• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home ინტერვიუ

მონტგომერი: უკრაინა არ დანებდება, რუსეთი კი კომპრომისზე არ წავა 

აშშ-ის თადარიგის ადმირალი, მარკ მონტგომერი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინის კაპიტულაციას და არა მშვიდობის მიღწევას. მისი თქმით, მოსკოვის გათვლების შეცვლა არა დათმობით, არამედ მხოლოდ მდგრადი ზეწოლით არის შესაძლებელი.

Ia Meurmishviliby Ia Meurmishvili
დეკემბერი 20, 2025
President Donald Trump hosts a bilateral lunch meeting with Ukrainian President Volodymyr Zelenskyy, October 17, 2025, Photo: The White House

President Donald Trump hosts a bilateral lunch meeting with Ukrainian President Volodymyr Zelenskyy, October 17, 2025, Photo: The White House

A A
Summarize with ChatGPTShare on X

ვაშინგტონი — „ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელი ხალხი ამ ომიდან გამოვიდეს არა მხოლოდ იმ პოზიციით, რომ [შეძლონ] აღადგინონ საკუთარი ქვეყანა, არამედ შეძლონ ააშენონ უფრო ძლიერი და აყვავებული [უკრაინა], ვიდრე ის როდესმე ყოფილა“, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ჟურნალისტებთან საუბრისას ეს განცხადება 30 ნოემბერს, ფლორიდაში, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას გააკეთა.  

თადარიგის ადმირალი მარკ მონტგომერი, Independence Avenue Media-სთან საუბარში ამბობს, რომ თავდაპირველი ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“, არა რეალურ დიპლომატიურ ჩარჩოს, არამედ კრემლის მოთხოვნებს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს, თანაბრად განაპირობებს, როგორც პოლიტიკური მანევრები, ასევე ბრძოლის ველზე არსებული პირობები. 

მონტგომერი განმარტავს, როგორ გამოიყენა მოსკოვმა მოლაპარაკებები, სანქციების გადავადებისა და აშშ-ის პოლიტიკური ციკლის მანიპულირებისთვის. ის თავდაპირველად წარმოდგენილ, ეგრეთწოდებულ, 28-პუნქტიან გეგმას „პუტინის გეგმას“ უწოდებს — მაქსიმალისტური მოთხოვნების სიას, რომელიც შექმნილია კიევზე ზეწოლის მიზნით; შეერთებული შტატების, ევროპისა და უკრაინის დასაყოფად — რეალური მშვიდობის ხელშეწყობის ნაცვლად. მონტგომერის თქმით, ქცევის ეს ნიმუში, სრულ თანხვედრაშია რუსეთის მრავალწლიან სტრატეგიასთან, რომელიც გულისხმობს შეფერხებას მანამ, სანამ შემდგომი აგრესიისთვის ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნება. 

მონტგომერი ასევე განხილვას ვაშინგტონის წინაშე არსებულ არჩევანს. თუ კრემლი უარს იტყვის მოლაპარაკებაზე — როგორც თავად მონტგომერი მოელის — ჩნდება კითხვა, ვისზე განახორციელებს აშშ ზეწოლას, აგრესორზე თუ მსხვერპლზე? ის აღწერს, თუ როგორ შეიძლება შეასუსტოს დაზვერვის მონაცემების გაზიარების შეზღუდვამ, იარაღის მიწოდების ან აშშ-ის თავდაცვით ინდუსტრიაზე წვდომის შეწყვეტამ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რადგან ევროპა კვლავ ვერ ახერხებს ამ სიცარიელის შევსებას.  

მონტგომერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთზე რეალური ზეწოლა ახლა არ განხორციელდება, განსაკუთრებით მის ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე მიმართული სანქციებით, შესაძლებელია 2026 წელს, რუსეთის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეტევა ვიხილოთ. მისი თქმით, უკრაინის მიერ პოზიციების შენარჩუნება არა მხოლოდ იარაღზე, არამედ დასავლეთის პოლიტიკურ ნებაზეც იქნება დამოკიდებული. „გარდამტეხი მომენტის“ შესახებ ყველა საუბრის მიუხედავად, მონტგომერის თქმით, რეალური გარდამტეხი მომენტი მხოლოდ დროთა განმავლობაში გახდება ნათელი. 

ინტერვიუ ჩაწერილია 26 ნოემბერს. რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, IAM-ის მთავარი რედაქტორი: რა ეტაპზეა სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლა? 

თადარიგის ადმირალი მარკ მონტგომერი: [აშშ-ის სახელმწიფო] მდივანმა მარკო რუბიომ დიდი შრომა გასწია, რათა ეს საკითხი რეალიზმის სფეროში დაებრუნებინა, რაც გულისხმობს რუსეთის, როგორც აგრესორის აღიარებას, რომ რუსეთს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა და რომ რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების სრულად მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიერ შეუძლებელია. [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ] უიტკოფის გეგმა, რომელსაც დიდსულოვნად უიტკოფის გეგმას უწოდებენ, თუმცა მას შეიძლება ნაკლებად დიდსულოვნად პუტინის გეგმა ვუწოდოთ, არსებითად იმეორებს [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმირ პუტინის ყველა პრეტენზიას და მის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს უკრაინისა და ევროპის მიმართ. 

ვფიქრობ, ჩვენ კვლავ გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან მდივან რუბიოსთან და სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფთან შემუშავებული გეგმები შეუთავსებელია. როდესაც ეს გეგმები ამდენად შეუთავსებელია, საბოლოოდ, ვლადიმირ პუტინი უარყოფს დათმობაზე წასვლის ნებისმიერ შეთავაზებას და ომი გაგრძელდება. პუტინმა ამის დემონსტრირება ორი ღამის წინათაც მოახდინა. 420 დრონი, 23 ფრთოსანი რაკეტა… 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა… კიდევ ერთხელ, მიზანში ამოიღო მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა — ომის კანონების დარღვევით. 

მეურმიშვილი: როგორ მოვედით აქამდე? 

მონტგომერი: პრეზიდენტი პუტინი დიდი წარმატებით ახდენს პრეზიდენტ ტრამპის მანიპულირებას. ვგულისხმობ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მას უჩნდება განცდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი გაბრაზებულია იმით, რომ პუტინი არანაირ დათმობაზე არ მიდის — პუტინი მაშინვე იწყებს საუბარს რაღაც სახის განხილვის საჭიროებაზე, ან გეგმის გადახედვაზე იმ მიზნით, თითქოს რუსეთი რაციონალური მოთამაშეა. 

[ვლადიმირ პუტინის] ბოლო ქმედებები მეორადი სანქციების მოსალოდნელმა დაწესებამ განაპირობა, რომლებიც გასულ პარასკევს, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტით გადაზიდული გაზისა და ნავთობის მიმღებ  ჩინურ, თურქულ და ინდურ კომპანიებზე უნდა დაწესებულიყო. აშშ-ის ხაზინის მდივანმა, [სკოტ] ბესენტმა მანამდე თქვა, რომ ეს პარასკევს იგეგმებოდა. ვლადიმირ პუტინმა კი ხუთშაბათს იმოქმედა და ინფორმაცია პრესაში გაჟონა — ამით დარწმუნდა, რომ ბესენტის დაგეგმილი ნაბიჯები [მეორადი სანქციების დაწესება] დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა.  

ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, რვა თვის განმავლობაში, რუსეთი დროს წელავს, პრეზიდენტ ტრამპს უკრაინისგან დათმობების მიღების დაუსრულებელ პროცესში ამყოფებს და ახლა იქ ვართ, სადაც ვართ —  ჩიხში. ეს არავის არ უნდა აკვირვებდეს. ყველამ, ვინც იცნობს პუტინს და რუსეთს, ზუსტად იცის რაც ხდება. 

მეურმიშვილი: დავუშვათ, მოვლენები ზუსტად იმ სცენარით განვითარდა, როგორც თქვენ აღწერთ — პუტინი უარყოფს სამშვიდობო შეთავაზებას და ამაში შესაძლოა უკრაინაც კი დაადანაშაულოს. რა ხდება შემდეგ? 

მონტგომერი: რეალურად, კითხვაა რას მოიმოქმედებს ტრამპი, ხომ ასეა? ვფიქრობ, დანარჩენი თავისთავად ცხადია. ზელენსკი შეეცდება შუალედური პოზიცია იპოვოს, მაგრამ არ წავა ისეთ დათმობაზე, რომელიც პუტინს დააკმაყოფილებდა. პუტინი არანაირ დათმობაზე არ წავა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშლება. რეალური კითხვა ასეთია: მოიქცევა თუ არა დონალდ ტრამპი მართებულად, რაც ნიშნავს ზეწოლას აგრესიულ მხარზე, რომელიც არანაირ დათმობაზე არ მიდის. თუ მოიქცევა არასწორად, რაც იქნებოდა ზეწოლა მსხვერპლზე, რომელიც გარკვეულ დათმობებზე მიდის. ვშიშობ, ის იტყვის რომ დაიღალა მათი ქცევით და ყველას თავს ანებებს.  

ჩვენ [ამ ომში] რუსეთს დახმარებას არ ვუწევდით. ასე რომ, „ყველას თავს ვანებებ“ მიდგომას არანაირი გავლენა არ ექნება რუსეთის საომარ ძალისხმევაზე. „ყველას თავს ვანებებ“ მიდგომას კი დიდი გავლენა ექნება უკრაინის საომარ ძალისხმევაზე. დაზვერვის მხარდაჭერის ან აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე წვდომის დაკარგვის იდეა უკრაინას ნამდვილად დააზარალებს. […] ამ ყველაფრის დაკარგვა ნამდვილად მტკივნეულად დამაზიანებელი იქნება. გაიზრდება რისკები. ეს ნამდვილად ვერ გატეხავს უკრაინას, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი იქნება და ევროპელებს ამ სიცარიელის შევსება არ შეუძლიათ. 

მეურმიშვილი: მეტი გვითხარით სამხედრო კონტრაქტების შესახებ. მათი უბრალოდ ერთ ღამეში შეწყვეტა შესაძლებელია? ჩემი წარმოდგენით, ეს უამრავ ლეგალურ პროცესს უკავშირდება, საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. შესაძლებელია კონტრაქტების მყისიერი შეჩერება? 

მონტგომერი: როგორც წესი, არა. მაგრამ, თითქმის ყველა ამ კონტრაქტში არის დებულება აშშ-ის მიერ მარაგების შეზღუდვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ თუ შეერთებული შტატები იტყვის და აშშ-ში ვგულისხმობ [პოლიტიკის საკითხებში ომის მდივნის მოადგილეს] ბრიჯ კოლბის, რომ ეს შეიარაღება — პატრიოტის რაკეტები, AMRAAM (მოწინავე საშუალო რადიუსის ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები, ATACAMS (არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა), 155 კალიბრიანი ჭურვები — ჩვენი მარაგებისთვის გვჭირდება, ეს მიწოდებას შეაჩერებდა. თუმცა, არ ვიცი რა მიწოდება [უკრაინას] ამჟამად. 

პასუხი თქვენს კითხვაზე უნდა იყოს — არა, ამას არ უნდა ჰქონდეს გავლენა მიმდინარე კონტრაქტებზე. უფრო რთული პასუხია — კი ეს შესაძლებელია, თუ შეერთებული შტატები ამ პოზიციას დაიკავებს. 

მეურმიშვილი: როგორ შეაფასებთ სტივ უიტკოფისა და მისი რუსი კოლეგის სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტის გაჟონვას? 

მონტგომერი: გაჟონილი ინფორმაციის ორი წყება გვაქვს. ერთია სამშვიდობო გეგმა, რომელიც ვფიქრობ, ალბათ, რუსებმა გაჟონეს — კიდევ ერთხელ, ვფიქრობ ისინი ცდილობდნენ ასე მეორადი სანქციები თავიდან აეცილებინათ. რაც შეეხება სატელეფონო საუბრებს, ვფიქრობ, მისი გაჟონვის უკან, შესაძლოა ორი ჯგუფი იდგეს. პირველი — ადამიანები, ვისაც უიტკოფი არ მოსწონთ; და ასეთი ხალხის რაოდენობა სწრაფად იზრდება ამერიკელ ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტთა შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მოყვარული დილეტანტია, რომელიც ზრდასრული ადამიანის სამუშაოს შესრულებას ცდილობს. ან, ამ გაჟონვის უკან, შესაძლოა უკრაინელებიც იყვნენ. არ ვფიქრობ, რომ ეს რუსებმა გააკეთეს, მაგრამ ვინ იცის? ან შესაძლოა რუსებიც იყვნენ, რადგან მათი ცრუ დროშის ოპერაციები უკონტროლო გახდა.  

მე ვიფიქრებდი, რომ სიის სათავეში ამერიკელები არიან, ვინც უიტკოფით დაიღალნენ. რუსები ამ სიაში ლეგიტიმურად არიან, მაგრამ მათზე წინ უკრაინელებს დავაყენებდი. 

მეურმიშვილი: ვიფიქრებდი, რომ რუსები უიტკოფის დისკრედიტაციას არ ისურვებდნენ. 

მონტგომერი: არა. მაგრამ, როდესაც ტრამპი ამაზე დაფიქრდება, გაბრაზდება მათზე, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, რადგან ეს უიტკოფს მოყვარულ დილეტანტად წარმოაჩენს, პრეზიდენტი კი რვა თვეა აცხადებს, რომ მისი წარმომადგენელი საუკეთესოა. 

ვფიქრობ, მთელი ეს საკითხი უკმაყოფილების საგანია. პროცესში ჩართულია სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ჩართულია უიტკოფი, ჯარედ კუშნერი — უიტკოფი ამ საქმეში მარტო უკვე აღარ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ამას პრობლემად აღიქვამს. 

მეურმიშვილი: თქვენი შეფასებით, რა უფრო მნიშვნელოვანია — უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, თუ რუსთზე ფინანსური ზეწოლა? რომელი მათგანი დააზიანებს მეტად რუსეთს? 

მონტგომერი: ორივეს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. […] „რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ახლა 40%-ით ომს ემსახურება, 60% კი — მისი სოციალური ბაზის დაფინანსებას. ორივეს აქვს გავლენა რეჟიმის სტაბილურობაზე და პუტინის სანდოობაზე. თუ ის აგრძელებს ომს, მაგრამ ამ ომის საწარმოებად საჭირო ფულს დაკარგავს — მას პრობლემა ექმნება. თუ დაკარგავს ფულს თავისი სოციალური ბაზის შესანარჩუნებლად — ასევე ექმნება პრობლემა. ეს რეალურ ზეწოლას ქმნის მის მიმართ. მე შემიძლია ამ ზეწოლის გაზომვა — ეს არის ზეწოლა პუტინზე. 

ფრონტზე მეტი რუსის დაღუპვას, პუტინზე ზეწოლა აქამდე არ შეუქმნია. ასე რომ, მე ალბათ რეალურ სანქციებს ავირჩევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე ერთად ვისურვებდი. 

Tags: დონალდ ტრამპივლადიმირ პუტინივოლოდიმირ ზელენსკიიშვიათი მინერალებირუსეთ-უკრაინის ომისამშვიდობო მოლაპარაკებებიუკრაინა
Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili is Editor in Chief and co-founder of Independence Avenue Media. Previously she served as managing editor of Voice of America's Georgian service and TV anchor. She is also a public speaker, conference moderator, and founder of Villa Chven Winery in her native Georgia.

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media