• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

ნატოს მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ

როგორ ინარჩუნებს ნატო პარტნიორობას საქართველოსთან და ამავდროულად აფართოებს თანამშრომლობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან, უსაფრთხოებისა და მდგრადობის საკითხებში.

ია მეურმიშვილიby ია მეურმიშვილი
თებერვალი 11, 2026
Piers Cazalet, NATO director for defense and security cooperation, speaks with Independence Avenue Media Editor-in-Chief Ia Meurmishvili at NATO Headquarters in Brussels, Feb. 3, 2026.

Piers Cazalet, NATO director for defense and security cooperation, speaks with Independence Avenue Media Editor-in-Chief Ia Meurmishvili at NATO Headquarters in Brussels, Feb. 3, 2026.

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის კვალდაკვალ ცვალებად სამხრეთ კავკასიაში, ნატო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებს აღრმავებს, საქართველოსთან კი ხანგრძლივ პარტნიორობას ინარჩუნებს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, სამივე ქვეყანასთან თანამშრომლობს მათი მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, გრძელვადიანი, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, მათ შორის, ერთობლივი წვრთნების ან სხვა ღონისძიებების შესაძლებლობის ჩათვლით, რომლებსაც, პოტენციურად, შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი, პირს კაზალეტი განიხილავს, რა გავლენას ახდენს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომი ალიანსის სტრატეგიაზე, როგორია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ხასიათი და რატომ არის მნიშვნელოვანი სტაბილური სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის რეგიონი, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

ინტერვიუ ჩაწერილია 3 თებერვალს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ია მეურმიშვილი, Independence Avenue Media-ს მთავარი რედაქტორი: დავიწყოთ კავკასიით — სომხეთითა და აზერბაიჯანით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვია და ჩანს, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით ახალი იმპულსი გაჩნდა. რა პროგრამებსა თუ მეთოდებს იყენებს ნატო იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს მედეგობის გაზრდაში, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებასა და ნატოსთან პარტნიორობის გასაძლიერებლად დაეხმაროს?

პირს კაზალეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი ნატოში: ისტორიულად, კავკასია ნატოსთვის დიდი ინტერესის რეგიონია. აქვეა ჩვენი წევრი ქვეყანა, თურქეთი, რომელიც უშუალო მეზობელია. კავკასიის სამივე ქვეყანას — საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს — მჭიდრო ურთიერთობა აქვს ნატოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ნატო მუდმივად იყო დაინტერესებული და ყოველთვის სურდა ამ რეგიონის ქვეყნებთან მუშაობა.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, როგორც აღნიშნეთ, გენერალური მდივნის მოადგილე, რადმილა შეკერინსკა, ახლახან იმყოფებოდა რეგიონში და ორივე ქვეყანას ეწვია. ვფიქრობ, ეს იმ მნიშვნელობის დასტურია, რომელსაც ჩვენ ამ ორ ქვეყანასთან, ისევე როგორც საქართველოსთან ურთიერთობას ვანიჭებთ. საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის.

პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით, უპირველესად, საქართველო უნდა ვახსენოთ — ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში განვითარდა და ძალიან გაღრმავდა. განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომლებიც ნატოს ჯარისკაცების გვერდით თავდადებით იბრძოდნენ სხვადასხვა რეგიონში. ისინი დღესაც აგრძელებენ ნატოს ძალებთან ერთად მსახურს ზოგიერთ ადგილზე. ნატო ამ თანამშრომლობას ძალიან, ძალიან აფასებს.

სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დონე შედარებით დაბალი იყო, თუმცა ახლა ვიწყებთ ნაბიჯების გადადგმას და განვიხილავთ, როგორ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან.

თქვენ ახსენეთ მედეგობა. მედეგობა უმნიშვნელოვანესია როგორც ნატოს წევრებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ უკეთ დაიცვან თავი იმ საფრთხეებისგან, რომლებიც კონვენციური კონფლიქტის ან თავდასხმის ზღვარს ქვემოთაა.

დღევანდელ მსოფლიოში მრავალგვარ საფრთხეს ვხედავთ — იქნება ეს კიბერსაფრთხეები, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული საფრთხეები თუ დეზინფორმაცია. თუ ჩვენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები, ერთად ვიმუშავებთ, ამ საფრთხეებისგან დაცული, უსაფრთხო გარემოს შექმნას შევძლებთ.

მეურმიშვილი: სომხეთში არჩევნები ახლოვდება. ქვეყანა რუსეთისგან დისტანცირებას და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს. არსებობს თუ არა სომხეთისთვის თავდაცვის სფეროში დახმარების რაიმე პროგრამა, რომელსაც განიხილავთ — იქნება ეს ტრადიციული თავდაცვისთვის თუ ჰიბრიდული ოპერაციების წინააღმდეგ საბრძოლველად?

კაზალეტი: სომხეთთან მუშაობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, თავიდანვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ: პარტნიორ ქვეყანასთან ნებისმიერი თანამშრომლობა ინტერესთა თანხვედრას უნდა ეფუძნებოდეს — რა შედის ნატოს ინტერესებში და, ამავდროულად, რისი სურვილი აქვს საკუთრივ პარტნიორ ქვეყანას.

ჩვენ არავის ვაიძულებთ თანამშრომლობას და სომხეთთანაც იგივე მიდგომა გვაქვს. სომეხ ოფიციალურ პირებთან რეგულარულად განვიხილავთ იმ სფეროებს, სადაც ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია. ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, სამხედრო განათლების სფეროში; გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან და შეიარაღებულ ძალებთან. ასევე, ვახორციელებთ “კეთილსინდისიერების განმტკიცების” (BI) პროგრამას, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ანტიკორუფციულ საკითხებსა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული. მომავალში სომხეთთან ამგვარი მიმართულებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია.

მეურმიშვილი: განიხილავთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, თუ ეს ჯერ ნაადრევია?

კაზალეტი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მეტის გაკეთებას შევძლებთ. ბოლო წლებში კავკასიის მინიმუმ ორ ქვეყანას შორის გვქონდა სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობა. გვაქვს სხვადასხვა პროექტი, მაგალითად, პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (SPS) ფარგლებში, რომელიც მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ერთობლივ კვლევით მუშაობას ითვალისწინებს. აქ შესაძლებელია სხვადასხვა პარტნიორს შორის კოორდინაცია. საბოლოო ჯამში, კავკასია გეოგრაფიულად საკმაოდ პატარა რეგიონია და თუ მოვძებნით გზებს ამ ქვეყნების მეტად დასაახლოებლად, ეს შესანიშნავი იქნება — მაგალითად, მომავალში, საქართველო ამ პროცესისთვის შეიძლება კარგი ადგილი იყოს.

მეურმიშვილი: უფრო ვრცლად რომ გვითხრათ შესაძლებლობების გაძლიერების მშენებლობაზე, როდესაც საქმე ეხება რუსულ საინფორმაციო საფრთხეებს — ჰიბრიდული ოპერაციები და მავნე აქტივობები, რომლებიც არ წარმოადგენს ტრადიციულ სამხედრო საფრთხეს, მაგრამ ამ ქვეყნების უსაფრთხოებას მაინც საფრთხეს უქმნის. გაქვთ თუ არა კონკრეტული პროგრამები თითოეული ქვეყნისთვის ან რეგიონული მასშტაბით? როგორ პასუხობთ რუსეთიდან მომავალ ამ კონკრეტულ საფრთხეს?

კაზალეტი: მიუხედავად იმისა, რომ ნატოსთვის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევა და ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისთვისაც ასეა, ჩვენი პროგრამები კონკრეტულად რომელიმე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი მიზანი პარტნიორ ქვეყნებში შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საფრთხის წყარო. ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, ჩინეთს ან ირანს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მსგავს მტრულ ტაქტიკას იყენებენ. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყნები ნებისმიერი საფრთხისგან თავდასაცავად გამოიყენებენ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის.

ნატოს ფარგლებში გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელსაც პარტნიორებთანაც ვიყენებთ. თქვენ ახსენეთ სტრატეგიული კომუნიკაციები, ამ სფეროში ბევრს ვმუშაობთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მოლდოვა და იორდანია. ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყნებს გააძლიერონ საზოგადოება გარედან თუ შიგნიდან მომავალი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამას უკვე ვაკეთებთ და რეგიონში მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება შეგვიძლია.

მეურმიშვილი: მეტი გვითხარით მოლდოვაზე, რომელიც ასევე რთულ ვითარებაშია. ჩანს, რომ აშშ მოლდოვას ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს. როგორია მოლოდინები ნატო-მოლდოვას ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით?

კაზალეტი: მოლდოვასთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განვითარდა. მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე — უკრაინასა და რუმინეთს შორის, როდესაც ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული — მოლდოვასთან ბევრ პრაქტიკულ საკითხზე ვთანამშრომლობთ. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ნატოს შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებაში, საკუთარი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად. ბოლო წლებში მათთან საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ.

დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ასევე კიბერუსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ზოგადი გაძლიერება, მათ შორის, წვევამდელების გაწვევის პოლიტიკის საკითხებზე, რათა მათ ჰყავდეთ უფრო თანამედროვე ძალები ქვეყნის უკეთ დასაცავად.

მეურმიშვილი: თქვენი გადმოსახედიდან, ხედავთ თუ არა მოლდოვას უფრო მეტად გააქტიურებას ნატოსთან ურთიერთობაში? ვინაიდან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და არ გაუკეთებია განაცხადი წევრობაზე, ხედავთ რაიმე ცვლილებას, განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ?

კაზალეტი: მათ აქვთ ნეიტრალიტეტი. ბევრი პარტნიორი, ვისთანაც ვმუშაობთ, მაგალითად ავსტრია და შვეიცარია, ასევე ნეიტრალური ქვეყნებია. სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ნეიტრალიტეტი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თანამშრომლობის გარკვეულ დონეს.

როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაფერი, რასაც მოლდოვასთან ვაკეთებთ, ხდება მათივე თხოვნის საფუძველზე. ჩვენ ქვეყანას არაფერს ვაიძულებთ. ჩვენ ვპოულობთ გზებს მათ დასახმარებლად, რაშიც მათ სჭირდებათ თანამშრომლობა.

2022 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მათ თავი უფრო დაუცველად და მოწყვლადად იგრძნეს. თავად განსაზღვრეს ის სუსტი წერტილები, რომლებზეც რეაგირება უკეთესი თავდაცვისთვის იყო საჭირო. სწორედ ამ საკითხებში დახმარებისთვის მოგვმართეს და ჩვენ მხარდაჭერა შევძელით.

მეურმიშვილი: როგორ იმოქმედა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რეგიონის მიმართ ნატოს ხედვაზე — მედეგობის, შესაძლებლობების მშენებლობისა და პარტნიორების დახმარების კუთხით?

კაზალეტი: 2022 წლამდე ნატოს ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ბევრ ინდივიდუალურ პარტნიორთან, თუმცა პრაქტიკული თანამშრომლობა უმეტეს მათგანთან შედარებით დაბალ დონეზე იყო. შეჭრის შემდეგ მოკავშირეებმა უფრო მკაფიოდ გააცნობიერეს პარტნიორობის მნიშვნელობა. მათ დაინახეს იმ მუშაობის შედეგი, რაც ჩვენ უკრაინასთან შესაძლებლობების მშენებლობის კუთხით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე გავწიეთ. მათ დაინახეს, როგორ დაეხმარა ეს უკრაინას რუსეთის თავდასხმის საწყის ეტაპზე, მისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

ახლა პარტნიორებთან მუშაობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამან მოგვცა საშუალება, გავაძლიეროთ მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა მოლდოვა, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც განსხვავებული რისკები და მოწყვლადობა აქვს. ჩვენ ახლა მეტი რესურსი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებაში.

მეურმიშვილი: რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი კავკასიის მიმართ? კერძოდ, ამ სამ ქვეყანასა და ნატოს შორის ურთიერთობების, ასევე უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში?

კაზალეტი: კავკასიის რეგიონის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბოლო თვეებში, მათ შორის გასული წლის აგვისტოში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ იმპულსი მისცა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს. თუ ამ პროცესს განვამტკიცებთ და უფრო კონკრეტულს გავხდით, რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევას შევძლებთ.

ეს სასარგებლო იქნება ნატოსთვის, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ ვფიქრობ, თუ საქმეს მონდომებით მივუდგებით, პროგრესის მიღწევას შევძლებთ.

მეურმიშვილი: თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა გრძელდება. გვითხარით მეტი ამ პარტნიორობის ისტორიაზე, რა ეტაპზეა ახლა ეს პარტნიორობა და რას ფიქრობთ მომავალზე?

კაზალეტი: ეს არის ხანგრძლივი ისტორიის პარტნიორობა. ვფიქრობ, ნატოში ყველა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს რეგიონული და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. საქართველოს წვლილი, მაგალითად ავღანეთში, ნატოს ყველა ქვეყანას ახსოვს და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იამაყოს ამ წვლილით.

ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან; გვაქვს ბევრი მიმდინარე პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელიც წინ მიიწევს.

ცხადია, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ახლა გაცილებით რთულია. ნატომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ და შემდეგ აღვადგინოთ ისეთივე ურთიერთობა, როგორიც გვქონდა. საქართველოსა და ნატოს, ისევე როგორც საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ბევრი საერთო პოტენციური ინტერესი აქვთ. ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ ამ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას.

ასევე ნახეთ:

  • იური ლუიკი: უკრაინაში სუსტი მშვიდობა ნატოს პოზიციებს შეარყევს
  • უკრაინა შუბის წვერია: მეთ პოტინგერი შეკავებაზე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე
  • ბოლტონი: რუსეთს და ჩინეთს გავლენის სფეროების შექმნა სურთ — აშშ-ს ეს არ უნდა უნდოდეს
ია მეურმიშვილი

ია მეურმიშვილი

Ia Meurmishvili is co-founder, president, CEO, and editor in chief of Independence Avenue Media. Known in her native Georgia as a television anchor, she previously managed Voice of America’s Georgian Service, leading coverage of U.S. foreign policy, NATO, and regional security. She is a frequent guest commentator, conference speaker, and lecturer.  

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media