იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალების დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ, გავრცელებული ინფორმაციით, განაახლა შეფასება იმის შესახებ თუ რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მოკავშირე ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმით ნატოს სიმტკიცე გამოსცადოს.
თუმცა, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, კრემლს „ამისთვის საჭირო სამხედრო ძალები და შესაძლებლობები არ აქვს“.
მისი თქმით, კრემლის ინტერესებს სწორედ თავდასხმის შიში ემსახურება. ვოლკერი, 2017-19 წლებში, უკრაინის საკითხებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელიც იყო.
„ვფიქრობ, სიგნალები, რომლებსაც სადაზვერვო არხებით ვიღებთ, სავარაუდოდ, თავად რუსებმა განზრახ შეიტანეს ამ არხებში, რათა ეს საკითხი გვაღელვებდეს და უკრაინას იმდენი შეიარაღება აღარ მივაწოდოთ“, ამბობს ის. „ვცდილობთ, შეიარაღება ჩვენთვის შევინახოთ. სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით. ფრთხილად ვეკიდებით იმას, რამდენად ფართო მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას, რადგან არ გვსურს რუსეთთან უფრო მასშტაბურ ომში ჩაბმა.“
მისი თქმით, შეკავების მიდგომა საპირისპიროს უნდა გულისხმობდეს. რუსული დრონებისა და რაკეტების მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირების ფონზე, ის უფრო აქტიურ თავდაცვით რეაგირებას ემხრობა, მათ შორის კიევთან „უსაფრთხო ზონის“ საკითხზე კოორდინაციას, რაც ნატოს საშუალებას მისცემდა, რუსული რაკეტები ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიის თავზე ჩამოეგდო.
„ეს რუსეთს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნიდა: ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს მნიშვნელოვანია სხვა ნებისმიერი მოქმედების, მაგალითად, სახმელეთო შეჭრის ან ტერიტორიის მიტაცების შესაკავებლადაც და რუსებისთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ რეალურად ვუპასუხებთ“, ამბობს ვოლკერი.
ვრცელ ინტერვიუში ვოლკერი, რომელიც Independence Avenue Media-ს დირექტორთა საბჭოს წევრიცაა, ასევე საუბრობს აშშ-ის ხელმძღვანელობით ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და იმაზე, თუ რა არის აშშ-ის საბოლოო მიზანი ირანში.
ვოლკერის თქმით, აშშ-ში საბრძოლო მასალების დეფიციტი გამოიწვია ირანთან ომის დროს იარაღის „დაუდევარმა“ გამოყენებამ და უფრო ხანგრძლივმა „თვითდამშვიდებამ“, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა ახალი ტიპის ომებისთვის საჭირო მარაგები ვერ შექმნა. მისი თქმით, ირანმა ამ დეფიციტის შესახებ ინფორმაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია და აშშ-ის ძალებს სპარსეთის ყურეში აყოვნებს.
„ეს თამაშს ჰგავს“, ამბობს ვოლკერი. „ისინი მუდმივად გამოგზავნიან დრონებს ან თავს დაესხმებიან გემებს, ან რამეს გაუშვებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა მუდმივად შეგვინარჩუნონ განწყობა, თითქოს იძულებულნი ვართ, იქ ვიყოთ მიჯაჭვულები.“
ვოლკერის აზრით, მოახლოებული შუალედური არჩევნები ტრამპს ირანში უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაში უშლის ხელს.
„თუმცა, ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ უფრო ცხადი გახდა, რომ ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი ირანის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. წარმომიდგენია, რომ აშშ-ის უწყებებში უკვე არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევის გზებზე მუშაობენ“, ამბობს ის.
ინტერვიუ ჩაწერილი 11 აგვისტოს, რედაქტორებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
გლენ ქეითსი, Independence Avenue Media: The Wall Street Journal ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ახლა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა უახლოეს მომავალში, მაგალითად, შეზღუდული შეჭრით ნატოს სიმტკიცე გამოსცადოს. წარსულში საკმაოდ სკეპტიკურად აფასებდით შესაძლებლობას, რომ პუტინი ნატოს ქვეყანას თავს დაესხმებოდა. შეიცვალა თქვენი აზრი?
კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი: არა, არ შეცვლილა, თუმცა მნიშვნელოვანია, დროის ჩარჩოები ზუსტად განვსაზღვროთ. ჩემი გაგებით, სადაზვერვო საზოგადოება მომდევნო რამდენიმე წელზე საუბრობს. ვფიქრობ, ეს გონივრული შეფასებაა. არ მგონია, უახლოეს პერიოდში, პუტინმა ეს გააკეთოს. ის უკრაინაში მიმდინარე ომშია ჩაფლული. მას არ ენდომება ნატოსთან პირდაპირ კონფლიქტში შესვლის რისკზე წასვლა. მას ამისთვის საჭირო სამხედრო ძალები და შესაძლებლობები არ აქვს.
ამიტომ, არ მგონია, უახლოეს პერიოდში ასე მოიქცეს. მეტიც, ვფიქრობ, ის სიგნალები, რომლებსაც სადაზვერვო არხებით ვიღებთ, სავარაუდოდ, თავად რუსებმა განზრახ შეიტანეს ამ არხებში, რათა ეს საკითხი გვაღელვებდეს და უკრაინას იმდენი შეიარაღება აღარ მივაწოდოთ. ვცდილობთ, შეიარაღება ჩვენთვის შევინახოთ. სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით. ფრთხილად ვეკიდებით იმას, რამდენად ფართო მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას, რადგან არ გვსურს რუსეთთან უფრო მასშტაბურ ომში ჩაბმა. ამიტომ, ამას რუსეთის მხრიდან სადაზვერვო არხებით განხორციელებულ ერთგვარ მანიპულაციად მივიჩნევ.
მაგრამ თუ, ვთქვათ, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდს შევხედავთ და დავუშვებთ, რომ რუსეთი უკრაინაში აღარ იბრძვის, მაშინ, ვფიქრობ, ზუსტად თქვენ მიერ აღწერილი სცენარი უნდა გვაღელვებდეს: ნატოს ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმა, ტერიტორიის ნაწილის ძალიან სწრაფად დაკავება და შემდეგ შეჩერება, შესაძლოა, 24 საათში ან დაახლოებით ამ დროში. ამის შემდეგ გამოცდა იქნება, რეალურად უპასუხებს თუ არა ნატო. თუ, როგორც ჩვეულებრივ ხდება, კვლავ გვექნება მოწოდებები დეესკალაციისკენ, კრიზისიდან გამოსასვლელი გზების ძიებისკენ, იმის შესახებ, რომ სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს და ასე შემდეგ, ეს ფაქტობრივად რუსეთის აგრესიის გარკვეული მასშტაბის მიღების მანიშნებელი იქნებოდა, ამით კარი გაიღებოდა და ნატო გაიყოფოდა, რაც პუტინს ყოველთვის სურდა.
ქეითსი: მხოლოდ დავაზუსტებ: The Wall Street Journal-ის ცნობით, წინა შეფასება სწორედ ისეთი იყო, როგორიც თქვენ აღწერეთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი ამ რისკზე არ წავიდოდნენ. როგორც ჩანს, ამ შეფასებას გარკვეულწილად ცვლიან. მაგრამ, დავუბრუნდეთ თქვენს მთავარ აზრს, რომ რუსეთის ინტერესებშია, ჩვენ გვეგონოს, თითქოს ისინი ესკალაციას აპირებენ. როგორ ვისაუბროთ ამ საფრთხეზე და როგორ მოვემზადოთ წინასწარ ისე, რომ თავად რუსეთის პროპაგანდას არ შევუწყოთ ხელი?
ვოლკერი: ვფიქრობ, ნატომ ორი რამ უნდა გააკეთოს. პირველი, უნდა გაზარდოს მზადყოფნის დონე და, შესაბამისად, მყისიერი რეაგირების უნარი ცალკეულ და ჰიბრიდულ თავდასხმებზე, ასევე კურსს აცდენილ რაკეტებსა და დრონებზე, რომლებიც უკვე ხვდებიან ნატოს ტერიტორიაზე. აქამდე ასე ხდება: ისინი ნატოს ტერიტორიაზე შემოდიან, შემდეგ ჩვენ ვრეაგირებთ, მაგრამ ნელა; ისინი რომელიმე ობიექტს ხვდებიან, შემდეგ კი ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ. ამიტომ, ვფიქრობ, მზადყოფნის დონე უნდა გავზარდოთ.
მეორე, უკრაინასთან ბევრად უფრო მჭიდრო კოორდინაცია გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საერთო სურათსა და რეაგირებაზე. ვიცი, ეს რთულია და აჩენს კითხვებს, რამდენად არის ნატო ჩართული უკრაინის საჰაერო სივრცეში. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნატოს საჰაერო სივრცეს საფრთხეს უქმნის ის, რაც უკრაინის საჰაერო სივრცეში დაფრინავს. ყველაფერი, რაც, ვთქვათ, პოლონეთის ან რუმინეთის საჰაერო სივრცეში ხვდება, ასე თუ ისე, უკრაინაში მიმდინარე ომიდან მოდის. ამიტომ, უკრაინასთან უნდა ვკოორდინირებდეთ საჰაერო ვითარების სურათის შესახებ. უკრაინასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ნატოს ტერიტორიასთან ახლოს, ვთქვათ, 150-200 კილომეტრის ზონაში, საშიში საფრენი ობიექტები არ იყოს. უკრაინასთან ერთად უნდა შევქმნათ უსაფრთხო ზონა და შემდეგ დავეხმაროთ, რომ იქ არაფერი იყოს. ასე უნდა დაიცვას ნატომ საკუთარი მოსახლეობა. ეს რუსეთს ძალიან ძლიერ სიგნალს გაუგზავნიდა: ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს მნიშვნელოვანია სხვა ნებისმიერი მოქმედების, მაგალითად, სახმელეთო შეჭრის ან ტერიტორიის მიტაცების შესაკავებლადაც და რუსებისთვის იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ რეალურად ვუპასუხებთ. ეს ამ ორი საკითხის პირველი ნაწილია.
კიდევ ერთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ: ნატომ უნდა მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სამხედრო შეჭრაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უფლებამოსილება სამხედრო მეთაურებს გადასცეს. ნატოს წინაშე ასეთი რისკი დგას: რუსეთი ძალიან შეზღუდული ფორმით შეიჭრება ნატოს ქვეყანაში, საპასუხო მოქმედებისთვის კი საჭირო გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილება [ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ნატოში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოს] დონეზე, შესაძლოა, სახელმწიფოს მეთაურების დონეზეც კი. ამან შეიძლება გზა გაუხსნას პოლიტიკურ ლიდერებს, თქვან: იცით, არ გვსურს რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში ჩაბმა; ფრთხილად უნდა ვიყოთ; მოდი, მოლაპარაკებები დავიწყოთ. უმჯობესია, დაუყოვნებლივი რეაგირების უფლებამოსილება ადგილზე მყოფ სამხედრო მეთაურებს გადაეცეთ. რუსებს ეს ეცოდინებოდათ და მათ ასეთი ნაბიჯისგან შეაკავებდა.
ქეითსი: და განიხილება ეს საკითხი ამჟამად? პრეზიდენტ ტრამპის პირობებში რეალისტურია, რომ შეერთებულმა შტატებმა ამას მხარი დაუჭიროს
ვოლკერი: სწორედ ეს არის პრობლემა და საქმე მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, მე მას ცალკე არ გამოვყოფდი. ვფიქრობ, ბევრ მოკავშირეს არ ენდომება პოლიტიკური კონტროლის დათმობა რომელიმე სამომავლო სცენარში, რომელსაც ჯერ მკაფიოდ ვერ ხედავს და ვერ პროგნოზირებს. მათ ამ კონტროლის დათმობა არ სურთ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გამოწვევა. სანამ იმ მიდგომას ვინარჩუნებთ, რომ აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს რეალურად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან გადაწყვეტილებას დრო სჭირდება, გაურკვევლობას ქმნის და რუსეთს ამის გამოყენება შეუძლია.
ქეითსი: ელჩო ვოლკერ, მსურს დავუბრუნდე თქვენს მოსაზრებას უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის კოორდინაციის შესახებ. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, მაგალითად, რომ ნატოს მიეცემა ნებართვა, ჩამოაგდოს რუსული რაკეტა, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიის თავზეა?
ვოლკერი: ზუსტად, დიახ. არ უნდა გვქონდეს არანაირი ყოყმანი უპილოტო საფრენი საშუალების, რაკეტის ან დრონის ჩამოგდებაზე, თუ ის ნატოს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ამაზე ყოყმანი არ უნდა არსებობდეს, იქნება ეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო წყლების თავზე თუ, უკრაინელების ნებართვით, უკრაინის თავზე. ყოყმანის არანაირი მიზეზი არ არსებობს.
რაც შეეხება იმას, განიხილება თუ არა ეს საკითხები ნატოში: ვიცი, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ ეს საკიტხები წამოჭრა. ისიც ვიცი, რომ ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად აქტიური მუშაობა არ მიმდინარეობს. თუმცა, ვფიქრობ, ამ მიმართულებას შეიძლება ბიძგი მიეცეს.
ქეითსი: ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვითარება ახლა შესაძლოა ასე მყიფედ გამოიყურებოდეს, არის ბოლო ცნობები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალების მარაგებში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ. ეს მარაგები ირანთან ომის დროს მნიშვნელოვნად გამოიფიტა. პრეზიდენტი ტრამპი უარყოფს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენად ითვალისწინებენ აშშ-ის მოწინააღმდეგეები ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციას თავიანთ გათვლებში? მათ შორის არიან რუსეთი, ჩინეთი და ირანიც.
ვოლკერი: იმის ცოდნა, რომ საბრძოლო მასალების დიდი ნაწილი დავხარჯეთ, ჩვენს მოწინააღმდეგეთა აზროვნებას რამდენიმე მიმართულებით ცვლის. უპირველესად, ეს მათ ეუბნება, რომ დაუდევრად ვიმოქმედეთ. აჩვენებს, რომ იარაღს შერჩევითად არ ვიყენებდით, არც სამიზნეებზე იერიშისას და არც საჰაერო თავდაცვისას. უკრაინელები იძულებული არიან შერჩევითად იმოქმედონ. მათ საკმარისი საჰაერო თავდაცვა არ აქვთ. ისინი ძალიან ფრთხილად წყვეტენ, როდის გამოიყენონ ძალიან ძვირადღირებული საშუალება და ცდილობენ, ყველაზე იაფი და ადვილად გასანადგურებელი საფრთხეები ყველაზე დაბალფასიანი საშუალებებით გაანადგურონ. ჩვენ ამისგან უნდა ვსწავლობდეთ და იმავეს ვაკეთებდეთ. ჯერჯერობით ეს არ გაგვიკეთებია.
ეს მათ კიდევ იმას ეუბნება, რომ წარმოება საკმარისად არ გაგვიზრდია. წარმოების დონის გაზრდაზე ვსაუბრობდით, მაგრამ საკმარისს არ ვაკეთებთ. ამასაც აკვირდებიან. მესამე, თუ რუსეთი ან ჩინეთი ხართ, იცით, რომ საბრძოლო მასალებს შესაბამის რეგიონებში შესაძლო დაპირისპირებებისთვის ვინახავთ. ამიტომ, ეს მათ იქ უფრო გაბედული მოქმედებებისკენ არ უბიძგებს. მათ იციან, რომ გარკვეული შესაძლებლობები შევინარჩუნეთ. ირანისთვის კი ეს თამაშს ჰგავს. ისინი მუდმივად გამოგზავნიან დრონებს, თავს დაესხმებიან გემებს ან რამეს გაუშვებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა მუდმივად შეგვინარჩუნონ განწყობა, თითქოს იძულებულნი ვართ, იქ ვიყოთ მიჯაჭვულები, საბრძოლო მასალები მზად უნდა გვქონდეს და დროდადრო გამოვიყენოთ კიდეც. ირანისთვის ეს ზეწოლის ბერკეტის გამოყენების საშუალებაა.
ქეითსი: ირანელებზე გკითხავთ, მაგრამ ჯერ საბრძოლო მასალების საკითხს დავუბრუნდეთ. თქვენ აშშ-ის რამდენიმე ადმინისტრაციაში გიმუშავიათ. როგორ მივედით იქამდე, რომ ირანთან ერთმა საჰაერო ომმა ჩვენი საბრძოლო მასალების მარაგები ასე გამოიფიტა? პირველი მიზეზი ახსენეთ: ისინი ეფექტიანად არ გამოუყენებიათ. მაგრამ, ზიგოერთმა შეიძლება თქვას, რომ მარაგი თავიდანვე არასაკმარისი იყო. თქვენი აზრით, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე?
ვოლკერი: მოკლე პასუხია: თვითდამშვიდება. ვვარაუდობდით, რომ ყველაზე დიდები, ყველაზე უნარიანები და ყველაზე ძლიერები ვართ და ვერავინ შეგვეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, იმ სცენარებისთვის არ მოვმზადებულვართ, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ.
მეორე, ჩვენ წინასწარ არ გავთვალეთ ეფექტიანი დრონების ასეთი მასშტაბური გამოჩენა — ის, რომ ისინი შეძლებდნენ სამიზნეებამდე მიღწევასა და რეალური ზიანის მიყენებას. ტრადიციული ტიპის საფრთხეებზე ვიყავით ორიენტირებული. მაგრამ, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის ბუნება შეიცვალა. დრონები ახლა ომის ძალიან დიდი ნაწილია და ჩვენ ამ ცვლილებას ფეხი ვერ ავუწყვეთ.
თვითდამშვიდების კიდევ ერთი ელემენტი ჩვენს მეთაურებს ეხება. ჩვენი მეთაურები ყველაფერს ისე უყურებენ, თითქოს ხელში Patriot-ის რაკეტები უჭირავთ. ეს ძალიან დიდი ჩაქუჩია, ამიტომ ყველაფერი ლურსმანს ჰგავს. ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ და ვთქვათ: არა, უფრო გააზრებულად უნდა ავირჩიოთ, როგორ ვაწარმოოთ საჰაერო თავდაცვა და როგორ შევარჩიოთ სამიზნეები, რათა ჩვენს ხელთ არსებული სისტემები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. ეს პროცესი ჯერ არ გაგვივლია.
და ბოლოს, ვფიქრობ, უმაღლესი მთავარსარდლის დონეზე გადასაწყვეტია ერთი საკითხი: უნდა გვქონდეს მკაფიო სამხედრო მიზანი, რომლის მიღწევაც სამხედრო საშუალებებით შეიძლება, შემდეგ კი განვსაზღვროთ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსები და საშუალებები. ირანთან ამ ომში ასეთი მდგომარეობა შევქმენით: ომი მოკლე უნდა ყოფილიყო, ახლა კი თითქმის ექვსი თვე გავიდა. ის უწყვეტ პროცესად იქცა. რეჟიმის სრულმასშტაბიან შეცვლაზე არ მივდივართ, მაგრამ არც უკან ვიხევთ. შედეგად, სამხედრო ძალის გამოყენების უწყვეტ ციკლში ვართ, თუმცა გადამწყვეტ შედეგს ვერ ვიღებთ. ეს უბრალოდ საბრძოლო მასალების მარაგებს გამოგვილევს. ეს მარაგების ხარჯვის დაუსრულებელი ტემპი იქნება. ამიტომ, პოლიტიკურ-სტრატეგიულ დონეზე უნდა გადაწყდეს, რა არის საბოლოო მიზანი, და საშუალებები ამ მიზნის მიღწევას უნდა შეესაბამებოდეს. ეს არ ხდება.
ქეითსი: თქვენი ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ტრამპსა და შეერთებულ შტატებს, ახლა ირანში საბოლოო გეგმა გაწერილი აქვს
ვოლკერი: ჯერ არა, ჯერ არა. ვფიქრობ, გვექნება. ამ საკითხზე პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. ვფიქრობ, გვექნება; ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ამ გადაწყვეტილებამდე მივა. მაგრამ, ახლა ამის გაკეთება არ სურს, რადგან შუალედურ არჩევნებამდე 90 დღეზე ნაკლები რჩება. არ სურს, მომდევნო 90 დღეში ბაზრები დაეცეს და ნავთობისა და ბენზინის ფასები მკვეთრად გაიზარდოს. ამიტომ, ახლა უბრალოდ დროს იგებს. თუმცა, ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ უფრო ცხადი გახდა, რომ ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი ირანის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. წარმომიდგენია, რომ აშშ-ის უწყებებში უკვე არიან ადამიანები, რომლებიც ადგენენ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.
ქეითსი: ფიქრობთ, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ აშშ-ის ირანისადმი მიდგომა მკვეთრად შეიცვლება?
ვოლკერი: ვფიქრობ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს პრეზიდენტი ტრამპი, რა გააკეთოს. ამჟამად ის არ არის მზად, შეეგუოს ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლს. შესაძლოა, ამას არასოდეს შეეგუოს, ან შესაძლოა, რაიმეზე მოილაპარაკოს. ახლა, როგორც ჩანს, მზადაა, შეეგუოს ირანის მოქმედ რეჟიმს. როგორც ვიცით, ისინი გააგრძელებენ ამერიკულ ინტერესებზე თავდასხმას. თავს დაესხმებიან ისრაელს. რეგიონში თავიანთ მოკავშირე ძალებს დაუჭერენ მხარს. სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლას დაემუქრებიან, რათა, გარკვეულწილად, სპარსეთის ყურეზე კონტროლი განახორციელონ. პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება თქვას: იცით რა, ამ რეჟიმთან თანაცხოვრებას ვერასოდეს შევძლებთ, ამიტომ მის ჩამოსაშორებლად რაღაცის გაკეთება მოგვიწევს. შესაძლოა, სწორედ ამ მიმართულებით წავიდეს. ახლა ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის. მაგრამ ვფიქრობ, გადაწყვეტილებებს შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღებს.
ქეითსი: მაგრამ, რა თქმა უნდა, შუალედური არჩევნების შემდეგ მალევე მომდევნო საპრეზიდენტო კამპანია დაიწყება. როგორ ფიქრობთ, ეს მის გადაწყვეტილებებზე ხომ არ იმოქმედებს?
ვოლკერი: იმის მიუხედავად, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ზოგჯერ ამბობს, ის იმ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ იქნება. ვფიქრობ, ეს მას გარკვეულ თავისუფლებას აძლევს, თავად აირჩიოს, როგორ წარმართოს ეს საკითხი, და არჩევნებამდე გადამწყვეტი შედეგის მისაღწევად საკმარისი დროც ექნება. ამიტომ, ვფიქრობ, შუალედური არჩევნების შემდეგ მოქმედებისთვის, ალბათ, სწორი დრო იქნება.
ქეითსი: ანკარაში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ, რომელიც დასავლური ინტერესების მხარდამჭერებმა, ძირითადად, წარმატებად შეაფასეს, ტრამპმა უკან დაიხია დაპირების შესახებ, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია და შესაბამისი ტექნოლოგია მიეწოდებინა. The Atlantic-ის ბოლო ცნობით, კომპანიებში, რომლებიც ამ საბრძოლო მასალებს აწარმოებენ, შიშობენ, რომ უკრაინამ შესაძლოა წარმოება უფრო სწრაფად გაზარდოს და ისინი უფრო იაფად აწარმოოს. საბრძოლო მასალების შესახებ უკვე განხილულის ფონზე, ფიქრობთ, რომ ეს რეალური შეშფოთების საფუძველია?
ვოლკერი: მე ვიტყოდი: იმედი მაქვს, რომ ეს მართალია — იმედი მაქვს, უკრაინას მათი უფრო დიდი რაოდენობით და შეერთებულ შტატებში წარმოებაზე იაფად წარმოება შეუძლია, რადგან ისინი ყველას სჭირდება და არა მხოლოდ უკრაინას. ისინი სჭირდება სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ისრაელს, ამერიკულ ძალებს და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართალია. არ მგონია, ჩვენ მიერ ნანახი ყოყმანის მიზეზი ეს იყოს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ანკარაში ყოფნისას ეს იდეა უბრალოდ წამოაყენა. ალბათ, სადღაც მედიაში მოისმინა და თქვა: იცით, ეს შესანიშნავი იდეაა, მოდი, გავაკეთოთ, და საჯაროდაც ასე თქვა. პენტაგონში არავისთან გაუვლია კონსულტაცია; არც კომპანიებთან. ამიტომ, არავინ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, და არავის არაფერი გაუკეთებია.
შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი თეთრ სახლში მიდის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიების დროს, პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და ეკითხება: რას ვშვრებით ლიცენზიებთან დაკავშირებით? ტრამპი ალბათ პასუხობს: დიახ, რა ლიცენსიები? რა მოხდა? შემდეგ მას საკითხის შესახებ ბრიფინგს უტარებენ, ეუბნებიან: საქმე სინამდვილეში რთულია. არსებობს ტექნოლოგიის გადაცემის საკითხი. თუ ამას უკრაინაში გავაკეთებთ, რუსებმა შეიძლება ტექნოლოგიაზე წვდომა მიიღონ, რაც შემდეგ სისტემის ეფექტიანობას შეამცირებს. ამიტომ, ტექნოლოგიის გადაცემასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო. არა იმიტომ, რომ ამას უკრაინელები გააკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რისკი, ტექნოლოგია რუსებმა ჩაიგდონ ხელში. შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი რისკი: თუ ქარხანას უკრაინაში ააშენებთ, ის შესაძლოა სამიზნედ იქცეს და რუსებმა გაანადგურონ. ისინი დაელოდებიან ამოქმედებამდე ერთ დღეს, ააფეთქებენ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ. ამიტომ, უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ეს. შესაძლოა, გამოსავალი მესამე ქვეყანაში წარმოება იყოს. შემდეგ ჩნდება კითხვა: საქმის რა ნაწილი გაკეთდება უკრაინასთან და რა ნაწილი იმ მესამე ქვეყანასთან? სწორედ ეს უნდა გავარკვიოთ.
ვვარაუდობ, რომ ახლა ყველა ამ საკითხს ბოლომდე სწავლობენ. არ მგონია, ეს პრეზიდენტ ტრამპისგან უარს ნიშნავდეს. მეტიც, უფრო მეტად ვფიქრობ, რომ საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპის პასუხი დადებითი იქნება, რადგან თავიდანვე ეს მისი იდეა იყო. ყველა ამ კითხვას პასუხი აქვს, მაგრამ პენტაგონსა და კომპანიებს ახლა მათი ბოლომდე გარკვევა უწევთ, სანამ ამის რეალურად განხორციელებას შევძლებთ.
ქეითსი: ელჩო ვოლკერ, ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს თავიდან იწყებს. უკრაინა გაცილებით ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, მაგრამ თითქმის არაფერი მიუთითებს, რომ პუტინი რომელიმე მოთხოვნაზე უკან იხევს. როგორ ფიქრობთ, ამჯერად ტრამპი და მისი მთავარი მომლაპარაკებლები შეეცდებიან, მოსკოვზე ისეთივე ზეწოლა მოახდინონ, როგორიც გასულ წელს კიევზე მოახდინეს? და უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს?
ვოლკერი: არა, არ მგონია, რუსეთზე ასეთი ზეწოლა ვიხილოთ. რასაც ვხედავ, ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი მომლაპარაკებლები, როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ: პუტინი უბრალოდ ატყუებდა მათ და პროცესს განზრახ აჭიანურებდა. პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არასოდეს დადებს. ის არ მიიღებს, რომ უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არ აღიარებს პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ ლიდერად. არც იმას მიიღებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საერთაშორისო საზღვარი არსებობს. ამიტომ, ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ იმის ინსტრუმენტად იყენებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს, მაშინ როცა თავად სინამდვილეში მშვიდობაზე დათანხმებისთვის მზად არ არის.
ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაცია ამას უკვე მიხვდა. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების განახლების მცდელობაც რომ იყოს, ჩვენი მომლაპარაკებლები საკითხს უფრო გამჭრიახად მიუდგებიან. ასევე ნიშნავს, რომ ისინი პირველად დათანხმდნენ, თავად ჩავიდნენ უკრაინაში, რაც, ვფიქრობ, მათ ხედვას ძირეულად შეცვლის. ამ დრომდე უკრაინის შესახებ მხოლოდ რუსეთისგან სმენიათ; უკრაინელ მომლაპარაკებლებს უკრაინის ფარგლებს გარეთ ხვდებოდნენ, მაგრამ ქვეყანა საკუთარი თვალით არასოდეს უნახავთ. ვფიქრობ, ქვეყნის საკუთარი თვალით ნახვა მათ შეხედულებებს მკვეთრად შეცვლის. ეს დადებითი ნაბიჯია.
არ მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას ამერიკის ომად მიიჩნევს. ამიტომ, არ მგონია, რუსეთთან დაპირისპირება სურდეს. მაგრამ ვფიქრობ, მიდგომა უფრო გააზრებული იქნება: უკრაინას მოამარაგებენ, რუსეთს თავს აღარ მოატყუებინებენ, უკრაინაზე ზეწოლას არ მოახდენენ და სანქციებს გამოიყენებენ; მათ შორის, სავარაუდოდ, საბოლოოდ მიიღებენ და ხელს მოაწერენ ლინდსი გრემის სანქციების ახალ კანონპროექტს. ვფიქრობ, სანქციები კიდევ გაიზრდება. მაგრამ ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამას საკუთარ ომად შეხედოს.
ქეითსი: თუ სანქციების კანონპროექტს მიიღებენ და ხელს მოაწერენ, როგორ ფიქრობთ, იქნება ის რუსეთზე ზეწოლის ეფექტიანი ინსტრუმენტი და გამოიყენებენ თუ არა ეფექტიანად?
ვოლკერი: ის დაგვეხმარება. დაგვეხმარება. ეს პანაცეა არ არის; პანაცეა არაფერი იქნება. მაგრამ დროთა განმავლობაში ერთმანეთზე დამატებული სანქციები შედეგს იძლევა. მაგალითად, სათადარიგო ნაწილების მოპოვების სირთულე; ნავთობისა და გაზის გაყიდვის სირთულე; საბანკო სისტემის მეშვეობით გაყიდული ნავთობისა და გაზის საფასურის მიღების სირთულე; ფრონტის ხაზზე დაკარგული ჯარისკაცების ჩანაცვლების სირთულე; მეტი რაკეტის წარმოების სირთულე, რის გამოც ჩრდილოეთ კორეის იმედად რჩები. ყველა ეს ფაქტორი დამატებით სირთულეებს ქმნის, ხარჯს ზრდის და რუსეთს ომის წარმოებას ურთულებს.
საბოლოოდ, რუსეთი ორ ბარიერს შეეჯახება. ფული გამოელევა: ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სამხედრო ძალისხმევის დასაფინანსებლად აღარ ეყოფა. არც სამხედრო შესაძლებლობები ეყოფა, როგორც პირადი შემადგენლობის, ისე ტექნიკის მხრივ. ის ამ რესურსებს იმაზე სწრაფად ხარჯავს, ვიდრე აღდგენა შეუძლია. ეს საზოგადოებას ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება. ეს პუტინს აიძულებს, განიხილოს, შემოიღოს თუ არა საყოველთაო სამხედრო გაწვევა. თუ ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რუსეთში ეს ძალიან არაპოპულარული იქნება და მის წინააღმდეგ გარკვეულ ზეწოლას გამოიწვევს. ამიტომ, ვფიქრობ, ის ამ ორ კედელს შეეჯახება: ფინანსურს და სამხედროს. საბოლოოდ, ეს ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანს. ზელენსკი ჭკვიანურად მოქმედებს. შორი მოქმედების დარტყმებით ბრძოლა პირდაპირ რუსეთში გადააქვს და ამბობს: ცეცხლის შეწყვეტა გვინდა; თუ თქვენ შეწყვეტთ, ჩვენც შევწყვეტთ. ვფიქრობ, მომავალი წლის რაღაც მომენტში ეს პუტინისთვის აუცილებელი გახდება.
ქეითსი: კიდევ ერთი კითხვა პუტინსა და ამ მოლაპარაკებებზე. თქვენ შუალედური არჩევნები ახსენეთ. რა თქმა უნდა, რუსეთშიც გაიმართება სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომლებიც აშკარად ძალიან განსხვავდება აშშ-ის არჩევნებისგან. მაგრამ, შესაძლებელია, რომ დუმის არჩევნების შემდეგ პუტინი ორიდან ერთ-ერთი გზით წავიდეს? პირველი: გადადგას ისეთი ნაბიჯი, როგორიც მასობრივი მობილიზაციაა. მეორე: წავიდეს კომპრომისზე, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორ ფიქრობთ, აქვს რაიმე მნიშვნელობა სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთში დაგეგმილ არჩევნებს?
ვოლკერი: შესაძლებელია. შესაძლებელია, არჩევნებს გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს: მას შეიძლება სურდეს, ჯერ არჩევნები დაასრულოს, დუმაში თავისი უმრავლესობა უზრუნველყოს და შემდეგ თქვას: ახლა მზად ვარ ცეცხლის შესაწყვეტად. შესაძლებელია. ამას პრეზიდენტ ტრამპს ჩვენს შუალედურ არჩევნებამდე საჩუქრად წარუდგენდა და ეტყოდა: შეხედე, დონალდ, ამას შენთვის ვაკეთებ. ეს შესაძლებელია. არ მგონია, სავარაუდო იყოს, მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ამას დაჟინებით უნდა მოვითხოვდეთ, რათა ცეცხლის შეწყვეტა ზამთრამდე მოხდეს, დუმის არჩევნების შემდეგ და ზამთრის დაწყებამდე. მოდი, მართლაც მივაღწიოთ ცეცხლის სრულ შეწყვეტას ყველა მიმართულებით. ამას დაჟინებით უნდა მოვითხოვდეთ, თუმცა ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე მომავალი წლის რაღაც მომენტში ცეცხლის შეწყვეტა.
ქეითსი: ელჩო ვოლკერ, ბოლო კითხვა. პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დროს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენელი იყავით. იმის გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტის შესახებ იცით და იცით, როგორ აზროვნებს, ამ თანამდებობაზე ისევ რომ იყოთ, რას ეტყოდით დღეს?
ვოლკერი: ვფიქრობ, თუ მას იმას ვეტყოდი, რასაც რეალურად ვეტყოდი, ამ თანამდებობაზე ვეღარ დავრჩებოდი, რადგან ვეტყოდი, რომ ომის დასასრულებლად რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინოს. ომის მიმდინარეობის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა ის დაიწყო და მის წარმოებას აგრძელებს. უკრაინა არასოდეს დამარცხდება. უკრაინელებს უკრაინელობას ვერ წაართმევთ. ისინი უბრალოდ უკრაინელებად დარჩებიან. ამიტომ, ომის შესაჩერებლად საჭიროა, პუტინს ომის შეჩერება მოუნდეს. ეს კი მაქსიმალურ ზეწოლას ნიშნავს. გავზრდიდი სანქციებს. მეორეულ სანქციებს დავაწესებდი, რათა რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რაიმე თანხის მიღება უკიდურესად გაუჭირდეს. ზომებს მივიღებდი ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. უკრაინას, თავად უკრაინელების მიერ უკვე შექმნილი შესაძლებლობების გარდა, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს მივაწვდიდი — ეს იქნებოდა Tomahawk-ის რაკეტები. მკაფიოდ ვანიშნებდი, რომ რუსეთისთვის ვითარება მხოლოდ გაუარესდება, სანამ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. ყველა ბერკეტს გამოვიყენებდი, რათა ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ. არ მგონია, პრეზიდენტ ტრამპს ამის გაკეთება სურდეს, და არც ის მგონია, რომ ამის მოსმენა უნდა. მაგრამ, მე სწორედ ამას მოვითხოვდი დაჟინებით.
ქეითსი: კურტ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით.
ვოლკერი: და ახლა ერთი რამ გამახსენდა, გლენ. თქვენ ახსენეთ განსხვავება აშშ-ის შუალედურ არჩევნებსა და რუსეთის დუმის არჩევნებს შორის. ვფიქრობ, ეს ასე შეიძლება შევაჯამოთ: „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“ — ეს არის არჩევნები შეერთებული შტატებში, რუსეთში კი — „ერთი ადამიანი, ყველა ხმა“.


