Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
  • English
  • Login
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
No Result
View All Result
Home ამერიკის შეერთებული შტატები

ცვლილების დრო: ეთიკა, ინოვაცია და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები აშშ-ში 

აშშ-ის თადარიგის გენერალი სამხედრო ეთიკაზე, საბრძოლო ინოვაციებსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების როლზე საუბრობს.

238
VIEWS
Share on FacebookShare on TwitterLinkedInWhatsAppE-mail

აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენჯამინ ფრიკლი, 36 წლიანი სამხედრო კარიერის შემდეგ, დღეს მომავალ თაობას ლიდერობის პრაქტიკას ასწავლის.  არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამერიკის უდიდესი უნივერსიტეტია, ის დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოების ლაბორატორიის თანადამფუძნებელიცაა.
 
სამხედრო კარიერის განმავლობაში გენერალი ფრიკლი ისეთ ოპერაციებში ხელმძღვანელობდა ამერიკელ ჯარისკაცებს, როგორებიცაა 1991 წლის სპარსეთის ყურის „უდაბნოს შტორმი“, 2003 წელს „ერაყის თავისუფლება“ და ავღანეთში „ურყევი თავისუფლება“.  
 
Independence Avenue Media-ს მთავარ რედაქტორ, ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, გენერალი ფრიკლი შეერთბულ შტატებში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებთან დაკავშრებულ მიმდინარე მოვლენებს, ისტორიულ კონტექსტში განხილავს.  
 
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომს, ფრიკლი სამხედრო ინოვაციების გარდამტეხ მომენტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ახალი, დაბალფასიანი დრონების ტექნოლოგიების სწრაფად ადაპტირებით, თანამედროვე კონფლიქტის სახე შეცვალეს.  
 
ოპერაცია „ობობას ქსელი“, დრონების საიდუმლო ოპერაცია, რომელიც გასულ თვეში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სიღრმეში განახორციელა, ცხადად აჩვენებს კიევის თავდაცვის ძალების მიერ რეალურ დროში ადაპტაციის უნარსა და მოქნილობას.  
 
„უკრაინელები თანხების მოსაზიდად პლატფორმა GoFundMe-ს იყენებენ, ნაწილებს გლობალური მიმწოდებლებისგან უკვეთავენ, სანგრებში დრონებს აწყობენ, დაზვერვისთვის ან კინეტიკური დარტყმებისთვის მათ კონფიგურაციას ახდენენ – და ისინი, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის 30%-ს ანადგურებენ“, – თქვა მან. „ეს საოცარია“.  
 
გენერლის თქმით, ეს მკვეთრად განსხვევდება, აშშ-ის სამხედრო შესყიდვებისა და ინოვაციების შენელებული ტემპისგან.   
 
მიუხედავად იმისა, რომ ომის ბუნება სრულად არ შეცვლილა, ბრძოლის ველი – იქნება ეს ხმელეთი, ზღვა, ჰაერი, კიბერსივრცე თუ კოსმოსი – ის დაჩქარებული ტემპით განვითარებას განაგრძობს.  
 
დღეს კითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ამერიკის თავდაცვის სტრუქტურა საკმარისად სწრაფად ადაპტაციას, რომ თანამედროვე გამოწვევებს აუწყოს ფეხი. თუმცა, ის ასევე საუბრობს იმაზე, დარჩება თუ არა უცვლელად ის ფუნდამენტი, რაზეც აშშ-ის გლობალური სამხედრო უპირატესობა დგას – ეთიკურად გაწრთვნილი, ღირსეულად მოქმედი და პასუხისმგებლობით გამორჩეული ძალები.  
 
ინტერვიუ ჩაწერილია 2025 წლის 1 ივლისს.  ის რედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.

სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ Independence Avenue Media-ს YouTube არხზე.  

Click Here

Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი ია მეურმიშვილი: გენერალო ფრიკლი, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს ვირტუალურ სტუდიაში. ამას ძალიან ვაფასებ.  

თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენჯამინ ფრიკლი: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვაფასებ თქვენს საქმიანობას.  

მეურმიშვილი: გენერალო, რა მისია აქვს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ამერიკაში?  

ფრიკლი: ვფიქრობ, [აშშ-ის] დამფუძნებელი მამები სწორად მოიქცნენ, როცა კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ კონგრესი არის უფლებამოსილი შექმნას და აღჭურვოს ჯარი. ამ მიდგომის არსი ის იყო, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი სამხედრო ძალაა, რომელიც სამოქალაქო მმართველობას ექვემდებარება. ამიტომ, ეს ჩვენი არმიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და ჩვენ ანგარიშვალდებულნი სამოქალაქო ლიდერების წინაშე ვართ, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ხალხის მიერ არიან არჩეულნი. ჩვენ დემოკრატიის ნაწილი ვართ.  ჩვენი მისია კონსტიტუციის დაცვაა ყველა, შიდა თუ გარე მტრისგან. ეს არის ჩვენი ძირითადი როლი, რომ საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი მმართველობის ფორმა.  

მეურმიშვილი: ჩვენ ახლა ისეთი რამის მომსწრენი ვართ, რაც ჩვეულებრივ აშშ-ში არ ხდება. კალიფორნიაში აშშ-ის საზღვაო ქვეითები არიან განლაგებულნი. შეგიძლიათ აგვიხსნათ ეს? რა მოხდა და რატომ არიან ისინი იქ?  

ფრიკლი: უპირველესად, ვფიქრობ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ აშშ-ში სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებს საფუძვლად ძალიან სერიოზული პრინციპი უდევს. ეს სწორედ ჩემს მიერ ახლახან ხაზგასმულ მოცემულობას უკავშირდება, რომ ჩვენი არმია სამოქალაქო მმართველობის კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ასევე გვაქვს სპეციალური კანონი – პოსი კომიტატუსი –  რომელიც ჯარის ქვეყნის შგნით სამართალდაცვითი საქმიანობის შესრულებას კრძალავს. ჩვენი არმიის 250 წლიანი ისტორიის განმავლობაში, [ქვეყნის შიგნით ჯარის სამართალდამცავი ოპერაციისთვის] გამოყენება უიშვიათესი მოვლენაა. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი გამონაკლისი იყო 1950-იან წლებში, 101-ე საჰაერო დივიზია, აფროამერიკელი გოგონების სკოლაში მისაცილებლად გამოყვეს იმ დროს, როცა შტატის ხელისუფლება უარს ამბობდა ინტეგრაციის შესახებ ფედერალური კანონის აღსრულებაზე. მაგრამ, ასეთის შემთხვევები მართლაც ძალიან იშვიათია.  

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 200 საზღვაო ქვეითი [ლოს ანჯელესში] კალიფრონიის ეროვნული გვარდიის დასახმარებლად გაიგზავნა. პირველი, რაც მოხდა იყო ის, რომ ადგილზე გაიგზავნა კალიფორნიის ეროვნული გვარდა, რომელიც ფაქტობრივად შტატის სამხედრო ძალაა იქამდე, ვიდრე მისი ფედერალიზება არ მოხდება. მათ დასახმარებლად საზღვაო ქვეითების გაგზავნა, ფედერალური ობიექტების დაცვის მიზნით, შემდეგი ნაბიჯი იყო.  

ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდება – გადაჭარბებულია თუ არა უფლებამოსილება? ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს. უპირველესად, კალიფორნიის გუბერნატორს [გევინ ნიუსომს] სამხედრო დახმარება არ მოუთხოვია. მან არც შტატის ეროვნული გვარდია გამოიძახა და არც საზღვაო ქვეითების დახმარება უთხოვია. ეს ფედერალურ დონეზე გაკეთდა. არსებობდა შეშფოთება, რომ საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე, შეიძლებოდა ვანდალიზმი დაწყებულიყო. პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] და ადმინისტრაციამ სამხედრო ძალის გამოყენება გადაწყვიტეს. ეს საკამათოა. ჩემი აზრით, თუ ჩვენს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთოებების ტრადიციას გადავხედავთ, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საკამათოა.  

უკეთესი მიდგომა – თუ ვინმე ჩემგან რჩევას ითხოვდა – იქნებოდა შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი და შტატის პოლიცია ვერ უმკლავდება ვითარებას (და რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ პროტესტის გამოხატვის, შეკრების და სიტყვის თავისუფლების უფლებები, რომლებსაც ჩვენი სამხედროები კონსტიტუციის საფუძველზე იცავენ), მაშინ გუბერნატორმა შტატის ეროვნული გვარდიის მობილიზება უნდა მოახდინოს. თუ მათ არ შეუძლიათ წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ფედერალური ძალების ჩართვა და ისიც მხოლოდ ფედერალური საკუთრების დასაცავად და არა კანონის აღსასრულებლად. ვფიქრობ, ჩვენი სამხედროების ამგვარი გამოყენებით, რუხ ზონაში აღმოვჩნდით. ჩემი, როგორც ჯარისკაცის რეკომენდაცია იქნებოდა: არ აირჩიოთ ეს გზა. 

Soldiers from Task Force Vigilant, 2nd Brigade Combat Team, 10th Mountain Division (LI), gather around Maj. Gen. Benjamin C. Freakley, the 10th Mtn. Div. (LI) commanding general as he tells them about the new houses being built on Fort Drum, N.Y., and the barracks upgrades in the works on Dec. 15 at the Victory Base Complex in Iraq.

მეურმიშვილი:  შეუძლია თუ არა გენერალს ან რიგითს, უარი თქვას ისეთი ბრძანების შესრულებაზე, რომელიც შესაძლოა, რუხ ზონაში იყოს?  

ფრიკლი: მოკლე პასუხია – დიახ. თავდაპირველი სამხედრო მომზადებისას, როდესაც სამოქალაქო პირი ჩვენს ჯარში ირიცხება, მას მაშინვე ასწავლიან, რომ არსებობს ორი ტიპის ბრძანება, რომლებსაც შეუძლიათ არ დაემორჩილნონ – ვალდებულნიც კი არიან რომ ეს გააკეთონ – ესენია არაკანონიერი და ამორალური ბრძანებები. სამხედროებს ევალებათ, რომ საკუთარი მორალური ვალდებულებებით, საკუთარი სინდისის შესაბამისად იმოქმედონ. ჯარისკაცებს ასევე ასწავლიან სამხედრო ღირებულებებს და მათ დაცვას. ასე რომ, გენერალმაც კი შეიძლება თქვას: „მე ამ ბრძანებას უკანონოდ ან არაეთიკურად მივიჩნევ და მის შესრულებას არ ვაპირებ“.  

მეურმიშვილი: რა მოხდება, თუ გენერალი ან რიგითი ამას იტყვის?  

ფრიკლი: ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ტარდება ბრძანების სამართლებრივი შეფასება – არის თუ არა ის კანონიერი. ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ პიროვნებას დაევალოს მისი შესრულება – ან, პირიქით, გადაწყდეს, რომ ბრძანება არ უნდა შესრულდეს. 

ამის მაგალითი აბუ-ღრაიბია – ციხის სკანდალი ერაყში. ეს ჩემი თაობის უდიდესი ლაქაა. სამხედრო დანაყოფი იმ ციხეში ადამიანებს არაადამიანურად მოეპყრო. ისინი ბრძანებებს ასრულებდნენ. მაგრამ, ახალგაზრდა ჯარისკაცი, თავდაპირველად თავის ზემდგომებთან მივიდა და თქვა – „ეს არასწორია“.  მათ არ მოუსმინეს. ამის შემდეგ მან მედიას მიმართა, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა. შემდეგ მაღალი რანგის სამხედრო ლიდერებმა თქვეს – „ეს არასწორია“. ჯარისკაცი გაამართლეს. ბევრი მათგანი, ვინც ამაში მონაწილეობდა სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა ან არმიიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. ასე რომ, საქმე შეიძლება ორივე მიმართულებით წარიმართოს, სამართლებრივი განხილვის მიხედვით.  

Lt. Gen. Benjamin C. Freakley, commanding general for the U.S. Army Accessions Command, Fort Knox, Ky., speaks at the Coaches Clinic in the Grand Hyatt in San Antonio during the 2012 U.S. Army All American Bowl week.

მეურმიშვილი: თქვენ 36 წელი იმსახურეთ შეიარაღებულ ძალებში, თადარიგში გადასვლამდე. ეს მართლაც წარმოუდგენლად გამორჩეული კარიერაა. მონაწილეობდით მნიშვნელოვან საერთაშორისო ოპერაციებში და არაერთ მნიშვნელოვან პოსტზე მსახურობდით. გრძნობთ ცვლილებას იმაში, როგორ აღიქვამს დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალები საკუთარ თავს ან საკუთარ როლს?  

ფრიკლი: დიახ. როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ვიეტნამიდან გამოვიდა ძალიან რთული პერიოდი იყო. იმართებოდა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, ჯარისკაცებს მოუწოდეს არ ევლოთ ფორმით არასამსახუროებრივ ვითარებაში, მათ აფურთხებდნენ, ბავშვების მკვლელებს უწოდებდნენ.  ეს ძალიან მძიმე იყო. 

ევროპელმა სამხედრო ფილოსოფოსმა, ფონ კლაუზევიცმა თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ დაწერა, რომ საჭიროა ტოლგვერდა სამკუთხედი ხალხს, ხელისუფლებასა და არმიას შორის.  ისინი ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ. ვიეტნამის ომის დროს ეს სამკუთხედი დარღვეული იყო. ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდა. მე სამხედრო ძალებში ვიეტნამის ომის დასრულებისთანავე შევედი და შევესწარი იმას, თუ რამხელა ძალისხმევას დებდნენ უფროსი ოფიცრები და სერჟანტები ამ ნდობის აღსადგენად.  ნდობა აღდგა იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ თავში ჩავიხედეთ, ღრმა თვითანალიზი გავაკეთეთ. ერაყისა და ავღანეთის შემთხვევებში კი ეს არ გაგვიკეთებია.  ყურადღება ახალ საფრთხეებზე გადავიტანეთ: ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი. მაგრამ, არ დავფიქრებულვართ იმაზე, როგორ ვიმოქმედეთ და როგორ შეგვიძლია გაუმჯობესება.   

ამასობაში, ომის ბუნება არ შეცვლილა – ომი კვლავ ერთი ადამიანის მიერ მეორეს მოკვლაა. თუმცა, ომის ხასიათი სწრაფად და რადიკალურად იცვლება. თავიდან ომი იყო ხმელეთზე, შემდეგ ზღვაში, შემდეგ ჰაერში. ახლა კი ის ასევე მოიცავს საინფორმაციო და კიბერ სივრცეებს, ასევე კოსმოსს.  ბრძოლის ველი დრამატულად გაფართოვდა.

ჩვენი სამხედრო სისტემა ამ ნისლში გზის პოვნას ცდილობს. რომელი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ? როგორ უნდა განვსაზღვროთ ჯარისკაცების, საზღვაო ქვეითების, მფრინავების, კოსმოსის მცველების როლი თავიდან? რა შეგვიძლია ვისწავლოთ უკრაინისგან და რამდენად სწრაფად შეგვიძლია ადაპტაცია? ჩვენ სწრაფი ინოვატორები არ ვართ. შეიძლება რომელიმე ინოვაციის დანერგვას ათი წელი დასჭირდეს და ამასობაში ტექნოლოგიები წინ მიიწევს.  

მეურმიშვილი: დრონები, როგორც ჩანს მომავლის ტექნოლოგიაა, სულ მცირე იმის გათვალისწინებით, რასაც უკრაინაში ვხედავთ. ისინი მასიური ეფექტით იყენებენ დაბალფასიან, მაღალეფექტურ დრონებს. „ობობას ქსელის“ დრონების ოპერაციამ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების 30% გაანადგურა – ეს შთამბეჭდავი იყო. აკვირდება ამას აშშ-ის შეიარაღებული ძალები? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ დააჩქარებდით ინოვაციების პროცესს?  

ფრიკლი: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით. უპირველესად, საბრძოლო მოქმედებაში ჯადოსნური გამოსავალი არ არსებობს. ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ინსტრუმენტების სწორი და ეფექტიანი გამოყენება, რაც ხელთ გაქვს, რათა მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვო. ხშირად ფიქრობენ ხოლმე [ნებისმიერ] ჯარში, რომ საუკეთესო გამოსავალი მოიფიქრეს, მაგრამ შემდეგ მოწინააღმდეგე ამ გამოსავლის წინააღმდეგ კონტრზომებს იგონებს.  

ვფქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ მოვახდინოთ დრონების იდეალიზება. თუმცა, რაც მართლაც შთამბეჭდავია, თავად დრონი კი არა, მთლიანი სისტემაა. უკრაინელები თანხების შესაგროვებლად GoFundMe-ს იყენებენ, ნაწილებს გლობალური მიმწოდებლებისგან ყიდულობენ, დრონებს სანგრებში აწყობენ და მათ კონფიგურირებას ახდენენ, როგორც სადაზვერვო მისიებისთვის, ისე საბრძოლო დარტყმებისთვის.  ამ გზით ანადგურებენ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების 30%-ს. ეს საოცარია. აქ ჩნდება კითხვა: ვინ წყვეტს, რა არის დასაშვები? ვინ ამბობს „კი“? ვინ აწესებს ზღვარს? ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ძალიან ნელი ვართ. იმ დროისთვის, როცა მზად ვართ, უკვე შემდეგი კონფლიქტია დაწყებული. ჩვენ ხშირად ვემზადებით წინა ომისთვის.  გვჭირდება ღრმად შევისწავლოთ მიკროტექნოლოგიები, დრონების გუნდები, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ომი – ეს ყველაფერი. მტერი უნდა გადავტვირთოთ სირთულით და ბრძოლა სწრაფად დავასრულოთ.  

შეხედეთ ირანზე განხორციელებულ [აშშ-ის] დარტყმას – ბომბდამშენები ყველა მიმართულებიდან, წყალქვეშა ნავი, რომელიც შეუმჩნევლად უშვებს ფრთოსან რაკეტებს. ეს არის სტრატეგიული გზავნილი. მე რომ მტერი ვყოფილიყავი, მეტად დავფიქრდებოდი, როგორ უნდა დავუპირისპირდე ასეთ რამეს.  მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ჩვენ უფრო სწრაფი და ინტეგრირებული ვიყოთ. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, გერმანიამ უპირატესობა მოიპოვა იმიტომ, რომ მათ ინტეგრირებულად გამოიყენეს ტანკები, რადიოკავშირი და ავიაცია – ფრანგებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. თუ რეცეპტს სწორად მიყვები, ნამცხვარი მშვენიერი გამოვა, თუ არა – ნაგავი.  

მეურმიშვილი: მაგრამ, განა ამერიკის მოწინააღმდგეებიც არ შეხედავენ „ობობას ქსელს“ და არ იტყვიან – ნახეთ, რას მიაღწია უკრაინამ თითქმის ბიუჯეტის გარეშე? რუსეთს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ბომბდამშენების ფლოტი ჰქონდა და დრონებმა მისი მესამედი გაანადგურა. ამის საპასუხოდ რას იტყვით? 

ფრიკლი: ზუსტად ისე, როგორც ჟურნალისტებმა და ექიმებმა მუდმივად უნდა შეისწავლონ თავიანთი სფერო, სამხედრო პროფესიონალებმაც მუდმივად უნდა ისწავლონ ომის ხელოვნება. საჭიროა გააანალიზონ მიმდინარე მოვლენები და შეძლონ მომავლის გათვლა.  

უკრაინის შემთხვევაში, მართლაც განსაცვიფრებელია მათი ეროვნული ნება. მათი მამაკაცები, ქალები, ბავშვებიც კი, მტკიცედ დგანან. თავისთავად ჩნდება კითვა – როგორ უნდა მოვახერხოთ ასეთი მასშტაბის სიმტკიცე და ნებისყოფა გამოვიჩინოთ, როცა ჩვენი ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა.  

დიახ, აუცილებელია, შევისწავლოთ ყველა სამხედრო სფერო, თეორეტიკოსი და ანალიტიკური ცენტრი, რათა გავიგოთ დიპლომატია, ინფორმაცია და ომი – და შემდეგ ამ ცოდნის ინტეგრაცია შევძლოთ, რომ ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი მომავალი.  

მეურმიშვილი: თქვენ [უკრაინელების] ეროვნული ნება ახსენეთ. ამით, დასასრულს, ისევ საუბრის პირველ თემას დავუბრუნდეთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ადმინისტრაცია, მათ შორის, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ამბობენ, რომ აშშ-ის არმიაში გაწვევის მაჩვენებლები იზრდება. თქვენ რეკრუტირებაზე მუშაობდით. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ამერიკელების დამოკიდებულება არმიის, მთავრობის ან არმიის როლის მიმართ იცვლება?  

ფრიკლი: ჯერ ამის თქმა ძალიან ადრეა. ბოლო ოთხნახევარი წელი არმიის საბაზისო წვრთნების, რეკრუტირების, ROTC-ის, ოფიცერთა მომზადების სკოლას ვხელმძღვანელობდი, ამ პროცესზე ვიყავი პასუხისმგებელი.  

ბოლო დროს, რეკრუტირების მაჩვენებელი შემცირდა. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაჩვენებლები იზრდება. ეს კარგია. მაგრამ, არსებობს შეშფოთება. ახალწვეულთა 25 პროცენტი არ ასრულებს პირველ ვადას – იქნება ეს ორი, სამი თუ ოთხი წელი. 

18 დან 24 წლამდე ასაკის პირთა მხოლოდ 22%-ია კვალიფიციური სამხედრო სამსახურისთვის, ჯანმრთელობის, ქცევის ან განათლების პრობლემების გამო. ასევე არსებობს ფართო უნდობლობა მთავრობის მიმართ – არა ამ ადმინისტრაციის მიმართ, არამედ ისტორიულად მთავრობის მიმართ. დღეს ახალგაზრდობა ინფორმირებული, განათლებულია და საკუთარი თავის ფასი იცის. ისინი ირჩევენ, რაზე დახარჯონ საკუთარი დრო – და ეს ყოველთვის სამხედრო სამსახური არ არის.  

აუცილებელია ნარატივი შევცვალოთ. სამხედრო სამსახური ღირსეული სამსახური იყო. ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმსახურობდი, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც არაჩვეულებრივ, განსაკუთრებულ საქმეს აკეთებდნენ. ბევრ მათგანს მშვიდობა უყვარდა, მაგრამ თუ საჭირო გახდებოდა, ჩვენი ცხოვრების წესის დასაცავად იბრძოლებდნენ. 

სამხედრო ძალებში პრობლემებიდან, ფოკუსი დროშის ტარების პატივზე უნდა გადავიტანოთ. ეს კეთილშობილური პროფესიაა. დროთა განმავლობაში გავიგებთ, რა იწვევს გაწვევის მაჩვენებლების მატებას.  

Ia Meurmishvili

Ia Meurmishvili

ია მეურმიშვილი Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელია. მანამდე ის იყო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი და ტელეწამყვანი. ის ასევე არის საჯარო მომხსენებელი, კონფერენციებზე მოდერატორი და "ვილა ჩვენ" მეღვინეობის დამფუძნებელი მის მშობლიურ საქართველოში.

logo-footer

To provide clarity in a complex world through fact-based storytelling about American policy, politics, and society.

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

Sign Up For Our Newsletter

Subscribe to our mailing list to receives Weekly updates direct to your inbox!

© 2025 Independence Avenue Media

No Result
View All Result
  • English
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist