• English
  • Українська
  • Русский
შემოწირულობა
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • რღვევის სარტყელი
  • ვიდეო
შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
Independence Avenue Media
მთავარი > ანალიზი > აშშ-ის შუალედური არჩევნები — შედეგების მიუხედავად, უკრაინა კონგრესში მოკავშირეებს დაკარგავს

აშშ-ის შუალედური არჩევნები — შედეგების მიუხედავად, უკრაინა კონგრესში მოკავშირეებს დაკარგავს

ვაშინგტონს ტოვებენ სენატორები, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი შეიმუშავეს. ასევე, წარმომადგენელთა პალატის ლიდერები, რომლებმაც 2024 წელს უკრაინის დახმარების პაკეტის ბლოკირება დაძლიეს. კიევისთვის მთავარი კითხვა ის კი არ არის, ვინ გაიმარჯვებს სამშაბათს, არამედ შეძლებს თუ არა, კვლავ დაეყრდნოს კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას.

მარია ულიანოვსკაავტორი მარია ულიანოვსკა
ნოემბერი 2, 2026
ენის შეცვლა:
English Українська Русский
конгрес

REUTERS/Eric Lee

A A
შეაჯამეთ ChatGPT-ის დახმარებითგააზიარეთ X-ზე

აშშ-ის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობას ხმა ჯერ არ მიუცია, თუმცა უკვე ნათელია, რომ უკრაინა კონგრესში თავის რამდენიმე ყველაზე ქმედით დამცველს დაკარგავს.

11 სენატორი კენჭს აღარ იყრის — 2012 წლის შემდეგ, ეს სენატიდან წასვლის ყველაზე დიდი ტალღაა. ათ მათგანს უკრაინის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ისინი წარადგენდნენ საკანონმდებლო ინიციატივებს, ხშირად ჩადიოდნენ კიევში, პენტაგონს იარაღის მიწოდებისკენ უბიძგებდნენ და შეიმუშავეს სანქციების პაკეტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღეს.

წარმომადგენელთა პალატას ტოვებენ დემოკრატიული პარტიის ხანგრძლივი ლიდერები, მათ შორის პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, ასევე რამდენიმე რესპუბლიკელი, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ბოლო დროს რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებს შორის არიან.

„რამდენიმე სენატორი, რომელიც უკრაინას მტკიცედ უჭერდა მხარს, სენატში აღარ იქნება და ეს პრობლემაა“, — თქვა დენიელ ფრიდმა, პოლონეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ. „შესაძლოა, მოვიდნენ სენატორები, რომლებსაც მსგავსი პოზიცია ექნებათ, და ამის იმედი ნამდვილად მაქვს“.

ახლა კიევისთვის სწორედ ამ იმედს უკავშირდება მთავარი კითხვა — შეინარჩუნებს თუ არა მომავალი კონგრესი საკმარისად ძლიერ ორპარტიულ კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას კანონმდებლობაში ასახავს, თუ ეს მხარდაჭერა მეტწილად სიმბოლური გახდება?

სენატიდან წასვლის ტალღა

სენატში რესპუბლიკელთა რიგებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისია უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, მიტჩ მაკკონელისა (კენტუკი) და ტომ ტილისის (ჩრდილოეთი კაროლინა) წასვლა. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ევროპის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გავლენიანი მხარდამჭერები იყვნენ. სხვა რესპუბლიკელები, მათ შორის სტივ დეინსი (მონტანა), ჯონი ერნსტი (აიოვა) და სინთია ლუმისი (ვაიომინგი), სანქციებს და სხვადასხვა ხარისხით სამხედრო დახმარებასაც უჭერდნენ მხარს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხარჯების გამო შეშფოთებასაც გამოთქვამდა. ალან არმსტრონგიც (ოკლაჰომა), რომელიც სენატში მარტში დანიშნეს მას შემდეგ, რაც ოკლაჰომის სენატორი მარკუეინ მალინი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობის დასაკავებლად გადადგა, უკრაინასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს უჭერდა, თუმცა სრული ვადით ასარჩევად კენჭს არ იყრის.

ჯონ კორნინი, რომელიც მონაწილეობდა ორპარტიულ ძალისხმევაში, რათა რუსეთისთვის ჩამორთმეული სახელმწიფო აქტივები უკრაინის სამხედრო დახმარებას მოხმარებოდა, ტეხასში, რესპუბლიკელთა პრაიმერში კენ პაქსტონთან დამარცხდა. პრაიმერის კამპანიის დროს პაქსტონი კორნინს უკრაინის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა. ახლა პაქსტონი თავის დემოკრატ მეტოქესთან, უკრაინის მხარდამჭერ ჯეიმს ტალარიკოსთან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაშია ჩაბმული. „პოლიტიკოს“ ცნობით, ტალარიკო რუსეთის ფარული გავლენის ოპერაციის სამიზნე გახდა.

დემოკრატებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანაკლისია დიკ დურბინისა (ილინოისი) და ჯინ შაჰინის (ნიუ ჰემფშირი) წასვლა: უკრაინის საკითხზე ორპარტიული კოალიციების შექმნაში ორივე წამყვან როლს ასრულებდა. შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატების ლიდერია და უკრაინის მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, დურბინი კი სენატში უკრაინის მეგობართა ჯგუფის ერთ-ერთი ხანგრძლივი დემოკრატი ლიდერია. გერი პიტერსი (მიჩიგანი) და თინა სმიტიც (მინესოტა) სენატში უკრაინის მეგობართა ჯგუფის წევრები არიან და უკრაინასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს.

წარმომადგენელთა პალატა კოალიციის შემქმნელებს კარგავს

წარმომადგენელთა პალატას ტოვებს რამდენიმე კანონმდებელი, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის ერთიანობას ინარჩუნებდნენ. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი (ტეხასი), დემოკრატების ყოფილი ლიდერი სტენი ჰოიერი (მერილენდი) და დემოკრატი პელოსი (კალიფორნია). პალატას ასევე ტოვებენ დონ ბეიკონი (ნებრასკა) და დენ ნიუჰაუსი (ვაშინგტონის შტატი) — ორი რესპუბლიკელი, რომლებიც რუსეთთის მიმართ ადმინისტრაციის ბოლოდროინდელ კურსს ყველაზე ღიად აკრიტიკებდნენ.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი მელინდა ჰარინგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად პელოსის წასვლა აშფოთებს. ჰარინგის თქმით, 2024 წელს სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარების პაკეტს ბლოკავდა. პაკეტის მხარდამჭერებს ხელმოწერები აკლდათ იმ პეტიციაზე, რომლის მიზანიც პაკეტის კენჭისყრაზე სავალდებულო წესით გატანა იყო. ჰარინგი პელოსისთან შეხვედრაზე მივიდა, რომელიც ათი წუთით იყო დაგეგმილი. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა, პელოსი კი ტელეფონით რეკავდა.

„როცა მისი კაბინეტიდან გამოვედი, ამ პეტიციაზე უკვე სამი ხელმოწერით მეტი მქონდა“, — თქვა ჰარინგმა. „მან იცის, როგორ იმუშაოს ტელეფონით და როგორ მიაღწიოს შედეგს კონგრესში“.

პენსილვანიის პირველ ოლქში კონგრესში უკრაინის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ბრაიან ფიცპატრიკი, ხელახლა ასარჩევად დემოკრატ ბობ ჰარვის უპირისპირდება. ფიცპატრიკი იმ მცირერიცხოვან რესპუბლიკელებს შორისაა, რომლებიც ხელახლა იყრიან კენჭს და მზად არიან, ღიად დაუპირისპირდნენ ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობების დათბობას, რაც, მისი თქმით, უკრაინის ხარჯზე ხდება.

უკრაინის მხარდამჭერი ორპარტიული კოალიციის მომავალი

მომავალი წარმომადგენელთა პალატისთვის გამოცდა იქნება, რამდენად შეძლებს კვლავ ორივე პარტიის წარმომადგენლებისგან უმრავლესობის შეკრებას. ივნისში ორპარტიულ „უკრაინის მხარდაჭერის აქტზე“ გამართულმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია — საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგობის მიუხედავად, 18 რესპუბლიკელი დემოკრატებს შეუერთდა. მომავალ კონგრესს ამ კოალიციის აღდგენა ახალი წევრებითა და, შესაძლოა, ახალი ლიდერებით მოუწევს.

ჰარინგის თქმით, უკრაინის ბევრი გამოცდილი რესპუბლიკელი მხარდამჭერი ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩება. მას იმ შედარებით ახალბედა რესპუბლიკელების ბედი აშფოთებს, რომლებიც ისეთ ოლქებში იყრიან კენჭს, სადაც ორივე პარტიას გამარჯვების შანსი აქვს, მაგალითად, მაიკ ლოულერი (ნიუ იორკი) და ჯენ კიგანსი (ვირჯინია). მათ შესაძლოა, მანდატები დაკარგონ.

წარმომადგენელთა პალატის იმ წევრებს შორის, რომელთაგანაც ის უკრაინის საკითხზე ლიდერობას ელის, არიან დემოკრატები ჯეიმს უოლკინშო (ვირჯინია) და იუჯინ ვინდმანი (ვირჯინია), ასევე რესპუბლიკელები ნიკ ლალოტა (ნიუ იორკი) და ენდრიუ გარბარინო (ნიუ იორკი).

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი სხვა საფრთხეს ხედავს — ორივე პარტიის რადიკალური ფრთების გავლენა იზრდება, მათი მხრიდან კი, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია.

მიუხედავად ამისა, კოფი მიიჩნევს, რომ კონგრესში უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა შეიძლება შენარჩუნდეს, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ კანონმდებლებს არ სურთ, საზოგადოებრივ აზრს დაშორდნენ. Economist/YouGov-ის ბოლო გამოკითხვის მონაცემები მიუთითებს, რომ ამერიკელებს შორის კიევისადმი კეთილგანწყობა კვლავ ფართოდ არის გავრცელებული: რეგისტრირებული ამომრჩევლების 66% ამბობს, რომ უფრო მეტად უკრაინას თანაუგრძნობს, ვიდრე რუსეთს, 65% კი უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევს.

ფრიდის თქმით, იმედი აქვს, რომ მხარდამჭერთა უფრო ფართო წრე იქცევა იმად, რასაც მან „თავისუფალი სამყაროს მხარდამჭერი არადეკლარირებული კოალიცია“ უწოდა. ის გააერთიანებდა ეროვნულ უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ დემოკრატებს, „მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც საკუთარ ანტიფაშიზმს სერიოზულად ეკიდებიან“, და რონალდ რეიგანისა და ჯონ მაკკეინის ტრადიციების მიმდევარ რესპუბლიკელებს.

რა უნდა გააკეთოს კიევმა?

ექსპერტები კიევს ურჩევენ, მხარდაჭერის გაგრძელება თავისთავად გარანტირებულად აღარ მიიჩნიოს და ორივე პარტიის კანონმდებელთა მომავალ თაობასთან ურთიერთობების დამყარება დაიწყოს, ვიდრე მათი პოზიციები მყარად ჩამოყალიბდება.

„უკრაინელებმა კონგრესში მხარდამჭერების შემომატებასა და გამრავლებაზე უნდა იმუშაონ და არა გამოკლებასა და გაყოფაზე“, — თქვა კოფიმ. მან კიევს მოუწოდა, კავშირები დაამყაროს პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ახალ წევრებთან — MAGA რესპუბლიკელებიდან, „ამერიკის დემოკრატი სოციალისტების“ წევრებამდე — და ისინი უკრაინაში მიიწვიოს.

ჰარინგმა უკრაინელებს მოუწოდა, არცერთ ჯგუფზე წინასწარ ხელი არ ჩაიქნიონ. „ჩვენ დავარწმუნეთ მაიკ ჯონსონი, მხარი დაეჭირა უკრაინისთვის. მისი დარწმუნება შესაძლებელია. ნებისმიერის დარწმუნება შესაძლებელია“, — თქვა მან. „მნიშვნელობა აქვს გზავნილსაც და იმასაც, ვინ გადასცემს მას“.

მარია ულიანოვსკა

მარია ულიანოვსკა

მარია ულიანოვსკა Emmy-ს ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების ავტორია, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს. ის აშუქებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და უკრაინას, განსაკუთრებული ყურადღებით გეოპოლიტიკური მოვლენების ადამიანურ გავლენაზე.

ასევე ნახეთ

Росія, Україна
რჩეული

ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ: პიტერ რაუს სტრატეგია შეკავების აღსადგენად

ოქტომბერი 22, 2026
ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის – Independence Avenue Media
რჩეული

ტეილორი: რუსულ დიზელზე ტრამპის შეთანხმება აშშ-ის ლიდერობას ძირს უთხრის

ოქტომბერი 18, 2026
Трамп
ინტერვიუ

„სრული შოკი“ — პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმებაზე

ოქტომბერი 26, 2026
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
შემოწირულობა

© 2026 Independence Avenue Media

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე ქვემოთ

დაგავიწყდათ პაროლი?

მოიძიეთ თქვენი პაროლი

გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი თქვენი პაროლის აღსადგენად.

შესვლა

Add New Playlist

შედეგი არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2026 Independence Avenue Media