• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • რჩეული
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში: ალიანსიდან აშშ-ის გასვლა “დამანგრეველი” იქნება

დაარსებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, ნატო ეგზისტენციური კრიზისის წინაშე დგას.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
აპრილი 10, 2026
U.S. President Trump meets with NATO Secretary General Rutte in Washington. Kevin Lamarque- Reuters Pictures;

U.S. President Trump meets with NATO Secretary General Rutte in Washington. Kevin Lamarque- Reuters Pictures;

A A
Summarize with ChatGPTShare on X

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ნატოს მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და 77-წლიანი ისტორიის მქონე თავდაცვითი ალიანსიდან აშშ-ის გასვლით იმუქრება.

„ეს შეკავების პოლიტიკისთვის მართლაც დამანგრეველი დარტყმა იქნებოდა, მთელი ალიანსის მასშტაბით“, ამბობს ჯულიან სმიტი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში.

Independence Avenue Media-სთან საუბრისას, სმიტი ამბობს, რომ „ალიანსში ახლა ნდობის დეფიციტია“.

„ევროპელი მოკავშირეების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ შეერთებულ შტატებს ენდნონ. ისინი თვლიან, რომ ჩვენ ძალიან არაპროგნოზირებადი ვართ“.

ეს არის შეფასება, რომლის მოსმენაც, ნატოს 77-წლიანი ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა.

ირანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფე შეთანხმების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელიც ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას თავი აარიდოს, 8 აპრილს ვაშინგტონს ეწვია. თეთრ სახლში, პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ, პრესასთან განცხადებები არ გაკეთებულა.

მანამდე, პრეზიდენტი ტრამპი ნატოს მოკავშირეებისგან მოითხოვდა, სამხედრო ძალის გამოყენებით, ჩართულიყვნენ ძალისხმევაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას უზრუნველყოფდა. ნავთომბობარაგებაში გლობალური მნიშვნელობის სრუტე თეირანმა მის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან მალევე, 28 თებერვალს ჩაკეტა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ევროპელ მოკავშირეებს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად არ ჰქონდათ და ბევრმა განაცხადა, რომ მოთხოვნები არაპრაქტიკული და უსაფუძვლო იყო.

პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის შეხვედრამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა და განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებს „გამოცდა ჩაუტარდათ და ისინი ჩაიჭრნენ“.

როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის აზრის შეცვლა, გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვერ შეძლო.

„როცა გვჭირდებოდა, ნატო ჩვენ გვერდით არ იყო და ისინი ჩვენ გვერდით კვლავ არ იქნებიან, თუ მომავალში დაგვჭირდებიან“ — დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პრეზიდენტმა ტრამპმა, მას შემდეგ, რაც მარკ რუტეს შეხვდა.

თავად რუტემ კი, შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია სი-ენ-ენთან საუბრისას თქვა, რომ თეთრ სახლში „ძალიან გულწრფელი, ძალიან ღია დისკუსია გაიმართა“. თუმცა, არ უპასუხა კითხვას, გაიმეორა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა მუქარა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ამერიკამ ნატო დატოვოს.

რატომ არ შეუერთდნენ ირანში ამერიკის ოპერაციას ევროპელი მოკავშირეები; შესაძლებელია თუ არა დაზიანებული ტრანსატლანტიკური ნდობის გაუმჯობესება; რას შეიძლება ნიშნავდეს, პრაქტიკაში, აშშ-ის მიერ ალიანსის დატოვება და როგორ შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომმა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობა — ეს არის საკითხების ნაწილი, რაზეც ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მოსაზრებები მოვისმინეთ.

ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 8 აპრილს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: თქვენი თვალსაზრისით, რას ნიშნავს ნატო შეერთებული შტატებისთვის?

ჯულიან სმიტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში: ამერიკელების დიდი ნაწილი, მათი უმრავლესობა, ამ ალიანსს კვლავ ძალიან აფასებს. ის 77 წლისაა. ამის გამო, ზოგიერთი მას ახასიათებს, როგორც ჟანგმოდებულს ან მორყეულს, მაგრამ ვფიქრობ ამერიკელების უმეტესობას ესმის, რომ მას უზარმაზარი ღირებულება აქვს. თუ რიგით ამერიკელებს ჰკითხავთ რას ნიშნავს ნატო მათთვის, ვფიქრობ, პირველი ფრაზა, რაც გონებაში მოუვათ, არის — „ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რომ შეერთებული შტატები ვერ გადაჭრის მსოფლიოს ყველა პრობლემას და ნატოს მოკავშირეები გვჭირდება ერთობლივი მუშაობისთვის, ერთად წვრთნისა და ვარჯიშისთვის, რათა მზად ვიყოთ ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის და მომავალის ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების უმეტესის შედეგების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 70-80% ალიანსში ჩვენს წევრობას მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ალიანსი უკვე შვიდ ათწლეულზე მეტი ხნისაა. [Pew Research Center-ს მიერ 2026 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 59%. გამოკითხვა არჩვენებს, რომ რესპუბლიკელებს შორის მხარდაჭერა იკლებს, დემოკრატები კი ძლიერ მხარდამჭერებად რჩებიან.]

მეურმიშვილი: ბოლო დროს, ვხედავთ მიმდინარე დისკუსიას, განსაკუთრებით ირანის ომის დაწყების შემდეგ, იმის შესახებ, იდგნენ თუ არა ნატოს მოკავშირეები შეერთებული შტატების გვერდით. ამას მხოლოდ პრეზიდენტი არ ამბობს, იმავეს ამბობენ მისი მხარდამჭერები. როგორ ახსნიდით ამას? რატომ მოხდა, რომ როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანში დახმარება ითხოვა, ნატოს მოკავშირეებმა ეს არ გააკეთეს?

სმიტი: უპირველეს ყოვლისა, ზოგადად, რთულია ევროპაზე საუბარი, რადგან, რა თქმა უნდა, ევროპა ბევრი სხვადასხვა ქვეყნისგან შედგება. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, მათ თქვეს, რომ ამჯობინებდნენ შეერთებულ შტატებს ირანზე შეტევითი ოპერაციებისთვის მათი ბაზები არ გამოეყენებინა. მაგრამ, ეს ყველას არ უთქვამს.

აშშ-ის ბაზების განლაგების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე გერმანიაა და გერმანიამ ნება დართო შეერთებულ შტატებს, ამ ომის საწარმოებლად, გერმანიაში ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობა სრულად გამოეყენებინა. ამიტომ, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, შევძლებთ დიფერენცირებას მათ შორის, ვინც ითანამშრომლა და ვინც ნაკლებად იყო მზად თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოიქცნენ ევროპელები დასახმარებლად, როდესაც პრეზიდენტმა მიმართა, რამდენიმე მიზეზს დავასახელებდი. პირველი ის არის, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის მძიმე წელი იყო. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ადმინისტრაციას, რეალურად, მათთვის დახმარების ხელი არ გაუწვდია, ევროპაზე დადებითად არ უსაუბრია და ტრანსატლანტიკური ურთიერთობა აშშ-სთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად არ გამოუცხადებია. ისინი უკმაყოფილო იყვნენ გერმანიის მითვისების შესახებ გამოთქმული პრეტენზიების გამო. უკმაყოფილო იყვნენ იმის გამოც, რომ აშშ-მა შეწყვიტა უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა. ასევე, ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმის გამო, რომ მათ არავინ დაკავშირებია იმის განსამარტად, თუ რა იყო ზუსტი სტრატეგიული მიზნები ირანში — მათთან წინასწარი კონსულტაციების არც ერთი ფორმით არ გამართულა. ასე რომ, ეს პირველი მიზეზია, ურთიერთობა ნამდვილად არ ყოფილა სახარბიელო.

მეორე მიზეზი ისაა, რომ მათ ზუსტად არ იცოდნენ, რა იყო მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა, როცა არ იცი რას აკეთებს შეერთებული შტატები — რა არის ეს, რეჟიმის ცვლილება? ნავთობი? ბირთვული იარაღი? თუ სხვა რამ? მაგალითად, ჰორმუზის სრუტე — ასეთ დროს რთულია განსაზღვრო, როგორ უნდა დაეხმარო. გარდა ამისა, მათ ასევე მოისმინეს პრეზიდენტის სიტყვები, რომ მას ევროპელი მოკავშირეების დახმარება არ სჭირდებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ბევრი მათგანი დაბნეული იყო — გსურთ ჩვენი დახმარება თუ არა? რა ხდება სინამდვილეში?

მესამე მიზეზი ისაა, რომ ეს სინამდვილეში არ ყოფილა ნატოს ოპერაცია. ნატო თავდაცვითი ალიანსია, შეტევითი ოპერაციები იშვიათად უწარმოებია. მეხუთე მუხლი არსებობს პრინციპისთვის — „თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე“. ეს არ ყოფილა თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ეს იყო ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია ირანში.

ამგვარად, ვფიქრობ, ბევრი მოკავშირე მიიჩნევს, რომ საკითხის ასე დასმა, გარკვეულწილად, არასწორი ფორმულირება იყო. ახლა ისინი განიხილავენ, როგორ შეუძლიათ დახმარება იმაში, რომ ჰორმუზის სრუტე ღიად შენარჩუნდეს.

და ბოლოს, ევროპელი მოკავშირეები 20 წლის განმავლობაში იდგნენ აშშ-ის გვერდით, ავღანეთში. სულ ცოტა ხნის წინ კი, ამერიკის პრეზიდენტმა, ეს წვლილი გარკვეულწილად დააკნინა. მან თქვა, რომ ევროპელი მოკავშირეები, თითქოს, „ღობის მიღმა“ დარჩნენ და ყველა მათგანი არ იბრძოდა. ეს უბრალოდ ასე არ არის. ბევრმა მოკავშირემ, განსაკუთრებით დანიამ, ერთ სულ მოსახლეზე, ფაქტობრივად, რამდენიმე ჯარისკაცი დაკარგა.

ასე რომ, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც, ევროპელი მოკავშირეები დასახმარებლად მყისიერად არ გამოიქცნენ. შევძლებთ ახლა იმ ეტაპზე მისვლას, როცა გახსნილი სრუტის შესანარჩუნებლად გაერთიანებას შევძლებთ? ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ევროპელებს აქვთ ნაღმების გაწმენდის შესაძლებლობები, მათ ბევრი რესურსი აქვთ, რისი გაზიარებაც შეუძლიათ. თუმცა, არ ვვარაუდობ, რომ ეს ნატოს მისია იქნება.

მეურმიშვილი: ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ვაშინგტონსა და ნატოს შორის ურთიერთობებში არსებული ზოგიერთი სირთულე, შესაძლებელია ურთიერთობების გამოსწორება?

სმიტი: ნატოს ალიანსისთვის, გასული წელი იყო როგორც კარგი, ასევე ცუდი. კარგი ის იყო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო და ყველა მოკავშირე დაითანხმა იმაზე, რომ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% დახარჯონ. ეს კარგი ამბავია. ამერიკელებს სურთ, რომ ევროპელებმა საკუთარ ეროვნულ თავდაცვაზე მეტი დახარჯონ. ასე რომ, აღვნიშნოთ ფაქტი, რომ ევროპელები ახლა მეტს აკეთებენ, ისინი სწრაფი ტემპით, ასობით მილიარდს ხარჯავენ საკუთარი თავდაცვისუნარიანობისთვის.

მაგრამ, ცუდი ამბავი ისაა, რომ ალიანსში ახლა ნდობის დეფიციტია. ევროპელი მოკავშირეების ნაწილი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების ნდობა. მათთვის ჩვენ ძალიან არაპროგნოზირებადები ვართ. ჩვენი პოზიცია ცვალებადია — ხან ასეთია, ხან ისეთი. მათ არ იციან, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი.

ისინი აცხადებენ, რომ მათთან რეალურად არ ხდება სათანადო კონსულტაციები. ისინი ამბობენ, რომ გარკვეული საკითხების შესახებ გაზეთებიდან იგებენ, ნაცვლად იმისა, რომ საქმის კურსში პროცესის დასაწყისშივე ჩააყენონ, როგორც ამას ჩვენ ხშირად ვაკეთებთ მოკავშირეებთან მიმართებით. ვფიქრობ, გრენლანდიის ეპიზოდი მართლაც დამაზიანებელი იყო ალიანსისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ალიანსის ყველაზე ძლიერი წევრი სხვა მოკავშირის, დანიის, სუვერენული ტერიტორიის მითვისებაზე საუბრობს, ეს მთელ ალიანსში ნამდვილ შოკს იწვევს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის გამოსწორება ერთ ღამეშია შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა მისი გამოსწორება დროთა განმავლობაში? დიახ, მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა, რაც ცოტათი მაშფოთებს, არის ის, რომ ეს პრეზიდენტი მუდმივად უბრუნდება ნატოს საკითხს — ყოველ რამდენიმე თვეში გვესმის მისი დამამცირებელი კომენტარები ალიანსის შესახებ, მაშინ როდესაც, არსებითად, მას შეეძლო ეზეიმა ის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელსაც გასულ ზაფხულს მიაღწია, როდესაც მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე დაითანხმა.

მაღელვებს თუ არა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ალიანსი დატოვოს? არა, არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მოულოდნელად გამოაცხადებს ჩვენი გასვლის შესახებ. შეუძლია თუ არა მას ნაბ-ნაბიჯ დისტანცირება და ალიანსში ნაკლებად აქტიური ყოფნა? შესაძლოა, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში. ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს დალოდება და ნახვა, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი.

მეურმიშვილი: შეუძლია პრეზიდენტს, შეერთებული შტატები ალიანსიდან გამოიყვანოს?

სმიტი: ეს მართლაც საინტერესო საკითხია. ჩვენ, აშშ-ში, გვაქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ შეუძლია ქვეყანა ალიანსიდან ერთპიროვნულად, სენატის თანხმობის გარეშე გამოიყვანოს. რაც ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ირონიულია ისაა, რომ ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, მაშინდელი სენატორი მარკო რუბიო იყო, რომელიც ახლა ერთდროულად იკავებს სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციასაც. თუმცა, ჩემი შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და თავად პრეზიდენტმა გამოავლინეს ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყონ ან დააკნინონ კონგრესის უფლებამოსილება ან კანონმდებლობა.

ამიტომ, ვშიშობ, რომ მას შესაძლოა შეეძლოს ამის გაკეთება, ალიანსის დატოვება რომ მოესურვებინა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ განცხადებას გააკეთებს. მაგრამ, თუ ამ წერტილამდე მივალთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი გზა, რომლითაც მას ამის გაკეთება შეეძლება, არის ‘აღმასრულებელი პრივილეგიის’ გამოცხადება ან იმის მტკიცება, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, აქვს უფლებამოსილება, არსებითად, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამოიყვანოს. ასე რომ, ტექნიკურად, თქვენს კითხვაზე პასუხია — არა, აშშ-ის [პრეზიდენტს] არ შეუძლია ამის გაკეთება ერთპიროვნულად, კონგრესის თანხმობის გარეშე და მე არ მგონია, რომ სენატმა აშშ-ის მიერ ნატოს დატოვებას მხარი დაუჭიროს.

მაგრამ, არსებობს სხვა გზაც, როდესაც ის უბრალოდ აცხადებს, რომ აქვს ამის გაკეთების ძალაუფლება და ცდილობს მის განხორციელებას. ამიტომ, რთულია ზუსტად წინასწარმეტყველება, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ ის პოზიტიური ურთიერთობა, რომელიც მას ამჟამინდელ გენერალურ მდივანთან აქვს, დაგვეხმარება ამ ‘ქარიშხლის’ გადატანაში. მარკ რუტეს პრეზიდენტთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვს. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება. ის სწორედ ახლა იმყოფება ვაშინგტონში პრეზიდენტთან შესახვედრად და ეს კარგი ამბავია. ყოველ ჯერზე, როდესაც ის პრეზიდენტთან შედის კონტაქტში, ჩანს, რომ ეს სიტუაციის განმუხტვას ეხმარება.

მეურმიშვილი: როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკული თვალსაზრისით — რა ხდება, თუ პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ აშშ აღარ არის ხელშეკრულების წევრი? რა ხდება შემდეგ?

სმიტი: ნატო 77 წლისაა. ალიანსი ჯერ არცერთ ქვეყანას არ დაუტოვებია. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთი გამოვიდა [ინტეგრირებული სამხედრო სარდლობის სტრუქტურიდან, 1966 წელს]. ასე რომ, საფრანგეთმა მრავალი ათწლეულის წინ ალიანსის მხოლოდ ერთი ნაწილი დატოვა, მაგრამ არასოდეს გვყოლია მოკავშირე, რომელიც უბრალოდ გაიქცეოდა გასასვლელისკენ. ამისთვის არსებობს პროცედურა. დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება იმას, რომ ნატომ გაიაროს აშშ-ის გამოსვლის ფორმალური პროცესი, იმ დაშვებით, რომ პრეზიდენტს აქვს სენატის თანხმობა და ეს მართლაც ხდება.

მაგრამ, შემდეგ ჩნდება უფრო დიდი კითხვა: როგორ გამოიყურება ალიანსის მომავალი? ამერიკული ლიდერობა,მისი დაარსების დღიდან, ამ ალიანსის ბირთვია. პრეზიდენტი ტრუმენი ესწრებოდა მის შექმნას და დაეხმარა ამ ინსტიტუტის, ამ ორგანოს ჩამოყალიბებას.

რთული წარმოსადგენია ალიანსის რეალური არსებობა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ვვარაუდობ, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა აშშ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და ის შეუცვლელ ლიდერობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები გაცილებით მეტს ხარჯავენ თავდაცვაზე, მათ მრავალი წელი დასჭირდებათ, სანამ საკუთარი უსაფრთხოების ადეკვატურად უზრუნველყოფას შეძლებენ.

ამგვარად, იმ კრიტიკული მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც აშშ უზრუნველყოფს — როგორიცაა საჰაერო გადასროლა, ჰაერში საწვავით გამართვა თუ სადაზვერვო ინფორმაცია — ნამდვილად არ მგონია, რომ ნატო შეძლებს თავის დაცვას ნებისმიერი პოტენციური რუსული საფრთხისგან. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ალიანსს დატოვებს, ეს იქნება მართლაც დამანგრეველი დარტყმა შეკავების პოლიტიკისთვის მთელი ალიანსის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს არ მოხდება.

მეურმიშვილი: რა მოხდება აშშ-ის ჯარების შემთხვევაში, რომლებიც ახლა ნატოს ეგიდით ევროპაში არიან განლაგებული?

სმიტი: აქ რამდენიმე სხვადასხვა საკითხია. აშშ-ს ევროპაში, დაახლოებით, 100 000 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული და მათგან ნაწილი ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაშია. სავარაუდოდ, ისინი გამოეყოფიან ამ მისიებს, თუმცა რეალურად არ ველოდები, რომ აშშ ერთდროულად გაიყვანს 100 000-ვე ჯარისკაცს ევროპიდან, თუ პრეზიდენტს რაიმე განსაკუთრებულად ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა არ მოუნდება. ვერ წარმომიდგენია სამყარო, სადაც აშშ ევროპიდან თავის სამხედრო წარმომადგენლობას სრულად გაიყვანს.

კიდევ უფრო დიდი კითხვა ჩნდება და ეს არის SACEUR-ი (ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი) — ეს არის ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, რომელიც ნატოს ყველა ძალას მეთაურობს. ნატოს შექმნის დღიდან, ეს თანამდებობა ყოველთვის ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერლისთვის იყო დათქმული.

თუ ჩვენ ალიანსს დავტოვებთ, ცხადია, ვეღარ შევძლებთ ამერიკელის კანდიდატურის წარდგენას ამ პოსტზე. ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ნატოს სხვა მოკავშირეებს — კანადასა და ევროპას — მოუწევთ შეთანხმება იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ნატოს ძალებს. ეს კი უაღრესად რთული საკითხია ევროპის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გამო. შესაძლოა შეიქმნას ვითარება, როდესაც საფრანგეთს არ მოუნდება, რომ მის ჯარებს გერმანელმა უხელმძღვანელოს. გერმანელ ჯარისკაცებს, შესაძლოა, არ სურდეთ ბრიტანელი სარდლის დაქვემდებარებაში ყოფნა. თქვენ თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ საკითხზე საბერძნეთისა და თურქეთის შეხედულებები, ასევე პოლონეთის პოზიცია. თითოეულ ქვეყანას საკუთარი ხედვა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს საკუთარი ჯარების სხვა ქვეყნის სარდლობის ქვეშ მოქცევა. რაც აქამდე ასე კარგად მუშაობდა, იყო ის, რომ ყველა თანაბრად კომფორტულად გრძნობდა თავს საკუთარი ჯარების აშშ-ის სარდლობისთვის ნდობით. ეს იყო ერთგვარი ‘წებო’, რომელიც ნატოს ერთიანობას ინარჩუნებდა.

ჩემი შეშფოთება კი ისაა, რომ თუ ახლა ამ კარს გავაღებთ, ამერიკა სცენიდან გავა და დაიწყება დავა იმის შესახებ, თუ ვინ იქნება შემდეგი — ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი რაღაც გამოსავალს იპოვიან, იმ დაშვებით, თუ ალიანსის კარის ღიად დატოვებას გადაწყვეტენ. თუმცა, ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს პროცესი იქნება უკიდურესად პოლიტიზებული და ძალიან რთული.

ევროპის წარსული ისტორიის გათვალისწინებით, არ არის ადვილი იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ნატოს ძალებს. ის, რომ ამ სავარძელში ამერიკელი იჯდა, გარკვეულწილად, პროცესის ყველაზე მარტივი ნაწილი იყო. და ეს შესაძლებლობა, ცხადია, გაქრება.

მეურმიშვილი: როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებულ ამჟამინდელ ვითარებასა და დაძაბულობას გავლენა ნატოს გაფართოების პოლიტიკის მომავალზე?

სმიტი: დიახ, აქვს. რაც ახლა ხდება ისაა, რომ ალიანსის ამჟამინდელი წევრები ძალიან არიან ფოკუსირებულნი ჩვენზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გარკვეულწილად, ეს ყურადღების გადამტანი ფაქტორია, რადგან ალიანსს უამრავი სხვა საკითხი აქვს ფოკუსირებისთვის — განსაკუთრებით, გაფართოების მომავალი. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ელიან და არაჩვეულებრივ მოთმინებას იჩენენ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. უპირველესად, საქართველო და უკრაინა გვახსენდება, თუმცა ისინი მარტო არ არიან. ბოსნია კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც თავის რიგს ელოდება. არსებობენ სხვებიც, რომლებსაც წევრობის ამბიცია აქვთ.

ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის, იმ გაურკვევლობის გამო, დარჩება თუ არა აშშ ალიანსში და იმის გამო, რომ გენერალურ მდივანს არაერთხელ, საკმაოდ უჩვეულოდაც კი, მოუწია ვაშინგტონში ჩამოსვლა აშშ-ის ერთგულების დასადასტურებლად, ყურადღება ამ ფართო კითხვებიდან სხვა მიმართულებით გადადის.

ისევე, როგორც ომი უკრაინაში. ესეც, ცხადია, ყოვლისმომცველი საკითხია და ევროპელი მოკავშირეები, თუკი ჩვენზე არ არიან ფოკუსირებულნი, ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, როგორ შეიძინონ აღჭურვილობა ჩვენგან ან სხვებისგან უკრაინაში გასაგზავნად.

ამრიგად, ვშიშობ, რომ ეს ორი საკითხი — უკრაინის ომი და ურთიერთობებში არსებული ამჟამინდელი დაძაბულობა — ყურადღებას ფანტავს იმ კარგი საქმიანობიდან, რომელიც ალიანსს სხვა სფეროებში შეუძლია განახორციელოს. ეს მხოლოდ გაფართოებას არ ეხება. ვიტყოდი, რომ ბოლო დროს ვერ ვხედავთ ნატოს ისეთ აქტიურ მუშაობას თავის ინდო-წყნარი ოკეანისპირეთის მოკავშირეებთან, როგორიც ადრე იყო. გასული წლის განმავლობაში არ მომისმენია ბევრი განცხადება კიბერუსაფრთხოების შესახებ; სხვა სფეროებშიც, რომლებიც მომავლის გამოწვევებს უკავშირდება და სადაც ალიანსი ტრადიციულად ოპერირებს, ვფიქრობ, საქმე კი არ გაჩერებულა, არამედ ეს ყველაფერი სხვა დაძაბულობის ჩრდილში მოექცა.

მეურმიშვილი: უკრაინელები და ევროპელები ხშირად ამბობენ, რომ უკრაინა ევროპასა და თავისუფალ სამყაროს რუსული იმპერიალიზმისგან იცავს. როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე? რა როლს ასრულებს უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოებაში ახლა და როგორ ხედავთ ამის მომავალს?

სმიტი: პირადად მე მაღიზიანებს, როდესაც უკრაინას მოიხსენიებენ, როგორც ‘უსაფრთხოების მომხმარებელს’ — თითქოს ეს არის ქვეყანა, რომელსაც მხოლოდ ბევრი დახმარება სჭირდება და მხოლოდ სხვებისგან იღებს მას. ამაში, ცხადია, არის სიმართლის მარცვალიც. 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა, კანადამ, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებმა და აშშ-მა ყველაფერი გააკეთეს უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, ვფიქრობ, არასამართლიანია უკრაინას მომხმარებელი ვუწოდოთ, რადგან უკრაინა თავად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას რუსებთან რეალურ დროში ბრძოლით.

უკრაინა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მთელი ევროპისთვის. ახლა კი ვხედავთ, რომ ბოლო თვის განმავლობაში უკრაინა უსაფრთხოების მომწოდებელი გახდა საკუთარი სამეზობლოს გარეთაც. პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში და იქ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ქვეყანა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში.

ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის მიმართ მადლიერება გვმართებს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსულ აგრესიაზე რეალურ დროში რეაგირებით, არამედ იმითაც, რომ ახლა ის ძალიან ღირებულ ტაქტიკურ უნარებსა და ცოდნას აწვდის დანარჩენ მსოფლიოს. ეს სრულიად უნდა ცვლიდეს მიდგომას. არავინ უნდა მოიხსენიებდეს უკრაინას ‘უსაფრთხოების მომხმარებლად’, როდესაც ის რეალურ დროში ამდენი უსაფრთხოების გარანტია.

მეურმიშვილი: არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 2029 წლისთვის გერმანიის თავდაცვის ძალები მზად იყვნენ რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის — არა იმისთვის, რომ კონფლიქტი მაინცდამაინც 2029 წელს დაიწყება, არამედ იმისთვის, რომ 2029 წლისთვის მისი ქვეყანა მზად იყოს. თქვენი გადასახედიდან, რამდენად რეალურია ნატოს ან ევროპასა და რუსეთს შორის დიდი ომის დაწყების საფრთხე?

სმიტი: რთულია ზუსტად იმის პროგნოზირება, რამდენად გამოიჩენს რუსეთი აგრესიას ნატოს ტერიტორიაზე, კონვენციური ომის თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში, ყოველთვიურად, რუსეთი იყენებს რუხი ზონის სხვადასხვა ტაქტიკას, რათა შიგნიდან გახლიჩოს ჩვენი საზოგადოებები, შელახოს მე-5 მუხლის სანდოობა, დააპირისპიროს ევროპა და აშშ, შექმნას არასტაბილურობა და, ძირითადად, გამოფიტოს ის ერთიანობა და სიმტკიცე, რომელიც ყველას გვაკავშირებს უკრაინის ირგვლივ. რუსეთი მრავალფეროვან ტაქტიკას მიმართავს: მათ უყვართ კიბერშეტევები; ჩვენ ვხედავთ ნატოს საჰაერო სივრცეში შემოჭრის შემთხვევებს; მათ უყვართ დაშინების აქტები — მაგალითად, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა დრონის შეფრენა; წყალქვეშა სადენების გადაჭრა. ეს ჰიბრიდული ტაქტიკების მთელი წყებაა — კლასიკური რუსული სამოქმედო გეგმა.

მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც ჩანს, რომ რუსეთს აქვს სურვილი, შელახოს ნატოს ალიანსის ერთიანობა და სანდოობა და ამისთვის ის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

გამოგზავნიან თუ არა ისინი რეალურად ჯარებს ნატოს ტერიტორიაზე? ამის რაიმე დარწმუნებით პროგნოზირება არ შემიძლია, თუმცა ვფიქრობ, ის კი ვიცით, რომ მათ აქვთ მოტივაცია, შექმნან პრობლემები მთელ ევროპის კონტინენტზე და არ შეწყვეტენ ამისთვის ახალი გზების ძიებას, ხშირად მე-5 მუხლის ზღვარს ქვემოთ. ვფიქრობ, გერმანელები და სხვები მართალნი არიან, როდესაც მზადებას იწყებენ. რუსეთმა ბევრი რამ ისწავლა უკრაინის ამ ომის განმავლობაში. მათ ბევრი რამ დაკარგეს, მაგრამ ბევრიც ისწავლეს. მათ ბევრი რამ ისწავლეს დრონებით ბრძოლაზე. მათაც აქვთ ახალი შესაძლებლობები. ირანმა რუსეთს გადასცა შაჰედები უკრაინაში გამოსაყენებლად, რასაც ისინი მუდმივად იყენებენ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს — როგორ მოვემზადოთ საუკეთესოდ?

ვფიქრობ, გერმანია მართალია, როდესაც ტემპს აჩქარებს. გერმანია არ ელოდება 2035 წელს იმ შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც მას რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად დასჭირდება. ის სწრაფად მოქმედებს და ცდილობს ეს შესაძლებლობები 2029 წლისთვის განავითაროს, რადგან, ვფიქრობ, მათ სამართლიანად სჯერათ, რომ რუსეთი მომავალში რაიმე სახის პროვოკაციისთვის ემზადება. რთული სათქმელია, დასრულდება თუ არა უკრაინის ომი მალე, მაგრამ შეუძლია თუ არა რუსეთს ძალების აღდგენა და კვლავ დაბრუნება? ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამგვარი შემთხვევებისთვის. მზადყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ ევროპელებმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ საკუთარ უსაფრთხოებაში.

ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

ასევე ნახეთ

The shadows of U.S. President Donald Trump and Russian President Vladimir Putin are cast during a press conference following their meeting to negotiate an end to the war in Ukraine, at Joint Base Elmendorf-Richardson, in Anchorage, Alaska, U.S., August 15, 2025. REUTERS/Kevin Lamarque TPX IMAGES OF THE DAY
რჩეული

უიტმორი: დასავლეთი რუსული პოლიტიკის „თეატრმა“ გააცურა

by Mariia Ulianovska
0
STING DRONE UKRAINE
ანალიზი

უკრაინა დრონების ომის გამოცდილებას სპარსეთის ყურის ქვეყნებს უზიარებს

by David Kirichenko
0
„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს? – Independence Avenue Media
რჩეული

„შუა საუკუნეების MMA” — როგორ ებრძვის უკრაინელი ვეტერანი პოსტტრავმულ სტრესს?

by Independence Avenue Media
0
logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media