• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
Independence Avenue Media
Home რჩეული

მხოლოდ კამერით შეიარაღებული: უკრაინაში მოკლული ამერიკელი ჟურნალისტის ისტორია

2026 წლის ოსკარზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ნომინირებული ფილმის რეჟისორი, საკუთარი ძმის ცხოვრებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაზე საუბრობს. ბრენტ რენო პირველი ამერიკელი ჟურნალისტი იყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომში მოკლეს. 2022 წლის 13 მარტს, ირპინში, ის რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად დაიღუპა.

ნიკა ლომიძეby ნიკა ლომიძე
იანვარი 23, 2026
Truth Under Fire: Compassion, War Reporting, and Brent Renaud’s Legacy

Resident Nataliia Prykhodko looks out from her burnt-out apartment in Irpin after coming back to Ukraine which she and her 17-year-old daughter left as refugees in February, outside Kyiv, as Russia's attacks on Ukraine continues, June 9, 2022. REUTERS/Marko Djurica

A A
Summarize with ChatGPTShare on X
🔊

ბრენტ რენო იყო კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია კონფლიქტის ზონებიდან და კრიზისში მყოფი საზოგადოებებიდან გადმოცემული ღრმად ადამიანური ისტორიებით.

ორი ათწლეულის განმავლობაში, ის მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეგიონებში მუშაობდა იმისთვის, რომ ომების, კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ისტორიები მაყურებლისთვის ეჩვენებინა.

“მხოლოდ კამერით შეიარაღებული: ბრენტ რენოს სიცოცხლე და სიკვდილი”, ოსკარზე ნომინირებული HBO-ს დოკუმენტური ფილმია, რომლის რეჟისერიც კრეიგ რენოა. ინტერვიუში კრეიგი საუბრობს ბრენტის ჟურნალისტურ საქმიანობაზე, ომის გაშუქებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ომებითა და სხვა კატაკლიზმებით განცდილი ადამიანური ტანჯვის ჩვენება.

ინტერვიუ ჩაწერილია 22 იანვარს, რედაქტირებულია სიცხადისა და ლაკონურობისთვის.

ნიკა ლომიძე, Independence Avenue Media: კრეიგ, გილოცავთ თქვენი და HBO-ს დოკუმენტური ფილმის ოსკარზე ნომინირებას. „მხოლოდ კამერით შეიარაღებული“, რომელიც თქვენი ძმის, ბრენტის ჟურნალისტურ საქმიანობას წარმოგვიდგენს. როგორი იყო გზა, რომლითაც აქამდე მოხვედით?

კრეიგ რენო, კინორეჟისორი: ჩემი ძმა იყო პირველი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინაში [მიმდინარე ომში], 2022 წლის 13 მარტს მოკლეს.

ფილმს ვიღებდით დევნილების შესახებ, რომლებიც კრიზისს გაურბოდნენ. ბრენტი, ჩვენს კოლეგასთან, ხუან არედონდოსთან ერთად ადგილზე მუშაობდა, როცა ჩასაფრება მოუწყვეს. ბრენტი დაიღუპა, ხუანი კი სასწაულებრივად გადარჩა.

ამის შემდეგ დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, რომელიც იქ მომხდარს ასახავს — ბრენტის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ასევე, ყველა იმ ჟურნალისტის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ბრენტის შემდეგ მოკლეს.

ჟურნალისტების სიცოცხლისთვის ახლა ყველაზე სახიფათო პერიოდია. ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ, ყოველწლიურად, 100-ზე მეტ ჟურნალისტს კლავენ. ამიტომ, გვინდოდა ეს ფილმი უფრო მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე უბრალოდ ამბავი ჩემი ძმის შესახებ.

ასევე, გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა საქმეზე, რომელსაც ჟურნალისტები ამ კონფლიქტების შესახებ სიმართლის გამოსააშკარავებლად აკეთებენ და [გვესაუბრა] მათ მიერ საკუთარი სიცოცხლით გაღებულ მსხვერპლზე.

ლომიძე: ეს სულისშემძვრელი დოკუმენტური ფილმია. მათთვის, ვისაც ის ჯერ არ უნახავს ან შესაძლოა არ იცნობენ ბრენტის შემოქმედებას, შეგიძლიათ ცოტა რამ გვიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ აღწერდა თავად ბრენტი თავის პროფესიას?

რენო: ბრენტი ყოველთვის კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი იყო. ამ საქმეს, როგორც ძმები, 20 წელზე მეტი ერთად ვაკეთებდით. ამ გზაზე ჩემს ძმას გავყევი. მას ნამდვილად სწამდა, რომ თავისი კამერით სამყაროში კარგი საქმის გაკეთება შეეძლო.

ის იყო უშიშარი და მამაცი, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე უფრო თანამგრძნობი ადამიანი, ვისაც როდესმე შევხვედრილვარ. კონფლიქტებზე მუშაობა მისთვის არ იყო ფრონტის ხაზზე ყოფნის ან ადრენალინის განცდა — მისთვის უმთავრესი ამ კონფლიქტების შუაგულში მოქცეულ ადამიანებთან მისვლა და მათი ისტორიების მოყოლა იყო. სწორედ ამის გაკეთება ვცადეთ ამ ფილმით: გვეჩვენებინა მისი ოცწლიანი საქმიანობა, რომელიც მან ზუსტად ამას მიუძღვნა.

ჩვენთვის დიდი პატივია და მადლიერი ვართ, რომ HBO-მ ეს ფილმი ჩვენთან ერთად გააკეთა და რომ ხალხი მას ასე აღიქვამს, რადგან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისეთი ადამიანები, როგორიც ბრენტი იყო, ადამიანები, რომლებმაც ამ ამბების მოსაყოლად სიცოცხლე გარისკეს.

ლომიძე: როდესაც თვალს ვადევნებთ ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს, რა რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა?

რენო: ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო ადგილზე მყოფ ადამიანებამდე მიღწევა. როდესაც ომია, როგორიცაა მაგალითად უკრაინაში ან მიწისძვრა ჰაიტიში, მათ აუცილებლად აშუქებენ ახალ ამბებში, მაგრამ ხშირად ამ ამბების მიღმა ადამიანური სახეები იკარგება.

ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით უფრო ღრმად ჩავწვდომოდით ისტორიებს, ვიდრე ამის დანახვა მიმდინარე ახალი ამბებითაა შესაძლებელი. ადგილზე მყოფ ადამიანებთან, ვის ცხოვრებაზეც ამ ამბებს გავლენა აქვს, დიდ დროს ვატარებდით. როდესაც დოკუმენტურ ფილმებზე ვმუშაობდით, მრავალ თვეს, ზოგჯერ წელზე მეტ ხანს ერთ ადგილზე ვრჩებოდით.

მაგალითად, მთელი წელი, არკანზასის ეროვნულ გვარდიასთან ერთად ერაყში გავატარეთ. ყოველთვის ვცდილობდით ამ კონფლიქტების ადამიანური სახე გვეჩვენებინა, რათა ადამიანებმა დანამდვილებით შეძლონ გააცნობიერონ, რა ემოციური ზიანს აყენებს ეს ომები უდანაშაულო ადამიანებს. ეს ყოველთვის იყო ჩვენი მიზანი.

ლომიძე: ეს ყოველთვის უდიდესი პირადი რისკი იყო თქვენი ძმისთვის, თქვენთვის. მსხვერპლი, რომელიც თქვენმა ოჯახმა გაიღო. როგორ საუბრობდით ამ რისკებზე, მაგალითად, როცა გითხრათ, რომ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, ის უკრაინაში ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ჟურნალისტი იქნებოდა? როგორი იყო ეს საუბარი?

რენო: ჩვენი კარიერის განმავლობაში ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. ბევრი მომენტი გვქონია, როდესაც, არსებობდა რისკი, რომ ვერცერთ გადავრჩენილიყავით და იყო მომენტები, როდესაც კონფლიქტის ზონებში შესვლისას საშინლად გვეშინოდა.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ რას ვიზამდით, თუ რომელიმე ჩვენგანს რამე დაემართებოდა და ყოველთვის ვამბობდით, რომ გადაღებას გავაგრძელებდით.

როდესაც ჩემი ძმა უკრაინაში მოკლეს, ეს რთული იყო. რთული იყო კამერის აღება და გადაღების გაგრძელება, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი, რომ ბრენტს სწორედ ეს სურდა ჩემგან, რადგან ამაზე უკვე გვქონდა ნალაპარაკები.

ჩვენთვის პატივი იყო ამ ტიპის სამუშაოს შესრულება და ამის გამო უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. ჩვენ გვესმოდა რისკი. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა ეს არ მესმოდა.

როდესაც ბრენტი მოკლეს, ეს ძალიან რთული და მძიმე იყო, მაგრამ ასევე ძალიან პოეტური, რადგან ვიცი, რომ ბრენტი გარდაიცვალა ზუსტად იმ საქმის კეთების დროს, რისთვისაც ამ დედამიწაზე იყო მოვლენილი და რისიც ნამდვილად სწამდა.

ლომიძე: ამ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას, როდესაც წარსულს გადახედეთ, იყო რაღაც ისეთი, რაც თქვენი ძმის შესახებ მანამდე არ იცოდით და ახლა აღმოაჩინეთ?

რენო: ამ ფილმზე მუშაობის ნაწილი გულისხმობდა 20 წლით უკან დაბრუნებას, ჩვენს არქივში დაბრუნებას, როდესაც ფილმებზე ერთად ვმუშაობდით, ბრენტის ხმის გაგონება, ადამიანებთან მისი ურთიერთობების ხელახლა ნახვა. ბევრი რამ, საბოლოო პროდუქტში ვერ მოხვდებოდა რადგან წლების განმავლობაში უამრავი კადრი გვაქვს გადაღებული.

ამ ჩანაწერებში ერთი ეპიზოდია, როცა ბრენტი სომალიში იღებს ფილმს მას შემდეგ, რაც მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა. ბრენტი საავადმყოფოშია და დაშავებულებს იღებს, როცა ერთ-ერთი პაციენტი, მთელ სხეულზე დამწვრობებით, მას მოულოდნელად ეძახის და ეუბნება — ვხედავ როგორ გიჭირავს კამერა და ვხედავ, რომ ამას მთელი გულით აკეთებო.

ასეთი მომენტების ნახვა — როდესაც ვიღაცამ დაინახა ბრენტის თანაგრძნობის უნარი, ერთმანეთთან გაზიარებული ჰუმანურობა საომარი ზონის შუაგულში — ეს არის მომენტები, რომლებსაც ადრე დიდ ყურადღებას არ ვუთმობდით და რომლებიც ავლენს, რომ არსებობს რაღაც უფრო დიდი, ვიდრე ეს კონფლიქტებია. სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ადგილზე იტანჯებიან.

ლომიძე: ფილმის ბოლოს შთამბეჭდავი იყო უკრაინელების ნახვა, რომლებიც ქუჩაში ბრენტის სურათებით გამოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? რა ისტორია მოყვა მან უკრაინის შესახებ ომის იმ ადრეულ დღეებში? რა სიმართლე გამოავლინა მან, რამაც არა მხოლოდ უკრაინელებზე, არამედ ამერიკელებზეც იმოქმედა?

რენო: როდესაც უკრაინაში ჩავედი, სწორედ უკრაინელების, უკრაინელი ჟურნალისტების დახმარებით გახდა შესაძლებელი, ბრენტის ცხედრის შინ, ოჯახში გადმოსვენება. მათ ყველა საქმე მიატოვეს და ერთ კვირაზე მეტი მეხმარებოდნენ ბრენტის ცხედრის გამოყვანაში, საავადმყოფოდან დაჭრილი ხუანის გამოყვანაში.

განუწყვეტლივ მიხდიდნენ მადლობას იმისთვის, რომ ბრენტმა მათი ამბავი მთელს მსოფლიოს მოუყვა. ვფიქრობ, ისინი მადლიერი იყვნენ ყველასი, ვინც იქ ჩავიდა და შეეცადა ამ კონფლიქტისთვის ნათელი მოეფინა. მეც ასეთივე მადლიერი ვარ უკრაინელების, ამ მძიმე მომენტში მათი დახმარების გამო და პატივისცემისთვის, რასაც ბრენტის მიმართ გამოხატავდნენ. იმის დანახვა, რომ ბრენტი მათთვის გმირი იყო, ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენი ოჯახისთვის.

ლომიძე: თქვენც და ბრენტმაც ბევრი საშინელება ნახეთ საომარ და სტიქიური უბედურებების ზონებში. რას იმედოვნებთ მომავლისთვის? როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა მისი იმედები უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ? რა იმედი ამოძრავებდა მის და თქვენს საქმიანობას?

რენო: ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საქმით შეგვიძლია ცვლილება მოვახდინოთ, გავლენა გვქონდეს კონფლიქტებზე და ადამიანებზე, ვისაც ეს კონფლიქტები ეხება.

როცა ბრენტი მოკლეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ომი 4 წლის შემდეგაც კი გაგრძელდებოდა, ეს საშინელებაა.

ვიმედოვნებ, რომ ეს დოკუმენტური ფილმი და ბრენტის ისტორია, რომელზეც დღემდე საუბრობენ, როგორმე ხელს შეუწყობს უკრაინელი ხალხისთვის მშვიდობის დამყარებას.

ლომიძე: როდესაც მაყურებლები ამ ფილმს HBO-ზე ნახავენ, რას ისურვებდით, რომ მათ დაამახსოვრდეთ?

რენო: იმედი მაქვს, რომ ისინი შთაგონებულნი იქნებიან ბრენტის თანაგრძნობის უნარით და მთელი მსოფლიოდან ყველა იმ ადამიანით, ვისაც ბრენტის ნამუშევრებში ნახავთ.

იმედი მაქვს, ხალხი ერთი წამით დაფიქრდება და ამას გამაერთიანებელ ისტორიად აღიქვამს — რომ ტრაგედიების დაძლევა შესაძლებელია და რომ ამ კონფლიქტებში, რომლებსაც ეს ადამიანები გადიან, უფრო ღრმა მნიშვნელობის რამ შეიძლება იყოს.

ვიმედოვნებ, რომ ადამიანები შთაგონებული იქნებიან მისი თანაგრძნობის უნარით და ჰუმანურობით.

ლომიძე: ბოლოს მინდა ტყეზე გკითხოთ… თქვენი თანა-პროდიუსერისგან, ჯეფისგან გავიგე, რომ თურმე შეიძლება რაღაც ამბის მოყოლაც გსურდეთ…

რენო: ჯეფ ნიუტონი ბრენტისა და ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჯეფთან ერთად საომარ ზონებშიც ვყოფილვართ.

ტყეში დიდ დროს ვატარებ, როცა ვფიქრობ და ვცდილობ ჩემს ძმასთან კავშირი შევინარჩუნო. სწორედ ამ მომენტში, ზუსტად ჩემ წინ ქორი დაეშვა და ერთგვარი „დიალოგი“ გვქონდა. ეს ერთ-ერთია იმ მომენტებიდან, როდესაც იმედი მაქვს, რომ ბრენტი აქ არის და ყურადღებას მაქცევს. ეს კარგ ნიშნად მივიღე. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ასეთი რამ ხდება.

ნიკა ლომიძე

ნიკა ლომიძე

logo-dark

სიცხადე კომპლექსურ სამყაროში, ამერიკის პოლიტიკის და საზოგადოების შესახებ, ფაქტებზე დაფუძნებული თხრობით

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო

© 2025 Independence Avenue Media