• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

„ახალი სტარტის“ შეთანხმება აღარ არსებობს — რა იქნება შემდეგ?

პენტაგონის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ერთადერთი ბირთვული შეთანხმების ამოწურვა შეიარაღების ახალ რბოლას არ გამოიწვევს, საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზება მოახდინოს და შექმნას როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის სანდო შემაკავებელი ფაქტორი.

კირილ სუხოტსკიby კირილ სუხოტსკი
თებერვალი 13, 2026
US NUCLEAR POWER
A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

5 თებერვალს, თითქმის 16 წლის შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ „ისტორიულ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, „ახალი სტარტის“ შეთანხმების ვადა ამოიწურა.

ეს იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ბოლო ორმხრივი ხელშეკრულება. თუმცა, ფრანკლინ მილერი, პენტაგონის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ბირთვული შეკავების საკითხებში შეერთებული შტატების რამდენიმე ადმინისტრაციას უწევდა კონსულტაციებს, არ ეთანხმება გამოთქმულ შეშფოთებებს, შეიარაღების ახალი რბოლის მოახლოებასთან დაკავშირებით. „თავისი დროისთვის, „ახალი სტარტი“ კარგი ხელშეკრულება იყო, მაგრამ ეს დრო წავიდა“, – ამბობს ის Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში.

კრემლს, რომელიც აცხადებს, რომ თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზება მოახდინა, სურს ვაშინგტონმა “ახალი სტარტით” განსაზღვრული შეზღუდვების შესრულების ვალდებულება კვლავ იკისროს. თუმცა, მილერის თქმით, შეერთებულ შტატებს ასევე სჭირდება თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზება, რათა ერთდროულად შექმნას შემაკავებელი ფაქტორი, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

რუსეთი, რომელმაც გასულ წელს უკრაინაში ომზე მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% დახარჯა, სავარაუდოდ, ახალი ბირთვული ქობინების დაფინანსებასთან დაკავშირებით სირთულეებს წააწყდება, რაც შეერთებულ შტატებს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს თავისი არსენალის მოდერნიზაცია უფრო ხელსაყრელი პირობებით, ახალი შეთანხმების დადებამდე, ამბობს მილერი. „მაგრამ ის აზრი, რომ ცა ჩამოიქცა, რადგან ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, უბრალოდ მცდარია“, თქვა მან Independence Avenue Media-სთან საუბრისას.

ინტერვიუ ჩაწერილია 10 თებერვალს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

კირილ სუხოტსკი, Independence Avenue Media: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, „ახალი სტარტის“ შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინის შეთავაზება უარყო. ამის ნაცვლად, აშშ-ის ადმინისტრაციას სრულიად ახალი შეთანხმება სურს და გვესმის, რომ ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის, გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ამ მიდგომაზე?

ფრანკლინ მილერი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური თანაშემწე: ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სრულიად მართებულად მოიქცა, როცა შეთანხმებას ამოწურვის საშუალება მისცა. ეს შეთანხმება, სხვა დროისა და გარემოებისთვის შეიქმნა, 2010-11 წლებში, ახლა კი მსოფლიო ძალიან განსხვავებულია. მაშინ, რუსეთი შეერთებული შტატებისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა — ახლა, კი. მაშინ, ჩინეთი არ იყო წყნარ ოკეანეში მზარდი სამხედრო ძალა, ახლა კი ასეთია.

ამგვარად, ამერიკისთვის, შეკავების მოთხოვნები შეიცვალა. ჩვენ უნდა შევძლოთ, ერთდროულად შევაკავოთ რუსეთი და ჩინეთი. შეთანხმება გვაძლევს ქობინების რაოდენობას, რომელიც, გარკვეულწილად, დაბალია იმ დონის რაოდენობაზე, რომელიც ჩინეთისა და რუსეთის ერთდროულად შესაკავებლადაა აუცილებელი. ასე რომ, უეჭველად, პუტინი სიამოვნებით დაგვტოვებდა ჩვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაბალ დონეზე, ჩვენ კი გვჭირდება [ეს დონე ჩვენი საჭიროებების შესაბამის დონემდე] გავზარდოთ.

ამ ხელშეკრულებას ასევე აქვს სხვა პრობლემები. როგორც ვთქვი, ხელშეკრულება 2010 წელს დაიწერა [მხარეების მიერ რატიფიცირებულია 2011 წელს]. პუტინმა, თავის არმიასა და საჰაერო ძალებს დაავალა, შეემუშავებინათ ისეთი იარაღი, როგორიც თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად, როცა ხელშეკრულებით აშშ-ის შესაძლებლობები შეზღუდული იყო, პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს სამი განსხვავებული სისტემის შემუშავება დაავალა, რომლებიც სრულიად სცილდებოდა ხელშეკრულების რეგულირების სფეროს. შეერთებული შტატები კი, კვლავ არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პუტინმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირებისა და გადამოწმების პროტოკოლები 2022 წელს შეაჩერა. ის ჩვენგან ითხოვს, უბრალოდ, გადამოწმების გარეშე ვენდოთ, რომ 2010-11 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დონეს შეინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, რომლმაც შეერთებულ შტატებთან, შეიარაღების კონტროლის რვა შეთანხმება დაარღვია.

და ბოლოს, თუ დაფიქრდებით, როგორი სურათი იქმნება საბოლოო ჯამში, ამ შეთანხმებით, არ რეგულირდებოდა რეგიონული ბირთვული იარაღი — რუსეთის მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღი — რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში. ასეთი იარაღი რუსეთს ბევრი აქვს, რამდენიმე ათასი, შეერთებულ შტატებს კი გაცილებით ნაკლები, შესაძლოა, ამ რაოდენობის 10%.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს, მან დანამდვილებით სცადა, შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის, რაიმე სახის სამმხრივი დისკუსია გამართულიყო, მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მისი მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან, მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის საკითხებზე საუბარი წარმართულიყო.

ასე რომ, დროა საკითხი ასე დავსვათ, სერიოზულად უყურებს თუ არა ეს ხალხი შეიარაღების კონტროლს? თუ ასეა, მაშინ ამან ბირთვული იარაღის სრული დიაპაზონი უნდა მოიცვას. უნდა გვქონდეს ინსპექტირების ახალი პროტოკოლები და როგორმე გავითვალისწინოთ, როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი.

სუხოტსკი: ნამდვილად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ორმხრივი „ახალი სტარტის“ შეთანხმების ახალი, სამმხრივი შეთანხმებით ჩანაცვლება სურს, რომელშიც ასევე ჩართული უნდა იყოს ჩინეთი. ფიქრობთ, რომ შესაძლოა არსებობდეს ახალი დაპირისპირების საფრთხე, სადაც რუსეთი და ჩინეთი, შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ერთმანეთთან ითანამშრომლობენ?

მილერი: ეს საინტერესო კითხვაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება იყოს სამმხრივი ხელშეკრულება ან შეიძლება არსებობდეს ორი პარალელური ორმხრივი შეთანხმება. ამასთან, რასაც ჩინელები აკეთებენ, არანაირი კავშირი არ აქვს „ახალ სტარტთან“.

ჩინელები ძალიან დაფარულად მოქმედებენ. ისინი განზრახ გაუმჭვირვალეები არიან. მათ არასდროს გამოუცხადებიათ რა არის მათი პროგრამის მიზანი ან რა მასშტაბის წარმოებას აპირებენ — ამის მხოლოდ გამოცნობა შეგვიძლია. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს რეალობა, მას სი ძინპინი მართავს და როგორც ჩანს, ეს იმისგან დამოუკიდებლად ხდება, თუ რას აკეთებს აშშ ან რუსეთი. ეს პირველი საკითხია.

მეორე საკითხი, ვფიქრობ ისაა, რომ დაახლოებით 2011 წლიდან, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბური განახლება, გნებავთ, მოდერნიზაცია დაიწყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ დაიკვეხნა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალების 95%-ის მოდერნიზაცია მოახდინა.

ასე რომ, მან საქმე დაასრულა. მან ინვესტიცია ჩადო თავის ბირთვულ ძალებში, მეტი აღარ სჭირდება. დანამდვილებით, უკრაინაში ომის უზარმაზარი ხარჯებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქციის გამო, მისი ეკონომიკა ისედაც ვეღარ უზრუნველყოფს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბურ გაფართოებას.

ასე რომ, რუსებმა შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოხატონ, ზოგიერთ რაკეტაზე ქობინების რაოდენობა გაზარდონ, რასაც ჩვენ „ქობინების დაგროვებას“ ვუწოდებთ. თუმცა, არ მგონია, დიდი რისკი არსებობდეს, რომ რუსეთი „ქობინების რბოლას“ დაიწყებს, რადგან რბოლა გულისხმობს, რომ ისინი უფრო მეტს გააკეთებენ, ვიდრე ადრე აკეთებდნენ. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი მათ თავისი ძალების სრული მოდერნიზება მოახდინეს.

სუხოტსკი: ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ შესაძლოა შეიარაღების რბოლის ახალ ზღვარზე აღმოვჩნდეთ, როდესაც დამცავი ბარიერი აღარ იარსებებს და ყველას შეეძლება ქობინების რაოდენობის გაზრდა —  თქვენ ფიქრობთ, რომ ამის საფრთხე არ არსებობს?

მილერი: დიახ, მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება. რუსებმა უკვე დახარჯეს უზარმაზარი თანხა საკუთარი ბირთვული ძალების მოდერნიზებისთვის, იმ მიზნებისთვის, რაც მიაჩნიათ, რომ სჭირდებათ. ასე რომ, მათ არ აქვთ მეტი ქობინის დამატების მიზეზი, გარდა იმისა, რომ ამით დასავლეთის შეშინებას შეეცადონ. მათ შეუძლიათ კიდევ რამდენიმე ქობინი დაამატონ. რეალურად, ეს არ იწვევს შეიარაღების რბოლას.

შეერთებული შტატებისთვის ეს სრულიად განსხვავებული პრობლემაა. დღეს არსებული ძალა, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის პროდუქტია. ამგვარად, ეს ძალები მოძველებულია.

2011 წელს, კონგრესი პრეზიდენტ ბარაკ ობამას აიძულებდა, დათანხმებულიყო აშშ-ის ბირთვული ძალების მოდერნიზებას. რუსეთის მიერ ბირთვული ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების 15 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა თავის არსენალს არც ერთი ახალი ბირთვული სისტემა არ დაამატა. პირველი ახალი „კოლუმბიის“ კლასის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი წყალში 2030-2031 წლებამდე ჩაეშვება. ახალი B-21 ბომბდამშენები ექსპლუატაციაში 2020-იანი წლების ბოლომდე არ შევა. ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სენტინელი“, სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისამდე არ განლაგდება.

მაშ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა? აშშ-მა რუსეთისა და ჩინეთის ერთდროულად შეკავების მიზნით ზოგიერთ არსებულ რაკეტას ქობინები უნდა დაუმატოს. ეს დიდი რიცხვი არ არის, შესაძლოა რამდენიმე ასეული — მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საწყობში არსებული ქობინები უნდა ავიღოთ და ჩვენს არსებულ წყალქვეშა ნავების რაკეტებსა და ზოგიერთ სახმელეთო რაკეტაზე მოვათავსოთ. რუსები წინააღმდეგი იქნებიან, რადგან არ სურთ, რომ ჩვენ შევძლოთ რუსეთისა და ჩინეთის ერთდროულად შეკავება.

ისინი შეიარაღების რბოლის წამოწყებით დაიმუქრებიან და ბევრი ამერიკელი ექსპერტი იტყვის: „ღმერთო ჩემო, ეს პრობლემაა, საზღვრები არ არსებობს“. მაგრამ, მათი მუქარის მიღმა არაფერი არ იქნება. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, გავიდეს „ახალი სტარტის“ ხელშეკრულებიდან და დაიწყოს პროგრამა აშშ-ის არსენალის ქობინებით შევსების შესახებ მანამ, სანამ ჩვენს საჭიროებებს არ დავაკმაყოფილებთ, სწორია.

ვფიქრობ, ხელშეკრულება სასარგებლო იქნებოდა. ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნებოდა მთელ მსოფლიოში არსებული შიშის ჩასახშობად იმის შესახებ, თუ სად მიდის აშშ-რუსეთის ან აშშ-ჩინეთის ურთიერთობა. თუმცა, ეს არ არის ისეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამას. ჩვენ მივაღწევთ ამას.

თუმცა, მოსაზრებები, რომ შეთანხმების ვადის გასვლის გამო ცა ჩამოიქცა, უბრალოდ მცდარია. ეს იყო დაშინების ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ ამერიკული შეიარაღების კონტროლის საზოგადოება, ასევე ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი] ლავროვი და [რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი] მედვედევი, რომლებიც ცდილობდნენ შეერთებული შტატების დაშინებას და უნდოდათ ეთქვათ: არა, ჩვენ დავრჩებით „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად. როგორც ჩანს, ამან არ გაამართლა.

სუხოტსკი: ცხადია, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დასჭირდება. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ყველა წინა ხელშეკრულებას წლები დასჭირდა. ახალი შეთანხმების დადებასაც შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. მაგრამ, თქვენ ამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის?

მილერი: დიახ, ვფიქრობ ასეა. ვფიქრობ გვსმენია, რომ სჯობს საერთოდ არ იყოს შეთანხმება, ვიდრე ცუდი შეთანხმება არსებობდეს. დიდი დრო დაგვჭირდა საბჭოთა კავშირთან “ევრორაკეტების კრიზისის” დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ, საბოლოოდ, სასურველს მივაღწიეთ. ასე რომ, ეს ღირდა.

„სტარტს“ და „სტარტი 2“ ხელშეკრულებებს ასევე დასჭირდა დრო. მაგრამ, ეს იყო ძალიან კარგი ხელშეკრულებები, ძალიან კარგი ინსპექტირებისა და გადამოწმების პროტოკოლებით. ასე რომ, შეგვიძლია დრო დავუთმოთ ახალი ხელშეკრულების შექმნას. მაგრამ, ეს უბრალოდ სწორად უნდა გავაკეთოთ.

სუხოტსკი: როგორ ფიქრობთ, კრემლი დაინტერესდება ამ ახალი ხელშეკრულებით და მზად იქნება თუ არა მიიღოს ყველა ის ახალი დებულება, რომლის ჩართვაც შეერთებულ შტატებს სურს?

მილერი: კრემლის საწყისი პოზიცია იქნება — „არა, არ მინდა ამაში ჩართვა. უბრალოდ, „ახალ სტარტს“ უნდა დავუბრუნდეთ, ის სრულიად ნორმალური იყო“. ამას თავის ისტორია აქვს, თუ ჩემსავით, ჯერ აშშ-საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი აშშ-რუსეთის შეიარაღების კონტროლის საკითხებში იქნებოდით ჩართული, გეცოდინებოდათ, რომ რუსეთის პირველი პასუხის ყოველთვის არის — „არა. წადით და უკან ჩემთვის სასურველი პირობებით დაბრუნდით.“

მაგრამ, როდესაც მოსკოვი დაინახავს, ​​რომ შეერთებული შტატები 2020-იანი წლების ბოლოს და 2030-იანი წლების დასაწყისში ახალ სისტემებს განათავსებს, მას ექნება ძალიან ძლიერი სტიმული, დადოს ახალი ხელშეკრულება. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი ამას სერიოზულად. ახლა, როდესაც ხუთი წელი რჩება ყველა ამ ახალი სისტემის ამოქმედებამდე, რომლებზეც ვსაუბრობთ, მოსკოვი განსაკუთრებით არ არის დაინტერესებული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებით. ისინი ამჯობინებენ, რომ ჩვენ უბრალოდ შევზღუდოთ ჩვენი მოდერნიზაციის პროგრამები, ახლა, როდესაც პუტინმა დაასრულა თავისი ბირთვული ძალების მოდერნიზაცია. და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი [ტრამპი] გონივრული იქნება, თუ უარყოფს ამ წინადადებას.

სუხოტსკი: რუსეთი სულ უფრო ხშირად საუბრობს ბირთვულ იარაღზე. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ნატოს ჩვეულებრივი აგრესიის საპასუხოდ. ცხადია, ეს იმ ფონზე, როცა რუსული პროპაგანდა უკვე წლებია ცდილობს ამტკიცოს, რომ უკრაინაში ომი, ნატოს აგრესიაზე პასუხია. არსებობს შიში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით წითელი ხაზი შესაძლოა ქრებოდეს. თქვენ ეს გაშფოთებთ?

მილერი: დიახ და არა. მე არ ვეთანხმები არც ერთ მოსაზრებას, თითქოს ნატო, 32 ქვეყნით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას აპირებს. ეს უბრალოდ შეუძლებელია. 32 ქვეყანა ვერ გაერთიანდება აგრესიული ომის წარმოებისთვის. შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთის დიდი ხნის პოლიტიკაა დასავლეთის, ჩვენი აზიელი და ევროპელი მოკავშირეების დაშინება ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით.

ამის თქმა ადვილია, მაგრამ თუ მოსკოვში ზიხარ და იცი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ბირთვულ ომს გამოიწვევს და არ იცი, როგორ დასრულდება ეს ომი — მაგრამ, დანამდვილებით იცი, რომ რუსეთის ტერიტორია დაზარალდება, რომ ბირთვული იარაღი რუსეთის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული — მაშინ ეს ძალიან სერიოზული ვარაუდია.

ადვილია დაიმუქრო, მაგრამ მისი განხორციელება და საკუთარი ქვეყნის განადგურების რისკის ქვეშ დაყენება სულ სხვა საკითხია. ვფიქრობ, დასავლეთში ხალხმა სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ პუტინს ბირთვული ომი არ სურს. პუტინს სურს, რომ ჩვენ მის სურვილებს დავემორჩილოთ, მაგრამ პუტინი იდიოტი არ არის. მას არ სურს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის რისკის ქვეშ დაყენება.

ასევე ნახეთ:

  • ნატოს მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ
  • იური ლუიკი: უკრაინაში სუსტი მშვიდობა ნატოს პოზიციებს შეარყევს
  • სახდეპის სპიკერი ჰანრაჰანი-დარსალიას შეხვედრაზე: განიხილეს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის შესაძლებლობები
  • უკრაინა შუბის წვერია: მეთ პოტინგერი შეკავებაზე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე
კირილ სუხოტსკი

კირილ სუხოტსკი

Kiryl Sukhotski is the executive editor for Russia at Independence Avenue Media, where he oversees coverage of U.S. foreign policy for Russian-speaking audiences. He previously worked at Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty. Born in Minsk, Belarus, he started his career at the BBC, covering Russia from Moscow and London.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media