• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ანალიზი

ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი

ორი წლის წინ, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის ტენდერში ფავორიტად გამოცხადდა. თუმცა, ხელშეკრულება დღემდე არ გაფორმებულა. ანალიტიკოსების თქმით, თბილისი შესაძლოა ანაკლიის პროექტს განგებ ტოვებდეს გაურკვეველ მდგომარეობაში, როგორც ვაშინგტონთან "ვაჭრობის" უკანასკნელ ბერკეტს.

სანდრო ჯუფალაკიანიby სანდრო ჯუფალაკიანი
ივნისი 13, 2026
ინვესტორის მოლოდინში: ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოქცეული ანაკლიის პორტი – Independence Avenue Media
A A
Summarize with ChatGPTShare on X

2026 წლის 8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს მოამზადოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენასა და სადაზვერვო საქმიანობას შეაფასებს.

ანაკლიის პორიტი შესაძლოა იყოს პროექტებს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა.

წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან მხოლოდ ოთხ კილომეტრში მიმდინარე ეს გაჭიანურებული პროექტი, ერთ დროს, საქართველოს მთავარ წვლილად მიიჩნეოდა შუა დერეფნის განვითარებაში — მარშრუტში, რომელიც აზიას ევროპასთან რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს. ამის ნაცვლად, იგი საქართველოს დასავლეთისგან დაშორების სიმბოლოდ იქცა.

გზა ანაკლიამდე

ანაკლიას ხშირად საქართველოს „საუკუნის პროექტს“ უწოდებენ. ჩანაფიქრის მიხედვით, შავ ზღვაზე ის ქვეყნის მთავარ საზღვაო კარიბჭედ უნდა იქცეს — საქართველოს პირველ ღრმაწყლოვან პორტად, რომელიც ქართულ პორტებს შორის, ყველაზე დიდი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. თუმცა, მრავალწლიანმა შეფერხებებმა პროექტი გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ანაკლიის ტერიტორია პერსპექტიულ ადგილად, ჯერ კიდევ 1980-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიჩნია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროექტი შეჩერდა.

იდეას მხოლოდ 2011 წელს დაუბრუნდნენ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილი — ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე — პროექტს სკეპტიკურად უყურებდა. 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროექტის განხორციელება კვლავ გადაიდო.

2016 წელს მთავრობამ პროექტი განაახლა და ტენდერში გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დაასახელა, რომელშიც შედიოდა ქართველი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის TBC Holding-ი, ამერიკულ კომპანიებთან — Conti Group და SSA Marine-თან ერთად.

2019 წლის ივლისში — მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიის შექმნა გადაწყვიტა — პროკურატურამ მას ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

2020 წლის იანვარში, მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ ის ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა. კონსორციუმი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და კომპენსაცია მოითხოვა, თუმცა ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მთავრობის სასარგებლოდ დასრულდა.

ხაზარაძე ამტკიცებს, რომ პროექტი მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ შეჩერდა. მისი თქმით, ანაკლიის პორტს შეეძლო რუსეთზე გამავალი ტვირთების ნაწილის მოზიდვა.

2022 წლის დეკემბერში, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პროექტი ახალი სტრუქტურით განახლდებოდა: სახელმწიფო შეინარჩუნებდა 51%-იან წილს, ხოლო დანარჩენი 49% ინვესტორს გადაეცემოდა.

ჩინური განაცხადი

2024 წლის 29 მაისს, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ტენდერში წამყვანი პრეტენდენტი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იყო, რომელშიც China Communications Construction Company და მისი სინგაპურული შვილობილი კომპანია China Harbour Investment შედიან.

„ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად“, განაცხადა მაშინ დავითაშვილმა.

თუმცა, ორ წელზე მეტი გავიდა და ხელშეკრულება კვლავ არ გაფორმებულა.

როდესაც დავითაშვილის შემცვლელი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, 2026 წლის აპრილში ჩინეთს ეწვია, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სიახლეები “უახლოეს მომავალში” იყო მოსალოდნელი. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა Independence Avenue Media-ს განუცხადა, რომ კონსორციუმი ტენდერის გამარჯვებულად ოფიციალურად არ გამოცხადებულა, წინმსწრები განცხადებით კი მთავრობამ „ამერიკელებთან სავაჭრო დაიტოვა “.

“ისინი მუდმივად ელოდებოდნენ ვაშინგტონიდან კომუნიკაციას და ამ პროცესს წელავდნენ”, განაცხადა ხიდაშელმა.

მთავრობა კი ამტკიცებს, რომ პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ქვრივიშვილმა, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პროექტის პირველი ეტაპი ხორციელდება და ინვესტორი მეორე ეტაპზე ჩაერთვება. თუმცა, პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ვინ იქნება ინვესტორი.

“იცით, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონსორციუმთან, მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩინურ კონსორციუმთან წარმატებით დასრულდება”, განაცხადა მან.

ეკონომისტი და ოპოზიციონერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჩინური მხარის რამდენიმე „კაბალური“ მოთხოვნის გამო შეფერხდა.

მისი თქმით, მათ შორისაა ფინანსური გარანტიები; კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ტვირთბრუნვის მოცულობა მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდება; და ვალდებულების აღება, რომ ბათუმისა და ფოთის პორტები არ გაფართოვდება, რადგან ისინი ანაკლიას კონკურენციას გაუწევენ.

Independence Avenue Media კომენტარისთვის ჩინურ კონსორციუმსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

რა აწყობს მოსკოვს?

თუ ანაკლიის პროექტში დასავლური კომპანიების მონაწილეობა რუსეთის კრიტიკას იწვევდა, ჩინეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კონფიგურაციას მსგავსი წინააღმდეგობა მოსკოვის მხრიდან არ მოჰყოლია.

გოცირიძე Independence Avenue Media-სთან საუბარში ამბობს, რომ კრემლი ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმში გარკვეულ სარგებელს ხედავს — განსაკუთრებით ალტერნატიულ ვარიანტთან შედარებით.

მისი შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფნად იქცა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გავლენის შემცირებაში ეხმარება.

ამასთან, გოცირიძის თქმით, ჩინეთის მონაწილეობა პროექტში დასავლელი ინვესტორების სამომავლო ჩართვასაც გამორიცხავს. ის კონსორციუმის კიდევ ერთ მოთხოვნას ასახელებს: თუ საქართველოს მთავრობა საკუთარი წილის გაყიდვას დააპირებს, ჩინურ მხარეს მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება უნდა ჰქონდეს.

ანაკლიის პორტის წარმატება ჩინური ტვირთების გარეშე შეუძლებელია, ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი — „იდეალური სცენარი იქნებოდა მრავალმხრივი კონსორციუმი, რომელშიც კაპიტალს ჩადებდა ჩინეთი, აშშ და ევროკავშირიც“.

მაგრამ, მისი შეფასებით, ამ ეტაპზე, ამ სცენარის განხორციელებას ხელს თბილისსა და ბრიუსელს შორის გაუარესებული ურთიერთობებიც უშლის.

„არ მგონია, ამ პროექტის მიმართ ევროკავშირის ინტერესი ძალიან მაღალი იყოს “, უთხრა ხიშტოვანმა Independence Avenue Media-ს.

ვაშინგტონის პოზიცია

ვაშინგტონი ანაკლიის პროექტის მტკიცე მხარდამჭერი იყო და საქართველოს ხელისუფლებას, რუსული და ჩინური საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა.

2019 წლის ივნისში მაიკ პომპეომ, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თხრა, რომ პორტი „გააძლიერებდა საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლიდა მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოქცეულიყო.“

გასული წლის აპრილში კი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ორპარტიული გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „რუსეთთან კოორდინაციით შავ ზღვაში ჩინეთის მზარდი ყოფნა რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და თავისუფალ ვაჭრობას ზღუდავს“.

2026 წლის მარტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ანაკლიის სამშენებლო მოედანს ეწვია.

ვაშინგტონს ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ვიზიტმა გააჩინა ვარაუდი, რომ თბილისი პროექტის მიმართ ამერიკული ინტერესის გაღვივებას ცდილობდა, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი.

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი „ანაკლიაში დაინტერესებულ მხარედ რჩება“.

„ეს ერთადერთი კვანძი და პროექტია, რითაც საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი შეიძლება გავაღვივოთ “, განუცხადა Independence Avenue Media-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კარგად ესმის: „იმ მომენტში, როცა გადაუფორმებენ ანაკლიას ჩინელებს, პრაქტიკულად ყველა უკან დასაბრუნებელ ხიდს და გზას მოჭრიან, რომელიც შეიძლება ამერიკელებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად არსებობდეს”.

აპრილში პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი „ვერ გაუღვივა“.

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ხიდაშელი ანაკლიის პორტზე ახალი სატრანზიტო მარშრუტის, ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის კონტექსტში საუბრობს, რომელზეც შეთანხმებას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.

„როგორც კი გაჩნდა პირველი ნიშანი, რომ კავკასია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის რადარზე მოხვდა, ჩვენი შეთავაზება, წესით, მთელი ამ სატრანზიტო სისტემის ერთიან პაკეტად განხილვა უნდა ყოფილიყო”, განაცხადა მან.

„ფაშინიანისა და ალიევის მიერ ოვალურ კაბინეტში ხელმოწერილი შეთანხმება სამმხრივი უნდა ყოფილიყო — საქართველოს მონაწილეობით. ეს დერეფნები ჩვენს გარეშე არც იწყება და არც სრულდება“.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის მიერ ახლახან მიღებული კანონპროექტის თანაავტორია, არაერთხელ გამოსულა ანაკლიის ტენდერის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემის წინააღმდეგ.

კონგრესმენი უილსონი: "საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან ერთად, მათ გაავრცელეს ყველაზე საზიზღარი ანტიამერიკული პროპაგანდა და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტს“. pic.twitter.com/y2R5w2nBe1

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 9, 2026

აპრილში RFE/RL-სთვის მიცემულ ინტერვიუში უილსონმა განაცხადა, რომ ჩინეთი პორტს ცენტრალური აზიიდან იშვიათ მიწათა ელემენტებისა და სხვა იშვიათი მინერალების ტრანსპორტირების კონტროლისთვის გამოიყენებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა ანაკლიის პროექტი მოიყვანა მაგალითად, როდესაც საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ჩინეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებაზე საუბრობდა.

„კონკურენცია კარგია,“ — განაცხადა მან. „მაგრამ, როდესაც საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის რისკები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უკავშირდება.“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან მასტი საქართველოს შესახებ მიღებულ აქტზე: „დაგვეხმარება შევაფასოთ, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი საქართველო, ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ“ pic.twitter.com/K7M3USfgca

— Independence Avenue Media ქართული (@indavemediageo) June 8, 2026

მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო და ის ახლა სენატმა უნდა განიხილოს, თბილისმა და პეკინმა ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ განაცხადეს, რითაც 2023 წელს ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ჩარჩო კიდევ უფრო გააღრმავეს.

მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეაქო და მისი შემდგომი განვითარების იმედი გამოთქვა.

ამასთან, „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების მიმართ, ვაშინგტონში გამოთქმულ კრიტიკას და მაგალითად მოჰყავს თავად დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის “მეგობრული სამიტი”, რომელიც მაისში პეკინში გაიმართა.

სანდრო ჯუფალაკიანი

სანდრო ჯუფალაკიანი

თბილისში ბაზირებული ჟურნალისტი, მუშაობს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე. თითქმის 20 წლის განმავლობაში, მუშაობდა წამყვან ქართულ მედიასაშუალებებსა და რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტში „ეხო კავკაზა“.

ასევე ნახეთ

Баросс
რჩეული

ბაროსი: უკრაინამ ომში უპირატესობა მოიპოვა, თუმცა რუსეთი ადაპტირებას მოახერხებს

by კირილ სუხოტსკი
0
წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო – Independence Avenue Media
რჩეული

წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ ახალი სტრატეგიის მომთხოვნი აქტი მიიღო

by ქართლოს შარაშენიძე
0
Photo: Mariia Ulianovska
რჩეული

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მიღებულია — მომხრე და მოწინააღმდეგე კონგრესმენების არგუმენტები

by Mariia Ulianovska
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • თავფურცელი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media