უკრაინაში ომი გრძელდება და მის ხასიათს სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ტექნოლოგიები — დრონები და უპილოტო სისტემები — რაც თანამედროვე ომის ბუნებას ცვლის.
„დანარჩენი მსოფლიო ცდილობს ამას დაეწიოს“, ამბობს Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი დევიდ პეტრეუსი. „უკრაინა მოწინავეა, თუმცა მას ასევე, ალბათ, დროის შეზღუდული ფანჯარა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს.“
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, უკრაინა 7 მილიონ დრონს აწარმოებს, რაც მკვეთრად აღემატება აშშ-ის მიერ, გასულ წელს წარმოებული დრონების რაოდენობას, რამაც, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, 300 000-ს მიაღწია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ახალი თაობის საბრძოლო შესაძლებლობებზე, მათ შორის, რობოტულ და ავტონომიურ სისტემებზე, რომლებიც მოქმედების რადიუსს ზრდის, ამცირებს რისკს ჯარისკაცებისთვის და ფრონტის ხაზზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს აჩქარებს.
ამ ფონზე, აშშ და მისი მოკავშირეები, მსგავს ტექნოლოგიებში ინვესტიციებს ზრდიან, რათა შეამცირონ ჩამორჩენა, რასაც ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი „მზარდ უფსკრულად“ აღწერს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ძალების ყოფილი მეთაური, ამ ინტერვიუში, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაზე, ბრძოლის ველზე ბალანსის ცვლილებასა და იმ პირობებზე საუბრობს, რომლებმაც, შესაძლოა, ეს ომი საბოლოოდ დაასრულოს.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 16 აპრილს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან, რა შთაბეჭდილებები ჩამოიტანეთ ამჯერად?
დევიდ პეტრეუსი, აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი: უპირველესად, ეს არის რეალობა, სადაც უკრაინა რუსებს ფრონტის ხაზზე აჩერებს და უპილოტო საფრენ აპარატებს კიდევ უფრო ეფექტიანად იყენებს. ე.წ. „სიკვდილის ზონა“ — ფრონტის ხაზიდან იმ ხაზამდე, სადაც ყველგან ხდება თვალთვალი — ახლა ორივე მიმართულებით 35 კილომეტრზეა გადაჭიმული.
წარმოების მოცულობა სწრაფად იზრდება. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც უკრაინაში ჩემი ვიზიტების დროს ჩვეულებრივ ვსტუმრობთ, გასულ წელს მილიონობით დრონი გამოუშვა. წელს ისინი 3 მილიონ ერთეულს გამოუშვებენ. ეროვნულ დონეზე კი, სავარაუდოდ, წარმოება დაახლოებით 7 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, გასულ წელს შეერთებულ შტატებში 300 000 დრონი იქნა წარმოებული. ჩვენ [აშშ] ასევე ვზრდით წარმოების შესაძლებლობებს, მაგრამ, ისევ და ისევ, ვსაუბრობთ უპილოტო სისტემების წარმოების გაორმაგებაზე.
დრონები უკვე გამოიყენება სპარსეთის ყურის რეგიონშიც. დრონების საწინააღმდეგო სისტემები ძალიან მოთხოვნადია, ისევე როგორც სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ყურის ქვეყნებს, საჰაერო თავდაცვაში, ამ ტექნოლოგიების ინტეგრირებაში ეხმარებიან.
ასევე შევხვდი უკრაინის მაღალჩინოსნებს — პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რადას უმრავლესობის ლიდერს, გენშტაბს, სხვადასხვა დანაყოფებს. ყოველთვის ვხვდები დაზვერვის სამივე სამსახურს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა მოგვარდეს დრონების ექსპორტთან დაკავშირებული სამართლებრივი და რეგულაციური საკითხები. ჩემი შეფასებით, უკრაინა ამ სფეროში დღეს მსოფლიოში ყველაზე წინ არის.
თუმცა დანარჩენი მსოფლიო ცდილობს დაეწიოს — ნაწილობრივ, სპარსეთის ყურის რეგიონიდან მიღებული გაკვეთილების გამო. მათ ჯერ არ შეუძლიათ უკრაინის მსგავსი ეფექტიანი და იაფი დრონების წარმოება, მაგრამ მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
პენტაგონი ვარაუდობს, რომ უპილოტო და ავტონომიურ სისტემებზე დანახარჯები მომავალ წელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს 50 მილიარდ დოლარს. ბუნებრივია, ავტონომიური სისტემების დანერგვა უახლოესი მომავლის საკითხია. ეს, თავის მხრივ, ზრდის „დრონების გროვის“ საფრთხეს — რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დისტანციურად მართვადი მანქანების ჯგუფები, რომლებიც ერთად მოქმედებენ. ასე რომ, ამ სფეროს მიმართ უზარმაზარი ინტერესია.
უკრაინა წინ არის, მაგრამ მას აქვს დროის მოკლე ფანჯარა, რომ დაიმკვიდროს პოზიცია და დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება — ისე, რომ არ შეფერხდეს მისი დახმარება შეიარაღებული ძალებისთვის.
სხვათა შორის, დღეს Wall Street Journal-ში გამოვაქვეყნე სტატია, სადაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ჩვენი სამხედროების მოქმედებებით სპარსეთის ყურის რეგიონში. თუმცა საბოლოოდ, მომავლის ომი დღეს უკრაინაში ჩანს — და ირანმა ამ გაკვეთილებიდან ყურადღება არ უნდა გადაგვატანინოს.
საერთო ჯამში, ამჯერად უფრო ოპტიმისტურად განწყობილი დავბრუნდი, ვიდრე თებერვალში.
ვთქვი კიდეც ერთ ღონისძიებაზე — ეს თაობა იმსახურებს, ეწოდოს უკრაინის „შეუდრეკელი თაობა“. როგორც მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ამერიკული „უდიდესი თაობა“ — არა მხოლოდ ომის მოგებისთვის, არამედ იმისთვის, რაც შემდეგ გააკეთეს. ვფიქრობ, უკრაინაც გახდება „დემოკრატიის არსენალი“ დასავლეთისთვის. ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებები კანონების, პოლიტიკისა და რეგულაციების მიმართულებით, რათა უკრაინულ კომპანიებს ქვეყნის გარეთ ოპერირება შეეძლოთ.
მეურმიშვილი: როგორ შეაფასებდით უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს?
პეტრეუსი: ვფიქრობ, ყველაზე მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. უამრავი დარტყმა ხორციელდება. მაგალითად, ოპერაცია „ობობის ქსელი“ — ამჯერადაც შევხვდი ამ დანაყოფის მეთაურს. ასევე, ძალიან შთამბეჭდავია ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სხვა ოპერაციები რუსეთის ნავთობის საცავების, გადამამუშავებელი ქარხნებისა და ყველა იმ ობიექტის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფენ. საზღვაო ოპერაციებიც კი — ბოლო სარკინიგზო ბორნების მწყობრიდან გამოყვანა, რომლებიც უშუალოდ რუსეთს ყირიმთან აკავშირებს და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან შთამბეჭდავია.
თუმცა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ჯერ კიდევ მასშტაბირებისა და გაუმჯობესების პროცესშია. ეს არის, რა თქმა უნდა, ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“, რომელსაც ამერიკულ „ტომაჰავკთან“ (Tomahawk) შედარებით უფრო დიდი მოქმედების რადიუსი და უფრო მძლავრი საბრძოლო მუხტი აქვს, თუმცა მისი წარმოების მასშტაბები და, როგორც ვხვდები, ეფექტურობაც, ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ამ შესაძლებლობებს ემატება.
ამასობაში კი, ეს ოპერაციები უბრალოდ წარმოუდგენლად, „ეშმაკურად“ ჭკვიანურია. მაგალითად, საზღვაო დრონებზე საჰაერო დრონების დამონტაჟება, რათა ამ უკანასკნელთა მოქმედების რადიუსი უშუალოდ იმ პორტებამდე გაიზარდოს, სადაც რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტია გამომწყვდეული. ისინი [რუსები] ასე იმიტომ იქცევიან, რომ შავ ზღვაში საზღვაო დრონების ეშინიათ, მას შემდეგ, რაც საჰაერო და საზღვაო დრონების დარტყმების შედეგად შავი ზღვის ფლოტის თითქმის 40% დაკარგეს. ასე რომ, ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვხედავთ იმედისმომცემ გაუმჯობესებას, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია.
მეურმიშვილი: გენერალო, უკრაინაში საკმაოდ ხშირად მოგზაურობთ, წელიწადში რამდენჯერმე.
პეტრეუსი: ეს ჩემი მეათე ვიზიტი იყო, იქ ორი კვირის წინ ვიყავი.
მეურმიშვილი: დარწმუნებული ვარ იქ ხშირად გეკითხებიან, როდი დასრულდება ომი. რას პასუხობთ მათ და როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ეს ომი?
პეტრეუსი: ასეთ კითხვაზე ერთადერთი სწორი პასუხია ჩემი, როგორც ეკონომიკის პროფესორის ამპლუის მორგება, რაც ერთ დროს ვიყავი, და იმის თქმა, რომ „ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ჩამოვთვალოთ ცვლადები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადები რუსეთს უკავშირდება. მთავარია, ვლადიმირ პუტინი მივიდეს იმ წერტილამდე, როდესაც სარკეში ჩაიხედავს და იტყვის: „იცით, ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვაგრძელებთ ამ ომს. მსხვერპლი ძალიან დიდია. ეროვნული კეთილდღეობის ფონდში ფული გვიმთავრდება. სანქციები მტკივნეულია“. შესაბამისად, საკითხავი ისაა, როგორ შეგვიძლია ამ დღის მოახლოება? თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, კერძოდ, რუსული ნავთობის ექსპორტზე სანქციების შერბილება და თითოეულ ბარელზე ფასის ზედა ზღვარის გაზრდა.
რა მდგომარეობაა რუსეთის გამოფიტული ფინანსური რესურსების მხრივ? მოსალოდნელი იყო, რომ ისინი წელს ამოიწურებოდა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ამოწურვის გამო, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად გადამისამართდა. თუმცა, ახლა ამ ფონდის გარკვეულ შევსებას ვხედავთ. შევსება ისეთი მასშტაბური არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს რუსეთის ნავთობის წარმოების ობიექტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შედეგია — დარტყმების, რომლებიც ნამდვილად დამანგრეველი და უაღრესად ეფექტიანი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ მათ წელს ნამდვილად გამოელევათ ფული.
მსხვერპლი სულ უფრო იზრდება. როგორც ჩანს, ახლა, როცა კარგი ამინდებია და როდესაც ყოველდღიური თვალთვალი ხორციელდება, რუსებს ერთ თვეში იმდენი დაღუპული და დაჭრილი ჰყავთ, რამდენის რეკრუტირებასაც ახერხებენ. თუ ეს მონაცემები სწორია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს მიგვანიშნებს იმ მომენტზე, როდესაც რუსეთი უბრალოდ ვეღარ შეძლებს ბრძოლის ველზე ძალების შენარჩუნებას.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ომში რუსეთის დანაკარგები, დაღუპულთა და დაჭრილთა სახით, 1.35 მილიონს შეადგენს. ეს იმ დანაკარგზე მეტია, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში განიცადა. ასე რომ, ეს არის კოლოსალური მსხვერპლი, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალური წინსვლისთვის. ხშირ შემთხვევაში კი წინსვლა საერთოდ არ აქვთ, ზოგჯერ კი პირიქით, უკრაინა აღწევს გარკვეულ წარმატებას. ვფიქრობ, იმ მომენტის დაჩქარება, როდესაც რუსეთი იტყვის, რომ მათ საომარი მოქმედებების შეწყვეტა ისევე სჭირდებათ, როგორც უკრაინელებს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნებოდა.
თუმცა, არ მგონია, სანქციების ხელახლა გამკაცრება ვიხილოთ მანამ, სანამ ჰორმუზის სრუტის საკითხი არ მოგვარდება და ნავთობის ფასი კლებას არ დაიწყებს. მიუხედავად ამისა, არსებობს ცნობები — გუშინ კონგრესის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ვიყავი და იმედისმომცემი ამბავი მოვისმინე, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელიც ახლა სენატშია. არ ვიცი, როდის დამტკიცდება ის ოფიციალურად სენატის მიერ და როდის გადაეგზავნება თეთრ სახლს, მაგრამ ეს ნამდვილად საკმაოდ გამამხნევებელი სიახლე იყო.
მეურმიშვილი: ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. ნავთობის ფასების ზრდის გარდა, რაც რუსეთისთვის, ყოველ შემთხვევაში დროებით, მომგებიანია, რა გავლენას ახდენს ირანის ომი ან სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება უკრაინაზე?
პეტრეუსი: უპირველეს ყოვლისა, ახლა უკვე აღიარებულია, რომ მათ [სპარსეთის ყურის ქვეყნებს], თავიანთ კომპლექსურ საჰაერო და ბალისტიკურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე, დრონების გზაგადამჭრელი კომპონენტების დამატება სჭირდებათ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ უკრაინისთვის გზაგადამჭრელი რაკეტების მოპოვება გართულდება, თუმცა ერთი პაკეტის უკრაინამ სწორედ მაშინ მიიღო, როცა მე იქ ვიყავი, ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელს და ეს გამამხნევებელი საუბარი იყო.
რა თქმა უნდა, მათ უკრაინისთვის ევროპული ქვეყნები ყიდულობენ. გერმანიამ ახლახან დადო კიდევ ერთი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება „პატრიოტის“ რაკეტების დამატებითი პაკეტის შესაძენად. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მოგვიწია „პატრიოტების“ მობილიზება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, სპარსეთის ყურის რეგიონში ოპერაციების მხარდასაჭერად. ჩვენ გამოვიყენეთ თავდაცვითი რაკეტების, ისევე როგორც შეტევითი ფრთოსანი რაკეტების უზარმაზარი რაოდენობა. ასე რომ, ეს საკითხი უფრო რთულად იქნება.
და სწორედ ეს არის ის ერთადერთი სფერო, სადაც უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს თავისი პრობლემების გადაჭრის საკუთარი გზა. ქვეყანა საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსულ ფრთოსან რაკეტებს, შთამბეჭდავად — დრონებს, განსაკუთრებით კი გზაგადამჭრელი დრონებით. თებერვლის დასაწყისში, ერთ ყინვიან ღამეს, კიევიდან საათნახევრის სავალზე, თავად გავედი მისიაზე დრონების გზაგადამჭრელ ჯგუფთან ერთად. თუმცა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა კვლავ გამოწვევად რჩება. მწარმოებლები მუშაობენ ამაზე, მაგრამ, ეს არის უაღრესად დახვეწილი ტექნოლოგია და ამასთანავე, ძალიან, ძალიან ძვირიც. თითოეული მათგანის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. ასე რომ, ეს კვლავ რჩება იმ საკითხად, რომლისთვისაც უკრაინული გადაწყვეტა ჯერჯერობით არ არსებობს.
ამიტომ, ისინი დამოკიდებულნი არიან აშშ-ის ან ევროპის ქვეყნების სისტემებზე, რომელთაგან ერთ-ერთი NASAMS-ია. მომავალში გზაგადამჭრელი რაკეტების დეფიციტი იქნება, რადგან ჩვენ მოგვიწევს აშშ-ის არსენალის შევსება და მათი დაბრუნება იმ ლოკაციებზე, საიდანაც ამ კონკრეტული ომისთვის გამოვიტანეთ. ეს კი ნამდვილად შემაშფოთებელია.
მეურმიშვილი: ახლახან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბედნიერი და ამაყია იმით, რომ ამ ადმინისტრაციის ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა იყო. თქვენი პერსპექტივიდან, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა უკრაინისთვის დახმარების გაწევის გზით? არის თუ არა აშშ-სთვის მომგებიანი უკრაინასთან პარტნიორობა?
პეტრეუსი: ვფიქრობ, რომ დიახ. ვფიქრობ, ამას უნდა შევხედოთ ისე, თითქოს უკრაინა რეალურად ჩვენს ომს აწარმოებს. უკრაინა ნამდვილად არის ნატოს თავდაცვის პირველი ხაზი. ის ასევე ახლებურად განსაზღვრავს თანამედროვე ომის წარმოების წესებს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვისწავლოთ მისგან იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის ხარჯები, რომლებზეც მომავალ წელთან დაკავშირებით ვისაუბრე, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვცდილობთ დავეწიოთ მათ.
არსებობს მრავალი მიზეზი — ჰუმანიტარული, მორალური, სამხედრო, უსაფრთხოების და ა.შ. — რაც, ჩემი აზრით, მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი უნდა იყოს. ბევრი თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ მათ. ხდება ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი გაზიარება და სხვა ბევრი რამ, რაც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ზოგიერთი მოქმედებები სცენის მიღმა ხდება. თუმცა, აშკარა დახმარებამ და ათეულობით მილიარდმა დოლარმა ნამდვილად შეუწყო ხელი უკრაინის მდგრადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირიც საგრძნობლად გააქტიურდა. ბრიუსელი არასოდეს ყოფილა ცნობილი თავისი ბიუროკრატიის სისწრაფით, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მათი მუშაობის ტემპი განსაცვიფრებელი იყო მანამ, სანამ, რა თქმა უნდა, უნგრეთმა არ შეაჩერა 90 მილიარდი ევროს გამოყოფა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმებული იყო უკრაინის ფისკალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. სავარაუდოდ, უნგრეთში [პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის] მარცხის შემდეგ, ამ პროცესის დაძვრას იხილავთ. ასე რომ, ევროპა გააქტიურდა. მაგალითად, გერმანიის ვალდებულება უკრაინის წინაშე მოიცავს ამერიკული რაკეტების შეძენასაც. ასე რომ, ჩვენ ვაძლევთ ამ პროცესს გაგრძელების საშუალებას.
ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 400 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ასე რომ, ეს არ არის დახმარების სრული შეწყვეტა, თუმცა ნამდვილად არის იმ მოცულობის შემცირება, როდესაც ჩვენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მსხვილი დონორი ვიყავით — იმაზე მეტსაც კი გავცემდით, ვიდრე ყველა ევროპული ქვეყანა ერთად აღებული.
ასე რომ, ერთი მხრივ, სასიხარულოა იმის ნახვა, თუ როგორ გააქტიურდა ევროპა სხვადასხვა მიმართულებით. კარგია, რომ აშშ კვლავ ჩართულია და აშკარად ცდილობს დაეხმაროს მხარეებს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მოძებნაში. მე ვესაუბრე ზოგიერთ მათგანს, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა ოთახში, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობდა.
ახლო მომავალში ამის დიდი იმედი არ მაქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთს შეუძლია მეტი ნავთობის გაყიდვა უფრო მაღალ ფასად. თუმცა, ვფიქრობ, როდესაც სპარსეთის ყურის ომი დასრულდება და როდესაც პრეზიდენტს მაგიდაზე ექნება აშშ-ის სანქციების პაკეტი, ეს იქნება დრო, როდესაც ნამდვილად ვიხილავთ რუსეთის ფედერაციისთვის „ხრახნების მოჭერას“ — რაც დიდი ხნის დაგვიანებულია.



