Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

ჰერბსტი: ტრამპს შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ მოისურვებს

აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას ძირს უთხრის თავისივე არათანმიმდევრულობა, რომ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა შეინარჩუნოს, - ამბობს უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი.

Kartlos SharashenidzebyKartlos Sharashenidze
2 კვირის ago
in ინტერვიუ, რჩეული
A A
President Donald J. Trump meets with Russian President Vladimir Putin at the 2025 summit in Alaska, where the two leaders discussed the war in Ukraine. Official White House Photo.

President Donald J. Trump meets with Russian President Vladimir Putin at the 2025 summit in Alaska, where the two leaders discussed the war in Ukraine. Official White House Photo.

Summarize with ChatGPTShare on X

ვაშინგტონი, (Independence Avenue Media) — რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. გასულ კვირაში, რუსულმა ძალებმა, ხარკივში, საბავშვო ბაღზე იერიში დრონებით მიიტანა. ამას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომლითაც ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გაუქმდა. უკრანაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ მოვლენათა თანმიმდევრობა, ტრაგიკულად განმეორებად ხასიათს ატარებს.

„ამ დრომდე, [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი, ყოველ კრიტიკულ მომენტში ახერხებდა დონალდ ტრამპის დარწმუნებას, მასზე ზეწოლა არ მოეხდინა. ასე მოხდა მაისში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი და ევროპელი ლიდერები, თითქმის მზად იყვნენ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ. იგივე მოხდა აგვისტოში. ბოლოს ახლახანს, [ოქტომბერში], როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოემგზავრებოდა, რათა მიეღო შეთანხმება, [გრძელი რადიუსის რაკეტების] „ტომაჰოუკების“ შესახებ, ეს მესამედ მოხდა“, – თქვა ჰერბსტმა „Independence Avenue Media”-სთან საუბრისას და ამ ინტერვიუს დასრულებიდან რამდენიმე საათში, მის ანალიზთან სრულ თანხვეედრაში, ზეწოლისა და უკან დახევის ციკლი, როგორც ჩანს გაგრძელდა.

ბუდაპეშტში დაგეგმილი პოტენციური სამიტი, რომელზე მუშაობაც ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე,  ტრამპსა და პუტინს შორის მოულოდნელი სატელეფონო საუბრის შედეგად დაიწყო — გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში კი, თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პირველად, დონალდ ტრამპმა, რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონიოს სანქციები, რუსეთის ორ უმნიშვნელოვანეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ ეხება.

რუსეთის წინააღმდეგ ამ სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური ცნობა მაშინ გავრცელდა, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მასპინძლობდა.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი გამოთქვამდა მოლოდინს, რომ პრეზიდენტი ტრამპი, პუტინზე ზეწოლის პოლიტიკას დაუბრუნდებოდა, როცა მისთვის კიდევ ერთხელ გახდებოდა ცხადი, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიდობის დამყარებით დაინტერესებული არ არის.

„პუტინის დარწმუნება, შეწყვიტოს სროლა არის შედეგი, რომლის მიღწევაც ამერიკული ძალით შესაძლებელია“, – თუ ის თანმიმდევრულად განხორციელდება, თქვა ჰერბსტმა. „თუ ტრამპი ამას გააკეთებს, ეს დიდი მიღწევა იქნება. მაგრამ, ვნახოთ… ვნახოთ, მზად იქნება თუ არა ეს გააკეთოს“.

ინტერვიუ ჩაწერილია 2025 წლის 20 ოქტომბერს და რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: რა დაკვირვებები გაქვთ პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ბოლო შეხვედრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სატელეფონო საუბრის შემდეგ? როგორ აღიქვამთ პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას ახლა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მიმართ?

ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭო“: საქმე ისაა, რომ ტრამპი ცვალებადი ადამიანია და მისი პოზიციაც, ომთან მიმართებით, დროთა განმავლობაში შეიცვლება. მაგრამ, ასევე რეალობაა, რომ არსებობს გარკვეული ჩარჩო, საზღვრები, რომელთა ფარგლებშიც, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. ის ფიქრობდა, რომ ამ ომის სწრაფად დასრულება შეეძლებოდა, მაგრამ ცხადია ეს ვერ შეძლო. თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყო პერიოდი, როდესაც მას მიაჩნდა, რომ მშვიდობის მიღწევის გზაზე პრობლემა უკრაინა იყო. რა თქმა უნდა, ეს წარმოდგენა მცდარი იყო.

მას შემდეგ, რაც მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაერთი წინადადება წარმოადგინა, რომლებიც ზელენსკიმ მიიღო, პუტინმა კი საბოლოოდ დათანხმებაზე უარი თქვა, პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო გაცნობიერება, რომ პრობლემა ვლადიმირ პუტინი იყო.

ამის შემდეგ, მაისიდან, დაიწყო პერიოდი, როდესაც ვიხილეთ ტრამპის მხრიდან პუტინზე ზეწოლის მცდელობა. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც დონალდ ტრამპი ზეწოლას ცდილობდა, პუტინი მას შეხვედრას სთავაზობდა, ტრამპი კი ზეწოლისგან უკან იხევდა.

ეს გაგრძელდა ვოლოდირმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის, რამდენიმე კვირის წინაც, ნიუ-იორკში გამართული ძალიან თბილი შეხვედრის შემდეგ. მაგრამ, როდესაც ტრამპმა საჯაროდ დაიწყო უკრაინისთვის უფრო მოწინავე იარაღის, მათ შორის, „ტომაჰოუკების“ რაკეტების მიწოდებაზე საუბარი, პუტინმა მას დაურეკა და უთხრა — „მოდი შევხვდეთ“ და ტრამპმა მასზე ზეწოლის იდეა მაშინვე უკუაგდო. ამრიგად, ეს არ ნიშნავს, რომ ზეწოლისგან ეს უკანასკნელი უკანდახევა ტრამპის პოლიტიკის საბოლოო წერტილია. ვფიქრობ, როგორც კი ცხადი გახდება, რომ კიდევ ერთხელ, პუტინი არ არის დაინტერესებული მშვიდობა დამყარდეს, ტრამპი კრემლზე ზეწოლის იდეას დაუბრუნდება. დაახლოების ეს არის მოვლენათა განვითარება, რასაც დროთა განმავლობაში ვხედავთ.

შარაშენიძე: ვლადიმირ პუტინთან სატალეფონო საუბრისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ორივე მხარე „უნდა გაჩერდეს, სადაც ახლა არიან“, რაც მიანიშნებს, რომ ის კონფლიქტის ამჟამინდელ ბრძოლის ხაზებზე გაყინვის შესახებ საუბრობს, ხომ ასეა? ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამგვარი გადაწყვეტა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის საწყისი იყოს?

ჰერბსტი: ტრამპს არასდროს უსაუბრია სამართლიან მშვიდობაზე. ის საუბრობდა ხანგრძლივ მშვიდობაზე და ამ საკითხში საკმაოდ თანმიმდევრული იყო.

ხანგრძლივი მშვიდობა ბრძოლის ამჟამინდელი ხაზების გასწვრივ; მდგრადი მშვიდობა, რომელიც რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, უკრაინისთვის სერიოზულ შეკეავების შესაძლებლობების ქონას გულისხმობს — სწორედ ამას ცდილობს ის.  ვფიქრობ, მას შეუძლია ამას მიაღწიოს, თუ ექნება სურვილი და მზადყოფნა დიდი ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ეკონომიკაზე და უკრაინაში ბრძოლის ველზე მყოფ რუსულ ძალებზე. მაგრამ, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ის ამის გაკეთებას ერიდებოდა.

თუმცა, ფაქტია რომ ამის მიღწევას გაცხადებულად ცდილობს და თუ ამ მიზანს ვერ განახორციელებს, მისთვის ეს პრობლემად იქცევა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მას საბოლოოდ პუტინზე ზეწოლა მოუწევს.

შარაშენიძე: ამ უკვე თითქმის ოთხწილიანი ომის განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით უკრაინელი ლიდერების განცხადებებს, რომ მათი მიზანი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა და არა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტის პოვნა. ფიქრობთ, რომ ბოლო დროს განვითარებული და მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, მათი ეს მიდგომა იცვლება?

ჰერბსტი: ჩემი აზრით, ზელენსკი დათანხმდებოდა ხანგრძლივ მშვიდობას, თუ ის რეალურად ხანგრძლივი იქნება. ის ამას სიხარულით არ მიიღებდა, მაგრამ გარემოებების გათვალისწინებით, მან უკვე მიანიშნა ამის შესახებ. ამას უკრაინის ხალხისთვის, უკრაინის პოლიტიკური კლასისთვის გარკვეული ახსნა დასჭირდება. მაგრამ, უკრაინელები სულელები არ არიან. მათ ესმით თავიანთი მდგომარეობა და გარემოებები. ვფიქრობ, ეს არის ლოგიკა, რომლის გაყიდვაც ზელენსკის შეუძლია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა და მას სერიოზული შეკავების საშუალებები უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პუტინს ეს არ სურს. პუტინმა ეს უარყო. ზელენსკიმ არა.

შარაშენიძე: თქვენ ისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის ცვალებად პოზიციებსა და განცხადებებზე. რამდენიმე კვირის წინ, მან რუსეთი „ქაღალდის ვეფხვს“ შეადარა და თქვა, რომ უკრაინას შეუძლია, ევროკავშირისა და ნატოს დახმარებით, მთელი თავისი ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ახლა, ის ორივე მხარეს ამჟამინდელ პოზიციებზე გაჩერებისკენ მოუწოდებს და თქვა, „დაე ორივემ გამარჯვება გამოაცხადოს“. როგორ ხსნით ამ ცვალებადობას?

ჰერბსტი: ეს ძალიან მარტივია. ტრამპი სხვადასხვა დროს სრულიად განსხვავებულ იდეებს განიხილავს და მისი რიტორიკა და საჯარო განცხადებები ამას ასახავს. მაგრამ, კიდევ ერთხლ, ის ღიად აცხადებს, რომ მას მდგრადი მშვიდობის მიღწევა სურს. ამგვარად, თუ ამის მიღწევას ვერ შეძლებს, მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ისაა, რაც მას საბოლოო ჯამში, საშუალებას არ მისცემს პუტინს უკრაინაზე კონტროლის აღების საშუალება მისცეს.

შარაშენიძე: როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინი როგორ აღიქვამს პრეზიდენტ ტრამპის ცვალებად პოზიციებს?

ჰერბსტი: ჯერჯერობით, კრიტიკულ მომენტებში, პუტინი ახერხებდა ტრამპის დარწმუნებას, მასზე ზეწოლა არ მოახდინოს. ასე მოხდა მაისში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი და ევროპელი ლიდერები, თითქმის მზად იყვნენ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ. ეს ასევე მოხდა აგვისტოში. ბოლოს ახლახანს, [ოქტომბერში], როცა ვოლოდიმირ ზელესნკი ვაშინგტონში მოემგზავრებოდა, რათა მიეღო შეთანხმება, [გრძელი რადიუსის რაკეტების] „ტომაჰოუკების“ შესახებ, ეს მესამედ მოხდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ტრამპი კრემლზე ზეწოლას აგრძელებს, ასახავს იმას, რომ პუტინი ბლოკავს ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს და ეს გამოწვევად რჩება.

შარაშენიძე: როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტ ტრამპის მზაობას, ვლადიმირ პუტინთან ჩართულობა შეინარჩუნოს, პუტინი დიპლომატიურ შესაძლებლობად მიიჩნევს თუ ნიშნად, რომ ვაშინგტონი შესაძლოა მზად იყოს, უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვას?

ჰერბსტი: ვფიქრობ, ეს ისაა, რასაც პუტინი იმედონებს. შეიძლება მას ამის მოლოდინიც კი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ეს პუტინის არ გამოსდის. პუტინმა არაერთხელ მოახეხრა ტრამპის შეკავება, რუსეთის ეკონომიკისა და რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისგან, მაგრამ ვერ შეძლო ტრამპის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა უკრაინის მხარდაჭერაზე. კიდევ ერთხელ, პუტინს ამის იმედი აქვს. ტრამპისთვის კი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს, სულ მცირე, პოლიტიკურად რთული იქნებოდა.

შარაშენიძე: ხედავთ რაიმე სახის რეალურ გზას მშვიდობისკენ? რა იქნეობდა საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის, ევროპისთვის, აშშ-თვის?

ჰერბსტი: საუკეთესო შედეგი უკრაინის კბილებამდე შეიარაღება იქნებოდა, ნებართვით, რომ ისროლონ, საითაც საჭიროდ ჩათვლიან და პირობით, რომ სამიზნეში არ ამოიღებენ რუს სამოქალაქო მოსახლეობას, და რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. თუ ამერიკული პოლიტიკა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ასეთი მკაცრი იქნებოდა, შედეგი სწორედ ეს იქნებოდა.

მაგრამ, ტრამპი ამით დაინტერესებული არ არის. პრეზიდენტი ისაა, მე არა. ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც დამოკიდებულია პუტინის დარწმუნებაზე შეწყვიტოს სროლა, არის შედეგი, რომლის მიღწევაც ამერიკული სიძლიერით შესაძლებელია. თუ ტრამპი ამის მიღწევას შეეცდებოდა, ეს უდიდესი მიღწევა იქნებოდა. მაგრამ, ვნახოთ. ვგულისხმობ, რომ ის ამის მიღწევას ცდილობს, მაგრამ თუ ამას შეეცდება ენერგიულად, სიძლიერით, ის ამ მიზანს მიაღწევს. ვნახოთ, მზად არის თუ არა ამისთვის.

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media