„თქმა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც სამხრეთ ოსეთში მათი პროქსი ძალების მეშვეობით ქართულ სოფლებს შეუტიეს“, — დენიელ ფრიდი ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს.
„ეს არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ოპოზიციასთან შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას მისცეს საშუალება, იქამდე მიიყვანოს, რომ საკუთარ ქვეყანაში აგრესიული, მტრული ძალის შეჭრა გაამართლოს. ეს აჩვენებს, რამდენად შეუძლია პარტიულ მიკერძოებას რეალობის დამახინჯება. რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველო რუსეთში არ შეჭრილა — წერტილი“, ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ის საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას აკისრებს.
„რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, გარდა იმპერიის აღდგენის სურვილისა. სწორედ ეს სურს პუტინს. სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას: რუსეთს იმპერიის აღდგენა სურს. მან საქართველოს წინააღმდეგ ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. მან უკრაინის წინააღმდეგაც ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. ამის გაგება რთული არ არის. მე ვაკრიტიკებ სააკაშვილის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ომი პუტინმა დაიწყო. პუტინს არავინ აიძულებდა საქართველოში შეჭრას. ის შეიჭრა. პასუხისმგებლობა მას ეკისრება“, ამბობს ფრიდი.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, Independence Avenue Media, ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მთავარი შეცდომა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ, მოსკოვთან ჩვეული ურთიერთობების მალევე გაგრძელება და ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა იყო.

