ნატოს ჰააგის სამიტზე, ალიანსის წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 5%-ს თავდაცვაზე დახარჯავენ, რაც ტრანსატლანტიკური პრიორიტეტების დრამატულ რეკალიბრაციაზე მიუთითებს. სწორედ ეს იყო სიახლე, რაც გამოცემების პირველ გვერდებზე მოხვდა. თუმცა, ციფრებსა და პრესრელიზებს მიღმა, რეალური ამბავი უფრო კომპლექსურია.
რა დევს რეალურად სასწორზე? ამის გასარკვევად Independence Avenue Media, ნატოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, კურტ ვოლკერს ვაშინგტონში ესაუბრა. ვოლკერი, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობასაც იკავებდა, ნატოს თავდაცვის ხარჯების ზრდას არა იარაღის ჟღარუნად, არამედ უფრო პრაგმატულ პასუხად მიიჩნევს – უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე – კონფლიქტზე, რომელმაც ევროპა აიძულა საკუთარ უსაფრთხოებას გადახედოს, უკრაინა და ნატო კი, პარადოქსულად, უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე იქამდე იყო.
ვოლკერი ამტკიცებს, რომ ნატოს ერთიანობა შემთხვევითი არ არის – გაფართოების შესახებ ალიანსის აშკარა დუმილიდან დაწყებული, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებით დამთავრებული. ის ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით ღია დებატებისგან თავის შეკავების გადაწყვეტილებას კოალიციის ერთიანობის შესანარჩუნებლად ტაქტიკურ ნაბიჯად აფასებს და არა უკან დახევის ნიშნად. მისი მტკიცებით, ევროპული უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია სტაბილურ, სუვერენულ უკრაინაზე და ნატოზე, რომელსაც შეუძლია ახალ საფრთხეებთან და გამოევევებთან ადაპტირება, იქნება ეს მოსკოვიდან თუ საკუთარი რიგებიდან.
ქართლოს შარაშენიძე, ელჩ ვოლკერს 2025 წლის 1 ივლისს ესაუბრა. ინტერვიუ რედაქტირებულია, სიცხადისა და შემცირებისთვის.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube არხზე.
ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media-ს მმართველი რედაქტორი: ელჩო ვოლკერ, სამიტის მთავარი შედეგით დავიწყოთ – მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზრდიან. მოკავშირეების ჯამური მშპ-ის 5 პროცენტი კი გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის თავდაცვის ხარჯები. რას ამბობს ეს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ალიანსი თავის მომავალს და საფრთხეებს, რომლებისთვისაც ის ემზადება?
კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში: უპირველესად, გმადლობთ მოწვევისთვის. Independence Avenue Media-ს, ამ ახალ წამოწყებაში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
ვფიქრობ, ეს ნატოს ძალიან წარმატებული სამიტი იყო. მთავარი საკითხი ისაა, რაც თქვენ აღნიშნეთ – წევრი ქვეყნების შეთანხმება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს თავდაცვის ხარჯებზე მიმართავენ. უპირველესად, ეს არის უკეთ დაბალანსებული ალიანსი, ვიდრე ის აქამდე იყო. ამ დისბალანსმა შეერთებულ შტატებში დიდი პოლიტიკური უკმაყოფილება გამოიწვია. განსაკუთრებით პრეზიდენტ [დონალდ] ტრამპსა და მის ელექტორატში, რომლებიც ამას ძალიან უსამართლოდ მიიჩნევდნენ. მაგრამ, ისინი ამაში მარტო არ იყვნენ – თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ [ბარაკ] ობამას ადმინისტრაციის დროს, ადამიანები ევროპის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ. იგივე ვითარება იყო პრეზიდენტ [ჯორჯ] ბუშის ადმინისტრაციაში. ასე რომ, უპირველესი, რაც ამ შეთანხმებით ხდება ისაა, რომ ის უზრუნველყოფს უფრო სამართლიან ბალანსს პასუხისმგებლობის გადანაწილებაში, რაც აშშ-ს ნატოსადმი ერთგულს ტოვებს და ეს, სამიტზე, თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც მკაფიოდ თქვა.
ამასთან ერთად, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, ეს არის იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ ახლა ისინი ევროპის კონტინენტზე გაცილებით დიდი საფრთხეების წინაშე დგანან და თუ სურთ ამ საფრთხეების წინაშე დაცულნი იყვნენ, თავდაცვის შესაძლებლობებსა და ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის განხორციელება სჭირდებათ. ასე რომ, ეს აღიარება ახლა თვალნათლად ჩანს და მკაფიოდ რომ ვთქვა, ეს არ მოხდებოდა 2022 წლის თებერვალში ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი რომ არ დაეწყო. ეს ევროპისთვის განგაშის, გამოღვიძების ზარი იყო და მათ გაიღვიძეს. ამგვარად, პუტინმა უკრაინის დამარცხებისა და ევროპის გახლეჩვის ნაცვლად, საბოლოოდ, უფრო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა და უფრო ძლიერი ევროპა მიიღო, რომელმაც სწორედ პუტინის ქმედებების შედეგად, გადაწყვიტა საკუთარ თავდაცვაზე მეტი დახარჯოს.
შარაშენიძე: ფიქრობთ, რომ ალიანსის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა, რუსეთთან და ჩინეთთან გამალებული შეიარაღების ახალ ტალღას მისცემს ბიძგს?
ვოლკერი: არა. [თავდაცვის ხარჯების] ეს ზრდა პასუხია იმაზე, რასაც რუსეთი და ჩინეთი უკვე აკეთებს. რუსეთმა წამოიწყო [უკრაინაში] ეს მასიური ომი. მათ ჩადეს ფული თავიანთ თავდაცვის ინდუსტრიაში, სამხედრო ძალებში, ისინი აძლიერებენ ყველა საკუთარ შესაძლებლობას.
ამიტომ, გამალებული შეიარაღების პროვოცირების ნაცვლად, ამას შევხედავდი, როგორც გარდაუვალ პასუხად იმაზე, რაც რუსეთმა უკვე გააკეთა. შესაძლოა ნატოს თავდაცვის ხარჯების გაზრდამ რუსეთი შეაკავოს მაშინ, როცა ევროპისა და ნატოს მანამდე სუსტი პოზიციონირება ამას ვერ შეძლებდა.

შარაშენიძე: ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამიტის წარმატება პრეზიდენტ ტრამპის ხედვამ განაპირობა. რას ნიშნავს ეს აშშ-ისა და ნატოს ურთიერთობისთვის?
ვოლკერი: ვფიქრობ, ეს ურთიერთობა ახლა უკეთ დაბალანსებული და პოლიტიკურად უფრო მეტად მდგრადია. ჩვენ აღარ ვხედავთ თითის გაშვერას, ურთიერთბრალდებებს, რასაც ადრე ვხედავდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს საშუალებას მისცემს აშშ-ს, ყურადღება გაამახვილოს გლობალურ უსაფრთხოებაზე, ევროპა კი მეტ პასუხისმგებლობას აიღებს ევროპულ უსაფრთხოებაზე.
ასევე ნათელი იყო, რომ ევროპა ცდილობდა ეს სამიტი პრეზიდენტ ტრამპისთვის წარმატებად ექცია. თუ 2018 წელს გავიხსენებთ, თავდაცვის ხარჯების საკითხის გამო, პრეზიდენტმა ტრამპმა სამიტი “ააფეთქა”, ნატოზე ძალიან გაბრაზდა და დაემუქრა, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით მეხუთე მუხლს და თუ მოკავშირეები თავდაცვაზე საკუთარ წილს არ გაიღებდნენ, თავდასხმის შემთხვევაში, მათ არ დავიცავდით. ახლა ვითარება სრულიად განსხვავებულია. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს შესახებ სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს და თქვა, რომ აშშ დაეხმარება ამ ქვეყნებს თავდაცვაში. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, ეს ნატოს მომავლის, მისდამი აშშ-ისა და ევროპის ზიარი ერთგულების მომავლისთვის კარგის მაუწყებელია.
შარაშენიძე: სამიტის დეკლარაციაში საუბარი არ არის ალიანსის გაფართოებაზე – იყო ეს რუსეთისთვის “გამარჯვება”? დუმილი გაფართოებაზე ნიშნავს, რომ ნატო მასზე უარს ამბობს?
ვოლკერი: ვიცი, რუსეთს ამის დიდ გამარჯვებად წარმოჩენა სურს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ამ სამიტამდე, ბოლო ორ სამიტზე, ჩვენ ვიხილეთ უკრაინისადმი ძალიან მხარდამჭერი განცხადება, რომ მისი მომავალი ნატოშია, მაგრამ წინსვლის რეალური ვალდებულების გარეშე. ეს იდეა, წარსულში გაკეთებული იგივე ფორმულირება – ეს არ შეცვლილა. ნატოში რაიმეს შესაცვლელად ან გასაუქმებლად კონსესუსია საჭირო. ამის გასაკეთებლად კონსესუსი არ არსებს.
ამგვარად, ისეთ საკითხზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად რომელებიც დაუყოვნებლივ არ მოხდება და რომლებთან დაკავშირებითაც მოკავშირეებს შორის შესაძლოა ნიუანსური განსხვავებებიც კი ყოფილიყო, უბრალოდ გვერდზე გადავდეთ. მოკავშირეებმა თქვეს, “ეს ახლა მაინც არ ხდება ამიტომ ნუ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას და შესაძლო უთანხმოებას ნუ გავასაჯაროვებთ. ამის ნაცვლად, ნატოს მოკავშირეებს შორის არსებული ერთიანობა ვაჩვენოთ.”
რაც შეეხება საქართველოს, ამ კონტექსტში მისი არ ხსენება, შესაძლოა საქართველოსთვის უკეთესიც კი იყოს. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ხსენების შემთხვევაში, ვფიქრობ [ფორმულირება] განსხვავებული იქნებოდა საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ასპირანტ ქვეყანაზე, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საქართველო ნატოს ნამდვილად დააშორა.

შარაშენიძე: რა როლი აქვს გაფართოებას ალიანსის უსაფრთხოებაში? ნატო უფრო ძლიერია, როცა ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაფართოვდეს, როგორიც უკრაინა და საქართველოა, თუ როცა იგივე რჩება, პრობლემების თუ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად?
ვოლკერი: ზუსტად აღნიშნეთ, ყველაფერი ბალანსს უკავშირდება. თუ უკრაინა ნატოს წევრი დღეს გახდება, ამით ნატო იკისრებს ვალდებულებას რუსეთს ებრძოლოს, დაიცვას უკრაინის ტერიტორია. ნატოს ქვეყნებს ახლა რუსეთთან ბრძოლა არ სურთ. მათ არ სურთ ამ ომის ნატო-რუსეთის ომად გადაქცევა.
თუმცა, თუ ცეცხლი შეწყდება, თუ ომი შეჩერდება, მაშინ ყველას ინტერესშია, რომ ის არ განახლდეს. ამის გაკეთების საუკეთესო გზა კი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, რათა პუტინმა იცოდეს, თუ ამ ომს ხელახლა დაიწყებს, ახლა მთელ ნატოს დაუპირისპირდება და ეს რუსეთისთვის ბევრად უარესი იქნება. სწორედ ასე შეიძლება შეეცადო მშვიდობის განმტკიცებას – უკრაინის ალიანსში შემოყვანით.
უფრო მეტიც, ვფიქრობ, ევროპელებმა იციან და ალბათ იმაზე უკეთ, ვიდრე ამჟამად ამერიკის ადმინისტრაციამ, რომ თუ პუტინს უკრაინაში გამარჯვების უფლებას მისცემენ, ის ამით არ გაჩერდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ჰააგაში, ნატოს სამიტზე თქვა. მან თქვა, რომ იცის, პუტინი იქ არ გაჩერდება. მან [ვლადიმირ პუტინმა] პრეტენზიები წამოაყენა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიებზე, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ფინეთზე, პოლონეთის ნაწილზე, საქართველოზე. ასე რომ, მას გაცილებით ფართო პრეტენზიები აქვს. ასე რომ, თუ უკრაინა დამარცხდება და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევა, ჩვენ უფრო ფართომასშტაბიანი ომის წინაშე აღმოვჩნდებით. მაშინ კი, თუ უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი და დაცული იქნება, ის იქნება მთავარი და უმნიშვნელოვანესი ბასტიონი, რუსეთის შემდგომი ექსპანსიის წინააღმდეგ.
შარაშენიძე: ნატოს გაფართოების შესახებ ეს ბოლო კითხვაა – ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა, სინამდვილეში დახურული კარია. ეთანხმებით მოვლენების ამგვარ აღქმას?
ვოლკერი: არა და ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ვერ ხვდებიან საქმის არსს. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანობას უსვამდა ხაზს. მას სურს ევროპელმა მოკავშირეებმა თავიანთი სამართლიანი წილი გადაიხადონ თავდაცვაზე და უსაფრთხოების საკუთარი ტვირთი ატარონ. მას მიაჩნდა, რომ შეერთებული შტატები ზედმეტად ბევრს აკეთებდა. ეს სრულიად განსხვავებული რამაა იმისგან, რომ მას არ სჯერა ნატოს გაფართოების. თუ ქვეყანას შეუძლია წვლილი შეიტანოს ნატოს და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ხელი შეუწყოს ომის თავიდან აცილებას, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ამის წინააღმდეგი იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არასწორად განმარტავენ იმას, რასაც პრეზიდენტ ტრამპისგან ისმენენ. ამასთან, ნატოს და ევროპელი მოკავშირეების ნაბიჯები, თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით შესანიშნავი საწყისია. ეს არ იძლევა შემდგომი გაფართოების გარანტიას, მაგრამ ამას ნამდვილად უფრო წარმოსადგენს ხდის, ვიდრე ეს ადრე იყო.
შარაშენიძე: მაშინ, როცა სამიტის დეკლარაციაში რუსეთი მთავარ საფრთხედ არის მოხსენიებული, როგორ უნდა დააბალანსოს აშშ-მა და ნატომ, მოსკოვზე ზეწოლა და დიპლომატია?
ვოლკერი: ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე, ამ საკითხის მიმართულებით კარგად არ ვმუშაობთ. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ დიალოგსა და საუბრებს. პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდებთ და არასაკმარის ყურადღებას ვამახვილებთ პირობების დადგენაზე, იმ პირობების შექმნაზე, რომლებიც პუტინს მოლაპარაკებას აიძულებს. ახლა პუტინი ძალიან კომფორტულადაა, დასავლეთის მხრიდან არანაირ ზეწოლას არ გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ ის კეთილი ნებით მოლაპარაკებას არ აპირებს და ამას მის ყოველდღიურ მოქმედებაში ვხედავთ. სულ რაღაც ორი ღამის წინ [ინტერვიუ ჩაწერილია პირველ ივლისს], მან ამ ომის სამი წლის და ოთხი თვის განმავლობაში, უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ასე რომ, ის ნამდვილად არ არის დაინტერესებული და არ გრძნობს საუბრის საჭიროებას. ამიტომ, ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ სანქციების გამკაცრებით, განსაკუთრებით მეორადი სანქციებით და ასევე იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გაგრძელდება. თუ ამის გაკეთებას შევძლებთ, მაშინ პუტინს ვუგზავნით შეტყობინებას, რომ მისთვის საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავა, ამიტომ სჯობს ომი ახლავე შეწყვიტოს.
შარაშენიძე: გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ახალ სანქციებს ვიხილავთ?
ვოლკერი: დიახ, მაგრამ ჯერ მანდ არ ვართ. პრეზიდენტ ტრამპს აშკარად არ სურს ამის გაკეთება. მას სურს მიაღწიოს ეტაპს, როდესაც პუტინთან შეთანხმება იქნება მიღწეული და წინსვლას შევძლებთ. ასე რომ, ამ სანქციების დაწესება მისი მიზანი არ არის. ეს ჩვენ ჰააგაში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან მოვისმინეთ. მან თქვა, რომ ჯერ მაგ ეტაპზე არ ვართ და რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკებაზე ფოკუსირება გვინდა. მაგრამ, ვფიქრობ ბევრმა იცის, რომ ეს არ იმუშავებს. მხოლოდ ზეწოლა, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა მიიყვანს მათ მოლაპარაკებამდე.

ამიტომ, მაქვს მოლოდინი, რომ ამ თვის ბოლომდე, სენატი და წარმომადგენელთა პალატა მეორადი სანქციების შესახებ კანონპროექტს მიიღებს, რაც გააძლიერებს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას რუსეთთან მოლაპარკებებში. მას ექნებოდა იურიდიული უფლებამოსილება, შესაძლებლობა, დაეწესებინა ეს მეორადი სანქციები და უფრო მეტი ზეწოლა მოეხდინა რუსეთის ეკონომიკაზე. ვფიქრობ, რომ მას, როგორც ვთქვი, ამის გაკეთება არ სურს. მაგრამ, თუ კონგრესის რესპუბლიკელების მხრიდან ზეწოლას იგრძნობს და პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის მოწოდებებს ყურადღებას ისევ არ მიაქცევს, შესაძლოა, [პრეზიდენტმა ტრამპმა] იფიქროს, რომ ცეცხლის შესაწყვეტად – რაც ძალიან სურს – დროა სანქციები დაუწესოს.
შარაშენიძე: ნატოს სამიტის დეკლარაციას რომ დავუბრუნდეთ, საფრთხეებზე საუბრისას, რუსეთთან ერთად ჩინეთი ნახსენები არ არის. თქვენი აზრით, რატომ?
ვოლკერი: ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ფოკუსის იმაზე შენარჩუნება სურს, რომ ევროპა, ევროპის უსაფრთხოებისთვის საკუთარ წილს უზრუნველყოფს. სწორედ ამის შესახებაა ეს 5%. არსებობს განცდა, რომ შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდ ტვირთს ატარებდა მაშინ, როცა ევროპა ამას თავად არ აკეთებდა. ასე რომ, მას სურდა ყურადღება გაემახვილებინა საფრთხეზე, რომლებიც ევროპას რუსეთისგან აქვს და იმაზე, რომ ევროპამ მეტი უნდა დახარჯოს ამ საფრთხესთან გასამკლავებლად, აშშ-ს კი დახმარება შეუძლია.
რაც შეეხება ჩინეთს, ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი ამას სრულიად სხვა პერსპექტივიდან უყურებს, სადაც ის აღიარებს, რომ ჩინეთის მსოფლიოსთვის და უშუალოდ შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ერთადერთი თანასწორი კონკურენტი, რომლის წინაშეც მომავალში აღმოვჩნდებით. თუმცა, ტრამპს სურს, რომ ეს საკითხი სხვაგვარად მართოს. მას სურს ნახოს, შეუძლია თუ არა ჩინეთთან ურთიერთობის შენარჩუნება და ამავდროულად, ამერიკული შესაძლებლობების გაძლიერება ჩინეთთან მისადგომად. მას არ სურს გამოიყენოს ცარიელი სიტყვები რომლებიც ჩინეთის მიმართ მუქარის შემცველი იქნება, ჩინეთს საფრთხედ წარმოაჩენს, თუმცა მათ მიღმა არაფერი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მან ამნჯობინა, ფოკუსი ევროპის უსაფრთხოპებაზე შეენარჩუნებინა, ჩინეთს კი სხვაგვარად მიუდგეს.