რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი კრემლში ორჯერ — 9 მაისს და 22 ივნისს დაიბარეს. მეორე შეხვედრის მომდევნო დღეს ალან გაგლოევმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
მის მემკვიდრედ 61 წლის მარატ კამბოლოვი დასახელდა — რუსეთის მოქალაქე ჩრდილოეთ ოსეთიდან, რომელმაც კარიერა მოსკოვში ააწყო და აქამდე ცხინვალთან კავშირი არ ჰქონია.
რამდენიმე დღის შემდეგ, 26 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ვიაჩესლავ გლადკოვის აფხაზეთში — რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში — „ელჩად“ დანიშვნის შესახებ. გლადკოვმა, ბელგოროდის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რუსეთში სახელი გაითქვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების დღიდან, მოსკოვი ამ ოკუპირებულ რეგიონებს ადგილობრივი მარიონეტების მეშვეობით მართავდა, რომლებსაც თავადვე აფინანსებდა, მათზე ზეწოლას ახდენდა და პერიოდულად ცვლიდა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნავენ, კრემლი ამ ტერიტორიებს აღარ განიხილავს მხოლოდ საკუთარი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე ბუფერულ ზონებად. ახლა ის ამ რეგიონებს საკუთარი სამხედრო კამპანიისთვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ რესურსად აღიქვამს და მათზე პირდაპირი კონტროლის დამყარებას ცდილობს.
„სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს ჩამოაყალიბოს მკაფიო და ცხადი პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალში, ნებისმიერი საეჭვო ადგილობრივი ჩინოვნიკების გარეშე“, განუცხადა Independence Avenue Media-ს ქართველმა კონფლიქტოლოგმა და რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსული სამხედრო მანქანის სამსახურში
კონფლიქტოლოგმა ზურაბ ბენდიანიშვილმა Independence Avenue Media-სთან საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთისთვის მეტად მიმზიდველია, თუ გავითვალისწინებთ მის „გასასვლელს შავ ზღვაზე, საინტერესო ინფრასტრუქტურას ტურიზმის განვითარებისთვის, პორტებსა და აეროპორტს“, მაშინ, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ფასეულია მხოლოდ მისი „სამხედრო ბაზების თვალსაზრისით“.
თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის ომის კონტექსტში, რუსეთის „მთავარ აქტივს“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცოცხალი ძალა წარმოადგენს.
ორივე დე ფაქტო რეჟიმმა რუსეთის ომს სრულად დაუჭირა მხარი. ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, როგორც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს კრემლი უწოდებდა, სხვადასხვა ქვედანაყოფის შემადგენლობაში ათასობით აფხაზი და ოსი მებრძოლი მონაწილეობს. ომში ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 100-ზე მეტი დაღუპულია, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია სულ რაღაც 50-ათასიანი მოსახლეობის მქონე რეგიონისთვის. ზოგჯერ ცხინვალში, კვირის განმავლობაში, რამდენიმე მებრძოლს კრძალავენ.
აფხაზეთის გამოყენება რუსეთმა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაადგილების ხელშესაწყობადაც დაიწყო. 15 ივნისს, კრემლის მიერ დანიშნულმა ბავშვთა უფლებების რწმუნებულმა მარია ლვოვა-ბელოვამ დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში წამოიწყო პროგრამა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან 200 ბავშვისა და მათი მშობლებისთვის, რომელიც ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ინიციატივის, „ზეგის“ (Послезавтра) საფარქვეშ განხორციელდა.
მაისის ბოლოს კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაშკარავა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული კონტრაბანდისტების ქსელი, რომელიც, კიევის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან შავი ზღვის გავლით ოდესის მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი მოიერიშე დრონის გადატანას ცდილობდა, იარაღს კი კონტრაბანდულ სიგარეტებში მალავდა.
ომმა უშუალოდ აფხაზეთამდეც მიაღწია. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სამიზნეც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხრეთში არსებული ინფრასტრუქტურაა, სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ადგილობრივ საჰაერო სივრცეში, რაც რეგულარულად აფერხებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ფსოუს“ სასაზღვრო პუნქტის მუშაობას. რამდენიმე დრონი რეგიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო 23 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ განაცხადა.
გავლენიდან პირდაპირ მართვაზე
ოკუპირებული აფხაზეთის საკითხებში კრემლის მთავარი კოორდინატორი სერგეი კირიენკოა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, რომელიც წარმოშობით სოხუმიდანაა. კირიენკომ ღიად დაუჭირა მხარი ამჟამინდელ ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანიის დროს, რასაც მოჰყვა კიდეც მისი გამარჯვება საერთაშორისოდ არაღიარებულ 2025 წლის ე.წ. არჩევნებში. ის ასევე კურირებდა მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის სოხუმის აეროპორტის აღდგენას.
აფხაზი ჟურნალისტის თქმით, კირიენკოს საქმიანობა ფართოდ აღიქმება, როგორც პირდაპირი ზეწოლა როგორც პოლიტიკურ ელიტაზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე.
„საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო კრიტიკულია საარჩევნო პროცესებში რუსი კურატორების პირდაპირი ჩარევის მიმართ“, განუცხადა Independence Avenue Media-ს სოხუმელმა ჟურნალისტმა, რომელმაც პირადი უსაფრთხოების მოტივით ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.
მოსკოვის ზოგ ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევს. მაგალითად, დაიბლოკა აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობის შესახებ კანონპროექტი – ეს რუსეთის მოქალაქეების სასარგებლოდ დემოგრაფიული ბალანსის შეცვლის საფრთხედ მიიჩნიეს. ანალოგიურად, მოსკოვში ხელმოწერილი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც რუს ინვესტორებს უპირატესპბას ანიჭებდა, 2024 წელს დაწყებული პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა, რასაც წინა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსული გავლენების კიდევ მეტად გაზრდა არასდროს გაუპროტესტებიათ. მისი ლიდერები წლების განმავლობაში ღიად საუბრობდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან „გაერთიანებაზე“ — თუმცა მოსკოვი ამ თემას, როგორც წესი, თავს არიდებდა.
9 მაისს ალან გაგლოევი იყო იმ მცირე რაოდენობის უცხოელ ლიდერებს შორის, რომლებიც მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად მიიწვიეს. იმ დღეს პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ექვსი კვირის შემდეგ კი კრემლში მეორე შეხვედრა შედგა, რასაც გადადგომა და გაგლოევის პუტინის მრჩევლად დანიშვნა მოჰყვა.
„ერთი მხრივ, გაგლოევის გადადგომამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, თუმცა, მეორე მხრივ, ეს უსახელო და დამამცირებელი წასვლა მოსკოვში თანამდებობის სანაცვლოდ არის კანონიერად არჩეული ლიდერის მიერ მიყენებული დარტყმა თავად ოსური სახელმწიფოებრიობის იდეისთვის“, დაწერა ოსმა ბლოგერმა ბატრაზ მისიკოვმა თავის Telegram-არხზე.
18 სექტემბრისთვის დაგეგმილი კენჭისყრის შედეგი ფაქტობრივად წინასწარ არის განსაზღვრული, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ მხარი დაუჭირა მოსკოვის მიერ შერჩეულ კანდიდატს — მარატ კამბოლოვს. მან მიიღო ვლადიმირ პუტინის საჯარო მხარდაჭერაც, 13 ივლისს, კრემლში გამართული შეხვედრის დროს.
თბილისი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები ფარული ანექსიაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი „კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ”, ხოლო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ კრემლის „რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პოლიტიკა ახალ, უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა“.
პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მიზანი შეიძლება არ იყოს ცხინვალის რეგიონის ფორმალური ანექსია. მისი თქმით, რუსეთს ამ მიზნის მიღწევა გაგლოევის ან ნებისმიერი სხვა ადგილობრივი ლიდერის დროსაც შეეძლო. ამის ნაცვლად, მისი თქმით, მოსკოვიდან სანდო ჩინოვნიკის დანიშვნა შესაძლოა მიზნად ისახავდეს პოლიტიკური ზედამხედველობის გაძლიერებას და რუსული ფინანსური დახმარების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრებას.
„რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად, სრულად განამტკიცოს კონტროლი ამ რეგიონებზე: ერთი მხრივ, ისე, რომ ამის გამო არ დაკარგოს საქართველო — რადგან რუსეთს საქართველო მთლიანად სჭირდება, — და მეორე მხრივ, მათი ინტეგრაცია ისე მოახდინოს, რომ საქართველოს მოგვიანებით გაუჭირდეს ამ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა“, ამბობს ზაქარეიშვილი.
ამას ყველა არ ეთანხმება.
„რუსეთს უჭირს უკრაინის მიმართულებით, ომი მძიმე შედეგების მომტანი გახდა და მათ სჭირდებათ რაღაც პატარა გამარჯვების დაფიქსირება“, უთხრა Independence Avenue Media-ს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პაატა დავითაიამ. „ყველაზე მარტივი ვარიანტი ცხინვალის რეგიონის ანექსიაა“, — დასძინა მან და დააკონკრეტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი, ჯერჯერობით, ასეთ სცენარში არ შედის.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელობის შეცვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებზე მიანიშნებს და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების ეს ტრანზიცია „არ მოწმობს რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობაზე“.
თუმცა, პესკოვი უკრაინის ტერიტორიების ანექსიამდეც უარყოფდა კრემლის განზრახვას ამის თაობაზე.
მოლოდინის ტაქტიკა
აფხაზმა ჟურნალისტმა Independence Avenue Media-ს განუცხადა, რომ მოსკოვი სანქციების მთელ არსენალს იყენებს იმ ჟურნალისტებისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მის ინიციატივებს ეწინააღმდეგებიან. ეს მოიცავს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადებას და კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას.
ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა დონის როსტოვში მცხოვრები აფხაზი იურისტის, ირაკლი ბჟინავას საქმე, რომელიც დააკავეს „ანტირუსული განცხადებებისა“ და „ინტერნეტში ეთნიკური შუღლის გაღვივების“ ბრალდებით.
მიუხედავად ამისა, რუსეთთან ურთიერთობების თემა სოხუმში, მეტწილად, ტაბუირებული რჩება — აღნიშნა ჟურნალისტმა, მიზეზად კი მოსკოვზე აფხაზეთის „უკიდურესად მაღალი ხარისხის დამოკიდებულება“ დაასახელა.
Independence Avenue Media-სთან საუბარში ჟურნალისტმა ივარაუდა, რომ ამჟამად მოსკოვი 2027 წლის მარტისთვის აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ელოდება, უფრო დამყოლი ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს მიღების იმედით.
ზაქარეიშვილი ამ შეფასებას იზიარებს:
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება აფხაზებისთვის ხელების ამოგრეხვა“.



