პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ლიმანთან მიმდინარე რამდენიმეთვიანი კონტრშეტევის მეოთხე და დასკვნით ეტაპზეა. ოპერაციის მიზანია, ჩაშალოს რუსეთის მცდელობა, ალყა შემოარტყას „ციხესიმაგრეების სარტყელს“, დონეცკის ოლქის სამრეწველო ქალაქების ჯაჭვს, რომელიც დონბასის დაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
უკრაინის განცხადებით, გასულ კვირას მან რამდენიმე სოფელზე, მათ შორის დასახლებულ პუნქტ ნოვეზე, კონტროლი აღადგინა. ნოვე რუსეთის ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენდა. უკრაინის მესამე საარმიო კორპუსის ცნობით, მესამე ეტაპზე, დაახლოებით, 2 000 რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა, 250 კი ტყვედ აიყვანეს.
30 სექტემბერს ზელენსკი ლიმანის ფრონტზე სამხედრო მეთაურებს ეწვია.
უკრაინამ კამპანიის შესახებ 15 სექტემბერს განაცხადა, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო ბლოგერებმა და დასავლელმა ღია წყაროების ანალიტიკოსებმა მისი ნიშნების შემჩნევა დაიწყეს. სახელწოდება „ოპერაცია ვივალდი“ „წელიწადის ოთხ დროს“ უკავშირდება: თითოეული სეზონი ოპერაციის ოთხი ეტაპიდან ერთს შეესაბამება.
კრემლის საბოლოო მიზანი მთელი დონბასის ოკუპაციაა. ამისთვის გადამწყვეტია უკრაინის „ციხესიმაგრეების სარტყლის“ ხელში ჩაგდება, რომელშიც სლოვიანსკი, კრამატორსკი, დრუჟკივკა და კოსტიანტინივკა შედის.
ღია წყაროების ანალიტიკოსმა კლემან მოლენმა, რომელმაც კონტრშეტევის ნიშნები პირველად ივნისში შენიშნა, Independence Avenue Media-ს განუცხადა: „ამ შეტევას ფრონტის ტაქტიკურ დონეზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მთლიანად შეაჩერა რუსეთის მცდელობა, დონბასისთვის ჩრდილოეთიდან ალყა შემოერტყა და ლიმანსა და სლოვიანსკს დრო მოაგებინა“.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები კრემლს, არაერთხელ, თავიანთი წინსვლის მეტისმეტად ოპტიმისტურ სურათს აწვდიდნენ. თუმცა, უკრაინის კონტრშეტევის გაგრძელებამ, რომელიც ძირითადად ქალაქ ლიმანის გარშემო მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა სხვაობა მოსკოვის განცხადებებსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის.
კიევი აცხადებს, რომ დაახლოებით 176 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. მოლენის შეფასებით, უკრაინამ სულ მცირე 150 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა, რაც დამოუკიდებლად შეიძლება დადასტურდეს, თუმცა საერთო მაჩვენებელი შესაძლოა 200 კვადრატულ კილომეტრს უახლოვდებოდეს. მისი თქმით, ოპერაციული უსაფრთხოების გამო, ზოგი დამატებითი წინსვლა შესაძლოა ჯერ კიდევ დაფარული რჩებოდეს.
ზელენსკიმ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგმა, ამ დროისთვის, თითქმის 11 000 სამხედრო შეადგინა.
რუსეთის ძალები ერთ წელზე ბევრად მეტი ხნის განმავლობაში მიიწევდნენ ლიმანისკენ, თუმცა ოპერაცია „ვივალდის“ შედეგად მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინამ რამდენიმე თვეში დაიბრუნა. ეს ასუსტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია.
მტრის იზოლირება
ოპერაციის საწყის ეტაპზე მესამე საარმიო კორპუსმა რამდენიმე თვე ფრონტის სტაბილიზაციასა და რუსეთის ძალების შეღწევის ტაქტიკის შეჩერებას დაუთმო. შემდეგ უკრაინულმა ძალებმა დასუსტებული დანაყოფების აღდგენა, მართვის სტრუქტურების გაუმჯობესება, დრონების მარაგის შექმნა და დაზვერვისა და დარტყმის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება დაიწყეს.
ამის შემდეგ უკრაინა შეტევაზე გადავიდა.
უკრაინამ, საშუალო მანძილიდან დარტყმებით, მომარაგების გზები მიზანში ამოიღო, რათა ფრონტის ხაზზე მყოფი რუსი სამხედროები იზოლაციაში მოექცია.
უკრაინის მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სამხედრო დმიტრომ, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული, Independence Avenue Media-ს განუცხადა: „მტრის ლოგისტიკის ძირითადი ნაწილი გადასასვლელებზე გადის. ვინც გადასასვლელებს აკონტროლებს, ის ქვეითებსაც აკონტროლებს“.
მისი თქმით, უკრაინული ძალები გვერდს უვლიდნენ ტყიან ტერიტორიებს და რუსული პოზიციების მომარაგების გზებს ჭრიდნენ. შემდეგ, სამხედროების იზოლირების მიზნით, ისინი დიდ რუსულ დრონებს იღებდნენ მიზანში, რომლებიც ფრონტის ხაზზე საკვებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას ცდილობდნენ.
დმიტრო ამბობს: „მტრის ქვეითებს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი აღარავის სჭირდება და დახმარება ან მხარდაჭერა არ მოვა. მათი საბრძოლო სულისკვეთება ძალიან ეცემა, ჩვენ კი წინ მივიწევთ. შემდეგ ისინი ნებდებიან ან გაქცევას იწყებენ“.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, მძიმე დანაკარგების შემდეგ უკან დახევა რუსეთის დრონების ელიტურ დანაყოფ „რუბიკონსაც“ მოუწია. ამასთან, რადგან რუსი მეთაურები საკუთარ წინსვლაზე ანგარიშებს აყალბებდნენ, სავარაუდოდ, რუსეთის სარდლობამ პოზიციების გასაძლიერებლად დამატებითი ძალები არ გაგზავნა. ამან უკრაინას სუსტად დაცულ ხაზებზე წინსვლის გაგრძელების საშუალება მისცა.
უფრო „მომწიფებული“ სამხედრო ძალა
ავსტრალიის არმიის თადარიგის გენერალ-მაიორმა მიკ რაიანმა Independence Avenue Media-ს განუცხადა, რომ შეტევამ აჩვენა, როგორ სულ უფრო დახელოვნებულად იყენებენ კიევის ძალები დრონებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და სახმელეთო რობოტებს, კონვენციურ ძალებთან ერთად.
რაიანის თქმით, „უკრაინელებმა იპოვეს გზა, დრონების ოპერაციები უფრო ფართო საერთო-საჯარისო მოქმედებებში უკეთ ჩართონ. ეს გონივრული მიდგომაა: ისინი ცდილობენ განსაზღვრონ, როგორ შეიძლება საჰაერო და სახმელეთო დრონების უკეთ ინტეგრირება საერთო-საჯარისო ტაქტიკის უფრო ძველ პრინციპებთან“.
ფრონტზე რობოტები სულ უფრო ხშირად ეზიდებიან საბრძოლო მასალასა და სხვა მარაგებს პოზიციებამდე და დაჭრილი სამხედროები გამოჰყავთ, რაც რუსეთის დრონების საფრთხის ქვეშ მყოფი სამხედროების რაოდენობას ამცირებს. ზოგი რობოტი შეიარაღებულია და რუსული პოზიციების წინააღმდეგ იგზავნება. დმიტროს თქმით, სხვებს რუსეთის ხაზების მიღმა, 10 კილომეტრამდე სიღრმეში, ჩასაფრებების მოსაწყობად იყენებდნენ.
დმიტროს თქმით, „უპილოტო საფრენი აპარატები და სახმელეთო რობოტები ახლა, ალბათ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეითების მხარდაჭერაში და ზოგიერთ ამოცანაში მათ ჩანაცვლებაშიც კი“.
უკრაინულმა ძალებმა ასევე შექმნეს ის, რასაც მესამე საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილემ მაქსიმ ჟორინმა რადიოელექტრონული ბრძოლის „ფარდა“ უწოდა. ის გარკვეულ ტერიტორიებზე რუსეთის სადაზვერვო დრონების შეღწევას უშლის ხელს და უკრაინული ძალების გადაადგილების დაფარვას ეხმარება.
მესამე კორპუსის ცნობით, მისმა „თავდაცვითმა გუმბათმა“, რომელიც რადიოელექტრონული ბრძოლის სხვადასხვა სისტემას აერთიანებს, ოპერაციის განმავლობაში, დაახლოებით, 20 000 რუსული დრონი გაანეიტრალა.
უკრაინული ძალები რადიოელექტრონული ბრძოლის მოქმედების არეალს აფართოებს, რათა რუსულ სადაზვერვო დრონებს დაკვირვების უნარი დაუბლოკონ. ამავე დროს, მძიმე ბომბდამშენი დრონებით უპილოტო სახმელეთო აპარატები რუსეთის ხაზების მიღმა გადააქვთ, რათა მათ რუსეთის ძალების ზურგში მდებარე სამიზნეებს შეუტიონ. ეს აპარატები განაღმვისთვისაც გამოიყენეს, რათა ტერიტორია შეტევითი ოპერაციებისთვის მოემზადებინათ.
Defense Tech for Ukraine-ის პრეზიდენტმა ჯონათან ლიპერტმა Independence Avenue Media-ს განუცხადა: „ამ ოპერაციაში განსაკუთრებით გამოირჩევა მესამე კორპუსის მრავალ დანაყოფს შორის წარმატებული კოორდინაციის მაღალი დონე“.
თუმცა, ეს ტექნოლოგიური უპირატესობა მუდმივი არ არის. დმიტროს თქმით, სახმელეთო რობოტების რუსული დრონებისგან დაცვა კვლავ რთულია, ხოლო ორივე მხარე ბრძოლის ველზე წარმატებულ ინოვაციებს სწრაფად ითვისებს და იმეორებს. დმიტრო ამბობობს — „მტერი მოხერხებულია და ჩვენგან სწავლობს, ისევე როგორც ჩვენ ვსწავლობთ მისგან“.



