Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ინტერვიუ

როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები?

ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ აღსრულებადი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის საზღვაო-სახმელეთო და საჰაერო ელემენტების ერთობლიობით, ასე ხედავს ლორა კუპერი უკრაინაში ომის დამთავრებას.

Laura Cooper Deputy Assistant Secretary of Defense for Russia, Ukraine, and Eurasia (2017-2025) She was also Deputy Assistant Secretary of Defense for Russia, Ukraine, and Eurasia (2017-2025) Principal Director, Homeland Defense and Global Security Affairs, OUSD (2011-2016) Director of the Strategy office, OUSD (2008-2011)

Laura Cooper Deputy Assistant Secretary of Defense for Russia, Ukraine, and Eurasia (2017-2025) She was also Deputy Assistant Secretary of Defense for Russia, Ukraine, and Eurasia (2017-2025) Principal Director, Homeland Defense and Global Security Affairs, OUSD (2011-2016) Director of the Strategy office, OUSD (2008-2011)

60
VIEWS
Share on FacebookShare on TwitterLinkedInWhatsAppE-mail

უპირველესად ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ აღსრულებადი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის – ნატოს წევრობის გარეშე – საზღვაო-სახმელეთო და საჰაერო ელემენტების ერთობლიობით, ასე ხედავს უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების საკუთესო სცენარს ლორა კუპერი. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რუსეთის პრეზიდენტი კეთილსინდისიერად არ მოქმედებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ლორა კუპერი ამბობს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირველი ნაბიჯია – როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ასევე დამაჯერებელი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სათანადო პირობების/საფუძვლის შესაქმნელად.

პროცესის გაჯანსაღებად მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც 18 აგვისტოს, თეთრ სახლში გაიმართა.  და ეს მას შემდეგ, რაც მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინმა ანკორიჯის სამიტზე პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრით ისარგებლა.

„პუტინი არ არის მზად მშვიდობის დასამყარებლად…სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად“, ამბობს ის.

ის ასევე აღწერს, თუ როგორი შეიძლება იყოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ნატოში გაწევრიანების გარეშე — ნებისმიერ სახმელეთო განლაგებას უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული მისია და ის უნდა იყოს შერწყმული საჰაერო უსაფრთხოების ზომებთან, როგორიცაა, მაგალითად, საჰაერო პატრულირების პრაქტიკა, რომელიც ნატოს აქვს.  კუპერი ასევე საუბრობს შავ ზღვაში უკრაინული გემების დასაცავად საზღვაო კომპონენტის შექმნის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ „არსებობს შესაძლებლობა მოკავშირეებმა ახლებური მიდგომა“ გამოიყენონ.

უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით კუპერი ამბობს, რომ პოლიტიკური დებატების მიუხედავად, კიევისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება. უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტები საფუძველზე დამატებით სისტემები იწარმოება, მათ შორის, HIMARS-ები და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები. „აშშ-ის დახმარების ნაკადი სრულად არ შეჩერებულა“, ამბობს ის და დასძენს, რომ არსებული შეკვეთების გაუქმება „რაიმე განსაკუთრებული სამხედრო აუცილებლობის გარეშე… ეწინააღმდეგება [შეერთბული შტატბის] კანონს, რომელიც უსაფრთხოების დახმარების პროგრამას არეგულირებს“.

კუპერი ვაშინგტონს და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაააქტიურონ, მათ შორის, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებისა და აშშ-უკრაინის კრიტიკული მინერალების შეთანხმების გამოყენებით.  მისი თქმით, უსაფრთხოების დახმარება ახლა არ უნდა შეჩერდეს, რადგან „სწორედ ახლა არის შესაძლებელი, ამას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდეს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის“ დასამყარებლად.

ინტერვიუ ჩაწერილია 2025 წლის 20 აგვისტოს და რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი, ია მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ 18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ?

თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე (2017-2025), ლორა კუპერი: ვიტყოდი, რომ ძალიან გამახარა ევროპელი მოკავშირეების მიერ [უკრაინის] პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის მხარდაჭერის გასაოცარმა დემონსტრირებამ. ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმის ნახვით, თუ როგორი ერთიანობა გვაჩვენეს. თუმცა, ეს სინამდვილეში  წინ გადადგმული ორი ნაბიჯი იყო, უკან გადადგმული ერთი ნაბიჯის შემდეგ. უკან ეს ერთი ნაბიჯი  კი ენკორიჯის სამიტზე, გასულ პარასკევს გადაიდგა, სადაც პუტინს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა. მას არ მოსთხოვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელის მოწერა.  უდიდესი პატივი მიაგეს, მოექცნენ როგორც გმრის და არა როგორც ომის დამნაშავეს. ასე რომ, ორშაბათს თეთრ სახლში შეხვედრის კონტექსტში, ეს კარგი გამოსწორება იყო.

მეურმიშვილი: შეფასებებს, რომ ის ამ შეხვედრიდან წაგებული გამოვიდა, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა. თქვენ იტყოდით, რომ შეერთებული შტატებისთვის ალასკის სამიტი მარცხი იყო?

კუპერი: ვფიქრობ, მშვიდობის მისაღწევად და მკვლელობების შესაჩერებლად გამოსავლის მონახვის მიზნით, დიპლომატიის გამოყენება სწორია . ეს კეთილშობილური მისიაა და ეს არის საქმე, რის გამოც ვაფასებიმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პასუხსიმსგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამავდროულად, ყველა ამ ძალისხმევის გაწევა – შეხვედრის უზრუნველსაყოფად, ის რომ გარემო სათანადო ყოფილიყო, ის რომ [აშშ-ის] პრეზიდენტს საკუთარი განრიგი გაეთავისუფლებინა შეხვედრისთვის – შემდეგ კი რეალურად არაფერი მიეღო, იქნებოდა ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ მის მისაღწევად მკაფიო სტრატეგიის ქონა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია.

მეურმიშვილი: ფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად?

კუპერი: ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უპირველესად, ეს ადამიანების მოკვლას აჩერებს. ამ ორშაბათს, ხარკივში მთელი ოჯახი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი იყო. უკრაინაზეამ ტიპის თავდასხმები  ყოველდღიურად ხდება. ცეცხლის შეწყვეტა ამას შეაჩერებდა და სწორედ ამის მიღწევა სურს პრეზიდენტ ტრამპს, როგორც თავად ამბობს.

მაგრამ, პუტინის გადმოსახედიდან, ჩვენ ვიცით, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. ზუსტად იმიტომ, რომ რეალურად მშვიდობის დასამყარებლად ის მზად არ არის. მას სურს ბრძოლის ველზე წინსვლა განაგრძოს. ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე გამარჯვებას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აკვირდებიან თუ რამდენად ნელია მისი ჯარების წინსვლა. მათი თქმით, პუტინს ოთხნახევარი წელი დასჭირდება დონბასის იმ ნაწილის რეალურად დასაკავებლად, რომლის მიღებასაც ახლა მოლაპარაკებით ცდილობს. პუტინი გააგრძელებს ამ ზეწოლას. ის, რეალური სამშვიდობო შეთანხმებისთვის, კეთილსინდისიერ მოლაპარაკებას არ აპირებს.  ასე რომ, თუ ვერ მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას,  ამ ტანჯვისა და რუსეთის მხრიდან ამ სასტიკი თავდასხმების წინაშე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აღმოვჩნდებით.

მეურმიშვილი: კრემლი ახლა ამბობს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა შეიძლება შედგეს, თუ ზელენსკი მოსკოვში ჩავა. ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?

კუპერი: ვფიქრობ, რეალობა ასეთია, შეხვედრა, თუნდაც ის ხვალვე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში  შედგეს, პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის. ამიტომ, არ მგონიაამ შეხვედრას რაიმე შედეგი მოჰყვეს. პუტინი იმ რუსული ხელოვნების ოსტატია, რომელიც სასურველი მიზნის მისაღწევად – იქნება ეს ბრძოლის ველზე თუ სხვაგან – მოლაპარაკებების გამოყენებას, მოლაპარაკებების გაწელვას გულისხმობს.  არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთი შეხვედრა ახლა შედეგს გამოიღებს. სწორედ ამიტომ უნდა იბრძოლო უპირველესად ცეცხლის შეწყვეტისთვის.  ამავდროულად, სრულიად დაუსაბუთებელი იქნებოდა პრეზიდენტ ზელენსკის მოსკოვში, ომის დამნაშავეების დედაქალაქში წასვლის მოლოდინი.

მეურმიშვილი: ზოგი ვარაუდობს, რომ თუ ის წავა, შესაძლოა რუსეთიდან ცოცხალიც კი ვეღარ დაბრუნდეს.

კუპერი: ვფიქრობ, ამ ეტაპზე რუსებისგან ყველაფრია მოსალოდნელი.

მეურმიშვილი: რას ფიქრობთ უკრაინისთვის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებზე? ევროპელები უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობენ. უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ითხოვდა.  წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ტიპის უსაფრთხოების გარანტიებმა მაშინ, როცა უკრაინა ნატოს წევრი არ არის?

კუპერი: ვფიქრობ, რომ ეს არის თემა, რომელიც მოკავშირეებს შორის  უამრავ განმარტებას, დისკუსიასა და დებატებს მოითხოვს – არა რუსეთის თანდასწრებით – არამედ მოკავშირეებს შორის, რათა გაირკვეს, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, გაერთიანდეს და შესთავაზოს ისეთი რამ, რაც კოლექტიურად წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიებს და რაც რეალურად შეაკავებს რუსეთის მომავალ აგრესიას.  ამის მთელი არსო სწორედ ამაშია.

ეს ომი გარკვეულ მომენტში დასრულდება. ეს უსაფრთხოების გარანტიები კი არის მექანიზმი, რომელიც მომავალ აგრესიას შეაჩერებს. ვფიქრობ, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ,  ყურადღებას ვამახვილებთ უკრაინაში ჯარების განლაგებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.

თუმცა, მინდა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიო და განვიხილოთ, თუ რა ელემენტებს შეიძლება მოიცავდეს ეს გარანტიები. ვფიქრობ არსებობს შესაძლებლობა მოკავშირეებმა ახლებური მიდგომა გამოიყენონ.

არის სახმელეთო ელემენტი – აქ ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები. რა არის მათი მისია? გვესმის დამამშვიდებელი ძალაა. რა არის დამამშვიდებელი ძალა? ასევე გამიგია შემაკავებელი ძალა, რაც უფრო გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლით გათვალისწინებულ სამშვიდობო მისიას ჰგავს, რაც სრულიად განსხვავებული მანდატია. კონტაქტის ხაზი ძალიან, ძალიან გრძელია დასაფარად. რაოდენობები, რომლებსაც ევროპელებისგან ვისმენთ და რომელთა მობილიზებაც მათ შეუძლიათ, ამას ვერ დაფარავს. აქ ათას კილომეტრზე მეტზეა საუბარი. ისინი ვერ შეძლებენ მის სრულად დაფარვას. ამიტომ, ვფიქრობ, კითხვები არსებობს სახმელეთო კომპონენტთან დაკავშირებით. რა არის მისი მისია? მაგრამ, ეს ბევრ სხვა სამხედრო ასპექტს უყურადღებოდ ტოვებს.

რაც შეეხება საჰაერო კომპონენტს – ჩვენ მოვისმინეთ, როგორ გამოხატა პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვეული ღიაობა აშშ-ის მიერ საჰაერო სივრცეში როლის შესრულების მიმართ.

არსებობს ვარიანტები. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორიცაა საჰაერო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც დაკავშირებული იქნება აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო დაზვერვის გაზიარებასთან და რომლისთვისაც აშშ-ს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები. მაგრამ, ეს ასევე შეიძლება იყოს საჰაერო საპატრულო მისია, რომელიც ნატოსთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომ,  უნდა გაირკვეს რა არის ეს საჰაერო მისია.

რაც არავისგან მესმის – და არ ვიცი რატომ – არის საზღვაო კომპონენტი. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა შავ ზღვაზეა დამოკიდებული. უკრაინას შავი ზღვა სჭირდება თავისი ნედლეულის, მარცვლეულის და სხვა საქონლის ბაზარზე გასატანად.

ვიცით, რომ რუსეთს უკრაინის საზღვაო გემების შევიწროების ხანგრძლივი ისტორია აქვს, 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი. აქვს თუ არა აშშ-ს ან ნატოს სხვა მოკავშირეებს შავ ზღვაში პატრულირების როლი? შესაძლოა, სანაპირო სახელმწიფოები, მათ შორის თურქეთი, რომელიც აკონტროლებს შავ ზღვაზე წვდომას, შეერთებულ შტატებთან გაერთიანდეს რაიმე საზღვაო მისიისთვის. ასე რომ, არსებობს მრავალი განსხვავებული ასპექტი, რომელიც უნდა განვმარტოთ.

უსაფრთხოების გარანტიის მეორე კომპონენტი თავად უკრაინის შეიარაღებული ძალებია. მათ სჭირდებათ აღჭურვილობის და მხარდაჭერის გრძელვადიანი გარანტია, რაც მათ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ მძიმე ომის შემდეგ ფეხზე დადგნენ, არამედ ასევე განავითარონ უფრო მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები მომავალი რუსული აგრესიის შესაკავებლად.

რადგან ყველამ იცის, რომ ახალი ბრძოლის შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან ომს განაახლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინა ხაზზე იქნებიან. ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ შესაძლებლობების განვითარება უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი უნდა იყოს. ამის მექანიზმებიც არსებობს. ეს არ უნდა იყოს ძალიან ძვირადღირებული გამოსავალი. არსებობს 300 მილიარდი [აშშ დოლარის] ოდენობის რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. გვაქვს მინერალების შეთანხმება, რომელიც აშშ-მა უკრაინასთან დადო, რაში ჩადებული ინვესტიციაც სამხედრო დახმარებაში შედის შედის. არსებობს მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია უსაფრთხოების გარანტიების დასაფინანსებლად.

მეურმიშვილი: შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იმგვარი აღჭურვილობის ან დახმარების მიწოდება, რაც, საბოლოო ჯამში, ბრძოლის ველზე თამაშის წესებს შეცვლიდა?

კუპერი: არ ვიტყოდი, რომ არსებობს ერთი იარაღი ან ერთი სისტემა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. პრობლემის ნაწილი არა მხოლოდ ხარისხი, არამედ რაოდენობაცაა. თამაშის წესების შემცვლელი ეფექტის მისაღწევად, თითქმის ყველაფერია საჭირო და აშშ-სა და მოკავშირეების ინვენტარიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობა შეზღუდულია. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა თავდაცვის ინდუსტრიას ამ იარაღის რაოდენობის წარმოება.

ნამდვილად ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარების ნაკადი  მნიშვნელოვნად შემცირდა.  არ მაქვს მოლოდინი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ რუტინული მიწოდებით ისე ისარგებლებენ, როგორც წარსულში. თუმცა, არსებობს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივაც. ეს არის ის, რაც დიდ დროს მოითხოვს, რადგან სამხედრო ინდუსტრიამ რეალურად უნდა აწარმოოს ეს შეკვეთები. ეს კარგი ამბავია, რადგან არსებობს ისეთი შეკვეთები, რომლებიც ორი წლის წინ შეთანხმდა კონტრაქტის საფუძველზე და მათი წარმოება მხოლოდ ახლა იწყება.

ასე რომ, მათკენ მეტი HIMARS, მეტი NASAM და საჰაერო თავდაცვის სისტემები მიდის. შეერთებული შტატების დახმარების ნაკადი მთლიანად არ გაჩერებულა. ვფიქრობ, ადმინისტრაციისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა მოლაპარაკებებისთვის ამ ნაკადის გაფართოების გზების განხილვა. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტიდან არ უნდა გავიდეს.

მეურმიშვილი: არსებობს თუ არა გზა, რომ ეს შეკვეთები ვინმემ შეაჩეროს – კერძოდ პრეზიდენტმა ტრამპმა – თუ, მაგალითად, ის იტყვის, რომ „ყველაფერი ჩაიშალა, ამერიკა ამ ომს გამოეთიშება“.  შესაძლებელია თუ არა ორი წლის წინ გაკეთებული შეკვეთების ახლა შეჩერება?

კუპერი: ვფიქრობ, აქ სამართლებრივ საკითხზე გადავდივართ. რადგან, თუ შეკვეთები მოულოდნელად შეჩერდება, შეერთებული შტატების მხრიდან რაიმე განსაკუთრებული სამხედრო აუცილებლობის გარეშე, ეს შეეწინააღმდეგება უსაფრთხოების დახმარების პროგრამის მარეგულირებელ კანონს. სხვა სცენარია, თუ შეერთებული შტატების ჯარისთვის საგანგებო სიტუაცია შეიქმნება, როცა  შესაძლოა ეს იარაღი თავად დასჭირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დახმარება მუშაობას გააგრძელებს.

მეურმიშვილი: რას ფიქრობთ იმაზე, რომ ევროპელები იხდიან ფულს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე? თქვენი აზრით, ეს დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს?

კუპერი: ვფიქრობ, ევროპელებისთვის ეს განსაკუთრებით რთულია, რადგან ისინი საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას ცდილობენ და ამ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ. [განსაკუთრებით] თუ გერმანიის ინდუსტრიას დააკვირდებით, საოცარია, რას აწარმოებენ ისინი დღეს, მოცულობისა და ხარისხის თვალსაზრისით, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით. ამიტომ, მათ საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. მაგრამ, ამავდროულად, ახლა ისინი ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიასაც აფინანსებენ.

ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, თუნდაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს, ალბათ, შენარჩუნდება. თუმცა, ვფიქრობ, ევროპელებს ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვა სურთ, რადგან აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის სუბსიდირება შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში არ იყოს მათი სურვილი.

მეურმიშვილი: სიამოვნებით გავაგრძელებდი უკრაინაზე საუბარს, მაგრამ ასევე მინდა ვისარგებლო თქვენი დროით და სხვა ქვეყნებზეც ვისაუბროთ. სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რას ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს? ფიქრობთ, რომ ამ შეთანხმებამ კავკასიაში მშვიდობა მოიტანა?

კუპერი: ვიტყოდი, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. ამას დიდი ხანია ველოდით. ვფიქრობ, როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი აღიარებენ, რომ ამ შეთანხმებით ისინი რეალურად აძლიერებენ საკუთარ სუვერენიტეტს. რადგან ეს არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი კავშირებს ისე ამყარებენ, რომ დასავლეთთან ვაჭრობა შესაძლებელი იყოს. ამგვარად, მას შეუძლია კავკასია დასავლეთთან დააკავშიროს ისე, რაც ადრე მხოლოდ საქართველოში ძალიან შეზღუდული მარშრუტებით იყო შესაძლებელი.

ეს აძლიერებს დასავლეთთან დამაკავშირებელ ხიდს. ასევე, ამ შეთანხმებით რუსეთი ფაქტობრივად გაირიყა, რადგან რუსეთს აბსოლუტურად არანაირი როლი არ უთამაშია ამაში და სინამდვილეში მშვიდობისთვის უზარმაზარ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ჩვენ ვიცით, რომ როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სურთ ფეხზე დგომა. მათ არ სურთ რუსეთის მავნე გავლენის ან ოკუპაციის წინაშე აღმოჩნდენ. ეს პირველი ნაბიჯია.

ამის მიუხედავად, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამ სატრანზიტო ზონის რეალურად ამოქმედებისთვის სამუშაო ბევრია.  არსებობს ამერიკული კომპანია, რომელიც ამას ზედამხედველობას გაუწევს, თუმცა არსებობს ფიზიკური ინფრასტრუქტურის პრობლემები და ასევე ბევრი პროცედურული და პოლიტიკური საკითხი, რომელთა მოგვარებაც ჯერ კიდევ აუცილებელია.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ წინსვლის და ჩართულობის შენარჩუნება. ორივე ქვეყანასთან ჩართულობის თვალსაზრისით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რათა ეს შეთანხმება მანამ შენარჩუნდეს, სანამ ის ბოლომდე არ გამყარდება. მაგალითად, სომხეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, რასაც შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მეურმიშვილი: სომხეთს ასევე დასჭირდება გარკვეული კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება. როგორც ჩანს, სომხეთი უფრო დაუცველ მდგომარეობაშია. ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატები საკმარის მხარდაჭერას უწევს სომხეთს? ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ სომხეთმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი წინა ადმინისტრაციის დროს. სად ხედავთ ამ ურთიერთობას ახლა?

კუპერი: ვფიქრობ, რომ აშშ-ს მიერ სომხეთის უსაფრთხოებაში ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და აუცილებელი. არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აზერბაიჯანთან პარტნიორობის გაღრმავების გამორიცხვის ხარჯზე, რადგან რამდენადაც ჩართული იქნება შეერთებული შტატები რეგიონის სამივე ქვეყანაში, ვფიქრობ, რეალურად უფრო გაძლიერდება თითოეული ქვეყნის უსაფრთხოება.

კონკრეტულად სომხეთთან დაკავშირებით, მე ის მაშფოთებს, რომ სომხეთის მოსახლეობა ამ შეთანხმების სარგებელს დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხილავს. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ არსებობს სარგებელი და რომ აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობა და დასავლეთის ურთიერთობა სომხეთთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სომხეთს ასევე ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან.

ამას შეიძლება მრავალი ფორმა ჰქონდეს. ვიტყოდი, რომ ეკონომიკური დახმარება ერთ-ერთი იქნებოდა. ამ ადმინისტრაციამ ეკონომიკური დახმარების არქიტექტურის უმეტესი ნაწილის დემონტაჟი გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, სამხედრო თანამშრომლობა კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამაზე ამერიკის ევროპულმა სარდლობამ უკვე იმუშავა. მათ სომხეთთან წვრთნები დაგეგმეს და მათი გაგრძელება შეუძლიათ. 

მათ შეუძლიათ კანზასის ეროვნული გვარდიის მოწვევა, რომელიც სომხეთის სახელმწიფო პარტნიორია. ასევე შესაძლებელია აზერბაიჯანში ოკლაჰომას ეროვნული გვარდიის მოწვევაც. ასე რომ, არსებობს ბევრი კონკრეტული, ხელშესახები რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რათა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ.

მეურმიშვილი: ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან სამხედრო წვრთნები შეაჩერა. თუმცა, ცოტა ხნის, წინ ერთობლივი წვრთნები ისევ გაიმართა. სწორი გადაწყვეტილბა იყო წვრთნების შეჩერება? და თქვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო მათი განახლება? როგორ ხედავთ აშშ–საქართველოს სამხედრო პარტნიორობას?

კუპერი:  ვფიქრობ, რომ სამხედრო წვრთნების ჩატარება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ახლა ნამდვილად ბნელ პერიოდში ვართ საქართველოსთან დაკავშირებით, როცა მიმდინარეობს ყველანაირი რეფორმისგან უკან დახევა, რომელთა მიზანიც საქართველოს გაძლიერება, დასავლეთთან კავშირების გამყარება და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის აშენება იყო. დღევანდელმა მთავრობამ ამას ზურგი აქცია და ამის ნაცვლად, მრავალი თვალსაზრისით, რუსეთი ისე მიიღო, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა საქართველოსთან მუშაობის პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან თანამშრომლობის ასეთი ძლიერი განცდა იქნებოდა.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ბნელ, ბნელ სიტუაციაში, ერთი რამ, რაც თავიდან  უნდა ავიცილოთ არის ის, რომ ქართველ ხალხს ვაფიქრებინოთ, რომ მათ ზურგი ვაქციეთ. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართველების გულებში. ჩვენ ეს ვიცით. ისინი ქართველი ერის გული და სული არიან. ასე რომ, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათთვის ისეთი ტრენინგების მიწოდება, რომელთა გამოყენებაც მათ საქართველოს ინტერესების ლეგიტიმურად დასაცავად შეეძლებათ, ვფიქრობ, რომ სწორედ ის არის, რაც უნდა გავაგრძელოთ, მაშინაც კი, როდესაც მთავრობას დასავლეთისკენ დაბრუნებისა და რეფორმების გატარებისკენ ვუბიძგებთ.

შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია? რატომ აკეთებს ამას აშშ? და მნიშვნელოვანია თუ არა, თქვენი აზრით, რომ  საქართველოს ამ ტიპის მხარდაჭერა გაგრძელდეს?

კუპერი:  ვფიქრობ,  წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის, რომელიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები კვლავ იცავს მათ სუვერენიტეტს. ეს ასევე წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, როგორც გზავნილი რუსეთისთვის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ მას შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიტაცება და მათ დამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება. თუ ჩვენ დათმობაზე წავალთ საქართველოს სუვერენიტეტის ამ საკითხზე, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, იქნება ეს უკრაინასთან, თუ მოლდოვასთან დაკავშირებით. ეს არ არის  იზოლირებული შემთხვევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სუვერენიტეტის დაცვა.

მეურმიშვილი: არის კიდევ რამე, რისი თქმაც ინტერვიუს დასრულებამდე 30 წამით ადრე გსურთ?

კუპერი: უბრალოდ, აღფრთოვანებული ვარ Independence Avenue Media-თი. ეს შესანიშნავი ახალი მედიასაშუალებაა და წარმატებებს გისურვებთ.

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

ია მეურმიშვილი Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელია. მანამდე ის იყო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი და ტელეწამყვანი. ის ასევე არის საჯარო მომხსენებელი, კონფერენციებზე მოდერატორი და "ვილა ჩვენ" მეღვინეობის დამფუძნებელი მის მშობლიურ საქართველოში.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist