უსაფრთხოების საკითხების უკრაინელი ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმ ყურადღებისა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების კიევში ბოლო ვიზიტს დაეთმო, უკრაინის თავდაცვის უნარს ახლა, დიდწილად, ევროპის მხარდაჭერა და ომის ოთხნახევარი წლის განმავლობაში თავად უკრაინელების მიერ დანერგილი ინოვაციები ინარჩუნებს.
„ევროპამ პასუხისმგებლობა იტვირთა და ეს სათანადოდ უნდა დავუფასოთ“, უთხრა Independence Avenue-ს მიკოლა ბელიესკოვმა, უკრაინის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა.
„როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ევროპა ძალიან მკაცრი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას და დახმარების მოცულობას გაზრდიდა, ან უკრაინას მარტო დატოვებდა. ამ შემთხვევაში უკრაინა დამარცხდებოდა, ევროპას კი რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება მოუმზადებლად მოუწევდა. ევროპა ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. იქ ესმით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მათსავე ეგოისტურ ინტერესშია, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ტრამპთან საჯარო დაპირისპირება არ ჰქონდეთ“, ამბობს მკვლევარი.
ბელიესკოვის თქმით, რომელიც ასევე უკრაინული საქველმოქმედო ფონდის Come Back Alive-ის უფროსი ანალიტიკოსია, უკრაინამ, უშუალოდ ბრძოლის ველზე, რუსეთის წინსვლის შეკავება ომის წარმოებაში საკუთარი „რევოლუციის“ მეშვეობით შეძლო. ეს „რევოლუცია“ რობოტიკის, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში ინოვაციებს მოიცავს.
თუმცა, ბელიესკოვი ამბობს, რომ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, კიევში ვიზიტს ტაქტიკური სარგებელი ჰქონდა: ვიზიტმა აჩვენა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა ვაშინგტონი დაარწმუნა, მოლაპარაკებების მიმართ „უფრო დაბალანსებული მიდგომა“ აერჩია. მანამდე წარმომადგენლები მხოლოდ მოსკოვში ჩადიოდნენ.
„2025 წელს ორმაგ ზეწოლას ვხედავდით, როდესაც რუსეთიც და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატებიც უკრაინისგან დიდ დათმობას მოელოდნენ. ახლა მიდგომა უფრო დაბალანსებულია“, ამბობს ის. „ჩვენი ოფიციალური პირები ამას არ აღიარებენ, მათ ამ თამაშში მონაწილეობა უწევთ. ამ პროცესში ჩართულობის მთავარი მიზანია, ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო პროცესში არ დაგვანაშაულონ, როგორც ხელის შემშლელი მხარე.“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა წარმომადგენლების მცდელობას, იპოვონ გზა „მდგრადი მშვიდობისკენ“. წარმომადგენლებმა კიევში გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მათ შეხვედრას მოჰყვა, „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდეს.
Independence Avenue Media-სთან კიევში გამართულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც საჰაერო განგაშის სიგნალებმა შეაფერხა, ბელიესკოვი იცავს უკრაინელების უფლებას — საპროტესტო აქციები ომის დროსაც გამართონ.
„ჩვენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიბრძვით“, ამბობს ის. „როდესაც ზელენსკი საზღვარგარეთ უკრაინის პოზიციას იცავს, მას მხარს უჭერენ, როგორც მაშინ, როდესაც თეთრ სახლში მკაცრად გააკრიტიკეს. როდესაც ის საკამათო ნაბიჯებს დგამს, აკრიტიკებენ და ზეწოლას ახდენენ, რომ სწორად მოიქცეს.“
ინტერვიუ ჩაწერილია 9 სექტემბერს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: ჩვენ ვესაუბრებით მიკოლა ბელიესკოვს, საქველმოქმედო ორგანიზაცია Come Back Alive-ის უფროს ანალიტიკოსს [ორგანიზაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება]. ის ასევე არის უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, კიევში იმყოფებოდნენ, მას შემდეგ, რაც კრემლში შეხვედრები გამართეს. თქვენი გადმოსახედიდან, როგორ მიიღეს უკრაინაში კუშნერისა და უიტკოფის ეს ვიზიტი?
მიკოლა ბელიესკოვი, უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი და Come Back Alive-ის უფროსი ანალიტიკოსი: უპირველეს ყოვლისა, ეს კიევში იმ ორი ადამიანის პირველი ვიზიტი იყო, რომლებსაც დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „შატლის დიპლომატიის“ წარმოება დაავალა.
დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული სამშვიდობო პროცესი უკვე თითქმის 18 თვეა გრძელდება და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეს ორი ადამიანი კიევს ეწვია. გასულ წელს უიტკოფი, ჩვეულებრივ, მოსკოვში ჩადიოდა და იქ წამოყენებული გარკვეული მოთხოვნები ვაშინგტონში მიჰქონდა. შემდეგ კი ვიხილეთ კიევზე ზეწოლის კამპანიის რამდენიმე ეტაპი, რათა ჩვენთვის მიუღებელ დათმობებზე დავეყოლიებინეთ.
ახლა უფრო დაბალანსებულ მიდგომას ვხედავთ. ეს ირიბი აღიარებაა იმისა, რომ 2025 წლისგან განსხვავებით, უკრაინამ ფრონტის ხაზზე ვითარების გაუმჯობესება შეძლო. ახლა ნაკლებ ტერიტორიას ვკარგავთ, ვიდრე 2024 წელს ვკარგავდით. რუსეთის წინსვლის ფასი გაიზარდა. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების კამპანია, სტრატეგიული დაბომბვის კამპანია, სერიოზულად დავიწყეთ. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი იძულებული არიან, უკრაინას ანგარიში გაუწიონ და მისი პოზიცია გაითვალისწინონ.
2025 წელს ორმაგ ზეწოლას ვხედავდით, როდესაც რუსეთიც და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატებიც, უკრაინისგან დიდ დათმობას მოელოდნენ. ახლა მიდგომა უფრო დაბალანსებულია.
მაგრამ, სხვა მხრივ, ეს დიპლომატიური პროცესი ისე არ არის მოწყობილი, რომ შედეგი მოიტანოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ოფიციალური პირები ამას არ აღიარებენ, მათ ამ თამაშში მონაწილეობა უწევთ. ამ პროცესში ჩართულობის მთავარი მიზანია, ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო პროცესში, არ დაგვანაშაულონ, როგორც ხელის შემშლელი მხარე.
მაგრამ, კიევში ხალხს არ აქვს ილუზია ან მოლოდინი, რომ უიტკოფისა და კუშნერის ამ შატლის დიპლომატიისგან, მათი წინ და უკან მიმოსვლისგან, მნიშვნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ. ტრამპის საპრეზიდენტო მეორე ვადის დასაწყისში გარკვეული იმედი არსებობდა, მაგრამ ხალხს ეს იმედი მალევე გაუცრუვდა. გეოპოლიტიკისგან შორს მდგომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი ესმით, რომ შეთანხმების მისაღწევად მხარეთა პოზიციებს შორის, სულ მცირე, გარკვეული თანხვედრა უნდა არსებობდეს.
მაგრამ, უკრაინისა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთთან შეუთავსებელია. ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, ფრონტის ხაზის გაყინვაა, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. ამასთან, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ რუსეთს მოთხოვნები შეემცირებინა და უკრაინის მხრიდან დიდი დათმობების გარეშე ფრონტის ხაზის გაყინვას დათანხმებოდა.
მეურმიშვილი: მოსკოვში უიტკოფისა და კუშნერის ბოლო ვიზიტის დროსაც კი, რუსები კვლავ [კონფლიქტის] ძირეულ მიზეზებზე საუბრობდნენ. როგორ აღიქვამენ უკრაინელები ამ ძირეულ მიზეზებს? გესმით, რას გულისხმობენ რუსები ძირეულ მიზეზებში?
ბელიესკოვი: ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებენ რუსები. ისინი ყველაფერს თავდაყირა აყენებენ და ცდილობენ უკრაინა მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად წარმოაჩინონ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთთან უთანხმოება სამ საკითხში გვაქვს. პირველი ტერიტორიაა — რუსეთი დონეცკის ოლქს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, თუმცა ომის 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი სრულად დაპყრობა ვერ შეძლო. უკრაინა მზად არ არის, ეს ტერიტორიები ნებაყოფლობით დათმოს.
საუბარი ერთგვარ ბუფერულ ზონაზე, საიდანაც უკრაინა გავა, რუსეთი კი არ შევა, მიუღებელია, რადგან დონეცკის ოლქის ამ ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ბუფერულ სტატუსს გარანტიას არავინ მისცემს. სლოვიანსკისა და კრამატორსკის ეს უკანასკნელი დიდი ურბანული აგლომერაცია [დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში] უკრაინის თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სლოვიანსკსა და კრამატორსკს ბრძოლის გარეშე დავთმობთ, მიმდებარე რეგიონები დაუცველი დარჩება. ახლომახლო ვერ იპოვით მსგავსი მასშტაბის ურბანულ ცენტრებს, რომლებზეც ჩვენი თავდაცვის ხაზის დამყარებას შევძლებთ. ამიტომ საქმე მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, თავდაცვასაც ეხება.
მეორე საკითხი სუვერენიტეტია — რუსეთი, ფაქტობრივად, გვთხოვს ცალმხრივად გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი და ვთქვათ, რომ ნატოში გაწევრიანებას არ ვაპირებთ. ეს უკრაინის სუვერენიტეტს შეზღუდავდა და ასევე მიუღებელია. ერთხელ ამის გაკეთება უკვე ვცადეთ. [ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ] იანუკოვიჩის მმართველობისას, [2010 წელს,] ბლოკგარეშე სტატუსი გამოვაცხადეთ და, ფაქტობრივად, ცივი ომის პერიოდის ფინეთის მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, დე ფაქტო ნეიტრალური სტატუსით. მაგრამ, რუსეთისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საკუთარი მოქმედებებით ეს რეჟიმი გაანადგურა. ახლა კი გვთხოვენ, იგივე შეცდომა გავიმეოროთ.
და ბოლოს, ისინი გვთხოვენ შევზღუდოთ ჩვენი სამომავლო თავდაცვითი შესაძლებლობები. სურთ, შეიზღუდოს სამხედროების რაოდენობა და ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი. სურთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც არ ვაწარმოებთ შორ მანძილზე დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებს (UAV), რომლებსაც რუსეთის ევროპული ნაწილისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. მათ სურთ, მომავალში უკრაინა მთლიანად რუსეთის წყალობაზე იყოს მიტოვებული, დაუცველი, ნატოსა და თავდაცვითი შესაძლებლობების გარეშე.
უკრაინის პოზიცია ძალიან მარტივი და მკაფიოა: ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მზად ვართ ფრონტის ხაზი გავყინოთ. ეს უკრაინულ-რუსული დაპირისპირების საბოლოო გადაწყვეტა არ არის, მაგრამ საომარი მოქმედებები მაინც შეწყდება. თუმცა, ამას არ უნდა ახლდეს ის დიდი დათმობები, რომლებიც განხორციელების შემთხვევაში უკრაინას რუსეთის წყალობაზე დამოკიდებულს დატოვებს: თავდაცვის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური განვითარების გარეშე. ხალხი უკრაინიდან გაიქცევა და შეზღუდული თავდაცვისთვისაც კი ფული აღარ იქნება. თუ რუსეთის პირობებს მივიღებთ, ეს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს დასასრულს ნიშნავს.
მეურმიშვილი: და ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის ვერცერთი მთავრობა ვერ მიიღებს, ხომ ასეა?
ბელიესკოვი: დიახ, ჩვენ დემოკრატია ვართ და ჩვენი ხელისუფლება, როგორც წესი, საზოგადოებრივ აზრს კვლევებით ამოწმებს. თუ კვლევებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ხალხი მზად არის ფრონტის ხაზის გასაყინად, მაგრამ არა იმგვარი დათმობებისთვის, [რომლებსაც რუსეთი ითხოვს]. რუსეთთან ურთიერთობის წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოსკოვმა ყველა შეთანხმება დაარღვია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მის მიმართ ნდობა არ არსებობს და შეთანხმება მხოლოდ კეთილ ნებაზე ვერ დაეფუძნება.
გარდა ამისა, მსხვერპლისა და დანაკარგების გამოც, ასეთი დათმობების საზოგადოებისთვის მისაღებ პირობებად ქცევა მართლაც რთულია. ეს ის ვითარებაა, როდესაც უკრაინის ვერცერთი მთავრობა ამ დათმობებზე ვერ წავა.
ამასთან, თუ კონსტიტუციას გადახედავთ, უკრაინის არცერთ პრეზიდენტს არ აქვს ტერიტორიის დათმობის უფლებამოსილება. უკრაინის ტერიტორიული შემადგენლობის შეცვლა მხოლოდ საყოველთაო უკრაინული რეფერენდუმის გზით შეიძლება. ამისთვის კი შესაბამისი პირობებია შესაქმნელი, კერძოდ, საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს.
ასე რომ, დიახ, ასეთ ვითარებაში ზელენსკის, ბუნებრივია, უკრაინელების ნებისმიერი უარყოფითი რეაქციის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ტრამპის ან პუტინის უარყოფითი რეაქციის.
მეურმიშვილი: ევროკავშირის როლზე ვისაუბროთ. გუშინ, 2026 წლის 8 სექტემბერს, [Patriot-ის რაკეტების შესაძენად], ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი [ევროს] ოდენობის დახმარება გამოაცხადა. ამას გარდა, გერმანიამაც განაცხადა, რომ უკრაინას PAC-2-ის ტიპის Patriot-ის რაკეტებს გადასცემს. რამდენად დაგეხმარებათ ეს?
ბელიესკოვი: გულწრფელები უნდა ვიყოთ: 2025 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აშშ უკრაინას პირდაპირ აღარ ეხმარება, ევროპის მიერ პასუხისმგებლობის აღების გარეშე, როგორც ეკონომიკური კუთხით და ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერის მხრივ, ისე შეიარაღების თვალსაზრისით, ფრონტის ხაზზე ამ ომის რეგულარული არმიების უშუალო დაპირისპირების რეჟიმში გაგრძელებას ვერ შევძლებთ. ამიტომ, ევროპას სათანადოდ უნდა დავუფასოთ ის, რომ მან პასუხისმგებლობა იტვირთა.
როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, ევროპა ძალიან მკაცრი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას და დახმარების მოცულობას გაზრდიდა, ან უკრაინას მარტო დატოვებდა. ამ შემთხვევაში უკრაინა დამარცხდებოდა, ევროპას კი რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება მოუმზადებლად მოუწევდა.
ევროპა ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებს. იქ ესმით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მათსავე ეგოისტურ ინტერესშია, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ტრამპთან საჯარო დაპირისპირება არ ჰქონდეთ. ევროპაში ღიად არავინ ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესი ისეა მოწყობილი, რომ შედეგს ვერ მოიტანს. ასე რომ, ევროპა, ერთი მხრივ, უკრაინას ეხმარება, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავ ცდილობს აშშ-ის ჩართულობა შეინარჩუნოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი და საჭიროა.
თქვენ ფული ახსენეთ. კარგი, ევროპას შეუძლია ფული მოგვცეს, მაგრამ ამ თანხით შეერთებულ შტატებში Patriot-ის სისტემები უნდა შევიძინოთ. მეორე საკითხი ისაა, რომ ახლა ფულის კი არა, გზაგადამჭრელი რაკეტების დეფიციტი გვაქვს და დამატებითი თანხით ამ დეფიციტს ვერ აღმოფხვრით.
მეურმიშვილი: უფრო ვრცლად გვიამბეთ, რას ფიქრობენ უკრაინელები უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე. თქვენ თქვით, რომ ბოლო დროს გატარებულმა პოლიტიკამ იმედგაცრუება და, გარკვეულწილად, უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობენ ან, სულ მცირე, მცდელობას არ აკლებენ, რომ ეს ომი დაასრულონ. რას ფიქრობენ უკრაინელები ტრამპსა და უკრაინის მიმართ მის პოლიტიკაზე?
ბელიესკოვი: შეგიძლიათ [საზოგადოებრივი აზრის] კვლევებს შეხედოთ. ჯერ კიდევ გასულ წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უკრაინელებს აშშ-ის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ეკარგებათ. საქმე მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციას არ ეხება. უკრაინაში ხალხს ესმის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მთელ შეერთებულ შტატებს არ წარმოადგენს: არსებობს ოპოზიცია და თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც განსხვავებული ფრთებია, ზოგი უფრო მეტადაა უკრაინის მხარდამჭერი, ზოგი ნაკლებად.
თუმცა, მთლიანობაში, ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე ვადის პირველ ექვს თვეში შეძლო უკრაინელების დადებითი დამოკიდებულება, რომელიც წინა ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, შეემცრიებინა.
როგორც მახსოვს, Gallup-ის ან მსგავსი ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამი იყო, რომ 2025 წლის იანვრამდე უკრაინელების ორი მესამედი აშშ-ის მიმართ დადებითად იყო განწყობილი.
დიახ, უთანხმოებებიც არსებობდა. შეგვიძლია გავიხსენოთ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-სა და უკრაინას შორის დავები. პოზიციები 100 პროცენტით არ ემთხვეოდა. მიუხედავად ამისა, უკრაინელების 66 პროცენტი აშშ-ის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, რადგან ესმოდათ, რომ ბაიდენის დროს მიღებული დახმარების გარეშე გადარჩენასა და ფრონტზე არმია-არმიის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შევძლებდით. ეს, ძირითადად, ბაიდენის დროს აშშ-ის დამსახურების აღიარება იყო. ახლა კი უკრაინელების მხოლოდ ერთი მესამედია აშშ-ის მიმართ დადებითად განწყობილი.
ეს სწორედ იმით აიხსნება, რომ ამ ადმინისტრაციის დიპლომატიური პროცესი ისე იყო მოწყობილი, რომ ზეწოლა, ძირითადად, უკრაინაზე ხორციელდებოდა და არა რუსეთზე. როდესაც პირველად გავიგეთ კიტ კელოგის ე.წ. სამშვიდობო გეგმის შესახებ, მისი არსი ასეთი იყო: „დიახ, შეგვიძლია უკრაინას დახმარების შეწყვეტით დავემუქროთ, რათა მოლაპარაკებებისთვის უფრო გახსნილი გახდეს.“ ჩვენ ეს დაბრკოლება უკვე მოვხსენით: ახლა ცეცხლის შეწყვეტამდე უსაფრთხოების გარანტიებს აღარ ვითხოვთ. ეს დათმობა უკვე გავაკეთეთ. მაგრამ, არ გვინახავს კიტ კელოგის გეგმის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადაც რუსეთს დამატებითი ზეწოლითა და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით უნდა დაემუქრო.
ახლა აშშ, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინის არაპირდაპირი ხელშემწყობია. ის გვაწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, მაგრამ აშშ ამ ინფორმაციას ისედაც აგროვებს, ამიტომ მისი ჩვენთვის გაზიარება დამატებით არაფერს უჯდება. მეორე, როდესაც აშშ-ს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის მეტი საბრძოლო მასალა ჰქონდა, ის ევროპულ ქვეყნებს მიჰყიდა, მათ კი ეს საშუალებები ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად გადმოგვცეს.
მაგრამ, ახლა დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ ევროპული ფულის შემთხვევაშიც კი მეტად საეჭვოა, შეძლებს თუ არა აშშ ზამთრის გადასატანად საჭირო სულ მცირე 300 [Patriot-ის] გზაგადამჭრელი რაკეტა მოგვაწოდოს, რადგან ახლა თავად აშშ-ს 1,000-ზე ნაკლები გზაგადამჭრელი რაკეტა აქვს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის და აგრესორი ჩვენ არ ვართ. ამიტომ, გარკვეული დონის მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას ველით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნულ ინტერესსაც შეესაბამება.
საქმე ქველმოქმედებას არ ეხება. საქმე რუსული იმპერიალიზმის შეკავებას ეხება ისე, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ იღუპება და აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება არ ხდება. სანამ რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული, მას საკმარისი რესურსი არ აქვს, რომ ნატოს პირდაპირ დაუპირისპირდეს.
ამიტომ, [უკრაინაში] ხალხი მხარდაჭერას ელის. ამ მხარდაჭერის გაგრძელების ნაცვლად, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, აშშ-ის ეროვნულ ინტერესშია, ვხედავთ ძალიან საკამათო მიდგომას, რომლის პირობებშიც, ძირითადად, უკრაინას ემუქრებიან და ზეწოლას უკრაინაზე ახდენენ.
მეურმიშვილი: ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ საკმაოდ ვრცელი და დეტალური კვლევა ომის გასული ოთხი წლის შესახებ, რომელშიც ამბობთ, რომ უკრაინამ დრონების ტექნოლოგიური განვითარების მეშვეობით ომის მათემატიკა შეცვალა. უფრო ვრცლად გვიამბეთ ამის შესახებ. რას გულისხმობთ? როგორ ხედავთ უკრაინის განვითარებას 2022 წლიდან დღემდე, 2026 წლამდე?
ბელიესკოვი: საწყისი წერტილი ისაა, რომ 2022 და 2023 წლებში ეს, ძირითადად, საარტილერიო ომი იყო და პარტნიორებზე ძლიერ დამოკიდებული ვიყავით. როდესაც ადამიანებს ომის დინამიკისა და პერსპექტივის გაგება სურდათ, ჩვეულებრივ, ერთი ძალიან ზუსტი, მარტივი მაჩვენებელი ჰქონდათ: გამოყენებული საარტილერიო ჭურვების თანაფარდობა. თუმცა, რადგან პარტნიორებზე ძველებურად ვეღარ ვიყავით დამოკიდებული და მათაც არ შეეძლოთ საჭირო რაოდენობის საარტილერიო ჭურვების წარმოება, ფრონტის ხაზზე ჩვენმა სამხედროებმა რობოტიკის, FPV [„პირველი პირის ხედვის“] დრონებისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით ექსპერიმენტები დაიწყეს. ეს რევოლუცია 2023 წელს დაიწყო და 2024-2025 წლებში დაჩქარდა. ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც უკრაინის საჭიროებების დაახლოებით 50 პროცენტი, განსაკუთრებით კი ფრონტის ხაზისთვის საჭირო შეიარაღება, ძირითადად, უკრაინული წარმოების საშუალებებით კმაყოფილდება.
საქმე მხოლოდ დამრტყმელ უპილოტოებს არ ეხება, რომლებიც 20 კილომეტრის ტაქტიკურ სიღრმეში მოქმედებენ. ასევე გვაქვს საშუალო სიღრმეზე მოქმედი დამრტყმელი უპილოტოები, რომლებსაც ფრონტის ნულოვანი ხაზიდან 150-200 კილომეტრის მანძილზე დარტყმა შეუძლიათ; უპილოტო სახმელეთო პლატფორმები, რომლებიც სამედიცინო ევაკუაციასა და ლოგისტიკურ ამოცანებს ასრულებენ; ასევე უპილოტოებით საჰაერო თავდაცვა, როგორც სპეციალიზებული, ისე FPV დრონების გამოყენებით.
ამ ტექნოლოგიების ერთობლიობამ, კერძოდ, ტაქტიკურ და საშუალო სიღრმეზე დარტყმებმა, უპილოტო სახმელეთო პლატფორმებმა და უპილოტოებით საჰაერო თავდაცვამ, სწორად გამოყენების შემთხვევაში, რუსეთის წინსვლის შეკავების საშუალება მოგვცა. რუსეთი წინ მიიწევდა ცოცხალი ძალის რაოდენობრივი უპირატესობისა და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფის ხარჯზე, მცირე ჯგუფების უწყვეტი ტალღებით უტევდა ჩვენს ფრონტისპირა პოზიციებს.
ამასთან, რუსებმაც გადაიღეს უკრაინული გამოცდილება დამრტყმელი უპილოტოების გამოყენებაში და სურდათ, მოწინავე პოზიციებსა და უახლოეს ზურგს შორის კავშირი დაერღვიათ.
მაგრამ, უპილოტოებით საჰაერო თავდაცვაში ჩვენი უპირატესობის წყალობით, ჩვენ უფრო მეტ რუსულ უპილოტოს ვანადგურებთ, ვიდრე ისინი ჩვენსას. ტექნოლოგიების ეს ერთობლიობა რუსეთის წინსვლის შეკავების საშუალებას გვაძლევს და ახლა რუსეთი უფრო ნელი ტემპით მიიწევს წინ. ზაფხულში, ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, მათ 500 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები ტერიტორიის დაპყრობა შეძლეს. ფასი კი გაიზარდა: ახლა მათი ყოველთვიური დანაკარგი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, 40 000-ს აღემათება, რაც უპრეცედნტო რაოდენობაა. მართლაც, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მათი დანაკარგი, ყოველ თვე 40 000-ს აღემატებოდა.
ეს ხსნის, როგორ მოახერხა უკრაინამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაოცება. თუ 2024 წლისა და 2025 წლის დასაწყისის ვითარებას გავიხსენებთ, ბევრი ცნობილი დასავლელი ექსპერტი პირად საუბრებში გვეუბნებოდა (მათ სახელებს არ დავასახელებ): „თქვენ განწირული ხართ. ცოცხალი ძალა არ გყოფნით. ახლა აშშ პირდაპირ დახმარებას შეწყვეტს და როგორ უნდა იბრძოლოთ?“
მაგრამ, რობოტიკის რევოლუციის მეშვეობით ბრძოლის ველის შეცვლა შევძელით. მოწინავე პოზიციებზე ცოცხალი ძალის სიმცირის მიუხედავად, საცეცხლე ძალის გამოყენებით შეგვიძლია გავუძლოთ რუსეთის ამ შეტევებს და მისი წინსვლა შევანელოთ.
ახლა ბრძოლის ველზე საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებული ვართ. ცოტა ხნის წინ კონტრშეტევების სერიის ორგანიზებაც შევძელით, როგორც დნიპროპეტროვსკის, ისე დონეცკის ოლქში. ახლახან მე-3 მოიერიშე კორპუსმა 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ლიმანისთვის [დონეცკის ოლქში] შექმნილი საფრთხე მოხსნა და ლიმანის ჩრდილოეთით შექმნილი რუსული შვერილი მოკვეთა. ასე რომ, უკრაინელებმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცეს.
მეურმიშვილი: დარწმუნებული ვარ, ნახეთ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დასჭირდება რუსეთს დონეცკის ოლქის სრულად დასაკავებლად, თუ ამავე ტემპით გააგრძელებს. ISW-ის თანახმად, ამ ტემპით, რუსეთს ამისთვის 2032 წლამდე დრო დასჭირდება.
ბელიესკოვი: წინა წელს ამბობდნენ, რომ ამას სულ მცირე ორი წელი, 2027 წლის ბოლომდე, დასჭირდებოდა. მაგრამ, რადგან რუსეთის წინსვლის ტემპი შემცირდა, მისი ფასი კი გაიზარდა, დიახ, წინსვლისა და დონეცკის ოლქის სრულად დასაპყრობლად მათ კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდებათ. ჩვენ კვლავ ვაკონტროლებთ დონეცკის ოლქის დაახლოებით 20 პროცენტს.
მეურმიშვილი: რობოტიკა ომის წარმოებაში რევოლუციას ახდენს და უკრაინამ გასაოცარი სამუშაო შეასრულა. არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინამ სრულად რობოტიზებული ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, უკრაინულ რობოტებს ჩაბარდნენ. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ეს მიმართულება? ფიქრობთ, რომ უკრაინას მალე ფრონტის ხაზზე სამხედროების მინიმალური რაოდენობა ეყოლება, პოზიციებს კი სრულად რობოტიზებული სისტემები დაიკავებენ?
ბელიესკოვი: უპირველეს ყოვლისა, შემთხვევები, როდესაც მხოლოდ რობოტიკა გამოიყენება, ჯერ კიდევ იშვიათია. რობოტიზებულ პლატფორმებზე დაყრდნობა ადამიანს პროცესიდან არ გამორიცხავს. ამ უპილოტოებს კვლავ ადამიანები აპროგრამებენ და მართავენ. ისინი 100 პროცენტით ავტონომიური არ არიან. ტექნიკურ მომსახურებასაც ადამიანები ასრულებენ. ადამიანური ფაქტორი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, საქველმოქმედო ორგანიზაცია Come Back Alive, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამდენ რესურსს დებს განათლებასა და მომზადებაში. თუმცა, მთლიანობაში, დიახ, იძულებული გავხდებით, ფრონტის ხაზზე ადამიანების თვალსაჩინო ყოფნა მაქსიმალურად შევამციროთ.
ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, თითო კილომეტრზე შეიძლება ორი ადამიანი გვყავდეს. მაგრამ მათ იქ მისაყვანად, იქ მათი უზრუნველყოფისა და უკან გამოსაყვანად იმდენი რესურსია საჭირო, რომ იძულებული გავხდებით, ძირითადად ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარსატყორცნებით აღჭურვილ რობოტიზებულ პლატფორმებს დავეყრდნოთ.
თუმცა, მაინც საჭიროა მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც რუსეთის შესაძლო წინსვლას შეაკავებენ. ამ ომში ადამიანები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ტექნოლოგიების პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მართვისა და კონტროლის სისტემებში, ასევე უპილოტოების ფრენის ბოლო ეტაპზე, არ ნიშნავს, რომ ადამიანები აღარ არიან მნიშვნელოვანი. ადამიანების როლი იცვლება. ადამიანურ პოტენციალში ინვესტიცია ომამდე უნდა ჩადოთ და არა ომის დაწყების შემდეგ. ეს ის გაკვეთილია, რომელიც სხვა ქვეყნების შეიარაღებულმა ძალებმა უნდა ისწავლონ: ომამდე ადამიანური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა განავითაროთ.
მეურმიშვილი: რა ეტაპზეა უკრაინული ბალისტიკური რაკეტის განვითარება? ფიქრობთ, რომ მას მალე ვიხილავთ?
ბელიესკოვი: ვრცელდება ცნობები, რომ, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში პირველ გაშვებებს, მასშტაბურ გაშვებებს ვიხილავთ. შესაძლოა, ათობით რაკეტა გაუშვან.
ასეთი რაკეტების ქონა კარგია. უპილოტოებთან შედარებით მათ გარკვეული უპირატესობები აქვთ: შიდა წვის ძრავაზე მომუშავე უპილოტო ძალიან ნელია, მისი ქობინი კი შედარებით მცირეა, დაახლოებით 50 ან 75 კილოგრამი. რაკეტას ნახევარტონიანი ქობინის ტარება შეუძლია. ეს ძალთა თანაფარდობას უფრო გაათანაბრებს.
მაგრამ, როგორც ანალიტიკოსი, გეტყვით, რომ უკრაინა ოთხნახევარი წელია, ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით, ამგვარ თავდასხმებს უძლებს და ბრძოლას აგრძელებს.
რუსეთზე ზეწოლას ნამდვილად გავზრდიდით, განსაკუთრებით თუ 1 000 კილომეტრის მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გვექნებოდა. თუმცა, მხოლოდ ეს არ იძლევა გარანტიას, რომ მოკლე დროში შევქმნით პირობებს, რომლებიც რუსეთს ამ ომის შეწყვეტას აიძულებს.
მეურმიშვილი: როგორ ფიქრობთ, რუსეთის მოსახლეობა ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ომში იბრძვის და ეს შეზღუდული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არ არის?
ბელიესკოვი: აცნობიერებს და ამის ბევრი მაჩვენებელი არსებობს. გვესმის ექსპერტთა შეფასებები, როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები ღიად გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ომი უაზროა და რაც უფრო დიდხანს გააგრძელევენ მას, მით მეტ საფრთხეს შეუქმნიან საკუთარ საზოგადოებას, ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემას.
მაგრამ, რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა და მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. პუტინი ამ უშუალო ზეწოლას ვერ გრძნობს. ის იზოლირებული და დაცულია არა მხოლოდ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, არამედ ასევე ფედერალური დაცვის სამსახურისა და როსგვარდიის, რუსეთის ეროვნული გვარდიის მიერაც. ამიტომ, ამგვარ ზეწოლას ვერ გრძნობს. შესაბამისად, ხალხი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია, აცნობიერებს ფსონებსა და ამ გზის გაგრძელების საფრთხეებს, მაგრამ ეს პუტინს არ უჩენს მზადყოფნას ომი შეწყვიტოს.
მეურმიშვილი: და საჰაერო განგაშის ხმა მესმის…
ბელიესკოვი: დიახ, ალბათ, კიევს კიდევ ერთი რეაქტიული ძრავით აღჭურვილი უპილოტო უახლოვდება.
მეურმიშვილი: ანუ სადმე წასვლა არ გვჭირდება? შეგვიძლია აქ დავრჩეთ?
ბელიესკოვი: [ევაკუაციას] ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თანაც, ვფიქრობ, ეს კედლები საკმაოდ მტკიცეა.
მეურმიშვილი: მინდა, უკრაინის შიდა საკითხებზეც გესაუბროთ, რომლებიც ზოგ შემთხვევაში გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ უცხოელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამ გარემოებებში, როგორ აფასებთ შიდაპოლიტიკურ ვითარებას?
ბელიესკოვი: უპირველეს ყოვლისა, შიდა პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ. მეორე, ყველა დემოკრატიაში შიდა პოლიტიკა არასასიამოვნო სანახავია. უკრაინა კი თავისებური, ხალხიდან წამოსული დემოკრატიაა. დიახ, უკვე მეორე წელია, ზაფხულში საპროტესტო აქციები იმართება და ეს კარგია. კონტროლისა და შეკავების მექანიზმები საჭიროა. როდესაც ქუჩა აჩვენებს, რომ რაღაც მიუღებელია, ეს კარგია. მით უმეტეს, რომ სწორედ ეს ადამიანები და მათი ნათესავები იბრძვიან ამ ქვეყნისთვის.
მაგრამ, ამის პირდაპირ გავლენას ვერ ვხედავ: ადამიანები, რომლებიც ამ ომის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნიან, როგორც ფრონტის ხაზზე მყოფები, ისე მათი ოჯახები და ორგანიზაციები, როგორიცაა Come Back Alive, მუშაობას არ წყვეტენ და იმედგაცრუების გამო უკან არ იხევენ. ჩვენ [უკრაინის პრეზიდენტ] ვოლოდიმირ ზელენსკის ან მისი მთავრობის წარმომადგენლებისთვის არ ვიბრძვით. ჩვენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიბრძვით. როდესაც ზელენსკი საზღვარგარეთ უკრაინის პოზიციას იცავს, მას მხარს უჭერენ, როგორც მაშინ, როდესაც თეთრ სახლში მკაცრად გააკრიტიკეს. როდესაც ის საკამათო ნაბიჯებს დგამს, აკრიტიკებენ და ზეწოლას ახდენენ, რომ სწორად მოიქცეს.
მეურმიშვილი: უკრაინაში არჩევნების შესახებ ფართო დისკუსია მიმდინარეობს. მე ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც უკრაინას მტკიცედ უჭერენ მხარს, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ შესაძლოა, დადგა დრო, მთავრობამ, ზელენსკის მთავრობამ, არჩევნებზე ფიქრი დაიწყოს და შეიძლება რუსეთის დარწმუნებაც მოხერხდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს და უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ბელიესკოვი: ეს ძალიან რთული და სახიფათო გზაა. უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა ერთ წელზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს. ცენტრალურმა საარჩევნო ორგანოებმა, რომლებმაც არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ, პირდაპირი მნიშვნელობით არ იციან სად ცხოვრობენ ადამიანები. საჭიროა [ამომრჩეველთა] რეესტრის განახლება და ამისთვის დროა საჭირო. უნდა შეიქმნას პირობები, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში კანდიდატებად მონაწილეობა შეძლონ. სამხედრო სამსახურში მყოფ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თავადაც სურდეს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. ამისთვის რუსეთის მხრიდან იმდენად ხანგრძლივი სიმშვიდეა საჭირო, რომ მეეჭვება, ასეთი შესაძლებლობა მოგვცენ.
საინტერესოა, რატომ ფიქრობს პუტინი, რომ ამ ომის გაგრძელება საბოლოოდ უკრაინაზე გამარჯვების უკეთეს შანსს აძლევს, ვიდრე ამ ქაოსური დემოკრატიისთვის იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ შინაგანმა დაპირისპირებამ დაასუსტოს. გაურკვეველი მიზეზით, მას მიაჩნია, რომ ომისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გამარჯვების უკეთეს შანსს აძლევს, ვიდრე უკრაინისთვის დიდი შიდა დაპირისპირების შესაძლებლობის მიცემა. დიახ, გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც საარჩევნო კამპანია ძალიან მწვავე იყო, ქვეყანა გახლიჩა და რუსეთს ამის გამოყენების შესაძლებლობა მისცა. მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით, პუტინს არ სურს, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, არჩევნების გამო შიგნიდან დასუსტდეს.
მეურმიშვილი: მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ახლო მომავალში უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ვერ ხედავს.
ბელიესკოვი: ღიად პრორუსი პოლიტიკოსები არ იქნებიან, რადგან რუსეთის მიერ უშუალოდ მოტანილი ამ მასშტაბის ნგრევისა და ტრაგედიის შემდეგ ღიად პრორუსული პოზიცია დისკრედიტირებულია. მაგრამ, ვშიშობ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დასავლეთის მიმართ იმედგაცრუებას, უფრო მეტად აშშ-ის მიმართ და ნაკლებად ევროპის მიმართ, გამოიყენებენ ე.წ. მესამე გზის იდეის გასავრცელებლად, რომელიც არც პრორუსულია და არც პროდასავლური. სამწუხაროდ, რუსეთმა შეიძლება ომის ეს ტრავმა ზოგიერთი უკრაინელის მანიპულირებისთვის გამოიყენოს და მათ მესამე გზის მხარდაჭერისკენ უბიძგოს.
ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია: ამ ომმა უკრაინა შეიძლება იმდენად დააზიანოს და დასავლეთით, რომლის იმედიც გვაქვს და რომელზეც ძლიერ ვართ დამოკიდებული, იმდენად იმედგაცრუებული დატოვოს, რომ რუსეთმა ეს კვლავ გამოიყენოს. ეს ჩვეულებრივ ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც შეიძლება მოხდეს.
სამწუხაროდ, ამაზე საუბრისას ადამიანებს ხშირად საქართველო მოჰყავთ მაგალითად. საქართველოს მაღალი ინტენსივობის ღია ომი [რუსეთთან] რამდენიმე დღე გაგრძელდა. ჩვენ ოთხნახევარი წელია მაღალი ინტენსივობის ღია ომს ვაწარმოებთ, მანამდე კი 2014 წლიდან შეზღუდული კონფლიქტი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ეს მანიპულაციის ნიადაგს ქმნის.



