესდება. ხოლო ის, რაც ასეთ მერყეობას არ განიცდის, პუტინთან მისი ურთიერთობაა. ეს ურთიერთობა მუდმივად მაღალ დონეზე რჩება.
ეს არავის ესმის. არავის ესმის, რატომ აქვს პრეზიდენტ ტრამპს ასეთი ურთიერთობა ამ დიქტატორთან, რომელსაც ომის დანაშაულებში ბრალი აქვს წაყენებული. ეს არავის ესმის, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეა. ზელენსკისთან ურთიერთობა ხან უმჯობესდება, ხან უარესდება, პუტინთან კი მუდმივად მაღალ დონეზე რჩება.
შარაშენიძე: რა არჩევანი აქვს უკრაინას ამ ვითარებაში, სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრისით? რას ურჩევდით უკრაინის მთავრობას?
ტეილორი: პარალელურად ორი მიმართულებით იმოქმედონ. ანუ ამერიკელებთან ითანამშრომლონ. დიალოგი დემონსტრაციულად არ შეწყვიტონ. ამერიკელებთან ითანამშრომლონ იმ იმედით, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება იქ, სადაც ახლა არსებობს, და იმ იმედით, რომ ის გაიზრდება, ადრინდელ დონეს დაუბრუნდება ან გარკვეულწილად მაინც აღდგება. ამ იმედის საფუძველი ის არის, რომ ამ მიდგომას დიდი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში, სენატში, წარმომადგენელთა პალატასა და ამერიკელ ხალხში. ამას დიდი მხარდაჭერა აქვს.
ამიტომ, უკრაინელებმა ამერიკელებთან და აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. მაგრამ, რადგან, როგორც ახლახან ვთქვით, ამ ადმინისტრაციის მხარდაჭერას ვერ დაეყრდნობიან, პარალელურად უნდა განახორციელონ სათადარიგო გეგმა. ეს ნიშნავს, მოემზადონ იმ დროისთვის, როდესაც შეერთებული შტატები მათ გვერდით არ იქნება, როგორც ეს ახლა ხდება.
ამიტომ, განავითარონ საკუთარი, უკრაინული შესაძლებლობები. მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროპელებთან. გააფართოონ მათთან თანამშრომლობა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ევროპულ მთავრობებთან იმუშაონ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში. უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საქმიანობის გასაუმჯობესებლად გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული.
შარაშენიძე: ხედავთ, რომ ევროპელი მოკავშირეებიც იმავე მიდგომას იყენებენ აშშ-ის მიმართ? და განა ამას ისედაც არ უნდა აკეთებდნენ?
ტეილორი: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად.
იმ მიდგომას, რომელიც უკრაინელებისთვის ახლახან აღვწერე, ევროპელები უკვე იყენებენ და, სხვათა შორის, კანადელებიც. მათაც სურთ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა. სურთ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მხარი დაუჭიროს. სურთ შეერთებულ შტატებთან კარგი სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ ამას ვერ დაეყრდნობიან. ვერ დაეყრდნობიან.
ამიტომ, ისინიც პარალელურად ახორციელებენ საკუთარ სათადარიგო გეგმას, რაც შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს. ამას ორივეს ერთდროულად აკეთებენ, ისევე, როგორც უკრაინელები.
შარაშენიძე: პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინამ არჩევნების ჩატარება შეძლოს და რამდენად რეალურია ეს, სანამ ომი მიმდინარეობს? პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, თუ ცეცხლი ორი თვით შეწყდება.
ტეილორი: უპირველესად, ქართლოს, უკრაინელები თავად წყვეტენ, ვინ იქნება მათი პრეზიდენტი. ვინ უნდა უხელმძღვანელოს უკრაინას, ეს არცერთი უცხოელის, მათ შორის, არც შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის. ამიტომ, უპირველესად, ამ საკითხში პრეზიდენტ ტრამპის კომენტარები არარელევანტურია.
მეორე: პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებმა, ალბათ, უკრაინელებს შორის ზელენსკის მხარდაჭერა გაზარდა. წინა ჯერზეც ასე მოხდა, წელიწად-ნახევრის წინ, ოვალურ კაბინეტში მომხდარი კატასტროფული დაპირისპირების შემდეგ. ზელენსკის მხარდაჭერა გაიზარდა. ვფიქრობ, ეს ისევ მოხდება. ალბათ, ახლაც უკვე ხდება და პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გაზრდილია. უკრაინაში, უკრაინელებს შორის, მისი მხარდაჭერა იზრდება და უკვე გაზრდილიც არის.
მესამე: როგორც თქვენ ამბობთ, არჩევნებს ვერ ჩაატარებთ, როდესაც თქვენს ქვეყანას ყოველდღე და ყოველ ღამე ბომბავენ და თქვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არიან. ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. სამართლებრივადაც, როგორც იცით, კონსტიტუცია არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის დროს კრძალავს. ომის დროს კი საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ამიტომ არჩევნები არ ჩატარდება. არ ჩატარდება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი რამ თქვა. მან თქვა: „ნახეთ, ჩვენ არჩევნებისთვის მზად ვართ. არჩევნების ჩატარებას მოუთმენლად ველოდებით. არჩევნები უნდა ჩავატაროთ. მაგრამ, ყველა იმ მიზეზის გამო, რომლებიც ახლახან ჩამოვთვალე, ახლა ამას ვერ გავაკეთებთ. თუმცა, თუ რუსები ჩვენს დაბომბვას შეწყვეტენ, თუ ჩვენზე თავდასხმებს შეწყვეტენ, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე საარჩევნო უბნებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ რუსები ამას 60 დღით შეწყვეტენ, დიახ, მაშინ არჩევნების ჩატარებას შევძლებთ და უკრაინა ამისთვის მზად არის.“ უკრაინას არჩევნების ჩატარება ძალიან სურს. ძალიან სურს ცეცხლის შეწყვეტა 60 დღით ან მეტით, სასურველია, მეტით. მას ეს სურს. მაგრამ, თუ ეს არ მოხდება, არჩევნები არ ჩატარდება.
შარაშენიძე: შავ ზღვაში ბოლო მოვლენების შესახებ — დღეს დილით ბულგარეთის სანაპიროსთან ორ სავაჭრო გემს დრონები დაესხა თავს და ერთ-ერთი ჩაიძირა. უკრაინა ამბობს, რომ პასუხისმგებელი რუსეთია. ვნახეთ ევროკავშირის განცხადებებიც ამ თავდასხმებზე. რა უნდა გააკეთოს აშშ-მა და ნატომ შავ ზღვაში ნაოსნობის დასაცავად და უფრო ფართოდ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
ტეილორი: აშშ-მა და ნატოს სხვა წევრებმა თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების არეალი შავი ზღვის სივრცისა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში უნდა გააფართოონ. როდესაც ნატო ხედავს საფრთხეს, საჰაერო საფრთხეს, ან, ზოგადად, ნებისმიერ საფრთხეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰაერიდან მომავალ საფრთხეს, რუსეთის რაკეტების, დრონებისა და თვითმფრინავებისგან, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით ნატოს ტერიტორიისკენ მიემართებიან, ნატოს მოკავშირეებმა წინწაწეული თავდაცვის მიდგომა უნდა გამოიყენონ.
როდესაც ხედავენ, რომ ეს საფრთხეები მათკენ მიემართება და ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეშია, უნდა ჩამოაგდონ. ცეცხლი უნდა გაუხსნან. უნდა გაანადგურონ. და ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ეს ახალი პოლიტიკა იქნება. შემდეგ კი ეს პოლიტიკა უნდა განახორციელონ.
მაშინ რუსები ამ დრონებით ვეღარ შეძლებენ თავდასხმას ბულგარულ გემებზე, პოლონეთსა თუ გერმანიაზე. როდესაც ეს საფრთხეები უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით მოემართება, ნატომ მოწინავე თავდაცვის მიდგომა უნდა გამოიყენოს და მათ მოწინავე პოზიციებზე დაუპირისპირდეს.



