• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

სენატორი რიში აშშ-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის „ცუდ ნიშნებს“ ხედავს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში Independence Avenue Meida-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ კურსს არ შეცვლის, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობას არ უნდა ველოდოთ.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
მარტი 25, 2026
Senate Foreign Relations Committee Chairman Sen. James Risch.

Senate Foreign Relations Committee Chairman Sen. James Risch.

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

“„ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, ამბობს სენატორი რიში. მისი თქმით, “თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა, ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია“.

მაღალი რანგის რესპუბლიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა და სენატი, ორპარტიული და ორპალატიანი „მეგობარი აქტის“ მისაღებად ძალისხმევას აგრძელებს. ეს არის აქტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლთა საქმიანობა მიჩნეული იქნება საფრთხედ საქართველოს დასავლურ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე.

აიდაჰოს შტატის რესპუბლიკელი სენატორი, რომელმაც Independence Avenue Media-ს მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვებს უპასუხა, ასევე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების, ირანთან ომისა და სომხეთ-აზერბაიჯანთან დიპლომატიური ძალისხმევის პერსპექტივებზე.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 24 მარტს.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media: ბატონო სენატორო, როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ოპერაცია „ეპიკური რისხვა“? რა მიზნები აქვს აშშ-ს ირანში? კვლავ დღის წესრიგში დგას რეჟიმის ცვლილება? აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ნება და საშუალება, სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე, ყველა თავის მიზანს მიაღწიოს?

ჯეიმს რიში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკურ რისხვაში“, მისი მიზანი შეერთებული შტატებისთვის ირანის საფრთხის აღმოფხვრაა.

ამ ეტაპზე, ირანს აქვს შანსი თავისი მომავლის კურსი შეცვალოს. ირანელი ხალხი დიდი ხანია იტანჯება სასტიკი რეჟიმის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამნაშავეა საკუთარი მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ეს სირიასა და ვენესუელაში გააკეთა, ირანელ ხალხს მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის შესაძლებლობა მისცა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ირანელი ხალხი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.

მეურმიშვილი: მოკლევადიანი პერსპექტივაში, ირანის ომისგან სარგებლის მთავარი მიმღები, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინია — ის სარგებლობს ნავთობის ფასის ზრდით, უკრაინაში ომიდან ყურადღების გადატანით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მზარდი დეფიციტით და ა.შ. რას ურჩევდით ადმინისტრაციას, რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად და უკრაინის მხარდასაჭერად, ირანის ომის მოთხოვნების გათვალისწინებით?

რიში: საბოლოო ჯამში, სინამდვილეში, ყველაზე დიდი დამარცხებული რუსეთია. ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი ირანის უახლოესი მოკავშირეა და ის უძლურია [საკუთარ მოკავშირეს] მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს.

რუსეთი და ირანი სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, პუტინმა ცოტა რამ გააკეთა აშშ-ის ოპერაციის შედეგების შესაცვლელად და კიდევ უფრო ნაკლები რამ, მატერიალური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

რუსეთის სხვა „პარტნიორებმა“ ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ რას მოუტანთ სინამდვილეში რუსეთთან ურთიერთობა.

ასევე, ირანის შესაძლებლობების შემცირებით, პუტინს, დასახმარებლად, ერთი მოკავშირით ნაკლები ეყოლება.

გარდა ამისა, მეზობლები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ირანის მავნე გავლენის შესუსტებით ისარგებლებენ და უფრო თავისუფლად შეძლებენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებას, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიერ, შუა დერეფანში წამოწყებულ სამუშაოს დაეფუძნება.

მეურმიშვილი: რა ეტაპზეა სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მეორადი ტარიფების დაწესებას გულისხმობს? სენატში 85 თანასპონსორის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მის მისაღებად ხმების საკმარისი რაოდენობა არსებობს.

რიში: სანქციები რუსეთზე ზეწოლის ძლიერ ინსტრუმენტად რჩება. სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესის პარალელურად, რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად, ეკონომიკური ზეწოლისთვის გზების ძიებას გავაგრძელებთ.

მე გავაგრძელებ მუშაობას სენატის ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვიყოთ, როდესაც ამის დრო დადგება.

ახლა, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ყველა პარტნიორმა, განსაკუთრებით ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების რეჟიმი შეინარჩუნოს.

მეურმიშვილი: რას იტყვით თქვენ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს? არსებობს მისი კანონად ქცევის შესაძლებლობა?

რიში: სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო ჩემი კანონპროექტი „ჩრდილოვანი ფლოტების“ შესახებ და ის მოიცავს ახალ და ძლიერ უფლებამოსილებებს, რაც ხელს შეუწყობს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩემი და გრემის, ორივე კანონპროექტი ერთ მიზანს ისახავს.

მეურმიშვილი: ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, სამიზნეში ამოიღოს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები. როგორ უნდა უპასუხოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ამ ნაბიჯს?

რიში: ეს ცნობები ვნახე. რუსეთი შეერთებული შტატების მეგობარი არ არის, ამიტომ ლოგიკურია, რომ ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტ ტრამპის მისიას, დაიცვას შეერთებული შტატები ირანის საფრთხეებისგან. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას სათანადოდ უპასუხებს.

მეურმიშვილი: რუსული და ირანული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტური სამხედრო პროგრამა აქვს. უკრაინელებმა შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზეს. როგორ შეაფასებთ ამ შეთავაზებას? შეიძლება თუ არა ამან რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით?

რიში: შეერთებული შტატები უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან ახალი შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობასთან დრონების პოტენციურ გარიგებაზე, ხოლო ამერიკული თავდაცვის კომპანიები, რომლებიც დრონებს აწარმოებენ, უკრაინაში წლებია ოპერირებენ და უკრაინის კერძო სექტორთან თანამშრომლობენ.

მეურმიშვილი: პრეზიდენტმა ტრამპმა შუამავლობა გაუწია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და შექმნა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) დერეფანი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს უფრო დიდი როლის შესრულებას სამხრეთ კავკასიაში?

რიში: ჩვენი მეგობრები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე შექმნა მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები მომავალი წლების განმავლობაშიც განვითარებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინვესტიციებს ახორციელებს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, რაც გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსებზე წვდომას, ამავდროულად, რეგიონში ისეთი დესტრუქციული აქტორების, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, საპირწონედ იქცევა.

მეურმიშვილი: თვალსაჩინოა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეერთებული შტატების ჩართულობის მიუხედავად, თითქმის არ მიმდინარეობს დისკუსია საქართველოს შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას იჩენს ვაშინგტონთან ურთიერთობის აღსადგენად. როგორ აფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობას და როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ის შემდგომში?

რიში: „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობებისადმი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს.

საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის.

მეურმიშვილი: რა არის „მეგობარი აქტის“ სტატუსი? კვლავ განიხილავს თუ არა მას სენატი?

რიში: დიახ, ჩემი კოლეგები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აგრძელებენ გზას „მეგობარის“ მისაღებად.

მეურმიშვილი: როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ ზედამხედველობით საზღვარგარეთ შეერთებული შტატების ელჩების დანიშვნის პროცესს. რატომ არის ელჩების ამდენი ადგილი ვაკანტური ადმინისტრაციის მუშაობის ასეთ გვიან ეტაპზე? ფიქრობთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი მალე დაინიშნება? უკრაინაში?

რიში: ამ მნიშვნელოვანი პოზიციების შესავსებად, ადმინისტრაციასთან მუშაობას ვაგრძელებ. პროცესი ხანგრძლივი და ფრთხილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამუშაოსთვის შესაფერისი ადამიანები შეირჩეს. ამ პარამეტრების გათვალისწინებით, კანდიდატებს რაც შეიძლება სწრაფად წარვადგენთ.

ასევე ნახეთ:

  • „მეგობარი აქტი“, „ქიმიური იარაღის“ შესაძლო გამოყენების მოკვლევა — ინტერვიუ კონგრესმენ უილსონთან
  • კონგრესი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს გამოიკვლიოს საქართველოში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება
  • კარპენტერი: შესაძლებელია თუ არა სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე სრულყოფილი იყოს? ამას მალე გავიგებთ
  • ისტორიული შესაძლებლობა: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისკენ მიდიან — მოსკოვის გარეშე
  • ბრაიზა: სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ-ს სტრატეგიული ხედვა არ აქვს

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media