აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პირველი ოთხი დღის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მიაღწიეს იმას, რისი მიღწევაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლო: ცის კონტროლი.
„ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია საჰაერო ომში გაცილებით მეტი თვითმფრინავი და გაცილებით იაფი საბრძოლო მასალა გამოიყენოს“, ამბობს ქანსიანი.
28 თებერვალს დაწყებული ერთობლივი ოპერაციის განმავლობაში, რომლის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაირუპა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის მასშტაბით ბირთვული ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების საწარმოები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტები და საზღვაო ძალების აქტივები დაბომბეს.
ირანმა საპასუხოდ სარაკეტო და დრონებით განხორციელებული დარტყმების სერია განახორციელა, რომლის შედეგადაც, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე ეკონომიკურ სამიზნეები, როგორიცაა სპარსეთის ყურის ცნობილი სასტუმროები და აეროპორტები, დაბომბა. ირანმა განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ნებისმიერ გემს, რომელიც გაივლიდა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების 20%-ის სატრანზიტო პუნქტია.
შეერთებულ შტატებში კვლავ განხილვის საგანია თუ რა არის ოპერაციის კონკრეტული მიზნები და რა იქნება მისი საბოლოო შედეგი.
თადარიგის პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი, ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში უფროსი მრჩეველია.
ინტერვიუ ჩაწერილია 2026 წლის 4 მარტს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.
ქართლოს შარაშენიძე, Independence Avenue Media: პოლკოვნიკო ქანსიან, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციების შეფასებით დავიწყოთ — როგორ აფასებთ შედეგებს, ამ დროისთვის?
მარკ ქანსიანი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის პოლკოვნიკი: სამხედრო თვალსაზრისით, როგორ ჩანს, კამპანია ძალიან კარგად მიმდინარეობს [4 მარტის მონაცემებით]. რა თქმა უნდა, ზოგიერთს შეუძლია მის პოლიტიკურ მხარეზე კამათი. მაგრამ, შეერთებულმა შტატებმა, ისრაელთან ერთად, საჰაერო უპირატესობას სულ რაღაც ოთხ დღეში მიაღწია, რაც ნამდვილად შესანიშნავი მიღწევაა. ეს ნიშნავს, რომ ახლა აშშ-ს შეუძლია, საჰაერო ომში, გაცილებით მეტი თვითმფრინავი და გაცილებით იაფი საბრძოლო მასალა გამოიყენოს.
შედარებისთვის, რუსები უკრაინელებს ოთხი წელია ებრძვიან და საჰაერო უპირატესობას ვერ მიაღწიეს. ასე რომ, რისი გაკეთებაც შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად ოთხ დღეში შეძლო, რუსებმა ეს ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს.
შარაშენიძე: როდესაც ირანში შეერთებული შტატების სამიზნეებს გადახედავთ, რას მიანიშნებს ისინი თქვენთვის, ამ კამპანიის მიზნებთან დაკავშირებით?
ქანსიანი: როგორც ჩანს, ეს ფართომასშტაბიანი კამპანიაა. გასათვალისწინებელია, რომ ერთდროულად ორ კამპანია მიმდინარეობს — ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების.
როგორც ჩანს, აშშ-მა და ისრაელმა, რუკაზე ხაზი გაავლეს და თქვეს, რომ ყველაფერი ხაზის ზემოთ — რაც მოიცავს თეირანს და ირანის დასავლეთ ნაწილებს — ისრაელის მიერ იქნება დაფარული. შეერთებული შტატები, ყველაფერს ამ ხაზის ქვემოთ აკონტროლებს, ძირითადად, სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. გენერალმა [დენ] კეინმა, [აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა] ამას სამხრეთის ფრონტი უწოდა.
ეს ფართომასშტაბიანი კამპანიაა იმის გამოც, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამიზნეები მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა, ისრაელის სამიზნე ირანის ხელმძღვანელი პირებია, თუ რეჟიმის შეცვლის არა, სულ მცირე რეჟიმის სრულიად განსხვავებული ლიდერით ჩანაცვლების იდეით.
თუმცა, ამის გარდა, ისრაელმა და რა თქმა უნდა აშშ-მა, ასევე დაბომბეს სამხედრო სამიზნეები: მიწისზედა ბირთვული მხარდაჭერის ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების საწარმოო დაწესებულებები, მათი საწყობები, საზღვაო ძალები და ასევე სხვა სამიზნეები, როგორიცაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტები.
არ გვინახავს თავდასხმა ეკონომიკაზე, თეირანის ელექტრომომარაგებაზე. ასევე არ გვინახავს ფართო სამხედრო ტიპის სამიზნეები, გარდა ირანის იმ სპეციფიკური სამხედრო შესაძლებლობებისა, რომლის განადგურებაც აშშ-ისა და ისრაელის მიზანია.
შარაშენიძე: აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს არ არის ომი, განსაკუთრებით, ომი რეჟიმის შესაცვლელად. თქვენი შეფასებით, ეს ომია თუ უბრალოდ საბრძოლო ოპერაცია?
ქანსიანი: ამ საკითხს სამსჯელოდ იურისტებს დავიტოვებ, რადგან ეს იურიდიული საკითხია — არის თუ არა ეს ომი და აუცილებელია თუ არა ომის გამოცხადება. მაგრამ, ეჭვგარეშეა რომ ეს სრულმასშტაბიანი კონფლიქტია და ბევრი მას ომს უწოდებს.
ჩვენი შესაძლებლობების გამოყენებაში თავს არ ვიზღუდავთ. თავს დავესხით ირანულ გემს ინდოეთის ოკეანეში. ასე რომ, ეს ნამდვილად ომია. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა , რაღაც ეტაპზე ამას ომი უწოდა. მაგრამ, ეს სენსიტიური საკითხია, რადგან ადმინისტრაციას არ სურს, რომ კონგრესმა ე.წ. სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაცია მიიღოს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათ შესაძლებლობებს შეზღუდავს.
შარაშენიძე: იმის გათვალისწინებით, რასაც აშშ-ის ადმინისტრაცია ოპერაციის მიზნად ასახელებს, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება განვითარდეს კამპანია მომავალში?
ქანსიანი: ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ რა არის ამ ოპერაციის მიზანი.
კონფლიქტის დასაწყისში, თავის პირველ ვიდეომიმართვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მიზანი რეჟიმის შეცვლა იყო. მან ირანელ ხალხს აჯანყებისკენ და მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მათ მხარს დავუჭერდით.
თუმცა, დროთა განმავლობაში, ადმინისტრაცია რეჟიმის შეცვლის იდეას ჩამოშორდა. მდივანმა ჰეგსეთმა თქვა, რომ ოპერაციის მიზანი ბირთვული შესაძლებლობების, ბალისტიკური რაკეტებისა და ირანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის აღმოფხვრა იყო და არა რეჟიმის შეცვლა.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ ამის მიღწევა არსებული მთავრობის, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ამან იმუშაოს. ზუსტად ეს გავაკეთეთ ვენესუელაში — მადუროს რეჟიმი კვლავ ხელისუფლებაშია, მაგრამ არსებობს ახალი ხელმძვანელობა, რომლის შესახებაც, აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათთან თანამშრომლობა შესაძლებელია.
შარაშენიძე: ხედავთ მოვლენების იმგვარად განვითარების შესაძლებლობას, რომ ირანში აშშ-ის ჯარები ვიხილოთ?
ქანისანი: ამასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ მოკლე პასუხია არა და ამას ორი მიზეზი აქვს.
პირველი მიზეზი ისაა, რომ ადმინისტრაცია კატეგორიულია თავის პოზიციაში, რომ ამას არ გააკეთებს. თუ გადავხედავთ მათ განცხადებებს ომამდე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, ყველაფერი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციას ქვეითი ჯარის ადგილზე გაგზავნის განზრახვა არ აქვს. ადმინისტრაციას არ აქვს განზრახვა, ჩაერთოს გაჭიანურებულ სახმელეთო ომებში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში.
მეორე საკითხი ისაა, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში სახმელეთო ჯარები არ ჰყავს. სრულებით არ ჰყავს. გემებზე საზღვაო ქვეითები არ არიან და არ არსებობს, რაიმე ნიშანი იმის, რომ დანაყოფები გადაადგილებისთვის ემზადება.
ასე რომ, ამ ორივე მიზეზის გამოც, ვფიქრობ, პასუხია — არა.
შარაშენიძე: სამხედრო თვალსაზრისით, აშშ-სა და ისრაელის ოპერაციების პირველი ოთხი დღის შემდეგ, რა რესურსი აქვს ირანს იმისთვის, რომ საპასუხო დარტყმები გააგრძელოს?
ქანსიანი: მისი საპასუხო მოქმედებების უნარი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე, გენერლმა კეინმა თქვა, რომ ირანიდან გაშვებული რაკეტების რაოდენობა 75%-ით შემცირდა. თუ ეს მაჩვენებელი ასეთი მცირე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ეფექტური საპასუხო ზომების მიღებას. რა თქმა უნდა, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ მოახერხეს გარკვეული გავლენის მოხდენა არა მხოლოდ ამერიკულ სამიზნეებზე, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც.
ირანს, სავარაუდოდ, ამ ტემპით განუსაზღვრელი ვადით შეუძლია გააგრძელოს მოქმედება. თუ ის გადაწყვეტს, რომ მზადაა სასჯელისა და მსხვერპლის მისაღებად. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც ეკონომიკა და სამხედრო ძალები მეტად დაზარალდება, მათ შეიძლება მოლაპარაკება გადაწყვიტონ.
ისტორიულად, სახმელეთო ძალების გარეშე, საჰაერო კამპანიებით რეჟიმის ცვლილება ვერ მოხერხდა. მაგრამ, არსებობს წარმატების მაგალითები იმ კუთხით, რასაც შეიძლება პოლიტიკის ცვლილება ვუწოდოთ — რეჟიმი, რომელიც ცვლის პოლიტიკას.
შურისძიების კუთხით, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ირანის შესაძლებლობებში ისაა, რომ მას შეუძლია ტერორისტული თავდასხმები განახორციელოს მთელ მსოფლიოში. მათ ეს წარსულშიც გააკეთეს.
შარაშენიძე: საუბრის დასაწყისში რუსეთი ახსენეთ. როგორ შეიძლება ეს მოვლენები მოსკოვის გათვლებზე აისახოს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე მის ომში, რომელშიც ირანული დრონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს?
ქანსიანი: დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ქმედებებს შეცვლის. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს რუსეთს აიძულებს, კარგად დაფიქრდეს, რას შეიძლება ნიშნავდეს შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირება.
ეს კარგი ამბავი უნდა იყოს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნები. როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ისინი რუსეთის წინაშე თავს ძალიან დაუცველად იგრძნობენ და ირანში ჩვენ ვნახეთ დარტყმის ძალა, რომლის გამოყენებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია. ვფიქრობ, ეს აღემატება იმას, რისი გაკეთებაც რუსების შესაძლებლობებშია. ეს იმედს ქმნის, რომ შეკავება გაძლიერდება.
შარაშენიძე: რაც შეეხება ჩინეთს — პეკინმა, თეირანთან ღრმა ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები განავითარა. რა რეალობას ქმნის ეს მოვლენები ჩინეთისთვის რეგიონში და ასევე, რა კონტექსტს ქმნის ეს მოვლენები აშშ – ჩინეთის ურთიერთობებში? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში, პრეზიდენტ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა იგეგმება.
ქანსიანი: ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ამაში ჩინეთი არ ჩართოს და არ აკრიტიკებს პეკინის როლს ირანთან ურთიერთობაში.
ზოგადად, ამ ომმა და ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩინეთი და რუსეთი ნამდვილად დააზარალა იმ გაგებით, რომ როგორც ვენესუელა, ასევე ირანი, მათი კლიენტები იყვნენ, რომლებსაც ისინი ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდნენ. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა ეს გაანადგურა. ამიტომ, სხვა ქვეყნები ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ჩინეთისგან ან რუსეთისგან სამხედრო გარანტიებს მიიღებენ.
ინდოეთის ოკეანეში ირანის საზღვაო ხომალდის ჩაძირვით, შეერთებული შტატები ასევე აგზავნის გზავნილს, რომ ჩვენ უყოყმანოდ შევუტევთ საერთაშორისო წყლებში სამხედრო ობიექტებს. ვფიქრობ, ჩინეთისთვის ეს ნიშნავს — თუ ომი დაიწყება და თქვენს ფლოტს ზღვაში გაუშვებთ, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით.
შარაშენიძე: პოლკოვნიკო, თქვენი წარმოდგენით, როგორ გამოიყურება ამ ოპერაციის დასასრული შეერთებული შტატებისთვის?
ქანსიანი: ყველას გვაქვს კითხვები, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი და როგორი შეიძლება იყოს დასასრული.
ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს ძალიან სურს ისეთი სიტუაციის ხილვა, როდესაც ირანელები დათანხმდებიან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას და გვეყოლება ინსპექტორები, რომლებიც ადგილზე შეძლებენ ჩასვლას, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ განაახლებენ ბირთვულ პროგრამას და ასევე გაარკვიონ, რა დაემართა მათ ბირთვულ პროგრამას, რადგან მისი უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ მიწისქვეშაა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დაზიანდა ის. ვფიქრობ, იგივე მოხდება ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებითაც.
ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც არსებულ მთავრობასთან, ასევე ახალ მთავრობასთან ერთად. ეს მოითხოვს გარკვეულ მოლაპარაკებებს და რეალურ დათმობებს ირანის მხრიდან. წარსულში ისინი მოლაპარაკებებს იყენებდნენ, როგორც სიტუაციის განმუხტვისა და დროის მოგების საშუალებას, მაგრამ არა სერიოზულ დათმობებზე წასასვლელად.
შარაშენიძე: რამდენად ძვირი უჯდება ეს ოპერაცია შეერთებულ შტატებს და რას ნიშნავს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში?
ქანსიანი: ეს შესანიშნავი კითხვაა, რადგან სწორედ ამ მომენტში ამ გამოთვლებს ვაკეთებთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ოთხი დღის განმავლობაში, მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეს რიცხვი, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში შემცირდება, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება — გაცილებით მეტი, ვიდრე კარიბის ზღვის აუზში ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში, მაგალითად, ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების მიზნით ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში იყო.
აევე ნახეთ:
