ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის ყოფილი მოადგილე, ბრიტანელი თადარიგის გენერალი რიჩარდ შირეფი აცხადებს, რომ 32 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის მომავალი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად ძალის დემონსტრირებასა და ისეთი სტრატეგიის შემუშავებაზე დამოკიდებული, რომელიც აღიარებს, რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაზე გადის.
„ევროპამ, როგორც ნატოს შიგნით არსებულმა ალიანსმა, უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს და შექმნას ის სტრატეგიული ბერკეტები და შესაძლებლობები, რომლებითაც ალიანსს ახლა ამერიკა ამაგრებს“, ამბობს ის.
მისივე თქმით, ევროპის „გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, ნატოს „ნათელი სტრატეგია“ სჭირდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონცეფციაზე, რომ „რუსეთი არასდროს იტყვის უარს განზრახვაზე, უკრაინა ხელში ჩაიგდოს.“
შირეფი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის უცხოელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ამ სტრატეგიის ნაწილად განიხილავს ინიციატივას „ცის ფარი“ — რომლის ფარგლებშიც ევროპული ძალები უკრაინის ცის დაცვაში ჩაერთვებიან — ასევე საქართველოსა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანებას.
თადარიგის გენერალი ამბობს, რომ ნატო „უკვე რუსეთთან ომშია“.
იგი აშშ-სთან თანამშრომლობას აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გულის მოგება და მის მხარდაჭერაზე გამოდევნება „ფუჭი საქმეა“. ამის ნაცვლად, მისი თქმით, ახლა დროა ნატომ სიმტკიცე გამოიჩინოს და თქვას: „კი, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
ინტერვიუ ჩაწერილია 2 ივლისს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media: უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმით დავიწყოთ — 72 ფრთოსანი რაკეტა, „ცირკონები“ (ჰიპერბგერითი რაკეტები) და ყველანაირი მძლავრი იარაღი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გუშინ გამოიყენა (20216 წლის 1-2 ივლისის ღამეს) — როგორ შეაფასებდით, რუსეთის მხრიდან, უკრაინის წინააღმდეგ ამ გაძლიერებულ იერიშებს? ფიქრობთ, რომ ეს რუსეთის მხრიდან ესკალაციაა მას შემდეგ, რაც ნახა, რას აკეთებს უკრაინა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში?
რიჩარდ შირეფი, თადარიგის გენერალი, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის ყოფილი მოადგილე: ვფიქრობ, ეს რუსეთის მხრიდან გამწარებული თავდასხმაა მას შემდეგ, რაც მან უკრაინისგან დამცირება განიცადა და კვლავაც განიცდის. ყველამ ვნახეთ მოსკოვის განაპირას აფეთქებული ნავთობტერმინალების მძაფრი კადრები — როგორ დაფრინავდა ჰაერში ამ უზარმაზარი ნავთობცისტერნების თავსახურები მფრინავი თეფშებივით. ჩვენ ვხედავთ ყირიმის ბლოკადაში მოქცევის მცდელობას და იმ არაჩვეულებრივ წარმატებას, რომელსაც უკრაინელები ყირიმისკენ მიმავალი ლოგისტიკური მარშრუტების გადაკეტვით აღწევენ. ეს რუსეთის გააფთრებაა; რუსეთი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად ეხერხება — ცდილობს მიზანში ამოიღოს და დაატეროროს მშვიდობიანი მოსახლეობა, იმ იმედით, რომ ეს შეცვლის დინამიკას და უკრაინას რუსეთის ნების მიმართ როგორმე უფრო დამყოლს გახდის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკრაინელებს მხოლოდ უძლიერებს მტკიცე სულისკვეთებას, რომ არ დანებდნენ.
მეურმიშვილი: როგორ შეაფასებდით თქვენ მიერ ახლა ნახსენებ ზეწოლას — ყირიმზე თუ რუსეთის ენერგო სექტორზე? როგორ ართმევს უკრაინა თავს ამ ამოცანას?
შირეფი: ჩანაფიქრი ნათელია: 40 დღე და 40 ღამე. ეს თითქმის ბიბლიური სიმბოლიკაა და ვფიქრობ, [უკრაინის] პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ეს გზავნილი შეგნებულად შეარჩია. ჩემი აზრით, ეს ეფუძნება ინოვაციების იმ არაჩვეულებრივ მასშტაბსა და ტემპს, რომელსაც უკრაინამ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში მიაღწია.
მათ ამის გაკეთება საკუთარი ძალებით მოუწიათ, რადგან მოკავშირეები არ იყვნენ მზად, მათთვის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის დარტყმის საშუალებები გადაეცათ. ამიტომ, მათ თავად შექმნეს ისინი — „ფლამინგოები“ (უკრაინული ფრთოსანი რაკეტები) და სხვა საშუალებები — და დარტყმებს რუსეთის გულში, ღრმად ახორციელებენ. ამ სტრატეგიის გზები კარგად არის გააზრებული: შორ მანძილზე მოქმედი ეს დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობმომპოვებელ ობიექტებს ხვდება, რაც, საფუძვლიანად, რუსეთს ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობას უმცირებს.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, [ასევე ხდება] ყირიმის ბლოკადაში მოქცევაც. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყირიმი რუსეთის სიმძიმის ცენტრია, გარკვეულწილად, მისი ძალის წყარო. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რუსულ ფსიქიკაში. ფაქტია, რომ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის „ბრწყინვალებას“ — ბრჭყალებში რომ ვთქვათ — საფუძველი, გარკვეული აზრით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით ჩაეყარა. ყველას გვახსოვს წითელ მოედანზე გამართული ზეიმის კადრები, როდესაც ეს მოხდა. ასე რომ, პუტინისთვის ყირიმში რეალური მარცხის განცდა და შერცხვენა უკიდურესად მტკივნეული დარტყმაა.
ჩვენ იქ [ბენზინისთვის] უზარმაზარი რიგები და საგანგებო მდგომარეობა ვნახეთ. ეს ფაქტობრივად მარცხის ტოლფასია. და, რა თქმა უნდა, ყირიმისკენ მიმავალი ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვების გადაკეტვა — მელიტოპოლიდან, აზოვის ზღვის გავლით — და ყირიმში შემავალ ხიდებზე დარტყმები. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „მეფე შიშველია“, რადგან უკრაინელებმა აშკარად იმ დონეზე დაასუსტეს რუსეთის საჰაერო თავდაცვა, რომ მათ შეუძლიათ რუსული სამხედრო ობიექტები საკუთარი სურვილისამებრ, სათითაოდ ამოიღონ მიზანში.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმისთვისაა ჩაფიქრებული, რომ რუსეთი აიძულონ, უკრაინასთან მოლაპარაკებების საჭიროება აღიაროს. ისინი უკრაინას სუსტი პოზიციიდან დაელაპარაკებიან, რაც უკრაინას ნებისმიერ მოლაპარაკებებში უპირატესობას მიანიჭებს.
თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი თავისთავად ცხადად არ უნდა მივიჩნიოთ. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს ძალიან წინდახედულად უნდა მივუდგეთ. მე სულ ვიმეორებ, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მართალია, ახლა ერთზე მეტი მერცხალია მოფრენილი, პროცესი კარგად არის დაწყებული და უკრაინაც წარმატებით მიიწევს წინ, მაგრამ, როგორც თქვენს აუდიტორიას ყველაზე უკეთ ესმის, რუსეთის სათანადოდ შეუფასებლობა კარგი არასდროსაა. რუსეთს გამომგონებლობის უზარმაზარი რესურსი, სამეცნიერო პოტენციალი და პასუხის გაცემის უნარი აქვს. ნებისმიერი ომი ქმედებასა და უკუქმედებაზეა დამყარებული. უნდა ველოდოთ, რომ რუსები ბევრად უფრო დახვეწილი მეთოდებით დაბრუნდებიან, ვიდრე ეს, მაგალითად, გასულ ღამეს (2026 წლის 1-2 ივლისს) გააკეთეს.
მეურმიშვილი: და რა მეთოდები შეიძლება იყოს ეს?
შირეფი: პირველ რიგში, მე ინოვაციების მასშტაბებს გამოვყოფდი. მათ მოუწევთ ინოვაციებზე იფიქრონ.
აი, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია, არის ის, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული „საგაზაფხულო შეტევა“ სრული კრახით დასრულდა. რუსების დანაკარგები — დახოცილთა თუ მძიმედ დაჭრილთა სახით — კოლოსალურ, მასშტაბურ ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, გასულ თვეში ეს რაოდენობა დაახლოებით 40 000-ს შეადგენდა. საუბარია დღეში 1300-მდე [სამხედროზე], რომლებიც იღუპებიან ან მძიმედ შავდებიან.
ვფიქრობ, ყველა ნიშნით, რუსეთი კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. წავა რუსეთი ესკალაციაზე? შეცვლის თუ არა მთლიანად ცოცხალი ძალის მობილიზების გზებს? რადგან პრობლემა, რომლის წინაშეც რუსეთი ახლა დგას, არის ის, რომ იგი ვეღარ ანაზღაურებს დახოცილი და მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობას. ისინი დეფიციტს განიცდიან. როგორ აპირებენ ამის შეცვლას? ისინი იძულებით გაწვევაზე გადავლენ. და თუ იძულებით გაწვევას მიმართავენ, თუ პუტინი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ომს რეალურად შეიტანს რუსეთის დიდ ქალაქებსა და რეგიონებში და რუსულ საშუალო კლასში.
და რა თქმა უნდა, უნდა დავძინო ისიც, რომ ომი უკვე აზარალებს [რუსულ საზოგადოებას], რადგან ნავთობმომპოვებელ და საექსპორტო — განსაკუთრებით კი ნავთობმომპოვებელ — ობიექტებზე დარტყმების ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთში ბენზინის დეფიციტია. უკვე საწვავის ტალონებიც კი გაიცემა, რაც ენერგეტიკული ზესახელმწიფოსთვის ნამდვილი სირცხვილია.
ისინი იძულებულნი არიან, დახმარებისთვის ყაზახეთს მიმართონ. ალბათ ხუთი წლის წინ ყაზახეთი დაუფიქრებლად იტყოდა: „დიახ, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით“. ახლა კი ყაზახეთი თავს არიდებს პირდაპირ პასუხს და ორჭოფობს, რადგან ხედავს, რომ რუსეთი აღარ არის ის, რაც ადრე იყო.
მეურმიშვილი: ამ პასუხიდან ორი მთავარი დასკვნის გამოტანა შეიძლება: პირველი — უკრაინას ახლა უპირატესობა აქვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთეს პოზიციას იმყარებს, და მეორე — რუსეთს შეუძლია ამჟამინდელი არახელსაყრელი მდგომარეობის გადალახვა. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი? რა არის საჭირო იმისათვის, რომ უკრაინამ ამ გზით სვლა გააგრძელოს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერ მხარედ დარჩეს?
შირეფი: ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ნატოს სამიტის ფონზე. ჩვენ მეტისმეტად ვუახლოვდებით საბოლოო წერტილს — ეს ალიანსისთვის უკანასკნელი შანსია. თუმცა, რაც ფუნდამენტურად აკლია ნატოს ალიანსს, არის მკაფიო სტრატეგია, რომელიც იტყვის, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ რეალობის გააზრებაზე, რომ რუსეთი არასოდეს იტყვის უარს უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვაზე. რუსეთი ვერ იქნება ისეთი ქვეყანა, როგორიც თავად ჰგონია, რომ უნდა იყოს, თუ უკრაინა მისი განუყოფელი ნაწილი არ გახდება. და, შესაბამისად, ნატომ სტრატეგიულად უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ იყოს ევროპა ერთიანი, თავისუფალი და უსაფრთხო რუსეთის მხრიდან მომავალი გრძელვადიანი საფრთხის წინაშე.
ჩემი აზრით, ამგვარი სტრატეგიის პირველი მიზანი უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან მიაღწიოს რუსეთის დამარცხებას უკრაინაშივე. სწორედ ეს არის ფუნდამენტურად აუცილებელი. საჭიროა სტრატეგია, რომელსაც ყველა მოკავშირე გაიზიარებს და მხარს დაუჭერს.
და ამგვარი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილებია, პირობითად რომ ვუწოდოთ, რჩევები და მხარდაჭერა სამხედრო მიმართულებით. ტაქტიკასა და რუსებთან ბრძოლაში ჩვენ უკრაინელებს ვერაფერს ვასწავლით. პირიქით, რეალურად მათ უნდა გვასწავლონ და გვასწავლიან კიდეც. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ რჩევებით უმაღლესი შენაერთების მეთაურობის, ორგანიზების, წვრთნისა და ცოცხალი ძალის მართვის საკითხებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავადაც შესანიშნავად ართმევენ თავს ამ ყველაფერს.
ეს ასევე მოითხოვს, პირობითად რომ ვუწოდოთ, ფინანსურ და ეკონომიკურ მიმართულებებსაც. რადგან, ფუნდამენტურად, მოკავშირეებმა უნდა გამონახონ გზები რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად. რეალობა ისაა, რომ ევროპა — ევროკავშირი — კვლავ დიდი რაოდენობით ყიდულობს რუსულ ნახშირწყალბადებს [ნავთობსა და ბუნებრივს გაზს]. გასულ აგვისტოშიც კი, ევროკავშირმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ნახშირწყალბადები შეიძინა. ეს უნდა შეიცვალოს.
გარდა ამისა, ვფიქრობ, საჭიროა კოგნიტური ომის წარმოებაც, რაც გულისხმობს გზების გამონახვას რუსულ აზროვნებაში შესაღწევად და [ომისადმი] საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესასუსტებლად, რადგან, ამ [ომს] რუსეთში მხარს უჭერენ. მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პუტინის პოზიციების შერყევა იმით, რომ რუსეთის რადიკალებს ვაჩვენოთ, თუ რაოდენ წარუმატებელი აღმოჩნდა იგი და როგორ დასცა რუსეთი, რათა ამგვარ უკმაყოფილებას ბიძგი მიეცეს. ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმის მცდელობას, რომ სადმე კულისებში აღმოვაჩინოთ ზეთისხილის რტოთი ხელში მომლოდინე რომელიმე ლიბერალი, რომელიც პუტინს შეცვლის. გულახდილად რომ ვთქვა, ეს გულუბრყვილობაა, რადგან ისინი — [ალექსეი] ნავალნი და სხვები — ან დახოცეს, ან დევნილობაში იმყოფებიან. ჩემი აზრით, ამის მისაღწევად ერთადერთი გზაა უკმაყოფილების გაღვივება სამხედრო ბლოგერებსა და უკიდურეს ნაციონალისტებში — მათში, ვისაც მიაჩნია, რომ პუტინი საკმარისად შორს არ წასულა — და მათი განწყობა პუტინის საწინააღმდეგოდ.
მეურმიშვილი: ბევრს საუბრობენ სავალდებულო სამხედრო გაწვევასა და პუტინის მიერ რუსეთში სრულმასშტაბიანი მობილიზაციის შესაძლო გამოცხადებაზე. ეს რომ მოხდეს, როგორ შეაფასებდით ნატოსთვის მომავალ საფრთხეს — უკრაინის მიღმა? თქვენი აზრით, ექნება თუ არა რაიმე კონკრეტული მნიშვნელობა ნატოსთვის ამგვარ მობილიზაციას?
შირეფი: დიახ, რა თქმა უნდა. პუტინს ესმის, რომ იგი იძულებულია ან მოლაპარაკებებზე წავიდეს, ან ესკალაციაზე, და სრულმასშტაბიანი მობილიზაცია სწორედ ამ ესკალაციის ნაწილი იქნება. ამასთან, ესკალაციას შეიძლება სხვა კომპონენტებიც ჰქონდეს. ნატოსთვის კი ეს რეალური საფრთხეა — ეგზისტენციალური საფრთხე ალიანსისთვის. პუტინის ადგილას რომ ვიყო, რას გავაკეთებდი? შევეცდებოდი ნატოში „გათიშე და იბატონეს“ პრინციპის გამოყენებას და ალიანსის შიგნით დაბნეულობის დათესვას.
რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამაში? შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნების მცირე ნაწილის „ჩამოკბეჩა“, რათა ნატო აიძულონ, თავი დაიცვას, ან აიძულონ ალიანსი, მიიღოს გადაწყვეტილებები მე-5 მუხლთან (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების კოლექტიური თავდაცვის დებულებასთან) დაკავშირებით.
შესაძლოა, ეს იყოს შპიცბერგენი (სვალბარდის არქიპელაგის უდიდესი კუნძული) — აიღონ და ხელში ჩაიგდონ შპიცბერგენი არქტიკაში. რას იზამს მაშინ ნატო? ნამდვილად ჩაებმება ალიანსი ომში რამდენიმე თეთრი დათვის, ასევე ნორვეგიელი და რუსი სამოქალაქო პირების დასაცავად? ეს დიდი კითხვის ნიშნებია ნატოსთვის. თუმცა, ალიანსმა აუცილებლად უნდა გაითამაშოს ყველა ამგვარი სცენარი სამხედრო სწავლებებში და მზად იყოს, აჩვენოს ურყევი ძალა, სიმტკიცე და თავდაცვის ნება.
ასევე არსებობს საბოლოო გზაც, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ — ეს არის ბირთვული სცენარი. ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მიმაჩნია, რომ ნატომ 100%-ით მკაფიოდ უნდა აჩვენოს პუტინს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერ განხილვას შედეგად მოჰყვება უკრაინაში არსებული ყველა რუსული სამხედრო ძალისა და რესურსის სრული განადგურება — ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი დათმობების დრო დასრულდა. ეს იქნება ომი რუსეთთან — ყოველგვარი „თუ“-სა და „მაგრამ“-ის გარეშე.
მეურმიშვილი: აშშ-ნატოს ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხედავთ თუ არა ამ სცენარების განვითარების რეალურ საფრთხეს? როგორ შეაფასებდით ნატოს ერთიანობას დღეს, იმის ფონზე, რაც ამერიკული მხრიდან ხდება ჯარების გადასროლასთან, მათ გაყვანასთან და, ზოგადად, ამ მეტად დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით?
შირეფი: ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩემი აზრით, ჩვენ სამყაროს ისეთს უნდა ვუყურებდეთ, როგორიც არის და არა ისეთს, როგორიც გვსურს, რომ იყოს. და რას ვხედავ მე? ვხედავ, რომ ძალა აღმართს ხნავს. ვხედავ აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს სრულ სისულელედ მოიხსენიებს, ხოლო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამავე წესრიგს „ოცნების კოშკების ილუზიად“ აღწერს. ვხედავ აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში, იანვარში, ნატოს მოკავშირის ტერიტორიაზე — გრენლანდიაზე — თავდასხმით იმუქრებოდა, რომელიც, ცხადია, დანიის ნაწილია.
ასე რომ, ვფიქრობ, რეალობას ისე უნდა შევხედოთ, როგორიც არის. მე მესმის, რას ამბობს [აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ] ჰეგსეთი, მესმის, რას ამბობს [აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი] ვენსი და ეს ჩვენ ჯერ კიდევ ტრამპის მმართველობის დასაწყისშივე, 2025 წლის იანვარ-თებერვალში გვესმოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასა და ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალებზე.
ასე რომ, ვფიქრობ, უნდა დავუშვათ მოცემულობა, რომ ამერიკის პრეზიდენტისადმი ნდობა — ის მტკიცე რწმენა, რომ თეთრ სახლში მყოფი ნებისმიერი პრეზიდენტი თავდასხმის შემთხვევაში ნატოს წევრ ქვეყანას დახმარების ხელს გაუწვდიდა — აღარ არსებობს. ევროპა კი იძულებულია, საკუთარ ძალებსა და იმედზე დარჩეს — რა თქმა უნდა, კანადასთან ერთად.
ვფიქრობ, ალიანსმა სრულიად მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა განაცხადოს: ჩვენ გვსურს ამერიკასთან კავშირების შენარჩუნება. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკასთან გრძელვადიან ურთიერთობას, თუმცა, ამავდროულად, თქვენ, ამერიკამ, სრულიად გასაგებად მიგვანიშნეთ, რომ ევროპამ თავადვე უნდა მიხედოს საკუთარ თავს, ევროპის კონვენციურ თავდაცვას. კეთილი, ჩვენ ზუსტად ამას გავაკეთებთ. და ჩვენ უკვე ახლავე, მოკლევადიან პერსპექტივაში, ავამუშავებთ გეგმებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ესკალაციას შეეცდება, რათა ყურადღება გადაიტანოს იმისგან, თუ როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში.
ჩვენ უნდა შეგვეძლოს — 100%-ით უნდა შეგვეძლოს — საკუთარი თავის დაცვა, მხოლოდ ევროპას, იმ რესურსებით, რაც უკვე გაგვაჩნია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ევროპამ, როგორც ალიანსის შიგნით არსებულმა ერთობამ, უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს და შექმნას ის სტრატეგიული ხელშემწყობი საშუალებები და პოტენციალი, რომლითაც ამჟამად ამერიკა ამაგრებს ალიანსს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს მოითხოვს უზარმაზარ მსხვერპლს, თავდაცვის ხარჯების ზრდას, დაფინანსების ინოვაციურ გზებს და ა.შ. თუმცა ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. და ვფიქრობ, სინამდვილეში, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს არის ამერიკასთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი გზა.
მეურმიშვილი: რადგან ნატოზე ვსაუბრობთ: როგორ გესახებათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა? უნდა ველოდოთ თუ არა ამას უახლოეს წლებში?
შირეფი: თუ დავუბრუნდებით იმ ფორმულირებას, რასაც შეგიძლიათ სტრატეგიული მიზანი უწოდოთ — ერთიანი, თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა იმ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არასოდეს იტყვის უარს თავის განზრახვაზე, უკრაინა რუკიდან გააქროს, როგორც სუვერენული სახელმწიფო — ეს მიზანი აუცილებლად უნდა მოიცავდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამავე მიზნის ნაწილია ნატოს მიერ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე შემაკავებელი პოტენციალის შექმნა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მე ამას კიდევ უფრო განვავრცობდი და ვიტყოდი, რომ ეს სტრატეგია აუცილებლად უნდა მოიცავდეს საქართველოსა და მოლდოვასაც.
მეურმიშვილი: რას იტყოდით საქართველოზე, როგორ ხედავთ მის პერსპექტივას? თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, თუმცა, ამჟამინდელი ტრაექტორიის გათვალისწინებით, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ეს?
შირეფი: ვფიქრობ, ამჟამად ეს არის ტრაექტორია, რომელიც არ მიდის იმ მიმართულებით, ჩვენ რომ გვსურს. მოგეხსენებათ, მე უკვე ვისაუბრე იმაზე, თუ რა მასშტაბით გვეომება რუსეთი. ეს არის ფარული ომი ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ, რაც სრულიად აშკარად მოიცავს საარჩევნო მანიპულაციებს — ზუსტად იმგვარს, რომელმაც, საფუძვლიანი ეჭვით, განაპირობა დღეს საქართველოში არსებული მთავრობის მოსვლა. მსგავსი საარჩევნო მანიპულაციები ჩვენ მოლდოვასა და რუმინეთშიც ვიხილეთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ საბოლოო მიზანზე ფოკუსირება და ვიპოვოთ თუ შევიმუშაოთ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ქართველ ხალხს მისცემს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც ქართველების უმრავლესობას სურს საკუთარი ქვეყნისთვის.



